Home Blog Page 1651

” პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის მოთხოვნა არის უბრალოდ იმ საკითხების გადაფარვის მცდელობა, რომელიც აქტუალურია”

პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის მოთხოვნა არის უბრალოდ იმ საკითხების გადაფარვის მცდელობა, რომელიც აქტუალურია, მაგალითად, პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რადგან რეალურად გვაქვს დიდი დანაშაული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ზუგდიდში განაცხადა.

„მიზანმიმართული ბინძური კამპანიაა პრემიერის და მისი ოჯახის წინააღმდეგ. ძალიან ბევრი განცხადება იქნა გაკეთებული აღნიშნულ ჩარტერთან დაკავშირებით, თუ ვინ გადაიხადა ეს თანხები, პირდაპირ მთავრობის მხრიდან განცხადებაც იყო გაკეთებული, რომ ეს იყო პრემიერ-მინისტრის პირადი ხარჯი, ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დახარჯულა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის საკითხს, რეალურად რომ შევხედოთ, ეს არის უბრალოდ იმ საკითხების გადაფარვის მცდელობა, ყოველ შემთხვევაში, რომელიც დღეს აქტუალურია, მაგალითად, როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტზეა საუბარი, რადგან რეალურად გვაქვს ძალიან დიდი დანაშაული. როდესაც პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, ეს არის უმძიმესი საკითხი. ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, კანონს, პატივს უნდა სცემდეს ჩვენს ქვეყანას, ხალხს – არღვევს კონსტიტუციას, ეს ძალიან მძიმეა. რეალურად პოლიტიკური საკითხებით ხდება ასეთი საკითხების გადაფარვის მცდელობა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

“პრეზიდენტს აქვს „ნაცმოძრაობის“ იმედი და მათი იმედით არღვევდა კონსტიტუციას” – ირაკლი კობახიძე

პრეზიდენტს აქვს „ნაცმოძრაობის“ იმედი და მათი იმედით არღვევდა კონსტიტუციას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლოდინი არ აქვთ, რომ „ნაცმოძრაობა“ მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს.

პრეზიდენტს აქვს „ნაცმოძრაობის“ იმედი და „ნაცმოძრაობის“ იმედით არღვევდა კონსტიტუციას. რა თქმა უნდა, არავითარი ილუზია არ გვაქვს, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავის დროზე მოღალატედ აფასებდნენ სალომე ზურაბიშვილს, ანუ სამმილიონიან ამომრჩეველს ატყუებდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო მოღალატე. შემთხვევით, ახლა ხომ არ ატყუებენ, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსული პარტია და ასე შემდეგ. ანუ, როცა „ნაცმოძრაობა“ არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იპიჩმენტს, ამით თვითონვე აღიარებს, რომ თავის დროზე სამმილიონიანი ამომრჩეველი უბრალოდ მოატყუა. ესეც ერთ-ერთი აღიარება, ლუსტრაცია, სალომე ზურაბიშვილისა და რადიკალური ოპოზიციის ერთიანობის გაშიშვლებაა.  ეს არის ძალიან ბევრი პლუსი, რაც თან ახლავს იმპიჩმენტის პროცედურას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების დანაშაულებრივ გულგრილობაზე გამოძიება დაიწყონ

„ნაციონალური მოძრაობა“ საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების, პრეიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, შს მინისტრის ვახტანგ გომეაურის და ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის დანაშაულებრივ გულგრილობაზე გამოძიება დაიწყონ. შოვში განვითარებულ პროცესებზე პრესკონფერენცია ლევან ხაბეიშვილმა, ლაშა ფარულავამ, გიორგი ვაშაძემ და პაატა მანჯგალაძემ გამართეს.

ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ შოვის ტრაგედია „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი უმოქმედობის, გულგრილობის და კორუფციული ინტერესების შედეგია. მთავარი დამნაშავე კი, პრემიერ-მინისტრია. მისი თქმით, განვითარებულ პროცესებში მთავარი დამნაშავეა ასევე შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომლის ბრძანებითაც ვერტმფრენმა სამაშველო ღონისძიება 22:00 საათზე შეწყვიტა, რის გამოც სამძებრო-სამაშველო ღონისძიება მთლიანად ჩავარდა.

„საგამოძიებო ორგანოებმა უნდა დაიწყონ გამოძიება ზემოთ ხსენებული მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების დანაშაულებრივ გულგრილობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი მხრიდან დანაშაულის დაფარვაც იქნება შემდგომში გამოძიების საგანი, როცა ქვეყანაში იქნება დამოუკიდებელი საგამოძიებო სისტემა”, – აღნიშნეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.

“ირაკლი ღარიბაშვილს არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს ბიუჯეტიდან, რა შუაშია იმპიჩმენტი” – ირაკლი კობახიძე

მოიკითხონ, რა სახსრებიდან არის გაღებული პრემიერის მგზავრობის, არც ერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. ყველაფერი სპეკულაციაა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმპიჩმენტზე საუბარი სპეკულაცია და სისულელეა.

„პირველ რიგში, მოიკითხონ, რა სახსრებიდან არის გაღებული შესაბამისი ხარჯი. არც ერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. შესაბამისად, ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაცია. ცდილობენ, გადაეფარონ საკუთარ, ასე ვთქვათ, თანაგუნდელს, სალომე ზურაბიშვილს. მათ ჰყავთ საერთო პატრონი, ეს არის უსუსური მცდელობა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა გადაფარონ. რეალურად, მეტი მიზეზი ამ ყველაფერს არ აქვს. ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა.

ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ იყო გადახდილი. მერწმუნეთ, ყველა ინფორმაცია იქნება საჯარო. არაფრის დამალვის საჭიროება და ინტერესი არ არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ აბსოლუტურად ყველაფერი არის ღია. ყველაფერი ასახული იქნება დეკლარაციაში როგორც შემოსავლებთან, ასევე ხარჯებთან დაკავშირებით. ბიუჯეტიდან ფული თუ არ არის დახარჯული, რა გამოძიებაზეა საუბარი? შეგახსენებთ, სწორედ „ნაციონალები“, ხაზარაძე და სხვები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის მიერ ბიუჯეტის ფულის ხარჯვას „აპრავებდნენ“ საკუთარი ინტერესებისთვის. რა შუაშია იმპიჩმენტი, წაიკითხონ კონსტიტუცია. ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ არის დახარჯული და ისინი სააკაშვილის მიერ სწორედ ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვას „აპრავებდნენ“ საკუთარი პირადი კეთილდღეობისთვის. ირაკლი ღარიბაშვილს არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს ბიუჯეტიდან. ხვდებით, რამხელა სპეკლუაციასთან გვაქვს საქმე, სამარცხვინოა ეს ყველაფერი. საზოგადოება დეკლარაციას როდესაც გაეცნობა, თითოეული თეთრი, შემოსავალი და გასავალი იქნება ასახული დეკლარაციაში. რა შუაშია იმპიჩმენტი, როდესაც ბიუჯეტის ფული არ იხარჯება. ეს უბრალოდ სამარცხვინო სპეკულაციაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტს ითხოვს. ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

“იმპიჩმენტთან დაკავშირებით დოკუმენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს წარედგინება” – ირაკლი კობახიძე

პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევის ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება არ შეიძლებოდა, დღეს  ოფიციალურად შედის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი კონსტიტუციური წარდგინება და სასამართლო ამ თემასთან დაკავშირებით ერთი თვის განმავლობაში იმსჯელებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევა არის ძალიან მძიმე ფაქტი.

„ამის რეაგირების გარეშე დატოვება მმართველი გუნდის მხრიდან უბრალოდ არ შეიძლებოდა. ეს ჩვენი მხრიდანაც უპატივცემულობა იქნებოდა ქვეყნის ძირითადი კანონის მიმართ. შესაბამისად, დღეს უკვე ოფიციალურად შედის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი კონსტიტუციური წარდგინება და საკონსტიტუციო სასამართლო მომდევნო ერთი თვის განმავლობაში იმსჯელებს ამ თემასთან დაკავშირებით.

პრინციპში, სამსჯელო არც არაფერია. იმდენად უხეშია და თვალნათელი კონსტიტუციის დარღვევა, რომ მარტივად სჭირდება ამას უბრალოდ დადასტურება და მეტი არაფერი. ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თიბისის განათლების პროგრამის ახალი კურსები – განათლება, ახალი თაობა, ტექნოლოგიები, თანამედროვე პროფესიები

მას შემდეგ რაც თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამა, ზაფხულში, საქართველოს 11 რეგიონიდან 600-მა უფროსკლასელმა წარმატებით დაასრულა, თიბისის გუნდი ახალი და უფრო მასშტაბური კურსების დაწყებას აანონსებს.

დღეს, ტექნოლოგიები ცვლის მსოფლიოს და ახალ რეალობაში გადაჰყავს ადამიანი. ტექნოლოგიების სათანადო ცოდნა არის გზა ახალი შესაძლებლობების სამყაროში. სწორედ ამიტომ თიბისი ყველა მე-10 და მე-11 კლასელს აძლევს შესაძლებლობას დაეუფლოს ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს, მიიღოს ხარისხიანი ცოდნა მომავლის პროფესიებზე და მოიპოვოს სრული დაფინანსება ტექნოლოგიების შემსწავლელ 9 ონლაინ კურსზე.

„თიბისი ყოველთვის უჭერდა მხარს განათლების ხელმისაწვდომობას, სხვადასხვა პროექტების მეშვეობით. 2023 წელს, ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა, თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად ვაქციეთ. განათლების პროგრამის პირველმა ეტაპმა, ახალი თაობის წარმომადგენლების დიდი ინტერესი გამოავლინა ციფრული ტექნოლოგიებისა და მომავლის პროფესიების შესწავლის მიმართ. სწორედ ამიტომ, კურსების არჩევანი, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადეთ“- ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდერი.

გაეცანით და აარჩიეთ თიბისის განათლების პროგრამის კურსები:

  • ვებგვერდების აწყობა (Front End: HTML; CSS)კურსის განმავლობაში გაეცნობი იმ პროგრამულ ინსტრუმენტებს (HTML,CSS), რომლის გამოყენებითაც შეძლებ ვებგვერდის აწყობას და შეისწავლი ამ პროცესს. პრაქტიკული კურსის ბოლოს, იმუშავებ ფინალურ პროექტზე და დამოუკიდებლად შექმნი ვებგვერდს.
  • ვებგვერდების პროგრამირება (Back End: Python) – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენის, Python-ის საწყისების შემსწავლელი, პრაქტიკული კურსია, სადაც ისწავლი ვებგვერდის Backend-ის ნაწილის აწყობას და თავადაც შექმნი ვებგვერდს.
  • მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) შექმნა – კურსის მიზანია, ახალ თაობას შევძინოთ ის ცოდნა და უნარები, რომელიც მოლაპარაკე პროგრამების შესაქმნელადაა საჭირო. ფინალურ ეტაპზე მონაწილეები დამოუკიდებლად შექმნიან ჩატბოტს.
  • კომპიუტერული თამაშების შექმნა – კურსის განმავლობაში გაეცნობი თამაშების შესაქმნელ გარემოს – love2D, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია 2D თამაშების შექმნა. ისწავლი თამაშის სცენარის შემუშავებას და მის პირველად ტესტირებას. თამაშის დაპროგრამებას, კი პროგრამული ენის – lua-ს საშუალებით შეძლებ.
  • მობილური აპლიკაციების შექმნა (App Inventor) – ამ კურსის ფარგლებში, ისწავლი როგორც პროგრამირების საწყისებს, ასევე სხვადასხვა მობილური მოწყობილების მუშაობის ძირითად პრინციპებს. კურსის დასრულების შემდეგ, თავად შექმნი მობილურ აპლიკაციას Android მოწყობილობისათვის.
  • ციფრული კომუნიკაცია – ამ კურსზე სწავლისას გაეცნობი სოციალურ მედიასთან და ზოგადად ინტერნეტ კულტურასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა ფინალურ პროექტზე მუშაობისას, დამოუკიდებლად დაგეგმავ და განახორციელებ ონლაინ კამპანიას.
  • ვიზუალური კომუნიკაცია (ვიდეოგრაფია; ფოტოგრაფია) – გაეცნობი სხვადასხვა ვიდეო-სამონტაჟო პროგრამებს, როგორიცაა მაგალითად Adobe Express, Lightroom, CapCut და ა.შ. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა. ფინალურ პროექტზე მუშაობისას, დამოუკიდებლად დაგეგმავ და განახორციელებ ფოტო/ვიდეო გადაღებას და თავად მოჰყვები ამბავს გამოსახულების საშუალებით.
  • გრაფიკული დიზაინი – ამ კურსზე ისწავლი და პრაქტიკაში გამოიყენებ Adobe-ს შედარებით ახალ პროდუქტს – Adobe Express. კურსის ბოლოს, ფინალურ პროექტზე მუშაობისას, თავად შექმნი გრაფიკული დიზაინის პროდუქტებს.
  • UI/UX დიზაინი – ისწავლი UI/UX დიზაინის პრინციპებს და იმუშავებ Figma-ს გარემოში. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა. კურსის ბოლოს, ფინალურ პროექტზე მუშაობისას, თავად შეიმუშავებ ვებგვერდის დიზაინს.

თიბისის განათლების პროექტი ხორციელდება ჯეოლაბის და USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამასთან პარტნიორობით.

კურსები სრულად ფინანსდება თიბისის მიერ.

კურსებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 11-დან 19 სექტემბრის ჩათვლით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად და სასურველ კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.tbceducation.ge

R

მართლმადიდებლური ეკლესია წმ.იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს

11 სექტემბერი წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეა. როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, წმ. წინასწარმეტყველს თავი გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას ბრძანებით მოკვეთეს. მაცხოვრის წინამორბედი დაუფარავად ამხელდა მმართველს აღვირახსნილების, საკუთარი ძმის მეუღლესთან, ჰეროდეადასთან თანაცხოვრების გამო, რისთვისაც ჰეროდემ იგი დაატყვევა. წმინდანისთვის თავის მოკვეთა გალილეის მმართველს ჰეროდეადას ქალიშვილმა, სალომეამ, დედის ჩაგონებით სთხოვა.

მათივე ცნობით, საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებელი ქრისტიანები ამ დღეს ტრადიციულად, მარხვით ხვდებიან.

“კობახიძეს ბრალდების დამტკიცება მოუწევს სასამართლოში, სადაც გარანტირებულად წააგებს და პასუხს აგებს”- მამუკა ხაზარაძე

კობახიძეს ბრალდების დამტკიცება მოუწევს სასამართლოში, სადაც გარანტირებულად წააგებს და პასუხს აგებს. მურუსიძეც ვერ უშველის ტრადიციულ გაყალბებაში, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხაზარაძის თქმით, ქართულ პოლიტიკაში ცილისწამება და ტალახის სროლა უნდა დამთავრდეს.

„დღეს ბიძინამ კობახიძის პირით ახალი ბინძური პროპაგანდა წამოიწყო. თურმე მე ვიყავი წინა ხელისუფლების დროს ბიზნესის რეკეტში ჩართული. ყველაფერს აქვს საზღვარი, ეს ბინძური პროპაგანდა და ცილისწამება უნდა დამთავრდეს!

კობახიძეს ამ ბრალდების დამტკიცება მოუწევს სასამართლოში, სადაც გარანტირებულად წააგებს და პასუხს აგებს, მურუსიძეც ვერ უშველის ტრადიციულ გაყალბებაში. ასევე, თქვენი პარტიის ბოტებს და ტროლებს ჩემს მიერ გამოსახლებული ხალხის სიაც წამოაღებინეთ, საბუთებით, ფაქტებით…

გელოდებით! ქართულ პოლიტიკაში ცილისწამება და ტალახის სროლა უნდა დამთავრდეს! გელოდებით სასამართლოში საბუთებით!“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

ცნობისთვის, როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მამუკა ხაზარაძეც ერთ-ერთი თანამონაწილე იყო ბიზნესის რეკეტის სქემაში, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იყო დანერგილი.

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 22 წელი გავიდა

შეერთებული შტატები უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულ თარიღს აღნიშნავს. 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 22 წელი გავიდა. 2001 წლის 11 სექტემბერს „ალ ქაიდას“ ტერორისტებმა სამგზავრო თვითმფრინავები გაიტაცეს და შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ტერაქტების სერია განახორციელეს.

ორი ავიალაინერი ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენებს შეეჯახა. მოგვიანებით კიდევ ერთი თვითმფრინავი ტერორისტებმა პენტაგონის დასავლეთ ფასადს შეაჯახეს, მეოთხე თვითმფრინავში კი მგზავრებმა ტერორისტებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ლაინერი პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა. შემზარავ ტერორისტულ აქტებს 2977 ადამიანი ემსხვერპლა.

“დიდი ოცეულის“ სამიტზე უკრაინაში მშვიდობის საკითხთან დაკავშირები თანხმობა არსებობდა” – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ინდოეთში გამართული „დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეებს შორის უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით თანხმობა არსებობდა.

„ჩვენ ვისაუბრეთ რუსეთის სასტიკ და უკანონო ომზე უკრაინაში და დარბაზში იყო საკმარისი თანხმობა სამართლიანი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის აუცილებლობის შესახებ, რომელიც იცავს გაერო-ს წესდების პრინციპებს და პატივს სცემს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა ბაიდენმა ვიეტნამში გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, ინდოეთმა 9-10 სექტემბერს „დიდი ოცეულის“ სამიტს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნებმა ერთობლივი დეკლარაცია შეათანხმეს. დეკლარაციის ტექსტში არ არის საუბარი უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებების დაგმობაზე, ამის ნაცვლად აღნიშნულია, რომ ომმა ადამიანების უზარმაზარი ტანჯვა გამოიწვია. დეკლარაცია ყველა ქვეყანას გაერო-ს წესდების დაცვისა და ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეკლარაცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მასთან დაკავშირებით საამაყო არაფერია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ სამიტი წარმატებით დასრულდა და დასავლეთის ქვეყნებმა სამიტის დღის წესრიგის „უკრაინიზაცია“ ვერ მოახერხეს.

“დიპლომატია შეცდომა არაა, შეცდომაა პუტინთან დიპლომატია” -ზელენსკი

ფრონტის ხაზზე შეზღუდული პროგრესიც კი აუცილებელია, თუ ჩვენ რუსებმა სამხრეთიდან მოვახდენთ წეზოლას, გაიქცევიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა.

“წინსვლა გვაქვს, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ზაპოროჟიეს რეგიონში, რუსეთის სამი ძირითადი თავდაცვითი ხაზიდან ერთი გაარღვიეს და დიდი გარღვევა ჯერ კიდევ წინაა. თუ ჩვენ მათზე სამხრეთიდან მოვახდენთ ზეწოლას, გაიქცევიან”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, კონტრშეტევის მეორე ფრონტზე, ქალაქ ბახმუტთან, უკრაინული ძალები ასევე ნელ-ნელა იბრუნებენ ტერიტორიებს. რაც შეეხება განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ კონტრშეტევა ნელი ტემპით მიმდინარეობს, ზელენსკის თქმით, ტერიტორიის დაბრუნება დაბალანსებული უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი სიცოცხლის შენარჩუნებასთან.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ეს არ არის ისეთი ომი, სადაც ქვეყნის ლიდერი ამბობს, რომ ფასს მნიშვნელობა არ აქვს და ეს არის განსხვავება მასსა და ვლადიმერ პუტინს შორის, რომლისთვისაც ადამიანების სიცოცხლე არაფერია.

“გამარჯვება არ მოვა ხვალ და ზეგ, მაგრამ ის არ არის რაიმე ფანტასტიკური ოცნება. უკრაინა იმსახურებს გამარჯვებას და დასავლეთმა მას მხარი უნდა დაუჭიროს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მან პუტინთან დათმობაზე წასვლის იდეა გამორიცხა და ხაზი გაუსვა, რომ ომი გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი დარჩება უკრაინის ტერიტორიაზე. “დიპლომატია შეცდომა არ არის. შეცდომაა პუტინთან დიპლომატია. ის მხოლოდ საკუთარ თავთან აწარმოებს მოლაპარაკებებს“, – აღნიშნა ზელენსკი

“ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, რაშიც ძალიან დიდ ანაზღაურებასაც იღებდა. თუმცა, იმდენი მოახერხა, რომ ივანიშვილის ადვოკატობას თაღლითობა და ივანიშვილის მტრებთან „დამეგობრება“ შეუთავსა”- “ხალხის ძალა”

ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, რაშიც ძალიან დიდ ანაზღაურებასაც იღებდა. თუმცა, იმდენი მოახერხა, რომ ივანიშვილის ადვოკატობას თაღლითობა და ივანიშვილის მტრებთან „დამეგობრება“ შეუთავსა. ზუსტად ასეთ ადამიანებს ეძებს გლობალური ომის პარტია, ადამიანებს, რომელთათვისაც უცხოა სინდისი, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია აღნიშნული.

„გლობალური ომის პარტია „ქართულ ოცნებას“ მეორე ფრონტის არგახსნას არ პატიობს. ემოციური მხარე გვერდზეც რომ გადავდოთ, ისინი წინ იყურებიან და ბუნებრივია, ყველანაირად ცდილობენ, სამომავლოდ მაინც მოიყვანონ ხელისუფლებაში საკუთარი აგენტურა, რომელიც მათ ყველა დავალებას უპირობოდ მოაწერს ხელს. ეს ამოცანა მით უფრო აქტუალურია, რომ გლობალურ ომის პარტიას უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის შემდეგ ცეცხლის ახალი კერა აუცილებლად დასჭირდება.

ამ კუთხით, სიმბოლურია, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ნინო ლომჯარიაა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში „ბომბებით წვას“ საჯაროდ ნატრობდა. ლომჯარია ქართველი ფსევდოლიბერალის ტიპიური ნიმუშია: აგენტი ნული ინტელექტით, ნული სინდისით და ნული სამშობლოს სიყვარულით. ლომჯარიას შემთხვევაში, ამას ნული ქარიზმაც ემატება. შესაბამისად, რამდენი ორდენიც არ უნდა ჩამოკიდონ, ლომჯარიასგან პოლიტიკური ლიდერი ვერ გამოითლება. ამიტომ, მისი პერსონა მაინცდამაინც დიდ ინტერესს არ იწვევს. თუმცა, ლომჯარიას პლატფორმის შექმნა საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ეს მოვლენა გლობალური ომის პარტიის საარჩევნო სტრატეგიას კიდევ ერთხელ შიფრავს.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გლობალური ომის პარტიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ფსევდოშუაშისტური პარტიის შექმნა იქნება. მთავარი მიზანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება და ნაცმოძრაობის, ანუ საკუთარი აგენტურის დაბრუნებაა. ისინი კარგად ხვდებიან, რომ თუ ბარიერს მხოლოდ „ქართული ოცნება“ და პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ გადალახავენ, ნაციონალები ძალაუფლებას ვერ დაიბრუნებენ. ამიტომ, საჭიროა შუაშისტის ტყავში გადაცმული ნაცების ახალი პლატფორმა, რომელიც ბარიერს გადალახავს და პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ე.წ. კოალიციას შექმნის.

ყველას გვახსოვს, ზუსტად იგივე მიზნით, როგორ შეაქმნევინეს 2021 წელს პარტია გიორგი გახარიას. ისიც შუა ხაზის დაჭერას ცდილობდა და საარჩევნო კამპანიას „არც ნაცი, არც ქოცის“ მესიჯით ატარებდა. თუმცა, საზოგადოებამ თამაში იოლად გაშიფრა და საბოლოოდ, გახარიამ არჩევნებში 7 პროცენტი მიიღო, საიდანაც „ქართული ოცნების“ ხმები ნახევარიც არ იყო. სინამდვილეში, გახარიას ხალხისთვის არავითარი ახალი ძალა და იდეოლოგია არ შეუთავაზებია და საკუთარი ოპოზიციური კარიერა ერთ წელიწადში უსახელოდ დაასრულა. მომავალ წელს მისი პარტია ერთ პროცენტსაც ვეღარ მიიღებს და ამიტომ, პატრონები მასზე გათვლას აღარ აკეთებენ. ერთადერთი, რაშიც პატრონებს გახარია გამოადგათ, 4 მუნიციპალურ საკრებულოში ნაცმოძრაობისთვის უმრავლესობის დალაგება იყო.

2020 წელს ზუსტად ასეთივე ფიასკოთი დასრულდა „ლელოს“ პროექტიც, რომელიც ასევე შუაშისტურ ხაზზე იყო გათვლილი. დღეს ხაზარაძის მისია იმით შემოიფარგლება, რომ რამდენიმე ბავშვი ყავს მიბარებული და საბა ბუაძეს, გრიგოლ გეგელიას და სხვა სასაცილო პერსონაჟებს პოლიტიკოსობანას ათამაშებს. ამ ბავშვებით და სალომე სამადაშვილით, 2024 წლის არჩევნებზე ბარიერთან მიახლოების რესურსი არც „ლელოს“ აქვს.

მოგვიანებით, გლობალური ომის პარტია ვიქტორ ყიფიანზე აკეთებდა აქცენტს. თუმცა, ჭკუა არ ეყოთ და შუაშისტური პლატფორმის შესაქმნელად, ბიძინა ივანიშვილის ყოფილ ადვოკატს ბაჩო ახალაიას ყოფილი მოადგილე, ნოდარ ხარშილაძე შეუწყვილეს. ყიფიანიც იმის ტიპიური ნიმუშია, თუ როგორ ხალხზე აკეთებს აქცენტს გლობალური ომის პარტია. ვიქტორ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, რაშიც ძალიან დიდ ანაზღაურებასაც იღებდა. თუმცა, იმდენი მოახერხა, რომ ივანიშვილის ადვოკატობას თაღლითობა და ივანიშვილის მტრებთან „დამეგობრება“ შეუთავსა. ზუსტად ასეთ ადამიანებს ეძებს გლობალური ომის პარტია, ადამიანებს, რომელთათვისაც უცხოა სინდისი. პრინციპში, სინდისი თუ გაქვს, აგენტობაზე და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ უცხო ქვეყნის სამსახურზეც ვერ მოაწერ ხელს. საბოლოოდ, გლობალურ ომის პარტიას იმედები ვერც ვიქტორ ყიფიანმა გაუმართლა და მათაც ახალი ვარიანტის ძებნა დაიწყეს.

ამ მისიისთვის ნინო ლომჯარიას შერჩევაც ზუსტად ისეთივე უხეში შეცდომაა, როგორც თავის დროზე ხაზარაძეზე, გახარიაზე და ყიფიანზე აქცენტის გაკეთება იყო. ლომჯარია ცნობილი ნაციონალია და მას შუაშისტად ვერავის შეასაღებ. იგივე შეიძლება ითქვას მისი თავმჯდომარეობით დაფუძნებული პლატფორმის წევრების უმრავლესობაზეც. მაგალითად, ნიკა მემანიშვილის პოლიტიკური ორიენტაცია საყოველთაოდ ცნობილია. დათო ტურაშვილი სუსტი ნებისყოფის კაცია და მისი გულის მოგებას დიდი რესურსი არ ჭირდება. ამიტომაა, რომ დღეს ის ფსევდოლიბერალურ აუდიტორიას კეზერაშვილის ტელევიზიიდან პოლიტიკაზე და მაღალ მატერიებზე მოძღვრავს.

ამ მხრივ, ნინო ხარატიშვილი და გია დვალი შედარებით მომგებიანი პერსონები არიან. მათი ოპოზიციური პოლიტიკური შეხედულებებიც ცნობილია, თუმცა, ჯერჯერობით ნაციონალებად არ პოზიციონირებენ. ცოტა ხანში გაირკვევა, ისინი ვერ ხვდებიან, ვინ არის ლომჯარია და რა პროცესში შედიან, თუ შეგნებულად უერთდებიან კოლექტიურ ნაცმოძრაობას. ისიც მალე გაირკვევა, არიან თუ არა ისინი დამძიმებული ვალდებულებებით. თუ ისინი ამ ნაბიჯს ვითარების არცოდნის გამო და ვალდებულებების გარეშე დგამენ, მათ ჯერ კიდევ აქვთ შანსი, იმ გზას არ დაადგნენ, რომელმაც ხაზარაძე, გახარია და ყიფიანი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ასეც და ისეც, აგენტობაზე ხელის მოწერას და კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან მიერთებას არავის ვუსურვებთ“, – წერია განცხადებაში.