Home Blog Page 1647

” წარმატება საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე, გელოდებით ევროკავშირში”-პეტრ მიკისკა

წარმატება საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე, გელოდებით ევროკავშირში, – ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩმა, პეტრ მიკისკამ განაცხადა, რომელსაც საქართველოში ელჩად მუშაობის ვადა ამოეწურა.

„დღეს მთავრდება ჩემი საქართველოში ყოფნის პერიოდი. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ამ წლებისთვის, ბევრი მეგობრისთვის, რომლებიც შევიძინე, ბევრი საინტერესო მომენტისთვის.

მქონდა პატივი, მეცხოვრა აქ, საქართველოში. მინდა, ვუსურვო საქართველოს და ქართველებს წარმატება. წარმატებები ყველაფერში. განსაკუთრებული წარმატება ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ევროპული ინტეგრირება არის ის, რისთვისაც ჩვენ აქ ვართ, დასახმარებლად, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ველით საქართველოს ევროკავშირში. დიდი მადლობა, საქართველო“, – აღნიშნა ელჩმა პეტრ მიკისკამ.

უკრაინაშისამხედრო მდგომარეობა სამი თვით გაგრძელდა

უკრაინის უმაღლესმა რადამ საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის კიდევ 90 დღით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

ამგვარად, საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია უკრაინაში 2023 წლის 15 ნოემბრამდე გახანგრძლივდა.

უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამის დადგენილებას რადას 347-მა წევრმა მისცა ხმა. აღნიშნული ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარუდგინა.

უკრაინის პარლამენტმა საომარი მდგომარეობა ქვეყანაში რუსეთის მიერ  ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკვე მერვედ გაახანგრძლივა.

უკრაინის ხელისუფლებამ  დეპუტატებსა და მაღალჩინოსნებს საზღვარგარეთ გასვლა აუკრძალა

რადას დეპუტატის ძვირად ღირებულ კურორტზე დასვენების სკანდალის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ სახალხო დეპუტატებსა და მაღალჩინოსნებს საზღვარგარეთ გასვლა აუკრძალა.

ამასთან, ხელისუფლება მუშაობს კანონმდებლობის შემუშავებაზე, რომელიც საჯარო მოხელეების მივლინებებს დაარეგულირებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ განუცხადეს.

„ეს სიმართლეა, რომ ყველა დეპუტატს და მაღალჩინოსანს უკრაინიდან გასვლა დაუბლოკეს. ადამიანებმა რეალობასთან კავშირი დაკარგეს. ამიერიდან შესაბამისი ორგანოები ძალიან გულდასმით შეამოწმებენ დოკუმენტებს მივლინებების, მიწვევების, მარშრუტის შესახებ, რათა არ მოხდეს ისე, რომ მივლინება ვილნიუსშია, ადამიანები კი ბრუნდებიან ხორვატიიდან, სადაც კიდევ ერთი კვირა ყოვნდებიან. ახლა დასრულდება დადგენილების შემუშავება, რომელიც არეგულირებს მივლინებებსა და შვებულებებს საზღვარგარეთ სამხედროების მიმართაც. არის მოსაზრებები იმის შესახებაც, რომ განსაკუთრებით სკანდალურმა პირებმა, მას შემდეგ რაც მანდატს დაკარგავენ, შეძლონ, გაწვევის უწყებების მიღება და საომრად წასვლა“, – განუცხადა უკრაინულ მედიასაშუალებას ქვეყნის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა.

მანამდე უკრაინულ მედიაში გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ სასაზღვრო-გამშვებმა პუნქტებმა საზღვარგარეთ ყველა მაღალჩინოსნისა და დეპუტატის გაშვების აკრძალვის მითითება მიიღეს.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დეპუტატ იური არისტოვის მალდივის კუნძულებზე დასვენებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წარმოება დაიწყო. ახლა მოწმდება მისი დასასვენებლად წასვლის კანონიერების ფაქტი, მიუხედავად ოფიციალური პირებისთვის საზღვარგარეთ გამგზავრების აკრძალვისა.

ბანძუსტანიდან საბჭოთა სუნიანი მოქალაქეები მივიღეთ, რომლებსაც დამტვრეული რუსულით, დამამცირებლად კაპიკებს ვემათხოვრებით- სააკაშვილი

ჩვენ Royal Caribbean-ის საკრუიზო გემების მისაღებად ვემზადებოდით, ამის მაგიერ ბანძუსტანიდან საბჭოთა სუნიანი მოქალაქეები მივიღეთ, – ასე ეხმაურება ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკრუიზო ლაინერის Astoria Grande-ს ბათუმის პორტში შემოსვლას.

„ჩვენ Royal Caribbean-ის საკრუიზო გემების მისაღებად ვემზადებოდით. ეს გემები ჩამოიყვანდნენ ათასობით მდიდარ ამერიკელს, რომლებიც ბევრ ფულს დახარჯავდნენ.

ამის მაგიერ ბანძუსტანიდან საბჭოთა სუნიანი მოქალაქეები მივიღეთ, რომლებსაც დამტვრეული რუსულით, დამამცირებლად კაპიკებს ვემათხოვრებით“,- ნათქვამია სააკაშვილის „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩხოროწყუში ხიდის ჩანგრევას მსხვერპლი მოჰყვა

ჩხოროწყუში, მდინარე ოჩხომურზე  რკინის ხიდის ჩანგრევას მსხვერპლი მოჰყვა.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ხიდზე სატვირთო ავტომობილი გადადიოდა.

მათივე ინფორმაციით, დანგრეულმა ხიდმა სატვირთო ავტომობილი და მისი მძღოლი მოიყოლა, რომელიც მდინარეში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი უკვე ამოყვანილია.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

ქართველი პოლიტიკოსების და ექსპერტების ნაწილი, ამკვიდრებენ აზრს, რომ დასავლეთი გაურიგდა რუსეთს-გიორგი თავდგირიძე

“დასავლეთის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული არც ერთი ნაბიჯი არ მიანიშნებს, რომ რუსეთის მიმართ დასავლეთის პოზიცია შეიცვალა”- წერს სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე.

“ქართველი პოლიტიკოსების და ექსპერტების ნაწილი, ზოგი აქტიურად, ზოგი დანანებით ავრცელებენ და ამკვიდრებენ აზრს, რომ დასავლეთი გაურიგდა რუსეთს ( ან არ გაურიგდა და მერკანტელური ინტერესებიდან გამომდინარე) და უკრაინას აიძულებს დადოს ზავი ტერიტორიების სანაცვლოდ, მშვიდობა არსებული ტერიტორიული რეალობის შენარჩუნებით.

ეს პირდაპირ თუ ირიბად რუსული ნარატივის მხარდაჭერაა და იდეაში პუტინის ოცნების პიკი ( პუტინის დიპლომატიის გამარჯვება).

ჯერ ერთი: ამის არანაირი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს გარდა ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსის პოზიციისა.

მეორეც: დასავლეთის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული არც ერთი ნაბიჯი არ მიანიშნებს, რომ რუსეთის მიმართ დასავლეთის პოზიცია შეიცვალა.

მესამე, მოყვანილი არგუმენტი, რომ დასავლეთი აჯანჯლებს ომს და ამით უკრაინას აიძულებს მშვიდობაზე იფიქროს არის სუსტი არგუმენტი, ხელოვნურად ომი ვერ ჯანჯლდება, ხოლო უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მოცულობა დაგეგმილზე უფრო მაღალია და ეს ვერ იქნება ომის მიმდინარეობის ხელოვნურად შემაფერხებელი.

მეოთხე, ნატოს რომ უნდოდეს რუსეთის დამარცხება უფრო აქტიურად ჩაებმება ომის მიმდინარეობაში და დღესვე დამთავრდება ომი უკრაინის გამარჯვებით.

ამ არგუმენტის ავტორებმა სანამ პოლიტიკის შეფასებას დაიწყებდნენ ჯერ ეზოში ომობანას თამაში დაამთავრონ და მერე შეეჭიდონ დიდ პოლიტიკას.

გასაგებია, რომ უკრაინელი პოლიტიკოსები პირდაპირ დიალოგში არიან დასავლელ კოლეგებთან და ხშირად გარკვეული განცხადებებით და გამოხატული ეჭვებით ცდილობენ გავლენა მოახდინონ მათზე და მათ ობივატელებზე ( გამოკითხვები ცხადყოფენ, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა პოპულარულია მოსახლეობაში და პოლიტიკოსები ამას ითვალისწინებენ). რამდენად სწორია ასეთი ილეთების გამოყენება, ამაზე არ გავჩერდები. მაგრამ, ზუსტად იმის მაჩვენებელია, რომ უკრაინისა და საქართველოს პოლიტიკა თუ ავურიეთ ერთმანეთს, შეიძლება ისეთი დასკვნები მივიღოთ რომელიც ნებით თუ უნებურად რუსულ ნარატივებს დაემთხვევა.

ფაქტი რაც არის: კითხვაზე უკრაინის შეტევის მდორედ მიმდინარეობაზე დასავლელი ოფიციალური პირები პასუხობენ, რომ შეტევის ტემპი რამდენად შეესაბამება სამხედრო გეგმებში მოცემულ მიზნებს ეს უკრაინის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა შეაფასოსო, ხოლო ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ უკრაინას ჰქონდეს გამარჯვების მისაღწევად საჭირო სამხედრო მხარდაჭერაო”-წერს სოციალურ ქსელში გიორგი თავდგირიძე

“რეალურად, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი დღეს მერაბიშვილ-კეზერაშვილის დუეტია”- კახა კალაძე

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ხაბეიშვილი მოიაზრებოდა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარედ, როდესაც გადაწყვეტილი ჰქონდათ ნიკა მელიას „გაწევა“, რა თქმა უნდა, აქ მთავარი ფიგურანტი იყო მერაბიშვილი-კეზერაშვილის დუეტი, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით შესაძლო დაპირისპირებას და პარტიის არაფორმალური მართვის თემას ეხებოდა.

კახა კალაძის თქმით, ნიკა მელიას სამომავლო გეგმები უცნობია, თუმცა ყველასთვის  აშკარაა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული შიდა დაპირისპირება.

„ნიკა მელია მთლიანად ასოცირდებოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ყველა არჩევნებზე ამ პარტიის სახელით გამოდიოდა. ყველა ის ცვლილება, რაც განხორციელდა მისი გადაყენებით, ხაბეიშვილის არჩევით, შიდა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. როგორც იკვეთება, არ ერიდებიან და ერთმანეთს პირდაპირი ეთერიდან ესაუბრებიან. ვერ გეტყვით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნიკა მელია, რა დამოკიდებულება და განწყობა ექნება მომავალში „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ისევ მას უნდა ჰკითხოთ. თვითონაც არ ერიდებათ და ღიად საუბრობენ ამ ყველაფერზე. პარტიაში მთავარი ფიგურანტი მერაბიშვილი-კეზერაშვილის დუეტი იყო. ხაბეიშვილი მათ ჰყავდათ ფიგურად, რომელსაც წარმოაჩენდნენ თავმჯდომარედ. რეალურად, პარტიის ხელმძღვანელობაში დღეს მერაბიშვილ-კეზერაშვილის დუეტია. პარტიაში მიმდინარე შიდა პროცესებს ყველა კარგად ვხედავთ. უბრალოდ, არ მინდა სხვა პოლიტიკური პარტიის შიდა თემებში ჩავერიო, ეს მათი პრობლემაა. მათი გადასაწყვეტია, თუ რას გააკეთებენ, როგორ იმოქმედებენ და როგორ გააგრძელებენ მუშაობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში წინა ხელისუფლების დროს იყო საკუთრების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც, სავარაუდოდ, ხორციელდებოდა იძულებით-სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის საინვესტიციო გარემოს შესახებ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველში წინა ხელისუფლების დროს იყო საკუთრების გადაცემის შემთხვევები, რომლებსაც აკლდა გამჭვირვალობა და, სავარაუდოდ, ხორციელდებოდა იძულებით.

„საკუთრების უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებული დავები საქართველოში არ არის გავრცელებული, თუმცა წინა ხელისუფლების დროს იყო საკუთრების გადაცემის შემთხვევები, რომლებსაც აკლდა გამჭვირვალობა და, სავარაუდოდ, ხორციელდებოდა იძულებით“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის საინვესტიციო გარემოს შესახებ ანგარიშში დღეს გამოქვეყნდა. ანგარიში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციების პირობები კარგია, საქართველო გამორჩეულია რეგიონში.

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები მოქმედებენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში.

“ნაციონალური მოძრაობა“, როგორიც ის დღესაა, ყველაზე დიდი საჩუქარია ივანიშვილის პროპაგანდისთვის”-გიგა ბოკერია

„ნაციონალური მოძრაობა”, როგორიც დღესაა, ყველაზე დიდი საჩუქარია ივანიშვილის პროპაგანდისთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ივანიშვილის რეჟიმისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე უფრო სასურველი ოპონენტი, იმის გამო, თუ რასაც დაემსგავსა ეს პოლიტიკური ძალა – „უპრინციპო, უღირებულებო, უგონო, დიდ პოლიტიკურ ზომბს“.

„ბარამიძისგან ახალი არაფერი გაგვიგია. თუმცა კიდევ ერთი დადასტურება, შემახსენებელი უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ვისაც სურს პუტინისტური რეჟიმის დამარცხება და შემდეგ რაც მთავარია რეალური ცვლილებები, რომ „ნაციონალურ მოძრაობა” როგორიც ის დღესაა, ყველაზე დიდი საჩუქარია ივანიშვილის პროპაგანდისთვის“,- აცხადებს გიგა ბოკერია.

„მსოფლიო ძალიან არის შეცვლილი” – რუსეთის პატრიარქი კირილი

რუსეთის პატრიარქის კირილის განცხადებით, რუსეთი და ბევრი აფრიკული ქვეყანა ერთსა და იმავე „მორალურ კოდექსს“ იზიარებენ და მზად არიან დაიცვან ისინი.

აღნიშნული განცხადება რუსეთის პატრიარქმა რუსეთ-აფრიკის სამიტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, რომელიც სანქტ-პეტერბურგში ტარდება.

„მსოფლიო ძალიან არის შეცვლილი და მე ვსაუბრობ არა მარტო პოლიტიკურ საკითხებზე, არამედ საშიშ მორალურ გარემოზე, რომელიც ზოგჯერ ძალზე აგრესიულად დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის მიერ იქმნება“, – განაცხადა რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ანტიფასეულობათა სიაში თავისუფლების კულტი და ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტის განადგურება შედის.

“პუტინი არის არაადეკვატური ადამიანი თავისი გარემოცვით, რომელიც ფულს შოულობს მარცვლეულის გარიგების დაბლოკვით”-ზელენსკი

ვლადიმერ პუტინი არის არაადეკვატური ადამიანი თავისი გარემოცვით, რომელიც ფულს შოულობს მარცვლეულის გარიგების დაბლოკვით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ბრაზილიურ „გლობალ ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი არის ადამიანი, რომელიც არ სცემს პატივს საერთაშორისო კანონს და აყენებს მსოფლიოს შიმშილის ზღვარზე, რათა თავისი მარცვლეული უფრო ძვირად გაყიდოს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი რადიკალურად არის განწყობილი, გაანადგუროს ხალხი უკრაინაში. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ დაბლოკვა გამოიწვევს რუსულ მარცვლეულზე ფასების ზრდას და შესაბამისად, მისცემს მას დამატებითი სახსრების გამომუშავების შესაძლებლობას.

„ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს გადარჩენაზე, შიმშილზე, რეალურ სოციალურ ქაოსზე, რაც შეიძლება, გამოწვეული იყოს აგროინდუსტრიული პროდუქტის მიუწოდებლობით. მისთვის ეს ზეწოლაა. პირველ რიგში, ეს არის ფული“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ივლისს, თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე იურიდიული კომპანიის ოფისში, ბრალდებულმა სამშენებლო ბიზნესსაქმიანობიდან წარმოშობილი უთანხმოების გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 26 ივლისს დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოღებულია. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონთ დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.