Home Blog Page 1646

სალომე ზურაბიშვილმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 11 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ათი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო ერთ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

სენატმა საქართველოში აშშ-ის ელჩად რობინ დანიგანის დანიშვნას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩად რობინ დანიგანი ოფიციალურად დაამტკიცა.

შესაბამისი ინფორმაცია სენატში უმრავლესობის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა 2023 წლის 14 იანვარს წარადგინა.

კრობინ დანიგანი დამტკიცებამდე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ მუშაობდა. 2018-2021 წლებში იყო ავსტრიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.

დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტში 1992 წლიდან მუშაობს. 2014-2017 წლებში რობინ დანიგანი მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში.

დანიგანი ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და სალვადორში.

რობინ დანიგანი საქართველოში კელი დეგნანს შეცვლის, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩად 2020 წლიდან მუშაობს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ საგარეო მიმართულებას ზურაბ ჭიაბერაშვილი უხელმძღვანელებს

ზურაბ ჭიაბერაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა. ზურაბ ჭიაბერაშვილი პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღეს წარადგინა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, „გამარჯვების პლატფორმის“ გაძლიერების პარალელურად, ძლიერდება პარტია „ნაციონალური მოძრაობა“.

„მაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების ხელმძღვანელი ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც დათანხმდა შეთავაზებას და, შესაბამისად, ამ მიმართულებით გააგრძელებს აქტიურ მუშაობას. ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, ჟენევაში, გაერო-ს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში. აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი და, დიახ, ამ პირობებში, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს პოლიტიკური დევნილი, პოლიტიკური პატიმარი, პრეზიდენტი სააკაშვილი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საგარეო მიმართულებით გავძლიერდეთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამასთან, როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფოკუსირებული იქნება სამ მნიშვნელოვან საკითხზე.

„მნიშვნელოვანი საკითხია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომელსაც წინ ეღობება „ქართული ოცნება“. პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა არის მთავარი წინაღობა ამ გზაზე. ამიტომ ძალისხმევა მიმართული იქნება იქითკენ, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და, ამავდროულად, პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის დასრულება არის გადაუდებელი ამოცანა. კიდევ ერთი საკითხია უკრაინასთან საგარეო პოლიტიკური კავშირის შენარჩუნება, უკრაინისადმი სოლიდარობა. გამარჯვების შემდეგ უკრაინა იქნება ლიდერი და გამწევი ძალა, რათა მოხდეს საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“, – აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

სიამაყით ვაცხადებ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ -პრემიერი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ისტორიული ვიზიტის ფარგლებში სიამაყით ვაცხადებ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ამაღლებას სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ  დარწმუნებული ვარ, რომ ეს საეტაპო მოვლენა მოგვცემს პარტნიორობის გამყარებისა და არსებული შესაძლებლობების სრული რეალიზაციის საშუალებას“, – წერს პრემიერი.

“ხალხთან დიალოგის მიზნით, მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი მისაღები“ გაიხსნება”- სოფო ჯაფარიძე

უახლოეს დღეებში მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი მისაღები“ გაიხსნება – ის აუცილებლად მიიღებს ყველას გზავნილს და ყველას გიპასუხებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, საქართველოს ყოფილი  პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სოფო ჯაფარიძემ განაცხადა , მიხეილ სააკაშვილი საზოგადოების წერილებსა და მოსაზრებებს ადვოკატების მეშვეობით, ყოველდღიურად მიიღებს და ყველას უპასუხებს.

„მიხეილ სააკაშვილი მზად არის მოქალაქეებთან დიალოგისთვის. მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, მოქალაქეებთან იყოს უშუალო კომუნიკაციაში. გელოდებით ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ მას მიაწვდინოთ ხმა, გაუზიაროთ თქვენი მოსაზრებები. ის აუცილებლად მიიღებს ყველას გზავნილს და გიპასუხებთ.

საზოგადოებრივ მისაღებში“ მოსვლა ყველას შეეძლება. ყველას შეეძლება წერილის მოტანა, მოსაზრების გაზიარება, რასაც ჩვენი ადვოკატების მეშვეობით, მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად მიიღებს და ყოველდღიურად გასცემს ჩვენს მოქალაქეებს პასუხს. სულ რამდენიმე დღეში იქნება ოფისი მზად და დეტალებს გაგაგებინებთ,“ – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

” ჩინეთმა და საქართველომ მხარი უნდა დაუჭირონ ერთმანეთს იმ საკითხებში, რომლებიც მათ ძირითად ინტერესებს ეხება”- სი ძინპინი

ჩინეთმა და საქართველომ უნდა გაიგონ და მხარი დაუჭირონ ერთმანეთს იმ საკითხებში, რომლებიც მათ ძირითად ინტერესებს ეხება, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.

ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთი და საქართველო უნდა იყვნენ კარგი მეგობრები და პარტნიორები ურთიერთპატივისცემის, ურთიერთნდობისა და თანასწორობის საფუძველზე.

სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი მზად არის, იმუშაოს საქართველოსთან, რათა ერთობლივად ხელი შეუწყონ მაღალი ხარისხის თანამშრომლობას „სარტყელისა და გზის“ პროექტის ფარგლებში.

სი ძინპინის თქმით, ჩინეთი მიესალმება საქართველოს მხრიდან ჩინეთში მაღალი ხარისხის პროდუქციის ექსპორტის გაფართოებას და ჩინურ საწარმოებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდებს.

“საქართველო აფასებს ჩინეთთან მეგობრობას” -პრემიერი

საქართველო დიდად აფასებს ჩინეთთან მეგობრობას და პარტნიორობას და მადლობელი ვარ ჩვენი ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რაც, მიმაჩნია, კონკრეტული შედეგებისა და სარგებლის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ჩინეთთან  სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების იდეისადმი ერთგულია.

„ბატონო პრეზიდენტო, უდიდესი პატივი და სიამოვნებაა დღეს თქვენთან შეხვედრა. ეს ჩემთვის ისტორიული ვიზიტია. პირადად თქვენდამი ვარ დიდად მადლობელი. ძალიან დიდი პატივი მერგო და უზომოდ მადლობელი ვარ ჩინეთში მოწვევისთვის. მახარებს ასევე 2023 წლის მსოფლიო საზაფხულო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნით ცერემონიაზე დასწრება აქ, ჩენგდუში, ჩინეთში. ამიტომ კვლავ მოგახსენებთ  მადლობას. ნამდვილად დიდად ვაფასებ ამ მოწვევას. ბატონო პრეზიდენტო, თქვენდამი და თქვენი მთავრობისადმი  მადლობელი ვარ ასევე ჩემი ქვეყნის მხარდაჭერისთვის. ჩინეთი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა 1992 წელს, როდესაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. შემდეგ დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოც მტკიცედ უჭერს მხარს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს. მრავალჯერ გვაქვს ხაზგასმით დაფიქსირებული ეს პოზიცია და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. საქართველო დიდად აფასებს ჩინეთთან მეგობრობას და პარტნიორობას, და მადლობელი ვარ ჩვენი ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ თქვენ მიერ  მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რაც, მიმაჩნია, კონკრეტული შედეგებისა და სარგებლის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის. ნება მიბოძეთ, კვლავ დავაფიქსირო, რომ საქართველო ერთგულია ჩინეთთან  სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების იდეისადმი მრავალი მიმართულებით და გვახარებს, რომ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი ამ ვიზიტის ფარგლებში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა.

შეხვედრა სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში გაიმართა, სადაც მთავრობის მეთაური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება.

ირაკლი ღარიბაშვილი ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობს.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა სი ძინპინს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გადაწყვეტილება მიიღეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მრავალწლიან მეგობრობას და თანამშრომლობას.

პრემიერ-მინისტრმა სი ძინპინს „სარტყელის და გზის გლობალური ინიციატივისთვის“ მადლობა გადაუხადა.

როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რითაც ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს.

შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სი ძინპინის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო. მიღება მსოფლიო საუნივერსიტეტო ზაფხულის თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილე ლიდერების პატივსაცემად გაიმართა.

“ნაცმოძრაობა” პირდაპირ ფულს იხდიდა ქვეყნის დასანქცირებაში, საკუთარი ქვეყნის დასჯაში”-ირაკლი კობახიძე

„ნაცმოძრაობა“ პირდაპირ ფულს იხდიდა ქვეყნის დასანქცირებაში, საკუთარი ქვეყნის დასჯაში და ეს დადასტურდა FARA-ს დოკუმენტებით. ეს ხომ არის საკუთარი ქვეყნის ღალატის მორიგი ლუსტრაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა.

FARA-ს დოკუმენტები რამდენიმე თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი. პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას, რომ „ნაცმოძრაობა“ პირდაპირ ფულს იხდიდა ქვეყნის დასანქცირებაში, საკუთარი ქვეყნის დასჯაში და ეს დადასტურდა FARA-ს დოკუმენტებით. ამაზე მეტი ლუსტრაცია რა შეიძლება იყოს, უბრალოდ არ ვიცი. ეს ხომ არის საკუთარი ქვეყნის ღალატის მორიგი ლუსტრაცია. პირდაპირ ითხოვდნენ საკუთარი ქვეყნის დასანქცირებას, დასჯას და არამარტო ითხოვდნენ, ამაში იხდიდნენ ფულს. ეს არის პირველი დასკვნა, რომელიც შეიძლება, გამოვიტანოთ FARA-ს დოკუმენტებიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროპარლამენტის რეზოლუციები იყო უსამართლო და გაირკვა ისიც, რომ ამ ყველაფრის უკან იდგა ფული.

„ჩვენ საუბარი გვქონდა ყოველთვის ევროპარლამენტის რეზოლუციებზე. როდესაც ვაკრიტიკებდით ამ რეზოლუციებს, ამაზე ჰქონდათ შეფასება, თითქოს ეს იყო ევროპაზე თავდასხმა, ანტიდასავლური განცხადებები და ა.შ. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს რეზოლუციები იყო უსამართლო. გარდა იმისა, რომ ეს რეზოლუციები იყო უსამართლო, გაირკვა, რომ ამ ყველაფრის უკან, გარდა სხვა რაღაცებისა, თურმე მდგარა ფულიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია, რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში შემოსვლა”-პრეზიდენტი

ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირისთვის.

„ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია – რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა მაშინ, როდესაც პუტინი მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს და შავ ზღვაში თავისუფალ ნაოსნობას აფერხებს. შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა “Astoria Grande”, ბათუმის პორტი დატოვა

სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande, ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა.

აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები შეასრულეს.

ბათუმის პორტში შეკრებილი იყვნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ისინი სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“, “დატოვეთ ჩვენი ქვეყანა”.

აქციაზე პროტესტი და ხმაური მოყვა ლაინერიდან რუსი ტურისტების ჩამოსვლას და გემიდან რუსეთის დროშის გამოფენას. ამასთან, ლაინერის ერთ-ერთმა მგზავრმა აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი ჟესტებით მიმართა.

ბათუმის პარალელურად აქცია გაიმართა თბილისშიც, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ.

28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გუნდური მუშაობისთვის ხელსაყრელი დღეა. თანამოაზრეებთან ერთად კოორდინირებული მოქმედებები საშუალებას მოგცემთ მიზანს უფრო სწრაფად და საუკეთესო შედეგებით მიაღწიოთ. სავარაუდოდ, ახლობელი ადამიანი საინტერესო იდეას ან ღირებულ რჩევას მოგცემთ, შეიძლება სასიხარულო ამბავიც გაგიზიაროთ!

კურო

ამ დღეს ნებისმიერ საქმეში წარმატება და ეს იღბლის კი არა, თქვენი შრომისმოყვარეობის, მონდომებისა და პიროვნული თვისებების დამსახურება იქნება, რითაც ვარსკვლავებმა უხვად დაგასაჩუქრეს. შეიძლება რთულ და დამაბნეველ პროექტებსაც კი გაუმკლავდეთ, რადგან ზუსტად იცით, რა უნდა გააკეთოთ და, რაც მთავარია, როგორ.

ტყუპები

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამ დღეს თქვენსა და თქვენს გეგმებს შორის შეიძლება დაბრკოლება წარმოიშვას და მას სიზარმაცე და პასიურობა ჰქვია. პრობლემები შეიძლება იქაც კი შეიქმნას, სადაც არ ელით – საკითხები, რომლებიც უკვე მოგვარებული გეგონათ, დამატებით ძალისხმევას მოითხოვენ. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი გეგმები მარცხით დასრულდება. უბრალოდ, შედეგის მისაღწევად ჩვეულებრივზე ბევრად მეტი დრო და ძალისხმევა უნდა დახარჯოთ.

კირჩხიბი

თუ ამ დღეს რაღაც არ გამოგდით, დამნაშავე თავად ხართ. ეს დღე მშვენიერ შესაძლებლობებს გთავაზობთ, ​​მაგრამ უყურადღებობის გამო შეიძლება შანსი ხელიდან გაუშვათ. გარდა ამისა, შეიძლება ძველი შეცდომა გაიმეოროთ. ნუ მოდუნდებით – თქვენი წარმატების გასაღები ენერგია, შრომისმოყვარეობა და პოზიტიური განწყობაა.

ამ დღეს შესანიშნავი დიპლომატი ხართ და სურვილის შემთხვევაში, საერთო ენის გამონახვას ნებისმიერ ადამიანთან შეძლებთ. ასე რომ, თუ ვინმესთან კითხვები ან პრეტენზიები დაგიგროვდათ, ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, შესაძლებლობა გამოიყენოთ.

ქალწული

დილას გაღვიძება, სამსახურში წასვლა და სხვა რუტინული საქმეები ამ დღეს განსაკუთრებით დიდ ძალისხმევას მოითხოვს. გახსოვდეთ, რომ თქვენი შესაძლებლობები უსასრულო არ არის – ვარსკვლავები გირჩევენ, კარგად დაისვენოთ და როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი ძალა აღიდგინოთ.

სასწორი

კმაყოფილებას ვერ მალავთ, რადგან მოვლენები ისე განვითარდება, როგორც გეგმავდით. გარდა ამისა, მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზი, წარმატებული შენაძენი, საინტერესო ადამიანის გაცნობა და კომპლიმენტი. ასე რომ, ხვალ ამ დღეს წუწუნის მიზეზი არ გექნებათ, ამიტომ შეგიძლიათ, პოზიტიური განწყობა გარშემო მყოფებს გაუზიაროთ.

მორიელი

ჰოროსკოპის ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მნიშვნელოვანი საქმის დასრულებისთვის შეიძლება ენერგია, პრაქტიკული გამოცდილება ან ცოდნა არ გეყოთ, ამიტომ გამოცდილ ადამიანებს დახმარება უნდა სთხოვოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს წარმატებას ადვილად, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე აღწევთ! ეს ის დღეა, როდესაც თქვენი სურვილები შესაძლებლობებს შეესაბამება. თუ მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებას ან საპასუხისმგებლო საუბარს გეგმავთ, ეს დღე ამისთვის შესანიშნავი დროა. ამ დღის დევიზია – მოქმედების ნუ გეშინია, ადგილზე დარჩენის გეშინოდეს!

თხის რქა

სწავლის, გონებრივი მუშაობისა და დაგეგმვისთვის არახელსაყრელი დღეა – შეიძლება, ბევრი შეცდომა დაუშვათ. ნუ ეცდებით, რომ გეგმები დაუყოვნებლივ განახორციელოთ! ისინი რეალობისგან ჯერ შორსაა, ამიტომ მათზე კიდევ ბევრი უნდა იმუშაოთ. ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ ამ დღეს შემოქმედებით საქმიანობას დაუთმობთ. შეიძლება რაღაც შედევრი შექმნათ!

მერწყული

ამ დღეს გარშემო მყოფთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად პრაქტიკულად, არაფრის გაკეთება არ გჭირდებათ – ისედაც თქვენ მხარეს არიან. სამსახურში, ბიზნესში, მეგობრობაში, სიყვარულში თქვენზე დიდი მოთხოვნაა. თქვენი იდეები მიმზიდველია, სიტყვები კი დამაჯერებელი, ამიტომ შეგიძლიათ ეს დღე თანამოაზრეთა მოზიდვას ან ახალი პროექტის პოპულარიზებას დაუთმოთ. სასურველი შედეგის იმედი გქონდეთ.

თევზები

ეს დღე ყველაზე რთულ ამოცანების გადაწყვეტას და სამომავლო გეგმების შედგენას უნდა დაუთმოთ. ინტუიციის წყალობით, ნებისმიერი პრობლემიდან გამოსავალს იპოვით, ამიტომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ.