Home Blog Page 1645

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს წარმატების მისაღწევად გონიერების და დისციპლინის გამოჩენა მოგიწევთ. მზად იყავით, რომ გარშემომყოფებს თქვენი დახმარება დასჭირდებათ და მათი კეთილდღეობისთვის შეიძლება საკუთარი ინტერესები დათმოთ. მოსალოდნელია ფინანსური ზარალი და წარუმატებელი შესყიდვები. ხელსაყრელი დღეა რომანტიკული და მეგობრული შეხვედრებისთვის.

კურო

ნაყოფიერი დღეა, რომელიც შეიძლება საკუთარი და ახლობელი ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენოთ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი. ახალი პროექტი წარმატებას და აღიარებას მოგიტანთ, ახალი იდეა კი გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერას დაიმსახურებს.

მეგობრული ადამიანი ხართ და ეს თვისება ყველა საქმეში გეხმარებათ.

ტყუპები

სიმტკიცე და პრინციპულობა ნებისმიერი დაბრკოლებების გადალახვაში გეხმარებათ, ოპტიმიზმს კი ყველაზე რთულ მომენტებშიც კი ინარჩუნებთ და ეს თქვენი საუკეთესო ნიშანია. საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული ხართ და ვერავინ გაიძულებთ, არჩეულ გზას გადაუხვიოთ.

საოჯახო საქმეები ძალიან გაგიტაცებთ, მაგრამ ეცადეთ ძველ მეგობრებთან სასიამოვნო ურთიერთობისთვის დრო გამონახოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს გარისკვას და ექსპერიმენტებს უნდა მოერიდოთ და უპირატესობა მუშაობის გამოცდილ მეთოდებს მიანიჭოთ. გრანდიოზული გეგმები ცოტა ხნით გვერდით გადადეთ და მთელი ყურადღება მიმდინარე საქმეების დასრულებაზე გადაიტანეთ.

საქმიან ურთიერთობებში სიფრთხილე უამრავ პრობლემას აგაცილებთ. პირად ცხოვრებაში მეტი გულწრფელობა უნდა გამოიჩინოთ. რაც უფრო ხმამაღლა ისაუბრებთ საკუთარ სურვილებზე, მით უფრო მაღალია შანსი, რომ აგიხდეთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზები გელით.

ლომი

ლიდერული და ორგანიზაციული უნარების დემონსტრირებისთვის ხელსაყრელი დღეა. მიზანსწრაფულობა და მონდომება საშუალებას გაძლევთ, გამარჯვებებს იქ მიაღწიოთ, სადაც სხვები ვერ შეძლებდნენ.

შესაფერისი დღეა თანამშრომლობისა და ერთობლივი მოქმედებებისთვის და ეს ტენდენცია არა მხოლოდ პროფესიულ, არამედ პირად ურთიერთობებზეც ვრცელდება. მახვილი ინტუიცია ზედმეტ რისკებს თავიდან აგაცილებთ.

ქალწული

ამ დღეს დინჯად და გონივრულად მოქმედებთ და ნებისმიერ გადაწყვეტილებას დიდი პასუხისმგებლობით უდგებით. გარდა ამისა, იღბალი თქვენ მხარესაა – საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმოჩენას ახერხებთ, რაც წარმატებაში გეხმარებათ.

სასწორები

გირჩევთ, ახალი იდეა სანდო მოკავშირეებს გაუზიაროთ. მოულოდნელად მიიღებთ მხარდაჭერას, რომელიც გეგმის განხორციელებაში დაგეხმარებათ. ფინანსური მდგომარეობა ხელსაყრელია და შემოსავალი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

არ არის გამორიცხული, რომ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. მთავარია ცვლილებების არ შეგეშინდეთ.

მორიელი

ენერგიულად მოქმედებთ და ცდილობთ, პრობლემები რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროთ. გარშემო მყოფთა კრიტიკული შენიშვნები მიზნების მიღწევაში ხელს ვერ შეგიშლით. რაც მთავარია, საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებას და მნიშვნელოვანი ადამიანების მხარდაჭერას მოახერხებთ.

ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა, ამიტომ ეცადეთ ხალხში იტრიალოთ.

მშვილდოსანი

საინტერესო და მოვლენებით დატვირთული დღეა. ეცადეთ, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. სამსახურში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნას შეძლებთ. არ არის გამორიცხული, რომ ძველმა კონკურენტმა პოზიცია შეცვალოს და თქვენი მხარდამჭერი გახდეს. მზად იყავით ოჯახში უთანხმოების და საყვარელ ადამიანთან კამათისთვის და ეცადეთ, ეს კონფლიქტში არ გადაიზარდოს.

თხის რქა

ამ დღეს სწრაფად და პრინციპულად უნდა იმოქმედოთ. სიმტკიცე და თავდაჯერება დაგეხმარებათ, რომ გავლენიან ადამიანებზე სწორი შთაბეჭდილება მოახდინოთ და მათი მხარდაჭერა მოიპოვოთ. კოლეგები და პარტნიორები გენდობიან და ეცადეთ იმედები არ გაუცრუოთ.

ყველაზე რთულ პირად საკითხებსაც კი ძალიან ადვილად მოაგვარებთ. ვიღაც შეიძლება ფიქრობს, რომ წარმოუდგენლად გაგიმართლათ, მაგრამ სინამდვილეში თქვენ იმას იღებთ, რისთვისაც ბევრი იშრომეთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა იმ ადამიანებთან ურთიერთობისთვის, რომლებზეც შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობთ. გირჩევთ, საჭირო ადამიანებს თავი შეახსენოთ.
სავარაუდოდ, ახალი ჰობი და ინტერესები გაგიჩნდებათ, შესაძლოა, ენების შესწავლითაც კი დაინტერესდეთ და კურსებზე ჩაეწეროთ. ეს კარგი გადაწყვეტილება იქნება.

თევზები

ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ, რომ ახალ დავალებებს თავს შესანიშნავად გაართმევთ. ზოგი რამ თავისით გამოვა, დანარჩენ საკითხებზე კი ბევრი უნდა იმუშაოთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, გაიმარჯვებთ.

ხელსაყრელი დღეა ქონებრივი და ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. წარმატებული შესყიდვები და ფინანსური ოპერაციები გელით.

“მიხაილ პოდოლიაკი არათუ არამეგობრულს, არამედ მტრულ განწყობასაც ავლენს ჩვენი ქვეყნის ინტერესების მიმართ” – დავით მათიკაშვილი

“მიხაილ პოდოლიაკი არათუ არამეგობრულს, არამედ მტრულ განწყობასაც ავლენს ჩვენი ქვეყნის ინტერესების მიმართ, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია, რადგან უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„მიხაილ პოდოლიაკი არის ის ადამიანი უკრაინიდან, რომელიც უკვე არაერთგზის საკუთარი განცხადებებით არათუ არამეგობრულს, არამედ მტრულ განწყობასაც ავლენს ჩვენი ქვეყნის ინტერესების მიმართ, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია, რადგან უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ასევე ძალიან მძიმე ვითარებაშია. უკრაინას საქართველო გვერდში უდგას ყველაფრით, რაც კი ეს შესაძლებელია. უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების მხრიდან ასეთი განცხადებები პირდაპირ შეგვიძლია, შევაფასოთ, როგორც, სულ მცირე, ძალიან არამეგობრულად. როგორც ჩანს, პოდოლიაკს საქართველოსგან სხვა მოლოდინები ჰქონდა, ისევე, როგორც მის პარტიაში გაერთიანებულ სხვა პირებს, რომ საქართველოში გაიხსნებოდა მეორე ფრონტი. მისი კოლეგა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებას გავიხსენებ, რომ მარტო უკრაინელი ქალები და ბავშვები არ უნდა იხოცებოდნენ, თითქოს ამით მან ისარი საქართველოსკენ გადმოიტანა. საქართველომ ამით ,,იმედები არ გაუმართლა”, საქართველოში არ გახსნილა მეორე ფრონტი და ეს მძიმე კითხვად აწვება როგორც ეტყობა მიხაილ პოდოლიაკს. ჩვენი ქვეყნის პერსპექტივა არის ძალიან ახლოს, საქართველო ევროპასთან, ევროკავშირთან დღეს რომ არის ახლოს, ასე არასდროს ყოფილა. აუცილებლად, დამსახურებულად, საქართველო თავის დროზე მიიღებს როგორც კანდიდატის სტატუსს, ასევე, ის გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, „საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, რომ გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი“.

“ლეგიტიმურია ის მიზეზი, რატომაც სურთ ქართველებს ევროკავშირის წევრობა, ცხადია, სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამყარებული იქნება პოლიტიკურ და ტექნიკურ ფაქტორებზე”- სვენ მიქსერი

ჩემი გზავნილი ქართველ კოლეგებთან შეხვედრისას არის იგივე, რაც დიდი ხნის წინ იყო, რომ ევროინტეგრაცია უნდა იყოს პირველი პრიორიტეტი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა განაცხადა.

მისი თქმით, სასურველია, რომ ქართველი პოლიტიკოსები ევროპაში უფრო მეტად პოზიტიური სიახლეებით ჩადიოდნენ.

„ცხადია, ყოველთვის მოხარულები ვართ, რომ განახლებული ინფორმაციები მოვისმინოთ, როგორ მიმდინარეობს სხვადასხვა რეფორმა, მაგრამ ამ შემთხვევაში არის თემები, რომელიც დემონსტრაციულია და კრიტიკულია ევროპელების დარწმუნება, რომ საქართველო არსებითად სწორ გზას ადგას, როდესაც საქმე დემოკრატიულ რეფორმებსა და სახელმწიფოში კანონის უზენაესობას ეხება. ამ საკითხების მიმართ ბევრი შეკითხვებია და ეს შეკითხვები იზრდება. მაგალითად, უკან გაწვეული საკანონმდებლო ინიციატივა ე.წ. აგენტების შესახებ, რომელმაც შეშფოთება გამოიწვია ევროპაში, ასევე პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რომელსაც ევროპაში ბევრი ადამიანისთვის მოულოდნელი იყო, ჩემი აზრით, ესენია ყველაზე თვალშისაცემი მოვლენები“, – აღნიშნა სვენ მიქსერმა.

ევროპარლამენტარის განცხადებით, აბსოლუტურად ლეგიტიმურია ის მიზეზი, რატომაც სურს ქართველ ხალხს ევროპასთან და ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოება.

ჩვენი ქართველი მეგობრები ევროპაში ყოველთვის განმარტებების განწყობით ჩამოდიან, თითქმის ყოველთვის არის საჭიროება, რომ რაღაც გაირკვეს, სიცხადე და განმარტება იყოს საჭირო. ვისურვებდი, რომ ისინი უფრო ხშირად პოზიტიური სიახლეებით ჩამოდიოდნენ, ვიდრე გაურკვევლობისა და უარყოფითი ამბების ახსნით. თუ არ გსურთ, რომ თქვენი შანსი გაუშვათ ხელიდან, უფრო მეტად დაუახლოვდეთ ევროპას, ვფიქრობ, საჭიროა, რომ ევროპული ინტეგრაცია იყოს მთავარი პრიორიტეტი და ეს არაერთხელ მითქვამს. თუ ხშირად გიხდება განმარტება, რომ კონკრეტული მოვლენა შიდა პროცესია, მაგრამ ის გავლენას ახდენს სამუშაოზე, მაშინ ეს გადაწევს პროცესს. რაც შეეხება შეფასებას, არ ვეცდები სპეკულაციებს, რა რეკომენდაციები შეიძლება გასცეს კომისიამ და რა პოლიტიკური გადაწყვეტილებაც შეიძლება წევრი ქვეყნების დედაქალაქებმა მიიღონ. აბსოლუტურად ლეგიტიმურია ის მიზეზი, რატომაც სურს ქართველ ხალხს ევროპასთან და ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოება და ევროკავშირის წევრობა, მაგრამ ცხადია, ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს სტატუსის განახლებასთან დაკავშირებით დამყარებული იქნება ყველა, პოლიტიკურ და ტექნიკურ ფაქტორებზე, იქნება ეს პოლიტიკურ განვითარებაზე თუ დღის წესრიგის იმპლემენტაციის პროცესი“, – განაცხადა მიქსერმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევას იწყებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევას იწყებს.

„ეს ლოგიკური მომდევნო ნაბიჯი ჩვენს კომიტეტებს სრულ ძალაუფლებას მისცემს, რათა სრულად შეკრიბონ ფაქტები და პასუხები გასცენ ამერიკელ ხალხს“, – განაცხადა პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტიმ.

კევინ მაკარტის თქმით, იქნება კენჭისყრა. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, პრეზიდენტის ოჯახის ბიზნეს გარიგებებს უკავშირდება.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 სექტემბრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6238 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6238 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6234 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8109 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8157 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0048 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

„პრემიერი, რეისი A92771 სამთავრობო Bombardier-ით და უპასუხო კითხვები“ – Voice of America

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანიამ Voice of America-მ („ამერიკის ხმამ“) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „პრემიერი, რეისი A92771 სამთავრობო Bombardier-ით და უპასუხო კითხვები“, რომელშიც განხილულია საკითხი, თუ რამდენად დაარღვია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კანონი, როცა მან უცხოეთში კერძო ვიზიტის განხორციელების დროს სახელმწიფოს ბალანსზე არსებული თვითმფრინავით Bombardier Challenger 850-ით ისარგებლა.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი არ ჩქარობს განმარტოს, თუ რა სახსრებით შეძლო ჩარტერული ფრენის დაფინანსება, თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით და უკან. პრემიერმა და მისმა ოჯახმა, ამ მგზავრობისთვის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბალანსზე მყოფი, სახელმწიფო ბორტი, კანადური წარმოების Bombardier Challenger 850 გამოიყენა. ეს ლაინერი 2007 წელს, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროს სახსრებით შეიძინა. ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა, რომელიც ემსახურება სამთავრობო ბორტს, „ტვ პირველს“ დაუდასტურა, რომ ღარიბაშვილების ოჯახი 19 აგვისტოს თბილისიდან მიუნხენში, რეისით A92771, სწორედ ამ ბორტით გაფრინდა.

სამთავრობო ბორტით კერძო რეისის ორგანიზებაზე ნებართვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ გასცა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია.

გერმანიიდან პრემიერი ოჯახის წევრებთან ერთად, აშშ-ში გადაფრინდა, სადაც მის ვაჟს პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლა დაეწყო. სამთავრობო ლაინერი, თამაზ გაიაშვილის თქმით, ღარიბაშვილებს მიუნხენის აეროპორტში 28 აგვისტომდე დაელოდა და შემდეგ, აშშ-დან გერმანიაში დაბრუნებული პრემიერი, ოჯახის წევრებთან ერთად, უკან, საქართველოში ჩამოიყვანა.

„პირველი და მთავარი აქ არის ის, რომ როდესაც სახელმწიფოს და ხელისუფლების სარგებლობაში არსებული თვითმფრინავი გამოიყენება კერძო მიზნებისთვის, ეს უკვე ცალსახა პრობლემაა“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ.

დეპუტატის თქმით, „როდესაც ერთ კვირის განმავლობაში გაჩერებულია ეს თვითმფრინავი (მიუნხენში), წარმოუდგენელია, ეს როგორ შეიძლება მოხდეს… ეს რას ნიშნავს, რომ ქვეყანაში, ხელისუფლებაში ეს ლაინერი არავის არ სჭირდება? ეს მრავალგანზომილებიანი პრობლემაა. შესაბამისად, პირველი, რაც გამოკვლეული უნდა იქნას, ისაა, თუ როგორ გამოიყენეს ბორტი. მეორე – როდესაც საუბრობენ, რომ მან (ირაკლი ღარიბაშვილმა) გადაიხადა ამაში ფული, პირადი სახსრების გადარიცხვის დოკუმენტაცია უნდა გამოაქვეყნონ და უნდა გამოჩნდეს ვინ გადარიცხა და როგორ. და თუ პირადად ღარიბაშვილმა გადარიცხა, მან უნდა დაასაბუთოს ამ ფულის წარმომავლობა – იმიტომ, რომ აშკარაა, რომ ამხელა თანხის გადახდა პრემიერს ჩვეულებრივი ხელფასით არ შეუძლია ან მისი დანაზოგი საიდან მოვიდა, ესეც გამოსაკვლევია“.

“თუ, მას თანხა საერთოდ არ აქვს გადარიცხული, ეს კიდევ უარესი, ეს იმას ნიშნავს, რომ პრემიერი ძალაუფლებას იყენებს თვითნებურად და ავიაკომპანიას, ამ შემთხვევაში, „ჯორჯიან ეარვეიზს“ და ბ-ნ თამაზ გაიაშვილს აიძულებს უფასოდ მოემსახუროს. აქ კორუფციის უფრო ფართო მასშტაბზე შეიძლება გავიდეთ – იმიტომ, რომ სწორედ ვალებში მყოფ „ჯორჯიან ეარვეიზს“ მიეცა რუსეთში ფრენების განახლების შესაძლებლობა. შესაძლოა, სწორედ ასეთი ურთიერთდასავლური დამოკიდებულებით, ირაკლი ღარიბაშვილს პატივი სცა ავიაკომპანიამ, ყველა ეს კითხვა საჭიროებს სათანადო პასუხებს“ – მიაჩნია დეპუტატს.

თამარ კორძაიას აზრით, გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გამოძიება უნდა დაიწყოს, რათა ყველა იმ შეკითხვას, რაც საზოგადოებაში არსებობს, ღარიბაშვილის გერმანიაში ფრენასთან დაკავშირებით, ამომწურავი პასუხი გაეცეს. მთავარი პროკურატურა ამ დრომდე დუმს.

მთავარი პროკურორისგან განსხვავებით, ირაკლი ღარიბაშვილის ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი აშშ-ში გადაფრენას, სამი განცხადებით გამოეხმაურა მთავრობის სტარტკომი. სამივე განცხადების სულისკვეთებაა, რომ პრემიერმა ჩარტერული რეისით მიუნხენში ორმხრივი ფრენა და იქ ლაინერის 9 დღით დაყოვნებაც საკუთარი ჯიბიდან დააფინანსა, თუმცა ვერც სტარტკომი აკონკრეტებს იმას, თუ რა დაუჯდა ღარიბაშვილების ოჯახს ძვირადღირებული მგზავრობა და ათობით ათასი დოლარი საიდან ჰქონდათ.

როდის დაიდო ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შორის, გერმანიაში ფრენასთან დაკავშირებით და რა დაჯდა რეისი A92771 , ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსიც.

„გულწრფელად გეტყვით, როდის დაიდო ეს ხელშეკრულება ვერ გეტყვით, სავარაუდოდ, უნდა არსებობდეს (ხელშეკრულება), უნდა მიმართოთ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურს, ხარჯებთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ ანზორ ჩუბინიძის უწყებას… საერთოდ კი განა (პრემიერის) ოჯახის წევრებმა არ შეიძლება მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში (ჩარტერის დაფინანსებაში)? მთავარი არის ის, რომ ბიუჯეტიდან ერთი კაპიკი არ არის გადახდილი“, – აცხადებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

პრემიერ-მინისტრს სრული ნდობა გამოუცხადეს მისი გუნდის წევრებმა, ეკონომიკის და განათლების მინისტრებმა ლევან დავითაშვილმა და გიორგი ამილახვარმა. „არცერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ ვიზიტისთვის ირაკლი ღარიბაშვილს არ დაუხარჯავს, ეს ახლა არის იმ პროცესის გამოძახილი, როდესაც ჩვენი ქვეყნის მტრებს და მოღალატეებს, აი ამ ფაქტით უნდათ ირაკლი ღარიბაშვილის დაზიანება“ – განაცხადა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.

„განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან, დღევანდელი ხელისუფლება თავისი ხალხის მიმართ არის პირნათელი“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მთავრობის სტრატკომი და „ოცნების“ მინისტრები საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ დაელოდონ პრემიერ-მინისტრის ახალ ქონებრივ დეკლარაციას, სადაც მათი მტკიცებით, გერმანიაში სამთავრობო ბორტით, კერძო რეისის დაფინანსების წყაროები მითითებული „სრულად იქნება“.

„ოცნების“ ლიდერმა და მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2022 წლის შემოდგომაზე შეავსო. მაშინ პრემიერის წლიური ანაზღაურება 45 ათასი ლარი იყო. ბოლო ორ (2021 და 2022 წლების) ქონებრივ დეკლარაციაში ირაკლი ღარიბაშვილმა მიუთითა, რომ მშობლებმა 150 ათასი ლარი, ანუ ბოლო ორი წლის მანძილზე, საერთო ჯამში – 300 ათასი ლარი აჩუქეს.

წყარო

“წარმოუდგენელია, რომ პრემიერს პენსიონერმა მშობელმა 34 ათას ევროდ ჩარტერი უქირავა და მიუნხენში დასვა” – ხატია დეკანოიძე

წარმოუდგენელია, რომ პრემიერ-მინისტრს პენსიონერმა მშობელმა 34 ათას ევროდ ჩარტერი უქირავა და მიუნხენში დასვა – ეს არის უკანონობა, კორუფცია და ინფორმაციის დამალვა! – ასე ეხმაურება პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ანზორ ჩუბინიძის განცხადებას, რომლის თანახმად, მიუნხენში ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 ათასი ევროს ეკვივალენტი ლარში პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, არსებული ინფორმაციით, პრემიერს პენსიონერი მშობლები ჰყავს, რომელთაც საკუთარი ბიზნესი არა აქვთ და გამორიცხულია, მიუნხენში ჩარტერული რეისი მათ საკუთარი შემოსავლით ან დანაზოგით დაეფინანსებინათ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებულებისა და წესიერების ვალდებულება მაღალი თანამდებობის პირთა მშობლებსაც გააჩნიათ.

„ეს არის წარმოუდგენლად უტიფარი ტყუილი – ანზორ ჩუბინიძე, ირაკლი ღარიბაშვილი და მთელი ხელისუფლება უტიფარ ტყუილს გვეუბნება, რომ თითქოს ამხელა თანხა პრემიერ მინისტრის პენსიონერმა მამამ გადაიხადა. რა თქმა უნდა, რეალური ინფორმაცია დაფარულია და ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. სინამდვილეში თანხა ან ბიუჯეტიდან არის გადახდილი ან ღარიბაშვილს აქვს უკანონო, კორუფციული გარიგებებით მიღებული შემოსავლები. არ არსებობს, საჯარო სამსახურში მომუშავე ადამიანი, ვინც საკუთარი ხელფასით ისეთი დანაზოგი ექნება, რომელიც 40 ათასი ევროს ეკვივალენტია და ამ დანაზოგით ჩარტერს იქირავებს. ინფორმაცია, რაც მოვისმინეთ წარმოუდგენელია – ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ნორმალურ ქვეყნებში ასეთ საქმეებზე გამოძიება იწყება და პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა დგება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

“სასიამოვნო არავისთვის არ არის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება” – მიხეილ სარჯველაძე

არავისთვის არ არის სასიამოვნო იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება, ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ უბრალოდ იძულებულნი ვართ, ეს პროცედურები წამოვიწყოთ, რამდენიმე ახსნა და მიზეზი აქვს ამ ყველაფერს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, დასტურდება, რომ პრეზიდენტის ქმედება არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო.

„ეს ყველაფერი მოითხოვს რეაგირებას სამართლებრივი მექანიზმებით და იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება სწორედ ეს გახლავთ. ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში და იმის მიხედვით, როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება, გაგრძელდება პროცედურა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს პრეზიდენტი ბოლო ხანებში, საკუთარ რიტორიკაში, ძალიან ხშირად იყენებს იმ მსჯელობას, იმ ლოგიკურ არგუმენტებს, რომელსაც მიმართავს არცთუ კეთილსინდისიერად და არცთუ პოზიტიური მიზნებით გამოწვეულს საქართველოს ოპოზიცია. ამ შემთხვევაში იგულისხმება ის არგუმენტაცია, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს ერთი-ერთში ემთხვევა ოპოზიციის რიტორიკას. ვფიქრობთ, სახელმწიფოს სახელით პრეზიდენტის მხრიდან წარმომადგენლობის განხორციელება, თქმა და მტკიცება, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს, ეს არამც და არამც არ წაადგება კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, შანსებს ეს არ გაზრდის. აქედან გამომდინარე, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პოზიცია მკვეთრად დაფიქსირებულიყო ყოველგვარი ეჭვის და კითხვის ნიშნის დატოვების გარეშე“, – განაცხადა სარჯველაძემ.

“სომხეთი რუსეთს შორდება” – Le Figaro

ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სომხეთი რუსეთს შორდება: დღეს ერევანში რუსეთს „ყოფილ კოლონიურ მეტროპოლიას“ უწოდებენ, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო“ (ავტორი – რეჟი ჟანტე).

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

სომხეთი, რომელიც თავისი ტრადიციული მოკავშირის – რუსეთის – მხარდაჭერას ვეღარ გრძნობს აზერბაიჯანის [აგრესიულ ქმედების] შესაჩერებლად, პირს ჩრდილოეთიდან დასავლეთისაკენ იბრუნებს.

სომხეთისაგან ასეთი ნაბიჯი თითქმის გაუგონარია: ბოლო დღეებში მთავრობამ მიიღო რამდენიმე (ხუთამდე) გადაწყვეტილება, რომელიც მიანიშნებს ერევნის დისტანცირებაზე მოსკოვისაგან. დღეს სომხეთში რუსეთს „ყოფილ კოლონიურ მეტროპოლიას“ უწოდებენ, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო. არადა ოფიციალურად, ხელშეკრულებების საფუძველზე, სომხეთისათვის რუსეთი „სტრატეგიულ პარტნიორად“ და მისი დამოუკიდებლობის ერთადერთ გარანტორ სახელმწიფოდ ითვლება 1991 წლიდან. მაგრამ ერევნის ამჟამინდელი განცხადებები იმდენად ხისტი და მკაცრია, რომ ბევრ სამხრეთკავკასიელ დამკვირვებლებს კითხვები ებადებათ: ხომ არ კარგავს რუსეთი ერთ-ერთ თავის ყველაზე ახლო მოკავშირეს პოსტსაბჭოთა სივრცეში? მით უმეტეს, რომ რუსი პროპაგანდისტები უკვე გაჰყვირიან სომხეთის „ღალატზე“…

მივყვეთ ქრონოლოგიას:

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 4-დან 10 სექტემბრამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა: 1) იტალიური გაზეთ La Repubblica-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ერევნის დამოკიდებულება მოსკოვზე „სტრატეგიული შეცდომა“ იყო; 2) უკან გაიწვია სომხეთის მუდმივი წარმომადგენელი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში („ოდკბ“-ში), რომელშიც რუსეთი დომინირებს; 3) დათანხმდა სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას აშშ-სთან ერთად, რომელზეც ადრე უარს ამბობდა ხოლმე; 4) პირველად გაუგზავნა ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას და 5) პრემიერ-მინისტრის ცოლი ანა აკოფიანი სკანდალურ ისტორიაში გაეხვია, როცა კიევში ჩავიდა „პირველი ლედების“ სამიტზე და ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლს შეხვდა.

რასაკვირველია, ეს გადაწყვეტილებები წინა პერიოდში მზადდებოდა, მაგრამ მათი ოფიციალური გამოცხადება გასულ კვირაში მოხდა. პარალელურად ნიკოლ ფაშინიანმა გააკეთა განცხადებაც, რომ „აზერბაიჯანი თავისი ჯარის კონცენტრაციას სომხეთის საზღვართან და მთიანი ყარაბაღის შეხების ხაზთან ახდენსო“. გამოდის, რომ სომხეთი მარტოდმარტო რჩება იმ დროს, როცა აზერბაიჯანთან შეიძლება სამხედრო კონფლიქტი განახლდეს…

დრამატული სიტუაცია

ერევანმა რუსეთი უმოქმედობაში დაადანაშაულა, თუმცა მოსკოვმა, როცა სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დასრულდა, 2020 წლის ნოემბრიდან მთიან ყარაბაღში 2000-მდე რუსი მშვიდობისმყოფელი შეიყვანა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შუამავლობითა და ძალისხმევით. „ერევანმა, უბრალოდ, თავისი საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირება გადაწყვეტა და მხარდაჭერისთვის დასავლეთს მიმართა და არამარტო მას – მაგალითად, ინდოეთსაც, რომლისგანაც ჩვენ იარაღს ვყიდულობთ“, – განმარტავს ტიგრან გრიგორიანი, ერევანში არსებული დემოკრატიისა და უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი. შესაბამისად, სომხეთის ხელმძღვანელობა, რომელიც ხელისუფლებაში 2018 წელს მოვიდა „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად, დასავლეთს სიგნალებს უგზავნის და ევრო-ამერიკულ ბანაკში გადასასვლელად ემზადება. ერევნის მოქმედებას რუსი პოლიტიკური ლიდერები და ექსპერტები, რბილად თუ ვიტყვით, ნეგატიურად აფასებენ.

ტიგრან გრიგორიანის თქმით, „ორიენტაციის შეცვლის ასეთი სქემა აუცილებლობა გახდა რუსეთის უმოქმედობისა და დუმილის გამო, როცა აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიას ემუქრება, კლავს სომხებს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ლაჩინის დერეფნის ბლოკირებას ახდენს“. ლაჩინის დერეფანი ერთადერთი საავტომობილო გზაა, რომელიც სომხეთს და მთიან ყარაბაღს (სომხებით დასახლებული აზერბაიჯანის რეგიონს) ერთმანეთთან აკავშირებს.

ბლოკადაში მთიანი ყარაბაღის 120 ათასამდე მცხოვრები აღმოჩნდა, რომლებიც სურსათ-სანოვაგის, მედიკამენტებისა და პირველი მოხმარების საგნების დეფიციტს უჩივიან. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ყარაბაღელ სომხებს შეუძლიათ რუსული და საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება აგდამის გზით (ანუ აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით) მიიღონ, მაგრამ სომხები ლაჩინის დერეფნის განბლოკვას ითხოვენ, როგორც ეს 2020 წლის ნოემბრის შეთანხმებაშია ჩაწერილი.

ასეთი დრამატული სიტუაცია იმიტომ განვითარდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დღეს რუსეთის სისუსტით სარგებლობს (მოსკოვი ახლა უმთავრესად უკრაინის ომით არის დაკავებული) და სურს ის დათმობები გააუქმოს, რომლებსაც იგი 2020 წლის ნოემბერში დათანხმდა, კერძოდ, დაპირება, რომ მთიანი ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე ჯარს არ შეიყვანს. ამჟამად აზერბაიჯანს, „უსაფრთხოების ზონაში“ მდებარე შვიდი რაიონის გარდა, რომელთა ოკუპაცია სომხეთმა 1990-იან წლებში განახორციელა, საკუთრივ ყარაბაღის სეპარატისტული პროვინციის მხოლოდ რამდენიმე პუნქტი აქვს დაკავებული.

აზერბაიჯანთან ომში დამარცხებული სომხეთი დათანხმდა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის იურისდიქციაში დაბრუნებულიყო. ამ საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებები ბრიუსელის ეგიდით, პერმანენტულად გრძელდება. ნიკოლ ფაშინიანი ითხოვს გარანტიებს მთიანი ყარაბაღის სომხებისათვის, რომლებიც აზერბაიჯანის მოქალაქეები უნდა გახდნენ. „სამწუხაროდ, ილჰამ ალიევი ამ გარანტიებს არ იძლევა. ამ კონტექსტში ყარაბაღელებს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვთ: ან შიმშილით დაიხოცნენ, ან გაიქცნენ. ვშიშობ, რომ 2024 თებერვლისათვის ერთ-ერთი ვარიანტი რეალიზებული იქნება, თუ დასავლეთიდან არავინ არ ჩაერევა“, – ამბობს ბენიამინ პოღოსიანი, სომხეთის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის თანამშრომელი.

წყარო

“ბოლო პერიოდში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 41 პირია დაკავებული, მათ შორის 32 ნარკორეალიზატორია” – თეიმურაზ კუპატაძე

ენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ბოლო პერიოდის განმავლობაში, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სულ 41 პირი დააკავეს, მათ შორის 32 ნარკორეალიზატორია.

„ღონისძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე უკვე დაკავებულია 10-ზე მეტი პირი, მაგრამ ღონისძიება გრძელდება და რის განმავლობაში დაკავებულების რაოდენობა გაიზრდება. ამ პიროვნებებთან საკონტროლო შესყიდვა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა, ასევე აღნიშნული შესყიდვის აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, ნარკორეალიზაციიდან მიღებული ფულადი თანხა, დაკავებულები არიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. საზოგადოებას მინდა ვაცნობო, ჩვენ მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებული ღონისძიებების შედეგები. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 41 პირია დაკავებული, მათ შორის 32 ნარკორეალიზატორია. დაკავებულები არიან : იემენის, ნიგერიის, ეგვიპტის, ირანის, რუსეთის, უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები. ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, როგორიცაა: „კოკაინი“, „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „მარიხუანა“ და ა.შ.“, – განაცხადა კუპატაძემ.

რაც შეეხება ლოკაციებს, თუ სად იყო განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, როგორც კუპატაძემ აღნიშნა, ეს სეროზულ გამოწვევას წარმოადგენს.

მისვე თქმით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ამ მიმართულებით ცალკე დანაყოფი მუშაობს.

„ალბათ, საზოგადოებამ იცის,რომ სხვადასხვა ლოკაციებზე ხდება ნარკოტიკული საშუალებებს განთავსება და ეს არის: სადარბაზოები, სასაფლაოები, სკვერები, პარკები და ა.შ. ყველა ასეთ შემთხვევაზე შესაბამის რეაგირებას ვახდენთ, სადაც ტექნიკური საშუალებები გვაძლევს ამის შესაძლებლობას. ამ ადამიანების იდენტიფიცირება და შემდგომში დაკავება ხდება. მინდა, ერთი კონკრეტული ქეისი გამოვყო, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დავაკავეთ უკრაინის მოქალაქე ქალბატონი, რომელიც სვეტიცხოვლის ეზოში ათავსებდა [ნარკოტიკულ საშუალებას] 9 ლოკაციაზე განათავსა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რომლის რეალიზაციასაც ახდენდა სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით. დაკავებულია და გამოვლენილია ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფი. ჩვენ მიერ რამდენიმე არის იდენტიფიცირებული, მაგრამ ამ ეტაპზე დაკავებულია სამი პირი.

სპეცოპერაცია მიმდინარეობს რუსთავში, ქუთაისში, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში. კონკრეტულად ამ ლოკაციაზე (ფონიჭალა) დაკავებულია ერთი პირი, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები, რისი რაოდენობა ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. ამას ექსპერტიზა დაადგენს“, -განაცხადა კუპატაძემ.

“პრემიერის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი კერძო პირის, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ განხორციელდა” – ანზორ ჩუბინიძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი კერძო პირის, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ განხორციელდა.

ჩუბინიძის თქმით, თანხა წინსწრებით იყო გადახდილი და დავალების მიცემის მომენტში, მითითებული იყო, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სასხსრებიდან.

„მინდა, საზოგადოებას დავუდასტურო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე გაკეთებულია შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში. თანხა წინსწრებით გადახდილია და შესაბამისად, სავარაუდოა, შესაძლებელია იგი მცირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ წარმოგვიდგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. წარმოდგენისთვის სჭირდება ხოლმე დაახლოებით რეისის შესრულებიდან თვე-ნახევარი. წარმოდგენისთანავე ჩვენ მივახდენთ ანგარიშსწორებას. გადახდილი თანხა სრულად უზრუნველყოფს მიმდინარე ხარჯს და არის გარკვეული ფასნამატიც.

რაც შეეხება საბიუჯეტო გადასახადებს, საზოგადოებას მინდა, დავუდასტურო, რომ საწყის ეტაპზე, დავალების მიცემის მომენტში, ნათლად იყო მითითებული, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სასხსრებიდან. საზოგადოებას დღეს ვუდასტურებ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდა კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება ტარიელ ღარიბაშვილია“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

12 სექტემბერს შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს მთიან რეგიონებში და კახეთის (განსაკუთრებით გარე კახეთის) ტერიტორიაზე ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი.
“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს,” – ნათქვამია განცხადებაში.