Home Blog Page 1641

“რუსეთი გაიმარჯვებს „ბოროტების“ წინააღმდეგ უკრაინაში” – კიმ ჩენ ინი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „ვასტოჩნის“ კოსმოდრომზე ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინს შორის მოლაპარაკებები ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა და შეხვედრა „მნიშვნელოვანი, არსებითი“ იყო.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ბირთვული ომის რისკებთან დაკავშირებული საკითხები არ განხილულა.

ამასთან, მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინმა რუსეთთან ურთიერთობები მთავარ პრიორიტეტად დაასახელა და რუსეთს „დიდი ბოროტების დასამარცხებლად წმინდა ბრძოლაში“ გამარჯვება უსურვა. ასევე, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ავიაციისა და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ინტერესი გამოთქვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რუსეთი იცავს საერთაშორისო ვალდებულებებს, „არსებობს გარკვეული შეზღუდვები“.

„რუსეთი იცავს ამ შეზღუდვებს, თუმცა არსებობს საკითხები, რომლებზეც საუბარი შეგვიძლია, განვიხილავთ და ვფიქრობთ. არსებობს გარკვეული პერსპექტივა. რუსეთი თვითკმარი ქვეყანაა, მაგრამ არსებული წესების ფარგლებში, შესაძლებლობებიც გვაქვს, რომელსაც ყურადღებას ვაქცევთ და განვიხილავთ“, – განაცხადა პუტინმა.

გავრცელებული ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერმა ასევე განიხილეს სოფლის მეურნეობის სფეროსთან დაკავშირებული საკითხები. პუტინის თქმით, ამ კუთხით რუსეთს ჩრდილოეთ კორეისთვის შესათავაზებელი საკითხები აქვს.

„ვისაუბრეთ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და ჩვენ გარკვეული შეგვიძლია შეთავაზებები. ჰუმანიტარულ დახმარებასაც ვუწევთ ქვეყანას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინის თქმით, კიმ ჩენ ინი ფხენიანში დაბრუნებამდე ვლადივასტოკის მონახულებას გეგმავს.

“ლომჯარია როგორი „წარმატებული“ სახალხო დამცველიც იყო, ისეთივე პოლიტიკოსი იქნება” – გურამ მაჭარაშვილი

ნინო ლომჯარია როგორი „წარმატებული“ სახალხო დამცველიც იყო, ისეთივე „წარმატებული“ პოლიტიკოსი იქნება, რადგან მისი საჯარო გამოსვლა ყველას კარგად გვახსოვს, სადაც პირდაპირ აღიარა, რომ იყო სააკაშვილის უფლებების დამცველი, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ცნობილია ლომჯარიას სიტყვები, როდესაც საკუთარ ქვეყანას ცეცხლის წვიმას უსურვებდა და აღნიშნა, რომ მას იარლიყები ყოველთვის ექნება.

„მისი საჯარო კადრებიც გვახსოვს – სასჯელაღსრულების მანქანას მივარდა, სადაც პატიმარი სააკაშვილი ეგონა და რომ უთხრეს, სააკაშვილი არ იყო, არც უკითხავს, სხვა პატიმარი რატომ იყო და ჟურნალისტებთან დადგა. მას არც უფიქრია, პატიმარი ცუდად რატომ იყო და ირღვეოდა თუ არა მისი უფლებები. ლომჯარიას საჯარო აღიარება, რომ პატიმარ სააკაშვილის ადვოკატია, ეს მას ბოლომდე გაჰყვება. ცნობილია მისი სიტყვები, რომ საკუთარ ქვეყანას ცეცხლის წვიმას უსურვებდა. მას იარლიყები ყოველთვის ექნება. კარგი იქნება, ასეთ „წარმატებულ“ ადამიანს თუ ოპოზიციას სათავეში ჩაუყენებენ. შეიძლება, ნინო ლომჯარიამ ლევან ხაბეიშვილს რაღაცნაირად აჯობოს, ოღონდ მხოლოდ პასუხებში, თორემ სირბილში ვერ აჯობებს, რადგან კარგად დარბის. ნინო ლომჯარიასი არა მხოლოდ გვეშინია, არამედ ვძრწით, რომ დიდი პოლიტიკური ძვრები არ მოხდეს, თუ გადაწყდება, რომ ლომჯარია პოლიტიკაში მოვა. ამის სურვილი არ მაქვს, რადგან მას წინ ვერავინ დაუდგება, ისეთი ძლიერი პოლიტიკოსი გახდება მისი წარსულიდან გამომდინარე. დღე და ღამე ვლოცულობთ, ოღონდ ლომჯარია არ მოვიდეს პოლიტიკაში. ვლოცულობ, პოლიტიკაში მოვიდეს, ოპოზიციის ლიდერი გახდეს, რათა კიდევ უფრო მეტად გამოაშკარავდნენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

“სააკაშვილს ხალხის გაერთიანება უნდა, მაგრამ არ მესმის, ოპოზიციის სახელით რატომ ლაპარაკობს” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

სააკაშვილს ხალხის გაერთიანება უნდა, მაგრამ არ მესმის, ოპოზიციის სახელით რატომ ლაპარაკობს. ოპოზიციასთან რა შუაშია უგულავასთან და ვაშაძესთან ერთობა. ეს ოპოზიციის ძალიან სპეციფიკური ნაწილია, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმეს თავმოყვარეობა აქვს და რაღაც სხვა მიზნები აქვს, ასეთ პარტიაში არავინ გაერთიანდება.

„არ დავიჯერებ, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა ოპოზიციის გამარჯვება, ვიდრე არ გახსნის თავის ტელევიზიებს პარტიებისთვის, მათ შორის ჩვენთვის, რომელიც დაბლოკილია. ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიები ცენზურას ეწევიან, არ მგონია, შანსი იყოს, რომ რეალურად რამეზე ვილაპარაკოთ. ამაზე უფრო უნდა იზრუნოს მიხეილ სააკაშვილმა, რომ თავისი პარტია ღია იყოს და მართლა ცდილობდეს, ოპოზიცია გააძლიეროს. სხვა ოპოზიციის ჩაძირვით როცა ხარ დაკავებული, ვიდრე იმით, რომ „ქართული ოცნება“ დაამარცხო, არ მგონია, ამის შემდეგ სააკაშვილმა შეიძლება, მთელი ოპოზიციის სახელით ილაპარაკოს.

ცხადია, თუ ვინმეს მართლა თავმოყვარეობა აქვს და რაღაც სხვა მიზნები აქვს, ასეთ პარტიაში არავინ გაერთიანდება. მიხეილ სააკაშვილს ხალხის გაერთიანება უნდა, მაგრამ არ მესმის, ოპოზიციის სახელით რატომ ლაპარაკობს. რა შუაშია უგულავასთან და ვაშაძესთან ერთობა ოპოზიციასთან. ეს ოპოზიციის ერთი და ძალიან სპეციფიკური ნაწილია. არ მგონია, უგულავას მისვლა-წამოსვლა რამეს შეცვლიდეს, მაგრამ ეს მათი საქმეა და მათ ჰკითხეთ, რა მოტივები აქვთ. სწორი არ არის, როცა ოპოზიციაზე ასე ლაპარაკობენ. ეს ოპოზიციის პატარა ნაწილია“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ამასთან, რაქვიაშვილმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, თუ რა უკარგავს ოპოზიციას რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე.

„საერთაშორისო არენაზე ოპოზიციას რეპუტაციას უკარგავს ის კომედია, ცირკი რაც, მათ შორის მიხეილ სააკაშვილმა მოაწყო თავისი ჯანმრთელობის ირგვლივ. რეპუტაციას უკარგავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ტელევიზიაზე ცენზურაა გაჩაღებული. ასევე ის არათანმიმდევრულობა და არაადეკვატურობა, რომელიც ხდება პოლიტიკაში მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც სააკაშვილი დაბრუნდა. ბევრ შემთხვევაში ამის წყარო „ნაციონალური მოძრაობაა“. ეს უფროა ოპოზიციის პრობლემა“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ევროპულ და ამერიკულ გულშემატკივრებში ყალიბდება აზრი, რომ ქართულ ოპოზიციას არ შესწევს ერთიანობის უნარი და ასეთი სუსტი ოპოზიციის ხმამაღალი მხარდაჭერა აზრს მოკლებულია“. ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა: „ხაბეიშვილი ბევრს მუშაობს, გვყავს ახალი ვარსკვლავები, მაგრამ გვჭირდება უკვე გამოცდილი მებრძოლების, გიგი უგულავასა და სხვა ადრე გასული ადამიანების რეინტეგრაცია“.

“ჩვენ გავხსნით კანონის უზენაესობის შესახებ ანგარიშებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფი ქვეყნებისთვის, რომლებსაც პროცესის დაჩქარება სურთ”

20 წლის წინ მომხდარ დიდ გაფართოებას მისალმების ევროპული დღე დავარქვით, ამ 20 წლის განმავლობაში ვნახეთ ეკონომიკური მიღწევები, რომლებმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გააუმჯობესა, მინდა, გავიხედოთ წინ ახალი გაფართოებისა და ეკონომიკური წარმატებებისკენ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„ევროკომისიამ კანონის უზენაესობის შესახებ ანგარიშები გადამწყვეტ პრიორიტეტად აქცია. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ წევრ ქვეყნებთან, რათა გამოვავლინოთ პროგრესი და პრობლემები და გავცეთ რეკომენდაციები მომავალი წლისთვის. ამან უზრუნველყო ანგარიშვალდებულება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების წინაშე. ამან მოგვცა საშუალება, დაწყებულიყო დიალოგი წევრ სახელმწიფოებს შორის და ეს იძლევა შედეგს. მჯერა, რომ იმავეს გაკეთება შეგვიძლია მომავალი წევრი სახელმწიფოებისთვისაც და ამიტომაც მოხარული ვარ, დავაანონსო, რომ ჩვენ გავხსნით კანონის უზენაესობის შესახებ ანგარიშებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფი იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც პროცესის დაჩქარება სურთ. ეს მათ წევრ სახელმწიფოებთან თანაბარ დონეზე დააყენებს და დაეხმარება რეფორმების ძალისხმევაში. ეს დაგვეხმარება იმის უზრუნველყოფაში, რომ ჩვენი მომავალი არის თავისუფლების, უფლებებისა და ღირებულებების კავშირი ყველასთვის. ეს არის ჩვენს ინტერესებში. უბრალოდ დაფიქრდით 20 წლის წინ მომხდარ დიდ გაფართოებაზე. ჩვენ მას დავარქვით მისალმების ევროპული დღე. ამ 20 წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ეკონომიკური მიღწევები, რომლებმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გააუმჯობესა. მე მინდა, ჩვენ გავიხედოთ წინ ახალი გაფართოებისკენ და ეკონომიკური წარმატებებისკენ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

“14 მილიონი დაიხარჯა მიხეილ სააკაშვილის პირად ფრენებზე” – ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში „კურიერში“ გასულ ინფორმაციას ეხმაურება სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ფრენებისთვის მილიონობით ლარის საბიუჯეტო თანხა იხარჯებოდა, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროსა და ავიაკომპანია Georgian Airways – ს შორის დადებული იყო ჩარჩო-ხელშეკრულება 24 მილიონ ლარზე.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, თავდაცვის სამინისტროსა და Georgian Airways შორის დადებული ხელშეკრულება უმსგავსობის მწვერვალია – 14 მილიონი დაიხარჯა სააკაშვილის პირად ფრენებზე.

„სააკაშვილი, რომ ბიუჯეტიდან მილიონებს საკუთარი სიამოვნებისთვის ხარჯავდა ყველასთვის ცნობილია. სამკურნალოდ, საბოტექსოდ, საყვარლებისთვის საჩუქრები, შიშველი მკერდით დახატული სურათები თუ ათასი უბედურებაზე ბიუჯეტი ხრავდნენ ჩვეულებრივად. მაგრამ თავდაცვის სამინისტროსა და Georgian Airways შორის დადებული ხელშეკრულება მგონი უმსგავსობის მწვერვალია- 14 მილიონი დაიხარჯა სააკაშვილის პირად ფრენებზე!!! რამდენი რამე შეიძლებოდა ამ თანხით როგორც ქვეყნის თავდაცვის გასაძლიერებლად, ასევე სამხედრო მოსამსახურეების თუნდაც სოციალური პაკეტების გასავითარებლად!“ – წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანია გერმანიის 5 ქალაქში

გერმანიიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

გერმანიის ერთ-ერთ უდიდეს მარკეტინგულ და PR სააგენტოსთან KPRN Network GmbH

თანამშრომლობით ფრანკფურტში, დიუსელდორფში, ჰამბურგში, მიუნხენსა და  ბერლინში, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციები ტარდება.

ღონისძიებები უკვე გაიმართა ფრანკფურტსა და დიუსელდორფში, რომელსაც გერმანიის უმსხვილესი ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციის ფარგლებში სტუმრები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს,  საზღვაო, სამთო და გამაჯანსაღებელი კურორტებს, დაცულ ტერიტორიებს, კულტურას,  ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს გაეცნენ.

ღონისძიებებზე ნაჩვენები იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვიდეო რგოლი „სტუმარი“, თითოეულ პრეზენტაციას ჯამში 70 ტუროპერატორი და მედიის წარმომადგენელი ესწრება.

ღონისძიებების ფარგლებში გერმანულ ტურისტულ კომპანიებთან საქმიანი შეხვედრები ტარდება სამომავლო თანამშრომლობის მიზნით. ტუროპერატორები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალითა და კურორტებით.

გერმანიის 5 ქალაქში მიმდინარე პრეზენტაციებზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად კურორტების განვითარების სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და გერმანიაში საქართველოს საელჩოა წარმოდგენილი. ფრანკფურტში გამართულ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს საკონსულო.  მომდევნო პრეზენტაციები ჰამბურგში, მიუნხენსა და ბერლინში გაიმართება.

R

“ირკვევა, რომ თავდაცვის სამინისტრო საიდუმლო ხელშეკრულებებით ასპონსორებდა Georgian Airways-ს ბორტით მიხეილ სააკაშვილის პირად ფრენებსაც” – გია აბაშიძე

პოლიტიკურად ჩამოხრჩობილი სააკაშვილის სექტაში სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაზე არ უნდა საუბრობდნენ!, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ფრენებისთვის მილიონობით ლარის საბიუჯეტო თანხა იხარჯებოდა, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროსა და ავიაკომპანია Georgian Airways – ს შორის დადებული იყო ჩარჩო-ხელშეკრულება 24 მილიონ ლარზე.

აბაშიძის განცხადებით, სააკაშვილი, კეზერაშვილი, უგულავა და სხვა რადიკალები, რომლებმაც თავის დროზე გადასახადის გადამხდელთა თანხები მიითვისეს, პრემიერ-მინისტრს არ უნდა ამუნათებდნენ.

„პოლიტიკურად ჩამოხრჩობილი სააკაშვილის სექტაში სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაზე არ უნდა საუბრობდნენ! ირკვევა, რომ თავდაცვის სამინისტრო საიდუმლო ხელშეკრულებებით [24 +14 მილიონი ლარი], ასპონსორებდა მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირად ფრენებსაც Georgian Airways-ს ბორტით.

ავიაკომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, თამაზ გაიაშვილის ინფორმაციით, წელიწადში დაახლოებით 60-ზე ზევით, 100 რეისამდე ხორციელდებოდა ნაცსექტის ბელადისთვის. უმეტესი მათგანი წარმოადგენდა კერძო ფრენებს და ეს დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. მაგალითად 2008 წელს, როდესაც ომის წელი იყო, ლაჩარ ყოფილ მთავარსარდალს 60 ფრენამდე აქვს შესრულებული, სხვა წლებში – 90-100.

გადასახადის გადამხდელთა სახსრების მიმტაცებლებს – სააკაშვილს, კეზერაშვილს, უგულავასა და სხვა ნაცავაზაკებს სინდის-ნამუსი რომ გააჩნდეთ, უზნეოდ არ დაამუნათებდნენ პრემიერ ღარიბაშვილს, რომელსაც არასწორად ერთი თეთრიც კი არ დაუხარჯავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან“, – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

“სააკაშვილს არ ვეთანხმები, ქართულ ოპოზიციაზე წარმოდგენა აბსოლუტურად შეცვლილია” – გიორგი ვაშაძე

მიხეილ სააკაშვილს არ ვეთანხმები, რადგან ეს ცოტა ძველი ინფორმაციაა. ბოლო ვიზიტების შემდეგ ქართულ ოპოზიციაზე წარმოდგენა აბსოლუტურად შეცვლილია. არ ვიცოდი, თუ მასთან ძველი ინფორმაცია იყო შერჩენილი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც სააკაშვილმა განაცხადა: „ევროპულ და ამერიკულ გულშემატკივრებში ყალიბდება აზრი, რომ ქართულ ოპოზიციას არ შესწევს ერთიანობის უნარი და ასეთი სუსტი ოპოზიციის ხმამაღალი მხარდაჭერა აზრს მოკლებულია“

ვაშაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს დამატებით ინფორმაციას მიაწოდებენ.

„გამარჯვების“ პლატფორმა არის ყველაზე ძლიერი, თუ რამე არსებობს ოპოზიციურ ფლანგზე. ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძვით და ამ გამარჯვებას მოვიტანთ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

“პოლიტიკური პარტია რომ გაქვს, დასავლეთმა კი არა, პირველ რიგში, ქვეყნის მოსახლეობამ უნდა დაგიჭიროს მხარი” – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას პირველ რიგში ქართველი ამომრჩეველის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს და არა უცხოელი პარტნიორების.

ამის შესახებ მან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დასავლეთის მხრიდან ოპოზიციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების საპასუხოდ ისაუბრა.

„არ დავიწყებ რამის სწავლებას, ეს მათი არჩევანია, თუმცა ნახეთ, რამხელა უბედურების წინაშე დგანან ეს ადამიანები: ჯერ კიდევ ვერ გაუაზრებიათ და გაუანალიზებიათ, რომ მაშინ, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებაში იყვნენ, რა გაუკეთეს ქვეყანას და ამ ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს. არც იმის ჩამოთვლას დავიწყებ, როგორი მმართველობა იყო. ეს დღესაც ვერ გაუაზრებიათ. ნახეთ თუნდაც მათი განცხადებები – „მხარს არ დაუჭერს დასავლეთიო“. დასავლეთმა კი არა, ქვეყნის მოსახლეობამ უნდა დაგიჭიროს მხარი, პოლიტიკოსი რომ ხარ და პოლიტიკური პარტია რომ გაქვს. ეს არის მიმანიშნებელი იმისა, რომ ამ ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ რა ხდება ქვეყანაში, ქართულ პოლიტიკაში და დამოკიდებული არიან ჩვენს ე.წ. მეგობრებზე, უცხოელ პარტნიორებზე და რა ამით? ვიღაც უცხოელი კუბილიუსი თუ ვინმე მისი მსგავსი, ევროპაში დაუჭერს მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ ან ე.წ. პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დღეს ქართულ ოპოზიციაში არიან, ამით გამარჯვებას მიაღწევენ თუ რა მოხდება? რისი მანიშნებელია?“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის ხელისუფლებაში წარმოდგენილ გუნდს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს, რომელიც პოლიტიკური პარტიის წარმატების განმსაზღვრელი უპირველესი ნიშანია.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართველი ხალხის და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერაა პირველი. დღეს „ქართული ოცნება“ რატომ არის ასე ძლიერად წარმოდგენილი? იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს იმ გუნდს, რომელიც ხელისუფლებაშია – გუნდი, რომელიც ატარებს ამ ქვეყნის და ამ ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

13-15 სექტემბრის პერიოდში საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-14 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, ხოლო 15 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

მათივე ცნობით, თბილისში 13-14 სექტემბერს შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, 15 სექტემბერს- უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსია მოსალოდნელი.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ფოთი): 13 სექტემბერს ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 14-15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +23, +25 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 14-15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 13-14 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +21, +23 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 13-14 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +17, +19 გრადუსი.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 13 სექტემბერს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 14-15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): 13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა, 14-15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 13-14 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +22, +24 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 13-14 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

“იკვეთება, რომ მიხეილ სააკაშვილის ფრენებზე ბიუჯეტიდან არის დახარჯული თანხა, ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს”

თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ფრენებისთვის მილიონობით საბიუჯეტო თანხა იხარჯებოდა. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა დაინტერესდეს მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისთვის განხორციელებული ფრენებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მიზანშეწონილობით.

„არაერთხელ გვსმენია, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, მაღალი თანამდებობის პირების ოჯახებისთვის ბიუჯეტიდან იხარჯებოდა თანხები. პირადად მიხეილ სააკაშვილი ხარჯავდა ბიუჯეტიდან თანხებს საყვარლებისთვის, შვილების სწავლის დაფინანსებისთვის, ბოლო პერიოდში კი გამოიკვეთა, რომ მის ფრენებზეც არის დახარჯული თანხა. ვფიქრობ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ამით. ყველაფერს უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ვიცი, რამდენად მნიშვნელვანია ევროპული პერსპექტივა საქართველოში ბევრი ადამიანისთვის” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

მე ვიცი, რამდენად მნიშვნელვანია ევროპული პერსპექტივა საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და მოლდოვის ადგილი ევროკავირშია, რასაც დარბაზში აპლოდისმენტები მოჰყვა.

„ამ პარლამენტში ხმამაღლა ითქვა, რომ უკრაინის მომავალი ჩვენს კავშირშია, რომ დასავლეთ ბალკანეთის ადგილი ევროკავშირშია, მოლდოვის მომავალი ჩვენს კავშირშია. და მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივა საქართველოში ბევრი ადამიანისთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.