Home Blog Page 1640

„მე მას ვუთხარი, არ გააკეთო ეს, ვლადიმერ“- დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპის თქმით, მან პუტინი გააფრთხილა, უკრაინაში ომი არ დაეწყო. „მე მას ვუთხარი, არ გააკეთო ეს, ვლადიმერ“. განაცხადა ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ვაშინგტონში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე.

ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში უკრაინაში რუსეთი არ შეიჭრებოდა და პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთსა და უკრაინას შორის ომს დაასრულებს.

,,ხელისუფლებაში იმყოფება „დანაშაულებრივი ბანდა, რომელიც ძარცვავს მოსახლეობას”- ბოტკოველი

მოვითხოვთ, პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს როგორც ოთარ ფარცხალაძეზე, ისე ირაკლი ღარიბაშვილსა და კალაძეზე, რომლებიც საქართველოში, ქართველი ხალხის ფულით და ინტერესების საწინააღმდეგოდ იწყობენ საკუთარ კომფორტს და ეწევიან დანაშაულებრივ საქმიანობას, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ხელისუფლებაში იმყოფება „დანაშაულებრივი ბანდა, რომელიც ძარცვავს საქართველოს მოსახლეობას“.

„ჩვენ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვიხილეთ, რომ კონკრეტული ფაქტებით დასტურდება იმ ადამიანების დანაშაული, რომელთაც დღეს ძალით აქვთ შეპყრობილი ხელისუფლების სადავეები. მთავარი დამნაშავე, მთავარი რუსი ოლიგარქი, რუსი ჯაშუში, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილია, ასევე მისი კონკრეტული წარმომადგენლები. ოთარ ფარცხალაძეზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კონკრეტული ფაქტები გამოაქვეყნა და დაასანქცირა. საუბარია, რომ ფარცხალაძე, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში წარმოადგენდა რუსეთის ინტერესებს და ის არის დადასტურებულად რუსი ჯაშუში, “ფეესბეს” აგენტი, რომელიც აკონტროლებს საქართველოში არსებულ ბიზნესსექტორს. ასევე, ვსაუბრობდით დანაშაულებზე, რომელშიც ჩართული იყო საქართველოს ე.წ. პრემიერი, დედაქალაქის მერი. იმ დროს, როდესაც ღარიბაშვილის ოჯახი მილიონებს შოულობს, ასევე, მასთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ბანდა, სწორედ მის ქალაქში, დედოფლისწყაროში ადამიანები შიმშილით არიან შეპყრობილები. ვნახეთ, ფერმერების მიერ გამართული აქციები, რომლებიც დამოკიდებულები არიან ხორბლის მოსავალზე, ისინი მოითხოვენ პროდუქციის რეალიზებაში მხარდაჭერას.

ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რუსეთთან კავშირებით, საქართველოში ხდება, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, რუსეთის მიერ მოპარული ხორბლის შემოდინება, საქართველოში არსებულ მოსავალს კი ფასი გაუფასურებული აქვს. ვსაუბრობდით, რომ ის ბანდა, რომელიც კახეთში მოქმედებს, თავიდან ბოლომდე აკონტროლებს ყურძნის ბიზნესს, ამაში ჩართულია ღარიბაშვილთან დაკავშირებული ადამიანები. კახეთში არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. გუშინ საგამოძიებო ჟურნალისტების მხრიდან კონკრეტული ფაქტები ვნახეთ, სადაც დასტურდება, თუ როგორი დამნაშავეა ამ ქვეყნის პრემიერი, როგორი დამნაშავეა თბილისის მერი კახა კალაძე, რა ბიზნეს აქტიურობას და რეკეტს ეწევა ფარცხალაძე. მოვითხოვთ, კონკრეტულ ფაქტებზე დაიწყოს გამოძიება პროკურატურამ, როგორც ოთარ ფარცხალაძეზე, ისე ირაკლი ღარიბაშვილსა და კალაძეზე, რომლებიც საქართველოში, ქართველი ხალხის ფულით და ინტერესების საწინააღმდეგოდ იწყობენ საკუთარ კომფორტს და ეწევიან დანაშაულებრივ საქმიანობას“,- აღნიშნა ბოტკოველმა.

,,უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოვემზადოთ”- სტოლტენბერგი:

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ მშვიდობის სურვილის მიუხედავად, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ დიდხანს გაგრძელდება და ამისთვის დასავლეთი მზად უნდა იყოს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა Funke-თან საუბარში განაცხადა.

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა განმარტა, „ომების უმეტესობა იმაზე მეტხანს გრძელდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო, როცა დაიწყო“, და ამიტომაც ალიანსი უნდა მოემზადოს უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის.

ჩვენ ყველას გვსურს სწრაფი მშვიდობა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა ვაღიაროთ: თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელები ბრძოლას შეწყვეტენ, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს. თუ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი იარაღს დაყრის, ჩვენ მშვიდობა გვექნება“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

დღეს მთაწმინდის პარკი ყველის ფესტივალს უმასპინძლებს

დღეს მთაწმინდის პარკი ყველის ფესტივალს უმასპინძლებს.

ტრადიციული ღონისძიება წელიწადში ორჯერ იმართება და აერთიანებს ყველის მწარმოებლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ფესტივალის მიზანია, ქართული ტრადიული ყველის პოპულარიზაცია როგორც ადგილობრივი მომხმარებლისთვის, ასევე, ტურისტებისათვის.

ნარკოდანაშაულის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ი.ფ., თბილისში დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ი.ფ., გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულ 244 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება
ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამატებით ამოღებულ იქნა 998.87 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება, რომლის ნაწილსაც ბრალდებული ინახავდა დაცულ საცავში, ხოლო ნაწილი განთავსებული ჰქონდა კონკრეტულ ლოკაციაზე მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260- ე მუხლის 1-ელი და 18-260- ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ უწყებაში.

 

,,ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება!” – დღეს სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეა

დღეს, 17 სექტემბერს, სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეა.

სესილია თაყაიშვილი 1906 წლის 17 სექტემბერს დაიბადა ქალაქ ბათუმში. 1923-26 წლებში სთბილისის ა. ფაღავას დრამატულ სტუდიაში  სწავლობდა. სტუდიის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში, სადაც 1930 წლამდე მუშაობდა. მისი პირველი როლი იყო ჯადოქარი ფატიმა (ვ. ვახვახიშვილის პანტომიმა „მზეთამზე”).1930-66 წლებში სესილია თაყაიშვილი მოღვაწეობდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. სესილია თაყაიშვილი ქმნიდა რთულ, ერთმანეთის საწინააღმდეგო ხასიათებს. გამოირჩეოდა მკვეთრი, თვითმყოფადი იუმორით.
1950 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, 1966 წელს სსრკ სახალხო არტისტი გახდა. 1982 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1983 წელს ბოლო წლებში შექმნილი მხატვრული სახეებისათვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.სესილია თაყაიშვილი გარდაიცვალა 1984 წლის მაისში. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

***
სესილია თაყაიშვილის მშობლები მსახიობები არ ყოფილან, მაგრამ მამამისი დიმიტრი თაყაიშვილი თეატრის დიდი მოყვარული იყო. ლექსებსაც წერდა და მის ოჯახში მუდამ იკრიბებოდნენ სხვადასხვა სფეროს წარჩინებული წარმომადგენლები. პატარა სესილია ყოველთვის ინტერესით აკვირდებოდა მათთან მისულ სტუმრებს, შემდეგ სარკესთან დგებოდა და ცდილობდა მათთვის მიებაძა.

მომავალი მსახიობი პირველად 7 წლის ასაკში დადგა სცენაზე. ელო ანდრონიკაშვილის მიერ დადგმულ წარმოდგენაში ,,ყვავილთა შორის” სესილია ერთ-ერთ ყვავილთს თამაშობდა.

საცხოვრებლად თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, ის ქალთა გიმნაზიაში შეიყვანეს, მერვე კლასში კი აკაკი ფაღავას მიერ გახსნილ თეატრალური სტუდიაში პირველივე წელს ჩაირიცხა. სესილიას ოცნება აუხდა და კოტე მარჯანიშვილის მოსწავლე გახდა.

***
მსახიობი ბოლომდე შედიოდა როლში და ანტრაქტის დროსაც კი საკუთარ როლს განასახიერებდა. ,,როცა მათხოვარს თამაშობ უნდა გჯეროდეს, რომ მათხოვარი ხარ, ხოლო როცა ინგლისის დედოფალს თამაშობ, უნდა გჯეროდეს, რომ დედოფალი ხარ,” – ამბობდა სესილია თაყაიშვილი.

ერთ-ერთ სპექტაკლში სესილია თაყაიშვილი ღარიბ ქალ თამაშობდა, რომელიც ერთ-ერთ სცენაში სუნელს ნაყავდა. მსახიობმა ქვასანაყში ნამდვილი სურნელი ჩანაყა, რაც თეატრში არ ხდება ხოლმე. შესვენების დროს ქვასანაყით ხელში მდგარ სესილიას რეჟისორი ლილი იოსელიანი მიუახლოვდა, რომელსაც ხელში ფრანგული სუნამო ეჭირა: ,,მოაშორეთ ეს სუნამო, ნუ მაბნევთ, ჩემს გმირს ეს სუნი არასდროს შეუგრძვნია,” – ასე უთქვამს სესილიას.

სესილია თაყაიშვილი იმითაც გამოიჩეოდა, რომ იგი უნაკლოდ აკეთებდა გრიმს. ვერიკო ანჯაფარიძე მუდამ აღნიშნავდა, რომ სესილია არაჩვეულებრივად უკეთებდა გრიმს, რაც თვითონ ნამდვილად ვერ გამოსდიოდა. იმ დროისთვის საგნადაც კი ისწავლებოდა ,,გრიმის ხელოვნება”, რაც სესილიას ნასწავლი ჰქონდა. მისი მასწავლებელი საიმპერატორო თეატრის მსახიობი კრუჩინინი იყო.

***
მას ბევრი რამის დათმობა შეეძლო როლის გამო. ,,მე ბებია ილიკო და ილარიონში” 70 წლის ოლღა ბებია სესილია თაყაიშვილმა 55 წლის ასაკში ითამაშა. მისი გმირი ბუნებრივი რომ ყოფილიყო, მან წინა საღი კბილები ამოიღო და უფრო მეტად დაემსგავსა 70 წლის ბებიას.

ბებიის როლი სესილია თაყაიშვილმა პირველად კინო-ფილმ ,,მანანაში” ითამაშა, რასაც მოყვა ,,თოჯინები იცინიან”, ,,მე ბებია ილიკო და ილარიონი”, ,,ნატვრის ხე”… ამის გამო მას “XX საუკუნის ბებია” უწოდეს.

***
სესილია თაყაიშვილი ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფის “პინკ ფლოიდის” კლიპშიც მოხვდა. როდესაც ფრანგმა რეჟისორმა ჟან დაკანტმა სესილიას მიერ განსახიერებული როლები ნახა, თქვა: “ეს ჩემი ბებიაა, რომელიც პროვინციაში ცხოვრობსო“.
ვიდეორგოლში ქართველი მსახიობის მოხვედრასთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია არსებობს და ყველა მათგანი ჯგუფის ერთ-ერთი დამაარსებლის როჯერ უოტერსის სახელთან არის დაკავშირებული.

პირველი ვერსიით, გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში ინგლისში მსოფლიოს 100 საუკეთესო მსახიობი გამოავლინეს და მათ შორის მოხვდა სესილია თაყაიშვილიც მაგრამ არა როგორც ქართველი, არამედ როგორც სახელოვანი რუსი მსახიობი. უოტერსს ძალიან მოსწონებია მსახიობის მეტყველი სახე და ჯგუფის ვიდეორგოლში მისი ფოტო ჩაუსვამს.

მეორე ვერსიით, როდესაც როჯერსს თენგიზ აბულაძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” უნახავს, ემოციებისგან ცრემლი ვერ შეუკავებია და ფილმის ნახვის შემდეგ ნოდარ დუმბაძის წიგნიც კი წაუკითხავს, ხოლო სესილიას ფოტო ვიდეოსთვის ჟურნალიდან ამოუღია.

1980 წელს “პინკ ფლოიდი” საკონცერტოდ ლენინგრადში უნდა ჩასულიყო. კრემლმა გადაწყვიტა, ჯგუფისთვის ვინმე საბჭოთა მომღერალი შეეხვედრებინა და არჩევანი ალა პუგაჩოვაზე შეაჩერა, მაგრამ უოტერსს, თურმე, სესილიასთან შეხვედრა უთხოვია.

***
სესილია თაყაიშვილმა თავისი ცხოვრება ვასო გოძიაშვილს დაუკავშირა. მათ ერთმანეთი მარჯანიშვილის თეატრში გაიცნეს, სადაც ცოლ-ქმარს თამაშობდნენ, ერთმანეთი შეუყვარდათ და ერთად ცხოვრება გადაწყვეტეს. წყვილს ერთი შვილი, ბიჭი ეყოლა და მას დათო დაარქვეს. მიუხედავად იმისა, რომ სესილია თაყაიშვილი და ვასო გოძიაშვილი სიყვარულით დაქორწინდნენ, მათი ქორწინება ხანმოკლე გამოდგა. 3 წელიწადში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ვასო გოძიაშვილმა კიდევ რამდენჯერმე შექმნა ოჯახი, სესილია კი აღარ გათხოვილა და მთელი თავისი ცხოვრება ერთადერთ შვილს მიუძღვნა.

***
როდესაც მარჯანიშვილის თეატრში ძველ და ახალ თაობას შორის დაპირისპირება მოხდა, მსახიობმა თეატრს თავი დაანება და მხოლოდ კინოში მუშაობის გადაწყვეტილება მიიღო. ორივე მხარე სთხოვდა სესილიას მათთან ემუშავა, მაგრამ ის მტკიცე უარზე დადგა და მისი გადარწმუნება ვეღარავინ შეძლო.

***
სესილია თაყაიშვილის ბოლო ნამუშევარია ელდარ შენგელაიას ფილმი “ცისფერი მთები”, სადაც მან ბუღალტერი თამარის როლი შეასრულა. რეჟისორს ყველაზე მეტად სწორედ მისი დათანხმება გაუჭირდა.

როცა ელდარ შენგელაია მასთან მივიდა და სცენარი მიუტანა, სესილიამ ფილმში მონაწილეობაზე სასტიკი უარი თქვა, მაგრამ რეჟისორმა მას სცენარი დაუტოვა და დაემშვიდობა. ორ დღეში კი მსახიობმა რეჟისორს დაურეკა და თავისთან დაიბარა. როცა სესილიამ კარი გააღო, ელდარ შენგელაიას წინაშე ზუსტად ისე გამოწყობილი იდგა, როგორიც ფილმშია გადღებული. ფილმის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, მსახიობი გარდაიცვალა.

***
გარდაცვალებამდე კი სესილია თაყაიშვილმა კიდევ ერთხელ გააოცა ახლობლები თავისი უბრალოებით და თავმდაბლობით. მას თავის ოთახში დედის სურათი ეკიდა, როცა დედასთან საუბარი მოენატრებოდა, მას წერილებს წერდა და სურათის უკან ინახავდა. დედის სურათის უკან ჰქონდა შენახული თავისი ანდერძიც:

“ვგრძნობ, ძალიან ცუდად ვარ, არ მცილდება ნახველში სისხლი. უსაშველო ხველა, ვიხრჩვები. რა კარგია, კაცი რომ დიდი სიცხით არის ავად, გრძნობა ეკარგება და კვდება. რა ცუდია, ყველაფერი გტკივა, დადიხარ ძლივს და არ კვდები.

ვთხოვ ჩემიანს ყველას, შემისრულონ თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ, ჩემი არგადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხლმოდრეკილი გეხვეწებით.

დიდუბე არ მიყვარს და, გთხოვთ, ნუ გამომიძებნით ადგილს. საბურთალოში თუ შეძლებთ, მაგრამ გთხოვთ ორ ადგილს იმიტომ, რომ ჩემს გვერდით მოხვდება, ვინც ჩემს შემდეგ წავა ოჯახიდან და არ ვიქნები მარტო. იწამეთ თხოვნა.

რა საჭიროა საპატიო ყარაული, ნუ დაღლით ხალხს, არავითარი სიტყვები!
ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება!
იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას.”

,,მათ სტრასბურგის სასამართლოში ფალსიფიცირებული დოკუმენტი წარადგინეს”- ქართველიშვილი

წინა ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას მიერ გაყალბებული დოკუმენტების თაობაზე აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალა“ წევრი დავით ქართველიშვილი.

„ორი წლის წინ საქართველოში ჩამოიყვანეს სააკაშვილის რეჟიმის მთავარი „გამქათამებელი” და „ექსკლუზიური სისასტიკეების” არქიტექტორი, „ღირსების ორდენის” კავალერი მეგის ქარდავა. სწორედ მას უწოდა გუშინ სოსო თოფურიძემ: „ჩემო ძმაო და პოლიტპატიმარო, მალე გაგათავისუფლებო”.

მაგრამ, დღეს ესეც „იქეთ” იყოს. იმ საბუთს შემოგთავაზებთ (სამწუხაროდ, ხარისხზე ბოდიშს გიხდით), რომელიც სააკაშვილის პირადი ბრძანებით გააყალბა უკრაინაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობამ – თითქოსდა მეგის ქარდავა სარგებლობდა უკრაინაში პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსით. სწორედ ეს ფალსიფიცირებული დოკუმენტი წარადგინეს სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოს კანცელარიაში ნონა მამულაშვილმა და ნონა წოწორიამ (ასევე სააკაშვილის ბრძანებით).

რომ არა უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, მაქსიმ სოკოლიუკის ოფიციალური დოკუმენტი, რომ მეგის ქარდავას განცხადება ლტოლვილის სტატუსზე არ იქნა დაკმაყოფილებული უკრაინის სასამართლოს სამივე ინსტანციაში, ეს საერთაშორისო კრიმინალები და თაღლითები, წინასწარი განზრახვით სტრასბურგის სასამართლოსაც შეიყვანდნენ შეცდომაში,“ – წერს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი იმაზეც საუბრობს, თუ როგორ დასაჯა ამ ქმედებისათვის სააკაშვილმა მაქსიმ სოკოლიუკი. „მაქსიმ სოკოლიუკზე სააკაშვილმა იყარა ჯავრი, მოასწრო. იმ დღეს, როდესაც ის კონტრაბანდულად უკვე არაჟნის ყუთებში იყო ჩალაგებული. 2021 წლის 29 სექტემბერს მაქსიმ სოკოლიუკი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ხოლო საერთაშორისო თაღლითობის არც ერთი ფიგურანტის მიერ, სტრასბურგის მართლმსაჯულების ორგანოების მიერ, არ გადადგმულა არც ერთი სამართლებრივი ნაბიჯი“, – წერს დავით ქართველიშვილი.

სამეგრელოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოსა და საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე – 1980 წელს დაბადებული ო.ო. დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება და საქართველოში უკანონოდ შემოტანა.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შემდგომი გასაღების მიზნით, ნარკოტიკულ ნივთიერებებს ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა, ფოტოებს უღებდა, შემდეგ კი შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით, ნარკოტიკის შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდა.

სამართალდამცველებმა ო.ო. ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 102 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღო, ხოლო, ბრალდებულის მიერ მითითებული ადგილებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 156 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონია“ ამოღებული.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო-შეძენა-შენახვა-გასაღებისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი მე-6, მე-7 ნაწილებით, ასევე, 262 -ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ უწყებაში.

,,გადაადგილების მხრივ პრობლემა არ არსებობს” – თალაკვაძე

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულ სოფლებში აღდგენითი სამუშაოები გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან ნიკა ბოლქვაძესთან და გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან ერთად გაეცნო.

„ სოფელ შრომაში, ზედუბანში მიმდინარე სამუშაოები მოვინახულე. გზა უკვე გავხსენით ოხოჯურის უბანშიც და ჩვენს თანამოქალაქეებს გადაადგილების მხრივ არანაირი პრობლემა არ ექნებათ. ასევე, აქტიურად განვაგრძობთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების მიწოდებას,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.

გერმანული ცირკი ცხოველების ნაცვლად ჰოლოგრამებს იყენებს

არც ისე დიდი ხნის წინ ცივილიზებული სამყაროს ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ადამიანების გასართობად ცხოველების გისოსებში გამოკეტვა და მათთვის სხვადასხვა “შთამბეჭდავი” ილეთების სწავლება, არაჰუმანური საქციელია.

სწორედ ამის გაანალიზებამ მიიყვანა გერმანიის ერთ-ერთი ცირკი საკმაოდ უჩვეულო, მაგრამ გონივრულ გადაწყვეტილებამდე, რომ ნამდვილი ცხოველები მათივე გამოსახულების ჰოლოგრამებით ჩაენაცვლებინათ.

Roncalli-ის ცირკის სტუმრები მართლაც დაუვიწყარ შოუს უყურებენ, რომლის მსვლელობის დროსაც ცხოველები აღარ იტანჯებიან.

“ცირკში წარმოდგენების უმრავლესობას დღეს აკრობატები და კლოუნები წარმოგვიდგენენ”, — ამბობს გერმანული ცირკის ერთ-ერთი წარმომადგენელი

17 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

 

ქუთაისში +24 გრადუსია და მოსალოდნელია წვიმა

ბათუმი + 26 გრადუსი – წვიმა.

ქუთაისი + 24 გრადუსი და წვიმა

ზუგდიდი + 25 მოსალოდნელია წვიმა

მარტვილი + 24 გრადუსი და წვიმა

თელავი + 25 გრადუსია და წვიმს

ბაკურიანი + 16 ხანმოკლე წვიმა.

ბორჯომი + 25 გრადუსი და ხანმოკლე წვიმა

რუსთავი + 26 გრადუსი და ხანმოკლე წვიმა

დღეს ღირსი სვიმეონ გარეჯელის ხსენების დღეა

ღირსი სვიმეონ გარეჯელი დაიბადა დაახ. 1700 წელს კახეთში. ცნობილია რომ იგი სიყრმიდან გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა. ყოვლადპატიოსანი ღვთისკაცი მოხუცებულობამდე უბრალო მონაზონი იყო, შემდეგ კი მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს.

სათნოებით და სიმდაბლით გამორჩეულ წმიდა მამას ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული.

ერთხელ ღირსი სვიმეონი ავად გახდა და გარდაიცვალა. ერთ საათზე მეტ ხანს იყო უსულოდ, შემდეგ კი, ღვთის განგებით, წამოდგა, ყველაფერი, რაც კი გააჩნდა, საკუთარი ხელით გაუყო მონასტრის მამებს და, ისედაც უპოვარმა, მთლიანად უარყო ამქვეყნიური საჭიროებანი.

როცა ეს ამბავი მამა სერაპიონმა (ხს. 24 აგვისტოს) გაიგო, სხვების დახმარებით მივიდა და ნახა წინამძღვარი სვიმეონი და, წინასწარმცნობელობის მადლით განათლებულმა, მანუგეშებელი ცრემლით უთხრა: „ჰოჲ, სასურველო მამაო, მომეცი შენი წმიდა ხელები, რათა ვეამბორო მათ, რადგან მსურდა შენი წმინდა ხელებით მივბარებოდი მიწას მე უვარგისი მტვერი, ახლა კი ჩემზე უწინ შენ მიდიხარ საუკუნო ცხოვრებაში. შენ წახვალ, მამაო, მაგრამ მეც შენს გარეშე აღარ დავრჩები აქ, არამედ ჩემი სული ჩქარა გმოყვება შენსას“. ასე, ნუგეშის ცრემლებით ეამბორნენ ერთმანეთს ნეტარი მამები უკანასკნელად. სვიმეონმა ერთ კვირაში კეთილად მოაწესრიგა მონასტრის საქმეები და 1773 წლის 4(17) სექტემბერს ზუსტად იმ დღის სწორს, როდესაც ერთი საათით იყო უსულოდ, მშვიდობით მიიცვალა – უფალს მიაბარა წმიდა სული. დასაფლავებულია გარეჯში.