Home Blog Page 1636

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, ოკუპირებულ ენერგოდარში აფეთქების შედეგად რუსი პოლკოვნიკი და შს სამინისტროს წარმომადგენლები დაშავდნენ

ოკუპირებულ ენერგოდარში აფეთქების შედეგად რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკი და რამდენიმე პირი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო და მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი ავრცელებენ.

“18 აგვისტოს დროებით ოკუპირებულ ენერგოდარში საქალაქო “პოლიციის” ხელმძღვანელების თათბირი იყო ჩანიშნული. დაახლოებით 09:23 საათზე პოლიციის უფროსის კაბინეტში ძლიერი აფეთქება გაისმა.

შედეგად მრავალი ჭრილობა მიიღეს: საქალაქო პოლიციის განყოფილების უფროსმა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკმა პაველ ჩესანოვმა (ჩუვაშიის რესპუბლიკა), მისმა მოადგილემ ოპერატიულ მუშაობაში, საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელმა, სამორიგეო სამსახურის უფროსმა და რიგმა განყოფილების უფროსებმა.

აფეთქების შემდეგ ისინი სასწრაფოდ მიიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში”, – წერია უკრაინის დაზვერვის განცხადებაში.

ვიდეოს მიხედვით, რომელიც უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა, შენობას, სადაც რუსები ისხდნენ, დრონი დაეჯახა.

რაჭაში ნაპოვნი 27-ე ცხედარი კოტე მაისურაძის აღმოჩნდა

სტიქიის ზონაში დაკარგული კოტე მაისურაძის გარდაცვალება დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მარიტა გუტაშვილი ავრცელებს.

როგორც ტექსტში ვკითხულობთ, 3 აგვისტოს, შოვის სტიქიის დაღუპულ შორენა ბიჭაშვილს, კოტე მაისურაძეს და მარიამ მაისურაძეს 22 აგვისტოს რუსთავში დაკრძალავენ.

„ვაგრძელებთ….
შორენა ბიჭაშვილი-მაისურაძისა;
კოტე მაისურაძე;
მარიამ მაისურაძე;

გადმოსვენება – შაბათს საღამოს 19.08.2023; პანაშვიდი 20~21 აგვისტო.

მის: ქ. რუსთავი, ლესელიძის მეორე გასასვლელი სახლი #18.

22 აგვისტოს 09:00 საათიდან დავასვენებთ წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში, საიდანაც მოხდება გაცილება 15:00 საათზე“, – წერს მარიტა გუტაშვილი.

როგორც ცნობილია, კოტე მაისურაძე მარიტა გუტაშვილის სტიქიის ზონაში მოყოლილი 9 ოჯახის წევრიდან ერთ-ერთია.

ცნობისათვის, შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა 27 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ეძებენ დაკარგულ 6 ადამიანს.

“ვახტანგ გომელაური ჩემი უკანასკნელი მინისტრი იყო – ღმერთმა ნათელში ამყოფოს მამამისის სული” – დავით ქართველიშვილი

დღეს ვახტანგ გომელაურს მამა გარდაეცვალა. ჩემსავით, მასთან ყოფნის ბოლო წუთებს ალბათ ისიც ვერ ეღირსა. სვავების ბანაკში ალბათ ზეიმია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

მისი თქმით, ამ ამბავმა მამამისის გარდაცვალება გაახსენა, ვინაიდან სწორედ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს მას მომაკვდავ მამასთან გამომშვიდობების საშუალება არ მიეცა.

„2011 წლის 10 მარტს, სასტუმრო „თბილისი-მარიოტში”, 20 საათზე, საქართველოში სააკაშვილის მიერ ჩამოთრეული, „შავი იარაღის ბარონად” შერაცხული ლეონიდ მინინი გვიტარებდა „თათბირს”, თელეთის მშენებარე სასაკლაოს სავენტილაციო სისტემის მონტაჟის თაობაზე. თათბირს ვესწრებოდი მეც, ობიექტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ჩემი აწ გარდაცვლილი ბაჩოც – მარკეტოლოგი.

21 საათზე სახლიდან დამირეკა დამ: „მგონი მამა ცუდადაა”. მინინს ავუხსენი სიტუაცია, უხეშად მიპასუხა: „მალე დავამთავრებთ, არაფერი არ მოუვა”. მარიოტიდან 21 საათსა და 30 წუთზე გამოვედი. 21 საათსა და 45 წუთზე ხილიანზე ვიყავით მე და ბაჩო. მამა ათი წუთის წინ გარდაცვლილი დაგვხვდა…

დღეს გამახსენეს სვავებმა, ლეონიდ მინინის გუნდის წევრებმა, გომელაურს მძიმედ ავადმყოფ მამასთან კლინიკაში რამოდენიმე დღით ერთად ყოფნა რომ არ აპატიეს. დღეს ვახტანგ გომელაურს მამა გარდაეცვალა. ჩემსავით, მასთან ყოფნის ბოლო წუთებს ალბათ ისიც ვერ ეღირსა. სვავების ბანაკში ალბათ ზეიმია. საინფორმაციოზე „გადამერთო” და ფოტიგამ – „მიშა უკიდურესად ცუდად არისო, კვდებაო”. აი ამ, ვერაფრით ვერ-მომკვდარისვავებით გარშემორტყმული ბელადის ხელში, ვერც მამებს ვეხუტებით სიცოცხლის მათ ბოლო წამებში და ვერც შვილებს.

ვახტანგ გომელაური ჩემი უკანასკნელი მინისტრი იყო – ღმერთმა ნათელში ამყოფოს მამამისის სული. ვიზიარებ,” – წერს ქართველიშვილი.

რიკოთის უღელტეხილზე, საამქროში ერთი მუშა დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

რიკოთის უღელტეხილზე, სურამი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ერთი მუშა დაიღუპა, ხოლო ერთი კი მსუბუქად დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპული ჩინეთის, ხოლო დაშავებული მუშა კი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ამ დროისთვის, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გავრცელებული ცნობებით, შემთხვევა საამქროს ტერიტორიაზე მოხდა, სადაც მშენებლობისთვის საჭირო კონსტრუქციებს ამზადებენ.

“ოპოზიცია თითქოს ქვეყანაში უბედურების მოხდენას დიდი გულიმოდგინებით ელოდებოდა” – ირაკლი ქადაგიშვილი

ოპოზიცია, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, თითქოს ქვეყანაში უბედურების მოხდენას დიდი გულიმოდგინებით ელოდებოდა და პირველივე წუთებიდან დაიწყეს პოლიტიკაზე სპეკულირება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ ხდება ბუნებრივი სტიქიის შედეგად გამოწვეული ტრაგედიისა და ტრაგიკული შედეგებით სპეკულირება პოლიტიკოსების მხრიდან.

„ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამ სპეკულაციისათვის მაქსიმალურად გამოვიყენებთ, მათ შორის პარლამენტს, ჩვენ ვეუბნებით, რომ თქვენ კანონით მონიჭებული უფლებები გამოიყენეთ, მაგრამ არ ვიქნებით სპეკულაციის თანამონაწილეები. ეს არის ჩვენი პასუხი. ვნახეთ, რომ სტქიქიის მოხდენის წუთებიდან ბრალდებების სერია დაიწყო. მდგომარეობა არის ასეთი, რომ ოპოზიცია, რომელიც არის ზოგადად ძალიან მძიმე მდგომარეობაში, გაუაზრებელი და მავნე პოლიტიკური გზავნილებით, თითქოს დიდი გულიმოდგინებით ელოდებოდა, რომ რაიმე უბედურება მომხდარიყო ქვეყანაში და პირველივე წუთებიდან დაიწყეს პოლიტიკაზე სპეკულირება. მომხდარი უბედურების მაშინვე პოლიტიკაზე გადათარგმნა დაიწყეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, უფროსი სერჟანტის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მას დღეს 39 წელი შეუსრულდებოდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული მებრძოლის საფლავთან მისი ოჯახის წევრები, თანამებრძოლები, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის და მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები შეიკრიბნენ, გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და ოჯახს მე-4 ქვეითი ბრიგადის სახელით მემორიალური დაფა გადასცეს.

საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა. 9 აგვისტოს იგი მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა და წამების შემდეგ ცემით მოკლეს. მას 2013 წლის 15 აპრილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“. მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“საგამოძიებო კომისიის შექმნა მხოლოდ ხელმოცარული პოლიტიკოსების ინტერესებს ემსახურება”- ბექა ოდიშარია

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ურეიტინგო ოპოზიციური ძალების რამენაირად პოლიტიკური დღის წესრიგის ზედაპირზე არსებობის მიზანს ემსახურება, – ამას ჩვენ არც აწმყოში და არც მომავალში ხელს არ შევუწყობთ! – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ შოვის სტიქიის შედეგებზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, მომხდარს შს სამინისტრო იძიებს და თუ საჭირო გახდება, გამოძიებაში პროკურატურაც ჩაერთვება.

“თუ შედეგი იმდაგვარი დადგება, რომ საზოგადოებისთვის კითხვები დარჩება, შემდეგ შეიძლება საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ვიმსჯელოთ.

როგორ წარმოგიდგენიათ გამოძიების პროცესში მყოფი გამომძიებლებისა და მოწმეების პარლამენტში დაბარება, მათ წინაშე პოლიტიკური კონცერტებისა და კორდებალეტების მოწყობა, როგორც ეს ოპოზიციას ხელეწიფება. ეს არც ჭირისუფლის ინტერესს და არც იმ გულწრფელი ადამიანების ინტერესს არ ემსახურება, ვინც დაღუპულთა ოჯახებს და მთელს საქართველოს თანაუგრძნობენ.

საგამოძიებო კომისიის შექმნა მხოლოდ ხელმოცარული პოლიტიკოსების ინტერესებს ემსახურება, რომ რამენაირად ნეგატიური დღის წესრიგი შექმნან და ასეთ დღის წესრიგზე იტივტივონ”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

რაც შეეხება შოვის სტიქიის თემაზე ინტერპელაციის წესით შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის დაბარებას, როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, შს სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყებაა, რომელიც აპოლიტიკურ ინსტიტუციად ჩამოყალიბდა და ყოველთვის დროულად და ადეკვატურად მოქმედებს.

მისივე შეფასებით, გომელაური სამინისტროს ყველა ქვედანაყოფს კარგად ხელმძღვანელობს.

“გარდა იმისა, რომ ვახტანგ გომელაური არის ძალიან ადამიანური, არის მაღალპროფესიონალი და საკითხს ყოველთვის დამჯერებლად და აღელვების გარეშე უხსნის საზოგადოებას, პარლამენტს.

თუ “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში სპექტაკლს არ მოაწყობს, ვახტანგ გომელაური არცერთ კითხვას უპასუხოდ არ დატოვებს“ , – აღნიშნა ოდიშარიამ.

“აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელი გაზრდილია” – სამინისტრო

2023 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 787.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 27.7%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებულია 89.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით, 2.2%-ით მეტია.

„გაზრდილია სასმელების, ცოცხალი ცხოველებისა და სხვა პროდუქციის ექსპორტიც. განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება სპირტიანი სასმელების, ღვინის, უალკოჰოლო გაზიანი სასმელების, მოცვის და დაკონსერვებული ხილის შემთხვევებში. 2023 წლის 7 თვის მონაცემები (იანვარი-ივლისი) ასე გამოიყურება:

ღვინის ექსპორტის ღირებულება – 150.5 მლნ აშშ დოლარი (24.3%-იანი ზრდა);

სპირტიანი სასმელების ექსპორტის ღირებულება – 98.8 მლნ აშშ დოლარი (46.1%-იანი ზრდა);

მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის ღირებულება – 77.1 მლნ აშშ დოლარი (38.2%-იანი ზრდა);

უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტის ღირებულება – 67.1 მლნ აშშ დოლარი (62.5%-იანი ზრდა);

მოცვის ექსპორტის ღირებულება – 18.2 მლნ აშშ დოლარი (118%-იანი ზრდა);

ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტის ღირებულება – 36.0 მლნ აშშ დოლარი (65%-იანი ზრდა);

ცოცხალი ცხვრის ექსპორტის ღირებულება – 15.3 მლნ აშშ დოლარი (66%-იანი ზრდა);

თევზის ცხიმის ექსპორტის ღირებულება – 15.2 მლნ აშშ დოლარი (35%-იანი ზრდა);

ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტის ღირებულება – 9.7 მლნ აშშ დოლარი (38%-იანი ზრდა);

დაფნის ექსპორტის ღირებულება – 9.0 მლნ აშშ დოლარი (21%-იანი ზრდა);

ლოკოკინის ექსპორტის ღირებულება – 368.3 ათასი აშშ დოლარი (49%-იანი ზრდა);

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 7 თვის მონაცემებით, თაფლის ექსპორტი (ექსპორტის ღირებულება 390 ათასი აშშ დოლარი) 12 ქვეყანაში განხორციელდა და ძირითად საექსპორტო ბაზარს ევროკავშირის წევრი ქვეყნები (ჩეხეთი, საფრანგეთი, გერმანია) წარმოადგენდნენ. 2023 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა აშშ-ში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში, ჩინეთში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 27 პირიდან 25 უკვე იდენტიფიცირებულია

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 27 პირიდან 25 უკვე იდენტიფიცირებულია. მაშველები, ჯარი და პოლიცია ერთობლივი ძალებით და მძიმე ტექნიკით, უკვე მე-16 დღეა სტიქიის ეპიცენტრში მუშაობენ.

სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც უკვე გადამოწმებულ ტერიტორიაზე, ასევე მდინარეების კალაპოტებში, ეპიცენტრიდან დაახლოებით 60 კილომეტრზე.

არსებობს ვარაუდი, რომ დაკარგულებს შესაძლოა შლამში ან მდინარეების კალაპოტებში მიაკვლიონ.

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში მაშველების მიერ 27 ცხედარია აღმოჩენილი და საძიებო სამუშაოები 6 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

-0:07

პრემიერმა კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მიმოიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული დღის წესრიგი.

მთავრობის მეთაურმა აშშ-ის ელჩს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი ჯინ ფოსტერი ესწრებოდა.

“ქართულ ოცნებას“ გამოძიების ეშინია, კითხვების დასმაც კი გააშიშვლებს მათ ბრალეულობას და პასუხისმგებლობას” – სერგო ჩიხლაძე

„ქართულ ოცნებას“ გამოძიების ეშინია, კითხვების დასმაც კი გააშიშვლებს მათ ბრალეულობას და პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმისთვის, რომ შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი ობიექტურად დადგინდეს, ერთადერთი ბერკეტი არის საპარლამენტო მექანიზმი.

„არც შოთაძის პროკურატურა, არც გომელაურის შსს არ გამოიძიებს არც პრემიერ-მინისტრის, არც სხვა რომელიმე მინისტრის, არც მინისტრთა კაბინეტის პასუხისმგებლობის საკითხებს შოვის ტრაგედიასთან მიმართებით. ერთადერთი საგამოძიებო, ობიექტური და ყოვლისმომცველი მექანიზმი არის საპარლამენტო მექანიზმი. „ქართულ ოცნებას“ გამოძიების ეშინია. კითხვების დასმაც კი გააშიშვლებს მათ ბრალეულობას და პასუხისმგებლობას, როგორიც არის, რატომ არ იქნა შეტყობინების სისტემები 11 წლის განმავლობაში დანერგილი? ასევე, ტექნიკა- ვერტმფრენები და დრონები დროულად შეძენილი? ტრაგედიის მოხდენიდან ყველზე კრიტიკულ საათებში რატომ არ მოხდა სწრაფი რეაგირება. რატომ არ შეიკრიბა უსაფრთხოების საბჭო? სად იყო პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი თითქმის ერთი დღის განმავლობაში? პირველ ღამეს რატომ შეჩერდა სამაშველო ღონისძიებები და ასე შემდეგ. სულ მცირე, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს პრემიერ-მინისტრს და მინისტრებს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

“ეკონომიკური წარღვნის“ ნაცვლად, რუსეთის ეკონომიკა უშუალოდ ომის წელს მხოლოდ 2.1 პროცენტით შემცირდა” – ანდრია გვიდიანი

ეკონომიკის ექსპერტი ანდრია გვიდიანი მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განახლებულ მონაცემებს სოციალურ ქსელში აფასებს.

გვიდიანის თქმით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მიუხედავად, მსოფლიო ბანკი ამ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, ამ მოცემულობას რაციონალურად თვალის გასწორება სჭირდება, ვინაიდან რუსეთმა შეძლო საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყობა.

„ეს მსოფლიო ბანკის განახლებული მონაცემებია. როგორც ხედავთ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული „დამანგრეველი” სანქციების დაუსრულებელი სერია უშედეგო აღმოჩნდა. დაანონსებული “ეკონომიკური წარღვნის” ნაცვლად, რუსეთის ეკონომიკა უშუალოდ ომის წელს მხოლოდ -2.1%-ით შემცირდა, ხოლო შემდგომ წლებში, მსოფლიო ბანკი არათუ ეკონომიკური რეცესიას, არამედ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. მოგვწონს თუ არა, ასეთია მოცემულობა, რომელსაც ემოციები და გულზე მჯიღების ცემა კი არა, არამედ რაციონალურად თვალის გასწორება სჭირდება.

სიმართლე რომ ვთქვა, ეს ჩემთვის მოულოდნელობა არც ყოფილა. არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, რუსეთმა სწრაფად შეძლო საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის გადააზრება და ახალი მოკავშირეების პოვნა. მათ შორის გასაღების ბაზრების დივერსიფიკაცია და ა.შ (ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ ამერიკა, აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი და სხვა).

გარდა ამისა, მაშინ, როცა დასავლელი ლიდერებისგან საჯარო განცხადებებით ერთი გვესმის, ხოლო საქმით მეორე კეთდება, ცხადია რთულია გულწრფელობაში ეჭვი არ შეგეპაროს.

მაშინ როცა, დიდი ტაშ-ფანდურით ვიგებთ სანქციების ახალი და ახლა უკვე „საბოლოოდ” დამანგრეველი პაკეტის შესახებ:

ომის მიმდინარეობის დროს 2022 წელს 2021 წელთან შედარებით გაიზარდა ევროკავშირის და რუსეთის ვაჭრობა – წყარო: https://www.statista.com/statistics/263634/trade-balance-of-goods-in-russia/;

ევროკავშირის რიგმა სახელმწიფოებმა ასევე გაზარდეს რუსეთში მთელი რიგი პროდუქციის ექსპორტიც – წყარო: https://www.statista.com/statistics/263634/trade-balance-of-goods-in-russia/;

არ წყდება აშშ-ის და რუსეთის ვაჭრობა, უფრო მეტიც, იზრდება აშშ-თვის საჭირო პროდუქციის იმპორტი რუსეთიდან (მაგ: სასუქები, ქიმიური შენაერთები და ა.შ.) წყარო: https://www.census.gov/foreign-trade/balance/c4621.html;

ევროკავშირიც და აშშ-იც თავად უვლიან გვერდს საკუთარ დაწესებულ სანქციებს და მაგალითად რუსულ ნავთობს ინდოეთიდან ყიდულობენ – წყარო: https://www.nytimes.com/2023/06/29/business/economy/russia-oil-imports-ban.html;

დასავლური კომპანიების და, ზოგადად, G7-ის კომპანიების მხოლოდ 8.5%-მა დატოვა რუსეთი – წყარო:
https://www.politico.eu/article/majority-of-western-companies-continue-business-in-russia-study-finds/;

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების კომისარი, ბორელი თავად აცხადებს, რომ ევროკავშირის კომპანიები არღვევენ სანქციებს, ხოლო რაც შეეხება, რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებიდან ყიდვას, ეს თურმე ევროკავშირის იურისდიქციას სცდება – წყარო:
https://www.cnbctv18.com/world/india-russian-oil-import-not-under-eu-jurisdiction-clarifies-foreign-policy-chief-josep-borrell-16726451.htm;

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფარისევლობის ფონზე:

ყველას კარგად გვახსოვს საქართველოს დამაზიანებელი განცხადებები ჩვენი „დაუძინებელი მეგობრებისგან”;

კარგად გვახსოვს საქართველოს საქმიანი იმიჯის და რეპუტაციის შემლახავი შეთითხნილი სტატიები;

კარგად გვახსოვს მოწოდებები გაუგებარ სანქციებთან შეერთების თაობაზე;

კარგად გვახსოვს იაფფასიანი ლოზუნგები, რომ თურმე საქართველო უნდა გამხდარიყო “დემოკრატიის დაცვის” ფლაგმანი და საკუთარი ეკონომიკის განადგურების ხარჯზე, სწორედ ჩვენ უნდა გვეტვირთა რუსეთის ჩამოშლის `ისტორიული მისია”;

კარგად გვახსოვს იდიოტიზმი, რომ საქართველოდან შეტანილი სარეცხი მანქანით და ფოტოაპარატით სულდგმულობს თურმე რუსული არმია, თან ეს ისეთი ბოდვა იყო, სანქციების ზედამხედველობის ჯგუფმა თავად უარყო;

კარგად გვახსოვს ქვეყნის შიგნით შესაშურად დაგეშილი მეხუთე კოლონის ყეფა საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ;

P.S. – ახლა ალბათ გარკვეული დასკვნების გამოსატანად საკმარისი ინფორმაცია უკვე დაგროვდა და რამდენად სწორად გამოვიარეთ, რამდენად გაწონასწორებული იყო საქართველოს ნაბიჯები ამ ყველაფრის მიმართ, შეგიძლიათ თავად განსაჯოთ“, – წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.