ხვიჩა კვარაცხელია ნომინირებულია ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე. სულ კი სერია A-ს მხოლოდ ორი მოთამაშეა სიაში – ინფორმაციას მსოფლიო ფეხბურთის ორგანიზაცია ავრცელებს.
ამასთან დაკავშირებით, ცნობილმა იტალიურმა ვებგვერდმა football-italia-მ წერილი გამოაქვეყნა.
„ნაპოლის“ ვარსკვლავები ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია ფიფა-ს წლის საუკეთესო მამაკაცის ჯილდოზე წარდგენილ 12 ნომინანტებს შორის არიან. „პარტენოპეი“ გასულ სეზონში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული გუნდი იყო ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით, იოლად ავიდა სერია A-ს ცხრილის სათავეში და ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“ მეოთხედფინალამდე შესანიშნავი თამაში აჩვენა.
ოსიმენი და კვარაცხელია სპალეტის „ნაპოლის“ ორი გამორჩეული ვარსკვლავი იყო, პირველი 36 გოლის შექმნაში მონაწილეობდა, მეორე – 31 გოლში. ფიფა-მ დღეს გამოაცხადა, რომ წლის საუკეთესო მამაკაცის ჯილდოს 12 ნომინანტი გამოვლინდა, მათ შორის ოსიმენი და კვარაცხელიაა.
სიაში ასევე არის „ინტერის“ ყოფილი ნახევარმცველი მარსელო ბროზოვიჩი, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში საუდის არაბეთის „ალ-ნასრში“ გადავიდა. „მანჩესტერ სიტი“, რომელმაც გასულ სეზონში ტრიპლეტი მოიგო, სიაში ხუთი ფეხბურთელითაა წარმოდგენილი. ცხადია, რომ ნომინირებულია 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ლიონელ მესი“, – წერს იტალიური გამოცემა.
ფიფას წლის საუკეთესო მოთამაშეობის 12 ნომინანტი
ხულიან ალვარესი (არგენტინა, მანჩესტერ სიტი)
მარსელო ბროზოვიჩი (ხორვატია, ან-ნასრი)
კევინ დე ბრუინი (ბელგია, მანჩესტერ სიტი)
ილკაი გუნდოგანი (გერმანია, ბარსელონა)
ერლინგ ჰალანდი (ნორვეგია, მანჩესტერ სიტი)
როდრი (ესპანეთი, მანჩესტერ სიტი)
ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, ნეაპოლი)
კილიან მბაპე (საფრანგეთი, პსჟ)
ლიონელ მესი (არგენტინა, ინტერ მაიამი)
ვიქტორ ოსიმენი (ნიგერია, ნაპოლი)
დეკლან რაისი (ინგლისი, არსენალი)
ბერნარდო სილვა (პორტუგალია, მანჩესტერ სიტი)