Home Blog Page 1634

ველისციხის ახალი სიცოცხლისთვის 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

ველისციხის ახალი სიცოცხლე – ასე უწოდებენ ადგილობრივები პროექტს, რომლითაც სოფელმა ძველი იერსახე უნდა აღიდგინოს.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლის ცენტრალურ ნაწილში აქტიურად მიმდინარეობს. 30 მილიონ ლარზე მეტი ათობით საცხოვრებელი სახლის, ისტორიული სახალხო თეატრისა და გზების კეთილმოწყობაზე დაიხარჯება.

ომში 500 000-მდე რუსი და უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, ან დაშავდა – NYT

უკრინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, დაღუპული ან დაჭრილი უკრაინელი და რუსი ჯარისკაცების რაოდენობა 500 000-ს უახლოვდება. ინფრორმაციას ამის შესახებ, ამერიკული გამოცემა „ნიუ-იორკ ტაიმსი“, ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წყაროების ვინაობას არ ასახელებს.

„ნიუ-იორკ ტაიმსი” წერს, რომ ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დათვლა რთულია, რადგან, მათი განცხადებით, რუსეთი, როგორც წესი, მსხვერპლთა რაოდენობას არასწორად წარმოაჩენს, კიევი კი ოფიციალურ მონაცემებს არ აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, რუსეთის არმიაში დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა 300 000-ს უახლოვდება. მათ შორის, 120 000 დაიღუპა, 170 000-დან 180 000-მდე კი დაშავდა. ამავე მონაცემებით, „ნიუ-იორკ ტაიმსი“ იტობინება, რომ უკრაინულ ჯარში, 70 000-მდე ადამიანი დაიღუპა, 100 000-დან 120 000-მდე კი დაიჭრა.

ამასთან, გამოცემა, წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში, უკრაინამ რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევა წამოიწყო, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

არც მოსკოვს და არც კიევს, გამოცემის თხოვნაზე, მიღებული მონაცემების შესახებ კომენტარი გაეკეთებინათ, არ უპასუხია.

სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება დაიწყო

სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება დაიწყო. საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით, მოსავლის ხარისხი 25%-ით არის გაუმჯობესებული. წელს საქართველოში 50 ათას ტონაზე მეტ თხილის მოსავალს ელოდებიან

ნიდერლანდები და დანია უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს გადასცემენ

ნიდერლანდები და დანია უკრაინისთვის F-16-ის ტიპის ამერიკულ მოიერიშე თვითმფრინავებს გადაცემის ვალდებულებას იღებენ. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დანიიდან და ნიდერლანდებიდან ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა ვაშინგტონმა გასულ კვირას გასცა.

„დღეს შეგვიძლია გამოვაცხადოთ, რომ ნიდერლანდები და დანია იღებენ უკრაინისთვის F-16-ის ტიპის თვითმფრინავების გადაცემის ვალდებულებას შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე. ეს მოხდება მას შემდეგ, რაც შესრულდება გადაცემისთვის საჭირო პირობები“, – განაცხადა რუტემ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პილოტებისა და ინჟინრების სათანადო მომზადების შემდეგ, უკრაინა 42 F-16-ს მიიღებს.

„ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. F-16-ებს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ რუსმა ტერორისტებმა თავი შორს დაიჭირონ ჩვენი ქალაქებისა და სოფლებისგან. ჩვენ შევთანხმდით თვითმფრინავების რაოდენობაზე. ისინი გადმოეცემა უკრაინას მას შემდეგ, რაც ჩვენი პილოტები და იინჟინრები სათანადო წვრთას გაივლიან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ჰარვარდის უნივერსიტეტში ლექციებს ხელოვნური ინტელექტი წაიკითხავს

კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლის მსურველებს ჰარვარდის უნივერსიტეტში მომავალი წლიდან ლექციებს ხელოვნური ინტელექტი წაუკითხავს, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. კურსი საკმაოდ პოპულარულია და სემესტრში მას დაახლოებით 1000 სტუდენტი ესწრება.

უნივერსიტეტის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ხელოვნური ინტელექტი სტუდენტებს ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება და 24/7-ზე გაუწევს დახმარებას.

მარნეულში, ცოლის მკვლელობის საქმეზე კაცს ბრალდება წარედგინა

ცოლის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კაცს ბრალდება წარედგინა.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 აგვისტოს, სოფელ სადახლოში, ქმარმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ცოლს დანით, გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. დაზარალებული, მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული იმავე დღეს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა კაცობრიობა მალე დაიპყროს – ავთანდილ წულაძე

ადამიანი ცხოველთა სამყაროს ყველა წარმომადგენელზე მაღლა დგას, რადგან მას აქვს გონება. ცხოველები არიან „ჩვენი პატარა ძმები“, და ასევე რესურსი საკვების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის დამზადებისთვის და ა.შ. მაგრამ რა მოხდება, თუ უმაღლესი წყობის გონება გაბატონდება კაცობრიობაზე? გახდებიან თუ არა ადამიანები მისთვის „პატარა ძმები“, ყველა შემდგომი შედეგით?

ეს სცენარი არც ისე ფანტასტიკურია, როგორც შეიძლება ჩანდეს. ინტერვიუში ჟურნალისტთან ტაკერ კარლსონთან, მილიარდერმა ელონ მასკმა გვაჩვენა მომავლის ბნელი სურათი, რომელიც ძალიან მალე რეალობა გახდება, თუ ხელოვნური ინტელექტი (AI) კონტროლის ქვეშ არ იქნება (Elon Musk’s BRUTALLY Honest Interview With Tucker Carlson (2023) – YouTube).

გავლენიანმა ამერიკულმა ჟურნალმა Foreign Affairs-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ამ დარგის ექსპერტების, იან ბრემერის და მუსტაფა სულეიმანის სტატია (The AI Power Paradox: Can States Learn to Govern Artificial Intelligence—Before It’s Too Late? (foreignaffairs.com)). ავტორები მოითხოვენ გლობალური მასშტაბით სასწრაფო ზომების მიღებას ხელოვნური ინტელექტის რეგულირების პრინციპების შემუშავებაზე. შეშფოთება გამოწვეულია იმით, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მათი შექმნა და გავრცელება ხელმისაწვდომი ხდება კერძო კომპანიების მზარდი რაოდენობისთვის. ასევე ბევრად უფრო ადვილია ასეთი ტექნოლოგიების მოპარვა, ვიდრე, მაგალითად, ბირთვული ბომბის. ამიტომ მათი გავრცელებისა და დესტრუქციული მიზნებისთვის გამოყენების საშიშროება დღითიდღე იზრდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარების მთავარი მამოძრავებელია მსხვილი კორპორაციები, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან დომინირებისთვის მთელ მსოფლიოში. ინტერვიუში ელონ მასკმა თქვა, რომ ინდუსტრიის ლიდერებმა ბაზრის მონოპოლიზირება მოახდინეს. Google და Microsoft არიან ორი მსოფლიო ლიდერი ამ სფეროში. მასკმა თქვა, რომ აპირებს მონოპოლიის დაშლას და ღია კოდის ნერვული ქსელის შექმნას სახელად TruthGPT.

მაგრამ, ილონ მასკი ისეთივე ბიზნესმენია, როგორც მისი კოლეგები Google-სა და Microsoft-ში. ის სხვა ბიზნეს მოდელზე დებს ფსონს, მაგრამ ეს არ გადაჭრის მონოპოლიების პრობლემას ხელოვნური ინტელექტის სფეროში.

სანამ პოლიტიკოსები საუბრობენ „ბიპოლარული სამყაროს“ მოდელის დაბრუნებაზე, რომელშიც აშშ და ჩინეთი კონკურენციას გაუწევენ ერთმანეთს (აშშ-სა და სსრკ-ს შორის „ცივი ომის“ მსგავსად), კერძო კორპორაციებმა უკვე შექმნეს საკუთარი ციფრული „ბიპოლარული სამყარო“. მათ აქვთ ძალა და შესაძლებლობები, რომლებიც მიუწვდომელია სახელმწიფოებისთვის. იანა ბრემერი და მუსტაფა სულეიმანი არ გამორიცხავენ სცენარს, როდესაც ხელოვნური ინტელექტის შემმუშავებელი კორპორაციების ხელმძღვანელები ერთსა და იმავე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ სახელმწიფო ლიდერებთან გლობალური პრობლემების გადასაჭრელად. სახელმწიფოები სწრაფად კარგავენ კონტროლს ხელოვნური ინტელექტის სფეროში, ტექნოლოგიების განვითარების მაღალ ტემპზე და ახალი საფრთხის წინააღმდეგ კონტროლის ძველი მეთოდების გამოყენების მცდელობები უშედეგოა.

ბრემერი და სულეიმანი ასევე აღნიშნავენ, რომ ხელოვნურ ინტელექტზე კონტროლი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთელი კაცობრიობის ძალისხმევა გაერთიანდება. თუმცა, ექსპერტების აზრით: „ვაშინგტონისა და პეკინის თვალსაზრისით, რისკი იმისა, რომ მეორე მხარე მოიპოვებს უპირატესობას ხელოვნური ინტელექტის სფეროში, უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი თეორიული რისკი, რომელიც ამ ტექნოლოგიამ შეიძლება შეუქმნას საზოგადოებას ან მათ საკუთარ პოლიტიკურ სანდოობას. პეკინი და ვაშინგტონი ორიენტირებულია ხელოვნური ინტელექტის განვითარების დაჩქარებაზე და არა მის შენელებაზე. მათი აზრით, განვითარების „პაუზა“ რისკების შეფასებისთვის, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ზოგიერთი ლიდერი ითხოვს, უგუნური ცალმხრივი განიარაღების ტოლფასი იქნება“.

თუ აშშ-სა და სსრკ-ს შორის “რბოლა” ჩატარდა ბირთვული იარაღის სფეროში, მაშინ აშშ და ჩინეთი იბრძვიან ლიდერობისთვის ახალი სუპერიარაღის – ხელოვნური ინტელექტის შემუშავებაში. მაგრამ მათი მოდელები “იარაღის” შემუშავებისთვის განსხვავებულია.

ჩინეთში სახელმწიფომ ტექნოლოგიურ კომპანიებზე კონტროლი აიღო. ეს მიდგომა ჩინურ ტექნიკურ კომპანიებს ართმევს პოლიტიკურ ძალაუფლებას. ისინი მხოლოდ ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და მისი ლიდერის ნების აღმსრულებლები არიან.

შეერთებულ შტატებში კერძო კორპორაციებს აქვთ მეტი თავისუფლება და განვითარების შესაძლებლობები. კორპორატიული მფლობელების მოტივაცია არის მოგება. ამერიკის მთავრობის ამოცანაა კორპორაციების საქმიანობის რეგულირების მექანიზმების შემუშავება, რათა ისინი არ გახდნენ დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშეები.

ამერიკული მოდელი უფრო მეტად უწყობს ხელს კერძო ინიციატივის განხორციელებას, ამიტომ ამერიკული კომპანიების ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ჩინურს გაუსწრებს.

ჩინური მოდელი უზრუნველყოფს სრულ სახელმწიფო კონტროლს ხელოვნური ინტელექტის სფეროზე. სახელმწიფოს შეუძლია მხარი დაუჭიროს ინდუსტრიას განათლებაში ინვესტიციებით, ინფრასტრუქტურის შექმნით, ტექნოლოგიური კომპანიების სუბსიდირებით. ახალი ტექნოლოგიები ასევე შესაძლებელს ხდის ავტორიტარულ სახელმწიფოში მოსახლეობის კონტროლს და საზოგადოებრივი აზრის ეფექტურად მართვას.

ხელოვნური ინტელექტის განვითარების რომელი მოდელი იქნება უფრო ეფექტური, ამას აჩვენებს შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის დაპირისპირების შედეგი. მაგრამ, სანამ დიდი სახელმწიფოები და დიდი კორპორაციები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მთელი კაცობრიობის კონტროლის ქვეშ მოქცევა.

ავთანდილ წულაძე, პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი

 

 

,,უკრაინის მაქსიმალისტური მიზნები განაპირობებს უსასრულო ომს”- Wall Street Journal

ზოგიერთი დასავლელი მაღალჩინოსანი ისურვებდა, რომ უკრაინას ტერიტორიების ნაწილის დაკარგვასთან შეგუების სანაცვლოდ ნატოს ან ევროკავშირის წევრობა მიეღო. ამის შესახებ გამოცემა Wall Street Journal-ი წერს.

„ისინი შიშობენ, რომ უკრაინის მაქსიმალისტური მიზნები განაპირობებს უსასრულო ომს და ამიტომ ისურვებდნენ, უკრაინისთვის შეეთავაზებინათ შეთანხმება, შეეგუოს ტერიტორიის ნაწილის ფაქტობრივ დაკარგვას, ნატოს ან ევროკავშირის წევრობის ან გრძელვადიანი სამხედრო და ეკონომიკური დახმარების სანაცვლოდ. ომის დასასრულებლად უკრაინას პრაქტიკულად ტერიტორიების დათმობას სთავაზობენ, თუმცა ეს არ შეესაბამება არც კიევის და არც მოსკოვის მიზნებს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

“ქართულმა ოცნებამ” გურჯაანში, მერობის კანდიდატად  წარადგინა

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

გვინდა, გამოცეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერიამ შერჩევითი სამართლის პრინციპით, სრულიად უსამართლოდ დააჯარიმა მოქალაქე ავტომანქანის პარკირების გამო.

 

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნულ პიროვნებას სატრანსპორტო საშუალება გაჩერებული ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილ პარკირების ადგილზე, არ ჰქონდა განთავსებული შესაბამისი შშმ პირის საცნობი ნიშანი, რომელიც სპეციალურ ადგილზე დგომის უფლებას მისცემდა. ასევე, მძღოლი არ იმყოფებოდა ადგილზე.

 

კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მოხდა სატრანსპორტო საშუალების დაჯარიმება და შემდეგ სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა, რისი განხორციელების ვალდებულებაც აქვს სსიპ „თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“.

 

რაც შეეხება ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აღნიშნული ქმედებით ხორციელდება ბიუჯეტის შევსება, განვმარტავთ, რომ ჯარიმა წარმოადგენს პრევენციულ ღონისძიებას და შესაბამისად, კანონის მიხედვით, გათვალისწინებულია, როგორც ჯარიმები, ასევე სატრანსპორტო საშუალების დაცულ სადგომზე გადაყვანა.

 

ჯარიმის შედგენა ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც ნაკლებია სამართალდარღვევის სიმწვავე, ხოლო როცა მოქალაქეებს გადაადგილებაში ან უსაფრთხოებაში ხელი ეშლებათ, კანონი ითვალისწინებს ავტომანქანის ევაკუაციას.

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ადგილებზე არაუფლებამოსილი პირის დაჯარიმება და სატრანსპორტო საშუალების გადაყვანა ემსახურება პრევენციას და წარმოადგენს კანონით დადგენილ ნორმას.

 

რაც შეეხება ტელეკომპანიის განცხადებას, თითქოს დამრღვევი პირი ადგილზე იმყოფებოდა, საპირისპიროს ამტკიცებს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოც, სადაც ცხადად ჩანს, რომ თანამშრომლებს დასრულებული აქვთ ევაკუაციის პროცესი, ყველანი განთავსებულნი არიან ევაკუატორში და მიემართებიან საჯარიმო სადგომისკენ.

 

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, ჯარიმა იძულებითი ღონისძიებაა, როდესაც ადგილი აქვს კანონდარღვევას, იზღუდება სხვათა უფლებები ან საფრთხე ექმნება მოქალაქეთა გადაადგილებას. იგი წარმოადგენს წესრიგის დაცვისა და პრევენციის ყველაზე ქმედით ინსტრუმენტს.

 

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ მერიის პრესსამსახურთან და ნუ შეუწყობთ ხელს სიცრუისა და ცილისწამების პროპაგანდას.

Eurowings ბერლინი-თბილისი-ბერლინის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings ბერლინი-თბილისი-ბერლინის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს.

ინფორმაცია ავიაკომპანიის ვებგვერდზე ვრცელდება, სადაც აღნიშნულია, რომ ფრენები 18 დეკემბერს დაიწყება და კვირაში ერთხელ, ყოველ ორშაბათს განხორციელდება. ცნობილია, რომ ერთი გზის ღირებულება კი 130 ევროდან დაიწყება.

ინფორმაცია, რომ გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings საქართველოში რეგულარული ფრენების დაწყებას გეგმავდა, 2021 წელს გავრცელდა. მაშინ ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2021 წლის 21 ივლისიდან “ევროვინგსი” ფრენას დუსელდოფის მიმართულებით დაიწყებდა.

მარნეულში კაცმა ცოლი მოკლა

მარნეულში კაცმა ცოლი მოიკლა.

სამოქალაქო აქტივისტის სამირა სამირა ბაირამოვას ინფორმაციით, კაცს ფსიქოლოგიური პრობლემა ჰქონდა.

„მარნეულში მამაკაცმა ცოლი დანით მოკლა. მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემა ჰქონია და როცა მისმა ცოლმა წამლების დალევა შესთავაზა, მან ცუდად მიიღო ეს და დანით დაარტყა, შემდეგ კი, როცა თავის დარტყმას ცდილობდა, მისმა შვილმა შეაჩერა“, – წერს ბაირამოვა.