Home Blog Page 1632

“ოპოზიციიდან არავინ ჩასულა შოვში, არცერთ მათგანს ადგილზე არ უნახავს სიტუაცია” – ლევან ნიკოლეიშვილი

ოპოზიცია ითხოვს შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას. ეს არაფერია, თუ არა ტრაგედიის საკუთარი პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენება, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში. ექსპერტი აღნიშნავს, რომ შოვში ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი არ ჩასულა.

„არცერთი მათგანი არ ჩასულა ტრაგედიის ადგილზე, არცერთი წამით. არცერთ მათგანს ადგილზე არ უნახავს სიტუაცია და ასე ჰაერზე ითხოვენ კომისიის შექმნას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ ბინძურ ბუნებას. წარმოიდგინეთ, რაღაც ტრაგიკულ მოვლენებზე ითხოვდე კომისიას და ნანახი არ გქონდეს, რა და როგორ მოხდა“, – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

“არცერთი ოპოზიციონერი, რომელიც საგამოძიებო კომისიაზე ხმამაღლა და ანგაჟირებულად საუბრობს, ადგილზე არ ჩასულა და არ დაუთვალიერებია ტრაგედიის ეპიცენტრი”

არცერთი ოპოზიციონერი, რომელიც საგამოძიებო კომისიაზე ხმამაღლა და ანგაჟირებულად საუბრობს, ადგილზე არ ჩასულა და არ დაუთვალიერებია ტრაგედიის ეპიცენტრი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის სურვილია, შოვში მომხდარ უზარმაზარ ტრაგედიაზე პოლიტიკური დივიდენდების დაწერა და არა ჭეშმარიტების გარკვევა.

„როდესაც ოპოზიციაზე ვსაუბრობთ, რომელსაც ძალიან ხმამაღალი განცხადებები ჰქონდა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ძალიან ცუდად გამოიყურებოდა მათი მონდომება, რეალურად აშკარად იგრძნობოდა, რომ მათი სურვილი იყო პოლიტიკური დივიდენდების დაწერა ამ უზარმაზარ ტრაგედიაზე და არა ჭეშმარიტების გარკვევა. ეს ჩანდა ყველაფრიდან გამომდინარე. მათ შორის, როდესაც დაიწყო მოთხოვნების წამოყენება საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, ბევრი მსგავსი მოთხოვნა ვიხილეთ, მაგრამ არავის დაგვავიწყდეს, რომ არცერთი ის ოპოზიციონერი, რომელიც ამაზე ძალიან ხმამაღლა და ანგაჟირებულად საუბრობს, პრაქტიკულად ადგილზე არ ჩასულა და ფიზიკურად არ დაუთვალიერებია იქ მომხდარი, ტრაგედიის ეპიცენტრი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

უკრაინის დამცველებმა ბახმუტის მიმართულებით კიდევ 3 კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს -ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტის სამხრეთით წინ მიიწევენ და გასული კვირის განმავლობაში კიდევ სამი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით გათავისუფლებული მთლიანი ტერიტორიის ფართობი 43 კვადრატულ კილომეტრამდე გაიზარდა.

ანა მალიარის ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს და სიტუაცია განსაკუთრებით რთულია ქალაქ კუპიანსკის მახლობლად.

„მძიმე ვითარებაა კუპიანსკის მიმართულებით. მტერი არ ტოვებს წინსვლის გეგმას და დამატებითი ძალების მობილიზებას ახორციელებს. დარწმუნებული ვართ ჩვენს დამცველებში, მაგრამ იქ მათთვის ძალიან რთული ვითარებაა“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

“რუსეთის ყველა მეზობელს საფრთხე დაემუქრება, თუ უკრაინამ ვერ გაუძლო” – ზელენსკი

„თუ რუსეთი უკრაინის ხელში ჩაგდებას მოახერხებს, ეს ევროპის სხვა სახელმწიფოებს ტკივილს და ტანჯვას მოუტანს, თუმცა ის ამას ვერ შეძლებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოს ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა შეიძლება მომდევნო სამიზნე გახდეს რუსეთის რაკეტებისთვის, ან დაქირავებული მეომრებისთვის, ანაც დესტაბილიზაციისთვის.

როგორც ზელენსკი ამბობს, ის დარწმუნებულია, რომ ამას დემოკრატიული ქვეყნები გრძნობენ.

„ჩვენი ქვეყნის შემდეგ, მათ უნდათ ეს ტანჯვა ევროპასა და მთელ მსოფლიოში გადაიტანონ და დარწმუნებული ვარ, ეს მოსკოვიდანაც გესმით. რუსეთის ყველა მეზობელს საფრთხე დაემუქრება, თუ უკრაინამ ვერ გაუძლო“, – განაცხადა ზელენსკიმ და ამასთან ხაზგასმით აღნიშნა: „მაგრამ უკრაინა გადარჩება. მე მინდა ეს გაიგოთ, ნახოთ და იგრძნოთ. უკრაინა გადარჩება“.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი 19-20 აგვისტოს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა შვედეთში, ნიდერლანდებსა და დანიაში. მოლაპარაკებების შემდგომ ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ დანიისგან 19 F-16 მოიერიშე თვითმფრინავები მიიღო, ნიდერლანდებისგან კი 42.

“მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო კამპანიას ვერ უნდა ახორციელებდეს” – მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო კამპანიას წესით ვერ უნდა ახორციელებდეს. ქართულ პოლიტიკაში მას ადგილი უბრალოდ, აღარ დარჩა. ეს შეიძლება მისი სურვილია და ამის მცდელობები ვიხილოთ, მაგრამ ეს არ არის მართლზომიერი,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე „გამარჯვების კამპანიას“ იწყებს და რეგიონებში მიხეილ სააკაშვილის სახელით მოსახლეობას შეხვდება.

სარჯველაძე აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა ეზღუდება და „როცა ცდილობენ ამ ნორმას პატივი არ სცენ, ეს კარგად არ გამოიყურება, სულ მცირე უპატივცემულობაა ქვეყნის კანონმდებლობის მიმართ“.

მისივე თქმით, წინასწარ ვერ იტყვის კანონმდებლობის ეს ნორმა ირღვევა თუ არა ამ კამპანიით, რადგან არ იცის კონკრეტული გეგმა როგორ იქნება განხორციელებული.

„მას მოუწევს პატივი სცეს და ანგარიში გაუწიოს ჩვენი სუვერენული ქვეყნის კანონმდებლობას, წესს და რიგს. რაც შეეხება მის მცდელობებს საარჩევნო კამპანია გააჩაღოს, მას აქვს ნეგატიური დამოკიდებულებები მისი პარტიის არაერთი დაჯგუფებისა და ფლანგის მიმართ, მათ შორის იმ ხალხის მიმართ, ვინც წავიდა, ვინც შეიძლება დარჩა და ეცდება წამოიწყოს ახალი, განსხვავებული თამაში, რომლითაც შეძლებს რაღაც ახალი შესთავაზოს საზოგადოებას ისე, რომ ფოკუსის ფუნქცია არ იყოს დაკარგული და შეძლოს, რომ დამალოს ის მანკიერებები, რომელიც მისი პოლიტიკური პარტიისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს მცდელობა წარმატებული იქნება, რადგან საზოგადოებამ კარგად იცის, რომ რეალურად არანაირი შინაარსი ამ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს.

ქართული კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა ეკრძალება. თვითონ არ იციან, რა იქნება მათი ქმედებები მომავალში და ამას [ირღვევა თუ არა კანონი] წინასწარ ვერ შევაფასებ. რაც არ უნდა იყოს, თუ ეს გულისხმობს სააკაშვილის მონაწილეობას ქართულ პოლიტიკაში, ეს იქნება არამართლზომიერი აქტი,“ – განაცხადა სარჯველაძემ.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მაღალჩინოსნები პუტინისგან სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის გადაყენებას მოითხოვენ -Bloomberg

Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მაღალჩინოსნები ქვეყნის პრეზიდენტისგან თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის მეთაურის, ვალერი გერასიმოვის გადაყენებას მოითხოვენ.

გამოცემის ცნობით, „ეფესბეს“ მაღალჩინოსანთა ჯგუფი „ვაგნერის“ დაჯგუფების ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის პოზიციას იზიარებს, რომ უკრაინაში აგრესიული ომის წარმოებაა საჭირო, რაც მობილიზაციის გამოცხადებასაც ითვალისწინებს. ამასთან, როგორც Bloomberg-ში აღნიშნავენ, ამ დროისთვის იმის არანაირი ნიშანი არ ჩანს, რომ პუტინი შოიგუსა და გერასიმოვის გადაყენებას აპირებს.

შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაკარგულთა ძებნა 36 ლოკაციაზე მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლევან შერაზადაშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში 5 მოქალაქის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოები, როგორც ონის მუნიციპალიტეტის, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხორციელდება.

„ამ დროისათვის ნაპოვნია 28 მიცვალებულის ცხედარი. მიმდინარეობს 5 დაკარგული მოქალაქის სამძებრო სამუშაოები. აქვე მინდა გითხრათ, რომ დღეს მოხდება სამი გარდაცვლილის ქუთაისის პროზექტურიდან გადმოსვენება სოფელ ლაგვანთაში და ხვალ, 28 აგვისტოს თემურ ჩარკვიანს, დიმიტრი ფირცხალავასა და ნიკოლოზ ჩალაძეს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს 36 ლოკაციაზე. მოგეხსენებათ, გაზრდილია პერიმეტრი, როგორც ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ძებნითი სამუშაოები“, – განაცხადა ლევან შერაზადაშვილმა.

“ივლისში საარსებო მინიმუმი შემცირდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ივლისში, მაისთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა.

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 254.5 ლარი იყო, ივნისში კი ეს მაჩვენებელი 4 ლარითა და 70 თეთრით შემცირდა და, ჯამში, 249.8 ლარი შეადგინა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2023 წლის ივნისთან შედარებით, ივნისში 4 ლარითა და 10 თეთრით არის შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 221.3 ლარს შეადგენს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, 2021 წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ ახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.). როგორც საქსტატში აღნიშნავენ, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

საქსტატის ცნობით, საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება, მინიმალური სასურსათო კალათა კი, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან. ესენია: პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

“ხვალიდან ვიწყებ „გამარჯვების კამპანიას“ – სოფო ჯაფარიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სოფო ჯაფარიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს. ამის შესახებ სოფო ჯაფარიძემ კლინიკა “ვივამედთან” განაცხადა.

მისივე თქმით, კამპანია სიმბოლურად, ბათუმიდან დაიწყება და ის შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართავს.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მოსახლეობის წერილობით მოსაზრებებს მიხეილ სააკაშვილი გაეცნობა.

„ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა და ერთად სათანადოდ მომზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის. მიხეილ სააკაშვილმა აქ ჩამოსვლით და ამ თავგანწირვით გვაჩვენა პატრიოტიზმის უმაღლესი სტანდარტი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან რთული, ის აი, აქედან, ამ ოთხი კედლიდან აგრძელებს ბრძოლას სამშობლოს გადარჩენისთვის. მისი საბრძოლო განწყობა არის უმაღლესი და ის აუცილებლად იბრძოლებს ბოლომდე ქვეყნის თავისუფლებისთვის და სამშობლოს გადარჩენისთვის.

ხვალიდან, ვიწყებ ძალიან დიდ კამპანიას. ჩამოვალ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქვეყნის ყველა კუთხეში მიხეილ სააკაშვილის სახელით. მოგისმენთ ყველას, მოვუსმენ თითოეული თქვენგანის პრობლემას და მოსაზრებას ამ ურთულესი პოლიტიკური პროცესების მართვის კუთხით. თქვენ აუცილებლად უნდა გახდეთ მონაწილეები ამ ძალიან რთული პროცესის და არა მხოლოდ მონაწილეები, არამედ პროცესის შემქმნელები, რათა ძალიან მალე ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება. გამარჯვება არის ისე ახლოს, როგორც არასოდეს. მიხეილ სააკაშვილი მზადაა მოგისმინოთ ყველას, მოისმინოს ყველას მოსაზრება. არა მხოლოდ მზად არის, არამედ მისი ძალიან დიდი სურვილი არის, რომ თქვენთან ერთად შექმნას ეს პოლიტიკური პროცესები, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე. გამარჯვება არის გარდაუვალი.

მე გაძლევთ პირობას, თითოეული თქვენგანის წერილობითი მოსაზრება მივა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილამდე და ჩვენ ყველა ერთად შევქმნით გამარჯვების ძალიან დიდ ფორმულას, რომელიც ძალიან მალე მოგვიყვანს გამარჯვებამდე,“ – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას, რომელშიც ჩართულია თავად მიხეილ სააკაშვილი, სოფო ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ შეიძლება ასეც ითქვას.

„დიახ, თუნდაც დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყება. ეს ნიშნავს გამარჯვების კამპანიის დაწყებას,“ – აღნიშნა ჯაფარიძემ.

Twitter-ი დაბლოკვის ფუნქციას ზღუდავს

Twitter-ის, რომელიც ახლა X-ის სახელით არის ცნობილი, მომხმარებლებს დაბლოკვის ფუნქციას უზღუდავს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სოციალური ქსელის მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ სხვა ანგარიშების დაბლოკვა უბრალოდ „უაზრობაა“. ამასთან, მან დასძინა, რომ მომხმარებლები კვლავ შეძლებენ თავი აარიდონ არასასურველი ანგარიშებისგან პირადი შეტყობინებების მიღებას.

სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი წესის გამო მათ გაუჭირდებათ ფიდის შეურაცხმყოფელი პოსტებისგან გაწმენდა.

ამასთან, დაბლოკვის ფუნქციის გაუქმება შესაძლოა Apple’s App Store-ისა და Google Play-ს წესებს არღვევდეს. ორივე ონლაინ-მაღაზიის პირობებში აღნიშნულია, რომ სოციალური ქსელების აპლიკაციების მომხმარებლებს შევიწროებისა და ბულინგის შემცველი პოსტების გაფილტვრის საშუალება უნდა ჰქონდეთ. შედეგად, არ არის გამორიცხული, რომ ამ მაღაზიებიდან X-ის გადმოწერა შეუძლებელი გახდეს.

კინემატოგრაფისტების ნაწილი ქართული კინოს თავისუფლების მოთხოვნით კულტურის სამინისტროს ბოიკოტს უცხადებს

კინემატოგრაფისტები ქართული კინოს თავისუფლების მოთხოვნით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბოიკოტს უცხადებს.

როგორც კინემატოგრაფისტების განცხადებაშია ნათქვამი, ისინი პროტესტის ნიშნად კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„ჩვენ, ქართული კინოს თავისუფლებისთვის გაერთიანებული კინემატოგრაფისტები, რომლებიც ვეწინააღმდეგებით კულტურისა სამინისტროს რეპრესიულ პოლიტიკას, 2023 წლის აგვისტოდან ვაცხადებთ ბოიკოტს!

პროტესტის ნიშნად, ჩვენ აღარ მივიღებთ მონაწილეობას მიტაცებული კინოცენტრის გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში, ჩვენ უარს ვამბობთ საკონკურსო კომისიების წევრობაზე, რადგან არ გვსურს ვიქცეთ ფორმალურ თანამონაწილედ იმ პროცესისა, რომელსაც ქართული თანამედროვე კინო, კულტურა და მეცნიერება განადგურებისაკენ მიჰყავს.

პროტესტის პირველივე დღიდან, ჩვენ ვითხოვთ სისტემურ ცვლილებას – კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესის შეცვლას! გვჯერა, რომ კინოცენტრის დირექტორი უნდა იყოს არჩეული მხოლოდ გამჭვირვალე და საჯარო პროცესით, სფეროს წარმომადგენლების მიერ და არ იყოს დანიშნული მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით. მხოლოდ დემოკრატიული წესით არჩეული მმართველის პირობებში შეძლებს კინოცენტრი უზრუნველყოს ქართველი კინემატოგრაფისტების სიტყვის, გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლება!

დამოუკიდებლობა კინოცენტრს! ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!

პირველი 200 ხელმწერის სიას იხილავთ მითითებულ ბმულზე.

თანდართული ფორმის გამოყენებით, კინოს სფეროში მომუშავე ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, შემოუერთდეს ჩვენს პოზიციასა და ბრძოლას კულტურის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. https://forms.gle/Y5tLaK68BanzcVLh6“, – ნათქვამია კინემატოგრაფისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, 2023 წლის 11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კობა ხუბუნია დანიშნა, რომელმაც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.

“ჩვენში დაშლა არ მოშლის საკითხს მასპინძელი წყვეტს და არა სტუმარი” – გოგა ხაინდრავა კელი დეგნანს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს იმაზეა დამოკიდებული ამიერიდან რას აპირებთ?! სხვებიც არ აპირებდნენ, ყველას აღარ ჩამოვთვლი, ვიკიპედიაში ჩაიხედეთ უკანა გზაზე. ჩვენში დაშლა არ მოშლის საკითხს მასპინძელი წყვეტს და არა სტუმარი“, – წერს ხაინდრავა.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, რომელსაც ამ პოსტზე თავისი საქმიანობის ვადა ეწურება, ინტერვიუში განაცხადა „აქ ვართ, საქართველოსთან ერთად 30 წელზე მეტია და არსად წასვლას ვაპირებთ“.