Home Blog Page 1604

შოვში მეწყერის შემდეგ ჩვენი გულები არის საქართველოს მოსახლეობასთან, აშშ თქვენ გვერდითაა – აშშ-ის ჰელსინკის კომისია 

აშშ-ის ჰელსინკის კომისია შოვში მომხდარ სტიქიას ეხმაურება.

როგორც  ჰელსინკის კომისიაში აცხადებენ, აშშ საქართველოს გვერდითაა.

„ჩვენი გულები არის საქართველოს მოსახლეობასთან შოვში ჩამოწოლილი ტრაგიკული მეწყერის შემდეგ. აშშ და მისი ხალხი თქვენ გვერდითაა“, – ნათქვამია აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

“86 ერთეული მძიმე ტექნიკა ჩართულია საძიებო სამუშაოებში 8 პრიორიტეტულ მდებარეობაზე” – ირაკლი ქარსელაძე

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მობილიზებული სპეციალური ტექნიკა მეხუთე დღეა აგრძელებს მუშაობას სტიქიის ზონაში. ამ დროისთვის, ადგილზეა მობილიზებული 100 -ზე მეტი სპეციალური ტექნიკა, აქედან 86 ერთეული მძიმე ტექნიკა ჩართულია საძიებო სამუშაოებში 8 პრიორიტეტულ მდებარეობაზე. დამატებითი და გაფართოებული დავალებებისთვის ადგილზე მობილიზებული გვაქვს დამატებითი რესურსი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა ღრმა მწუხარება გამოხატა და მიუსამძიმრა რაჭაში განვითარებული სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.

როგორც მან აღნიშნა, მძიმე ტექნიკა გადანაწილებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად განსაზღვრულ, პრიორიტეტულ მიმართულებებზე და სამუშაოებს აწარმოებენ ამავე სამსახურის წარმომადგენლების უშუალო მითითებებითა და ზედამხედველობით. გუშინ, ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა მჟავე წყლების მიმართულებით გზის გაყვანა და მდინარის ფონის გადალახვა, რაც გუშინვე იქნა მიღწეული. ტექნიკა ამ მდებარეობაზე გადაყვანილია და გუშინვე დაიწყო სამუშაოები.

მძიმე ტექნიკა გუშინ და დღეს მუშაობს, როგორც შოვის ტერიტორიაზე, ისე მდინარის კალაპოტში, ფონის გაგანიერების და გაწმენდის მიზნით. ასევე, წარმოებს მდინარე ბდღვიორასა და მდინარე ჭანჭახის გაწმენდისა და კალაპოტის ფორმირების სამუშაოები.

,,სტიქიის პირველ დღეებში, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო კურორტ შოვთან დამაკავშირებელი დროებითი ხიდისა და გზის მოწყობა. ამისათვის საჭირო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო. 24 საათიანი მუშაობის შედეგად, მძიმე ტექნიკამ, ხიდის მონტაჟისთვის, გაწმინდა მდინარის კალაპოტი და პარალელურად მუშაობდა სტიქიის ზონასთან მისასვლელი გზის მოწყობაზე ორი მიმართულებით. 4 აგვისტოს დროებითი ხიდი უკვე მოეწყო და შესაბამისად, ნებისმიერი ტექნიკის გადაყვანის შესაძლებლობა გაჩნდა’’-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე განცხადებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, სტიქიის პირველივე დღეს დაიწყო მძიმე ტექნიკის მობილიზაცია. კერძოდ, ადგილზე მობილიზაცია გაუკეთდა ექსკავატორებს, ბულდოზერებს, თვითმცლელებს და ამწეებს. ეს ტექნიკა ეხმარება შესაბამის სამსახურებს რთულად გადასალახ ღვარცოფულ მასაში ძებნა-შველის სამუშაოების წარმოებაში.

“ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე”

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.

„დღეს 15 წელი შესრულდა რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის ომიდან. ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.

ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობად ყოფნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებებს. ადგილობრივი მოსახლეობა ისევ ჰუმანიტარული გამოწვევების წინაშეა და გრძელდება ადამიანის უფლებების დარღვევები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და უკანონო დაკავებების შედეგად. კვლავ არსებობს დაბრკოლებები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და ლტოლვილებისთვის წარმოშობის ადგილზე დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირი კონფლიქტების მოგვარების მცდელობებში სრულად იყო ჩართული, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევის საშუალებით. მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს კონსტრუქციულად ჩაერთონ განხილვებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ ლტოლვილთა და დევნილთა უფლების მნიშვნელობას მდგრადი გადაწყვეტის არჩევასთან დაკავშირებით, რომელიც ნებაყოფლობით, უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას მოიცავს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ადგილზე უწყვეტად მუშაობამ 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებლის მონაწილეობით ასევე ხელი შეუწყო უსაფრთხოების სიტუაციის სტაბილიზაციას. 2024 წლის დეკემბრამდე კვლავ განახლებული მანდატით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მისიაა, რომელიც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალურ ცხოვრებას უწყობს ხელს.

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს საქართველოში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში ჩართულობის ერთგულებას და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

8 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზის კმ13-კმ32,6 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ32,6 მონაკვეთზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ  მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2023 წლის 8 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი რეჟიმით:

  • ყოველი კვირის ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, მოძრაობა თავისუფალია 05:00 სთ-დან, 09:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენ საათებში მოძრაობა აკრძალულია;
  • შაბათს, მოძრაობა თავისუფალია 05:00 სთ-დან, 09:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან, 20:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენ საათებში მოძრაობა აკრძალულია;
  • კვირას, მოძრაობა თავისუფალია 05:00 სთ-დან, 20:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენ საათებში მოძრაობა აკრძალულია.

კვირის ნებისმიერ დღეს, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სტიქიის ზონაში ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა სამღვდელოებასთან ერთად დიდ პანაშვიდი გადაიხადა

შოვში, იმ ტერიტორიაზე, სადაც სტიქიის შედეგად 18 პირი დაიღუპა და დაკარგული 16 ადამიანის ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს, ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ლიპარტელიანი) სამღვდელოებასთან ერთად დიდ პანაშვიდი გადაიხადა.

„სტიქიის მეორე დღის დილიდან სამღვდელოება აქ იყო და ფაქტობრივად, ამ ადგილებს არ მოსცილებია. რითაც შეგვეძლო, ლოცვით თუ ფიზიკურად, ჩვენ გვერდი ვედექით ამ მამაც მაშველებსა და სამხედროებს.

ბოლო დღეებში ყველას მოუხმობდით, რომ მობრძანებულიყვნენ აქ და ერთად მონაწილეობა მიგვეღო გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის გადახდაში“, – განაცხადა მსახურების დაწყებამდე მეუფე ვახტანგმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ შოვში, სტიქიის ზონაში გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო მწუხარება გამოთქვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს სტიქიის შედეგად 18 გარდაცვლილია, მათგან 14-ის ცხედარი იდენტიფიცირებულია, მაშველები 16 დაკარგულს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.

“მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები”

15 წელი, 2008 წლის აგვისტოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია მოხდა, – განაცხადა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ.

„მას შემდეგ საქართველო ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მძიმე სამხედრო ყოფნის საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები“, – აღნიშნა ევროკომისარმა.

“რუსეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, უკრაინულ კრიზისზე არცერთი შეხვედრა არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი საუდის არაბეთში უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ საკითხზე გამართულ მოლაპარაკებებს სერიოზულად ვერ აღიქვამს, რადგან სურს, რომ უკრაინამ წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტოს.

უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, კონფლიქტის ყოვლისმომცველი, მდგრადი და სამართლიანი დარეგულირება კიევის მიერ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემთხვევაში არის შესაძლებელი.

“ჩვენ არ გვაკმაყოფილებს 10-პუნქტიანი „მშვიდობის ფორმულის“ არც ერთი პუნქტი, რადგან ის რუსეთისთვის უაზრო ულტიმატუმს წარმოადგენს და საბრძოლო მოქმედებების გაჭიანურებაზე არის მიმართული”, – განაცხადა ზახაროვამ.

ასევე კრემლს არ ესმის, თუ რატომ არ დაპატიჟეს გამართულ სამიტზე.

“რუსეთის მონაწილეობის და მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე, უკრაინულ კრიზისთან დაკავშირებული არც ერთი შეხვედრა არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს “, – ნათქვამია განცხადებაში.

“რუსეთის საქართველოში შეჭრა იყო არა მხოლოდ რეგიონალური კონფლიქტი, არამედ მოვლენა, რომელმაც გავლენა მოახდინა გლობალურ უსაფრთხოებაზე”

15 წლის წინ რუსეთის ფედერაცია საქართველოში შეიჭრა. ეს არ იყო მხოლოდ რეგიონალური კონფლიქტი – როგორც ზოგიერთს სურდა მისი აღწერა – არამედ მოვლენა, რომელმაც გავლენა მოახდინა გლობალურ უსაფრთხოებაზე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა “ტვიტერზე” წერს.

მისი თქმით, ეს იყო პოსტკომუნისტური რუსეთის სამხედრო აგრესიის პირველი პირდაპირი აქტი დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

“ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის, რეგიონის ერთიანობისა და წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის სანდოობის ტესტი”, – წერს ევროპარლამენტარი.

მისი თქმით, საქართველომ ეს გამოცდა ჩააბარა მამაცი ჯარისკაცების, ხელისუფლებისა და ხალხის დამსახურებით.

“საქართველომ ეს გამოცდა მამაცი ჯარისკაცებითა და კომპეტენტური ხელისუფლებით ჩააბარა, ასევე თავისი ხალხით, რომელიც მზად იყვნენ დაეცვათ საკუთარი ქვეყანა. ჩემმა რეგიონმა, ცენტრალურმა და აღმოსავლეთმა ევროპამ, პოლონეთის, უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ლიდერების თბილისში ერთობლივი ჩასვლით, გამოავლინა სოლიდარობა და აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ არ გვეშინია რუსეთის და რომ ჩვენ მზად ვართ საკუთარი სიცოცხლეც კი რისკის ქვეშ დავაყენოთ იმისთვის, რომ ამ შემოჭრასა და რუსული იმპერიალიზმის აღდგენას დავუპირისპირდეთ. მესამე ფაქტორი, რომელმაც რუსული ტანკების თბილისში შემოსვლა შეაჩერა, შეერთებული შტატების გადამწყვეტი ქმედება, მათ შორის არაპირდაპირი სამხედრო ხასიათის ქმედებაა”, – აღნიშნულია ევროპარლამენტარის განცხადებაში.

მისი თქმით, უკრაინის გამარჯვება არის ერთადერთი გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროპა მთლიანი და თავისუფალი იყოს.

“დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩვენს ნაწილში ნაცრისფერი ზონები არ შეიძლება არსებობდეს. უკრაინის გამარჯვება არის ერთადერთი გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროპა იყოს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი და საქართველო, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ამ ხედვის განუყოფელი ნაწილია”, – წერს ევროპარლამენტარი.

“ჩვენ თუ დამოუკიდებლობა, სახელმწიფო ნამდვილად გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის ჩვენი საერთო საფრთხე”

ჩვენ თუ დამოუკიდებლობა, სახელმწიფო ნამდვილად გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის ჩვენი საერთო საფრთხე, ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.

„ახლა მოვდივარ სვეტიცხოვლიდან, სადაც პანაშვიდი გადაიხადეს რაჭაში გარდაცვლილი ადამიანებისთვის. რომლებიც ჯერ შეიძლება, კიდევ ცოცხალია და შეიძლება, დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს, მათთვის ილოცეს. ამავდროულად, ილოცეს 2008 წლის ომში საქართველოსთვის დაღუპულთათვის.

ამ ორ ტრაგედიაში, რომელიც ორივე აგვისტოში მოხდა, შეიძლება, ბოლომდე თანხვედრა არ არის. ჩვენ გვებრძვის მტერი, ხან ომით და ხან რბილი ძალით, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან ჩანს და რომელსაც სჭირდება ჩვენი ერთიანობა, ასევე განრისხებული ბუნებაც გვებრძვის, რომლის წინაშეც გვჭირდება გაერთიანება.

ისეთი განცხადებები ისმის, თუ სოციალურ ქსელში დაწერილი, თუ წამოძახილი, რაც დღეს ჩემთვის მიუღებელია. მე დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მიუღებელია ქართველისთვის და საქართველოსთვის. ჩვენ თუ გვინდა დამოუკიდებლობა, რისთვისაც იბრძოდნენ ის ადამიანები, რომლებიც აქ განისვენებენ, ჩვენ თუ ეს დამოუკიდებლობა ნამდვილად გვინდა, თუ სახელმწიფო გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის ჩვენი საერთო საფრთხე და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურება დიდი განსაცდელია ქვეყნისთვის -პატრიარქი

რაჭაში ახლახანს მომხდარი სტიქიური უბედურება დიდი განსაცდელია ქვეყნისთვის; მთელი საქართველო, და ჩვენც, ფრიად ვწუხვართ და გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილში.

„შოვის ტრაგედიამ ერთხელ კიდევ ყველას შეგვახსენა, რომ არავინ იცის, წუთისოფლიდან გასვლის ჟამი ვის როდის დაუდგება; ამიტომაც ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ ამისთვის; ჩვენი მზადყოფნა კი, ჩვენი მტკიცე რწმენა, ურთიერთსიყვარული და ჩვენს კეთილ საქმეთა სიმრავლეა.

ქრისტიანისთვის გარდაცვალება მხოლოდ დროებითი განშორებაა ახლობელთან და ამიტომაც ჩვენი მწუხარება სასოწარმკვეთი არ უნდა იყოს. აღდგომილმა მაცხოვარმა განაქარვა სიკვდილი და მარადიული სიცოცხლის ზეიმს დაუდო სათავე.

ესაა ჩვენი რწმენის საფუძველი, ჩვენი ნუგეშისა და იმედის წყარო; და ეს განწყობა, გლოვასთან ერთად, ყველას უნდა გვქონდეს.

მინდა, დღეს უფალს დიდი მარხვის სავედრებლის სიტყვებით მივმართო:

„რომელნი შთანთქა წყალმან, რომელნი მოსრნა წვიმამან და ღვართა და ნაფშვენმან სიმრავლემან შეაშთვნეს და დაფარა ქვეყანამან, ძვრამან და სვრამან და პირად-პირადმან სიკვდილმან, და მდინარეთა და წყაროთა შინა, სახლითა განგლილთა (სახლის ნანგრევებში მოყოლილთა) დაძვრისაგან დაფარულთა … სარწმუნოებით შენდა მოსულთა მორწმუნეთა, ქრისტე ღმერთო, წყალობით განუსვენე“.

ყოვლადწმინდაო სამებაო, ასევე გევედრები, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ახლობლები განამტკიცე, განაძლიერე და მშვიდობით შენით აკურთხე; დალოცე და სასოება შენი მოჰმადლე სრულიად საქართველოს, ამინ!“, – ნათქვამია ილია მეორის სამძიმრის წერილში.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უსაფრთხოების კუთხით რეგიონში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობისა და არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველოს მთავრობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება, რასაც ალტერნატივა არ გააჩნია.

„15 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ და ძალის გამოყენებით, დაარღვია სუვერენული სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები და ტერიტორიული მთლიანობა, რასაც მოყვა საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი პატივს მიაგებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების, მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების ხსოვნას და თანაგრძნობას უცხადებს მათ ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს.

საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევით, რუსეთი დღემდე განაგრძობს საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში თავისი უკანონო კონტროლის გაძლიერებას, საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნის პროცესის გაფართოებას და ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეშ, სისტემატურ დარღვევას, რაც მათ შორის გამოიხატება ეთნიკური დისკრიმინაციით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესით, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვებით, უკანონო დაკავებებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით, საკუთრებაზე, სამედიცინო დახმარებასა და საარსებო წყაროებზე წვდომის შეზღუდვით. ამასთან, შემაშფოთებელია ოკუპირებული რეგიონებისა და ადგილობრივი მოსახლეობის შემდგომი ხელოვნური იზოლაციისკენ მიმართული ქმედებები, რაც სხვა მიზნებთან ერთად, ხალხთაშორისი მზარდი კავშირებისა და შერიგების პროცესის ხელშეშლას ემსახურება.

კვლავ დაუსჯელნი რჩებიან საქართველოს მოქალაქეების – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილე და პასუხისმგებელი პირები. ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის შედეგად, ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი დღემდე მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლებას.

საქართველოს მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საოკუპაციო ძალის მიერ კვლავ არ ეძლევა საკუთარი მანდატის სრულყოფილი შესრულებისა და ოკუპირებულ რეგიონებში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა.

საერთაშორისო სასამართლოების არაერთი გადაწყვეტილების შესაბამისად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ ვითარებასა და განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.

საქართველოს მთავრობა, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებული, ინტენსიური თანამშრომლობით, განაგრძობს ძალისხმევას ოკუპაციის მძიმე შედეგებთან გამკლავების მიზნით, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილე პირების პასუხისგებაში მიცემის, დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის შესაბამისი პირობების შექმნის, უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლებისა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვის ჩათვლით.

უსაფრთხოების კუთხით რეგიონში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობისა და არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველოს მთავრობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება, რასაც ალტერნატივა არ გააჩნია. საქართველოს ხელისუფლება მოწოდებულია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მაცხოვრებლებს შეუქმნას სტაბილურ, მშვიდობიან და განვითარებულ საქართველოში ცხოვრებისთვის ხელსაყრელი პირობები. სწორედ ამიტომ, ოკუპირებულ რეგიონებზე შეზღუდული წვდომის პირობებშიც კი, საქართველოს მთავრობა მტკიცედ და განუხრელად აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას, რაც, დეოკუპაციასთან ერთად, მიმართულია ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის დეპოლიტიზირებული დიალოგის გაფართოებისა და ნდობის მშენებლობისკენ, ასევე, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვისა და მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივების შეთავაზებისკენ, მათ შორის, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის კონტექსტში. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიზნების მისაღწევად, საქართველოს მთავრობა ხელმძღვანელობს მხოლოდ დეპოლიტიზებული, სტატუს-ნეიტრალური და ჰუმანიტარული მიდგომით, რომლის მთავარი ღირებულება არის ადამიანი, მისი ღირსება და კეთილდღეობა.

სამშვიდობო პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან პრინციპული და კონსოლიდირებული მხარდაჭერის გაგრძელება, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვის, ხელოვნური იზოლაციისკენ მიმართული ქმედებების აღკვეთისა და ხალხთაშორისი დიალოგის ხელშეწყობის მიზნით. სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეხმიანება და უაღრესად მნიშვნელოვნად აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და საერთაშორისო პარტნიორების წვლილს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში”, – ნათქვამია განცხადებაში.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 აგვისტოსთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6106 ლარი ეღირება, ევრო – 2.8644 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3215 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6117 ლარი ღირდა, ევრო – 2.8590 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3171 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 8 აგვისტოს ამოქმედდება.