Home Blog Page 16

არჩევნები საერთო საქმეა და სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მივმართავ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, მოვიდნენ არჩევნებზე და გამოიყენონ საკუთარი არჩევანის უფლება -გიორგი კალანდარიშვილი

ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ხვალ, 4 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს. ამის შესახებ გიორგი კალანდარიშვილმა ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე პროცესს გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.

„რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის არიან როგორც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 21 ქვეყნიდან. მათ შორის ბულგარეთიდან, ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინადან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, მონტენეგროდან, თურქეთიდან და მოლდოვიდან.

აღსანიშნავია, რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაიმართება სამუშაო შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს პირადად მივაწვდი ინფორმაციას არჩევნებთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

მისივე განცხადებით, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია.

„თბილისში რეგისტრირებულია მერობის ცხრა კანდიდატი. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა 12-ვე პოლიტიკურმა გაერთიანებამ. გარდა თბილისისა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი ოთხი კანდიდატი.

რაც შეეხება ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული მაჟორიტარობის კანდიდატებს – სულ რეგისტრირებულია 2 228 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 32 კანდიდატი. თბილისში კი 160 კანდიდატი.

ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. მათ შორისაა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი ათი უბანი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.

ყველა საარჩევნო უბანი მზად არის ამომრჩეველთა მისაღებად. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის  მოქმედი პირადობის მოწმობა ან პასპორტი. კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე, თუმცა ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები, ადმინისტრირების თვალსაზრისით, ერთ-ერთი კომპლექსური და რთული არჩევნებია. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტებით ჩასატარებლად აქტიურად ემზადებოდა მთელი წლის განმავლობაში. სხვადასხვა მიმართულებით განახორციელა არაერთი მასშტაბური საქმიანობა.

სწორედ განხორციელებული სამუშაოებისა და იმიტირებული კენჭისყრის შედეგების საფუძველზე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ადმინისტრაცია ხვალინდელი დღისთვის სრულად მზად არის. ამისათვის – გაწეული საქმიანობისა და შეტანილი წვლილისთვის მადლობას ვუხდი ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს და ყველა ჩართულ მხარეს, დაწყებული საჯარო უწყებებით, დასრულებული სხვადასხვა სუბიექტებით (პოლიტიკური პარტიები, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ.) რომელთაც ხელი შეუწყვეს საარჩევნო ადმინისტრაციას ამ უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის მზადების პროცესში.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს, ხელი შეუწყონ არჩევნების დაკვირვების და გაშუქების უმნიშვნელოვანეს პროცესს, კანონით დადგენილი წესების ზედმიწევნით დაცვით. ამასთან, მოუწოდებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დაიცვან კანონმდებლობა, არ ჩაერიონ კომისიების ფუნქციებსა და საქმიანობაში და ამით ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩატარებას. საარჩევნო ადმინისტრაცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში და საქმიანობაში ჩარევის ან ხელის შეშლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართავს კანონით დადგენილ მექანიზმებს.

არჩევნები საერთო საქმეა და სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მივმართავ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, მოვიდნენ არჩევნებზე და გამოიყენონ საკუთარი არჩევანის უფლება, ასევე მივმართავ ჩართულ მხარეებს – რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას – ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას. თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და მთლიანობის უზრუნველსაყოფად.

დეტალური ინფორმაცია საარჩევნო უბნების, აქტივობებისა თუ სხვა საქმიანობებისა და სტატისტიკის შესახებ, განთავსდება ცესკო-ს ვებგვერდზე და ასევე, მიეწოდებათ მედია საშუალებების წარმომადგენლებს გავრცელების მიზნით.

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება არჩევნებს. პირველ რიგში მინდა, აღვნიშნო, ეს არის მუნიციპალიტეტის ორგანოთა პირველი არჩევნები, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის პროცედურების სისწრაფეს, სიმარტივეს და უზრუნველყოფს გამჭვირვალობას.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 3 130 348 ამომრჩეველი.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 000-მდე ახალგაზრდას, რომელთა ინფორმირების მიზნით, ცესკომ არაერთი საინფორმაციო აქტივობა განახორციელა

გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 60 754-მა ამომრჩეველმა მომართა.

არჩევნების ადმინისტრირებას განახორციელებს 34 000-მდე საარჩევნო ადმინისტრატორი.

იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელიც დაყოფილია სამ სვეტად. საარჩევნო ბიულეტენთან ერთად, რეგისტრატორი ამომრჩეველს გადასცემს შესაბამისი ფორმის სპეციალურ, შესაბამის ჩარჩო-კონვერტს. ელექტრონულ უბანზე მისულმა ამომრჩეველმა ამ შემთხვევაში კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი საარჩევნო სუბიექტის ნომერი, არამედ სპეციალური მარკერით თითოეულ სვეტში უნდა გააფერადოს/მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის წინ არსებული წრის შიდა სივრცე და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით ბიულეტენი მოათავსოს ხმის მთვლელ აპარატში ჭრილის საფარის ქვეშ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჭრილის საფარი არჩევნებზე წელს პირველად გამოიყენება.

ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რომელიც პლანშეტის საშუალებით გამოიგზავნება ცესკოში. რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო და სავარაუდოდ კენჭისყრის დასრულებიდან 1 – 2 საათის განმავლობაში, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია ინფორმაციის მიღებასთან და კონსოლიდირებასთან, საზოგადოებას გავაცნობთ პირველად წინასწარ მონაცემებს. აღსანიშნავია, რომ გადმოგზავნილი მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლა. ბიულეტენების დათვლის დროს კომისიის წევრები ახარისხებენ ნამდვილ და ბათილ ბიულეტენებს და მიღებულ შედეგს ადარებენ აპარატის მონაცემებს.

დანარჩენ საარჩევნო უბნებზე, კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები დასკანერდება და გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად, კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. რა თქმა უნდა, ხმის მიცემა ფარულია. ყველა საარჩევნო უბანზე განთავსებულია მოდიფიცირებული (ე.წ. ამოჭრილი) კაბინები. აქვე შეგახსენებთ, რომ კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია. ამასთანავე, კავშირი ამომრჩეველსა და ბიულეტენს შორის, ისევე როგორც კავშირი ვერიფიკაციის აპარატსა და ბიულეტენს შორის არ არსებობს, რაც ფარულობის უზრუნველყოფის კიდევ ერთი წინაპირობაა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისა და ვენდორი კომპანიის გამოცდილებით, ალბათობა იმისა, რომ რომელიმე აპარატი მწყობრიდან გამოვიდეს, მინიმალურია. მაგრამ, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული და დაზღვეულია მსგავსი შემთხვევებიც. მთავარი არის ის, რომ არცერთ შემთხვევაში არ შეწყდება კენჭისყრა.

დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკო-ს კონტაქტჰაბი – 2 51 00 51. ასევე, მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, ზედმიწევნით დაიცვან კანონმდებლობა და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

დიზაინის ინსტიტუტის გრძელვადიანი პროგრამები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

თიბისის მხარდაჭერით დიზაინის ინსტიტუტი სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს და სტუდენტებს ინტენსიურ გრძელვადიან პროგრამებს სთავაზობს: დიზაინის საფუძვლებისა და შემოქმედებითი და ვიზუალური ფიქრის მიმართულებით.

პროგრამები ეხმარება სტუდენტებს პროფესიული ინტერესების პოვნაში, აკადემიური საფუძვლის შექმნაში და საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის აღმოჩენაში.

შემოდგომის სემესტრში ინსტიტუტი საფუძვლების პროგრამის მეოთხე ნაკადს მიიღებს და ამჯერად, დიზაინის საფუძვლების გარდა, სტუდენტებს შემოქმედებითი და ვიზუალური ფიქრის გრძელვადიან პროგრამასაც შესთავაზებს. სტუდენტებს შეეძლებათ აირჩიონ ის მიმართულება, რომელიც მათ პროფესიულ და აკადემიურ ინტერესებს მეტად ერგება.

თითოეული პროგრამა აერთიანებს 30-ზე მეტ ლექტორს და დიზაინის, შემოქმედებითი და ბიზნეს სფეროს პროფესიონალს. ინტენსიური, 200 საათიანი კურსის განმავლობაში სტუდენტებს შეეძლებათ სრულყოფილად გაიცნონ დიზაინის სფეროში და შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებული პროფესიები და დისციპლინების საფუძველი, იმუშავონ დარგის საუკეთესო სპეციალისტებთან ნამდვილ პროექტებზე, გაიზიარონ ცოდნა და მიიღონ რჩევები ბიზნესის და სოციალური სექტორის წარმომადგენლებისგან.

პარტნიორების მხარდაჭერით, ინსტიტუტმა წელსაც გასცა გრძელვადიან პროგრამებზე რამდენიმე სრული (100%) სტიპენდია.

თიბისი მხარს უჭერს განათლების ისეთ პროექტებს, რომლებიც ადამიანების განვითარებას და მათ წინსვლას უფრო მეტად მიეხმარება. ბრენდის მიზანია  წაახალისოს და ხელი შეუწყოს ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ რომ განათლებით საკუთარ ამბავს ქმნიან.

(R)

როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს საკვების ადვილად მონელებაში – ფერმენტების როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში

აქტიურად დავუბრუნდით ყოველდღიურ რუტინას, ბავშვები სკოლასა და ბაღში დადიან, ჩვენ კი ვცდილობთ, სამუშაო გარემოსა და უამრავ საქმეს გავუმკლავდეთ. ასეთ დაძაბულ რეჟიმში ჯანსაღი კვება იშვიათ სიამოვნებად არის ქცეული, ამიტომაც არჩევანს ხშირად სწრაფი მომზადების საკვებზე ან მძიმე კერძებზე ვაჩერებთ, რაც ერთი შეხედვით ცვლის სრულფასოვან სადილს და მარტივ გამოსავლად გვევლინება. ალბათ, დამეთანხმებით, მიუხედავად  ჯანსაღი კვების დაცვის მცდელობისა ხშირია ისეთი დღეები, როცა მეგობრის დაბადების დღეზე, სამსახურის წვეულებაზე თუ უბრალოდ საღამოს სადმე განტვირთვისას გვიწევს ცხიმიანი, კალორიული და მძიმე კერძების მიღება. ამ სეზონზე, როგორც მოზარდებისთვის, ისე ზრდასრული ადამიანებისთვის, მონელების პრობლემები განსაკუთრებით ხშირია. ორგანიზმს უჭირს ცხიმიანი, გადამუშავებული (როგორიცაა: ძეხვეული, ცომეული, საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილეული, გაყინული, ან მზა კერძები, ნახევარფაბრიკატები, ტკბილი სასმელი, ჩიფსი და სხვა) ან სწრაფად მიღებული საკვების სრულფასოვნად მონელება, რაც იწვევს სიმძიმეს, შებერილობასა და დისკომფორტს. ასეთ შემთხვევებში ადამიანები ხშირად თვითნებურად მიმართავენ დამხმარე ფერმენტულ საშუალებებს, რათა სწრაფად შეიმსუბუქონ სიმძიმის შეგრძნება და საჭმლის მონელება გაამარტივონ.

რა თქმა უნდა, ფერმენტული საშუალებები საჭმლის მონელებისთვის საკმაოდ ეფექტურია, რადგან ისინი ხელს უწყობენ საკვების ძირითადი კომპონენტების – ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების სწორად გადამუშავებას და მათ სრულფასოვან ათვისებას. როცა ფერმენტები საკვებს სრულად ამუშავებენ, ორგანიზმი იღებს აუცილებელ ენერგიასა და საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროა როგორც ზრდისთვის, ისე ყოველდღიური აქტივობებისთვის. სწორედ ამიტომ ფერმენტული პრეპარატები განსაკუთრებით სასარგებლოა იმ შემთხვევებში, როცა კუჭ-ნაწლავის სისტემა სრულყოფილად ვერ ასრულებს თავის ბუნებრივ ფუნქციას, მაგალითად, ცხიმიანი ან მძიმე საკვების მიღების შემდეგ, პანკრეასის ფუნქციის დაქვეითებისას ან მონელების ქრონიკული პრობლემების დროს.

დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე ფერმენტული პრეპარატები ფართოდ არის წარმოდგენილი. აფთიაქებში გვხვდება როგორც ტაბლეტური ფორმები, ისე მიკროსფეროებისა და მიკროპელეტების შემცველი კაფსულები. ბევრი პაციენტისთვის ეს მრავალფეროვნება შეიძლება დამაბნეველიც იყოს, თითქოს, ყველა საშუალება ერთნაირად უნდა მოქმედებდეს, თუმცა სინამდვილეში ასე არ არის.

იცოდით, რომ ფერმენტული პრეპარატის შერჩევისას, განსაკუთრებული მნიშვნელობა მისი გამოშვების ფორმას აქვს?!

როდესაც ფერმენტული საშუალება ტაბლეტის სახით არის წარმოდგენილი, მისი მოქმედება ხშირად ნაწილობრივია. ტაბლეტი საკვებთან სრულად და თანაბრად ვერ ერევა, რაც მის ეფექტს მნიშვნელოვნად ამცირებს. ამ ფორმას შეუძლია ხელი შეუწყოს საკვების ცალკეული ულუფების მონელებას, მაგრამ მისი შედეგი არ იქნება სრულყოფილი.  მიუხედავად იმისა, რომ სააფთიაქო ბაზარზე არსებობს რამდენიმე პოპულარული მედიკამენტი ტაბლეტური ფორმით, ისინი ხშირად ვერ უზრუნველყოფენ საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, რის გამოც ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა სიმძიმის შეგრძნება, მუცლის შებერილობა და დაღლილობა საკვების მიღების შემდეგ, სრულად არ ქრება.

ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა IV თაობის მიკროპელეტური ფორმის ფერმენტულ პრეპარატებს, რომლებიც ნაწლავში ხსნადი გარსითაა დაფარული. ასეთი ფორმა უზრუნველყოფს ფერმენტების კუჭის მჟავა გარემოსადმი მდგრადობას, თანაბრად ერევა საკვებს და სწრაფად გადადის თორმეტგოჯა ნაწლავში, რაც ზრდის საკვებთან შეხების ფართობს და მაქსიმალურ ეფექტს უზრუნველყოფს. შედეგად, ფერმენტები ეფექტურად მონაწილეობენ საკვების მონელებაში, უზრუნველყოფენ ცხიმების, ცილებისა და ნახშირწყლების სრულფასოვან დაშლას და მნიშვნელოვნად ამცირებენ არასასურველ სიმპტომებს.

IV თაობის მიკროპელეტური ფორმის პრეპარატები აღიარებულია აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მიერ, რაც ადასტურებს მათ უსაფრთხოებასა და ეფექტურობას. პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის დროს, საერთაშორისო სტანდარტებით, რეკომენდებულია ლიპაზას მაღალი დოზის შემცველი მიკროპელეტები, საწყისი დოზა კი მინიმუმ 10 000 საერთაშორისო ერთეულია.

ფერმენტული პრეპარატების ყველა უპირატესობა განსაკუთრებით კარგად არის წარმოდგენილი პრეპარატ კრეზამში.  

კრეზამი 10000-ის ერთი კაფსულა შეიცავს 225 მგ პანკრეატინს და სრულად აკმაყოფილებს IV თაობის მიკროპელეტური ფორმის ფერმენტების ყველა მოთხოვნას. მისი ფორმულა, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული მიკროპელეტების სახით, უზრუნველყოფს ფერმენტების მდგრადობას კუჭის მჟავა გარემოსთან, თანაბრად ერევა საკვებთან და სწრაფად აღწევს თორმეტგოჯა ნაწლავში. თითოეული დოზა მოიცავს მინიმუმ 10 000 საერთაშორისო ერთეულ ლიპაზას, რაც უზრუნველყოფს ცხიმების, ცილებისა და ნახშირწყლების სრულფასოვან დაშლას.

კრეზამის გამოყენება ხელს უწყობს სიმძიმის, მუცლის შებერილობისა და საჭმლის მონელების სხვა არასასიამოვნო სიმპტომების შემცირებას. სწორედ ამიტომ, მსგავსი ტიპის ფერმენტული პრეპარატები ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრად უფრო მოსახერხებელი და ეფექტურია, ისინი არა მხოლოდ მონელების პროცესს ამარტივებენ, არამედ გვაძლევენ საშუალებას, თავი თავისუფლად და ენერგიულად ვიგრძნოთ, ზედმეტი დისკომფორტის გარეშე. შესაბამისად, კრეზამი იმ აუცილებელ მედიკამენტებს შორისაა, რომელიც ყოველდღიურობაში შეგვიძლია მუდამ თან გვქონდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა კვების ჩვეული რეჟიმიდან გადახვევა დისკომფორტის გარეშე გვსურს.

კრეზამის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმისა და მიღებული საკვების შემადგენლობის მიხედვით. ჩვეულებრივ, კრეზამის საწყისი დოზა შეადგენს 1 კაფსულას ძირითად კვებასთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა. ერთ მიღებაზე, 1 კაფსულაზე მეტის მიღების აუცილებლობისას, რეკომენდებულია 1 კაფსულა დაინიშნოს ჭამის წინ, ხოლო დანარჩენი – უშუალოდ ჭამის დროს.

(R)

ლევან ვასაძესა და მის ოჯახის წევრებს ქართულმა ბანკებმა ანგარიშები დაუბლოკეს

ლევან ვასაძე წერილს ავრცელებს, სადაც წერს, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, “თიბისი” და “საქართველოს ბანკმა” მისი და მისი ოჯახების ანგარიშები დაბლოკა.

” 2025 წლის 19 სექტემბერს, პარასკევს, ბრიტანეთის მთავრობამ თავისი ოფიციალური ვებგვერდის (www.gov.uk) საშუალებით ჩემს მიმართ გამოაცხადა სანქციები შემდეგი მცდარი ფორმულირებით: „ქართველი პოლიტიკოსი და მედიამაგნატი ლევან ვასაძე გახდა სამიზნე იმის გამო, რომ საკუთარი მედია-პლატფორმებით პრორუსულ დეზინფორმაციას ავრცელებს“. ქვემოთ დავამტკიცებ, რომ ამ ფორმულირებაში თითოეული განცხადება მცდარია. მე არც ქართველი პოლიტიკოსი ვარ, არც მედიამაგნატი და არასოდეს გამივრცელებია არავითარი „პრორუსული დეზინფორმაცია“.

ამ განცხადების გავრცელებისთანავე, საქართველოს საბანკო სისტემამ დევნა განახორციელა არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი ოჯახის წევრების მიმართაც (მსგავს ქმედებას წარსულში მხოლოდ „ბოლშევიკები“ და ნაცისტები თუ სჩადიოდნენ).

კერძოდ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა ქართულმა ბანკმა „თიბისიმ“ დაბლოკა ჩემი, ჩემი მეუღლის (რვა შვილის დედის) ყველა ანგარიში და საკრედიტო ბარათი. იგივე ბედი ეწია ჩემი სრულწლოვანი შვილების, ჩემი დის, ჩემი 78 წლის დაქვრივებული დედის ანგარიშებს და ასევე ღვინის საწარმოს ანგარიშებს, რომელიც ჩემს საკუთრებაში კი არ არის, არამედ ჩემს მეუღლეს ეკუთვნის და მის მიერ იმართება.

მოგვიანებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა კიდევ ერთმა ქართულმა ბანკმა – „საქართველოს ბანკმა“ – მოითხოვა, რომ ჩემი მეუღლის მფლობელობაში მყოფ ღვინის საწარმოს მათთან არსებული ყველა ანგარიში დაეხურა. ამგვარად, „თიბისისთან“ ერთად, „საქართველოს ბანკმაც“ საფრთხის ქვეშ დააყენა ასობით საქართველოს მოქალაქის სამუშაო ადგილი და ათასობით ქართველი მევენახის შემოსავალი. მათ დარტყმა მიაყენეს საქართველოს ყველაზე კეთილშობილ აგრარულ დარგს – მეღვინეობას, რომელიც ქვეყნისთვის ექსპორტისა და საგადასახადო შემოსავლის წყაროა.

ამას მოჰყვა ის, რომ სხვა ქართულმა ბანკებმაც, სადაც მე და ჩემს ოჯახს ანგარიშები გვქონდა, შეზღუდეს ჩვენი საბანკო მომსახურება.

ამ ქმედებებით, ყველა ეს ქართული ბანკი არღვევს სუვერენული ქვეყნის კანონდებლობას: საქართველოს კონსტიტუციაში ცალსახად წერია, რომ „საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა“. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს კონსტიტუციასა და უდანაშაულობის პრინციპზე დაყრდნობით, 2023 წლიდან შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში, რომლის მიხედვით საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. ანალოგიური გადაწყვეტილება ეხება საქართველოში რეგისტრირებულ მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს, რომლის წილს ან აქციას ფლობენ საქართველოს სანქცირებული მოქალაქეები.

მე არასოდეს მჭერია და არც ამჟამადაც ვიკავებ არავითარ თანამდებობას ხელისუფლებაში; არ ვეკუთვნოდი და არ ვეკუთვნი არცერთ პოლიტიკურ პარტიას. და მიუხედავად იმისა, რომ ვარ ქართველი საზოგადო მოღვაწე, არ ვარ პოლიტიკოსი.

მართალია, რომ 2021 წლის მაისში ვცადე პოლიტიკაში შესვლა: დავაფუძნე საზოგადოებრივი მოძრაობა „ერი“, რომელიც მომავალში პარტიად უნდა გადაქცეულიყო და არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. თუმცა, ამ განცხადებიდან სულ რამდენიმე კვირაში, უეცრად დამემართა მძიმე და სასიკვდილო დაავადება – სისხლის კიბოს ფორმა „მრავალჯერადი მიელომა“, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს დასხივებამ ან მოწამვლამ. ამას დაემატა AL ტიპის ამილოიდოზიც. მანამდე სრულიად ჯანმრთელი ვიყავი, ვინაიდან ყოფილი პროფესიონალი სპორტსმენი ვარ. მიუხედავად ჩემი უეცარი ავადობის საეჭვო გარემოებებისა, და მიუხედავად ჩემი არაერთი თხოვნისა, საქართველოს ხელისუფლებას არასოდეს გამოუძიებია ეს შემთხვევა.

იმავე 2021 წელს, ექვსი თვის განმავლობაში ჩავიტარე ქიმიოთერაპიის 24 კურსი. მკურნალობას ძლივს გადავურჩი და ძლივს ავიცილე თავიდან გულისა და ღვიძლის ტრანსპლანტაცია, რისი რეკომენდაციაც მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ძალებით ვცდილობდი ჯანმრთელობის აღდგენას, მუდმივი სისუსტისა და დაუძლურებული მდგომარეობის გამო იძულებული გავხდი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი მეთქვა და საჯარო გამოსვლებსა და ნებისმიერი სახის პოლიტიკურ აქტივობებს ჩამოვშორებოდი.

უკვე წელიწადნახევარზე მეტია – თითქმის ორი წელიც – აღარ მქონია საჯარო გამოსვლა საქართველოში არსებულ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. ოჯახურ ცხოვრებასა და ბიზნესსაქმიანობას დავუბრუნდი და პარალელურად ვაგრძელებ ქრონიკული დაავადებების მუდმივ მკურნალობას. ამიტომ, ამ მიზეზითაც, შეუძლებელია მე პოლიტიკოსთა რიცხვს მიმაკუთვნონ, შესაძლებელია მხოლოდ დამახასიათონ როგორც საზოგადო მოღვაწე, რომელიც აწ უკვე ორი წელია იძულებული გახდა შეეჩერებინა თავისი საჯარო წერილები და გამოსვლები პოდკასტების სახით.

არანაკლებ მცდარია ბრალდება, თითქოს მე „მედიამაგნატი“ ვიყო”, – წერია ვასაძის ვრცელ წერილში, რომელიც 20 სექტემბრით არის დათარიღებული.

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გირჩევთ, ამ დღეს საყვარელ ადამიანთან მეტი დრო გაატაროთ, მისი პრობლემით დაინტერესდეთ და დახმარება შესთავაზოთ. სამსახურში მოსალოდნელია კამათი როგორც კოლეგებთან, ისე უფროსთან. ეცადეთ, კომპრომისი იპოვოთ და ვითარება უფრო არ გაამწვავოთ.
ძვირად ღირებული ნივთების შეძენამდე კარგად დაფიქრდით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დიდი თანხა ტყუილად დახარჯოთ.
ახლა თქვენთვის სასარგებლო იქნება პარაფინოთერაპია, ფიზიკური ვარჯიშები და დატვირთვები, სადაც მთელი სხეულის კუნთები მუშაობს.

კურო

ეს დღე ხელსაყრელია რომანტიკული შეხვედრებისა და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისთვის, თუმცა საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად არ გამოდგება. თუ მოინდომებთ ადვილად შეძლებთ საერთო ენის გამონახვას სხვა ადამიანებთან, მათ შორის ჯიუტ კოლეგებთან და საყვარელ, მაგრამ სრულიად უდისციპლინო ოჯახის წევრებთან.
ეცადეთ, ადრე დაწყებული პროექტები დაასრულოთ. ელოდეთ დამატებით შემოსავალს ან ახალ შესაძლებლობებს ინვესტიციებისთვის.
ამინდის ცვალებადობამ შეიძლება თავის ტკივილი გამოიწვიოს.

ტყუპები

ეცადეთ, საკუთარ თავს კრიტიკული თვალით შეხედოთ და დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე იზრუნოთ. გამორიცხული არ არის, ახლობლებთან თქვენი უწესო საქციელის აღიარება და მობოდიშება მოგიწიოთ. მოგებიან წინადადებაზე უარს ნუ იტყვით, თუნდაც სამსახურის შეცვლა მოგიწიოთ.
ეს დღე ფინანსური ცოდნისა და უნარების გაძლიერებისთვის გამოიყენეთ. სწავლა და თვითგანათლება ბიზნესისა და ფინანსური სიტუაციის უკეთ მართვაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, რაც განწყობას აგიმაღლებთ.

კირჩხიბი

ფინანსურ კუთხით ყველაფერი სტაბილურადაა, მაგრამ შესაძლოა, პირად ცხოვრებაში გარკვეული პრობლემები არსებობს. ეცადეთ იპოვოთ საქმე, რომელიც ბნელ ფიქრებს გაგიფანტავთ. ნეგატიურ გრძნობებს ნუ მისცემთ უფლებას, რომ ხასიათი გაგიფუჭონ.
ამ დღეს უამრავი შეხვედრა და სხვადასხვა თემაზე საუბარი გელით. ინიციატივის გამოჩენა და დაგროვილი საქმეების მოგვარება მოგიწევთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დაბალანსებული დიეტა და სუნთქვითი ვარჯიშები დაიწყოთ და ხალხმრავალ, დახურულ სივრცეებში ყოფნას მოერიდოთ.

ლომი

შესაძლოა საყვარელი ადამიანის ერთგულებაში ეჭვი შეგეპაროთ. უმნიშვნელო მიზეზის გამო დეპრესიაში ნუ ჩავარდებით. გაუზიარეთ თქვენი ეჭვი პარტნიორს და დარწმუნდებით, რომ ის სრულიად უსაფუძვლოა. გრძელვადიან ურთიერთობებში უძრაობაზე უარესი არაფერია.
გახსოვდეთ, რომ დროის მართვა არის უნარი, რომელიც მუდმივ პრაქტიკას და დისციპლინას საჭიროებს. ფინანსურ მდგომარეობაში მოსალოდნელია დადებითი ცვლილებები, თუმცა მოულოდნელი ხარჯები ან დაგროვილი ვალები მთელ მოგებას შთანთქავს.

ქალწული

თქვენი ამოცანაა უახლოეს დღეებში საყვარელი ადამიანის ძლიერების წყარო გახდეთ. თუ მეორე ნახევარი ჯერ არ გიპოვიათ, მეტი იაქტიურეთ.
მზად იყავით მოსალოდნელი უსიამოვნებებისთვის – ადამიანი, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდით, დავალებას ვერ გაუმკლავდება.
ზედმეტი სამუშაო საათები უნდა ანაზღაურდეს – ზოგჯერ უფროსისთვის ამის შეხსენება აუცილებელია. ადამიანები, რომლებიც ახლახან გაიცანით, შეიძლება საიმედო დამხმარეებად გექცნენ.
იზრუნეთ გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე. თუ დიდი ხანია გეგმავდით კარდიოლოგთან ვიზიტს, სწორედ ახლა ჩაიწერეთ.

სასწორი

საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას უპირატესობა მიანიჭეთ გრძელვადიან კავშირებს. დღე სავსე იქნება სიურპრიზებით, ბევრ სასიამოვნო ადამიანთან მოგიწევთ ურთიერთობა და პოზიტიური ემოციებით დაიმუხტებით. ფინანსურ სფეროში ან კარიერულ ზრდაში სერიოზული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, შეგიძლიათ ჩვეულ საქმიანობას შეუდგეთ.
დიდი ხანია საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ფიქრობთ? დროა ქმედებაზე გადახვიდეთ!
უ ქრონიკული დაავადებები გაქვთ, დიდი ალბათობით, ამ დღეს ისინი გამწვავდება. ეცადეთ თავი აარიდოთ როგორც ემოციურ, ისე ფიზიკურ გადატვირთვას.

მორიელი

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას მოუსმინეთ ინტუიციას — ის სწორ გზას გიკარნახებთ. შეგიძლიათ მოჰკიდოთ ხელი ყველაზე თამამ პროექტებს, გრძელვადიანი გეგმები შეადგინოთ. პერსპექტივაზე მუშაობით მიზანს უფრო მეტად უახლოვდებით.
ეს დღე ხელსაყრელია დიდი შენაძენებისთვის, ავეჯისა და სახლის გარემოს შერჩევისთვის, მაგრამ თუ თანხა არ გყოფნით, სჯობს კრედიტის აღებაზე უარი თქვათ.
ახლა თქვენთვის აუცილებელია ენერგეტიკული განტვირთვა. დაგროვილი დაძაბულობა შეიძლება კონფლიქტში გადაიზარდოს, ამიტომ ჯობს, სპორტულ ვარჯიშებს მიჰყოთ ხელი.

მშვილდოსანი

დღე კარგია საქმეებისთვის, რომლებიც სხვების დახმარებას ან საზოგადოებრივ საქმიანობას უკავშირდება. საპირისპირო სქესთან ახლო ურთიერთობები საუკეთესო ფორმით განვითარდება. თუ გეგმების კარდინალურად შეცვლას გადაწყვეტთ, შესაძლოა მოულოდნელ პრობლემებს წააწყდეთ. მინიმუმ — ეს იქნება უთანხმოება მეორე ნახევართან.
შესაძლოა საღამოს ახალი საქმისადმი ინტერესი გაგიჩნდეთ, რომელიც დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცევა. მალე მოსალოდნელია სოლიდური პრემია.
ყურადღება მიაქციეთ ბოსტნეულის დიეტას — ის ორგანიზმის გაწმენდას შეუწყობს ხელს.

თხის რქა

შესაძლოა გაჩნდეს უთანხმოება ან დაძაბულობა ურთიერთობებში. იყავით დამთმობი და ეცადეთ კომპრომისული გამოსავალი იპოვოთ. დღეს მოერიდეთ კონფლიქტებს და უცნობ ადამიანებთან კამათს. ამ პერიოდში შეგიძლიათ ემოციურ მხარდაჭერაზე ახლობლებს დაეყრდნოთ.
დაგროვილი საქმეები დაუყოვნებლივ მოითხოვს თქვენს ჩართულობას — თუ მათ იგნორირებას განაგრძობთ, ისინი ამოუწურავი პრობლემების წყაროდ იქცევა. დღეს წარმატება გელით სარისკო წამოწყებებში.
სიზმრები წინასწარმეტყველური იქნება — მათი შესრულება მოსალოდნელია.
თუ გაქვთ ქარვისგან დამზადებული რაიმე სამკაული, ატარეთ იგი მთელი დღის განმავლობაში — ეს მოგმატებთ ძალასა და ენერგიას.

მერწყული

თუ ცდილობთ მოაჯადოოთ ადამიანი, რომელმაც თქვენი ყურადღება დაიპყრო, მთავარი წესი დაიცავით — არ აჩვენოთ თქვენი ინტერესი.
მუშაობისა და პირადი ცხოვრების დაკავშირება კატეგორიულად არ არის რეკომენდებული! ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ასეთი მიდგომა მხოლოდ პრობლემებს მოგიტანთ.
დღეს თქვენი ინტუიცია ძალიან ძლიერია და ნუ უგულებელყოფთ მის სიგნალებს!
ნუ გადატვირთავთ ორგანიზმს ფიზიკურად, დაიცავით თქვენი გული.

თევზები

მარტოხელა თევზებს თაყვანისმცემლები არ მოაკლდებათ!
ახლა არ ღირს უფროსი ნათესავების რჩევების გათვალისწინება — მათი დასკვნები მცდარია.
ვარსკვლავები გირჩევენ, მოერიდოთ ზედმეტ გულახდილობას ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან. განსაკუთრებით ნუ განიხილავთ ოჯახურ პრობლემებს.
გამოიჩინეთ სიმტკიცე და დაიცავით თქვენი პოზიცია, თუნდაც კამათის დროს — ეს თქვენს ავტორიტეტს განამტკიცებს, განსაკუთრებით სამსახურში.
თქვენ თავად შეგიძლიათ მართოთ სიტუაცია თქვენი სურვილისამებრ — საკმარისია ამის მხოლოდ გულწრფელად მონდომება.

მართო მილიონნახევრიანი ქალაქი, არ არის მარტივი, თუმცა, ქართველი ხალხის მხარდაჭერამ მომცა მოტივაცია, რომ მესამედ მიმეღო არჩევნებში მონაწილეობა-კახა კალაძე

“ჩვენი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ მოსახლეობასთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს, ვესაუბრებით სამომავლო გეგმებზე, განსახორციელებელ პროექტებზე”, – ამის შესახებ კახა კალაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებში ისაუბრა.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მოსახლეობას იმ მხარდაჭერისთვის, რასაც მათგან ყოველდღიურად გრძნობს.

„პირველ რიგში, დავიწყებ მადლობით დედაქალაქის მოსახლეობის მიმართ იმ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რასაც ყოველდღიურად ვგრძნობთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მოსახლეობასთან ურთიერთობა დღემდე არ გაგვიწყვეტია. გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია, ვესაუბრებით სამომავლო გეგმებზე, განსახორციელებელ პროექტებზე. ასევე, არ გვიჭირს, თვალი გავუსწოროთ ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია ღირსეული პასუხი გასცეს ყველა გამოწვევას და უპასუხოს ყველა პრობლემას, რაც ქალაქშია, ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, – აღნიშნა დედაქალაქის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული არჩევნები არის მნიშვნელოვანი იმით, რომ ქვეყნის გარედან მართულ ძალებს არ მიეცეთ შესაძლებლობა შიდა საქმეებში ჩაერიონ, რადგან გადაწყვეტილება, თუ ვინ უნდა მართოს ქვეყანა ან ქალაქი, უნდა მიიღოს მხოლოდ და მხოლოდ ქართველმა ხალხმა.

„ზუსტად ამ მხარდაჭერამ მომცა მოტივაცია, რომ მესამედ მიმეღო არჩევნებში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, იყო დედაქალაქის მერი, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. მართო მილიონნახევრიანი ქალაქი, არ არის მარტივი. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ აბსოლუტურად – დაწყებული ეკოლოგიური მიმართულებით, გაგრძელებული ქალაქის სწორი ურბანული განვითარებით, მიღებული გენერალური გეგმით, ინფრასტრუქტურული პროექტებით, ჯანდაცვის, სოციალური პროგრამებით და ა.შ. თუმცა, ცხადია, უამრავი გამოწვევა დგას. ჩვენ არ გვერიდება ამაზე საუბარი. ღიად ვსაუბრობთ და ვიცით, როგორ უნდა მოვაგვაროთ აღნიშნული პრობლემები და რა უნდა გავაკეთოთ მომდევნო ოთხ წელში. ეს არჩევნები მნიშვნელოვანია იმითაც, არ დავუშვათ გარედან მართულ ზოგიერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას ამ არჩევნებით რაიმე შესაძლებლობა მიეცეს. საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს და სწორედ მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფალი, ვინ უნდა იყოს ადგილობრივი თვითმართველობის ხელისუფლებაში და არა გარედან, ვიღაცების ჩარევით დანიშნული პირი. ამის მომსწრენი ვართ და მცდელობები ყოველდღიურად არის – უამრავი შეურაცხყოფა, ტყუილზე დაფუძნებული განცხადებები. ყველამ უნდა გაიგოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, რომ ამ ქვეყანას ქართველი ხალხი მართავს”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

აღიარეთ, რომ საქართველოს მთავრობა დემოკრატიულად აირჩია ხალხმა და ლეგიტიმურია, ეძიეთ დიალოგი ყველა პარტიასთან, საქართველო ევროპის ნაწილია და ძალიან გვაკლია -მალტე კაუფმანი

აღიარეთ, რომ საქართველოს მთავრობა დემოკრატიულად აირჩია საკუთარი ხალხის მიერ და ლეგიტიმურად არის ხელისუფლებაში, ეძიეთ დიალოგი საქართველოში არსებულ ყველა პარტიასთან, – ამის შესახებ საქართველოს საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) დებატებზე „ევროპელ კონსერვატორთა და პატრიოტთა“ (ECPA) ჯგუფის წევრმა, მალტე კაუფმანმა განაცხადა.

როგორც მალტე კაუფმანმა აღნიშნა, საქართველო ევროპის ნაწილია.

„ჩვენ განვიხილავთ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ანგარიშს. საუბარია დემოკრატიის წინაშე არსებულ მწვავე საფრთხესა და კანონის უზენაესობის ეროზიაზე. თუმცა ჩვენ, „ევროპელ კონსერვატორთა და პატრიოტთა“ (ECPA) ჯგუფში მიგვაჩნია, რომ რეზოლუცია ძირითად პუნქტებში ძალიან შორს მიდის და ამიტომ უარყოფთ მას. საქართველოში არსებული ვითარება, უდავოდ ხასიათდება ღრმა პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობით, თუმცა განსაკუთრებით ასეთ ვითარებაში, ჩვენ გვჯერა, რომ შერიგებისა და დიალოგის ძიება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.

ევროპის საბჭოს, როგორც ევროპაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ცენტრალურ ინსტიტუტს, სწორედ ეს მიზანი აქვს. ის საკუთარ განიხილავს ფორუმად, სადაც სხვადასხვა ინტერესი, პოლიტიკური შეხედულებები და ისტორიული წარსული ხვდება ერთმანეთს და დიალოგის გზით აღწევს კონსტრუქციულ და მშვიდობიან გამოსავალს.

ზუსტად იმიტომ, რომ ევროპის საბჭო იცავს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას, ჩვენი მოვალეობაა, მოვითხოვოთ პოლიტიკური პატიმრების, ანუ მათი შეხედულებების ან კრიტიკული პოზიციის გამო დაკავებული ადამიანების გათავისუფლება. ჩვენ ამას საქართველოს მთავრობისგან ვითხოვთ. თუმცა, შემდგომი გარიცხვის ნაცვლად, პირველ რიგში, უნდა დავიცვათ საქართველოს დელეგაციის ევროპის საბჭოში დაბრუნება. მეორე – აღიარეთ, რომ საქართველოს მთავრობა დემოკრატიულად აირჩია საკუთარი ხალხის მიერ და შესაბამისად, ლეგიტიმურად არის ხელისუფლებაში. და მესამე – ეძიეთ დიალოგი საქართველოში არსებულ ყველა პარტიასთან, როგორც ოპოზიციასთან, ასევე მთავრობასთან. დიდი იმედი მაქვს, მალე მივესალმებით ჩვენს ქართველ კოლეგებს ჩვენს წრეში დაბრუნებას, რადგან საქართველო ევროპის ნაწილია და ძალიან გვაკლია“, – განაცხადა მალტე კაუფმანმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის პროექტს დღევანდელ პლენარულ სესიაზე უყარეს კენჭი.

პროექტს, სახელწოდებით „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“, 77 დელეგატიდან 68-მ დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ წავიდა შვიდი, ხოლო ორმა თავი შეიკავა.

ამასთან, კენჭისყრამდე დოკუმენტში რამდენიმე  შესწორება შევიდა.

კერძოდ, ერთ-ერთი შესწორების მიხედვით, „ასამბლეა გამოთქვამს შეშფოთებას იმ ინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ყოფილ წევრებს წევრობის დროს მიცემული ხმების ან საქმიანობის გამო სისხლის სამართლებრივი დევნის საფრთხე ემუქრებათ. ასამბლეა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი წევრები არ შეიძლება, სამართლებრივი დევნის წინაშე აღმოჩნდნენ, თავიანთი ფუნქციების შესრულებისას ნათქვამი ან მიცემული ხმების გამო და მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, გამოიჩინონ ყველანაირი ძალისხმევა, რათა მსგავსი მოვლენები თავიდან აიცილონ“.

რეზოლუციის დანარჩენი პუნქტები უცვლელი დარჩა.

რეზოლუცია სახელწოდებით, „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლებმა ედიტე ესტრელამ (პორტუგალია-სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფი) და საბინა ჩუდიჩიმ (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი) წარადგინეს.

რეზოლუციის პროექტის ტექსტში აღნიშნულია, რომ ასამბლეა ძალიან წუხს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად უგულებელყოფს მის შეშფოთებას და რეკომენდაციებს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ, რომლებსაც იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება.

„დემოკრატიის სწრაფი უკუსვლა იმდენად გაგრძელდა, რომ საქართველოში დემოკრატიის არსებობა ამჟამად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ასამბლეა გმობს საქართველოს ხელისუფლების სულ უფრო იზოლაციისკენ მიმართულ პოლიტიკას და ანტაგონისტურ ურთიერთობებს ევროპულ ორგანიზაციებთან და მათ წევრ სახელმწიფოებთან. იგი ასევე გმობს უსაფუძვლო თავდასხმებსა და უსაფუძვლო, დამაზიანებელ ბრალდებებს საქართველოში საერთაშორისო საზოგადოების წევრების წინააღმდეგ, რომლებიც ბოლო თვეებში გამრავლდა“, – აღნიშნულია რეზოლუციის პროექტის ტექსტში.

ასევე, ასამბლეა შეშფოთებულია ცნობებით, რომ “ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ყოფილი წევრები სისხლის სამართლის დევნის რისკის ქვეშ არიან დელეგაციის წევრების რანგში თავისი ხმებისთვის ან საქმიანობისთვის. ასამბლეა იმეორებს, რომ არ შეიძლება მისი წევრების დევნა მათი ფუნქციების შესრულებისას ნათქვამი სიტყვებისთვის ან მიცემული ხმებისთვის. ასამბლეა წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, ყველა საჭირო ძალისხმევა გაიღოთ, რათა თავიდან აირიდონ მსგავსი მოვლენები”.

დოკუმენტში ასევე საუბარია საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით.

„საქართველოში მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ასამბლეა წუხს იმ ფაქტის გამო, რომ მისი მოწოდება ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნებისთვის ხელსაყრელი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად დაუყოვნებლივი, ინკლუზიური პროცესის შესახებ არ შესრულდა, რაც აშკარაა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის გადაწყვეტილებიდან, არ მიეღოთ მონაწილეობა მომავალ ადგილობრივ არჩევნებში. ასამბლეა წუხს, რომ ამ არჩევნებს არ დააკვირდებიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებსაც არჩევნების დაკვირვების კარგი რეპუტაცია აქვთ. ამ მხრივ, ის ღრმად წუხს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ მოიწვია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი მოახლოებულ არჩევნებზე დასაკვირვებლად. ასამბლეა ასევე წუხს, რომ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისისს (OSCE/ODIHR) ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად მიწვევა განზრახ გაეგზავნა იმდენად გვიან, რომ მათი დაკვირვება შეუძლებელი გახდა“, – აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.

რეზოლუციის პროექტში, ასევე აღნიშნულია, რომ ასამბლეა გმობს განსხვავებული პოლიტიკური აზრის მიმდინარე და დაუნდობელ ჩახშობას, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით და სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური ძალებისა და ცალკეული მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ბოროტად გამოყენებით. ასამბლეა მიიჩნევს, რომ ეს ჩახშობა ამწვავებს ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისს, არღვევს ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებებს და აღრმავებს მის დემოკრატიულ უკუსვლას.

ასამბლეა კიდევ ერთხელ გმობს საქართველოში ოპოზიციის წევრების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას.

„ამასთან დაკავშირებით, გმობს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერის არაპროპორციულ და პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობას შეთხზული ბრალდებებით. ასეთი დევნა მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის გაჩუმებას და შეუთავსებელია დემოკრატიულ საზოგადოებასთან“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ასამბლეა მწუხარებას გამოხატავს იმის გამო, რომ არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება დემონსტრაციების დროს პოლიციის სისასტიკისა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევების შესახებ, ასევე დემონსტრანტების წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს მკვეთრად ეწინააღმდეგება საეჭვო და სავარაუდოდ შეთითხნილი ბრალდებებით მომიტინგეებისთვის გამოტანილ ხანგრძლივ პატიმრობას.

„ასამბლეა მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყდეს სამართლებრივი პროცედურების ბოროტად გამოყენება „ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის გასაჩუმებლად“ და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა პირი, ვინც პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლია საქართველოში“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით, საკამათო „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის აღსრულების მიზნით, რაც საფრთხეს უქმნის მათ ფუნქციონირებასა და არსებობას.

ასამბლეა აღნიშნავს, რომ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონთან ერთად, ძალაში რჩება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც არ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. გარდა ამისა, ასამბლეა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტის მიერ 2025 წლის 16 აპრილსა და 10 ივნისს “გრანტების შესახებ” კანონის შესწორებების გამო. ასამბლეა მიიჩნევს, რომ ამ კანონების ეფექტი გამანადგურებელია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რომლის გადარჩენა ამჟამად რისკის ქვეშაა. ამ კონტექსტში, ასამბლეა გმობს შვიდი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების გაყინვას და მიიჩნევს, რომ ეს შემაძრწუნებელ გავლენას ახდენს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე.

ამასთან, ასამბლეა სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეჟიმისა” და მისი პოლიტიკური წარმომადგენლების 2003-2012 წლების საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით.

ასამბლეა გმობს კომისიის დასკვნას, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა პარტიებმა ხელი შეუშალეს საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას და შესაბამისად, უნდა აიკრძალოს. ასამბლეა მკაცრად გმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბოლოდროინდელ განცხადებას, რომ მმართველი უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაში“ შემავალი ყველა პარტიის – პრაქტიკულად მთელი ამჟამინდელი დემოკრატიული ოპოზიციის – არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით. ასამბლეის აზრით, დემოკრატიული ოპოზიციის ასეთი აკრძალვა ფაქტობრივად დაამყარებს ერთპარტიულ დიქტატურას საქართველოში, რაც შეუთავსებელი იქნება ევროპის საბჭოს წევრობასთან.

„ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეცვალოს ქვეყანაში დემოკრატიის რღვევა. იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზადყოფნას, ჩაერთოს ღია და კონსტრუქციულ დიალოგში საქართველოს ხელისუფლებასთან და ყველა პოლიტიკურ და სოციალურ ძალასთან, რათა შეჩერდეს დემოკრატიული უკუსვლა და უზრუნველყოფილ იქნას ქვეყნის მიერ წევრობის ვალდებულებებისა და ევროპის საბჭოში გაწევრიანების ვალდებულებების შესრულება.

დიალოგისთვის მზადყოფნის ნიშნად, ასამბლეა მხარს უჭერს, რომ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ ვალდებულებებისა და ვალდებულებების შესრულების კომიტეტის (მონიტორინგის კომიტეტი) მომხსენებლები საქართველოს საკითხზე რაც შეიძლება მალე ეწვიონ ქვეყანას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა საფრანგეთის მიერ ინიცირებულ დეკლარაციას ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის დაფუძნების შესახებ

საქართველო შეუერთდა საფრანგეთის ინიციატივას ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის დაფუძნების შესახებ. დეკლარაციას ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ღონისძიებაში, რომელიც კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-7 სამიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის თანათავმჯდომარეობით გაიმართა, საქართველოს მთავრობის მეთაურმა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების მკაცრ პოლიტიკაზე ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებები, ასევე დააკავეს რამდენიმე ათეული მსხვილი ნარკორეალიზატორი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მსოფლიო ლიდერების ერთობლივი ძალისხმევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას ნარკოტიკების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის პროცესში და აღნიშნა, რომ საფრანგეთის ინიციატივა, ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის შექმნის შესახებ, ამ კუთხით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს

რა ეღირება დოლარი და ევრო 3 ოქტომბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7263 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7263 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7258 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2034 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1968 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0066 ლარი შეადგინა.

“ჰყავს თუ არა უკრაინის არმიას თავისი მანშტეინი?”- The Wall Street Journal

ამერიკული გაზეთის „უოლ სთრით ჯორნელის“ (The Wall Street Journal) ბოლო რამდენიმე ნომერში გამოქვეყნდა სტატიები, რომლებშიც განხილულია უკრაინის არმიის მოქმედების ტაქტიკა და სტრატეგია.

ერთ-ერთი ავტორის – პოლიტოლოგიის დოქტორის ჯონ არკილის პუბლიკაციაში სათაურით: „ჰყავს თუ არა უკრაინის არმიას თავისი მანშტეინი?“ (22 სექტემბერი), აღნიშნულია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლებში უნდა ისარგებლონ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანელი გენერლის ერიხ ფონ მანშტეინის სტრატეგიით.

ჯონ არკილის პუბლიკაციას ეხმაურება ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი პოლ პოზნერი სტატიით „გასაღები უკრაინის გამარჯვებისათვის“ (01 ოქტომბერი), რომელშიც ნათქვამია:

„ჯონ არკილის პუბლიკაციაში მოცემულია გერმანიის ვერმახტის გენერლის ერიხ ფონ მანშტეინის სტრატეგია სტალინგრადის შემდეგ: მოწინააღმდეგისთვის ჯერ მცირე ტერიტორიის დათმობა, შემდეგ კი, როცა მეტოქე შეტევაზე გადმოვა, ფლანგებიდან კონტრდარტყმები განხორციელდება და ის იძულებული გახდება უწესრიგოდ უკან დაიხიოს. ვფიქრობ, რომ კითხვა „ჰყავს თუ არა უკრაინის არმიას თავისი მანშტეინი?“, არასწორად არის დასმული.

ის სტრატეგია, რომელიც გერმანელ გენერალს მიეწერება, ჯერ კიდევ უძველეს პერიოდიდან, მინიმუმ ჩვენს ერამდე 216 წლიდან არის ცნობილი – მეორე პუნიკური ომის დროიდან, როცა კართაგენელმა მხედართმთავარმა ბარკა ჰანიბალმა გამოიყენა და რომაელთა ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა კანთან მომხდარ ბრძოლაში.

კანის ბრძოლის დროს გამოყენებული სტრატეგიის აღწერილობა მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვანი სამხედრო აკადემიების სახელმძღვანელოებშია შეტანილი. კითხვა ისე კი არ უნდა დაისვას – იციან თუ არა უკრაინელმა სამხედროებმა ეს სამხედრო სტრატეგია, არამედ ასე: ფლობენ თუ არა ისინი საკმარის სადაზვერვო ინფორმაციას, აქვთ თუ არა მათ საკმარისი უფლებამოსილება სარისკო ოპერაციის განსახორციელების მზადყოფნისათვის და რესურსების გამოსაყენებლად, რათა თვითონ, ზემოდან მითითებისა და ლოდინის გარეშე, დროულად ისარგებლონ შანსით და წარმატებას მიაღწიონ“.

პროფესორ პოლ პოზნერის პუბლიკაციას გაზეთის მკითხველთა კომენტარები და შენიშვნები მოჰყვა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

George Kinney:

„ისეთ ომში, რომელიც ერთმანეთის გამოფიტვით მიმდინარეობს, დიდი მნიშვნელობა აქვს მოწინააღმდეგეთა მიერ განცდილ დანაკარგებს. ამჟამად საკუთრივ უკრაინის რეალური მოსახლეობა საკმაოდ არის შემცირებული სამხედრო დანაკარგებისა და მცხოვრებთა საზღვარგარეთ მიგრაციის (ლტოლვილების) გამო. რა თქმა უნდა, სამხედრო დანაკარგებს რუსეთის არმიაც განიცდის (პროპორცია თითქმის ერთნაირია), მაგრამ რუსეთს დანაკარგების შევსების უფრო მეტი წყარო და შანსები აქვს, ვიდრე უკრაინას. რუსეთის მოსახლეობის რიცხვი თითქმის ხუთჯერ აღემატება უკრაინის მცხოვრებთა რაოდენობას. როგორც ჩანს, ეს ომი, სამწუხაროდ, უკრაინისათვის წარუმატებელი იქნება. როგორც არ უნდა დასრულდეს საომარი მოქმედებები, ქვეყანა მხოლოდ ნომინალურად იარსებებს, შემცირებული მოსახლეობით… არ არის გამორიცხული, რომ უკრაინაში უკრაინელების ადგილს დაიკავებენ ჯერ აფრიკელები, აზიელები და ახლოაღმოსავლელები, მოგვიანებით კი სხვა ქვეყნის მიგრანტები“.

Charles Rogers

„უცნაურია, რომ წერილის ავტორი კიევს რეკომენდაციას აძლევს გენერალ ერიხ ფონ მანშტეინის სტრატეგია და ტაქტიკა გაიზიაროს. ასეთ სიტუაციაში უადგილო არ იქნება გავიხსენოთ, რით დაასრულა  ვერმახტის გენერალმა თავისი სამხედრო კარიერა: წითელი არმიის მიერ განხორციელებული პროკუროვო-ჩერნოვცის ოპერაციის შემდეგ ადოლფ ჰიტლერმა დამარცხებული გენერალი პოსტიდან გაათავისუფლა, ხოლო მოსკოვის ჯარებმა საბოლოოდ ბერლინი დაიკავეს“.

John T:

„მართალი ბრძანდებით, რომ წითლებმა ბერლინი დაიკავეს… მაგრამ ეს [რუსებს] დამოუკიდებლად არ გაუკეთებიათ. მათ ომში დასავლეთი ეხმარებოდა“.

Gerard Bialot:

„ერიხ ფონ მანშტეინმა კურსკის ბრძოლა (1943 წლის ივლისში, ოპერაცია „ციტადელი“) წააგო, თითქმის ორი წლის შემდეგ კი მესამე რაიხმა კაპიტულაცია გამოაცხადა. ასე რომ, გენერალ მანშტეინის გამოცდილება სტრატეგიული უკანდახევის თაობაზე, მაინცდამაინც წარმატებულად ვერ ჩაითვლება“.

წყარო:

ცესკომ ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ამჯერად თბილისში გაიმართა და მისი მიზანი 2025 წლის მუნიციპალიტეტის არჩევნების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება, საარჩევნო პროცედურებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება იყო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა და მდივანმა ელენე ბობოხიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ და ზოგადად საარჩევნო სიახლეების შესახებ. ცესკოს წარმომადგენლებმა მათ ინფორმაცია მიაწოდეს ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო კითხვებზე.

შეხვედრა პირველ ოქტომბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს ყრუთა კავშირთან თანამშრომლობით გაიმართა.