Home Blog Page 16

,,ჩვენი მიზანია ქართულ მხარესთან კონსტრუქციული დიალოგი, ვაგრძელებთ ერთად აქტიურ მუშაობას”- ალენ ბერსე

ჩვენი მიზანია ქართულ მხარესთან კონსტრუქციული დიალოგი, ვაგრძელებთ ერთად აქტიურ მუშაობას, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბერსემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ საუბრისას აღნიშნა, შეხვედრის მიზანი კავშირების გაუმჯობესება იყო.

„შედგა ჩვენს შორის კიდევ ერთი შეხვედრა. შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი. ჩვენი და ევროპის საბჭოს როლი არამხოლოდ კავშირზე ყოფნა, არამედ ამ კავშირების გაუმჯობესებაა. სწორედ ეს იყო ამ შეხვედრის მიზანი. ჩვენი მიზანია ქართულ მხარესთან კონსტრუქციული დიალოგი, ვაგრძელებთ ერთად აქტიურ მუშაობას“, – აღნიშნა ბერსემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში შეხვედნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, „ალენ ბერსესთან შეხვედრისას დავადასტურეთ მზადყოფნა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა და გავაგრძელოთ აქტიური დიალოგია“.

“როგორც ვხვდები ყველას უნდა არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ისეთი პოლიტიკური გარემო შეიქმნა, რომ ამის ღიად დაფიქსირება ბევრს ეშინია” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 6 თვით ადრე, ისევ აქტუალურია კითხვა ვის პარტიას ვიხილავთ ბიულეტენზე? ოპოზიციაში აზრები ისევ გაყოფილია, ნაწილი ღიად ამბობს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, ნაწილი კი გადაწყვეტილების გამჟღავნებას არ ჩქარობს – ეს კი ურთიერთბრალდების მიზეზი ხდება.

ის ოპოზიციური პარტია, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს  “გირჩია”:

“ჩვენ უკვე თებერვალში დავიწყეთ მომზადება, ამ ეტაპზე რესურსების მობილიზაციით ვართ დაკავებულები. როგორც ვხვდები ყველას უნდა არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ისეთი პოლიტიკური გარემო შეიქმნა, რომ ამის ღიად დაფიქსირება ბევრს ეშინია. თუ არ გაბედავენ და დარჩებიან არჩევნების იქეთ, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, ჩვენ უფრო მეტ ადამიანს გავიყვანთ საკრებულოებში,”- აცხადებს პარტია ”გირჩის” სათათბიროს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

,,ჩვენთვის, ქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი მეგობრებისთვის არსებობს არჩევანი, დაველოდოთ კიდევ ერთი ან 200 წელი, ან დავიწყოთ აგურის დადება მშვიდობიანი რეგიონის ასაშენებლად”- არარატ მირზოიანი

ჩვენთვის, ჩვენი აზერბაიჯანელი, ქართველი, თურქი მეგობრებისთვის არსებობს არჩევანი – დაველოდოთ კიდევ ერთი ან 200 წელი, რათა დავინახოთ, რომ ცვლილებები შეუქცევადია ან დავიწყოთ პროცესი აგურის დადებით, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, უნდა დაიწყოს თანამშრომლობა ენერგეტიკულ პროექტებში, სატრანზიტო პროექტებში, ინტერნეტ კაბელებსა და ტურიზმში და ამ მხრივ საქართველოს შეუძლია, იყოს ლიდერი რეგიონში.

„არსებობს არჩევანი ჩვენთვის, აზერბაიჯანელი მეგობრებისთვის, ჩვენი ქართველი მეგობრებისთვის, ჩვენი თურქი მეგობრებისთვის – დაველოდოთ კიდევ ერთი ან 200 წელი, რათა დავინახოთ, რომ ცვლილებები შეუქცევადია ან დავიწყოთ პროცესი აგურის დადებით, შემდეგ კიდევ ერთი აგურით და შემდეგ კიდევ ერთი აგურით და, ამ გზით, მშვიდობიანი რეგიონი ავაშენოთ. დაამყარეთ თანამშრომლობა, ენერგეტიკულ პროექტებში, სატრანზიტო პროექტებში, ინტერნეტსა და ტურიზმში. არსებობს თანამშრომლობის ბევრი გზა და მჯერა, საქართველოს შეუძლია, ამ მხრივ იყოს ლიდერი რეგიონში. ჩვენ შეგვიძლია, დავაკავშიროთ ორი საზოგადოება, არა მხოლოდ, ვგულისხმობ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზოგადოებებს, არამედ საქართველოს და თურქეთს. ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და ეს არის არჩევანის საკითხი. შეგიძლიათ, დაელოდოთ კიდევ 200 წელს ან შეგიძლიათ დაიწყოთ აგურების დადება და მყარი კედლის აშენება. ჩვენ ვირჩევთ თანამშრომლობას, მაგრამ ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთ საკუთარ თავთან. მეორე მხარეს უნდა არსებობდეს მეზობელი, რომელსაც სურს ჩვენთან თანამშრომლობა“, – განაცახდა არარატ მირზოიანმა.

 აშშ უკრაინისგან კონტროლის გადაცემას იმ გაზსადენზე მოითხოვს, რომლითაც ევროპას რუსული ბუნებრივი აირი მიეწოდებოდა

აშშ უკრაინისგან მოითხოვს კონტროლის გადაცემას იმ გაზსადენზე, რომლითაც ევროპას რუსული ბუნებრივი აირი მიეწოდებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, აშშ-მა ეს მოთხოვნა უკრაინასთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ახალი ვარიანტის განხილვის ფარგლებში მოითხოვა.

ანონიმური წყაროების ცნობით, ვაშინგტონმა კიევს მოსთხოვა, რუსული კომპანიის, „გაზპრომის“ გაზსადენზე კონტროლი აშშ-ის საერთაშორისო დაფინანსების კორპორაციას (DFC) გადაეცეს.

„როიტერის“ ცნობით, ვაშინგტონსა და კიევს შორის აშშ-ის დედაქალაქში 11 აპრილს დაწყებული მოლაპარაკებები „ანტაგონისტურ ატმოსფეროში“ მიმდინარეობს, რაც აშშ-ის „მაქსიმალისტურ“ მოთხოვნებთანაა დაკავშირებული.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ამ მოლაპარაკებებს „არსებითად ტექნიკური ხასიათის“ უწოდეს.

მანამდე ამერიკულმა მედიამ დაწერა, რომ სასარგებლო წიაღისეულის გარშემო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ვაშინგტონში 11 და 12 აპრილს გაიმართება.

“ვიდრე გამოყოფილი ფინანსები ეყოფათ, ირბინონ მსოფლიო მასშტაბით – მილევად რეჟიმში არიან და მალე დასრულდებიან პოლიტიკურად” – ირაკლი ზარქუა

ოპოზიცია, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბიზნესის სანქცირებას ითხოვს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ამ განცხადებებს უკვე გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში.პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის,  ირაკლი ზარქუას თქმით, ოპოზიცია სწორედ ამ ტაქტიკით ცდილობს რევოლუციური სცენარების ამუშავებას.

“ხელმოცარული პოლიტიკოსები. მათი გვარებია – ხიდაშელები, კუპრაძეები, სამადაშვილები, ბოკუჩავები დაძრწიან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ იქნებ, პატრონს თავი მოაწონონ და რაღაც შეძლონ, ტყუილ-მართალი ჩაუტარონ და ამით მოხდეს ცალკეული პირების დასანქცირება.

რატომ ერჩიან ბიზნესს?! იმიტომ, რომ იციან, ბიზნესს თუ დაასანქცირებენ ჰგონიათ, ამით შეაშინებენ ჩვენს ბიზნესს და შემდეგ ეკონომიკა ჩამოიშლება, ეკონომიკა თუ ჩამოიშლება, ბიუჯეტი ვერ შეივსება, ბიუჯეტი თუ ვერ შეივსო, მერე იქნება ინფლაცია, მაღალი გადასახადები და ხელფასს ვერ დაარიგებ და ბუნებრივია, შემდეგ ეს ქაოსში გადაიზრდება.

მეორე, შეთხზული სიგიჟეებით უნდათ, რომ პოლიტიკოსები და ძალოვნები დაასანქცირონ და ამით შექმნან განცდა, რომ აქ ყველა დასანქცირებულია და მათი ჭკუით, ადვილი იქნება რევოლუციის მოხდენა და აგენტურის დასმა. აგენტურა რისთვის უნდათ?! როგორც 2003-2012 წლებში ჰქონდათ, ყველაფერი სისაძაგლე ჩაადენინონ, ყველა სიბინძურე გააკეთებინონ, ეს არის და ამის უფლებას არ მივცემთ. ირბინონ, სანამ ფინანსები ეყოფათ, რაც გამოყოფილია მათთვის, თუმცა მილევად რეჟიმში არიან და მალე დასრულდებიან პოლიტიკურად”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

,,„ქართული ოცნება” ფეიკ ინფორმაციას ავრცელებს”- „ომეგა ჯგუფი” განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნება” ფეიკ ინფორმაციას ავრცელებს,  თითქოს ზაზა ოქუაშვილი ინგლისის სასამართლოში დამარცხდა ბიძინა ივანიშვილთან და თითქოს სასამართლომ ოქუაშვილის მტკიცებულებები ფალსიფიცირებულად მიიჩნია.

სინამდვილეში კი, ლონდონის სასამართლომ 2025 წლის 7 აპრილს მიღებულ განჩინებაში, რომელიც უკავშირდებოდა განსჯადობას (იურისდიქციას), მნიშვნელოვანი დასკვნები გამოიტანა ივანიშვილის შესაძლო უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ უსაფუძვლო გამდიდრების სარჩელი ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოადგენს სერიოზულ საკითხს, რომელიც ინგლისის სასამართლოს განხილვას ექვემდებარება.

მოსარჩელეთა მიერ დოკუმენტების დამატებითი ჩაბარების შემდეგ, ლონდონის სასამართლოში განახლდება სარჩელის განხილვა ივანიშვილის წინააღმდეგ.  

ოქუაშვილის სასამართლო პროცესი ივანიშვილის წინააღმდეგ ლონდონის სასამართლოში გრძელდება.

,,ვიქტორ ორბანთან საუბრისას კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, განვამტკიცოთ პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას”- ირაკლი კობახიძე

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან საუბრისას  განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

“საუბრისას  განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, განვამტკიცოთ პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას”,- აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

„მე მაქვს კარგი გული, კარგი სული”- ტრამპის სამედიცინო შემოწმების და კოგნიტიური ტესტის შედეგები ცნობილია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გეგმური სამედიცინო შემოწმების ფარგლებში კოგნიტური ტესტი წარმატებით ჩააბარა.

78 წლის პრეზიდენტის თქმით, მისი წინამორბედისგან, ჯო ბაიდენისგან განსხვავებით, რომელიც უარს ამბობდა ასეთ შემოწმებაზე, გადაწყვიტა, ტესტი ჩაებარებენა.

„არ ვიცი კიდევ რა გითხრათ, გარდა იმისა, რომ ყველა კითხვას სწორად გავეცი პასუხი“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის ტესტი გაიარა და არც კონკრეტული შედეგები დაუსახელებია.

როგორც მან აღნიშნა, წარსულშიც არაერთხელ გაიარა კოგნიტური ტესტი და არასდროს დაუშვია შეცდომები.

ტრამპის მტკიცებით, მისი საერთო მდგომარეობაც დადებითია.

„საერთო ჯამში, მე ვიგრძენი, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვარ. კარგი გული, კეთილი სული. ძალიან კეთილი სული“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ სამედიცინო შემოწმების შედგები 13 აპრილს გამოქვეყნდება.

ცნობისთვის, კანონი არ ავალდებულებს აშშ-ის პრეზიდენტს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას, თუმცა აშშ-ის პოლიტიკაში ეს გარაკვეულწილად ტრადიციად იქცა.

პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არსებობდა ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს, რადგანაც მისი ვადის მიწურულს გაჩნდა ეჭვები, რომ მას გონებრივ შესაძლებლობებთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. შედეგად ბაიდენს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქმა მოუწია.

,,ევროპელებმა და შტატებმა თავი უნდა დაანებონ ქართულ პოლიტიკას, ვფიქრობ, გავლენები და ჩარევები არანაირი სარგებლის მომტანი არ არის”- ჯეფრი საქსი

ევროპელებმა და შტატებმა თავი უნდა დაანებონ ქართულ პოლიტიკას, ვფიქრობ, გავლენები და ჩარევები არანაირი სარგებლის მომტანი არ არის, – ამის შესახებ ამერიკელმა პროფესორმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, ჯეფრი საქსმა ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც საქსმა აღნიშნა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა ერთად უნდა იმუშაონ, რადგან, მისი შეფასებით, ეს რთული რეგიონია.

„იმედი მაქვს, ეს ხალხი საქართველოს საშუალებას მისცემს, ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკა, შიდა საქმეები იმ შფოთვის გარეშე, რომელიც ბრიუსელიდან, თუ სხვა მხრიდან მოდის. მეორე – მჯერა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა, საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთად უნდა იმუშაონ, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორების ეკონომიკურ სტრატეგიაზე, ისე უსაფრთხოებაზეც, ვინაიდან ეს ცოტათი რთული რეგიონია. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით სამხრეთ კავკასიას შეუძლია, ეფექტურად იმუშაოს.

ამერიკელი პროფესორის თქმით, რეგიონისთვის დესტაბილიზაციის ფაქტორად იქცა აშშ-ის მიერ საქართველოში ნატო-ს იდეის განვითარება.

„მთელი ეს გარედან მომავალი შფოთვა და მღელვარება ნამდვილად არ იყო კარგი. ისტორიულ ჭრილში, გულწრფელად რომ გითხრათ, როდესაც აშშ-მა საქართველოში ნატო-ს იდეის განვითარება დაიწყო, სამწუხაროდ, ეს ნამდვილად იქცა მთელი რეგიონისთვის დესტაბილიზაციის ფაქტორად. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. ნატო შორს უნდა დარჩენილიყო, უკრაინიდანაც და ახლა მთელი მსოფლიო გაცილებით უსაფრთხო იქნებოდა, რადგან არ შეიქმნებოდა რუსეთთან ჯერ ეს უკიდურესი დაძაბულობა და ახლა ომი, რამაც დესტაბილიზაცია მოიტანა ყველასთვის“, – აღნიშნა საქსმა.

,,ეს იყო უცხოური აგენტურა, ხშირ შემთხვევაში, აქ იყვნენ წარმოდგენილები ჩვეულებრივი სადისტები”- ირაკლი კობახიძე

საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესი ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, თუ რა ხალხი მართავდა ჩვენს ქვეყანას 2003 წლის ბოლოდან 2012 წლის ჩათვლით. ეს იყო უცხოური აგენტურა, ხშირ შემთხვევაში, აქ იყვნენ წარმოდგენილები ჩვეულებრივი სადისტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში განუცხადა.

მისივე თქმით, ესენი იყვნენ არა მხოლოდ უპრინციპო ადამიანები, არამედ სადისტურად ეპყრობოდნენ სხვებს და სწორედ ამ საერთო სულისკვეთებით გამოირჩეოდა მაშინდელი ხელისუფლება.

“მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ ე.წ. “დიფ სთეითი” ევროპული ბიუროკრატიის ხელით, მანამდე ამერიკული ბიუროკრატიის ხელით ცდილობდა, მთელი ამ დროის განმავლობაში, საქართველოში ხელისუფლებაში დაებრუნებინა ეს ადამიანები, ადამიანები, რომლებიც გამოირჩეოდნენ სადიზმით, ადამიანების მკვლელობით, წამებით, რომლებმაც ჩააბარეს ქვეყნის ტერიტორიების 20 % და ა.შ. ასეთი ადამიანების ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს “დიფ სთეითი”, მანამდე ცდილობდა ამერიკული სტრუქტურების ხელით. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან და რაც მთავარია, უნდა დადგეს შედეგი. ეს შედეგი უნდა იყოს იმ ძალების ჩამოშორება ქართული პოლიტიკიდან, რომლებმაც არა მხოლოდ წარსულში ჩაიდინეს დანაშაულები, არამედ მომავლისთვისაც უქადდნენ ასეთი დანაშაულების ჩადენას ჩვენს ქვეყანას. იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა, არ შეიძლება, რომ ასეთი პოლიტიკური ძალები დარჩეს პოლიტიკურ სპექტრში”, – განაცხადა პრემიერმა.

ზაზა ოქუაშვილი დიდი ბრიტანეთის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილთან სამართლებრივ დავაში დამარცხდა

2025 წლის 7 აპრილს, ინგლისისა და უელსის უზენაესმა სასამართლომ საბოლოო წერტილი დაუსვა სკანდალურ საქმეს, რომელიც უკავშირდებოდა ზაზა ოქუაშვილის მიერ 2018 წლის 30 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გაჟღერებულ ბრალდებებს. „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილს 4 მილიონი დოლარის გამოძალვაში სდებდა ბრალს.

საქმე განიხილებოდა სახელწოდებით: „Okuashvili & Ors v Ivanishvili & Ors, BL-2023-000“ და მასში მოცული იყო ბრალდებების ფართო სპექტრი, მათ შორის – ქართული პატენტის გარშემო წარმოშობილი დავა, სავარაუდო კორპორატიული იძულება და პოლიტიკური ჩარევა. მოსარჩელეთა მოთხოვნები დაყრდნობილი იყო კონტრაქტის დარღვევის, დელიქტური(ზიანის ანაზღაურების) პასუხისმგებლობისა და არამართლზომიერი გამდიდრების სამართლებრივ საფუძვლებზე.

დავაში მოპასუხეებად ფიგურირებდნენ თავად ბიძინა ივანიშვილი, კომპანია „თბილისის თამბაქო“ და ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა არგუმენტები და მათი მოთხოვნები არასაკმარის მტკიცებულებებზე დაყრდნობილად და ფალსიფიცირებულად მიიჩნია. გარდა ამისა, მოსამართლემ დაადგინა სერიოზული პროცედურული ხარვეზები, რაც სარჩელის წარდგენის სწორ ფორმასა და სასამართლოს იურისდიქციის განსახორციელებლად საჭირო სამართლებრივ სტანდარტებს შეეხებოდა.

სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ მთავარ პრეტენზიებს – მუქარას, უკანონო შეთქმულებასა და არაკეთილსინდისიერ ხელშეწყობას – არ გააჩნდა სერიოზული სამართლებრივი საფუძველი და ხშირ შემთხვევაში იყო გამონაგონი. სასამართლომ ამ ბრალდებებს ვადაგასული და არსობრივად მცდარი უწოდა.

სასამართლომ ასევე სრულად უარყო მოსარჩელეთა მოთხოვნა ფიდუციური (ნდობით აღჭურვილი) ვალდებულებების დარღვევისა და ამ დარღვევაში ხელშეწყობის შესახებ. სასამართლოს დასკვნით, სარჩელით მოცულ მხარეებს შორის არ არსებობდა ფიდუციური ურთიერთობა.

მოსარჩელეთა მცდელობა, დაეყრდნონ ქართულ პატენტს, რომელიც საქართველოში უკვე გაუქმებულია, სასამართლომ არასწორად მიიჩნია. აღნიშნულთან დაკავშირებით მიღებულ იქნა ის არგუმენტი, რომ საქართველოს სასამართლოებმა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დაადგინეს აღნიშნული პატენტის არაკანონიერება, რის გამოც გამორიცხული გახდა პატენტთან დაკავშირებული ნებისმიერი სამართლებრივი მოთხოვნის წარდგენა.

რაც შეეხება არამართლზომიერი გამდიდრების ცალკეულ პრეტენზიას, რომელიც უკავშირდებოდა გაუქმებული პატენტით მიღებულ სავარაუდო სარგებელს, მოსარჩელეებმა ვერ დაასაბუთეს სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სასამართლომ საქმეზე ინგლისსა და უელსში იურისდიქციის განხორციელება დაუშვებლად მიიჩნია.

ინგლისისა და უელსის უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ეუთო-ს წევრი 37 ქვეყანა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეუთო-ს წევრი 37 სახელმწიფო საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კვლავ გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების გამო და მათი მთავარი შეშფოთება სამი მიმართულებით ვლინდება.

„თებერვალში ჩვენი ბოლო დისკუსიის შემდეგ, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება კიდევ უფრო შორდება დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა ვალდებულებებს. ჩვენი მთავარი შეშფოთება სამი მიმართულებით ვლინდება: სამოქალაქო სივრცის საკანონმდებლო შეზღუდვა; დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება, უცნობი ჯგუფების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა; აგრეთვე გაუმართლებლად ხანგრძლივ წინასწარი პატიმრობის პერიოდები და წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობა.

„უცხოელი აგენტების“ რეგისტრაციის აქტი მოითხოვს, რომ ყველა პირი და ორგანიზაცია, რომელიც უცხოურ დაფინანსებას იღებს, დარეგისტრირდეს როგორც ე.წ. უცხოელი აგენტი. ეს მოიცავს ფინანსურ სანქციებსა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მათთვის, ვინც რეგისტრაციაზე უარს აცხადებს. ჩვენ ვიზიარებთ ოდირის შეშფოთებას, რომ „ამ კანონმა, სხვა ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, შეიძლება, კიდევ უფრო შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების საქმიანობა მათი საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო გარანტიების მოხსნით“. ამ კანონს არ გააჩნია სამართლებრივი გარანტიები, რაც ხელს შეუშლიდა სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და კერძო პირების უცხოური გავლენის ინსტრუმენტებად მონათვლას მხოლოდ დაფინანსების წყაროების საფუძველზე, რაც მკაფიოდ მიუთითებს, რომ ეს კანონი არ ეხება გამჭვირვალობას, არამედ მიმართულია განსხვავებული აზრის ჩახშობასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლისკენ. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყურადღებით აკვირდებიან საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ბოლოდროინდელ ცვლილებებს.

„აუცილებელია, რომ საარჩევნო ჩარჩოს ნებისმიერი ცვლილება აძლიერებდეს გამჭვირვალობასა და საზოგადოების ნდობას, რეფორმები შემუშავდეს ინკლუზიური დიალოგის გზით და ეუთო-ს ვალდებულებების შესაბამისად. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო, რაც ზღუდავს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას, მათ შორის სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები. ეს ცვლილებები ძირს უთხრის ხმის მიცემის თანასწორობის პრინციპს და ზღუდავს შეკრების თავისუფლებას, როგორც ეს აღნიშნულია ოდირისა და ვენეციის კომისიის ბოლო დასკვნებში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას,  განახორციელოს ამ ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციები.

შეშფოთებულნი ვართ საქართველოში ჟურნალისტების წინააღმდეგ მზარდი მუქარისა და დაშინების გამო. სახალხო დამცველის 2024 წლის ადამიანის უფლებათა ანგარიში ხაზს უსვამს მედიის თავისუფლების მნიშვნელოვან შემცირებას, რასაც ამწვავებს შემზღუდველი კანონები, როგორიცაა მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები და ჟურნალისტების მიმართ მზარდი მტრული დამოკიდებულება. განსაკუთრებით აღსანიშნავია შემთხვევები, როდესაც პოლიცია მიზანმიმართულად ესხმოდა თავს ჟურნალისტებს პროტესტის გაშუქებისას, მათ შორის ფიზიკური თავდასხმებისა და აღჭურვილობის ჩამორთმევის შემთხვებები. გარდა ამისა, ცნობები დევნილობაში მყოფი ჟურნალისტების დევნისა და მაღალი რანგის მოხელეების, პოლიტიკოსების მხრიდან ნეგატიური რიტორიკის შესახებ, კიდევ უფრო ძირს უთხრის მედიის თავისუფლებას და ზრდის საფრთხეებს ჟურნალისტებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ ამ პრაქტიკის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და თვითნებურად დაკავებული ყველა ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, მათ შორის მზია ამაღლობელის, რომელიც კვლავ პატიმრობაში რჩება და შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაბოლოს, ჩვენ კვლავ ღრმად შეშფოთებულნი ვართ პოლიციის ძალადობაზე პასუხისმგებლობის მუდმივი დანაკლისით. ჩვენ არ გვინახავს რაიმე მტკიცებულება, რომ საქართველოს ხელისუფლება სანდოდ იძიებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების, თვითნებური დაკავებების, გაუმართლებლად ხანგრძლივი წინასწარი პატიმრობისა და დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ეუთო-ს წევრი 37 ქვეყანა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები იმ პირთა უფლებების დასაცავად, რომლებიც  იყენებენ თავიანთ ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ჩაატაროს საფუძვლიანი გამოძიება 2024 წლის 28 ნოემბრიდან მშვიდობიანი პროტესტის დროს პოლიციის ძალის გამოყენების შესახებ, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროთ ადამიანის უფლებათა დარღვევებში დამნაშავეებს. ამის გარეშე საზოგადოების ნდობა საქართველოს ინსტიტუტების მიმართ კიდევ უფრო ზიანდება.

მიუხედავად საქართველოს მხრიდან არაერთი განცხადებისა, რომელიც ადასტურებს მათ მზადყოფნას დიალოგისთვის და ეუთო-ს პრინციპებისა და ვალდებულებებისადმი ერთგულებას, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვინახავს კონკრეტული და გულწრფელი ნაბიჯები მნიშვნელოვანი ჩართულობისკენ. პირიქით, საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებები საქართველოს კიდევ უფრო აშორებს დემოკრატიას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, რათა მოიძებნოს მიმდინარე კრიზისის მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაწყვეტა.

ჩვენ მივესალმებით ოდირისა და ეუთო-ს მედიის თავისუფლების საკითხებისი წარმომადგენლის ბოლოდროინდელ განცხადებებს და მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს, განაგრძოს კონსტრუქციული თანამშრომლობა ეუთო-ს ინსტიტუტებთან და გამოიყენოს მათი ექსპერტიზა. როგორც ეუთო-ს წევრი სახელმწიფოები, სამომავლოდ ამ მიმართულებით ჩვენ მოვიძიებთ ყველა ხელმისაწვდომ ინსტრუმენტსა და მექანიზმს, ეუთო-ს კონტექსტში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ოდირის რეკომენდაციები მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით.

ჩვენი ურყევი ვალდებულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელი რჩება. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს და მათ სწრაფვას დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ და მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ იგი ასრულებს საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს და უზრუნველყოფს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სრულ პატივისცემას“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული განცხადება გავრცელდა შემდეგი ქვეყნების სახელით: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდოვა, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, უკრაინა და გერმანია.