Home Blog Page 16

პოლიციელი გმირია. ყოველგვარი ცდა, შეცვალონ ამ ადამიანთა გმირობა ისევ კოლექტიურ „ნაცებს“ ამხელს და აკნინებს – თამთა მეგრელიშვილი

x

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი პოლიციელების მიმართ სოციალურ ქსელში განხორციელებულ თავდასხმას და ბულინგს ეხმიანება.

იგი წერს, რომ „დღეს სახელმწიფო ინსტიტუციები მყარია და საპოლიციო ძალები ეროვნული მისიით მოქმედებენ – იცავენ ქართულ სახელმწიფოსა და მოქალაქეთა უსაფრთხოებას“.

მისივე თქმით, სახელმწიფოებრივი აზროვნება არა წვრთნას არამედ პატრიოტიზმის განცდას მოაქვს. ასეთი განცდის მქონე ადამიანებითაა დღეს ძლიერი სახელმწიფო და ომის პარტიის სისხლიან თამაშს მხოლოდ კანონს და ადამიანურ სიყვარულს უპირისპირებს.

„სახელმწიფოს და ხალხის მსახურება არის ღირსება! მონობაა კოლექტიური დასავლეთის დაუწერელი კანონების ბრმად მორჩილება და მათი აღსრულებისათვის სისხლზე წასვლა!

დღეს სახელმწიფო ინსტიტუციები მყარია და საპოლიციო ძალები ეროვნული მისიით მოქმედებენ- იცავენ ქართულ სახელმწიფოს და მოქალაქეთა უსაფრთხოებას.

პოლიციელი გმირია! მათ მოახერხეს და მოლოტოვის კოქტეილებს სამშობლოსადმი თავდადება და სიყვარული დაუპირისპირეს.

სახელმწიფოებრივი აზროვნება არა წვრთნას, არამედ პატრიოტიზმის განცდას მოაქვს. ასეთი განცდის მქონე ადამიანებითაა დღეს ძლიერი სახელმწიფო და ომის პარტიის სისხლიან თამაშს მხოლოდ კანონს და ადამიანურ სიყვარულს უპირისპირებს.
პოლიციელი გმირია!

ყოველგვარი ცდა, შეცვალონ ამ ადამიანთა გმირობა ისევ კოლექტიურ ნაცებს ამხელს და აკნინებს.

მადლობა მათ ამ თავდადებისათვის!“, – წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

„ქართულმა ოცნებამ“ პასუხი უნდა გასცეს რატომ არის ქვეყანაში არეულობა, რატომ ხელყო დემოკრატია, რატომ არიან სანქცირებულები – გიორგი ვაშაძე

სანქციები და კონკრეტული ნაბიჯები, ხელისუფლების არ აღიარება და სალომე ზურაბიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემა, ძალიან დიდი შედეგია, რომელიც ამ აქციებს აქვს. გამარჯვების ფორმულა – მეტი წნეხი, სანქციები, აქციები და აქტიურობაა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” მოპასუხის რეჟიმშია გადასული, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს თუ რატომ არის ქვეყანაში არეულობა და რატომ ხელყო დემოკრატია.

“ამ აქციებს ძალიან დიდი შედეგი აქვს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უპრეცედენტო აქტივობა საქართველოსთან მიმართებაში. სანქციები და კონკრეტული ნაბიჯები, ხელისუფლების არ აღიარება და სალომე ზურაბიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემა – ეს ძალიან დიდი შედეგია, რომელიც ამ აქციებს აქვს. გამარჯვების ფორმულა: მეტი წნეხი, სანქციები, აქციები და აქტიურობაა.

დღეს “ქართული ოცნება” მოპასუხის რეჟიმშია გადასული, მან პასუხი უნდა გასცეს თუ რატომ არის ქვეყანაში არეულობა, რატომ ხელყო დემოკრატია, რატომ არიან სანქცირებულები და რატომ არ აღიარებენ არჩევნებს. ამის სანაცვლოდ ეს საკითხი შემოაგდეს, რომ ყურადღება გადაიტანონ. გამოსაძიებელი ვინც არიან, თავიანთ გუნდში მოძებნონ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც ჩანს, “ვივამედი” ისე წერს აქციებზე ნაცემი და დაკავებული ხალხის დიაგნოზებს, როგორც ზემოდან დაურეკავენ – ალეკო ელისაშვილი

ჩემი დაკავებისას თავი გაიგიჟეს, გამოკვლევები ჩამიტარეს, რენტგენიც გადამიღეს და მხოლოდ დაჟეჟილობა გაქვსო. ბოლო დროს ტკივილმა მომიმატა, დღეს ტომოგრაფია გადავიღე და ნეკნი მქონია მოტეხილი , – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, კლინიკა “ვივამედი” ისე წერს აქციებზე ნაცემი და დაკავებული ადამიანების დიაგნოზებს, როგორც დაავალებენ.

“როგორც ჩანს, “ვივამედი” ისე აცხობს და წერს აქციებზე ნაცემი და დაკავებული ხალხის დიაგნოზებს, როგორც ზემოდან დაურეკავენ და დაავალებენ.

ჩემი დაკავებისას თავი გაიგიჟეს, გამოკვლევები ჩამიტარეს, რენტგენიც გადამიღეს და მხოლოდ დაჟეჟილობა გაქვსო. ბოლო დროს ტკივილმა მომიმატა, დღეს ტომოგრაფია გადავიღე და ნეკნი მქონია მოტეხილი.

წარმომიდგენია, სხვა უფრო მძიმე დაზიანებების დროს დიაგნოზებში რას ჯღაბნიან. სცემთ, აკავებთ ხალხს, ჯანდაბას, დიაგნოზი მაინც უთხარით მართალი, იქნებ, ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის ამბავს წყვეტს.

12 წლის შემდეგ “ქართული ოცნების” ერთადერთი მიღწევა ის აღმოჩნდა, რომ ნაცებს გადაასწრეს სადიზმში, ფეხებზე ჰკიდიათ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

მაგრამ რაც არ უნდა აცხოთ და აფორმოთ “ვივამედში” დიაგნოზები, ვერც მძარცველ პოლიციას ვეღარ აღუდგენთ რეპუტაციას და აღარც ისტერიულ ბოდვებში მყოფ ქართულ ოცნებას ეშველება მაგით რამე. სადაც უკვე აქამდე დავიდნენ, მართლა წასულია ამათი საქმე და აუცილებლად გავიმარჯვებთ სახელოვნად!”, – წერს ელისაშვილი.

ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩემს ქვეყანას აქვს სუვერენიტეტი, იმის ძალა და ნება, რომ სამართალი აღასრულოს და შეფასდეს, რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში – დაჩი ცაგურია

ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩემს ქვეყანას აქვს სუვერენიტეტი, იმის ძალა და ნება, რომ სამართალი აღასრულოს და შეფასდეს, რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, – განუცხადა „ქრონიკას“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

„ჩრდილოეთ კორეის მსგავსი სიტუაცია იყო. ჩემს ნათესავებს და ბევრ ახლობელს, ტელეფონზე რომ დამერეკა და ეპასუხათ, მაგის ეშინოდათ. ზოგიერთი, ქუჩაში რომ მხვდებოდა, ვერ მესალმებოდა და გვერდს მივლიდა, ვითომ, ვერ დამინახა.

ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩემს ქვეყანას აქვს სუვერენიტეტი, იმის ძალა და ნება, რომ სამართალი აღასრულოს და შეფასდეს, რა ხდებოდა იმ პერიოდში“, – განაცხადა ცაგურიამ.

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

აშშ-მა რუსეთის ნაფთობის მოპოვებისა და ექსპორტის სექტორის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მიიღო

აშშ-მა რუსეთის ნაფთობის მოპოვებისა და ექსპორტის სექტორის წინააღმდეგ სანქციების მსხვილი პაკეტი მიიღო. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტი სამიზნეში იღებს რუსეთის ენერგეტიკი სფეროს, რომელსაც სახაზინო დეპარტამენტი მოსკოვის “შემოსავლების ძირითად წყაროდ” მოიხსენიებს და სანქციებს უწესებს რუსეთის ნავთობის ორ უდიდეს მომპოვებელს – “გაზპრომ ნეფტსა” და “სურგუტნეფტეგაზს”, ისევე როგორც 180-ზე მეტს გემს, ათობით ნავთობით მოვაჭრეს, ნავთობის საბადოებისთვის სერვისების მიმწოდებლებს, სადაზღვევო კომპანიებსა და ენერგეტიკის სფეროს ოფიციალურ პირებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციებს დიდი ბრიტანეთიც უერთდება, რომელიც ასევე ასანქცირებს ნავთობის ორ უდიდეს რუსულ კომპანიას – “გაზპრომ ნეფტსა” და “სურგუტნეფტეგაზს”.

“შეერთებული შტატები ყოვლისმომცველ ზომებს იღებს რუსეთის შემოსავლის საკვანძო წყაროს წინააღმდეგ, მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი და უკანონო ომის დაფინანსებისთვის. ეს გადაწყვეტილება აგრძელებს და აძლიერებს ომის დაწყებიდან ჩვენს მიზანს ჩავშალოთ კრემლის ენერგეტიკული შემოსავლები, მათ შორის “დიდი შვიდეულის” ფასის ზედა ჭერის მეშვეობით, რომელიც 2022 წელს დავამტკიცეთ. დღევანდელი ქმედებით ჩვენ ვზრდით სანქციების რისკს, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ნავთობით ვაჭრობასთან, მათ შორის რუსეთის ნავთობის ექსპორტის გადაზიდვასთან და ფინანსურ ფასილიტაციასთან,” – განაცხადა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, ჯანეტ იელენმა სანქციებთან დაკავშირებით.

 ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მომავალი მრჩეველი მაიკ უოლცი ეროვნული უშიშროების საბჭოს “დიფ სტეიტისგან” გაწმენდას გეგმავს: “ჩვენ ვიღებთ გადადგომის განაცხადებს 20 იანვარს დილის 12:01 საათზე”

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მომავალი მრჩეველი მაიკ უოლცი ეროვნული უშიშროების საბჭოს “დიფ სტეიტისგან” გაწმენდას გეგმავს და აცხადებს: “ჩვენ ვიღებთ გადადგომის განაცხადებს 20 იანვარს დილის 12:01 საათზე” .

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მომავალმა მრჩეველმა მაიკ უოლცმა ეროვნული უშიშროების საბჭოში (NSC) მნიშვნელოვანი წმენდის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, 20 იანვარს, დონალდ ტრამპის მეორე ინაუგურაციისას, 12:01 საათზე, სხვადასხვა ფედერალური უწყებებიდან დაზვერვის სამსახურში დანიშნული ყველა თანამშრომელი გადადგება. 

ამასთან, უოლცმა ხაზგასმით აღნიშნა რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თითოეულ წევრს მკაფიოდ ჰქონდეს გააზრებული ახალი ადმინისტრაციის მიზნები, რაც თავის მხრივ ტრამპის პოლიტიკის სრული მხარდაჭერის გარანტიაა.

ქეთევან ჯაჭვაძევ, სირცხვილია! – თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს! – სალომე ზურაბიშვილი

თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს! – ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც თქვენ და სასამართლო სისტემა აწარმოებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელშ წერს და ეხმაურება მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის მიერ საპროტესტო აქციებისას დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, „მონობა ცუდად სრულდება“.

„ქეთევან ჯაჭვაძევ! სირცხვილია! და თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს! ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც თქვენ და მთლიანად სასამართლო სისტემა აწარმოებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წინააღმდეგ. მონობა იცოდეთ ცუდად თავდება ! კაფკა როგორც სჩანს, არ წაგიკითხავთ, მაგრამ ისტორიას მაინც გადახედეთ!“, – წერს სალომე ზურაბიშვლი.

“თურქული საგარეო პოლიტიკის მაჯისცემა”- უცხოური პრესა

თურქეთის სახელმწიფო ტელე-რადიო კორპორაციის TRT-ის (Turkish Radio and Television Corporation) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით თურქული საგარეო პოლიტიკის მაჯისცემა“ (ავტორი – ჯემილ დოღაჩ იფექი).

პუბლიკაციაში განხილულია ჩვენი მეზობელი თურქეთის საგარეო პოლიტიკური კურსი 2025 წლის განმავლობაში. მასალაში ხაზგასმულია აგრეთვე ის ღირებულებები, თუ რას ეფუძნება თურქული დიპლომატია.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის პულსის შესანარჩუნებლად აუცილებელია ამ სახელმწიფოს პოტენციალის გამოვლენა. თურქეთი, თავისი მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობითა და გეოგრაფიული სტრატეგიული მდებარეობით, ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან სახელმწიფოთაგან მსოფლიოში, რომელსაც აქვს ცივილიზაციის დამკვიდრების პოტენციალი. თუმცა მხოლოდ ისტორიული და გეოგრაფიული უპირატესობები არ არის საკმარისი მომავლის თურქეთის ასაშენებლად. ამ პოტენციალის რეალიზებისთვის საჭიროა ცნობიერება, ცოდნა და სამოქმედო გეგმა. მიმდინარე პერიოდში ეს ელემენტები მნიშვნელოვანი კომპონენტებია, რომლებიც საფუძველს ჩაუყრის ახალი მსოფლიო ცივილიზაციის მშენებლობას გლობალური კრიზისის პირობებში.

ცოდნა ინფორმაციის მიღებასა და ორიგინალურობაზე გადის. ეს კი გაბედულად მოქმედებასა და ახალი თაობების შეგნებულად ჩამოყალიბებას ნიშნავს. ყოფნა ცხოვრების ცენტრში მორალური ფასეულობების და ცნობიერების შემუშავებას ნიშნავს. მორალის ნაკლებობა იმ კრიზისების საფუძველია, რომელსაც მსოფლიო ამჟამად განიცდის. თურქეთს შეუძლია ცვლილებების შეტანა ამ სფეროში უნიკალური ცივილიზაციის პერსპექტივის შეთავაზებით.

არსებობს სამი ძირითადი პრობლემა, რომელიც თურქეთმა და, შესაბამისად, თურქულმა სამყარომ უნდა გადაჭრას: არასრულფასოვნების კომპლექსი, საკუთარ თავში არ ყოფნის განცდა და მიზნების ნაკლებობა. ისტორიის მანძილზე სხვებთან კონკურენციის ნაცვლად უნიკალური გზის არ პოვნა საზოგადოების ორიგინალურობას აზიანებდა. არასრულფასოვნების კომპლექსს რომ თავი დავანებოთ, თურქეთმა და თურქულმა სამყარომ საკუთარ იდენტობაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება. ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს ცნობიერებაზე, ცოდნასა და მოქმედებაზე. ცნობიერება საშუალებას აძლევს საზოგადოებას შეგნებულად აითვისოს საკუთარი იდენტობა. ცოდნა ცვლის უმეცრებას და ხელს უწყობს საზოგადოების წინსვლას ყველა სფეროში. მოქმედება ნიშნავს თეორიის რეალობად გადაქცევას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით.

მომავლის თურქეთი მიზნად ისახავს ახალი მსოფლიო ცივილიზაციის მშენებლობას. ეს ხედვა მოიცავს სამ ძირითად მოთხოვნას: ინჟინერიიდან არქიტექტურაზე გადასვლას, ერთგულებისა და კომპეტენციისთვის მნიშვნელობის მინიჭებასა და ეროვნული სახელმწიფოსა და ცივილიზებული სახელმწიფოს ერთ ერთ ჯგუფში გაერთიანებას. ამ მიზნის მისაღწევად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დროულ მიდგომას ყველა სფეროში, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურიდან სოციალურ სტრუქტურამდე. ამ ხედვის განსახორციელებლად სამი მნიშვნელოვანი რჩევაა საჭირო: იყავით ისეთი, როგორებიც ხართ, იცოდეთ ისტორია და თეორია, შეხედეთ მოვლენებს ჩვენი ქვეყნის პერსპექტივიდან. ცივილიზაციის უნიკალური გაგების განვითარება მხოლოდ ამ შეგნებული მიდგომით არის შესაძლებელი.

მომავლის თურქეთის ფორმირების ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი მორალი და ადამიანური ღირებულებები იქნება. მორალის ნაკლებობა იმ კრიზისის გულშია, რომელსაც მსოფლიო ამჟამად განიცდის. გადაწყვეტილებები ყველა სფეროში, ეკონომიკური კრიზისიდან პოლიტიკურ ქაოსამდე, შესაძლებელია, როდესაც ინდივიდები და საზოგადოებები გაითავისებენ მორალურ ჩარჩოს. ამ ეტაპზე, თურქეთის ისტორიულმა გამოცდილებამ და რელიგიურმა ღირებულებებმა შეიძლება შექმნას მსოფლიო მოდელი.

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით თურქეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ახალი ბალანსის დასამყარებლად, განსაკუთრებით რეგიონსა და მსოფლიოში. მისმა მიზანმიმართულმა ხედვამ და  მიდგომამ საშუალება მისცა თურქეთს მოეპოვებინა საპატიო პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე. ამავდროულად, ნაციონალური მოძრაობის პარტიის ლიდერის, დევლეთ ბაჰჩელის დისკურსები, რომლებიც ხაზს უსვამს ეროვნულ ერთიანობას და სახელმწიფო ტრადიციებს, მნიშვნელოვანი შემავსებელი ელემენტი იყო ამ ხედვის რეალიზებაში.

თურქეთს აქვს პოტენციალი, გახდეს მნიშვნელოვანი აქტორი გლობალური ცივილიზაციის ხელახლა ჩამოყალიბებაში უახლოეს მომავალში. ამ პოტენციალის რეალიზებისთვის აუცილებელია ცნობიერების, ცოდნისა და მოქმედების ელემენტების ჰარმონიული განხორციელება. მორალზე, მეცნიერებასა და უნიკალურ იდენტობაზე დაფუძნებული მიდგომით თურქეთი იქნება იმედის წყარო არა მხოლოდ საკუთარი ხალხისთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც. ახალი მსოფლიო ცივილიზაციის აშენება თურქეთის ისტორიული მისიის შესაბამისი მიზანია და ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ ეროვნულ ცნობიერებაზე დაფუძნებული მუშაობითაა შესაძლებელი. შეიძლება ითქვას, რომ თურქეთი ამ მიმართულებით მტკიცე ნაბიჯებს დგამს სახალხო ალიანსთან ერთად.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მხოლოდ წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს – ანდრო ჭიჭინაძე

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა.

მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მისი განმარტებით, ადვოკატებს აცილების მოთხოვნის ორი საფუძველი ჰქონდათ. ჯაჭვაძის თქმით, მოსამართლის ხმის ტემბრის ცვლილება, რომელიც დაცვის მხარეს არ მოეწონა, აცილების საფუძველი ვერ გახდებოდა.

ასევე, მან განმარტა, თუ რატომ ისაუბრა საგამოძიებო პერიოდის გახანგრძლივების თაობაზე.

ადვოკატ მიგინეიშვილის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას სხვა ადვოკატებიც შეუერთდნენ.

უფლებადამცველებმა მოსამართლის აცილება მას შემდეგ მოითხოვეს, რაც ჯაჭვაძემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებაზეც გააკეთა განმარტება.

როგორც ჯაჭვაძემ აღნიშნა, საქმის მოცულობის გამო, საგამოძიებო ვადის გაგრძელება არაერთხელ მომხდარა და ამ შემთხვევაში კონკრეტული სახელები და გვარები არაფერ შუაშია.

მიგინეიშვილის განმარტებით, მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გააჟღერა და რეპლიკის უფლებით ისარგებლა.

ადვოკატ ომარ ფურცელაძის განმარტებით, ეს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაა. ამასთან, ადვოკატის თქმით, მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, წინმსწრებად გამოაცხადა საკუთარი პოზიცია. ფურცელაძის თქმით, მოსამართლემ “საკუთარი თავი კრიტიკულ ჩიხში თავად შეიყვანა”.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქეთევან ჯაჭვაძემ განმარტა, რომ კითხვაზე პასუხს თავად ადვოკატები ითხოვდნენ, თუ რატომ გაგრძელდა საგამოძიებო ვადა.

დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე. მცირე რეპლიკით ისარგებლა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ.

“ძალიან უცნაური პროცესია…. ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მხოლოდ წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

“დაე, გრენლანდიამ საკუთარი მომავალი თვითონ გადაწყვიტოს”-The Daily Telegraph

„დაე, გრენლანდიამ საკუთარი მომავალი თვითონ გადაწყვიტოს“, – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიას, რომელშიც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის პოზიციაა გაკრიტიკებული გრენლანდიის დაუფლების (თუნდაც ძალით)  სურვილთან დაკავშირებით:

1867 წელს რუსეთის იმპერიის მთავრობამ აშშ-ის ხელისუფლებას ალასკას ტერიტორია მიჰყიდა. უილიამ სიუარდი, აშშ-ის იმდროინდელი სახელმწიფო მდივანი და ექსპანსიის ენთუზიასტმა, ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვით ამერიკამ რუსეთს 7,2 მილიონი დოლარი გადაუხადა 1,723,337 კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე ტერიტორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ აკრში (4046 კვ.მ.) ამერიკამ მხოლოდ 2 ცენტი გადაიხადა. შესაბამისად, ალასკის, ანუ უძრავი ქონების ასეთი ფასით გაყიდვა მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან და უდიდეს გარიგებად ითვლება.

თავის დროზე ალასკის ყიდვას „სიუარდის სიგიჟედ“ თვლიდნენ, სანამ კლონდაიკში ოქროს საბადო არ აღმოაჩინეს. შემდეგ ამას მოჰყვა ნავთობის უდიდესი მარაგის აღმოჩენაც… რუსებმა სინანული გამოხატეს, რომ იჩქარეს და ალასკა ამერიკას ჩალის ფასად დაუთმეს.

ახლა კი ერთმა ამერიკელმა, რომელიც თავისი ქვეყნის საზღვრების გაფართოებაზე ზრუნავს, მზერა ყინულოვან კუნძულს – გრენლანდიას მიაპყრო. დონალდ ტრამპმა ისევე როგორც პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, ახლაც კვლავ გაიმეორა, რომ მას მსოფლიოში უდიდესი კუნძულის ყიდვა და მისი აშშ-ის შემადგენლობაში ხილვა სურს. ამ შემთხვევაში განსხვავება ალასკასთან შედარებით ისაა, რომ გრენლანდია გასაყიდად გატანილი არ არის.

დანია, რომელიც კუნძულზე სუვერენიტეტს განახორციელებს (თუმცა კუნძული ავტონომიის სტატუსით სარგებლობს), დონალდ ტრამპის სურვილი უარყო 2019 წელსაც და ახლაც იგივე გაიმეორა. როცა 2019 წელს დანიის იმდროინდელმა პრემიერმა-ქალმა მეტე ფრედერიკსონმა ტრამპის სურვილი „აბსურდად“ შერაცხა, გაბრაზებულმა აშშ-ის პრეზიდენტმა კოპენჰაგენში ვიზიტი გააუქმა.

ისე, დანიელებს, ალბათ, ავიწყდებათ, რომ 1917 წელს დანიის ხელისუფლებამ საკუთარი სურვილით გაყიდა ვირჯინიის კუნძულები და იცით ვის ჩაუგდო ხელში? იმავე ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელმაც დანიის სამეფოს 25 მილიონი დოლარი გადაუხადა ოქროთი..

მისტერ დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ კუნძულის დაუფლებისათვის შეიძლება სამხედრო ძალაც კი გამოიყენოს, მაგრამ თეთრი სახლი იარაღის ასეთ ჟღარუნს უნდა მოერიდოს. ამ სურვილის სამხედრო ძალით განხორციელებას მსოფლიომაც წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს. რა მაგალითს მისცემს ამერიკა გრენლანდიის დაპყრობით ჩინეთს, რომელსაც თვალი ტაივანზე უჭირავს? აშკარაა, რომ ამ მხრივ დონალდ ტრამპს არ მოსწონს დიდი ბრიტანეთის მოქმედებაც, რომლის მიხედვით, ლონდონმა ჩაგოსის არქიპელაგი [რომლის ერთ-ერთ კუნძულზე – დიეგო გარსიაზე აშშ-ის ბაზაა განლაგებული] მავრიკიას დაუთმო.

მოკლედ, უმჯობესი იქნება გრენლანდიის საკითხი თვითონ გრენლანდიელებმა იზრუნონ და თავიანთი მომავალი ბედი თვითონვე გადაწყვიტონ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

საგარეო ჩარევაზე წუწუნთან ერთად, ზოგიერთი გერმანელი მოხარულია, თავად ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და დეზინფორმაციაც გაავრცელოს – შალვა პაპუაშვილი

საგარეო ჩარევაზე წუწუნთან ერთად, ზოგიერთი გერმანელი მოხარულია, თავად ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და დეზინფორმაციაც გაავრცელოს, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

„ევროპაში საგარეო ინტერვენციისა და დეზინფორმაციის თაობაზე ცხარე განხილვების პარალელურად, გერმანიის წამყვანი პარტიების ზოგიერთი წარმომადგენელი ვერ აცნობიერებს, რომ თავად ერევა სხვის საქმეში და დეზინფორმაციასაც თვითონ ავრცელებს. საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ მათ მიერ გამოქვეყნებული განცხადება აშკარა ტყუილებს შეიცავს. ჯერ ერთი, ამ განცხადებაში მოყვანილი ფაქტის საპირისპიროდ, ეუთო/ოდირის დელეგაცია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ჩამოვიდა და ყველანაირი პირობაც შეექმნა საქმიანობისათვის. მეორეც, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს არასოდეს უთქვამს, რომ „გამორიცხავდა ევროკავშირთან წევრობის მოლაპარაკებებს 2028 წლამდე”. მან განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავად არ წამოწევდა ამ საკითხს და, იმავდროულად, მოუწოდა ევროკავშირს, დროულად გაეხსნა ეს მოლაპარაკებები.

„გამორიცხვა” მხოლოდ და მხოლოდ განცხადების ავტორების ფანტაზიის ნაყოფია. ეს აშკარა ტყუილები, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე როტის მიერ არათუ საქართველოს საქმეებში ჩარევასთან, არამედ რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში პირდაპირ მონაწილეობასთან ერთად, შეცდომას გამორიცხავს: საგარეო ჩარევაზე წუწუნთან ერთად, ზოგიერთი გერმანელი მოხარულია, თავად ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და დეზინფორმაციაც გაავრცელოს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

საგარეო ჩარევაზე წუწუნთან ერთად, ზოგიერთი გერმანელი მოხარულია, თავად ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და დეზინფორმაციაც გაავრცელოს -შალვა პაპუაშვილი

საგარეო ჩარევაზე წუწუნთან ერთად, ზოგიერთი გერმანელი მოხარულია, თავად ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და დეზინფორმაციაც გაავრცელოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

პაპუაშვილი გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბუნდესტაგის წარმომადგენლების განცხადებას, რომელშიც ისინი აღნიშნავენ, თითქოს არჩევნებზე ეუთო-ს გრძელვადიანი დამკვირვებლები არ იყვნენ დაშვებული.

„ევროპაში საგარეო ინტერვენციისა და დეზინფორმაციის თაობაზე ცხარე განხილვების პარალელურად, გერმანიის წამყვანი პარტიების ზოგიერთი წარმომადგენელი ვერ აცნობიერებს, რომ თავად ერევა სხვის საქმეში და დეზინფორმაციასაც თვითონ ავრცელებს. საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ მათ მიერ გამოქვეყნებული განცხადება აშკარა ტყუილებს შეიცავს. ჯერ ერთი, ამ განცხადებაში მოყვანილი ფაქტის საპირისპიროდ, ეუთო/ოდირის დელეგაცია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ჩამოვიდა და ყველანაირი პირობაც შეექმნა საქმიანობისათვის; მეორეც, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს არასოდეს უთქვამს, რომ „გამორიცხავდა ევროკავშირთან წევრობის მოლაპარაკებებს 2028 წლამდე“. მან განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავად არ წამოწევდა ამ საკითხს და, იმავდროულად, მოუწოდა ევროკავშირს, დროულად გაეხსნა ეს მოლაპარაკებები. „გამორიცხვა“ მხოლოდ და მხოლოდ განცხადების ავტორების ფანტაზიის ნაყოფია. ეს აშკარა ტყუილები, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, როთის მიერ არათუ საქართველოს საქმეებში ჩარევასთან, არამედ რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში პირდაპირ მონაწილეობასთან ერთად, შეცდომას გამორიცხავს: საგარეო ჩარევაზე წუწუნთან ერთად, ზოგიერთი გერმანელი მოხარულია, თავად ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და დეზინფორმაციაც გაავრცელოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.