Home Blog Page 16

ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოზე თავდასხმები, შანტაჟის ენა და ის ულტიმატუმები, რომლებიც მომდინარეობს ჩვენს მიმართ, პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ომში ჩართვის სურვილს – ნინო წილოსანი

ომის საფრთხე არა თუ გადავიდა, არამედ აქტუალურია ისე, როგორც არასდროს, – ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის მიერ პოლიტსაბჭოს სახელით გავრცელებულ განცხადებას. წილოსანის თქმით, ის შანტაჟის ენა და ულტიმატუმები, რომლებიც ევრობიუროკრატთა მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ომში ჩართვის სურვილს.

„ომის საფრთხე არა თუ გადავიდა, არამედ აქტუალური არის ისე, როგორც არასდროს, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებიდან გამომდინარე მთლიანი დაწოლა უკრაინის ომის მხარდაჭერის კუთხით გადავიდა ევროკავშირზე და რიგი ევროპარლამენტარების, თუ ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოზე თავდასხმები და ის ულტიმატუმები, შანტაჟის ენა, რომელიც მომდინარეობს ჩვენს მიმართ, პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ომში ჩართვის სურვილს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მართლაც კატასტროფაა იმის ყურება, თუ როგორი არაევროპული აღტყინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები, ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას – შალვა პაპუაშვილი

ირაკლი ხვადაგიანი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიის მე-8 (!) ნომერი იყო, პარლამენტის წევრიც გახდა და ნაცმოძრაობის სხვა რადიკალებთან ერთად მანდატიც დატოვა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ზუსტად ეს სქემები ამხილა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ და შეწყვიტა სხვა ქვეყნების არევის დაფინანსება.

პაპუაშვილის თქმით, „მართლაც კატასტროფაა იმის ყურება“, თუ როგორი „არაევროპული აღტყინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები, ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას“.

,,ეს ადამიანი, ირაკლი ხვადაგიანი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიის მე-8 (!) ნომერი იყო, პარლამენტის წევრიც გახდა და ნაცმოძრაობის სხვა რადიკალებთან ერთად მანდატიც დატოვა. “ნაციონალური მოძრაობა” დღეს ღიად აცხადებს, რომ აპირებს “ხელისუფლების დამხობას”.

როგორც საზოგადოებას ახსოვს, რამდენიმე კვირის წინ, საფრანგეთის ელჩმა “ნაციონალური მოძრაობის” ამ კონკრეტულ აქტივისტს, გრანტების კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე, დაფინანსება გამოუყო. თანხის მიცემის საბაბად, საფრანგეთის საელჩომ, ქუთაისში ტურისტული მარშრუტების დახაზვა დაასახელა. ამგვარი მარშრუტის მხაზველები, შემთხვევით, “ხელისუფლების დამხობის”, “არჩევნების ჩაშლის” და “ქუჩის ძალადობის” მონაწილენი რომ ხდებიან, ალბათ, მხოლოდ შემთხვევითობაა.

თუმცა, სინამდვილეში, ეს “შემთხვევითობა” იმის ნათელი მხილებაა, თუ რა სქემებით ფინანსდება საქართველოში ექსტრემიზმი. ზუსტად ეს სქემები ამხილა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ და შეწყვიტა სხვა ქვეყნების არევის დაფინანსება. და მართლაც კატასტროფაა იმის ყურება, თუ როგორი არაევროპული აღტყინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები, ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას.

ამ პოსტის ბოლოს ვფიქრობდი, საფრანგეთის ელჩისთვის მიმემართა, წუთით წარმოედგინა, რა მოხდებოდა, საქართველოს საელჩოს რომ საფრანგეთში დაეფინანსებინა ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების დამხობის და არჩევნების ჩაშლის გეგმებს აწყობენ. ვიცი, რომ შეძლებს წარმოდგენას, თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორ დასკვნას გამოიტანს, ამიტომ არ მივმართავ.

უბრალოდ ჩვენთვის ვიცოდეთ – ეს ექსტრემიზმია, ხოლო იმას, ვინც ექსტრემიზმს აფინანსებს, ქართველი ხალხისთვის კარგი არ უნდა,” – წერს პაპუაშვილი.

ვიეტნამში ტურისტული ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა

ვიეტნამში ტურისტული ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 38 ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაკარგულად ითვლება, – ინფორმაციას The Guardian-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნავ Wonder Sea-ზე 48 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა, რომლებიც ჰა-ლონგის ყურის, ტურისტებისთვის პოპულარული ადგილის, ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებდნენ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ნავი ძლიერი ქარის შედეგად გადაბრუნდა.

გამოცემა VNExpress-ის ცნობით, მაშველებმა ინციდენტის ადგილთან ახლოს 12 ადამიანი გადაარჩინეს და 38 ცხედარი იპოვეს.

ვიეტნამის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ყველა ტურისტი ვიეტნამელი იყო.

რუსული მხარის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა

რუსეთის თავდაცვის სისტემებმა ღამით ქვეყნის ცხრა რეგიონის და შავი ზღვის აკვატორიის თავზე თავზე 93 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 19 მოსკოვის ოლქში, – ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჩამოგდებული დრონებიდან 16 დედაქალაქისკენ მიემართებოდა.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, მოსკოვის ოლქში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა.

ქალაქ ზელენოგრადში ერთ-ერთი ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა და რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა.

დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა – შერემეტიევომ, დომოდედოვომ, ვნუკოვომ და ჟუკოვსკიმ – თვითმფრინავების გაშვება და მიღება შეაჩერა.

ბრაზილიის პრეზიდენტი ქვეყნის სასამართლო სისტემის საქმეებში აშშ-ის ჩარევას გმობს

J

ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა აშშ-ის ჩარევას ქვეყნის სასამართლო სისტემის საქმეებში გმობს. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დაზარალდნენ აშშ-ის მთავრობის მიერ მიღებული სრულიად უსაფუძვლო ზომით.

„ერთი ქვეყნის ჩარევა მეორე ქვეყნის სასამართლო სისტემაში მიუღებელია და არღვევს ერებს შორის პატივისცემისა და სუვერენიტეტის ძირითად პრინციპებს. დარწმუნებული ვარ, ვინმეს მხრიდან ვერანაირი დაშინება ან მუქარა ვერ შეუშლის ხელს ეროვნული ხელისუფლებისა და ინსტიტუტების უმნიშვნელოვანეს მისიას, რომელიც დემოკრატიული კანონის უზენაესობის დასაცავად და შესანარჩუნებლად მუდმივი მოქმედებისკენაა მიმართული“, – განაცხადა ლულა და სილვამ.

ვაშინგტონმა ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრ დე მორაესის, მისი ოჯახის წევრებისა და თანამოაზრეების ვიზები გააუქმა. მიზეზად დაასახელეს ბრაზილიის ყოფილი ლიდერის, ჟაირ ბოლსონაროს წინააღმდეგ მათი მხრიდან საქმის წარმოება.

მანამდე ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე განაცხადა, რომ მისი მოკავშირე და ბრაზილიის ყოფილი ლიდერი, ჟაირ ბოლსონარუ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია და მოუწოდა, შეწყდეს „კუდიანებზე ნადირობა“.

20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ენერგიით სავსე ხართ და ერთ ადგილზე გაჩერება გიჭირთ. სახლში ყოფნა არაფერს მოგცემთ — უმჯობესია იმოძრაოთ და იმოქმედოთ. დაუგეგმავი მგზავრობა დადებით ემოციებს და სასიამოვნო შთაბეჭდილებებს მოგიტანთ. თუ სახლიდან გასვლას ვერ ახერხებთ, ეცადეთ რამე სასარგებლო გააკეთოთ — მაგალითად, სახლის დალაგება და დასუფთავება, რაც სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.

კურო

ამ ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს კალეიდოსკოპში ცხოვრობთ — თქვენ გარშემო ყველაფერი მუდმივად იცვლება და წინასწარ ვერ გაიგებ, რა მოხდება რამდენიმე წუთში. ნუ ღელავთ, ცუდი არაფერი მოხდება, პირიქით, ეს აურზაური მხიარულებას და სიამოვნებას მოგიტანთ. თავი შეიკავეთ ახლობელ ადამიანებთან მტკივნეული საკითხების განხილვისგან, რომელსაც აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვება.

ტყუპები

ამ დღეს შეიძლება შესანიშნავი იდეა გაგიჩნდეთ და დაუყოვნებლივ მისი განხორციელება დაიწყოთ. ნუ ეცდებით, რომ ყველას ასიამოვნოთ, თორემ იმედგაცრუებული დარჩებით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ზედმეტი პასუხისმგებლობა არ აიღოთ, თორემ ვიღაც აუცილებლად ახალი თხოვნით მოგმართავთ. ისწავლეთ უარის თქმა — თქვენც გჭირდებათ დრო დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის. მით უმეტეს, რომ მომავალ კვირას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას გეგმავთ.

კირჩხიბი

ამ დღეს შეიძლება იმედგაცრუება იგრძნოთ. მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობით, თქვენს ზურგს უკანაც მოქმედებს და მახეს გიგებთ. ასეთ სიტუაციაში ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ დამნაშავე არც სინანულს და არც სირცხვილს არ გრძნობს და ბოდიშის მოხდას არ აპირებს. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ალბათ ამ ურთიერთობის დასრულება მოგიწევთ.

ლომი

ამ დღეს შეიძლება დიდი იმედგაცრუება იგრძნოთ — ახლობელი ადამიანი დახმარებას დაგპირდებათ, მაგრამ დანაპირებს არ შეასრულებს და ხელცარიელი დარჩებით. ეს ძალიან უსიამოვნო იქნება, თუმცა, ეცადე ემოციები მართოთ. ასეთი მშვენიერი დღე ერთი უღირსი ადამიანის გამო არ უნდა გაიფუჭოთ. მალე დარწმუნდები, რომ მისი ბოროტება მასვე დაუბრუნდება.

ქალწული

წინ სასიამოვნო და თბილი დღე გელით, რომელიც უჩვეულო შეხვედრებსა და საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ. შეიძლება გაჩნდეს ახალი გეგმები სამსახურთან, სწავლასთან ან შემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებით. განწყობას ამინდიც ხელს შეუწყობს და დღესასწაულის შეგრძნებას შეგმატებს. თუნდაც ვიღაცამ თქვენ მიმართ არაკეთილგანწყობა გამოხატოს, ყურადღებას ნუ მიაქცევთ — შურიანი ადამიანი არ იმსახურებს, რომ მის გამო განწყობა გაიფუჭოთ.

სასწორი

ამ დღეს შეგიძლიათ, ოჯახურ შეკრებაში მონაწილეობაზე უარი თქვათ და მარტო დარჩენა და დასვენება აირჩიოთ. ამით შინაგან სიმშვიდეს დაიბრუნებთ რაც ახლა ყველაზე მეტად გაკლიათ. სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში საქმიანი კავშირების აღდგენას შეძლებთ. შესაძლოა, ძველმა ბიზნესპარტნიორებმა რაიმე ახალი და საინტერესო წინადადება შემოგთავაზონ.

მორიელი

ამ დღეს შეიძლება შორეული ქვეყნისკენ გამგზავრება, ეგზოტიკური ადგილების მონახულება და ახალი ადამიანების გაცნობა მოგინდეთ. თუ დროც გაქვთ და სურვილიც, მაშინ მოქმედება უნდა დაიწყოთ. სულაც არ არის აუცილებელი შორს წასვლა — რამდენიმედღიანი მოგზაურობაც კი ახალ სამყაროს დაგანახვებთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც გიკარნახებთ, წარმატების მისაღწევად რა უნდა გააკეთოთ.

მშვილდოსანი

მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობა დაძაბულობას და სტრესს გამოიწვევს, მით უფრო, თუ არ იცით, როგორ შედეგს უნდა ელოდოთ. სახლში ყოფნა მხოლოდ მოლოდინის განცდას გაამწვავებს, ამიტომ ეცადეთ, მეგობრებს შეხვდეთ ან, უბრალოდ, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, ამიტომ იმპროვიზაციისთვის უნდა მოემზადოთ.

თხის რქა

ამ დღეს ფიქრებით სხვაგან ხართ და რეალობაში დაბრუნება არ გსურთ. დროა განოხვდეთ თქვენი ოცნებებიდან, რომელსაც აქვს ასრულების შანსი და არარეალურზე ფიქრი შეწყვიტოთ. იმ ადამიანთან ურთიერთობაში, რომელსაც კარგად არ იცნობთ, მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინეთ. გამორიცხული არ არის, რომ მოგატყუოთ და თქვენი სიკეთე ბოროტად გამოიყენოს.

მერწყული

დღევანდელი დღე სილამაზისთვისაა— შეგიძლიათ ვარცხნილობა შეიცვალოთ, მასაჟი გაიკეთოთ, სპა-აბონემენტიც შეიძინოთ ან უბრალოდ დაისვენოთ. ოჯახში სასიამოვნო მოვლენები გელით. საყვარელი ადამიანები და ძველი მეგობრები დაგეხმარებიან, რომ ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ. ეცადეთ, გარშემო მყოფი ადამიანების განწყობა გაითვალისწინოთ, რათა თქვენი ერთობლივი საქმიანობა ნაყოფიერი იყოს.

თევზები

დღეს თქვენს თავდაჯერებულობას საზღვარი არ ექნება. ნუ შეგეშინდებათ სიმართლის თქმის, მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ ამან შეიძლება რაღაც ძველი გაანადგუროს. ამ სიმართლით მხოლოდ ის განადგურდება, რაც თქვენს წინსვლას აფერხებდა. თუ საღამოს წვეულების გამართვას გადაწყვეტთ, დიდებული საღამო გელოდებათ.

“მხოლოდ თავისუფალი არჩევნები”-რვა ოპოზიციური პარტიის ერთობლივი განცხადება

8 ოპოზიციური პარტია, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, რეგიონებში წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას იწყებს. პარტიების ერთობლივი განცხადება საზოგადოებას პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ გააცნო.

“ივანიშვილის რეჟიმი 4 ოქტომბერს საქართველოში მორიგ რუსულ სპეცოპერაციას გეგმავს. ჩვენ, 8 პროდასავლური ძალა არ გავხდებით რეჟიმის თანამზრახველი საქართველოს მოქალაქეების მოტყუებაში. ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში და არ გავწირავთ საქართველოს მოქალაქეებს ეგზისტენციალური საფრთხისთვის. ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ შექმნილი განუკითხაობის და უსამართლობის დაკანონებაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ რეჟიმის პრინციპული და თანმიმდევრული იზოლაციით.

იმისთვის, რომ ცვლილება დადგეს და ის შედეგი მოიტანოს, რაც ისტორიულ გზაზე დაგვაბრუნებს, სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართული პოლიტიკის სისტემური გადატვირთვა. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიწყებთ წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას იმისთვის, რომ პოლიტიკური ბრძოლა თითოეულ ქალაქსა და სოფელში გაიშალოს და ხალხიდან წამოსულ იმპულსს, მათ ინტერესებსა და ენერგიას დაეფუძნოს“,- აცხადებენ პარტიები.

მზად უნდა ვიყოთ, არა მხოლოდ მივიღოთ და დავამუშაოთ ტვირთები, არამედ გადავამისამართოთ საქართველოს გავლით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე თურქეთამდე და შემდეგ ხმელთაშუა ზღვის პორტებამდე -ილჰამ ალიევი

მზად უნდა ვიყოთ, არა მხოლოდ მივიღოთ და დავამუშაოთ ტვირთები, არამედ გადავამისამართოთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით თურქეთამდე და შემდეგ ხმელთაშუა ზღვის პორტებამდე, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშის გლობალური მედიაფორუმზე ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.

ილჰამ ალიევმა ისაუბრა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტრანზიტული როლის მნიშვნელობაზე.

„რაც შეეხება ზანგეზურის დერეფანს, ეს არტერიაა, რომელიც  დააკავშირებს მრავალ ქვეყანას, და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ სარკინიგზო თუ საავტომობილო გზით გადაზიდვების განხორციელების აუცილებლობაზე, საუბარი არ არის მხოლოდ აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებაზე, საუბარია საერთაშორისო სატრანზიტო დერეფანზე. ჩვენ აქტიურად ვდებთ ინვესტიციებს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში. ბოლო წლებში ჩადებულია მილიარდობით დოლარი, აშენებულია კასპიის ზღვაზე უმსხვილესი საერთაშორისო სავაჭრო პორტი. ახლა ჩვენ ვმუშაობთ მის გაფართოებაზე. აშენებულია რკინიგზა, რომელიც აზერბაიჯანს თურქეთთან აკავშირებს საქართველოს ტერიტორიის გავლით. იზრდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სატრანზიტო გადაზიდვების მოცულობა იმის შედეგად, რომ არსებობს თანამედროვე ინფრასტრუქტურა. ასევე მიმდინარეობს გაციფრულების პროცესი, ხდება საბაჟო ადმინისტრირების გამარტივება, თუმცა ასევე ეს დაკავშირებულია ჩვენს რეგიონში გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან, როდესაც სხვა სატრანზიტო გზები ხდება უფრო პრობლემატური. ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ზანგეზურის დერეფნის პოტენციალს ვაფასებთ საწყისს ეტაპზე 15 მილიონი ტონა ტვირთის მოცულობით. ჩვენ პრაქტიკულად ვასრულებთ რკინიგზის მშენებლობას სომხეთთან და ირანთან ჩვენს საზღვრამდე და ალბათ ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში, შესაძლოა, მომავალი წლის გაზაფხულზე, ამ გზის აზერბაიჯანული ნაწილი აშენებული იქნება“, – განაცხადა ალიევმა.

ალიევის თქმით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება ტვირთების ტრანზიტი ჩინეთიდან აზერბაიჯანის გავლით. შენდება ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთი-თურქმენეთის რკინიგზა კასპიის ზღვაზე გავლით.

„ხედავთ, რამხელა ნაკადები უკვე მოდის და წამოვა ჩვენი მიმართულებით. ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, არა მხოლოდ მივიღოთ და დავამუშაოთ ტვირთები ბაქოს პორტში, არამედ ასევე გადავამისამართოთ ისინი საქართველოს გავლით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე თურქეთამდე და შემდგომ ხმელთაშუა ზღვის პორტებამდე და ზანგეზურის გავლით, რომელიც ასევე იქნება მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი“, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით სომხურ მხარეს არანაირი სამუშაოები არ ჩატარებულა. ალიევი აცხადებს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან იხსნება.

„ისინი თუ გააგრძელებენ მომავალშიც ამ პროცესის დაბლოკვას, აღმოჩნდებიან არა მხოლოდ სატრანსპორტო იზოლაციაში, რომელშიც დღეს იმყოფებიან, არამედ, გარკვეულწილად, პოლიტიკურ იზოლაციაშიც“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

“ნაციონალური მოძრაობა“ კი 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე – შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ არა, რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის”- თინა ბოკუჩავა

სამწუხაროდ, ზოგმა დემოკრატიულმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ გაუძლო ცდუნებას, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“, ისევე როგორც 13 წლის განმავლობაში, დღესაც, ხვალაც, 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე და აუცილებლად აწევს გამარჯვების დროშას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ თანაპარტიელ საკრებულოს წევრებთან ერთად „მზიურში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეიკრიბნენ კიდევ ერთხელ ერთად, რათა დააფიქსირონ, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, საკრებულოს 378 წევრის სახელით, ჩვენ ვთქვათ – „არა“ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

სამწუხაროდ, ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, მათ შორის, ზოგმა დემოკრატიულმა პოლიტიკურმა პარტიამ, მაგრამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ისევე როგორც 13 წლის განმავლობაში, დღესაც, ხვალაც, 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე და აუცილებლად აწევს გამარჯვების დროშას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.

ჩვენ ვხედავთ, რომ პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში არის განცხადებები საერთაშორისო ასპარეზზე. მათ შორის, დღეს ევროპარლამენტმა განაცხადა, რომ ის არ აღიარებს ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას, არ ითანამშრომლებს ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან და ის ითანამშრომლებს მხოლოდ იმ ხელისუფლებასთან, რომელიც ჩვენს ქვეყანას წაიყვანს ევროპისკენ ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს ჩემთან ერთად არიან „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრები. ესენი ის ადამიანები არიან, ვისაც ძალიან კარგად ესმით ბრძოლის ფასი სოფლებში, დაბებში, ქალაქებში, საქართველოს ყველა წერტილში და ყველა რეგიონში. დიახ, ესენი არიან სწორედ ის გაუტეხელი ადამიანები, რომლებმაც საქართველოს თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა, ივანიშვილის მოღალატეობრივი რეჟიმის ძალისხმევის მიუხედავად, დღევანდელ დღემდე მოიტანა. ხვალ სწორედ ეს გუნდი, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ აწევს გამარჯვების დროშას და ეს გამარჯვება გადის პრინციპულობაზე, უკომპრომისობაზე, ბრძოლაზე. სწორედ ასე – ერთიანობით, პრინციპულობით, უკომპრომისობით ჩვენ აუცილებლად ავწევთ გამარჯვების დროშას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

“რუსეთი უკრაინის მოქალაქეების საქართველოს გავლით დეპორტაციას იარაღად იყენებს” – ანდრეი სიბიგა

“რუსეთის უკრაინის მოქალაქეების საქართველოს გავლით დეპორტაციას იარაღად იყენებს. მათ [უკრაინის მოქალაქეების] პირდაპირ უკრაინის საზღვართან ტრანსპორტირებას ვთავაზობთ”,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი საბიგა წერს.

როგორც ის აღნიშნავს, რუსული მხარე უკრაინის მოქალაქეთა დეპორტაციისთვის საქართველოს საზღვარს იყენებს, რაც მათ ქვეყანაში დაბრუნებას ართულებს. საბიგას განცხადებით, ივნისის შემდეგ ათობით ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

“ივნისის შემდეგ რუსეთმა საგრძნობლად გაზარდა უკრაინის დეპორტირებულ მოქალაქეთა რაოდენობა, ძირითადად ყოფილი პატიმრების, საქართველოს საზღვარზე. შედეგად, ათეულობით ადამიანი, სათანადო დოკუმენტაციის გარეშე, სატრანზიტო ზონაშია გაჭედილი. უკრაინული საკონსულოები აქტიურად მუშაობენ მათთვის დოკუმენტაციის მიწოდებაზე და ქვეყანაში მოლდოვას გავლით მათ დაბრუნებაზე. ამ გზით უკვე დავაბრუნეთ 43 მოქალაქე, მათ შორის ყოფილი პოლიტპატიმარი ანდრეი კოლომიეცი. თუმცა ბევრი ადამიანი კვლავ რჩება მძიმე სასაზღვრო პირობებში.

ქართულ და მოლდავურ მხარესთან აქტიურად ვმუშაობთ, რათა ჩვენი ხალხი უკრაინაში დავაბრუნოთ. თუმცა არ არსებობს გარანტია, რომ რუსეთი დეპორტირებულთა რაოდენობას არ გაზრდის. გართულებების თავიდან ასარიდებლად, რუსეთს საჯაროდ ვთავაზობთ, რომ ამ კატეგორიის უკრაინის მოქალაქეები პირდაპირ უკრაინის საზღვართან გამოუშვან. ჩვენ მზად ვიქნებით, რომ მათ დავხვდეთ. არსებობს სასაზღვრო ნაწილები, სადაც ეს შესაძლებელია”, – წერს საბიგა და აღნიშნავს, რომ რუსეთს ეს ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური არხებითაც მიეწოდება.

 უნდა გქონდეს კარგი ურთიერთობები არა მხოლოდ შენს მეზობლებთან, არამედ შენი მეზობლების მეზობლებთანაც, ამისთვის საჭიროა აქტიური დიპლომატია და სანდო პარტნიორის კარგი იმიჯი -ილამ ალიევი

მეზობლებთან კარგი ურთიერთობების გარეშე ტრანზიტული ქვეყანა ვერ გახდები, – ამის შესახებ ილჰამ ალიევმა შუშის გლობალური მედიაფორუმზე ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი ცდილობს აჩვენოს, რომ სანდო პარტნიორია და მის სიტყვას ისეთივე ღირებულება აქვს, რაც ხელმოწერას.

„დაკავშირებადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კარგი ურთიერთობები მეზობლებთან, რადგან ამის გარეშე ვერ გახდები ტრანზიტული ქვეყანა. შენ უნდა გქონდეს კარგი ურთიერთობები არა მხოლოდ შენს მეზობლებთან, არამედ შენი მეზობლების მეზობლებთანაც, ამისთვის საჭიროა აქტიური დიპლომატია და სანდო პარტნიორის კარგი იმიჯი. ის, რასაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვცდილობთ, არის ნდობის შენება, რათა ჩვენ შევძლოთ ჩვენება, რომ ვართ სანდო პარტნიორი და ჩვენს სიტყვას იგივე ღირებულება აქვს, რაც ჩვენს ხელმოწერას“, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე  ისაუბრა შავ ზღვაში მწვანე ენერგეტიკული კაბელის პროექტზე, რომელსაც საქართველო, აზერბაიჯანთან, რუმინეთსა და უნგრეთთან ერთად ახორციელებს.

„თქვენ ხედავთ, რომ დაკავშირებადობა ცდება კავკასიის რეგიონს, ცენტრალურ აზიას და ევროპას და აერთიანებს მათ. შეხვედრის წერტილი, მე ვიტყოდი, არის აზერბაიჯანი, რადგან მოგწონს თუ არა, გეოგრაფიას ვერ შეცვლი. თუმცა გეოგრაფია ყოველთვის არ მოგიტანს უსაფრთხოებას, დაცულობას და პროგრესს. საჭიროა გეოგრაფიის გამოყენება კარგი მიზნებისთვის. ასე რომ, ჩვენ უკვე შეგვიძლია, წინასწარ დავინახოთ იმ შეთანხმებების გათვალისწინებით, რომლებსაც უკვე მოვაწერეთ ხელი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, რომ აზერბაიჯანი იქნება ერთგვარი ჰაბი მწვანე ენერგიის ტრანსპორტირებისთვის, წარმოებისა და დისტრიბუციისთვის“, – აღნიშნა ალიევმა.

რაც შეეხება ტრადიციულ ენერგორესურსებს, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ დღეს აზერბაიჯანმა მიაღწია ყველაფერს, რაც დაგეგმილი ჰქონდა. მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს ევროპას აზერბაიჯანისგან მეტი გაზი სჭირდება და ბაქო ამისთვის მზად არის.

თურმე მმართველობის ფორმა უნდა შევცვალოთ და იყოს ისეთი, როგორიც სააკაშვილს ჰქონდა, „დემოკრატიის შუქურა“ ასე უხეშად არ უნდა ჩაგვექრო და უნდა გამოვასწოროთ -მამუკა მდინარაძე

შარშან გვეუბნებოდნენ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ. „ირკვევა“, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალი ყოფილა და სასწრაფოდ კურსი უნდა შევცვალოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამბობენ, რომ თურმე დღევანდელი მმართველობის ფორმა უნდა შეიცვალოს და იყოს ისეთი, როგორიც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა.

„შარშან გვეუბნებოდნენ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ. „ირკვევა“, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალი ყოფილა და სასწრაფოდ კურსი უნდა შევცვალოთ. ახლა ყველაფერი გასაგებია. რა არის ამისთვის საჭირო?

1. დღევანდელი მმართველობის ფორმა უნდა შევცვალოთ და ისეთი უზრუნველვყოთ, როგორც ეს სააკაშვილს ჰქონდა. „დემოკრატიის შუქურა“ ასე უხეშად არ უნდა ჩაგვექრო და უნდა გამოვასწოროთ. პრინციპში, ჩვენ გაგვიჭირდება, აგენტებმა უკეთესად იციან, ეს როგორ დაალაგონ და „სამართლიანი არჩევნებიც“ მათ მმართველობაში მოყვანას გულისხმობს;

2. უნდა შევიდეთ დსთ-ში და ეკონომიკის განვითარებაც მოლდოვისნაირი უნდა გვქონდეს;

3. უნდა ვიყოთ ისეთივე ურთიერთობაში რუსეთთან, როგოც უკრაინა – ღია ომში;

4. ოჯახურ ღირებულებებზე და მსგავს „ქართულ-ეროვნულ ახირებებზე“ უარი რომ უნდა ვთქვათ, ეს, პრინციპში, პირდაპირ მოგვწერეს რამდენიმე დღის წინ.

აი, ამ შემთხვევაში ევროპარლამენტის განცხადება იქნება აბსოლუტურად განსხვავებული, მეტიც, პოზიტიური და მხარდამჭერი. მხოლოდ ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი, როგორც ჩანს, არ ჭრის, დამატებითი ზომებია საჭირო ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც საკუთარ თავზე უარი არასდროს უთქვამს – ყველას მოუწევს ამასთან შეგუება.

პ. ს. დღეს რადიკალებს აქცია აქვთ დაანონსებული, რომელიც, ორკვირიანი მზადების მიუხედავად, ფაქტობრივად ჩავარდნილი იყო და მის „დასაბუსტად“ რაღაც იყო საჭირო. რა საოცარი დამთხვევაა ეს განცხადება“, – დაწერა მამუკა მდინარაძემ.