Home Blog Page 16

რუსეთმა დონეცკის ოლქში ლითიუმის საბადო დაიკავა, რაც უკრაინისა და აშშ-ის გარიგებას საფრთხეს უქმნის – მედია

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დონეცკის ოლქში ლითიუმის საბადო ხელში ჩაიგდეს, შესაბამისად უკრაინა მნიშვნელოვანი აქტივის გარეშე დატოვეს, რომელსაც აშშ-თან ახალი ეკონომიკური პარტნიორობის მხარდაჭერა შეეძლო. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

ცნობილია, რომ საბადო სოფელ შევჩენკოსთან ახლოს მდებარეობს. რუსებმა სოფელი რამდენიმე დღის წინ დაიპყრეს.

„მიუხედავად იმისა, რომ საბადო შედარებით პატარაა და მისი ფართობი სულ რაღაც 100 აკრს (40 ჰექტარს) შეადგენს, დარგის ექსპერტები ფიქრობენ, რომ ის ლითიუმის მაღალი კონცენტრაციის გამო უკრაინაში ერთ-ერთი ძვირფასი ადგილია. ლითიუმი არის მინერალი, რომელსაც მოწინავე ტექნოლოგიების, ისეთების, როგორიცაა ელექტრო ბატარეები წარმოებისას იყენებენ. შეერთებულმა შტატებმა ლითიუმი საკუთარი ეკონომიკისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან წიაღისეულად აღიარეს“, – წერია სტატიაში.

როგორც The New York Times-ი იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინაში ლითიუმის უდიდეს მარაგებზე, რომელიც ევროპაში უმსხვილესად ითვლება, წვდომა სურდა. ამისთვის უკრაინამ და აშშ-მა ხელი მოაწერეს ისტორიულ შეთანხმებას, რომელიც ამერიკელებს სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის უფლებას აძლევს.

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობას იწყებს — მიზანი უმაღლესი განათლების ტრანსფორმაციაა

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი იწყებს თანამშრომლობას არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (ASU) და უერთდება ASU-Cintana-ს გლობალურ ალიანსს, რომელიც საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემის გარდაქმნას  ისახავს მიზნად. თანამშრომლობა ითვალისწინებს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუდენტების მომზადებას საერთაშორისო კარიერისთვის.
პარტნიორობის ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი ისწრაფვის, გახდეს რეგიონული ჰაბი კავკასიაში და საქართველოში ჩამოყალიბდეს, როგორც ინოვაციური, ინტერდისციპლინური და საერთაშორისო განათლების ცენტრი.

არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ASU) უკვე ათი წელია აშშ-ის ყველაზე ინოვაციურ უნივერსიტეტად სახელდება U.S. News & World Report-ის მიერ (2016-2025 წწ.).

Powered by ASU-ის სტატუსის მიღებით ,,ექიმის სამედიცინო აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე“ კონცენტრირებული აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი დღეს ახალ მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის  და არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით აჩქარებს ზრდის ტემპს, განაახლებს აკადემიურ ხედვას და თავის ბრენდს გლობალურ ღირებულებებზე დაყრდნობით.
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის სტუდენტებს ექნებათ წვდომა ASU-ს სტანდარტებზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამებზე, წამყვანი პროფესორების გამოცდილების გაზიარებაზე, გლობალურ მასტერკლასებზე, საერთაშორისო კვლევით თანამშრომლობასა და სტუდენტთა გაცვლით პროგრამებზე.

„არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და Cintana ალიანსის გლობალური ექსპერტიზის მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი ახორციელებს სტრატეგიულ ინიციატივას, იმისათვის რომ გახდეს რეგიონული ლიდერი საერთაშორისო განათლების სფეროში“, — აღნიშნა აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის პრეზიდენტმა გიორგი ხუროძემ.
ASU-სთან პარტნიორობით შემუშავებული გაფართოებული პროგრამები სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს მიიღონ ASU-ისა და აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის დიპლომები. ეს მოქნილი და ეტაპობრივი სასწავლო გზები სტუდენტებს მისცემს საშუალებას გადააწყონ საკუთარი აკადემიური მარშრუტი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის ამბიციური ზრდა მხარდაჭერილი იქნება როგორც მედიცინის პროგრამის გაძლიერებით, ისე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 22 ახალი აკადემიური პროგრამის შემუშავებით.

ახალი პროგრამები მოიცავს ჯანმრთელობის მეცნიერებებს, ბიზნესს, ციფრულ ტექნოლოგიებსა და სოციალურ მეცნიერებებს — დარგებს, სადაც მაღალი ხარისხის განათლებაზე მოთხოვნა საგრძნობლად იზრდება როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში.

თბილისიდან მტკიცე ნებისყოფის ნიშანია, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო, სასწრაფოდ საჭიროა გადაწყვეტილებების მიღება -რასა იუკნევიჩიენე

თბილისიდან მტკიცე ნებისყოფის და SOS ნიშანია, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, საჭიროა სასწრაფოდ გადაწყვეტილებების მიღება.

„ჩვენთვის, ევროკავშირისთვის თბილისიდან მტკიცე ნებისყოფის და SOS ნიშანია. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო. ივანიშვილის რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა უკვე დააპატიმრა. სასწრაფოდ საჭიროა გადაწყვეტილებების მიღება“, – დაწერა რასა იუკნევიჩიენემ.

„დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე შიმშილობა 27 ივნისს დაიწყო და განაცხადა, რომ მზად არის, „თავი შეწიროს რეჟიმს“.

უნდა ვიყოთ ორიენტირებული ქუჩის პროტესტზე , სრულ ერთიანობაზე წინააღმდეგობაში და ბოიკოტში -ირაკლი ფავლენიშვილი

„ელენე ხოშტარიას ეს ნაბიჯი აღქმული უნდა იქნას, რომ აღარ არსებობს უკან დახევა რეჟიმთან ბრძოლაში, ნებისმიერ შუალედურ მექანიზმზე საუბარი არის ღალატი, ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ ორიენტირებული ქუჩის პროტესტზე და  მათ შორის სრულ ერთიანობაზე წინააღმდეგობაში და ბოიკოტში.“ – განაცხადა
„ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა

“ქვეყანაში გვაქვს მძიმე მდგომარეობა, როდესაც ადამიანები მიმართავენ პროტესტის უკიდურეს ფორმას გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არის ეგზისტენციალური საფრთხე არა მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, მათ შორის ადამიანები წირავენ არა მხოლოდ თავისუფლებას, არამედ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ამ ბრძოლაში ეს ნაბიჯი უნდა აღქმულ იქნეს მათ შორის

საპროტესტო ელექტორატის და სხვა აქტორების მიერ, რომ აღარ არსებობს უკან დახევა რეჟიმთან ბრძოლაში, ნებისმიერ შუალედურ მექანიზმზე საუბარი არის ღალატი, ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ ორიენტირებული ქუჩის პროტესტზე და მათ შორის სრულ ერთიანობაზე წინააღმდეგობაში, ბოიკოტში და არა სხვა ფორმატში.“- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

შეგახსენებთ, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის წინ შიმშილობა დაიწყო. 

რუსეთი მზად არის, უკრაინასთან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი სტამბოლში გამართოს – პუტინი

მოსკოვი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი სტამბოლში გამართოს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა.

რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია თარიღისა და ადგილის შეთანხმება და იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გააგრძელებს დარეგულირების პროცესის მხარდაჭერას.

„ჩვენ ამისთვის ძალიან მადლობელი ვართ“, – აღნიშნა პუტინმა.

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ურთიერთობებისთვის სასიკეთო დღეა. ადვილად შეძლებთ სხვებთან საერთო ენის გამონახვას და კარგი შთაბეჭდილების მოხდენას. იაქტიურეთ, წარმატებას მიაღწევთ პირად ფრონტზეც.

კურო

ძლიერ დატვირთული და საქმიანი დღეა, თქვენი ნიჭისა და ცოდნის დემონსტრირებით, შთამბეჭდავად შეძლებთ ნებისმიერ საქმეში თავის წარმოჩენას. შესაძლოა, მეტად სარფიანი და საინტერესო წინადადებაც შემოგთავაზონ.

ტყუპები

თუ თქვენს გეგმებს უფრო დააკონკრეტებთ და მოხერხებულად იმოქმედებთ, დაეყრდნობით ინტუიციას საჭირო მომენტში, დარწმუნებული იყავით, რომ სასურველ შედეგს გაცილებით იოლად მიიღებთ.

კირჩხიბი

მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, არის კარგი ცვლილებების ალბათობაც, შესაძლოა, სწორედ დღეს დაიწყოს თქვენს ცხოვრებაში ახალი მნიშვნელოვანი ცვლილებები.

ლომი

თუ რაიმე სირთულე იჩენს თავს, გამოიჩინეთ კეთილგონიერება და ცივი გონებით გააანალიზეთ, სხვისი თვალით შეხედეთ ყველაფერს და პრობლემებს თავს იოლად გაართმევთ.

ქალწული

კარგი დროა, ნებისმიერი სახის თანამშრომლობისთვის, არავითარი პრობლემები არ გემუქრებათ იმ ადამიანებისგან, ვინც თქვენი იდეების რეალიზებაში დაგეხმარებათ. უბრალოდ, გაითვალისწინეთ რომ ეს საქმიანობა, ყველასთვის სარგებლიანი უნდა იყოს.

სასწორი

შესაძლოა, ამ დღემ არაერთი მოულოდნელობა მოიტანოს და საქმეებს თავი ვერ გაართვათ, თუმცა, კარგი პერსპექტივებიც სწრაფად გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში.

მორიელი

გამოიჩინეთ ინიციატივა, როგორც პირად, ასევე საქმიან სფეროში და არავითარ შემთხვევაში არ მიატოვოთ დაწყებული საქმე. თქვენი იდეები ნაყოფიერი და სარგებლიანი იქნება და ბევრ მხარდამჭერს გაიჩენთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, გეგმები თქვენი ჩანაფიქრის მიხედვით არ განვითარდეს, მაგრამ სერიოზული მიდგომითა და მონდომებით, შეძლებთ მიაგნოთ ახალ შესაძლებლობებს, ეს დროულად გამოიყენეთ და შესაბამისად იმოქმედეთ.

თხის რქა

დიდია პოზიტიური ცვლილებების შანსი, სასიკეთო და მნიშვნელოვანი იქნება ურთიერთობა დიდი ხნის უნახავ ნათესავებთან ან ნაცნობებთან, შესაძლოა, შექმნათ ერთიანი სამოქმედო გეგმა მომავალი საქმიანობისთვის.

მერწყული

რთული, მაგრამ საინტერესო დღეა. თუ არ იზარმაცებთ და საჭირო ინიციატივას გამოიჩენთ, თვითონვე გაგაკვირვებთ მიღწეული შედეგები და მეტად კმაყოფილიც დარჩებით საკუთარი თავით.

თევზები

შესაძლოა, მარტოს გაგიჭირდეთ საქმეებში გარკვევა, ნუ იწუწუნებთ და ნუ აჰყვებით ნეგატიურ ფიქრებს, სთხოვეთ დახმარება ახლობელ ადამიანებს და ყველაფერს წარმატებით გაუმკლავდებით. 

 ეს ქვეყანა თავისუფალი ხალხის ასაშენებელია და არა მშიშარების – მინდა, მოგიწოდოთ, კითხვა „გვეშველება რამე?” უნდა ამოვიღოთ სასაუბრო ლექსიკონიდან, პასუხი არის ერთი – დიახ, გვეშველება! – მამუკა ხაზარაძე 

„ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან წერილს ავრცელებს, რომელიც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე განთავსდა.

როგორც ხაზარაძე წერს, ქვეყნის სრული გათავისუფლებისთვისა და გაერთიანებისთვის ბრძოლა გრძელდება.

ამასთან, ხაზარაძის თქმით, ეს ქვეყანა თავისუფალი ხალხის ასაშენებელია და არა მშიშარების.

„წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას. ანას, ნიკას, ელენეს, სოფოს, იოანეს, ასეთ წერილს პირველად გწერთ ყველას – ჩემს ხუთივე შვილს.

მადლობით მინდა დავიწყო ასეთები რომ ხართ – მართლები, ლაღები და თავისუფლები, უბრალოები და არაფრით გამორჩეულები, გარდა თქვენი ინდივიდუალიზმისა.

ბევრი უსამართლობის და წინააღმდეგობის, ხშირ შემთხვევაში გადაულახავის დროსაც, ერთხელაც არ გითქვამთ, რომ ქვეყანა დაგვეტოვებინა, იცოდით რა, რომ ამის შესაძლებლობა სულ გვქონდა.

მადლობა, რომ არც თქვენ გაგჩენიათ სურვილი სხვა ქვეყანაში ცხოვრების იმიტომ, რომ ზუსტად იცით და გრძნობთ, რომ ამ ქვეყანას დიდი მომავალი აქვს. იცით და ამაყობთ ამ ქვეყნის ტრადიციით და ისტორიით. იცით და გრძნობთ, რომ თუ თქვენ არა, სხვა ვერავინ უშველის ამ მართლაც უნიკალურ საქართველოს. თავისუფლები ხართ და ამიტომ ვარ ამაში ასე დარწმუნებული. თავისუფალმა ადამიანებმა მოიტანეს ეს ქვეყანა დღემდე. თავისუფლებას ერთი განსაკუთრებული თვისება აქვს – რაც უფრო ვიწროვდება შენს გარშემო სივრცე, უფრო ძლიერდება ეს გრძნობა. დღეს, ამ ოთხ კედელში გამოკეტილი, ამას განსაკუთრებული ძალით ვგრძნობ.

ეს ქვეყანა თავისუფალი ხალხის ასაშენებელია და არა მშიშარების. მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ შექმნან რაიმე ღირებული, ინოვაცია, ბიზნესი თუ ხელოვნება. მშიშარა ადამიანზე საწყალი და უბედური არ არსებობს ქვეყანაზე არავინ. მადლობა ირინას თქვენი ასეთი აღზრდისთვის! მადლობა ყველა დედას თავისუფლებისმოყვარე შვილების აღზრდისთვის!

მიყვარხართ!

ბრძოლა გრძელდება ქვეყნის სრული გათავისუფლებისთვის და გაერთიანებისთვის. დიახ, რუსული რეჟიმის ჩამოშორება მხოლოდ ნაწილია დიდი მიზნის მისაღწევად, რასაც ქვეყნის გაერთიანება ჰქვია.

ბედნიერი ვარ, რომ ამ ბრძოლის ნაწილი ვარ, ჩემს ოჯახთან და თანამებრძოლებთან ერთად! მინდა, მოგიწოდოთ – კითხვა “გვეშველება რამე?” უნდა ამოვიღოთ სასაუბრო ლექსიკონიდან.

პასუხი არის ერთი – დიახ, გვეშველება! ამაყად და ხმამაღლა უნდა ვიძახოთ და ვიმეოროთ – ჩვენ გავიმარჯვებთ!

ერთად საქართველოსთვის!

ერთად თავისუფლებისთვის!” – წერს ხაზარაძე.

ჩვენ ვქმნით ისეთ რეგულაციებს, რომ საქართველო არალეგალი მიგრანტების თავშეყრის ადგილი არ იყოს – დავით მათიკაშვილი

შრომითი კუთხით ჩვენ ვცდილობთ, რომ მიგრანტებთან დაკავშირებით იყოს სწორი საკანონმდებლო რეგულაციები, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, რომელმაც „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე განმარტება გააკეთა.

„ჩვენ ვქმნით ისეთ პირობებს, რომ არალეგალი მიგრანტების თავშეყრის ადგილი არ იყოს საქართველოში და ამ მხრივ მოხდეს რეგულაციების გამკაცრება. ხდება კანონმდებლობის სრულყოფა, რომელიც მიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას მოაგვარებს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა და 84 ხმით მხარი დაუჭირა.

წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის გზა და ლენტეხი-მესტიის გვირაბის პროექტები ძალიან ძვირი ჯდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია საკმაოდ დიდი რეგიონის განვითარებისთვის – სოზარ სუბარი ირაკლი კობახიძეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, პრემიერს კითხვებით მიმართა.

სოზარ სუბარმა ისაუბრა მაგისტრალური პროექტების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვანია საკმაოდ დიდი რეგიონის განვითარებისთვის.

„ბატონო პრემიერო, აქ შევეხები მაგისტრალურ გზებს, რომლებზეც უკვე ისაუბრეთ. რამდენიმე მაგისტრალური გზა გადის ქვეყანაში, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი. ესენია: ქვეშეთი-კობის გვირაბი, რომელიც მალე დასრულდება; თბილისიდან ბათუმთან დამაკავშირებელი გზა; დაწყებულია და იგება კახეთის გზა და სადახლოს და წითელი ხიდის მიმართულებითაც მალე უნდა დაიწყოს პროექტი. პარალელურად, არის ბევრი გზა, რომელთა გაკეთებაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის რეგიონების განვითარებისთვის. ერთ-ერთ ასეთი გზის პროექტზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება, რომელიც გამზადებულია (იმ ეტაპზე იყო ყველაფერი მისული, რომ დონორების მოძიებაც უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პროექტი გაჩერდა პანდემიის გამო). ლაპარაკია წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის გზასა და შემდეგ, ლენტეხი-მესტიის გვირაბზე. მესმის, რომ ძალიან ძვირი ჯდება ეს პროექტი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია საკმაოდ დიდი რეგიონის განვითარებისთვის და საუკუნეების განმავლობაში მოემსახურება მოსახლეობას. იქნებ, ამ პროექტის განახლებაზე იფიქროთ და სამომავლო პრიორიტეტებში გაითვალისწინოთ“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარის პასუხად პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მაგისტრალური პროექტების, კონკრეტულად კი, ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებით კომპლექსური მსჯელობაა საჭირო.

„რაც შეეხება ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ გვირაბს, საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია – მილიარდი ჯდება მისი განხორციელება. სწორედ ამიტომ, მაღალი ხარჯებიდან გამომდინარე, რთულია გადაწყვეტილების მიღება. ამ საკითხზე კომპლექსურად დაგვჭირდება მსჯელობა“, – აღნიშნა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.

ციხეში, სიზმარისეული მდგომარეობაა, სულ ცოტაც და გურამ აბსანძესაც დაიჭერენ და შემდეგ ბატონი გურამი კვლავ გათხრის გვირაბს და ჩვენც გამოგვიყოლებს – ნიკა მელია

რუსთავის ციხეში, სიზმრისეული მდგომარეობაა, თითქმის ყველა აქ არის, სულ ცოტაც და გურამ აბსანძესაც დაიჭერენ და ამის შემდეგ ბატონი გურამი კვლავ გათხრის საიდუმლო გვირაბს და ჩვენც გამოგვიყოლებს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ციხიდან გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, რომელიც მის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

ნიკა მელიას განცხადებით, „რეჟიმის შემოტევების ამოცანაა თავი უსუსურებად გვაგრძნობინოს, გაუბედავებად გვაქციოს და საკუთარი „მე“ წაგვართვას”.

„გამარჯობა და გამარჯვება! მართალია საბჭოთა კავშირი კი შემოგვიბრუნდა აწმყოში და უნდა ჩვენი გონება სულ წარსულს ეპოტინებოდეს, თუმცა წარმოუდგენლად დიდი პატივია ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა, რომელიც თავგადასავლიან ცხოვრებას მოითხოვს და ამაში გასაკვირი არაფერია.

ჩვენ არ გამოგვიცხადებია ბოლო ბრძოლა, ჩვენ გამოვაცხადეთ ბრძოლა ბოლომდე! ამ და ასეთ ბრძოლაში პრინციპულები გაიმარჯვებენ, პრინციპულობით გავიმარჯვებთ. ასე მჯერა, ასე ვიცი, ასე მიბრძოლია და ასე ვიბრძოლებთ. მაგრად მახარებს შეუპოვრების რაოდენობა, შემგუებლებს ცვლილება არასოდეს მოუტანიათ.

რეჟიმის შემოტევების ამოცანაა თავი უსუსურებად გვაგრძნობინოს, გაუბედავებად გვაქციოს, საკუთარი „მე“ წაგვართვას.

არ გამოუვათ, იმიტომ რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლის ძალა, რაც ყველასთვის მოულოდნელ მომენტში გამარჯვების ენერგიად გადაიქცევა და ნაკუწებად ვაქცევთ მილიარდერის ბადეს, რომელშიც ყველანი ვართ გახლართულები, მათ შორის თვითონაც.

მოკლედ, რაც არ უნდა ბედნიერების ხრონწით ხმაში ამბობდნენ, რომ თუ ჩვენს პარლამენტს არ აღიარებენ, მაშინ ყველანი ციხეში წავლენო, აი ზუსტად ასეთ დილიხორში მყოფები დაიშლებიან, როგორც ქიმიური შენაერთი სინჯარაში.

საქართველო ვერ გახდება ბიძინასი და რუსების, ჩასუნთქული გვაქვს უკვე თავისუფლების ჰაერი და ძალიან ბევრს მენტალურად დატოვებული გვაქვს საბჭოთა კავშირი და ვაპირებთ მისი ყველა კარი სამუდამოდ გამოვიხუროთ!

აქ კი, რუსთავის ციხეში, სიზმრისეული მდგომარეობაა, თითქმის ყველა აქ არის, სულ ცოტაც და გურამ აბსანძესაც დაიჭერენ და ამის შემდეგ ბატონი გურამი კვლავ გათხრის საიდუმლო გვირაბს და ჩვენც გამოგვიყოლებს. ამაზე ნაკლები სცენარით, ეს ჩვენი თავგადასავალი არ უნდა დასრულდეს.

ყველას მოკითხვა, მაგრად იყავით! მოკითხვა სართულის მეზობელს – გიორგის, მოკითხვა ქვედა სართულის მეზობლებს- ნიკას, ზურას, ირაკლის, მამუკას და ბადრის. მოკითხვა გივი თარგამაძეს! მოკითხვა სხვა ციხეში მყოფ სინდისის პატიმრებს”, – ნათქვამია წერილში.

თუკი რაიმე იქნება გასათვალისწინებელი, ვდებთ პირობას, რომ უპირატესად არ გავითვალისწინებთ არავის, გარდა ქართველი ხალხისა – მამუკა მდინარაძე

თუკი რაიმე იქნება გასათვალისწინებელი, ვდებთ პირობას ქართველი ხალხისა და ერთმანეთის წინაშე, რომ არცერთ შემთხვევაში უპირატესად არ გავითვალისწინებთ არავის, გარდა ქართველი ხალხისა, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ.

მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი წარმოადგენს ქართველ ხალხს, მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს და არავის სხვას.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ წარსულის, მშობლების, ოჯახების პატივისცემაზე, წლების განმავლობაში ათეულობით მილიონი დოლარით თუ ევროთი ფინანსდებოდა ამის საწინააღმდეგო არაერთი კამპანია, ამიტომაც ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ წარსულის პატივისცემაზე დაფუძნებული ზრუნვა მომავალზე არის იმის გარანტი, რომ მომავალმა თაობებმაც პატივი სცენ საკუთარ წარსულს და ღირსეული მომავალი უზრუნველყონ.

თუ ჩვენ არ ვცემთ ჩვენს მშობლებს, ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს, ჩვენს წარსულს, ჩვენს ტრადიციებს პატივს, ვერ უზრუნველყოფთ ჩვენი შვილებისა და ჩვენი მომავალი თაობების ღირსეულ მომავალს და ეს შვილებიც სხვანაირად, სწორად ამ ღირებულებებზე ვერ გაიზრდებიან.

და როდესაც კითხვა ისმის, პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს კონკრეტულ ქართულ, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებულ ხედვებს და დეტალებში ჩადის აბსოლუტური გონიერებით და სიზუსტით, ამ დროს ვის წარმოადგენთ თქვენ, ჩვენ წარმოვადგენთ ქართველ ხალხს, მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს და არცერთი ჩვენგანი არავის სხვას.

და თუკი რაიმე იქნება გასათვალისწინებელი, ვდებთ პირობას ქართველი ხალხისა და ერთმანეთის წინაშე, რომ არცერთ შემთხვევაში უპირატესად არ გავითვალისწინებთ არავის, გარდა ქართველი ხალხისა.

და ვინ არის ეს გუნდი და ვინ ვართ ჩვენ. ვინ არის ჯერ „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება“ არის აი ეს გუნდი, 41 ათასზე მეტი წევრი ამ გუნდისა ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, რომლებმაც 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე უღალატოდ მოაღწიეს და ასე თამამად შეუძლიათ ლაპარაკი.

და რა არის ჩვენი „ქართული ოცნება“. როდესაც ირაკლი კობახიძის იმ სიტყვებს უსმენთ, რომელიც ორიენტირებულია დემოგრაფიაზე, კორუფციის აღმოფხვრაზე და ა.შ. ეროვნულ საკითხებზე, რა პრიორიტეტები გვაქვს. ამ კითხვაზე პასუხამდე რომ მივიდე, რამდენიმე საკითხს ძალიან მოკლედ შევეხები და შემდეგ ძალიან კონკრეტულ პასუხს გავცემ ჩემივე დასმულ ამ კითხვას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ჩვენი გუნდის ერთიანობამ, ერთად დგომამ, საერთო გადაწყვეტილებებმა განაპირობა ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, წინ დიდი ამოცანები გვაქვს დასახული და ერთიანობით ყველა მიზანს მივაღწევთ -ირაკლი კობახიძე

ყველა ის საქმე, რომელიც დღეს წარმოვადგინეთ თქვენს წინაშე, ეფუძნება სწორედ იმ ნდობას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა გამოუცხადა საქართველოს მთავრობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობს მეთაურმა დეპუტატებს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის, რომელიც მათ მთავრობას ჯერ წელიწად-ნახევრის წინ, გასული წლის თებერვალში და შემდეგ ნახევარი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოუცხადეს. 

„მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ჩვენ ყველა ერთად ვაკეთებთ საერთო საქმეს – ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და სწორედ ამ გუნდის ერთიანობამ, ერთად დგომამ, საერთო გადაწყვეტილებებმა განაპირობა ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ამაყობს თავისი დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით, დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, ყველამ ერთად განვაგრძოთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე. წინ კიდევ ძალიან დიდი ამოცანები გვაქვს დასახული და ჩვენი ერთიანობით აუცილებლად ყველა მიზანს მივაღწევთ. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და დღევანდელი დღისთვის, თქვენი ყურადღებისთვის!” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.