Home Blog Page 16

,,კიდევ ერთხელ გამოააშკარავა ოპოზიციის სურვილი, რომ ისინი არ ემხრობიან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”- გურამ მაჭარაშვილი

კიდევ ერთხელ გამოააშკარავა ოპოზიციის სურვილი, რომ ისინი არ ემხრობიან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მათ საერთოდ არ მიაჩნიათ, რომ ცხინვალი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.

იგი ბიძინა ივანიშვილის გზავნილის საპასუხოდ რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.

„ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ აფხაზებთან და ოსებთან ჩვენ უნდა შევიდეთ სამხედრო კონფლიქტში. ამას პირდაპირი გზავნილებითაც ამბობენ. მე საზოგადოებას გავახსენებ „ნაციონალური მოძრაობის“ სიტყვებს 2008 წლის ომში, როდესაც ამბობდნენ, რომ რუსეთი აგვისტოს ომში არაფერ შუაშია, თურმე, ეს მხოლოდ ოსები და აფხაზები იყვნენ სამხედრო კონფლიქტში ქართველებთან. გავიხსენოთ, ახლა რომ ტუფლებიდან ხტებიან – რუსეთი ოკუპანტია და ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსეთი ოკუპანტია! სამწუხაროდ, ამ ყველაფერს თვითონ შეუწყვეს ხელი და დღეს ხსენება აღარ ყოფილა რუსეთის, როგორც ოკუპანტის!

როდესაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის შემდეგ უნდა მოხდეს შერიგება, სხვაგვარად როგორ წარმოგვიდგენია?! ამ ტერიტორიებზე ხომ აფხაზებმა და ოსებმა უნდა იცხოვრონ! შერიგების გარეშე ეს ვის წარმოუდგენია?!

რაც შეეხება ბოდიშის მოხდას, რა თქმა უნდა, მან იგულისხმა, თუ კარგად დააკვირდებით, ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომ ხელახლა გააღვივა კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასთან ერთად „ნაცმოძრაობამ“ ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის, ამაზეა სწორედ საუბარი“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. ამიტომ, როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის საკითხი“.

დასავლეთს არაერთხელ ჩაუნერგავს ადამიანი-ტერმინატორები, მოლდოვაში – სანდუ, უკრაინაში – ზელენსკი, საქართველოში – სააკაშვილი – მარია ზახაროვა

დასავლეთმა მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ხელისუფლებაში მოიყვანა, როგორც “ადამიანი-ტერმინატორი”, ისევე, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში, უპირველეს ყოვლისა, ეს ადამიანები ძირს უთხრის თავიანთი სახელმწიფოების ტრადიციულ საფუძვლებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

“ეს არის ჩანერგილი ადამიანი-ტერმინატორი, ასეთი ადამიანები დასავლელებს არაერთხელ ჩაუნერგავთ. მოდით ჩამოვთვალოთ გვარები. მოლდოვაში – ეს არის სანდუ, უკრაინაში – ეს არის ზელენსკი, საქართველოში იყო სააკაშვილი. ეს ადამიანი-ტერმინატორები იმ მომენტში ფეთქდებიან, როდესაც დასავლეთში “გაშვების” ღილაკს აჭერენ. რას ანადგურებენ ისინი? ისტორიას, კულტურას, ყველა იმ ქვეყნის ტრადიციას, რომელშიც ჩანერგილები არიან“, – აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, ისინი ძირს უთხრიან ამ ყველაფერს თავიანთი პოლიტიკით და ფარული ქმედებებით, რომლებიც არ ჩანს.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჩამოდის

საქართველოს 16 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.

გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკანონო ომის მხარდაჭერა და შეაჩეროს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების და დრონების მიწოდება – „დიდი შვიდეული“

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას უმკაცრესად გმობენ.

„ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი ომის მხარდაჭერა და შეაჩეროს ბალისტიკური რაკეტების, უპილოტო საფრენი აპარატების (დრონები) და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გადაცემა, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის უკრაინელ ხალხს, ასევე ევროპულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას“, – ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.

მათი მტკიცებით, ირანს რუსეთის უკანონო ომის მიმართ მხარდაჭერისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

„ვინარჩუნებთ მტკიცე ვალდებულებას, დაეკისროს ირანს პასუხისმგებლობა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის უკანონო ომის მიმართ მიუღებელი მხარდაჭერისთვის, რაც კიდევ უფრო ძირს უთხრის გლობალურ უსაფრთხოებას. ამ საკითხზე ჩვენი წინა განცხადებების შესაბამისად, უკვე ვპასუხობთ ახალი და მნიშვნელოვანი ზომებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ივანიშვილი პოლიტიკურ პასუხს აგებს უკიდურესად მოღალატეობრივი და სამარცხვინო განცხადებისთვის – ზურაბ ჭიაბერაშვილი

მოღალატეობრივი, სამარცხვინო განცხადება, – ასე შეაფასა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბიძინა ივანიშვილის განცხადება.

მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი 26 ოქტომბერს ამ უკიდურესად მოღალატეობრივი და სამარცხვინო განცხადებისთვის პოლიტიკურ პასუხს აგებს.

„მან შეურაცხყოფა მიაყენა ანწუხელიძეს, ჟიული შარტავას, „შინდისის“ გმირებს, ათეულობით და ასეულობით ქართველ გმირს, რომელიც ღირსეულად იბრძოდა იმისთვის, რომ საქართველო არსებობდეს, როგორც სახელმწიფო. „ქართული ოცნება“ არის სამარცხვინო ლაქა საქართველოს ისტორიაში. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ საქართველოა დადანაშაულებული, ეს არის უზარმაზარი ბზარი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. ეს ძირს უთხრის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. ეს არის ის, რაც უნდა მოსკოვს-საქართველოს დანაწევრება, დაშლა და დაქუცმაცება, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ივანიშვილი პოლიტიკურ პასუხს აგებს ამ უკიდურესად მოღალატეობრივი და სამარცხვინო განცხადებისთვის. ამ პასუხს აგებს 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის წინაშე. ქართველი ხალხი არ დაუშვებს იმას, რომ ასეთმა მოღალატეობრივმა პოლიტიკურმა ძალამ ქვეყნის მართვა გააგრძელოს და ბღალოს ჩვენი გმირების სახელი“,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დღეს დაანონსებულ აქციას, ზურაბ ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, რომ ძალიან დიდია ქართველ ხალხში აღშფოთება.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ არჩევნებში ქართველი ხალხი იმარჯვებს. არ შეიძლება ასეთმა მოღალატეობრივმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გაიმარჯვოს. ეს იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრა“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მშვიდობით, შერიგებითა და ურთიერთპატიებით ქვეყნის გაერთიანებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი აგენტურას უკიდურესად აღიზიანებს – მამუკა მდინარაძე

არათუ ანწუხელიძის, არავის მკვლელებს არ უხდიან ბოდიშს. მკვლელებს ასამართლებენ!, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მდინარაძე განმარტავს, მშვიდობით, შერიგებითა და ურთიერთპატიებით ქვეყნის გაერთიანებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი აგენტურას უკიდურესად აღიზიანებს.

„მშვიდობით, შერიგებითა და ურთიერთპატიებით ქვეყნის გაერთიანებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი აგენტურას უკიდურესად აღიზიანებს. სრული ლუსტრაციაა.

„ნაცების“ ამაზრზენი, სპეკულაციური და კოორდინირებული მესიჯბოქსის საპასუხოდ:

არათუ ანწუხელიძის, არავის მკვლელებს არ უხდიან ბოდიშს. მკვლელებს ასამართლებენ!

ბოდიშს ჭირისუფლებს უხდიან!“, – წერს მდინარაძე.

ცნობისთვის, გუშინ გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.

ჩემი ოცნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი, დავამტკიცე, რომ საუკეთესო ვარ – შონი კარგია, მაგრამ დღეს ჩვეულებრივ ბიჭად ვაქციე – მერაბ დვალიშვილი

ამ ოცნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი – დავამტკიცე, რომ დღესდღეობით საუკეთესო ვარ, – ამის შესახებ UFC-ის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მას თავისუფლად შეუძლია, 15 რაუნდიან ბრძოლას გაუძლოს.

“ამ ოცნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი. შონი კარგია, მაგრამ დღეს ჩვეულებრივ ბიჭად ვაქციე. დავამტკიცე, რომ დღესდღეობით საუკეთესო ვარ. შედეგით გაკვირვებული საერთოდ არ ვარ. სპორტდარბაზში როგორც წონით დიდ, ასევე პატარა ბიჭებთან ვვარჯიშობ, თავისუფლად შემიძლია 15 რაუნდიან ბრძოლას გავუძლო”, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.

პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს ექვსმა პარტიამ მოაწერა ხელი

პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 27 პარტიიდან ხელი ექვსმა მოაწერა. აღნიშნულ არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმება საარჩევნო ადმინისტრაციამ შესთავაზა.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, 2024 წლის არჩევნებისთვის არსებობდეს დოკუმენტი, რომელიც არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ირგვლივ აერთიანებს. ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც ნეიტრალური ორგანო, მიუკერძოებელი ფასილიტატორის როლს ასრულებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს საარჩევნო კულტურის გრძელვადიან განვითარებას.

ქცევის კოდექსი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით პოლიტიკური პარტიებისთვის შეიმუშავა, 2024 წელს ევროპის პარლამენტის არჩევნებზე გამოყენებული დოკუმენტის ძირითად პრინციპებს ეფუძნება. ხელმოწერის პროცესის დაწყებამდე საარჩევნო ადმინისტრაციამ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის პროექტი გაცნობისა და მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით პარტიებს გაუგზავნა და საბოლოო ვერსია სწორედ მათი მოსაზრებების გათვალისწინებით შემუშავდა.

ქცევის კოდექსზე ხელმოწერა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 9 სექტემბრიდან შეეძლოთ. ხელმოწერილი დოკუმენტი საჯაროა და განთავსებულია ვებგვერდზე.

მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა

UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.

შედეგად, დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.

მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.

ევროკავშირი აქტიურად იცავს დემოკრატიას როგორც ჩვენს საზღვრებში, ასევე, მის გარეთ – ათწლეულებია საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებაში ვეხმარებით – პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირი აქტიურად იცავს დემოკრატიას როგორც ჩვენს საზღვრებში, ასევე ამ საზღვრებს გარეთ – ათწლეულების მანძილზე საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებაში ვეხმარებით , – ამის შესახებ დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ელჩი აღნიშნავს, რომ დემოკრატიამ მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ცხოვრება გააუმჯობესა, ამავდროულად, მას საფრთხე ბევრგან ემუქრება.

ჰერჩინსკის არჩევნების მნიშვნელობას უსვამს და განმარტავს, რომ ხმის მიცემა მოქალქეების კონსტიტუციური უფლება და სამოქალაქო მოვალეობაა და თითოეული ხმა საქართველოს მომავალს გადაწყვეტს.

“დღეს დემოკრატიის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. დემოკრატიამ მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ცხოვრება გააუმჯობესა. ამავდროულად, მას საფრთხე ბევრგან ემუქრება.

დემოკრატიები დაფუძნებულია მარტივ, მაგრამ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, როგორებიცაა თავისუფლება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

ჯანსაღი დემოკრატია მრავალფეროვნების საფუძველზე აღწევს წარმატებას. ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია მთავრობების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად.

წელს მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, რაც საქართველოსაც მოიცავს. ხმის მიცემა თქვენი კონსტიტუციური უფლება და სამოქალაქო მოვალეობაა. თითოეული თქვენგანის ხმა საქართველოს მომავალს გადაწყვეტს.

ევროკავშირი აქტიურად იცავს დემოკრატიას როგორც ჩვენს საზღვრებში, ასევე ამ საზღვრებს გარეთ.

ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მისი ძლიერი მოკავშირეა. ათწლეულების მანძილზე საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებაში ვეხმარებით.

ამ დღეს და ყოველდღე უნდა უზრუნველვყოთ, რომ დემოკრატიული ფასეულობები, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ, ყველა ჩვენგანის საკეთილდღეოდ იყოს დაცული.

საქართველოს მოსახლეობას გვერდში ვუდგავართ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. წინ, საქართველო, წინ!””,- წერია ელჩის განცხადებაში.

,,ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ბოდიში უნდა მოიხადონ მოღალატეობრივი განცხადებისთვის”- „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“

ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება გორში ეროვნული სირცხვილია, – ამის შესახებ აღნიშნულია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ამ განცხადებით „ქართული ოცნება“ ემსახურება მხოლოდ რუსეთის ინტერესებს, ძირს უთხრის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესს“.

ამასთან, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისგან“ ბოდიშის მოხდას ითხოვს.

„მან და „ქართულმა ოცნებამ“ ბოდიში უნდა მოიხადოს ქართველი ხალხის წინაშე ამ მოღალატეობრივი განცხადებისთვის. ასევე იმისთვის, რომ 12 წლის მანძილზე ხალხი გაღარიბდა, ქვეყანა დაიცალა, შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა და საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა.

ქართველი ხალხის სიმართლე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებით ჰააგასა და სტრასბურგში, ასევე ეუთოსა და ევროპის საბჭოს რეზოლუციებით.

26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს „ქართულ ოცნებაზე“ და ერთიანობითა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზით განახორციელებს მშვიდობიან პოლიტიკას ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი და მშვიდობიანი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს გორში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი, ქართული ნიურნბერგის პროცესი მალე ჩატარდება, რაც აუცილებლად გახდება ჩვენი შერიგების წინაპირობა“. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა: „აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ, რომ მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები“.

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

პრობლემები დაუყოვნებლივ უნდა მოაგვაროთ – ეს საქმე სამომავლოდ არ გადადოთ, თუმცა ნუ ცდილობთ, მომხდარი გააზვიადოთ და ბუზი სპილოდ აქციოთ. მცირე უსიამოვნებებმა შეიძლება სიმშვიდე დაგირღვიოთ, მაგრამ ამისგან ტრაგედიას ნუ შექმნით. მალე სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება, მთავარია სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ოპტიმიზმი არ დაკარგოთ. მოერიდეთ ახლობელ ადამიანებთან სადავო საკითხების განხილვას, რასაც აუცილებლად აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვება.

კურო

ბოლო დღეების სტრესი რომ მოიხსნათ, მთელი დღე სასიამოვნო აქტივობებს უნდა დაუთმოთ: დაისვენეთ, იშოპინგეთ, მეგობრებთან ერთად გაერთეთ და ა.შ.; თუ პრობლემას მეორე მხრიდან შეხედავთ, შეიძლება გამოსავალი მარტივად იპოვოთ. პრინციპული და მიზანსწრაფული ადამიანი ხართ, მაგრამ ყოველთვის იცით, უკან როდის დაიხიოთ – ეს მშვენიერი თვისებაა, ასე გააგრძელეთ.

ტყუპები

პრობლემის გადაჭრის ახალი, უჩვეულო მიდგომა დაგეხმარებათ, რომ საქმე სწრაფად და შედეგიანად დაასრულოთ. გირჩევთ პატარა, თითქოს უმნიშვნელო წვრილმანებს ყურადღება მიაქციოთ, რადგან შეცდომამ შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ. ნუ დაკარგავთ დროს უსარგებლო საუბრებში და დახმარებისთვის გამოცდილ ადამიანებს მიმართეთ. ზოგჯერ თქვენი ქმედებების მოტივები გაუგებარია, მაგრამ ვერავინ ბედავს, რომ თავისი შეხედულება თავზე მოგახვიოთ.

კირჩხიბი

ზოგჯერ ზედმეტი კონსერვატიზმი წინსვლაში ხელს გიშლით. ეცადეთ, ცვლილებები მიიღოთ და ახალი, საინტერესო შესაძლებლობებით ისარგებლოთ. თუ ცხოვრების მიმართ დამოკიდებულებას შეიცვლით, შეიძლება მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღოთ. უსმინეთ საკუთარ თავს. თქვენი მახვილი ინტუიცია ზუსტ, დროულ და სასარგებლო მინიშნებებს მოგცემთ.

ლომი

დღის დასაწყისი იდეალური დროა მნიშვნელოვანი საკითხის მოსაგვარებლად. სწორედ ამ დროს შეიძლება შესანიშნავი იდეა გაგიჩნდეთ და მისი განხორციელება დაიწყოთ. თანამშრომლობის უჩვეულო შეთავაზება საშუალებას მოგცემთ, გამოიყენოთ უნარები, რომლებითაც განსაკუთრებით ამაყობთ. დღის მეორე ნახევარში მყუდროებას მცირე გაუგებრობა და უსიამოვნო ინციდენტები დაგირღვევთ. ნუ გაბრაზდებით მათზე, ვისაც თქვენ წინაშე ბრალი არაფერში მიუძღვის.

ქალწული

ამ დღეს იმდენი საქმე გელით, რომ მეგობრების ან ოჯახის წევრების დახმარების გარეშე ყველაფერთან გამკლავება გაგიჭირდებათ. შეიძლება თქვენი საიდუმლო გაუზიაროთ ადამიანს, რომელსაც კარგად არ იცნობთ, თუმცა მისგან განსჯას ან ორპირობას არ უნდა ელოდოთ. დღის მეორე ნახევარში ბედნიერებისთვის კარგი დასვენება და სრულფასოვანი ძილი გჭირდებათ და საკუთარ თავს ეს სიამოვნება არ უნდა მოაკლოთ.

სასწორი

ეცადეთ, ეს დღეს განმარტოებით გაატაროთ, რადგან ურთიერთობის დამყარება გიჭირთ და თანამოსაუბრეებს თქვენი არ ესმით. გამორიცხული არ არის, რომ ამის გამო კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას. საყოფაცხოვრებო პრობლემები დროებით გვერდით გადადეთ და უპირატესობა პასიურ დასვენებას მიანიჭეთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც გიკარნახებთ, წარმატების მისაღწევად რა უნდა გააკეთოთ.

მორიელი

ამ დღეს ემოციური ფონი მომატებულია. ეცადეთ, გარშემო მყოფებს თქვენი განწყობა არ დაანახვოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. კარგი იქნება, თუ ურთიერთობისთვის კარგად ნაცნობ ადამიანებს შეარჩევთ, ვისაც თქვენი უსიტყვოდ ესმით. მათ გვერდით თავს გაცილებით კომფორტულად იგრძნობთ. არ არის გამორიცხული, რომ სხვისი შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ, მაგრამ თავს მშვენივრად გაართმევთ.

მშვილდოსანი

გვერდით ნუ ჩაუვლით ადამიანს, რომელსაც თქვენი რჩევა ან დახმარება სჭირდება. ვარსკვლავები გირჩევენ, სარკაზმს და დამცინავ შენიშვნებს მოერიდოთ, რათა თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობა არ დააზიანოთ. სავარაუდოდ, ძველი საქმიანი კავშირების აღდგენას შეძლებთ. შესაძლოა, ძველმა ბიზნესპარტნიორებმა რაიმე ახალი და საინტერესო შემოგთავაზონ.

თხის რქა

თუ ძალისხმევის მიუხედავად, სასურველ შედეგს ვერ აღწევთ, ურთიერთობის სტილი და მოქმედების სტრატეგია უნდა შეცვალოთ. ეს ყველაფერი თქვენს თვითშეფასებას აამაღლებს. ხელსაყრელი დღეა პროფესიული უნარების შესასწავლად. შესაძლებელია იღბლიანი დამთხვევებიც, რომლებიც შეგიძლიათ თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა ექსპერიმენტებისა და სარისკო წამოწყებისთვის. გახსოვდეთ, რომ ნაჩქარევად მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება თქვენი კარიერა დააზიანონ. გირჩევთ დიდი, შრომატევადი პროექტების დასრულება სამომავლოდ გადადოთ – ახლა ამისთვის საკმარისი ენერგია არ გაქვთ. ეცადეთ, გარშემო მყოფი ადამიანების განწყობა გაითვალისწინოთ, რათა თქვენი ერთობლივი საქმიანობა ნაყოფიერი იყოს.

თევზები

ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ თქვენი ნებისმიერი მცდელობა წარმატებული იქნება. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, უარი თქვით მავნე ჩვევებზე და თუ საჭიროა, პროფილაქტიკური კვლევები ჩაიტარეთ. უახლოეს ხანებში დაუგეგმავი ხარჯები გელით, ამიტომ ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ.