Home Blog Page 16

ვერ შეძლეს ერთი არგუმენტიც რომ ეთქვათ, რატომ არ უნდა იმუშაოს ამ ქვეყანაში გამჭვირვალობის პრინციპმა – ნინო წილოსანი გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არასამთავრობოების საჩივარზე

x

სარჩელი გაგზავნილიც რომ იყოს, ვიცით, რომ ეს სარჩელი უშინაარსოა, რადგან შინაარსის დამტკიცება ვერც ქვეყნის შიგნით შეძლეს და ვერ შეძლეს ერთი არგუმენტიც ეთქვათ, რატომ არ უნდა იმუშაოს ამ ქვეყანაში გამჭვირვალობის პრინციპმა, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის გაგზავნასთან დაკავშირებით.

„საზოგადოებას წინასაარჩევნოდ აშინებენ რომ სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი სარჩელი, თუმცა მათი ამ განცხადებიდან დიდი ხანია გასული და სტრასბურგის სასამართლოს არაფერი მიუღია, ყოველი შემთხვევისთვის საჯაროდ და ჩვენთვის არაფერია ცნობილი. ახლა თავის მართლება გადაწყვიტეს „ფედექსის“ ფარატინა ფურცლითა და გზავნილის ნომრით, რომელიც არაფერს გვეუბნება. რაც არ უნდა სარჩელი იყოს გაგზავნილი, ვიცით, რომ ეს სარჩელი უშინაარსოა, რადგან შინაარსის დამტკიცება ვერც ქვეყნის შიგნით შეძლეს, ვერ შეძლეს ერთი არგუმენტიც ეთქვათ, რატომ არ უნდა იმუშაოს ამ ქვეყანაში გამჭვირვალობის პრინციპმა, რატომ არ უნდა იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ რაში იხარჯება უცხოური დაფინანსება და რა მიზანს ემსახურება. რასაც ქვეყნის შიგნით აცხადებდნენ, იმავეს ჩაწერენ სარჩელში, რომელიც მარცხისთვისაა განწირული“, – განაცხადა წილოსანმა.

რუსეთის ტერორის სიტყვებით შეჩერება შეუძლებელია – სამართლიანობის გარეშე ხანგრძლივი მშვიდობა არ არსებობს და ამის მიღწევა უკრაინისთვის საკმაოდ რეალურია – ვოლოდიმირ ზელენსკი

საჰაერო თავდაცვის ძალები ამ კვირაში დღე და ღამ მუშაობდნენ უკრაინის ცის რუსული ტერორისგან დასაცავად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ წერს.

მისი თქმით, გუშინ ღამით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ რეკორდული რაოდენობის – 145 Shahed-ის და სხვა ტიპის დრონი გამოიყენა. მთელი კვირის განმავლობაში კი რუსეთმა 800-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, დაახლოებით 600 დრონი და სხვადასხვა ტიპის თითქმის 20 რაკეტა გამოიყენა.

„ასეთი ტერორის სიტყვებით შეჩერება შეუძლებელია, ბავშვების მკვლელობისა და საყვარელი ადამიანების დაკარგვის დავიწყება უბრალოდ შეუძლებელია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ტერორისგან დაცვა თამამი გადაწყვეტილებების გარეშე შეუძლებელია.

„ტერორისგან დაცვა თამამი გადაწყვეტილებების გარეშე შეუძლებელია – ეს ყველა ქვეყნისთვის ნათელია. სამართლიანობის გარეშე არ არსებობს ხანგრძლივი მშვიდობა და ამის მიღწევა უკრაინისთვის საკმაოდ რეალურია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

პრემიერ-მინისტრი ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 11-13 ნოემბერს გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში (COP29) მიიღებს მონაწილეობას, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებენ.

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირისპირ შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან.

დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა COP29-ის ლიდერთა სამიტზე, ასევე პანელურ დისკუსიებზე, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება.

გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია ფოკუსირებული იქნება კლიმატის გავლენის შეფასებაზე როგორც ჰუმანიტარულ, ისე ეკონომიკურ ცხოვრებაზე. ლიდერები იმსჯელებენ იმ ქმედით ნაბიჯებზე, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს მათ შორის ემისიების შემცირებას, რის გარეშეც გლობალური დათბობის მძიმე გავლენის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება.

COP29-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

ისრაელის მიერ ჯაბალიაზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად ათბით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა – მედიკოსები

ღაზას სექტორის ქალაქ ჯაბალიაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი პალესტინელ მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს და „ჰამასის“ მედიის ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა 32-ს აღწევს.

ისრაელი აცხადებს, რომ ჯაბალიაში, ბეიტ ლაჰიასა და ბეიტ ჰანუნში ჯარები გაგზავნა, რათა ხელი შეეშალა „ჰამასის“ იმ მებრძოლების გადაჯგუფებისთვის, რომლებიც თავდასხმებს იქიდან ახორციელებენ.

ისრალესა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მცდელობები ჯერ-ჯერობით შეჩერებულია. „ჰამასს“ სურს შეთანხმება, რომელიც დაასრულებს ომს, ხოლო ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ომი მხოლოდ „ჰამასის“ აღმოფხვრის შემდეგ შეჩერდება.

პრეზიდენტი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის  თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდება

11 ნოემბერს ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდება.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ, გაიმართება პრესკონფერენცია,

ცნობისთვის, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია თბილისში ჩამოდის. კერძოდ, გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები 11 ნოემბერს თბილისს ეწვევიან. მიხაილ როთთან და ჟიგიმანტას პავილიონისთან ერთად თბილისს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი, ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე, ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იუკა კოპრა, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ფრედერიკ პეტი, შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი და პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრი მიჰაუ კამინსკი ეწვევიან.

კატარმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შუამავლობა შეწყვიტა

კატარმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეაჩერა , – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყნის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ მუშაობას მაშინ განაახლებენ, როდესაც „ჰამასი“ და ისრაელი მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას გამოავლენენ.

„კატარმა შეთანხმების მიღწევის ბოლო მცდელობისას, 10 დღის წინ მხარეებს განუცხადა, რომ შეაჩერებდა ძალისხმევას „ჰამასსა“ და ისრაელს შორის შუამავლობის საქმეში, თუ შეთანხმების მიღწევა ამ რაუნდში მოხდებოდა. კატარი განაახლებს ამ ძალისხმევას, როცა მხარეები გამოავლენენ მზადყოფნას და სერიოზულობას სასტიკი ომის დასასრულებლად“, – აღნიშნულია კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კატარმა და შეერთებულმა შტატებმა მიაღწიეს შეთანხმებას დოჰაში „ჰამასის“ პოლიტიკური ოფისის დახურვასთან დაკავშირებით იმის გამო, რომ „ჰამასმა“ „უარი თქვა კეთილსინდისიერად მოლაპარაკებაზე“. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ინფორმაცია არაზუსტია.

უკრაინამ მოსკოვზე დრონებით შეტევა განახორციელა – შეზღუდვები დაწესდა  აეროპორტებში – მოსკოვის მერი

საჰაერო თავდაცვის სისტემები დედაქალაქ მოსკოვზე უკრაინული დრონების თავდასხმას იგერიებენ, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი იუწყება.

მისი თქმით, ამ დროისთვის მოსკოვის მიმართულებით მფრინავი 32 დრონი განადგურდა.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, ჩამოგდებული დრონების ნასმხვრევების გამო სტანოვოეს დასახლებაში ორ სახლს და ავტომობილებს ცეცხლი გაიჩნდა. დაშავდა ერთი ქალი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დრონებით თავდასხმის გამო, დედაქალაქის დომოდედოვოს, ჟუკოვსკისა და შერემეტევოს აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება

იუსტიციის სამინისტრო 2022 წლიდან ახორციელებს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო მოქალაქეებს უსასყიდლოდ ურეგისტრირებს, როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ, ისე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებს.

ინფორმაციის მიხედვით, პროექტის დაწყებიდან დღემდე აიზომა 1 500 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, ხოლო საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 1 000 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე. გადამზადდა და დასაქმდა 1000-მდე ადამიანი.

„მიმდინარე რეფორმის ამ დროისათვის არსებული შედეგები იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზაზე გამართულ ღონისძიებაზე შეაჯამეს. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ. პრეზენტაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევიძემ წარადგინა.

პროექტის დაწყებიდან დღემდე აიზომა 1 500 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, ხოლო საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 1 000 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე. გადამზადდა და დასაქმდა 1000-მდე ადამიანი.

წარმატებული შედეგების გათვალისწინებით და იმ მიზნით, რომ სახელმწიფოში არ დარჩეს არცერთი დაურეგისტრირებელი ნაკვეთი, სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

მისი დასრულების შემდეგ შეიქმნება ერთიანი, სრულყოფილი საკადასტრო მონაცემთა ბაზა და საბოლოოდ იდენტიფიცირდება კერძო, სახელმწიფო თუ მუნიციპალური საკუთრება.

ღონისძიების ბოლოს იუსტიციის მინისტრმა სტუმრებს რეფორმის განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკა და ინვენტარი, აგრეთვე – ახლად გახსნილი სასწავლო ცენტრი – სააკაძის სასწავლო ბაზა დაათვალიერებინა.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შედეგების პრეზენტაციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებულები, იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, რეფორმის მონაწილე უწყებებისა და თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

აშშ-მა, შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის თარიღი და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უახლოეს მომავალში გამოაცხადოს – დონალდ ტუსკი

ამერიკის შეერთებული შტატებიდან უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ველოდოთ განცხადებებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თარიღსა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით , – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

ტრამპის უკრაინის სამშვიდობო გეგმის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, ტუსკმა აღნიშნა, რომ ასეთი გეგმა, მოსამზადებელ ეტაპზეა.

მისი აზრით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია დეკლარაცია, კერძოდ ცეცხლის შეწყვეტის თარიღთან დაკავშირებით, რომელ საზღვარზე იმოქმედებს ის და ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.

”ეს იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც გაითვალისწინებს აშშ-ის ნაკლებ ჩარევას უკრაინის საქმეებში,” – განმარტა ტუსკმა.

10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თქვენი მატერიალური მდგომარეობა ან გაუმჯობესდება, ან გამყარდება, ეს კი თქვენი შრომის დამსახურება იქნება. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ნურაფერს დააყენებთ მასზე წინ. სიყვარულის პლანეტა ვენერა მოგიტანთ სიმშვიდეს და ჰარმონიას. თქვენ შეიძლება იგრძნოთ გარკვეული ზეწოლა და გაგიჭირდებათ, ამოიცნოთ, სხვა ადამიანების განზრახვები. ეცადეთ, იყოთ ყურადღებით და არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები.

კურო

თქვენი პლანეტარული მმართველი ვენერა ჰარმონიზდება ძალაუფლების მქონე პლანეტა პლუტონთან, რაც გააძლიერებს თქვენს ემოციურ მდგომარეობას. სურვილი გექნებათ, რომ ვინმეს გული გადაუშალოთ. გირჩევთ პარტნიორი ამ შემთხვევაში ფრთხილად შეარჩიოთ. ეს კვირა ჰარმონიული იქნება სამსახურის ჭრილში. სიმშვიდე გელით პირად ურთიერთობებშიც. თუ წინა პერიოდიდან გაქვთ გამოყოლილი კონფლიქტი და დაძაბულობა, ნუ გაამწვავებთ მას.

ტყუპები

იყავით მშვიდი უცნობებთან და ეცადეთ, აკონტროლოთ თქვენი ემოციები. ამ კვირაში განსხვავებული როლების მორგება მოგიწევთ, მაგრამ არაფერი დააყენოთ საკუთარ სურვილებზე წინ. კარგი კვირა გელით ფინანსური კუთხით, თუმცა თქვენი პასუხისმგებლობებიც იზრდება. თუკი ჩათვლით, რომ საქმეს ვერ უმკლავდებით, ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა.

კიბო

ამ კვირაში გელით ღრმა საუბრები ურთიერთობების შესახებ. შესაძლოა, გაიგოთ სხვების საიდუმლოებები ან მნიშვნელოვანი ამბები. დაუკვირდით თქვენს ყველა სიტყვას, იყავით გულწრფელი. პლანეტა ვენერა ოჯახში ჰარმონიას და სიმშვიდეს მოგიტანთ. გახდებით უფრო თავდაჯერებული და იპოვით გზას პირად ურთიერთობებში სიმშვიდის შესანარჩუნებლად. მოერიდეთ კონფლიქტს მეგობრებთან.

ლომი

მოგიწევთ სხვა ადამიანების ისტორიების მოსმენა, იქნებით უფრო გულჩვილი და ემოციური. უმჯობესია, თუ გონებას დაეყრდნობით და არა გულს. მოგიწევთ, რომ სხვა ადამიანების პრობლემების მოგვარებაში მიიღოთ მონაწილეობა. ეს კვირა თქვენთვის ქაოსური იქნება, თუმცა კვირის ბოლოს შეძლებთ სიმშვიდის მოპოვებას.

ქალწული

გამოიყენეთ თქვენი მომხიბვლელობის ძალა, რადგან სიყვარულის პლანეტა ვენერა ჰარმონიზდება ძალაუფლების მქონე პლანეტა პლუტონთან. ამ კვირაში თქვენ შეგიძლიათ იყოთ ძალიან თავდაჯერებული და გააკეთოთ ის, რაც დიდი ხანია, ჩაფიქრებული გაქვთ. გაძლიერდება თქვენი სასიყვარულო და მეგობრული კავშირები. შესაძლოა, მოგიწიოთ ზოგიერთი გეგმის გაუქმება, გირჩევთ, ამის გამო არ შეიქმნათ ნეგატიური განწყობა და მოერიდოთ კონფლიქტს ახლობლებთან.

სასწორი

ამ კვირაში მნიშვნელოვან ამბავს გაიგებთ, რაც თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის. იქნებით უფრო ძლიერი, თავდაჯერებული, ჰარმონიული როგორც სხვებთან, ისე საკუთარ თავთან ურთიერთობაში. ნუ მოგერიდებათ თქვენი გრძნობების გამოხატვა, სწორად გაანაწილეთ დრო და ნუ დახარჯავთ რესურსს არასწორ ადამიანებთან ურთიერთობაში.

მორიელი

კრეატიული იდეებით სავსე კვირა გელით, გაგიჩნდებათ ახალი მიზნები და ოცნებები. ნუ მოერიდებით თქვენი გრძნობების გამოხატვას და საყვარელ ადამიანებთან გაზიარებას. ეს დაგეხმარებათ სურვილების რეალიზებაში. გექნებათ კონფლიქტური სიტუაციებიც, თუმცა თქვენი თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ, ყველაფერი უმტკივნეულოდ მოაგვაროთ.

მშვილდოსანი

სწორად გაანაწილეთ თქვენი ფინანსები. ეცადეთ უფრო მეტად საკუთარ სურვილებზე კონცენტრირდეთ და არ მოუსმინოთ სხვებს. გექნებათ სურვილი, გააფართოოთ თქვენი სანაცნობო წრე, გამოხატოთ თქვენი აზრები და იდეები. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ამ მხრივ, შესაძლოა, მცირე პრობლემებმა იჩინოს თავი.

თხის რქა

გექნებათ შანსი, გამოხატოთ თქვენი სურვილები, იდეები, ის, რაც დიდი ხანია გულში გაქვთ. შეძლებთ, ჰარმონია შეიტანოთ გარშემომყოფთა ურთიერთობებში. წინ წამოსწევთ ისეთ საკითხებს, რომლებიც აქამდეც გაწუხებდათ და მათ მოგვარებასაც შეძლებთ. განსაკუთრებული პატივისცემა გამოიჩინეთ საკუთარი თავის მიმართ. იყავით თავდაჯერებული, რადგან ზოგიერთი ახლობელი თქვენს კრიტიკასა და მხილებას ეცდება. ეცადეთ, დათმოთ და ამ სიტუაციიდან კონფლიქტის გარეშე გამოხვიდეთ,

მერწყული

კონცენტრირდით თქვენს დიდი ხნის ოცნებაზე. გააფართოვეთ მეგობრების წრე. ეს დაგეხმარებათ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და წინსვლაში. კარგი დროა საკუთარი თავის პატიებისთვის. გამოხატეთ მწუხარება, სევდა და ნუ ჩაიდებთ დარდს გულში. მოერიდეთ აგრესიის გამოხატვას.

თევზები

რადგან სასიყვარულო პლანეტა ვენერა ჰარმონიზდება ძალაუფლების მქონე პლანეტა პლუტონთან, ინტერპერსონალური დინამიკა შესაძლოა პროპორციულად გადაიზარდოს და შემდეგ დონეზე გადავიდეს. აბსტრაქტული საუბრები ახალ აღმოჩენებს გაგაკეთებინებთ. დაგჭირდებათ ემოციების კონტროლი და თავშეკავება.

ჯო ბაიდენის და დონალდ ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში 13 ნოემბერს გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში 13 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებაშია ნათქვამი.

„პრეზიდენტ ბაიდენის მიწვევით, ბაიდენი და არჩეული პრეზიდენტი ტრამპი ერთმანეთს ოვალურ კაბინეტში ოთხშაბათს შეხვდებიან“, – ნათქვამია თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებაში.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

„საქართველოს ტერიტორიაზე პირველ რიგში მოქმედებს ქართული კანონმდებლობა”- გიორგი გამსახურდია

როდესაც კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური რესურსი ამოწურული აქვს, გადადიან დაბეზღების რეჟიმში და გარბიან ზოგიერთ უცხოელ დამკვეთთან და დახმარებას სთხოვენ, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ „დღის ქრონიკაში“, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნას, ევროკავშირის ეგიდით არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას.

„საქართველოს ტერიტორიაზე პირველ რიგში მოქმედებს ქართული კანონმდებლობა და მერე, რა თქმა უნდა ყველა ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს დამკვირვებლად მივესალმებით. მენტორული ტონით, ჩვენ ვინმემ რამე გვიკარნახოს და ჩვენს შიდა პროცესებში ჩარევები იყოს, ეს შედეგს არ გამოიღებს. მსოფლიოში პოლიტიკური პროცესები იმგვარად ვითარდება, რომ ბევრ რაღაცას სხვანაირად გადაეხედება და ყველა სახელმწიფოს თავისი სუვერენიტეტის ფარგლებში სრული მოქმედების უფლება ექნება.

დღეს ამერიკის სათავეში მოვიდა ღირსეული ადამიანი, კონსერვატიული შეხედულების კაცი და მთელს მსოფლიოში კონსერვატიული ძალები ამოისუნთქებენ. ჩვენი სუვერენიტეტი იქნება ხელშეუხებელი ყველანაირი გარე ჩარევისგან“, – აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ.