Home Blog Page 16

ირანის პარლამენტი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გასვლის კანონპროექტს ამზადებს

ირანის პარლამენტი ამზადებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გასვლის კანონპროექტს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა.

ამასთან, უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თეირანი კვლავ რჩება მასობრივი განადგურების შეიარაღების განვითარების წინააღმდეგი.

ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება გაერო-ს განიარაღების საერთაშორისო კომიტეტმა შეიმუშავა, ის გენერალურმა ასამბლეამ 1968 წელს დაამტკიცა. ირანმა ხელშეკრულებას 1968 წელს მოაწერა ხელი, 1970 წელს კი, მისი რატიფიცირება მოახდინა.

ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის ბირთვული მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, აშშ-მა უნდა დაგმოს ისრაელის თავდასხმები ირანზე. სამინისტროს წარმომადგენელმა აშშ-ს ირანზე თავდასხმების თანამონაწილე უწოდა.

უწყებაში აშშ-სთან ბირთვულ მოლაპარაკებებს შექმნილ ვითარებაში აზრს მოკლებული უწოდეს.

საქართველოში მართლმადიდებლური სამყაროს სქიზმატიკოსების საწინააღმდეგო ღონისძიებები ჩატარდა

„ბართლომეოსი – გაყიდული აგენტი!“ „თურქეთის პროკურატურა უნდა დაინტერესდეს სი-აი-ეის აგენტით ბართლომეოსით!“ – ამგვარი შინაარსის პლაკატებით ქართველმა აქტივისტებმა მორიგი აქცია მოაწყეს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსთან.

პოლიტიკური მოძრაობა „მძლეველის“ წარმომადგენლებმა შეახსენეს თურქ დიპლომატებს, რომ თავად თურქეთში გაისმის მოწოდებანი, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე მართლმადიდებელი სამყაროს მწვალებლის – კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსის მიმართ, რომელიც, გადაიქცა რა გლობალისტების იარაღად, გამოდის მართლმადიდებელი ხალხების წინააღმდეგ, მაგრამ, ამავე დროს, პერსპექტივაში საშიშია თვით თურქეთისთვისაც.

თურქეთის საელჩოს წინ მოეწყო პატარა მიტინგი, რომელსაც „მძლეველის“ თავმჯდომარე ლაშა ლომიძე უძღვებოდა.

საელჩოს გადაეცა მიმართვა, რომელშიც აღნიშნულია:

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, თურქეთის პროკურატურაში დარეგისტრირებულია განცხადება ბართლომეოსის არამართლზომიერ ქმედებებზე, როდესაც იგი შეეცადა, წასულიყო ქვეყნის კონსტიტუციის წინააღმდეგ. ჩვენი დაკვირვებით, პატრიარქი ბართლომეოსი სულ უფრო მეტად სცილდება მართლმადიდებელ კანონიკას და ემსგავსება რომაულ პაპიზმს, რაც თავისთავად პოლიტიკურ ასპექტებსაც მოიცავს. იმედი გვაქვს, რომ გაითვალისწინებთ წინამდებარე მომართვის პათოსს და გაითავისებთ ჩვენს გულისწუხილს, რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას“.

თურქეთის საელჩოსთან აქციის პარალელურად, თბილისში გაიმართა წარმომადგენლობითი კონფერენცია თემაზე – „ქართველთა და რუსთა მართლმადიდებლური ერთიანობა – რომელი ძალები გამოდიან ერთიანობის წინააღმდეგ“.

სასტუმრო „სვისოტელის“ საკონფერენციო დარბაზში განხილულ იქნა ისტორიული და თანამედროვე პოლიტიკური მომენტები, რომლებიც ხელოვნურად არის მიმართული მართლმადიდებელ ქართველთა და რუსთა ეკლესიური ერთიანობის წინააღმდეგ. განსაკუთრებით აღინიშნა უკრაინის აგენტურისა და ამერიკული სპეცსამსახურების მარიონეტად გადაქცეული კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსის დესტრუქციული როლი. ამასთან კავშირში, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ გამოაცხადა თურქულ მასმედიაში გაჟღერებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თურქეთის პარტია „ვატანის“ იურისტებმა ბართლომეოსის მოღვაწეობის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. აღნიშნული პარტიის წარმომადგენლების განცხადების თანახმად, ბართლომეოსი არღვევს თურქეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის უფლებებს, როდესაც იყენებს „მსოფლიო პატრიარქის“ ტიტულს. სტამბულის სასამართლოს დარბაზის წინ, ოზან ბაირაქმა, პარტიის იურიდიული სამსახურის მდივანმა, განაცხადა, რომ ბართლომეოსმა აშკარა დანაშაული ჩაიდინა, როდესაც არ აღიარა ლოზანის ხელშეკრულება. ბაირაქმა ასევე გაიხსენა საკასაციო სასამართლოს 2007 წლის გადაწყვეტილება ფანარას პატრიარქის შესახებ. პარტია „ვატანის“ ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ ბართლომეოსი თავის მოღვაწეობას საკუთარი იურისდიქციის ფარგლებს გარეთ აწარმოებდა. მათ მოითხოვეს გამოძიების ჩატარება ბართოლომეოსის მიმართ და აღნიშნეს, რომ დააკვირდებიან პროცესს“.

კონფერენციაზე წაკითხულ იქნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბერ-დიაკონის, ფილოსოფიის დოქტორის, მამა გიორგი რუხაძის მოხსენება: „უკრაინის კრიზისის რელიგიური ფაქტორები“. თავის მოცულობით მოხსენებაში (რომლის ტექსტსაც მთლიანად გთავაზობთ ცალკე), ბერდიაკონმა გიორგიმ არგუმენტირებულად ახსნა მართლმადიდებელი ეკლესიის ურღვევობა ეროვნული ნიშნის მიხედვით და ჩამოთვალა კონკრეტული ფაქტები, რომლებიც ბართლომეოსის დესტრუქციულ როლზე მეტყველებს.

გაიმართა დისკუსია. სტუმრებმა – მღვდელმსახურებმა, სწავლულებმა, ჟურნალისტებმა, გადამდგარმა სამხედროებმა, თბილისის ორი ტაძრის მრევლის წარმომადგენლებმა, თავიანთი აზრები გამოთქვეს და მხარი დაუჭირეს ბერდიაკონ გიორგის თეზისებს.

გულბაათ რცხილაძემ წაიკითხა საქართველოში თურქეთის ელჩისადმი მიმართვა, რომელიც გაიგზავნა ევრაზიის ინსტიტუტის სახელით. წერილში ნათქვამია:

„ვადასტურებთ პატივისცემასა და კეთილ გრძნობებს მეზობელი თურქეთის რესპუბლიკის მიმართ და გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ქართველ მორწმუნეთა უმრავლესობის განწყობებს – ჩვენ ერთგულნი ვართ ჩვენი ეკლესიისა; ქართველები, რუსები, უკრაინელები, ბერძნები, ბულგარელები და სხვა ხალხები შევადგენთ ერთ სულიერ მთლიანობას, ერთ ეკლესიას, მისი თანასწორუფლებიანი განშტოებებითა და თანასწორუფლებიანი პატრიარქებით. ერთი პატრიარქის ჩაურევლობა მეორე პატრიარქის საქმეებში განსაზღვრულია საეკლესიო კანონმდებლობით, რომელსაც არღვევს პატრიარქი ბართლომეოსი, რომელმაც საკუთარი თავი სხვა პატრიარქებზე მაღლა დააყენა. მისი საქმიანობა ანტიმართლმადიდებლურ ხასიათს ატარებს და მიმართულია ყველა იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც აღიარებს მართლმადიდებელ ქრისტიანობას. ბართლომეოსს არ აინტერესებს რელიგია და საეკლესიო კანონები, მას აინტერესებს პოლიტიკური დაკვეთა, რომელსაც ის მესამე ძალებისგან იღებს. ეს მესამე ძალები არ არიან მეგობრულად განწყობილნი ჩვენს მიმართ, და არც თურქეთის მიმართ. ამის შესახებ თურქეთშიც არის ცნობილი. სწორედ ამიტომ, ამას წინათ, შესაბამისი იურიდიული განცხადება იქნა ჩაბარებული ბართოლომეოსის წინააღმდეგ, პარტია „ვატანის“ ადვოკატების მიერ.

გვსურს, დაგარწმუნოთ, რომ თურქეთის სახელმწიფოს შესაბამისი იურიდიული ქმედებები ბართლომეოსის წინააღმდეგ, თუკი ასეთს ადგილი ექნება, საქართველოში არ იქნება აღქმული მართლმადიდებელ ეკლესიაზე დევნად, არამედ პირიქით, ეს იქნება იმედი, რომ პროვოკატორი და მწვალებელი შეზღუდული იქნება თავის დესტრუქციულ საქმიანობაში. ეს იქნება თურქეთის მიერ მართლმადიდებელი ადამიანების მხარდაჭერის აქტი, როგორც საქართველოს, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, – აღნიშნულია წერილში.

ჯერ ქუჩაში დაგვასისხლიანეს, მიგვათრიეს პოლიციის სამმართველოში და შემდეგ იქ ფეხით დადიოდნენ ჩვენზე, ბეისბოლის ხელკეტებით გვცემდნენ, სახეში გვაფურთხებდნენ- დაჩი ცაგურია

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე დაჩი ცაგურიას უსმენენ, რომელმაც 2009 წლის 15 ივნისის მოვლენები გაიხსენა.

დაჩი ცაგურიას თქმით, 2009 წლის 15 ივნისი არის მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღე.

„43 წლის ვარ და ასეთი მძიმე დღე უბრალოდ არ მქონია, არ ვიცი, ასეთი სასტიკი დღე არ ყოფილა მგონი არასოდეს. მივდიოდით იქ, სადაც იყო მიხეილ სააკაშვილი, ხან ქალბატონ სოფოსთან ერთად, ასეთ სიტუაციებში როცა იყო, რესტორანთან მივდიოდით და გამოვთქვამდით პროტესტს. შიგნით შესვლა არ გვიცდია არასდროს. ჩვენი მესიჯები გვქონდა, ხან სანდრო გირგვლიანის ფოტო გვქონდა, ხან ვაზაგაშვილის, გამცემლიძის, ბუტა რობაქიძის და ა.შ. შეჭრის მცდელობაც არ გვქონია. 15 ივნისს წინ უძღოდა ის, რომ იყო დიდი აგრესია, ცემა და უბედურება. 15 ივნისამდე საპროტესტო აქციები შენელებულია, უკვე ძალა აღარ აქვს ოპოზიციას და ესენი გადმოვიდნენ ჩვენზე შეტევაზე. ოჯახებს გვიწიოკებდნენ, დაიწყეს ჩვენი დაჭერები. მიშა მესხს მიუვარდნენ დასაჭერად სახლთან, მეზობლებმა და ქალებმა გადაარჩინეს. მეც ზუსტად ასევე მომივარდნენ. პოლიციამ ვითომ გამაჩერა. დამტვრეული „ნივა“ მყავდა და სიჩქარეს გადააჭარბეო. ის მანქანა სიჩქარეს ფიზიკურად ვერ აჭარბებდა. მივხვდი, რაშიც იყო საქმე. მამასთან ერთად ვიყავი და არ გრცხვენიათო? მამაჩემს ვუთხარი, სოზარ სუბართან ვრეკავ, დამშვიდდი-მეთქი და რომ გაიგო პოლიციელმა, ტელეფონი გამომგლიჯა. გადმოვედი მანქანიდან და ჩასაფრებაა, ალბათ 200 პოლიციელია. ზედაზენის ქუჩაზე, ჩემს საცხოვრებელ სახლთან დამხვდნენ. მეზობლების დახმარებით, ვერ დამიჭირეს.  ასე ყველას სახლებთან რომ გვხვდებოდნენ, ამიტომ გადავწყვიტეთ, მივსულიყავით სამმართველოსთან. აქციის მიზეზი იყო, რომ ჩავბარებულიყავით – „გვითხარით, ვისი დაჭერაც გინდათ, აქ ვართ“. დაახლოებით 50-60 ადამიანი ვიყავით მშობლებთან ერთად.  სამმართველოსთან ვიდექით ტროტუარზე. ჩვენდა გასაოცრად, დაგვხვდა სამმართველოს კარი ღია. შიგნიდან ვიდეოკამერებით გვიღებდნენ და ჩვენ დავიწყეთ სიის წაკითხვა, რომ მოვედით და აქ ვართ. უცებ ყველა მხრიდან მოდიან, სამმართველოს შესასვლელის გარდა. ამათ უნდოდათ, დაედგათ კადრი, შევერეკეთ შენობაში, რომ გადაეღოთ, ვითომ შევიჭერით.  ყველა ჩვენს აქციას თან ახლდა ზონდერ დაჯგუფებების გაკეთება. უდესიანები და ვიღაცები ჰყავდათ ზონდერ დაჯგუფებების ორგანიზატორებად. აქციიდან წასულ ხალხს სასიკვდილოდ სცემდნენ“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

დაჩი ცაგურიამ დეტალურად ისაუბრა ჯერ პოლიციის სამმართველოს ეზოში, შემდეგ კი, სამმართველოს შენობაში განვითარებულ პროცესებზე.

„ახალგაზრდებმა მინდა იცოდნენ, ხალხნო, ახლა რომ ამბობთ, იგივეა და უარესია, ეს სიგიჟეა, არ დაგაჯეროთ არავინ. ვინმემ თუ არ იცით, რა არის იგივე და რა არის უარესი, უარესია კი არა, ჩრდილო კორეა გვენატრებოდა და რა რუსეთში მიგვაქანებენ, რუსეთი იყო სანატრელი. ასეთი რაღაცები მაშინდელ რუსეთში არ ხდებოდა. ჯერ გარეთ დაგვასისხლიანეს, სასიკვდილოდ გაგვიმეტეს და გვცემეს, შემდეგ შეგვათრიეს სამმართველოს შენობაში. ოღონდ როგორ იყო იცით, მოაწყობდნენ ხოლმე სახელდახელოდ დერეფანს, ხომ მიგვათრევდნენ ხელებამობრუნებული და გვირტყამდნენ თან, გვაფურთხებდნენ სახეში და შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, შემდეგ დერეფანში შეგვაგდებდნენ და დერეფანი უნდა გაგვევლო. დერეფანში იდგა ერთი ორმოცი ადამიანი ხელკეტებით და რაღაცებით და სათითაოდ ყველა გვირტყამდა, ყველა სამაგალითოდ. ერთგვარი შეჯიბრი ჰქონდათ, ვინ უფრო მაგარი იყო, ერთმანეთისთვის რომ დაემტკიცებინათ, ვინ უფრო მაგრად გაგვიმეტებდა, ვინ უფრო დაუნდობელი იყო. ჯერ ქუჩაში მოგვკლეს ცემით და დაგვასისხლიანეს, თავებდახეთქილები და დაგლეჯილები ვართ უკვე, დაკავებულები და არავინ არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს, მაგრამ მაინც გვირტყამენ, მოგვათრევენ და უკვე სამმართველოს ეზოში ჯერ ეს დერეფნები ეწყობა სახელდახელოდ ყველასთვის და იქ გვცემენ, გვაგინებენ, ისეთ რაღაცებს გვეუბნებოდნენ, რომ ეს გინება არ არის, ვერ ვიტყვი უბრალოდ, რაღაც საზიზღრობაა. სახეში გვაფურთხებდნენ. დერეფანი ხომ გაგვატარეს, შემდეგ დერეფნიდან აგვიყვანეს კიბეებზე, სამმართველოს შესასვლელი იყო, სადაც ლიფტებია და ერთგვარი ფოიე, იქ რომ შემიყვანეს, ჩემი მეგობრები არიან ძირს დაყრილები, ძირს ვწევართ, უკვე ადგილი აღარ არის იქ, გადაიჭედა იქაურობა და ფეხით დადიოდნენ ჩვენზე ზემოდან, ბეიზბოლის ხელკეტებით და არმატურებით ზემოდან გვცემდნენ. ნაწილი მანდ შეგვიყვანეს, ნაწილი სასამართლოს შენობაში შეიყვანეს. სასამართლოს შენობაში ჩემი მეგობრები დაგლიჯეს ცემით, ტყავი დაუხიეს, ისეთ დღეში ჩააგდეს, დაასისხლიანეს, ძვლები დაულეწეს, სააპელაციო სასამართლოს შენობაში, ახლა რომ გრძელი ენა აქვთ, რაღაცები რომ არ მოსწონთ. ჩემზე იყო ერთგვარი მოთხოვნა, აბა, ცაგურია ცაგურია. პარტია პარტია მოდიოდნენ, უკვე გონზე ვიყავი, მაგრამ ყოველგვარი ენერგიისგან გამოლეული, თავზე მედო ხელები და თავზე რომ ბეისბოლის ბიტას მირტყამდნენ, ხელის მტევანი დალეწილი მაქვს, ფორმა აქვს შეცვლილი, სამმართველოში დამიმტვრიეს, თავზე რომ მედო და ბეიზბოლის ბიტას რომ მირტყამდნენ. ეტყობა, ხელზე რომ მხვდებოდა, გული სწყდებოდათ მაგაზე, მომეპარა უკნიდან და ზუსტად შუაში, ისე რომ ხელებს შორის გაეძვრინა, მხეთქა ბეიზბოლის ხელკეტი და საშინელი ტკივილი იყო. ხერხემალი დამიზიანდა იქ, ორი მალა მქონდა ცემისგან გატეხილი“, – აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი – თიბისი, საერთაშორისო საგადახდო ქსელი -Visa და მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ავიაკომპანია – Turkish Airlines უპრეცედენტო კოლაბორაციას იწყებენ.

ბრენდების სამმხრივი თანამშრომლობით, მალე, საქართველოს ბაზრისთვის ინოვაციური პროდუქტი – სამოგზაურო ბარათი შეიქმნება, რომელიც თიბისი კონცეპტ 360-ის და თიბისი Wealth Management-ის მომხმარებლებს მოგზაურობის სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბრენდების წარმომადგენლებმა ხელი 12 ივნისს, სტამბოლში მოაწერეს.

„საქართველოში ასეთი მასშტაბის ბრენდების საერთო ღირებულებით გაერთიანება უპრეცედენტოა. ჩვენი ერთობლივი ხედვა მარტივ იდეაზეა დაფუძნებული – ქართველ მომხმარებლებს ისეთი პროდუქტები და მომსახურება შევთავაზოთ, რომელიც შეუქმნით კომფორტს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოგზაურობისას”, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

აღნიშნული ბრენდების პარტნიორობით შექმნილი სამოგზაურო პროდუქტი Visa-ს სამოგზაურო უპირატესობებს, თიბისი ბანკის მოწინავე ფინანსურ სერვისებსა და Turkish Airlines-ის Miles & Smiles პროგრამას გააერთიანებს.

მომხმარებლები საზღვარგარეთ განხორციელებულ ტრანზაქციებზე, Turkish Airlines-ის მილების (Miles & Smiles) დაგროვებას შეძლებენ, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება ავიაკომპანიის ბილეთების და სხვა სერვისების შესაძენად.

მომხმარებლებისთვის უპირატესობების შეთავაზება დაგეგმილია ისეთ სამოგზაურო კატეგორიებშიც, როგორიცაა: განსაკუთრებული შეთავაზება აეროპორტის ლაუნჯებზე, უსაფრთხოების კონტროლის სწრაფი გავლა, განსაკუთრებული ტარიფები ტაქსსა და ინტერნეტ როუმინგზე.

მოხარულები ვართ, რომ თიბისისთან და Visa-სთან თანამშრომლობით ვქმნით ერთობლივ პროდუქტს- სამოგზაურო ბარათს, რომელიც მომხმარებლებს მისცემს ყოველდღიური ხარჯებიდან სარგებლის მიღების შესაძლებლობას. ეს კოლაბორაცია ზუსტად ასახავს ჩვენს მთავარ ფოკუსს- მგზავრებისათვის ფრენის მიღმა მოგზაურობის გამოცდილების გაუმჯობესებას და მათთვის დამატებითი ღირებულებების შექმნას“,  – Turkish Airlines-ის მარკეტინგის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, არიფ ალი გეზმისოლუ.

უნიკალური უპირატესობების გარდა, მეტალის პრემიუმ მასალისაგან დამზადებული  სამოგზაურო ბარათი ქობრენდ დიზაინით იქნება გამორჩეული.

“მოხარული ვარ რომ საქართველოში პირველი ინოვაციური სამოგზაურო ბარათი  ექსკლუზიურად ყველაზე გამოცდილი მოგზაურებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენს მომხმარებლებს უფრო კომფორტულ, სასიამოვნო და დასამახსოვრებელ გამოცდილებასთან ერთად, ახლა უკვე მნიშვნელოვანი ბენეფიტების მიღებაც შეეძლებათ. ეს კოლაბორაცია სრულ თანხვედრაშია ჩვენს სტრატეგიულ მიზანთან – განსაკუთრებული ღირებულება შევქმნათ მათთვის, ვისაც მოგზაურობა ასე ძალიან უყვარს “, – დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში.

ბარათის ფუნქციონალის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ახლო მომავალში, მისი გამოშვების შემდეგ გახდება ცნობილი.

(R)

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

PSP-ს აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება, რაც გულისხმობს მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, შვეიცარიული კომპანიის „მიკროლაიფის“ უზუსტესი წნევის საზომი აპარატებით დიაგნოსტიკას.

„მიკროლაიფის“ მოწყობილობების სიზუსტე, სანდოობა და ინოვაციური ტექნოლოგიები, საშუალებას იძლევა, აღმოვაჩინოთ სხვა დარღვევები და დროულად მივმართოთ ექიმს.

ტონომეტრების მოდელების მრავალფეროვანი არჩევანი: მაჯის და მხრის, ავტომატური და ნახევრადავტომატური, PC კავშირით და სხვ. მარტივი და მოსახერხებელია სახლის პირობებში გამოყენებისთვისაც. ასე მაგ., AFIB ტექნოლოგია  გაზომვისას ამოიცნობს არითმიის რისკს. ამ უნიკალური ტექნოლოგიის გამო, ითვლება Microlife” ინსულტის პრევენციის პირველ ნაბიჯად.

მარტივი და კომფორტული ინტერფეისი, Touch ეკრანები და დიდი ციფრები – შესაფერისია ყველა ასაკისთვის, მათ შორის უფროსი თაობისთვის. ტონომეტრი ავტომატურად აკეთებს სამ გაზომვას და აჩვენებს საშუალო მნიშვნელობას, რაც ამცირებს ცდომილებას.

ზოგ მოდელში ინტეგრირებული Bluetooth საშუალებას იძლევა მომხმარებელმა მარტივად გადაიტანოს მონაცემები მობილურში და/ან გაუზიაროს ექიმს. ყველა მოდელი ტესტირებულია კლინიკურად (ESH, BHS, MAM ) და გამოირჩევა მაღალი სიზუსტით როგორც ექიმებისთვის, ასევე საოჯახო გამოყენებისთვის.

მონიტორინგის შედეგად არითმიის რისკის აღმოჩენისას, აქციის ფარგლებში, მომხმარებელს გადაეცემა „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგის კონსულტაციის 50%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი, ივლისის ბოლომდე სარგებლობისთვის.

მონიტორინგის დღეები იწყება თბილისში, 17 ივნისს პეკინის N14-ში მდებარე PSP აფთიაქში და გავრცელდება სხვადასხვა უბანში, ასევე ეტაპობრივად ჩატარდება რეგიონებში. მომხმარებლებს განრიგის ნახვა შეუძლიათ PSP-ს ოფიციალურ გვერდებზე www.psp.ge და https://www.facebook.com/psp.ge

„მიკროლაიფი“ (Microlife) მსოფლიო ლიდერია სამედიცინო დიაგნოსტიკური აპარატურის წარმოებაში. არტერიული წნევის მონიტორების, ციფრული თერმომეტრების და ნებულაიზერების შვეიცარიული ხარისხი და სიზუსტე, განაპირობებს ამ აპარატურის მიმართ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ექიმების მაღალ ნდობას.

 

(R)

ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურს ქალი უხელმძღვანელებს- წარმოშობით ქართველი ბლეიზ მეტრეველი ოფიციალურად თანამდებობას ოქტომბრიდან დაიკავებს

ისტორიაში პირველად, ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის, MI6-ის ხელმძღვანელი ქალი იქნება. წარმოშობით ქართველი ბლეიზ მეტრეველი ოფიციალურად თანამდებობას ოქტომბრიდან დაიკავებს და მოქმედ ხელმძღვანელს, რიჩარდ მურის ჩაანაცვლებს. მეტრეველი ორგანიზაციის მე-18 ხელმძღვანელი იქნება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ისტორიული უწოდა. სტარმერმა ასევე განაცხადა, რომ ბლეიზ მეტრეველი აღნიშნულ თანამდებობას იკავებს იმ დროს, როდესაც გაერთიანებული სამეფო მზარდი საფრთხეების წინაშე დგას მოწინააღმდეგეების მხრიდან.

„მოუთმენლად ველოდები ამ სამუშაოს გაგრძელებას MI6-ის მამაც ოფიცრებთან და აგენტებთან და ჩვენს მრავალ საერთაშორისო პარტნიორთან ერთად“, – განაცხადა მეტრეველმა.

მეტრეველი სადაზვერვო სამსახურში 1999 წლიდან მუშაობს. ამ ეტაპზე Q დეპარტამენტის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კრიტიკულად მნიშვნელოვანი განყოფილების ხელმძღვანელია. დეპარტამენტის მიზანია საიდუმლო აგენტების ვინაობის საიდუმლოდ შენახვა და მოწინააღმდეგეებისგან თავის დაღწევის ახალი გზების შემუშავება.

გერმანიის საელჩომ სცენა დაუთმო ირაკლი ხვადაგიანს, ძნელია, წარმოიდგინო იმაზე მეტი ცინიზმი, ვიდრე წარსულის გააზრებაზე სასაუბროდ სააკაშვილის პროპაგანდისტის მიმდევრის მიყვანაა-შალვა პაპუაშვილი

გერმანიის საელჩომ სცენა დაუთმო ირაკლი ხვადაგიანს. ძნელია, წარმოიდგინო იმაზე მეტი ცინიზმი, ვიდრე წარსულის გააზრებაზე სასაუბროდ სააკაშვილის პროპაგანდისტის და მისი ექსტრემისტული იდეების მიმდევრის მიყვანაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, ამ ყველაფერს აორგანიზებს უცხოური საელჩო, რომელიც „სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებს არ ხედავს“.

„მომავალი აქვს მას, ვინც იცნობს საკუთარ წარსულს“ – გერმანიის საელჩომ ჰუმბოლდტის ეს სიტყვები გაიმეორა და სცენა მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიის მე-8 ნომერს (!), ირაკლი ხვადაგიანს დაუთმო. ძნელია, წარმოიდგინო იმაზე მეტი ცინიზმი, ვიდრე წარსულის გააზრებაზე სასაუბროდ სააკაშვილის პროპაგანდისტის და მისი ექსტრემისტული იდეების მიმდევრის მიყვანაა. ამ ყველაფერს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ადამიანური ტრაგედიების მოსმენის ფონზე, აორგანიზებს უცხოური საელჩო, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის ამ დანაშაულებს არ ხედავს. მართლაცდა, როგორც ჰუმბოლდტი იტყოდა: „ყველაზე საშიში მსოფლმხედველობა აქვთ მათ, რომელთაც მსოფლიოსთვის არასდროს შეუხედავთ“,- წერს შალვა პაპუაშვილი.

საქართველოში გერმანიის საელჩომ 15 ივნისს გაავრცელა პოსტი, სადაც ნათქვამია, რომ საელჩომ საქართველოში მოიწვია ისტორიკოსი და აღმოსავლეთ გერმანიის (გდრ) დროინდელი მოვლენების მოწმე, პეტერ კოიპი. მათივე ცნობით, გორსა და ქუთაისში პეტერ კოიპის ლექციები მიმდინარეობდა. საელჩოს ინფორმაციით, ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=1343154071149690&set=a.328356269296147&type=3&ref=embed_post

16 ივნისიდან პეტრე-პავლობის მარხვა იწყება

16 ივნისს მარხვა იწყება, რომელიც პეტრე-პავლობის სახელით მოიხსენიება

დიდმარხვასთან შედარებით ეს მარხვა მსუბუქია და თევზით არის ხსნილი (ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა).

პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა ცვალებადია და სულთმოფენობას უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ აღდგომის დღესასწაულზეა დამოკიდებული და აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. მარხვა კი სულთმოფენობიდან ერთ კვირაში იწყება. ამიტომ პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა ყველაზე ცოტა 10 დღეა, ყველაზე ბევრი კი – ექვსი კვირა.

ქრისტეს მოწაფეთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს ორ მათგანს, წმინდა პეტრესა და პავლეს მიაგებს, სწორედ ამიტომ მათ “მოციქულთა თავნი“ ანუ მეთაურები ეწოდებათ. ისინი ერთდრულად აღესრულნენ იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს, როდესაც პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს.

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ყველაფერი მოიმოქმედეთ იმისთვის, რომ წარმატებით გაუმლკავდეთ სირთულეებს და კონკურენტებსაც დაუმტკიცოთ, რომ ღირსეული ადამიანი ხართ. შესაძლოა, გაკვირდებიან, ამიტომ „სუფთად“ იმოქმედეთ.

კურო

დღეს, ნაყოფიერი იქნება შეხვედრები და მოლაპარაკებები, ნუ იზარმაცებთ და აუცილებლად შეასრულეთ დანაპირები, რათა არ დაგჭირდეთ სხვებთან მობოდიშება და თავის მართლება.

ტყუპები

აკვიატებულმა მიზნებმა და იდეებმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას თქვენს ავტორიტეტს, სასურველია, თავი ხელში აიყვანოთ და ცივი გონებით კიდევ ერთხელ ჩაუღრმავდეთ თქვენს პროექტს, დახმარებისთვის სანდო თანამშრომლებს მიმართეთ.

კირჩხიბი

დღეს, ყველა გაუგებრობას შინ თუ გარეთ თავს წარმატებით გაართმევთ და ნებისმიერ სიტუაციას სათქვენოდ შემოაბრუნებთ. თქვენი მოხერხებულობა და გონიერება შექებას იმსახურებს.

ლომი

ნებისმიერი ოცნება ასრულებადია, თქვენ მხოლოდ იყავით მადლიერი იმით, რაც გაქვთ, სამყაროს არ უყვარს წუწუნა ადამიანები, ის ყურადღებით გისმენთ და დიდი შანსები გაქვთ, ფორტუნას კეთილგანწყობა დაიმსახუროთ.

ქალწული

ენდეთ ინტუიციას და თუ სხვებს თქვენი დახმარება ესაჭიროებათ, აუცილებლად გამოიჩინეთ ყურადღება, უანგაროდ დაეხმაროთ მათ. ნუ განსჯით ნურავის, უბრალოდ, იზრუნეთ გასაჭირში მყოფ ნებისმიერ ადამიანზე.

სასწორი

სამსახურში, გარკვეული ცვლილებების გამო, შესაძლოა, თქვენი გეგმებიც შეიცვალოს, თქვენ კარგად გესმით შექმნილი მდგომარეობა, ამიტომ, გააკეთეთ ადეკვატური დასკვნები და შესაბამისად იმოქმედეთ.

მორიელი

იყავით ფრთხილად, თავგადასავლების ძიებაში საკუთარი თავი არ დაკარგოთ და ზღვარს არ გასცდეთ, შესაძლოა, უსიამოვნო ავანტიურის მსხვერპლი გახდეთ.

მშვილდოსანი

ნუ დაიშურებთ ძალისხმევას, ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ მოსალოდნელი ცვლილებები სასიკეთო მიმართულებით წარიმართოს და თქვენმა იდეებმა მარცხი არ განიცადოს.

თხის რქა

დღეს, შესაძლოა, უფროსობის დამოკიდებულებაში თქვენს მიმართ სასიკეთო ცვლილებები შეამჩნიოთ, გამოიჩინეთ კეთილგონიერება და მთელი არსებით შეეცადეთ, არ გაუცრუოთ მათ იმედები, მაქსიმალურად კეთილსინდისიერად შეასრულეთ თქვენი საქმე.

მერწყული

იყავით თავშეკავებული, შესაძლოა, გარშემომყოფებს უსამართლო საყვედურებით, ან კრიტიკული შენიშვნებით გული ატკინოთ. მოიქეცით ობიექტურად და საკუთარ წარუმატებლობაში სხვებს ნუ დაადანაშაულებთ.

თევზები

ნურაფერს უჩვეულოს ნუ მოიმოქმედებთ, რათა ახლობელ ადამიანებთან და კოლეგებთან ახსნა-განმარტებები და თავის მართლება არ მოგიწიოთ.

,,ეს არის ლოგიკური ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ახალი მიმართულებით ფრენების დაწყების შესახებ  და Air Serbia-ს თითქმის 100 წლიანი ისტორიის მანძილზე”- Air Serbia-ს წარმომადგენელი

საქართველოს ავიაბაზარზე, ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოვიდა. აქტიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სერბეთის ფლაგმანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, წარმატებით დაასრულა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალ ევროპულ ავიაკომპანიასთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე, Air Serbia-ს Air Serbia-ს ქსელის დაგეგმარების ხელმძღვანელმა, ბოიან არანჯელოვიჩმა აღნიშნა, რომ ფრენების დაწყება ორ ქვეყანას შორის არის ლოგიკური ნაბიჯი ავიაკომპანიის მხრიდან.

,,პირველ ფრენაზე ბელგრადიდან თბილისის მიმართულებით თვითმფრინავი სავსე იყო, რამაც ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, თითქმის 130 მგზავრი იყო. საქართველოში ფრენების დაწყება Air Serbia-სთვის მომდევნო ლოგიკური ეტაპი იყო.  საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების თაობაზე მოთხოვნის დეტალურად გაანალიზების შემდეგ ახალი მიმართულებით განვახორციელეთ ფრენა.

 ეს არის ლოგიკური ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ახალი მიმართულებით ფრენების დაწყების შესახებ  და Air Serbia-ს თითქმის 100 წლიანი ისტორიის მანძილზე. ამავდროულად, ეს ყოველივე ხდება იმ წელს, როცა ჩვენ აღვნიშნავთ ორ ერს შორის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებას,-‘’განაცხადა ბოიან არანჯელოვიჩმა.

Air Serbia პირველი სერბული ეროვნული ავიაკომპანია Aeroput-ის მემკვიდრეა, რომელიც 1927 წელს დაარსდა. 2024 წელს, საქართველოსა და სერბეთს შორის ჯამურმა მგზავრთნაკადმა 18,325 მგზავრი შეაედგინა. რაც 97 %-ით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით.

ბოიან არანჯელოვიჩი – Air Serbia-ს ქსელისა და განრიგის დაგეგმარების ხელმძღვანელი

,,საქართველოში ფრენების შესრულება კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ Air Serbia-მ დაიწყო” – მარიამ ქვრივიშვილი

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება, ახალმა ევროპულმა ავიაკომპანია Air Serbia-მ დაიწყო, რომელიც ბელგრადი-თბილისი-ბელგრადის მიმართულებით რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს.

საქართველოსა და სერბეთს შორის ამ დრომდე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს რეგულარულ ფრენებს. მოხარული ვართ, რომ მოლაპარაკებები სერბეთის მხარესთან წარმატებით დასრულდა. Air Serbia-ს საქართველოში შემოსვლა ბაზრების დივერსიფიკაციის პოლიტიკის წარმატებული შედეგია, რომელსაც მთავრობა აქტიურად ახორციელებს!“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, სერბეთის ავიაკომპანიის შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ასევე ცალსახად მიანიშნებს საქართველოზე, როგორც მოთხოვნად ტურისტულ მიმართულებაზე.

„მოველით, რომ საქართველოში სერბეთიდან გაიზრდება ვიზიტორების რაოდენობა, რაც დადებითად აისახება როგორც ავიაციის, ისე ტურიზმის სექტორის განვითარებაზე“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ავიაკომპანია Air Serbia-ს ახალი მიმართულებებით ოპერირების ნებართვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის 11 ივნისს მიანიჭა.

ინდოეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა 7 ადამიანი

15 ივნისის დილას, ინდოეთში, უტარკჰანდის შტატში კერძო კომპანია Aryan Aviation-ის ვერტმფრენი ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფის მომენტში, ვერტმფრენის ბორტზე 7 ადამიანი იმყოფებოდა. შვიდივე მგზავრი დაიღუპა.

ვერტმფრენი ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზად ამინდით გამოწვეული ცუდი ხილვადობა სახელდება.

ადგილობრივი ხელისუფლება ვერტმფრენების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლის გამკაცრებას აპირებს, ვინაიდან ბოლო პერიოდში უტარკჰანდის შტატში რამდენიმე მსგავსი შემთხვევა მოხდა.

12 ივნისს, ახმადაბადში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 242 მგზავრიდან, მხოლოდ ერთი გადარჩა.