Home Blog Page 16

ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა აღარ არის – ეს არის პირდაპირ ოპოზიციური ფლანგის წარმართვა! – გურამ მაჭარაშვილი აქციაზე ევროპელი დეპუტატების სიტყვით გამოსვლაზე 

ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა აღარ არის – ეს არის პირდაპირ ოპოზიციური ფლანგის წარმართვა! ისინი ქვეყნის შიდა საქმეებში კი არ ერევიან, უკვე ოპოზიციურ საქმიანობას წარმართავენ, – ასე აფასებს უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი 11 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე ევროპელი დეპუტატების სიტყვით გამოსვლას.

მაჭარაშვილის თქმით, „უცხოელმა ხელმოცარულებმა აქტორებმა იციან, რომ მათივე სახელმწიფოებში საზოგადოება აღარ აირჩევს და ბოლო გაბანავება აქვთ, რომ მატერიალური ანაზღაურების საფუძველზე ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები აკეთონ”.

„რასაც ვამბობთ, გუშინ დადასტურდა – ეს ადამიანები საქართველოში კეთილი სურვილებით ჩამოსულები არ არიან! მათ აჩვენეს საქართველოს მომავლის მიმართ ზიზღი, არამეგობრული დამოკიდებულება, უპატივცემულობა მილიონ 200 ათასი ამომრჩევლის წინაშე და რაც მთავარია, ევროპის სახელმწიფოების საზოგადოების წინაშე, რადგან ვიცით, რომ ევროპის მოსახლეობის უმრავლესობა ლიბერალურ ფაშიზმს არ ემხრობა და ჟიგიმანტასს, როთს არ ეთანხმებიან.

ეს ყველაფერი ამ აქციაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა. ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ 26 ოქტომბერს სწორი გადაწყვეტილება მიუღია.

ვითომ გაყალბებული არჩევნების აქციაზე გამოვიდნენ და სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს, რაზეც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ სამართლიანად ზის და მას არავინ აწამებს. როგორც ჩანს, ამ ვითომ ევროპელ აქტორებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ აინტერესებთ და თავიანთ საერთაშორისო სასამართლოს შეურაცხყოფას აყენებენ.

რაც შეეხება ვითომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას, ვინც ჩამოსულია გერმანიიდან, ლიეტუვიდან, ვეტყვი, რომ მათ ქვეყნებს რუსეთთან ხუთჯერ მეტი ბრუნვა აქვს, ვიდრე საქართველოს. სანამ რუსეთთან ბრძოლას ახსენებენ, მანამდე თავიანთ ეკონომიკურ ბრუნვას გადახედონ რუსეთთან და მათი ლიდერების განცხადებას, რომ სამხედრო კონფლიქტში არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთვებიან.

მათგან დღემდე ველოდები პასუხს, სად არის საერთაშორისო გამოძიება, რა ინსტიტუციაა, ვინ ხელმძღვანელობს, ვინ მუშაობს, სად აქვთ ოფისი?! გამოძიება რაც უნდა დაწყებულიყო, პროკურატურამ დაიწყო, თუ ვინმეს მტკიცებულება აქვს, უნდა წარადგინოს, მაგრამ რაც არ აქვთ, რას მიიტანენ?!” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

11 ნოემბერს, თბილისში ვიზიტით მყოფი გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ და აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.

თუ ხელისუფლება დაკავებულებს არ გაათავისუფლებს, კოდორის ხიდი კვლავ გადაიკეტება – ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერი

ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარანტიები მოგვცეს, რომ დაკავებულ პოლიტიკურ აქტივისტებს საათნახევარში გაათავისუფლებდნენ, ამიტომ კოდორის ხიდი დროებით განიბლოკა, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ოპოზიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამ რუსულ მედიას განუცხადა.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება დანაპირებს არ შეასრულებს, ხიდს კვლავ გადაკეტავენ.

„თუ დაპირება არ შესრულდება, სოფელ აძიუბჟას მაცხოვრებლები მის დაბლოკვას კვლავ აპირებენ“, – აღნიშნა არძინბამ.

ხიდის განბლოკვის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, რაულ ლოლუამაც დაადასტურა.

„კოდორის ხიდი განბლოკილია, მასზე მოძრაობა აღდგენილია გამგეობის ხელმძღვანელსა და აქციის მონაწილეებს შორის მოლაპარაკების შემდეგ“, – განაცხადა ლოლუამ მედიასთან საუბრისას.

ამ დრომდე გადაკეტილი რჩება ორი ხიდი – ზემო გუმისთისა და ქვემო გუმისთის ხიდები.

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო ტალღა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავებას მოჰყვა, რომლებიც რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციას ეწინააღმდეგებიან. მომიტინგეებმა სოხუმის სამივე ხიდი გადაკეტეს. საუბარია ქვემო და ზემო გუმისთასა და კოდორის ხიდებზე. ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, „უშიშროების საბჭოს“ საგანგებო სხდომა გამართა, რომელზედაც „უშიშროების ძალების“ ხელმძღვანელებმა “უკანონო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.”

პრემიერს შესაძლებლობა ექნება, მიმართოს ლიდერებს, თუ რას განახორციელებს ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, რომ მაქსიმალურად შევამციროთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკები – ილია დარჩიაშვილი

პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობა ექნება, მიმართოს ლიდერებს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ის კონკრეტული გეგმები გაჟღერდება, თუ რას განახორციელებს ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ჩვენს ქვეყანაში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სხვადასხვა გამოწვევები და რისკები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ლიდერები გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციის ფორმატში საუბრობენ იმ საერთო ძალისხმევაზე და კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელმაც მაქსიმალურად უნდა შეამციროს რისკები.

„იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში, სადაც იმართება გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია, 29-ე კონფერენცია, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც იკრიბებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები, ლიდერები იმისთვის, რომ ისაუბრონ იმ გამოწვევებზე, რომელიც თან ახლავს კლიმატის ცვლილებას, რომელიც თან ახლავს გლობალურ დათბობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლიდერები სწორედ ამ ფორმატში საუბრობენ იმ საერთო ძალისხმევაზე, იმ საერთო კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელმაც მაქსიმალურად უნდა შეამციროს რისკები, ეს იქნება ნებისმიერი ნეგატიური გავლენა ჩვენს პლანეტაზე, რომელიც მომდინარეობს გლობალური დათბობიდან. პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებში, ინტერვენციები ჰქონდეს ამ სამუშაო ჯგუფებში და ვფიქრობ, რომ ძალიან საჭირო და ღირებული დისკუსიები გაიმართება ამ მიმართულებით. პრემიერ მინისტრს ასევე ექნება შესაძლებლობა, მიმართოს ლიდერებს, სადაც რა თქმა უნდა, სხვა საკითხებთან ერთად გაჟღერდება ის კონკრეტული გეგმები, თუ რას გადადგამს ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ჩვენს ქვეყანაში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სხვადასხვა გამოწვევები და რისკები“,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ჰქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან.

„პრემიერ-მინისტრს ასევე ჰქონდა შესაძლებლობა, გაემართა შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან. აზერბაიჯანის რესპუბლიკა ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორია, სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საერთო პროექტები, მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრასაც ექნება ახალი იმპულსი ჩვენს ორმხრივ სტრატეგიულ თანამშრომლობაში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, განახლებადი ენერგია საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„განახლებადი ენერგია არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანამ მაქსიმალურად თანმიმდევრულად აითვისოს ყველა ის რესურსი, რომელიც ამ მიმართულებით ქვეყანაშია. ზოგადად, ჩვენს რეგიონს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ამ მიმართულებით და ჩვენ, ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, შავი ზღვის ელექტრო გადამცემი კაბელის პროექტზე, რომელიც რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ევროპისთვის ენერგიის მიწოდების დივერსიფიცირებას. ამ კუთხითაც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დაკავშირებადობის გაზრდაზე, ეს კონკრეტული პროექტიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის კიდე უფრო მეტ როლს, ევროპის ენერგო უსაფრთხოების საქმეში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

სტარმერი და მაკრონი აცხადებენ, რომ უკრაინის მიმართ მათი „მხარდაჭერა უცვლელია – Financial Times

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) ფრანგი და ბრიტანელი ლიდერების ორშაბათის პარიზულ რანდევუს ეხმიანება და 12 ნოემბრის ნომერში აქვეყნებს სტატიას სათაურით „სტარმერი და მაკრონი აცხადებენ, რომ უკრაინის მიმართ მათი „მხარდაჭერა უცვლელია“ (ავტორები – ედრიან კლასი პარიზიდან და ჯინ პიკარდი ლონდონიდან).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევიდან რამდენიმე დღის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნეს, რომ უკრაინას მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ.

ელისეის სასახლის მიერ ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება იმ მჭიდრო კოორდინაციის მიმართ, რომლის მიზანია  ადრე გაჟღერებული დაპირების შესრულება – „გრძელვადიანი დახმარება იმდენი, რამდენიც საჭიროა“, რათა რუსეთმა თავის აგრესიულ ომში წარმატებას არ მიაღწიოს. იგივე საკითხია ხაზგასმული დაუნინგ-სთრითის განცხადებაშიც: „ლიდერებმა შეხვედრა უკრაინის საკითხის განხილვით დაიწყეს და გადაწყვიტეს, რომ გააგრძელონ უკრაინის დახმარება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, კიევის მაქსიმალურად ძლიერი პოზიციის უზრუნველყოფით“.

კირ სტარმერი ემანუელ მაკრონს პარიზში ორშაბათს შეხვდა, როცა მან მონაწილეობა მიიღო 11 ნოემბერს გამართული „დაზავების დღის“ საზეიმო ღონისძიებაში, პირველი მსოფლიო ომის (1914-1918 წლები) დასრულების აღსანიშნავად. იგი როგორც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, პირველად დაესწრო საფრანგეთის ხელისუფლების მიერ პარიზში გამართულ „დაზავების დღეს“, ბოლო 80 წლის განმავლობაში.

ეს შეხვედრა წარმოადგენდა ორი ევროპელი ლიდერის მცდელობას – ერთიანი ფრონტით გამოვიდნენ უკრაინისადმი სოლიდარობის გამოსახატავად იმ დროს, როცა კიევის მთავარი მხარდამჭერის – აშშ-ის – ხელისუფლებაში მკვეთრი ცვლილებები მიმდინარეობს, ქვეყნის ახალ პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ემანუელ მაკრონის პოზიცია კრემლის მიმართ თავდაპირველად შედარებით ლოიალური იყო და ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას ითვალისწინებდა,  მაგრამ შემდეგ ისე მკვეთრად გამკაცრდა, რომ ფრანგმა ლიდერმა ევროპული ტაბუ დაარღვია – არ გამორიცხა უკრაინაში სახმელეთო ძალების გაგზავნა კიევის დასახმარებლად. ემანუელ მაკრონის ასეთი განცხადება იმ დროს მოულოდნელი და ანაზდეული აღმოჩნდა როგორც ევროპელი ლიდერებისათვის, ასევე თვითონ კრემლისთვისაც.

დონალდ ტრამპს და მის მრჩევლებს წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს არაერთხელ განუცხადებიათ თავიანთი სურვილის თაობაზე უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით, თუმცა არ დაუზუსტებიათ, როგორ იქნება მიღწეული. ევროპელი ლიდერების შიშობენ, რომ დონალდ ტრამპის იზოლაციონისტურ ტენდენციებს და მის კრიტიკას უკრაინის ომის დიდ ხარჯებთან მიმართებით შეუძლიათ საქმე იქამდე მიიყვანოს, რომ აშშ უარს იტყვის უკრაინის დახმარებაზე.

დონალდ ტრამპმა ნატოს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ თავიანთი სამხედრო ბიუჯეტები მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2-3%-მდე გაადიდონ, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ნახტომია მას შემდეგაც კი, როცა ბევრმა ნატოელმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან უკვე გაზარდეს თავისი სამხედრო ბიუჯეტები. ამჟამად დიდი ბრიტანეთი თავდაცვისათვის ხარჯავს მშპ-ის 2,3%-ს, საფრანგეთმა კი განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე მისი სამხედრო ხარჯები 2%-მდე მიაღწევს, რაც ნატოს მიერ დადგენილ ფარგლებში თავსდება.

„მე ყოველთვის ვიქნები იმის მომთხოვნი, რომ ნატოს ყოველი წევრი სახელმწიფო თავდაცვისათვის მშპ-ის არანაკლებ 3 პროცენტს ხარჯავდეს. სამხედრო ხარჯების თამასა 3%-მდე უნდა ასწიოთ. ორი პროცენტი არაფერია, თქვენ ესოდენ მცირე თანხით ნატოს ძალებს ანიავებთ, მის რესურსებს იპარავთ. ეს საუკუნის ქურდობაა იმის გათვალისწინებით, თუ რამდენს ხარჯავს ამერიკა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა აგვისტოში წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

ახლად არჩეული პრეზიდენტის ვაჟმა დონალდ ტრამპ-უმცროსმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი სულ რაღაც რამდენიმე კვირაში თავის „ფულად შემწეობას“ დაკარგავს – მხედველობაშია სამხედრო და ფინანსური დახმარების შეწყვეტა აშშ-ის მხრიდან.

ემანუელ მაკრონმა და კირ სტარმერმა პარიზში შეხვედროს დროს „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს ახლო აღმოსავლეთში (ღაზას სექტორში და ლიბანში) შექმნილი სიტუაციის მიმართ, აგრეთვე განიხილეს ზომების გამკაცრება იმ ბანდების მიმართ, რომელებიც „ადამიანების კონტრაბანდას“ (არალეგალურ მიგრაციას) ეწევიან.

სხვათა შორის, მოლაპარაკების დაწყებამდე მასმედია იუწყებოდა, რომ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზეც იმსჯელებენო – დონალდ ტრამპის სურვილის ფონზე, რომელიც აშშ-ში პროდუქციის იმპორტზე ტარიფების გადიდებას ითვალისწინებს, მაგრამ ლონდონისა და პარიზის შემაჯამებელ განცხადებებში ვაჭრობის საკითხების განხილვის ფაქტი ნახსენები არ არის.

როგორც ჩანს, ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი სიფრთხილეს იჩენენ და საჯაროდ დონალდ ტრამპის კრიტიკას თავს არიდებენ.

წყარო

ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციასა და „ძალოვანი სტრუქტურების“ წარმომადგენლებს შორის კოდორის ხიდზე დაპირისპირება მოხდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოდორის ხიდზე ოპოზიციის მხარდამჭერებსა და „ძალოვანი სტრუქტურების“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, – დაპირისპირების ამსახველ ვიდეო მასალას ტელეგრამ არხი – RESPUBLICA ავრცელებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო ტალღა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავებას მოჰყვა.

კერძოდ, არსებული ცნობებით, გუდაუთაში „საჯარო შეხვედრიდან“ დაბრუნებული ოპოზიციონერები ომარ სმირ, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია დააკავეს და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს.

12 ნოემბერს გვიან ღამით ოპოზიციის მხარდამჭერებმა გუმისთას და კოდორის ხიდები გადაკეტეს. ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, „უშიშროების საბჭოს“ საგანგებო სხდომა გამართა, რომელზეც „უშიშროების ძალების“ ხელმძღვანელებმა „უკანონო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს“.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ „ოპოზიცია“ 15 ნოემბერს, როცა ე.წ. პარლამენტი რუსეთ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხს განიხილავდა, აქციას გამართავდა.

„ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ არჩევნების შედეგები ასახავს ქართველი ხალხის ნებას” – აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე პრეზიდენტ ალიევისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე ინფორმაცია გამოქვეყნდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის შეხვედრის დეტალები ქვეყნდება, სადაც აღნიშნულია, რომ შეხვედრისას ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგები ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მყარ ორმხრივ მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სატრანსპორტო სფეროებში

შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე 1 გიგაბაიტი ინტერნეტი საჩუქრად – თიბისი დაზღვევა

მოგზაურობა თიბისი დაზღვევასთან ერთად, საჩუქრების აღმოჩენით იწყება, სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებს საჩუქრად 1 GB ინტერნეტი გადაეცემათ.

ინტერნეტის გამოყენებას მომხმარებლები, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეძლებენ, ხოლო დამატებითი ინტერნეტის შეძენისას, 19%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. საჩუქრის გააქტიურება მარტივად, მობინექსის საიტზე ან აპითაა შესაძლებელი.

სამოგზაურო დაზღვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს და ფარავს ისეთ ხარჯებს, რომლებიც მოგზაურობისას, ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესების ან სამედიცინო დახმარების საჭიროების გამო, შეიძლება შეიქმნას.

პოლისის შეძენა რამდენიმე წუთშია შესაძლებელი, როგორც ვებგვერდიდან, ასევე აპლიკაციიდან, ბიბოტის ან თიბისი მობაილ ბანკის მეშვეობით.

თუ გსურს, იმოგზაურო თავდაჯერებულად, გადადი ბმულზე და შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ

ფული უკრაინისათვის: რას გააკეთებს დონალდ ტრამპი? – Parlamentni Listy

ჩეხური გაზეთი „პარლამენტნი ლისტი“ (Parlamentni Listy) სათაურით „ფული უკრაინისათვის: რას გააკეთებს დონალდ ტრამპი?“ აქვეყნებს ინტერვიუს პრაღის (კარლის) უნივერსიტეტის პროფესორთან, პოლიტოლოგ ზდენეკ ზბორჟილთან, რომელსაც ჟურნალისტი იაროსლავ პოლანსკი ესაუბრება.

გთავაზობთ ამონარიდებს:

– დონალდ ტრამპი სანამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორედ გაიმარჯვებდა, მის წინააღმდეგ ე.წ. „ინტელექტუალთა“ ფართო ფრონტი შეიკრა: „შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები“, ექს-პრეზიდენტების – ბილ კლინტონისა და ბარაკ ობამას მეთაურობით. ისინი ვითომდა „იცავდნენ“ მრავალგვარი უმცირესობის ინტერესებს, „ებრძოდნენ“ გლობალურ დათბობას და დემოკრატთა „მონაპოვრების“ შესანარჩუნებლად გამოდიოდნენ. თქვენი აზრით, ხომ არ გადააჭარბეს ამერიკულმა (და ევროპულმა) ელიტებმა თავიანთ კრიტიკაში? საბოლოო ჯამში, მათ ისეთმა „სულელმა“ (როგორც რესპუბლიკელ კანდიდატს უწოდებდნენ) აჯობა, როგორც დონალდ ტრამპია…

– თქვენ მართალს ბრძანებთ. აშშ-ის არჩევნების დროს შექმნილი სიტუაცია ალექსანდრე მაკედონელთან დაკავშირებულ ისტორიას მაგონებს. 334 წელს ჩვენს ერამდე ალექსანდრე ქალაქ გორგიონის ტაძარში მივიდა და ზევსისადმი მიძღვნილი ურემის წინ დადგა. ურემის ხელნა ფრიგიის მეფის გორდიას მიერ საოცრად რთული კვანძით (ნასკვით) იყო შეკრული. ვინც ამ ნასკვს გახსნიდა, იგი მსოფლიოს მბრძანებელი იქნებოდა. ალექსანდრე მაკედონელს ბევრი არ უფიქრია, ხმალი დაჰკრა და გორდიას კვანძი გადაჭრა. დღემდე გაურკვეველია, რით შეიძლება აიხსნას ალექსანდრეს ასეთი ქცევა – მოუთმენლობით, მოუფიქრებლობით თუ ამაში მისი ის გაბედულება გამოიხატა, რომელსაც მოგვიანებით უმღეროდნენ – იგი ხომ იმდროინდელი მსოფლიოს მბრძანებელი გახდა.

რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი ალექსანდრე დიდი არ არის, თუმცა იგი, ალბათ, თავის თავს მაკედონელი მხედართმთავრის მსგავსად უკვე თვლის – მან იმ მიზანს მიაღწია, რისთვისაც ხუთი წელი იბრძოდა. არსებობს საერთაშორისო სოლიდარობა არა მხოლოდ პოლიტიკოსებს და ხელოვნების სამყაროს (და ინტელიგენციის) წარმომადგენლებს შორის, არამედ იმათ შორისაც, ვინც გამორჩეულ პოლიტიკოსებს ამერიკაშიც მოკვლით ემუქრება და ვთქვათ, სლოვაკეთშიც. მათ ერთნაირი ტრაექტორია აქვთ. ევროპა ათასობით კილომეტრით არის დაშორებული ამერიკულ პოლიტიკურ გარემოს, მაგრამ აქაც არიან ადამიანები, რომელთა გონებას სიხარბე ხელისუფლებისადმი წყურვილი აბნელებს. ისინი, ჰეროსტრატეს მსგავსად, საკუთარი თავის უკვდავსაყოფად, არაფერზე უკან დაიხევენ…

– ჩვენთან, ევროპაში და ჩეხეთშიც, დონალდ ტრამპის გამარჯვებასთან დაკავშირებით, ალბათ, ყველაზე უფრო მეტად აშფოთებთ მისი დამოკიდებულება რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის მიმართ. დონალდ ტრამპს ომის დაფინანსება არ სურს და ამიტომ ახლა „ადგილობრივი უფროსები“ გვიკიჟინებენ, რომ ჩვენ, ევროპელებმა, ანუ ჩეხებმაც, მეტი ფული უნდა გამოვყოთ კიევისათვის იარაღის შესასყიდად. რას ნიშნავს მათი ასეთი განცხადებები?

– ვერ გეტყვით, რამდენად იწონებს მათ განცხადებებს ჩვენი მოსახლეობა, რომლებთაც უამრავი პრობლემა აქვთ მოსაგვარებელი, მაგრამ ცნობილია ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნის ამასწინანდელი განცხადება, რომლის თანახმად, უკრაინამ იმ ფულის მხოლოდ 10% მიიღო, რომელიც მას აშშ-მა გამოუყო. არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ გარკვეული ეჭვი მაქვს, რომ იმ ფულის 90% ამერიკელი თუ უკრაინელი ოლიგარქების ჯიბეში დევს. ისინი ამ ფულის მითვისებით უკრაინელ ბავშვებს და მოხუცებს სასაფლაოსთვის ამზადებენ. მესმის, რომ გენერლებს – უკრაინელებსაც და ჩეხებსაც, სულ უფრო მეტად სურთ ფინანსების გაკონტროლება, მაგრამ ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა – ამოწმებს ვინმე თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი თანამდებობების პირების საგადასახადო დეკლარაციებს? იქნებ გავიგოთ, ხომ არავინ გამდიდრდა სამხედრო ხარჯებით? არავის არ უნდა გაუკვირდეს ასეთი კითხვები – კორუფცია სამხედრო სფეროში არა მხოლოდ უკრაინაშია გავრცელებული, არამედ სხვა ქვეყნებშიც და ჩვენთანაც…

– რამდენად შესაძლებელია მშვიდობა გამეფდეს მსოფლიოში, თუ ჩვენ უარს ვიტყვით ჩვენს ამბიციებზე ჩავერიოთ უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის საქმეებში?

– სამწუხაროდ, თანამედროვე მსოფლიოში, როცა ჩვენ სხვა ხალხებს განგებ „ვასწავლით“, თუ როგორ უნდა დაიცვან ადამიანის უფლებები, ეს შეუძლებელია. ბოროტება და სიხარბე არსად არ გამქრალა. ყოფილი საბჭოთა ტერიტორიის სიმდიდრე უამრავ ავანტიურისტს იზიდავს. ამას წინათ გავეცანი სიას, თუ რა მიაქვთ უცხოელებს იაკუტიის (საჰას)  რესპუბლიკიდან, რომელიც ციმბირში მდებარეობს და ფართობით თითქმის ევროკავშირს უტოლდება და ვიფიქრე, პეტრე პირველის დროინდელი დოკუმენტი ხომ არ არის-მეთქი. მიაქვთ ყველაფერი – ბეწვეულიდან დაწყებული, ალმასებით და ოქროთი დამთავრებული, პლუს მენდელეევის სისტემის ყველა ელემენტი…

რა თქმა უნდა, მართლები არიან ისინი, ვინც რუსეთის იმპერიულ ამბიციებს აკრიტიკებს, მაგრამ ასეთივე იმპერიული ამბიციები აქვთ ჩინეთს, ამერიკის შეერთებული შტატებს, ევროპის რიგ სახელმწიფოებს, რომლებიც თავიანთ ინტერესებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ატარებენ. ისინი თავისებურ მეტროპოლიებს წარმოადგენენ. ისინი, სარგებლობენ რა ფიქტიური „ხალხთა თვითგამორკვევით“,  დე-ფაქტო ინარჩუნებენ წინა პერიოდებში მიტაცებულ მიწებს… ასეთი იმპერიები ხელშეუხებლები არიან, უკვდავები. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ დიდი ბრიტანეთიც ცდილობს შეინარჩუნოს თავისი იმპერია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შემცირდა. და ამ დროს ლონდონი არ ითვალისწინებს, რომ რუსეთის შემადგენლობაში ყირიმს თავისი განსაკუთრებული ისტორია აქვს. ასევე საქართველოს, რომელსაც მოსკოვი ძველებურად თავისად თვლის – თუმცა დამოუკიდებელ, მაგრამ მაინც თავის ახლო ქვეყნად, ისტორიული თვალსაზრისით. განსაკუთრებით იმ ფაქტორის გახსენებით, რომ რუსეთის იმპერიას ქართველი იოსებ სტალინი მართავდა და მისი სახელით გაიმარჯვა მეორე მსოფლიო ომში…

წყარო

ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის სამიტი დღეს იხსნება

ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის სამიტი დღეს იხსნება. კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს, რომელიც ლიდერებს ხვალ მიმართავს.

ირაკლი კობახიძე ყურადღებას გაამახვილებს იმ გამოწვევებზე, რომელიც გარემოსთან მიმართებაში საქართველოს აქვს და იმ მიღწევებს გაუსვამს ხაზს, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში განხორციელდა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

12 ნოემბერს ქუთაისში +20 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მზიანი დღეა ფოთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღის განმავლობაში ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება.

ბორჯომში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +15 იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ. დღისით +9, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +15გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში მზიანი დღე იქნება. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.

კიევი რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად ემზადება

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ,უკრაინის მთავრობა დამატებით საბრძოლო იარაღს და ბრძოლის ველზე პოზიციების დაკავებას ცდილობს, რათა გააძლიეროს თავისი პოზიცია რუსეთთან მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, – ამის შესახებ „როიტერი“ უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

როგორც „როიტერთან“ საუბარში მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვით განაცხადა, შემდეგი ოთხი-ხუთი თვე იქნება გადამწყვეტი ამ ომში.

„ეს ზამთარი კრიტიკული მომენტია. ვიმედოვნებ, რომ ომი დასასრულს მიუახლოვდება. ახლა ჩვენ განვსაზღვრავთ ორივე მხარის პოზიციებს მოლაპარაკებებში“, – ამბობს წყარო.

როგორც მაღალჩინოსანი ამბობს, უკრაინაში ახლა ელოდებიან, თუ ვინ დაიკავებს ტრამპის ადმინისტრაციაში მთავარ პოზიციებს, რათა მიხვდნენ, რა პოლიტიკას გაატარებენ თანამდებობის პირები უკრაინასთან მიმართებაში.

უკრაინაში შიშობენ, რომ ტრამპმა შესაძლოა, შეუწყვიტოს კიევს დახმარება.

„მე ვიმედოვნებ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ეცდება ამ რისკის თავიდან აცილებას დახმარების ტემპის აჩქარებით“, – ამბობს მაღალჩინოსანი.

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ, ცოტა უფრო პრაქტიკული გახდეთ და საკუთარი მიღწევები უფრო პრაგმატული თვალსაზრისით შეაფასოთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ისეთ სფეროებს, როგორიცაა სამუშაო, სპორტი, ბიზნესი, მშობლის მოვალეობა და შემოქმედება. ნუ იჩქარებთ ახალი გეგმების შედგენას და იმ იდეების თუ ადამიანების მიტოვებას, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ერთგულად გემსახურებოდნენ.

კურო

ამ დღეს მოთმინების უნარი ძალიან გამოგადგებათ, რათა უკანასკნელი ძალები შეუძლებლის მიღწევის მცდელობას არ დაახარჯოთ. გირჩევთ, მეტი უსმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ – რაც უფრო ნაკლებ ადამიანს ეცოდინება თქვენი გეგმების შესახებ, მით უკეთესია. ეს დღე ხელსაყრელია ფინანსური და ქონებრივი დავების მოსაგვარებლად.

ტყუპები

ნუ კარგავთ დროს იმაზე ფიქრზე, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ. თუ საკუთარ თავში იპოვით ძალას, რომ ახალ გარემოებებს შეეგუოთ, შეამჩნევთ, რომ სუნთქვა გაგიადვილდებათ. ეცადეთ, ეჭვები თავიდან მოიცილოთ. რაც უფრო ადრე დარწმუნდებით, რომ ყველაფერს სწორად აკეთებთ, სასურველ შედეგს მით უფრო მალე მიაღწევთ.

კირჩხიბი

იჩქარეთ – ეს დღე იდეალურია ახალ საქმის წარმატებით დასრულებისთვის. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო ენერგიული და მიზანდასახული იქნებით, მით უკეთესი იქნება შედეგი. დამხმარეები არ გჭირდებათ – აზარტი გეხმარებათ, რომ პრობლემებს მარტო გაუმკლავდეთ, სირთულეები კი ახალი მიღწევებისკენ გიბიძგებთ. ეს დღე შესაფერისია რომანტიკული პაემნებისთვის, შეგიძლიათ პირად ურთიერთობებში მეტი ინიციატივა გამოიჩინოთ.

ლომი

წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როცა სიმშვიდის შენარჩუნებას ისწავლით. ეს კი თქვენი ნიშნის წარმომადგენლებს ყოველთვის უჭირთ. ყურადღება მიაქციეთ, რას და როდის ამბობთ. ყველა აზრის გახმოვანება, რომელიც თავში მოგივათ, არ ღირს. მოსალოდნელია კონფლიქტი კოლეგებთან. შეეცადეთ, გულთან ახლოს არ მიიღოთ ის, რასაც შურიანი და არაკეთილსინდისიერი ადამიანები თქვენზე ამბობენ.

ქალწული

დღის დასაწყისი ხელსაყრელი დროა სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად. მოლაპარაკება თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება, მაგრამ შუა დღის განმავლობაში სურათი შეიცვლება და ნეგატიური ტენდენციები გაძლიერდება. ამ დროს შეიძლება ახლობლებთან სერიოზული უთანხმოება წარმოიშვას ან ისეთი საკითხის მოგვარება მოგიწიოთ, რომელიც მნიშვნელოვნად არ გეჩვენებათ.

სასწორი

ეს დღე იმაზე რთული იქნება, ვიდრე ელოდით. საქმე ისაა, რომ არჩეული გზა შედეგამდე არ მიგიყვანთ. როგორც კი გადაუხვევთ, შეამჩნევთ, რომ სიტუაცია ყოველ საათში უკეთესობისკენ იცვლება. ეს არის თანამოაზრეებთან გაერთიანების და საერთო მიზნის მისაღწევად ნაყოფიერი თანამშრომლობის გზა. ნუ ეცდებით პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავებას, უმჯობესია კარგი ასისტენტი მოძებნოთ.

მორიელი

ამ დღეს საკუთარ თვალებსაც არ უნდა დაუჯეროთ – ან გატყუებენ, ან ვარდისფერი სათვალე ყველაფერს ფარავს. ფაქტია, რომ რეალობას ვერ ხედავთ, ამიტომ ყველაფერი უნდა გადაამოწმოთ და მხოლოდ ყველაზე ახლობელ ადამიანს ენდოთ, რომელიც უკვე არაერთხელ დაგეხმარათ. განსაკუთრებული სიფრთხილე ფინანსებთან დაკავშირებულ საქმეში უნდა გამოიჩინოთ.

მშვილდოსანი

ზომიერება, თავშეკავება და თვითკონტროლი ის თვისებებია, რომლებიც ამ დღეს ჰაერივით გჭირდებათ. გირჩევთ, სურვილები და ემოციები აკონტროლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებით. მოსალოდნელია უთანხმოება მენეჯერთან ან სხვა ადამიანთან, რომელზეც თქვენი კარიერული წინსვლაა დამოკიდებული. ფინანსური მდგომარეობა ხელსაყრელია, ამიტომ შეგიძლიათ თავს დაუგეგმავი შესყიდვების უფლება მისცეთ.

თხის რქა

ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ადრე შედგენილი გრაფიკის დაცვა. თუ შესაძლებელია, ზოგადად მიღებული წესები და საკუთარი პრინციპები არ დაარღვიოთ. ორგანიზებულობა და თვითდისციპლინა ის თვისებებია, რომლებიც წარმატებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს თქვენი იდეებით ყველაზე თავდაჯერებული სკეპტიკოსებიც კი დაინტერესდებიან. ასევე შესაძლებელია მოგებიანი გარიგების გაფორმება.

მერწყული

ამ დღეს ძალიან ფრთხილად, შეუმჩნეველი ნაბიჯებით უნდა იმოძრაოთ. ეცადეთ, ყველა წვრილმანს ყურადღება მიაქციოთ, მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი მათგანი თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამავე მიზეზით, უფრო ახლოდან უნდა დააკვირდეთ ადამიანებს, რომლებიც ადრე „ნაცრისფერები“, უმნიშვნელოები და ჩვეულებრივები გეჩვენებოდათ.

თევზები

ამ დღეს ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ, რათა მოხერხებული თაღლითის მსხვერპლი არ გახდეთ. არ არის მიზანშეწონილი ერთობლივი ბიზნესის დაწყება ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. ნუ მოაწერთ ხელს საბუთებზე, მათი შინაარსის გულდასმით შესწავლის გარეშე. საოჯახო საქმეები დიდ დროს წაგართმევთ, ამიტომ გირჩევთ, საქმე ოჯახის სხვა წევრებსაც გაუნაწილოთ.

https://www.facebook.com/v8.0/plugins/share_button.php?app_id=196984465399085&channel=https%3A%2F%2Fstaticxx.facebook.com%2Fx%2Fconnect%2Fxd_arbiter%2F%3Fversion%3D46%23cb%3Dfec92543a770d6111%26domain%3Dfuntime.ge%26is_canvas%3Dfalse%26origin%3Dhttps%253A%252F%252Ffuntime.ge%252Ffcfffab9b8e884faa%26relation%3Dparent.parent&container_width=809&href=https%3A%2F%2Ffuntime.ge%2Fka%2Fnews%2Fdgis-horoskopi%2F12-noembris-astrologiuri-prognozi-4494&layout=button&locale=en_GB&sdk=joey&size=small