Home Blog Page 1599

“ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არის უკანონო” – ევროკავშირის წარმომადგენლობა

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არის უკანონო, ძალის არმქონე და ბათილი, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა აფხაზეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არმქონე და ბათილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

“რუსების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და 76 დაშავდა” – უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი

რუსული ძალების მიერ დღეს დილით უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, 76 კი დაშავდა, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.

მისი თქმით, კიევში 2 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ავტომობილები და სათავსოები.

მინისტრის ინფორმაციით, ლვოვის ოლქში აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსი და ინფრასტრუქტურა დააზიანა, დაიღუპა 1 და დაშავდა 9 ადამიანი.

დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსულმა ძალებმა სავაჭრო ცენტრს დაარტყეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. თავდასხმა განხორციელდა სამშობიაროზეც, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახურმა 4 პაციენტი გადაარჩინა. ოდესის ოლქში სამსართულიანი შენობა დაზიანდა, ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, ადამიანები არიან მოყოლილი. ოდესაში კიდევ ორი სახლი დაზიანდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 17 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან 23 ადამიანი გამოიყვანა. ოდესის ოლქში, საერთო ჯამში, 2 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა.

ამასთან, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – დაიღუპა 1 ადამიანი და დაშავდა 10.

“ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე „ლელოს“ განცხადება ამბიციურია” – მიხეილ სარჯველაძე

ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე „ლელოს“ განცხადება არის ამბიციური, რაც შეიძლება, მარკეტინგულ გათვლას მივაწეროთ, ცდილობენ საზოგადოების იმ გარკვეული სეგმენტის გულის მონადირებას, რომელსაც ჩამოყალიბებული პრეფერენციები არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, „ლელო“ არავითარი ახალი სახეებით არ არის დაკომპლექტებული და ზოგადად, არც ოპოზიციაში მოქმედი არცერთი პოლიტიკური გუნდი.

„ეს იგივე სახეებია, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული და კარგად გამოწრთობილი არიან ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ, რეალურად მარკეტინგული სვლა, რომ რაღაც პოზიტიური სიტყვებით შეამკონ და შეფუთონ, ლიტონი სიტყვებია, რომელსაც არავითარი შინაარსი არ აქვს.

რაც შეეხება ახალი ალტერნატიული ცენტრის შექმნასთან დაკავშირებულ განცხადებებს, აქაც ყველაფერი ნათელია. ეს არის არა ამბიციური განცხადება, არამედ შეიძლება, უფრო მეტად ვინმეს სურვილი. ესეც შეიძლება, მარკეტინგულ გათვლას მივაწეროთ. როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებენ, თვლიან, რომ არსებობს გარკვეული სეგმენტი საზოგადოებაში, რომელსაც ჩამოყალიბებული პოლიტიკური პრეფერენციები არ აქვს და ცდილობენ, მათი გულის მონადირებას. ქართველი ამომრჩეველი საკმაოდ გამობრძმედილია საიმისოდ, რომ მისი არჩევანი და პოზიცია ასეთ ლიტონ განცხადებებზე დამოკიდებული არ იყოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

თიბისელები ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე ყველაზე მასშტაბურ კონფერენციას AWS re:Invent – ს დაესწრნენ

თიბისის ტექ გუნდი AWS-ის (Amazon Web Services) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გაემგზავრა. AWS re:Invent სასწავლო კონფერენციაა, რომელიც მასპინძლობს ღრუბლოვანი კომპიუტინგის საზოგადოებას მთელი მსოფლიოდან. აუდიტორია ინფორმაციას იღებს ღრუბლოვან ტექნოლოგიებსა და მასთან დაკავშირებულ სიახლეებზე, სწავლებისა და სასერტიფიკაციო შესაძლებლობებზე. ტარდება 2000-ზე მეტი ტექნიკური სესია, გამოფენა და სხვა.

„შესაძლებელი იყო დიდ ტექნოლოგიური კომპანიების, მაგალითად, Hashicor-ის, Docker-ის, RedHat-ის, Gitlab-ის, Canonical-ის წარმომადგენლებთან უშუალო შეხვედრა და საუბარი ჩვენს კონკრეტულ გამოწვევებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე”-ალექსანდრე კვაიჭაძე, TechOps-ის ლიდი.

re:Invent-ზე მიღებულ ცოდნას თიბისელები სწორი არქიტექტურული გადაწყვეტილებების მისაღებად გამოიყენებენ, რათა ინფრასტრუქტურის დიზაინი ბევრად უფრო მდგრადი და ხელმისაწვდომი გახადონ.

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლების ზოგადი ინფორმირებულობის გასაზრდელად და კომპეტენციის ასამაღლებლად მათი მსგავს კონფერენციებზე დასწრება.

R

“ველოდებით, რომ 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 7 პროცენტით გაიზრდება” – ვახტანგ ცინცაძე

„დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის მონაცემებზე დაყრდნობით უკვე შეგვიძლია შევაჯამოთ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის ტენდენციები – პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპს, რომელიც 2021-2022 წლებში ფიქსირდებოდა და ჩვენ ველოდებით რომ 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 7% – ით გაიზრდება,” – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის” მიერ 2023 წლის ნოემბრის თვის ეკონომიკური ზრდის შეფასების მაჩვენებელი.

მინისტრის მოადგილის თქმით, იანვარი-ნოემბრის მონაცემებით, ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანეს ვაჭრობის, მშენებლობის, ტრანსპორტის და დასაწყობების, საინფორმაციო კომუნიკაციების და საბანკო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორებმა.

„ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო როგორც საინვესტიციო საქმიანობის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციები, ასევე საქონლის ექსპორტიდან და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მაჩვენებლები. ჩვენი მოლოდინია რომ 2024 წელი კიდევ უფრო პოზიტიური ტენდენციებით გაგრძელდება და ის დადებითი დინამიკა, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ფიქსირდება, შენარჩუნდება და გაგრძელდება,” – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

„ევროკავშირი, რეპრესიული კანონმდებლობის გამო, შეიძლება რამდენიმე ქვეყანამ დატოვოს“ – Daily Express

ბრიტანული გაზეთი „დეილი ექსპრესი“ (Daily Express) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ევროკავშირი, რეპრესიული კანონმდებლობის გამო, შეიძლება რამდენიმე ქვეყანამ დატოვოს“ (ავტორი – ქიარან მაკგრეითი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ევროკომისიის მიერ გატარებული არასწორი პოლიტიკის გამო, რომელსაც ურსულა ფონ დელ ლაიენი ახორციელებს, ევროკავშირი რამდენიმე წევრმა ქვეყანამ დატოვოს. ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ისეთი ტაქტიკით მოქმედება, როგორიც რეპრესიულ რეჟიმებს ახასიათებთ (მაგალითად, რუსეთს, ვლადიმერ პუტინის მმართველობით), ევროკავშირს ზიანს მოუტანს.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის („ბრექსიტის“) შემდეგ შვიდი წელი გავიდა და იმის გათვალისწინებით, რომ მემარჯვენე ევრისკეპტიკოსი ჰეერტ ვილდერსი, როგორც ჩანს, მზად არის ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი გახდეს, ევროკავშირს 2024 წლისათვის წინ სერიოზული გამოცდა ელოდება.

ვესაუბრებით ანა სტეშინსკას, ვარშავის კვლევითი ინსტიტუტის (WEI) კომუნიკაციური პროგრამების დირექტორს, რომელიც გვაფრთხილებს, რომ ევროკომისიამ თავისი მოქმედებით, რომელიც „დემოკრატიის დამცავი პაკეტის“ მიღებით გამოიხატება, შეიძლება უფრო მეტი ქვეყანა გარიყოს ევროკავშირიდან, ვიდრე მიიზიდოს. საქმე იმაშია, რომ საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს ინიციატივას, რომელიც მიმართულია „ფარული უცხოური გავლენის წინააღმდეგ“ და ითხოვს, რომ ყოველმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაარეგისტრიროს ის შემოსავლები, რომელიც ევროკავშირის ფარგლებს გარედან არის მიღებული.

„ევროკომისია, რომელიც დემოკრატიის განვითარებაზე „ზრუნავს“, ისეთი ინსტრუმენტებით სარგებლობს, რომლებსაც მსოფლიოში ყველაზე დესპოტურ-დიქტატორული რეჟიმები იყენებენ“, – ამბობს ანა სტეშინსკა, რომლის აზრით, ევროკომისიამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ახალი წესების ამოქმედების მცდელობა. მისი თქმით, ევროკომისია, რომელიც თითქოსდა დემოკრატიის მდგომარეობით არის შეშფოთებული, გამოდის ისეთი დებულებების მომხრედ, რომლებიც ზიანს აყენებენ სამოქალაქო ინსტიტუტებს, ანუ იმ საზოგადოებრივ სტრუქტურებს, რომლებსაც დემოკრატიული სახელმწიფო ეფუძნება.

„ევროკომისიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი მოსახლეობის ინტერესებს იცავენ, რომლებიც შეშფოთებულები არიან უცხო სახელმწიფოს სავარაუდო მოქმედებით, რომელმაც შეიძლება არჩევნებზე გავლენა და მისი შედეგების მანიპულირება მოახდინოს. ამიტომაც აუცილებელია განხორციელდეს მონიტორინგი და კონტროლი ყველა იმ ფინანსური საშუალებებისა, რომლებსაც [ევროპული საზოგადოებრივი არასამთავრობო ორგანიზაციები] მესამე ქვეყნებიდან იღებენ“, – განმარტავს ანა სტეშინსკა და დასძენს, რომ ევროკომისიას სურს ახალი შეზღუდვები ევროპარლამენტის ივნისის არჩევნების წინ განახორციელოს.

„მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ნამდვილად არსებობს ჩინეთისა და რუსეთის ჩარევების საფრთხე არჩევნებში – „[გავლენის] აგენტებისა“ და კიბერჰაკერების მეშვეობით, ევროკომისიის მიერ დაგეგმილი შეზღუდვები, საბოლოო ჯამში, მაინც დემოკრატიისათვის ზიანს მოიტანს“, – ამბობს პოლონელი ექსპერტი.

ანა სტეშინსკას თქმით, „გაუგებარია, რატომ ითვლება ევროკავშირის ყველა არაწევრი ქვეყანა „საეჭვო ქვეყნად“ [„რუსეთის ან ჩინეთის აგენტად“]. გამოდის, რომ ნებისმიერი ფონდი თუ ასოციაცია უნდა გაკონტროლდეს იმის მიუხედავად, თუ საიდან მიიღეს მათ დაფინანსება – ჩინეთიდან, რუსეთიდან თუ აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან“.
„ევროკომისიამ თვითნებურად გადაწყვიტა, რომ თუ გერმანია დააფინანსებს რომელიმე ანალიტიკური ცენტრის საქმიანობას, მისი მონიტორინგი საჭირო არ არის და თუ ავსტრალიური ფონდისგან მიიღებს გრანტს, ის უნდა შემოწმდეს, როგორც საეჭვო“, – აცხადებს ანა სტეშინსკა. მისი მტკიცებით, ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი „დემოკრატიის დაცვის შესახებ“ ძალზე მოგვაგონებს იმ კანონპროექტს, რომლის მიღებასაც საქართველოს ავტორიტარული მთავრობა ცდილობდა მიმდინარე წლის მარტში. „ათასობით ადამიანი გამოვიდა ქვეყნის დედაქალაქის – თბილისის ქუჩებში, რომლის მონაწილეებს მხარი დაუჭირა თვით ევროკომისიამაც“, – აღნიშნავს ინტერვიუში ანა სტეშინსკა.

გარდა ამისა, ექსპერტის თქმით, როცა პუტინის რეჟიმმა მსგავსი კანონი მიიღო, კრემლის მოქმედებას მთელი დემოკრატიული მსოფლიო კრიტიკულად შეხვდა. „პუტინის რეჟიმის მიერ მიღებული კანონით უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია შეიზღუდა, ათობით ფონდი და ანალიტიკური ცენტრი დაიხურა, იდევნება ბევრი ადამიანი, მათ „უცხოეთის აგენტის“ იარლიყი მიაწებეს, საბჭოური გაგებით“.

ანა სტეშინსკა ურსულა ფონ დერ ლაიენს პირდაპირ ურჩევს: „იქნებ ის შესაძლებლობაც განიხილოთ, რომ პირდაპირ განაცხადოთ – ორგანიზაციებმა არ უნდა მიიღონ თანხები იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ბრიუსელი ტოტალიტარულ რეჟიმებად თვლის და რომელთა შტაბ-ბინები ვაშინგტონში და პარიზში არ მდებარეობს“.

„ჩვენთვის, რასაკვირველია, გასაგებია ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების შეშფოთება, რომელიც ცალკეულ ქვეყნებში სიტუაციის შეცვლით არის გამოწვეული – იქ, სადაც არჩევნებში კონსერვატორები და ულტრამემარჯვენეები იმარჯვებენ, ლიბერალები კი მარცხდებიან. მაგრამ ისე არ გამოვიდეს, რომ „დემოკრატიის დაცვის“ ნაცვლად, მსგავსი გადაწყვეტილებებით, პირიქით, ევროკავშირში ანტიევროპული განწყობები გაძლიერდეს და ევროპარლამენტში ივნისის არჩევნების შედეგები ტოტალიტარული ქვეყნებისათვის სასარგებლო იყოს“, – ამბობს ანა სტეშინსკა.

წყარო

რუსების საჰაერო თავდასხმის შედეგად დნიპროსა და ხარკოვში არიან დაღუპულები, კიევში მოქალაქეები ნანგრევების ქვეშ არიან მიყოლილი

კიევში, კიევის ოლქში, ზაპოროჟიეში, ხმელნიცკსა და დნიპროში საჰაერო განგაშის დროს აფეთქებები მოხდა. აფეთქებები ასევე ისმოდა ოდესაში, ხარკოვსა და ლვოვშიც, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დნიპროში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა. ქალაქის მერის განცხადებით, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

ამასთან, კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დედაქალაქის შევჩენკოს რაიონში საწყობის ნანგრევების ქვეშ სამი ადამიანია მოყოლილი.

ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 8 ადამიანი.

ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რომ ქალაქში აფეთქებები მოხდა. მისი ინფორმაციით, რუსებმა ლვოვში საცხოვრებელ სახლს დაარტყეს. ამასთან, სავარაუდოდ, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო, ლიცეუმის შენობაში ხანძარი გაჩნდა, არიან დაშავებულები.

შეგახსენებთ, უკრაინის რამდენიმე ოლქში, წუხანდელი ღამის შემდეგ საჰაერო განგაში ორჯერ გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქვეყნის ტერიტორიას დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს.

“კეზერაშვილის არცერთ ბიძაშვილს არ ვიცნობ, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს” – პაატა მანჯგალაძე

„ქოლ-ცენტრების“ საქმეზე სიმართლე თუ დადგინდება, ამის საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძეს კითხვა დაუსვეს „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სომხეთში დავით კეზერაშვილის ბიძაშვილი დააკავეს.

მანჯგალაძის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, უნდა გადავამოწმო. „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე სიმართლე თუ დადგინდება, ამის საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს. სხვა რა უნდა ვთქვა? – არ ვიცი და რა გითხრათ. პოლიტიკური სპეკულაცია რომ არ იყოს, ჯერ უნდა ვნახოთ, რა იყო და რას ედავებიან. ამ ადამიანის იქით ვიღაც დგას კი არა, ამერიკის უსაფრთხოების სამსახურმა ოთარ ფარცხალაძეს ბრალი დასდო ჯაშუშობაში, რომელიც ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ წევრების ნათელ-მირონია. ამაზე არაფერს ვამბობთ და იმის ბიძაშვილის უკან, იმის მამიდაშვილი დგასო – გამოაშკარავდება, გამოაშკარავდეს. დაველოდოთ, ვნახოთ, რა ხდება. „ბიბისის“ ფილმზე ერთი თვე ლაპარაკობდნენ და ფარცხალაძეზე ერთი დღე. მასშტაბი და მტკიცებულება სხვადასხვაა. არ ვიცი, ვინ ბენიამინზე საუბრობთ, წარმოდგენა არ მაქვს, კეზერაშვილის არცერთ ბიძაშვილს არ ვიცნობ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ირანში ისრაელის დაზვერვასთან თანამშრომლობაში ბრალდებული ოთხი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ირანში სიკვდილით დასაჯეს ოთხი ადამიანი, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლების მტკიცებით, ისრაელის ეროვნული სადაზვერვო სამსახურისთვის, „მოსადისთვის“ მუშაობდნენ, – ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანული მედიის ცნობით, აღნიშნულმა „დივერსანტებმა ჩაიდინეს ფართომასშტაბიანი ქმედებები ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ“ და მათ სიკვდილის დასჯას წინ უძღოდა სასამართლო პროცესი.

დასავლეთსა და ისრაელში ირანს დაჯგუფება „ჰამასის“ მხარდაჭერაში ადანაშაულებენ, რომელმაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა.

თეირანი აღნიშნულ თავდასხმაში რაიმე სახის მონაწილეობას უარყოფს.

ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.9 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 6.9 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობები და ვაჭრობა.

ამასთან, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, ასევე ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორებში.

სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე მშენებარე ხიდის ექსპერტიზა დასრულდა

default

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად მიმდინარე ექსპერტიზა დასრულდა.

ხიდის კონსტრუქციული ნაწილის კომპლექსური საექსპორტო კვლევა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა  ბიურომ ჩაატარა.

ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი (ხიმინჯოვანი საძირკვლის ზედა ნაწილის კონსტრუქცია). წყალდიდობამ წარეცხა როსტვერკის ქვეშ გრუნტი, რომლის ფილამ ვეღარ გაუძლო დგარების დაწოლას. დგარებმა ჩახვრიტა როსტვერკი, რის გამოც ბურჯის ორი მალი ჩაიშალა მდინარის კალაპოტში.

ექსპერტიზა ჩაუტარდა ხიდის სხვა კონსტრუქციულ ელემენტებსაც და დასკვნის მიხედვით, აღმოჩენილი იქნა პროექტთან შეუსაბამოდ, ხარვეზებით და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები.

ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი უმოკლეს ვადაში გამოაცხადებს პროექტირება-მშენებლობის ტენდერს, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება დამატებითი საპროექტო კვლევები, მომზადდება ხიდის შესაბამისი საინჟინრო პროექტი და ჩატარდება საჭირო სამუშაოები.

იმის გათვალისწინებით, რომ ხიდის ბურჯისა და მალის ჩავარდნის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, ექსპერტიზის დასკვნა გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოს. გამოძიების პარალელურად, ზიანის ანაზღაურების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწყებს შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს  ყველა აუცილებელი მექანიზმის გამოყენებით.

სამტრედია-გრიგოლეთის 51 კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 4 მონაკვეთად მიმდინარეობდა. ორ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გახსნილია, მესამე 12 კმ-იან მონაკვეთზე გრძელდება სამშენებლო სამუშაოები. 11 კმ-იანი მონაკვეთიდან კი, რომლის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს მშენებარე ხიდი, დასრულებულია 10 კმ გზის მშენებლობა.

უკრაინაში საჰაერო განგაში მეორედ გამოცხადდა – ლვოვსა და კიევში აფეთქებების ხმები ისმის

უკრაინის ბევრ ოლქში საჰაერო განგაში წუხანდელი ღამის შემდეგ მეორედ გამოცხადდა. რუსებმა ღამით უკრაინის ტერიტორიაზე Shahed-ის დრონები გაუშვეს, ასევე არსებობს ბალისტიკური დარტყმის საფრთხე, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ლვოვში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის.

პოდოლსკის რაიონში საწყობების ტერიტორიაზე ხანძარი დაფიქსირდა, არიან დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახურები.

აფეთქებების ხმები ისმოდა კიევშიც.

დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, პოდოლსკის რაიონში საწყობი იწვის. “ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა”, – აღნიშნა მერმა.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა კიევის პოდოლსკისა და სვიატოშინსკის რაიონებში. ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, დნიპროში ქალაქის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი იწვის.