Home Blog Page 1590

“ვოლოდიმირ ზელენსკი ბომბებსა და ზურგში ბზარებს შორის- კიეველი ლიდერის ხუთი პრობლემა” -Corriere della Sera

იტალიის გაზეთი „კორიერე დელა სერა“ (Corriere della Sera) 4 იანვრის ნომერში აქვეყნებს სტატიას სათაურით „ვოლოდიმირ ზელენსკი ბომბებსა და ზურგში ბზარებს შორის: კიეველი ლიდერის ხუთი პრობლემა“ (ავტორი – პაოლო ვალენტინო).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გასული წლის ბოლოს თავის გამოსვლაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ 2024 წელს რუს დამპყრობლებს „უკრაინელთა რისხვა დაატყდება“, მტერი განადგურებული იქნება და ომიც დასრულდება. არ შეიძლება არ გამოვხატოთ აღფრთოვანება კიეველი ლიდერის შეუპოვრობითა და მამაცობით, რომელიც ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ იბრძვის, თანაც ამას ამბობს რუსეთის არმიის მიერ კიევისა და სხვა ქალაქების მასირებული დაბომბვისა და ინტენსიური სარაკეტო შეტევის ფონზე.

ვლადიმერ პუტინმაც, სხვათა შორის, თავის საახალწლო გამოსვლაში აღნიშნა, რომ მასაც სურს ომის დასრულება, თუმცა, რა თქმა უნდა, თავისი პირობებით. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის ამჟამად ხუთი ძირითადი პრობლემა აქვს, რომელიც მან აუცილებლად უნდა მოაგვაროს.

  1. დასავლეთის სოლიდარობის შესუსტება

ევროსაბჭოს დეკემბრის სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამარჯვება მოიპოვა – დაიწყო მოლაპარაკება უკრაინის ევროკავშირში მიღებისათვის. მაგრამ სინამდვილეში უკრაინის გამარჯვება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ნაბიჯმა დაჩრდილა, რომელმაც ვეტო დაადო კიევისათვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას. რასაკვირველია, არსებობს გზები, თუ როგორ შეიძლება უნგრეთის ვეტოს გვერდი აუხვიო, მაგრამ ეს დიდ დროს მოითხოვს. ანალოგიური სიტუაცია შექმნილი აშშ-ის კონგრესშიც, რომლის მიერ (უფრო ზუსტად, რესპუბლიკელი კონგრესმენების ნეგატიური პოზიციების გამო) უკრაინისათვის 61 მილიარდი დოლარის გამოყოფა ვერ მოხერხდა. ვოლოდიმირ ზელენსკის შეშფოთება აშკარად ჩანს, როცა იგი დასავლეთს მოუწოდებს დახმარების გასაგრძელებლად. მით უმეტეს, რომ ჰორიზონტზე დონალდ ტრამპის ავბედითი აჩრდილი მოჩანს.

  1. რეიტინგის დაცემა

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული შერჩევითი გამოკითხვის თანახმად, უკრაინელთა მხოლოდ 54% დარწმუნებული იმაში, რომ ქვეყანა სწორი გზით მიდის. „ეს სიგნალია, – ამბობს ვლადიმერ პანიოტო, ისტიტუტის დირექტორი, – იმისა, რომ ომისაგან გამოწვეული დაღლილობა ფრონტიდან ზურგში გადმოდის და მოსახლეობაზეც გავლენას ახდენს. გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგიც მცირდება: შარშან ომის დაწყების დროს მისი პოპულარობა 90%-ს აჭარბებდა, ახლა კი 60%-მდეა დაცემული.

  1. რთული სამხედრო სიტუაცია

მოსახლეობის მზარდი პესიმიზმი პირდაპირ არის გამოწვეული კონტრშეტევის ჩაშლით – უკრაინელებს იმედები გაუცრუვდათ და გული გაუტყდათ. მოწინააღმდეგე მხარეების მიერ ომი ერთმანეთის გამოფიტვისაკენ არის მიმართული. ამ მხრივ რუსეთს შედარებით უფრო „კარგი“ პოზიციები აქვს – ვლადიმერ პუტინი უყოყმანოდ ყრის ათასობით რუს ჯარისკაცს სისხლიან ხორცსაკეპში. კიევში ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ უკრაინელებს ძველებურად სჯერათ თავიანთი არმიისა, მაგრამ ნაკლებად ენდობიან ვოლოდიმირ ზელენსკის როგორც უმაღლესი მთავარსარდლის უნარს, რომელიც ხშირად ერევა სტრატეგიულ არჩევანში და სამხედროების საქმიანობაში.

  1. ოპოზიციის გამოღვიძება

თანხმობა უკრაინის ხელისუფლებაში უკვე წარსულს ჩაბარდა. გასული წლის ნოემბერში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გენერალ ვალერი ზალუჟნის შორის უთანხმოება გაჩნდა. უკრაინული მასმედიის ცნობით, კონფიდენციალურად ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, თუ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, ორი „ზ“ (ზელენსკი და ზალუჟნი) ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მართალია, არჩევნების ჩატარება ნაკლებ სავარაუდოა, რადგან უკრაინა საომარ მდგომარეობაში იმყოფება, მაგრამ თვით ფაქტი ამ ორი ცნობილი ადამიანის კონფლიქტის თაობაზე მრავლისმეტყველია.

ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთი მძიმეწონიანი ოპონენტი ჰყავს – კიევის მერი ვიტალი კლიჩკო,  ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონი კრივში, რომელმაც ამას წინათ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი „დაშვებული შეცდომების ფასს მწარედ გადაიხდის“.

  1. პუტინის ფაქტორი

ვოლოდიმირ ზელენსკი თავისი რუსი სეხნიისა და კოლეგის – ვლადიმერ პუტინის ჯიუტობასა და გაძლიერებას უნდა შეეგუოს. კრემლის ბინადარი ისეთი ტახტშერყეული აღარ არის, როგორიც „ვაგნერელთა“ ამბოხების დროს იყო. ამჟამად რუსი დიქტატორი თავს ძველებურად მტკიცედ გრძნობს – მზარდი ეკონომიკით და ფრონტზე არსებული მეტ-ნაკლებად მომგებიანი სამხედრო სიტუაციით. მან უკვე გაგზავნა რუსი მამაკაცების მთელი თაობა სასაკლაოზე, მაგრამ მსხვერპლის რაოდენობა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან დემოკრატია რუსეთში დათრგუნულია.

როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინს 2024 წლის მარტში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში ფორმალურად „მეფობის“ ვადას კიდევ ექვსი წლით გაგრძელებენ. კრემლელი დიქტატორის თქმით, მას ომის შეწყვეტა და მშვიდობის დამყარება სურს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როცა დასავლეთი და უკრაინა რუსეთის მოთხოვნებს შეასრულებს.

წყარო:

“მადლიერნი ვართ ფასდაუდებელი ღვაწლისათვის” – პრეზიდენტი პატრიარქს

საქართველოს პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, ილია მეორეს, დაბადების დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„თქვენო უწმინდესობავ, დიდი სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს! ეს ღირსშესანიშნავი დღე ძვირფასია ჩვენი ქვეყნისათვის. თქვენ, როგორც საქართველოს ეკლესიის წინამძღოლი, მრავალი წელია გვაძლევთ ღვთის, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულის მაგალითს, გვანუგეშებთ სიბრძნითა და მზრუნველობით. მადლიერნი ვართ ფასდაუდებელი ღვაწლისათვის, რომელიც მიგიძღვით თქვენი სამწყსოს სულიერი სრულყოფისა და ერის გამთლიანებისათვის.

თქვენი ლოცვა-კურთხევა უღვივებს იმედს ყოველ ქართველს სამშობლოსა და მის ფარგლებს გარეთ, ამხნევებს მათ, ვინც დღეს საოკუპაციო ხაზს მიღმაა დარჩენილი.

თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, საქართველოს კი ვუსურვებ, კიდევ მრავალ წელს უმაგრებდეს ზურგს თქვენი იმედი და მამობრივი სიყვარული!“- აღნიშნავს პრეზიდენტი, რომლის მისალოც სიტყვასაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ზნეობის, სულიერი სიმშვიდისა და შორსმჭვრეტელობის მაგალითები, რომელთაც ჩვენი პატრიარქი საკუთარი ცხოვრებით გვიჩვენებს, სანიმუშოა”

მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ 91-ე დაბადების დღეს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მისალოც განცხადებაში.

ღარიბაშვილის თქმით, ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღვარი ჰყავს.

„ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღვარი ჰყავს. თითქმის ნახევარი საუკუნეა, მისი უწმინდესობის სიბრძნითა და მოყვასისადმი სიყვარულით გამორჩეული მოღვაწეობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი სამოქალაქო და სულიერი ცხოვრების განვითარებაში, ქართველთა ერთობის განმტკიცებაში, საზოგადოებაში უზენაეს ფასეულობათა დამკვიდრებაში.

ზნეობის, სულიერი სიმშვიდისა და შორსმჭვრეტელობის მაგალითები, რომელთაც ჩვენი პატრიარქი საკუთარი ცხოვრებით გვიჩვენებს, სანიმუშოა არამხოლოდ მართლმადიდებელთა, არამედ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის. მისი ღვაწლი საქართველოს უდიდეს შვილთა მემკვიდრეობის გაგრძელება და მომავალ თაობათა სახელმძღვანელოა.

დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს“, – ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.

ჩვენ არ გვეშინია ომის – ვინც ჩვენთან ომზე ფიქრობს, ინანებს -“ჰეზბოლას” ლიდერი

რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ „ჰამასის“ მაღალჩინოსნის, სალეხ ალ-არურის მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება.

“მსგავსი რამ პირველად მოხდა 2006 წლის შემდეგ. ეს სახიფათოა”, – აღნიშნა რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა.

“ჩვენ არ გვეშინია ომის. ვინც ჩვენთან ომზე ფიქრობს, ინანებს. ჩვენთან ომი ძალიან ძვირი დაუჯდება [ნებისმიერს]”, – განაცხადა ჰასან ნასრალამ.

მისი თქმით, თუ ისრაელი ომს დაიწყებს ლიბანის წინააღმდეგ, “ჰეზბოლას” ბრძოლას არ ექნება წესები.

2 იანვარს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ერთ-ერთ უბანში ისრაელის სავარაუდო დარტყმის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მაღალჩინოსანი, სალეხ ალ-არური დაიღუპა. სალეხ ალ-არური „ჰამასის“ სამხედრო ფრთის დამფუძნებელი, პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე და დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო მეთაური იყო.

დონალდ ტრამპმა აშშ-ის უზენაეს სასამართლოს სთხოვა, გააუქმოს კოლორადოს შტატის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას შტატის პრაიმერიზში მონაწილეობას უკრძალავს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის უზენაეს სასამართლოს კოლორადოს შტატის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართა, რომელიც მას შტატის მასშტაბით საპრეზიდენტო პრაიმერიზში მონაწილეობას უკრძალავს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„კოლორადოს გადაწყვეტილება არ და ვერ იქნება სწორი“, – ამის შესახებ ტრამპის ადვოკატები სასამართლოსთვის წარდგენილ განცხადებაში წერენ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აშშ-ის კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა 20 დეკემბერს აუკრძალა. კოლორადოს შემდეგ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა მეინის შტატმაც აუკრძალა. ორივე შემთხვევაში სასამართლომ გადაწყვეტილება აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების საფუძველზე მიიღო.

 რუსეთი არის აგრესორი სახელმწიფო, ხოლო უკრაინა აგრესიის მსხვერპლია, რომელიც თავდაცვის მიზნით მოქმედებს -საფრანგეთის საგარეო უწყება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 30 დეკემბერს რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე უკრაინის მიერ განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორი იყო საფრანგეთის პოზიცია უკრაინის მხრიდან კასეტური საბრძოლო იარაღის გამოყენებით ბელგოროდზე თავდასხმაზე, რის შედეგადაც 25 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა, რომ რუსეთი არის აგრესორი სახელმწიფო, რომელიც მიზანმიმართულ თავდასხმას ახორციელებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს, ხოლო უკრაინა არის აგრესიის მსხვერპლი, რომელიც, თავდაცვის მიზნით, გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად მოქმედებს.

„რუსეთს აქვს შესაძლებლობა, რომ დაასრულოს ეს კონფლიქტი და მისი თანმხლები ადამიანური ტრაგედია, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა მას ეკისრება. ამისთვის მან უნდა გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან“, – აცხადებენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ევროპა რუსეთის აგრესიის სამიზნეა, სწორედ ამიტომ კონტინენტი სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე რუსეთი, რათა საკუთარი საზღვრები დაიცვას – დონალდ ტუსკი

სტრატეგიული პერსპექტივიდან ევროპა რუსეთის აგრესიის სამიზნეა, სწორედ ამიტომ კონტინენტი სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე რუსეთი, რათა საკუთარი საზღვრები დაიცვას, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

ტუსკის ინფორმაციით, შეიქმნება კომიტეტი, რომელიც პოლონეთის საზღვრების უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე იმუშავებს, განსაკუთრებით კი – საჰაერო სივრცის და აღმოსავლეთ ფლანგის განვითარებაზე.

ტუსკი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის ეკონომიკა უკვე გადავიდა სამხედრო შეიარაღების სისტემაზე და ევროპა გაცილებით ჩამორჩება მას. მისივე თქმით, სწორედ ამიტომაა საჭირო სამხედრო შეიარაღების სისტემაზე გადასვლა.

„ეს ნიშნავს ერთ რამეს: ევროპა დაუცველი იქნება რუსეთის პირდაპირი თავდასხმისგან მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. არავის უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ, სტრატეგიული თვალსაზრისით, ევროპა არის რუსული აგრესიის სამიზნე და ეს მოხდება მაშინ, როდესაც რუსეთის უპირატესობა სამხედრო შესაძლებლობების თვალსაზრისით ნათელი იქნება“, – განაცხადა ტუსკმა.

პოლონეთის პრემიერის თქმით, უკრაინის ვითარებასთან დაკავშირებით საჭიროება არის ის, რომ ევროპა სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე რუსეთი და ეს არის ევროპისა და პოლონეთის საზღვრების დაცვის ერთადერთი გზა.

4 იანვარი პატრიარქის დაბადების დღეა

4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის დაბადების დღეა.

კათოლიკოს-პატრიარქს  91  წელი შეუსრულდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა.

1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ს ლოცვა კურთხევით თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.

1960 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ მეორის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს.

ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს.

ილია მეორემ სოხუმში 11 წელი დაჰყო. საქართველოს მაშინდელი  კათოლიკოს-პატრიარქის, დავით მეხუთეს გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა, ფარული კენჭისყრით, მიტროპოლიტი ილია, კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია.

ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი.

დღეისთვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი, 47 მღვდელმთავარი, მათგან 2 ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა.

დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.

2023 წლის 25 დეკემბერს ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წელი შესრულდა.

“ჯორჯიან თაიმსი” კათოლიკოს-პატრიარქს 91 წლის იუბილეს ულოცავს  და დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა  და მხნეობას უსურვებს!

2024 წლის იანვრის თვის ჰოროსკოპი

იანვრის პირველ ოც დღეში ჩვენი პლანეტის ბიოსფერო საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იქნება – კოსმოსური ენერგიები პოლიტიკურ და სოციალურ საქმიანობაზე გავლენას არ მოახდენს. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდება მესამე დეკადის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები.

ვერძი

ვერძისთვის დრაკონის წელი სასიამოვნო სიახლეებით დაიწყება. მნიშვნელოვანია, რომ ემოციები აკონტროლოთ და მიღწეულს არ დასჯერდეთ.

პირად ცხოვრებაში ყველაფერი ძველებურადაა, თუმცა პროფესიული საქმიანობა და მუდმივი მოუცლელობა შეიძლება ოჯახის წევრებთან ურთიერთობაზე აისახოს და საყვარელ ადამიანთან ჩხუბის მიზეზი გახდეს.

ფინანსური მდგომარეობა არა მხოლოდ სტაბილური, არამედ მზარდია. იანვრის ხარჯები გონივრული იქნება და შემოსავალს არ გადააჭარბებს.

იანვრის მეორე დეკადა ხელსაყრელია პროფესიული საქმიანობისთვის. თვის შუა რიცხვებში შესაძლებლობა გექნებათ ძველი პრობლემები მოაგვაროთ და მიზნისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგათ. ავტომობილის მართვის და მგზავრობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

გაითვალისწინეთ, რომ მუდმივი დაღლილობის შეგრძნებამ და აქედან მომდინარე უყურადღებობამ შეიძლება სამსახურში შეცდომები გამოიწვიოს.

ხელსაყრელი დღეები: 4, 9, 13, 17, 21, 25, 31

არახელსაყრელი დღეები: 2, 7, 11 15, 19, 23, 29.

კურო

2024 წლის იანვარში იუპიტერი ისევ კუროსთანაა, რაც ნიშნავს, რომ ნანატრი გამარჯვებები ახლოსაა. გაზრდილი ემოციური ფონის გამო საყვარელ ადამიანთან დაპირისპირების თავიდან აცილება ძნელი იქნება. განსაკუთრებით – თვის დასაწყისში. კამათის მიზეზი შეიძლება ჩვეულებრივი ეჭვიანობა ან უბრალო გაუგებრობა იყოს.

საბედნიეროდ, იანვრის ბოლოს ვნებები დაცხრება და ურთიერთობები მოგვარდება, თუმცა ბევრ კუროს ვალების გადახდა და ხელისუფლებასთან, პარტნიორებთან ან ძველ მეგობრებთან სადავო ფინანსური საკითხების მოგვარება მოუწევს. არ ინერვიულოთ, თებერვალში თქვენი ბიუჯეტი ახალი რესურსებით შეივსება და უფულოდ ნამდვილად არ დარჩებით.

უცხოელ ან სხვა ქალაქში მცხოვრებ კოლეგებთან კავშირების დამყარება და განმტკიცება მეწარმეების მთავარი ამოცანა იქნება.

საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულებს ჰოროსკოპი უაღრესად მიმზიდველ პერსპექტივებს ჰპირდება, მაგრამ მოვლენები არ უნდა დააჩქაროთ და ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება.

ენერგეტიკული პოტენციალი არასტაბილურია, ამიტომ გირჩევთ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და ჯანსაღი ცხოვრების წესი შეიყვაროთ.

ხელსაყრელი დღეები: 1.6, 10, 14, 18, 24, 28

არახელსაყრელი დღეები: 3, 8, 12, 16, 22, 26, 30.

ტყუპები

წლის დასაწყისი წინააღმდეგობრივი იქნება, თუმცა საბოლოოდ, მოვლენები თქვენ სასარგებლოდ განვითარდება. მნიშვნელოვანია, საკუთარ თავზე იზრუნოთ და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. წარმატება ძალიან ახლოსაა!

ოჯახში მშვიდობა და კეთილგანწყობა სუფევს. ოჯახის წევრები თქვენს ნებისმიერ წამოწყებას, როგორც სიტყვით, ისე ქმედებით მხარს უჭერენ, მაგრამ ერთ-ერთ ნათესავთან ურთიერთობაში შეიძლება გარკვეული პრობლემები წარმოიშვას.

ფინანსური პროგნოზის მიხედვით, იანვარში საკმაოდ არათანაბარი და გაურკვეველი ვითარებაა, თუმცა უფულოდ დარჩენა არ გემუქრებათ და სამომავლო პერსპექტივებიც მშვენიერია. გარდა ამისა, შეგიძლიათ საყვარელი ადამიანების მხარდაჭერის იმედიც გქონდეთ. ამიტომ, თებერვლამდე ფინანსური პრობლემების/ვალდებულებების უმეტესობისგან შეიძლება საბოლოოდ გათავისუფლდეთ.

იანვარში თავს იჩენს ფარული მტრების ინტრიგები და მაქინაციები. ეს პრობლემა შესაძლოა თებერვლის დასაწყისამდე აქტუალური იყოს. ფრთხილად იყავით და ეცადეთ, მსგავსი სიტუაციებისთვის წინასწარ მზად იყოთ.

იანვარში ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. ჯანსაღი კვება, სრულფასოვანი ძილი და გამაჯანსაღებელი პროცედურები ისაა, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ხელსაყრელი დღეებია: 4, 9, 13, 17, 21, 25, 31

არახელსაყრელი დღეებია: 6, 11, 15, 19, 23, 29

კირჩხიბი

ამ თვეში მნიშვნელოვანია ახალი მეგობრების საიმედო მხარდაჭერა და არსებული კავშირების გაძლიერება.

კირჩხიბისთვის 2024 წლის იანვარი იდეალური დროა საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებისა და რომანტიკული ურთიერთობების დასამყარებლად. სწორედ ახლა შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ნამდვილად გჭირდებათ.

იანვრის მოგზაურობებს მაქსიმალური ყურადღებით უნდა მოეკიდოთ, რადგან ბევრი მოულოდნელობა გელით – გაფრთხილება ძირითადად, უცხოურ ტურებს ეხება. სამშობლოდან მოშორებით ფორსმაჟორული სიტუაციების რისკი ამ თვეში მაღალია.

იანვარში შემოსავალი სტაბილური იქნება, თუმცა ხარჯიც ბევრი გელით. გარდა ამისა, წყლის ზოდიაქოს ნიშნის ზოგ წარმომადგენელს ვალების გადახდა მოუწევს.

ბევრი კირჩხიბი მთელ იანვარს სამსახურს და ძველი პრობლემების გადაჭრას დაუთმობს. ეს შეიძლება იურიდიულ საკითხებს ან კოლეგებთან ურთიერთობაში წარმოქმნილ სირთულეებს ეხებოდეს. თანამდებობის პირების მხარდაჭერა სწრაფი, ეფექტური და დროული იქნება. ამრიგად, საერთო ძალისხმევით, თვის ბოლომდე პრობლემების უმეტესობას წარმატებით მოაგვარებთ

22-იდან 31 იანვრამდე პერიოდში შესაძლოა, ქრონიკულმა დაავადებებმა თავი შეგახსენოთ, ამიტომ გირჩევთ პრევენციულ მკურნალობას მიმართოთ და თავი დაიზღვიოთ.

ხელსაყრელი დღეები: 1.7, 11, 14, 18, 24, 28

არახელსაყრელი დღეები: 3, 9, 12, 16, 21, 26, 30

ლომი

იანვარში პროფესიულ საქმიანობა სასიამოვნო და წარმატებული იქნება, სამაგიეროდ, პირად ცხოვრებაში პრობლემებია მოსალოდნელი. ნებისმიერ შემთხვევაში, ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ ნუ შეშინდებით.

შეყვარებულებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის. შესაძლოა, თვის ბოლომდე დაასკვნათ, რომ შემდგომი სიახლოვე უაზროა. არ არის გამორიცხული ფინანსებთან დაკავშირებული უთანხმოებაც.

დაოჯახებული წყვილებს შვილების წარმატება აბედნიერებთ და ცდილობენ, მათ განვითარებასა და სამომავლო წარმატებებში როგორც მორალური, ისე ფინანსური მონაწილეობა მიიღონ.

მენეჯერებსა და ბიზნესის მფლობელებს შეუძლიათ, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობის მქონე ქვეშევრდომებს დაეყრდნონ. მოსალოდნელია პერსპექტიული წინადადებებიც, მაგრამ დათანხმებას ნუ იჩქარებთ – ამ დროისთვის უმჯობესია უპირატესობა კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს მიანიჭოთ.

ხელსაყრელი დროა პრევენციული მკურნალობისთვის. გარეგნობის შეცვლასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები შესანიშნავ შედეგებს მოიტანს. ახლა ბევრად უფრო ადვილი იქნება ცუდი ჩვევების მიტოვება.

ხელსაყრელი დღეები: 3, 8, 12, 16, 22, 27

არახელსაყრელი დღეები: 1.6, 10, 14, 20, 24, 29

ქალწული

საქმე მოიცდის – ამ დევიზით ჩაივლის 2024 წლის დასაწყისი ქალწულების უმრავლესობისთვის. ახლა თქვენთვის ოჯახი და სახლი ყველაზე მნიშვნელოვანია.

დროა, პირად ცხოვრებას უფრო სერიოზულად მოეკიდოთ. მარტოხელებს შესაძლებლობა ექნებათ, საინტერესო ადამიანს შეხვდნენ და სასიყვარულო ურთიერთობა გააბან. ეს რომანი ქორწილით რომც არ დასრულდეს, ის მაინც დაუვიწყარ მოგონებებს გაჩუქებთ.

იანვრის ფინანსური ტენდენციები ძალიან წინააღმდეგობრივია და დიდწილად თქვენს საქმიანობაზეა დამოკიდებული. სავარაუდოდ, გონებრივი მუშაობა ფულის შოვნის ყველაზე მოკლე და ეფექტური გზა იქნება, თუმცა შეგიძლიათ ბედი სხვადასხვა სახის ლატარეასა და გათამაშებაშიც მოსინჯოთ.

ქალწულების უმეტესობისთვის იანვრის დასაწყისში ყველაზე პრიორიტეტული ოჯახური მოვლენები და საყოფაცხოვრებო საქმეები იქნება. სავარაუდოდ, პროფესიული აქტივობა მნიშვნელოვანი იანვრის ბოლოს გახდება.

თითქმის მთელი თვის განმავლობაში, ქალწულის ენერგეტიკული პოტენციალი დამაკმაყოფილებელია. ასე რომ, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

თვის მეორე ნახევარი ხელსაყრელია გარდერობის განახლებისა და იმიჯის შეცვლისთვის.

ხელსაყრელი დღეები: 1, 7,11,15,19,23,28

არახელსაყრელი დღეები: 4.9, 13, 17,21,25,31

სასწორი

პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ძალიან მნიშვნელოვანი და გარკვეულწილად, საბედისწერო მოვლენები. სახლის კეთილმოწყობის სამუშაოები კვლავაც აქტუალურია, დაქორწინებულ წყვილებს შორის სულ უფრო გახშირდება საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებული საუბრები.

ფინანსური თვალსაზრისით იანვარი ზომიერად სტაბილურია, თუმცა ეს ასპექტი დიდწილად საქმიან პარტნიორებზე, მეუღლეზე ან უახლოეს გარემოცვაზეა დამოკიდებული.

სავსებით შესაძლებელია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული წარმატებული გარიგებები, მაგალითად, მოგებიანი შეძენა ან გაყიდვა ხელსაყრელი პირობებით.

ბიზნესმენებს, რომლებიც თავისი საქმის გაფართოებას გეგმავენ, უძრავი ქონების სხვადასხვა წარმატებული ტრანზაქცია ელით. ეს შეიძლება იყოს მიწის შეძენა, სამშენებლო სამუშაოების დაწყება და ა.შ.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, სერიოზული დაავადებები მოსალოდნელი არ არის, თუმცა დაღლილობის გრძნობა, სისუსტე და სეზონური ვირუსები ისევ აქტუალურია და თავს გაუფრთხილდით.

ხელსაყრელი დღეები: 5, 9, 12, 16, 22, 27

არახელსაყრელი დღეები: 2, 7, 10, 14, 20, 24, 29

მორიელი

იანვარში ბევრი საოცარი და მნიშვნელოვანი მოვლენაა მოსალოდნელი. დადებითი ცვლილებები თქვენს კარიერაზე და ბიზნესზე გავლენას მოახდენს და თქვენს პირად ცხოვრებაშიც შემოიჭრება. ეს განსაკუთრებით მარტოხელა მორიელებს ეხება.

მნიშვნელოვან ადამიანთან შეხვედრა შეიძლება მშობლიური ადგილებიდან მოშორებით ან შორიდან ჩამოსულებს შორის მოხდეს. სავარაუდოდ, ეს ნაცნობობა ბედნიერი ქორწინებით ან ხანგრძლივი და სასარგებლო ურთიერთობით დასრულდება.

იანვრის ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია – შემოსავლები, დაახლოებით, იგივეა, მაგრამ ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზრდება. ძირითადად, ეს იქნება საახალწლო ღონისძიებებთან, ბავშვების ან ნათესავების საჭიროებებთან დაკავშირებული ხარჯები.

თვის პირველი ნახევარი იდეალურია ყველა სახის პროფესიული საქმიანობის, საქმიანი შეხვედრებისა და მოგზაურობისთვის.

ენერგეტიკული პოტენციალი მაღალია, ასე რომ, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა ეცადეთ, საკუთარ ნერვულ სისტემაზე იზრუნოთ და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ.

ხელსაყრელი დღეები: 2, 6, 10, 15, 19, 23, 28

არახელსაყრელი დღეები: 4.8, 12.17, 21, 25, 31

მშვილდოსანი

წარმატებული და ნაყოფიერი თვეა, მაგრამ თავს უნდა გაუფრთხილდეთ და არ უნდა გადაიღალოთ. სამსახურში ვითარება მშვიდი და სტაბილურია, თუმცა პირად ცხოვრებაში გარკვეული სირთულეები გელით. ეს შეიძლება მშობლებთან ან უფროს ნათესავებთან ურთიერთობას ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს უკავშირდებოდეს. ასეა თუ ისე, იძულებული იქნებით პრობლემების აღმოფხვრაზე იზრუნოთ.

მზად იყავით იმისთვის, რომ ახლო ნოათესავთან ურთიერთობა გაუარესდება. გამუდმებული კამათი და დაძაბულობა თითქოს ტრადიციად იქცა, თუმცა პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ – ექვსი თვის შემდეგ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება.

ფინანსური პროგნოზი ოპტიმისტურია. შემოსავალი სტაბილური გახდება და, ამასთანავე, მნიშვნელოვნად გაიზრდება. ხარჯები კიმ ძირითადად, პირად ცხოვრებას უკავშირდება. შესაძლოა სამსახურში ახალი თანამდებობა ან ახალ ორგანიზაციაში მუშაობა შემოგთავაზონ.

იანვარში ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციო, განსაკუთრებით თუ ბევრს მუშაობთ. სრულფასოვან დასვენებას და ჯანსაღ ძილს ნუ დაივიწყებთ და ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ.

ხელსაყრელი დღეებია: 5, 9, 12, 16, 21, 26, 30

არახელსაყრელი დღეები: 1, 7, 10, 14, 18, 23, 28

თხის რქა

იანვარში მოსაწყენად ვერ მოიცლით – წინ ახალი სიმაღლეები, საინტერესო შეხვედრები და შესანიშნავი პერსპექტივები გელით. ასე გააგრძელეთ!

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მოვლენები ოჯახში და უახლოეს გარემოცვაში გელით. თხის რქების მშობლები სამართლიანად იამაყებენ შვილების მიღწევებით, რადგან მათ ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა.

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა საკმაოდ სტაბილურია. მცირე უთანხმოება საერთო პოზიტიურ ფონზე გავლენას არ მოახდენს და იანვრის ბოლოს თავისთავად დასრულდება.

2024 წლის იანვრის ფინანსური პროგნოზი ოპტიმისტურია, თუმცა ძვირად ღირებული ნივთების შეძენისგან ჯერჯერობით თავი უნდა შეიკავოთ.

იანვარში შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებს – მუსიკოსებს, მხატვრებს, მომღერლებს და ა.შ. პროფესიული საქმიანობის მიმართულებით განსაკუთრებული წარმატება ელით. პოპულარობის ზრდასთან ერთად, ბუნებრივია, შემოსავალიც გაიზრდება.

ხელსაყრელი დროა ფასიანი ქაღალდების ხელმოწერისა და ოფიციალური ხელშეკრულებების გაფორმებისთვის.

თვის დასაწყისში ჯანმრთელობის მცირე პრობლემები გელით. გარდა ამისა, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ მანქანის მართვის დროს.

ხელსაყრელი დღეები: 2, 7, 11, 15, 20, 24, 29

არახელსაყრელი დღეები: 5, 9, 13, 17, 22, 27

მერწყული

იანვრის ძირითადი მოვლენები ოჯახში გელით. გამორიცხული არ არის ფინანსების გამო ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირება, თუმცა სირთულეებს ერთობლივი ძალისხმევით მოერევით.

ფინანსური პროგნოზი წინააღმდეგობრივია. იანვრის პირველ ნახევარში შესაძლოა, შემოსავალს ხარჯებმა გადააჭარბოს. საბედნიეროდ, თვის ბოლომდე ფინანსური მდგომარეობა მოწესრიგდება.

გამორიცხული არ არის, რომ უძრავი ქონების გარიგებიდან მოგება მიიღოთ. ფინანსური სირთულეების შემთხვევაში შეგიძლიათ, უახლოესი გარემოცვის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.

თვის ბოლოს დაღლილობა თავს შეგახსენებთ, ამიტომ ეცადეთ, ფიზიკური დატვირთვა შეამციროთ და უპირატესობა მასაჟს, ცურვას და სეირნობას მიანიჭოთ.

მოერიდეთ გარეგნობის შეცვლას – უმჯობეისი იქნება, თუკი პლასტიკურ ექსპერიმენტებს ამ თვეში არ დაგეგმავთ.

ხელსაყრელი დღეები: 3, 8, 12, 16, 21, 26, 30

არახელსაყრელი დღეები: 6, 10, 14, 18, 23, 28

თევზები

თევზების ნაწილს საცხოვრებლად სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადასვლა ელის. გარდა ამისა, მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები უცხოეთში მცხოვრებ ნათესავებთან. სავარაუდოდ, თქვენი ურთიერთობები უფრო ჰარმონიული გახდება.

ფინანსურ ოპერაციებში ნუ გარისკავთ – ახლა რისკისთვის არახელსაყრელი დროა, მაგრამ კარგი პერიოდია დაგეგმვისთვის. განსაკუთრებული ყურადღება სხვადასხვა ფასიანი ქაღალდების გაფორმებისას უნდა გამოიჩინოთ. საფუძვლიანად შეისწავლეთ ყველა წვრილმანი, რათა შეცდომა არ გაგეპაროთ და ფინანსურად არ დაზარალდეთ.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ნაკლებად სავარაუდოა – მთელი იანვრის განმავლობაში ბიოენერგეტიკული პოტენციალი დამაკმაყოფილებელია. და მაინც – განსაკუთრებული ყურადღება ხერხემალსა და საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას უნდა მიაქციოთ. მოერიდეთ გაციებას.

ხელსაყრელი დღეები: 2, 7, 11, 15, 20, 24, 29

არახელსაყრელი დღეები: 5, 9, 13, 17, 22, 27

ხაიში – მესტია საგერგილის მონაკვეთზე გზა ისევ ჩაიკეტა

ხაიში – მესტია „საგერგილის“ გზა რამდენიმე წუთის წინ ისევ ჩაიკეტა. ამ მონაკვეთზე გადაადგილება ისევ შეზღუდულია.

შესაბამისი ფოტო შემთხვევის ადგილიდან სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„იმავე ადგილზე განმეორდა კლდოვანი მასის ჩამოშლა და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ცოტა საშიშია ადგილზე ახლა მუშაობა. ექსტრემალურ სიტუაციაში მოუწევს ბრიგადას მუშაობა. სამწუხაროდ, ხანდაზმულობა ქვასაც გააჩნია”,- აცხადებენ ადგილობრივები

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ქვათაცვენა რამდენიმე დღის წინაც მოხდა, მაშინ პრობლემა 2 დღეში აღმოიფხვრა.

პოლონელი ფერმერები უკრაინასთან სასაზღვრო გადასასვლელის ბლოკირებას განაახლებენ – Reuters

პოლონელი ფერმერები უკრაინასთან სასაზღვრო გადასასვლელის ბლოკირებას ხუთშაბათიდან განაახლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

პოლონელმა ფერმერებმა 24 დეკემბერს შეაჩერეს პროტესტი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო სუბსიდიების უზრუნველყოფასა და გადასახადების გაზრდის თავიდან აცილებას.

ფერმერთა პროტესტის ლიდერმა, რომან კონდროვმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრმა მათ გადასცა ბარათი მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრს არ გადაუცია ხელმოწერილი განცხადება.

“ჩვენ არ მიგვიღია წერილობითი დადასტურება, რომ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება, ამიტომ ვაგრძელებთ პროტესტს”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ სასაზღვრო გადასასვლელზე საათში მხოლოდ ერთ სატვირთო მანქანას დაუშვებენ.

ფასების შემცირება პროდუქტებზე ეს უკვე ტენდენციაა – ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ინფლაციის დონის შემცირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოზიტიური ტენდენციები კვლავ გაგრძელდება.

„ფასების შემცირება პროდუქტებზე ეს უკვე ტენდენციაა. შეიძლება ის მასშტაბი არ არის, რომელიც მიზნად გვაქვს, მაგრამ სწორი ეკონომიკური პოლიტიკაა საჭირო. მიუხედავად ამისა, დესტაბილიზაციის მცდელობები განსაკუთრებით აზიანებს ქვეყანას. პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდება“, – აღნიშნავს ვოლსკი.

დეკემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.4 პროცენტი შეადგინა.