Home Blog Page 1578

თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები სტიქიის ზონაში ძებნა-შველის სამუშაოებს ათ ლოკაციაზე ასრულებს

საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები სტიქიის ზონაში უკვე მეცხრე დღეა აქტიურად არის ჩართული ძებნა-შველის სამუშაოებში. დღეს დილიდან მე-3 ქვეითი ბრიგადის, აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან ერთად სამძებრო სამუშაოებს ათ ლოკაციაზე განაგრძობენ. სამხედროები გაშლილები არიან კოტეჯების ტერიტორიასა და მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა და მაშველები ძებნა-შველის სამუშაოებს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკის და საშუალებების მხარდაჭერით ასრულებენ. თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები შესაბამის მითითებებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით იღებს.

,,ახლა რუსული იმპერიალიზმის შეჩერება იაფია”- ანჯეი დუდა

რადგანაც აშშ-ში ზოგიერთი მემარჯვენე პოპულისტი უკრაინის დახმარების წინააღმდეგ გამოდის, Washington Post-ის კოლუმნისტი, მარკ ტისენი პოლონეთის პოპულისტური კონსერვატიული მთავრობის ლიდერის, ანჯეი დუდას აზრით დაინტერესდა და ჰკითხა, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი ამერიკელმა კონსერვატორებმა უკრაინას.

„ეს ძალიან მარტივია. ახლა რუსული იმპერიალიზმის შეჩერება იაფია, რადგან ამერიკელი ჯარისკაცები არ იხოცებიან, მაგრამ თუ რუსულ აგრესიას ახლა არ შევაჩერებთ, ამისთვის ძალიან დიდი საფასურის გადახდა იქნება საჭირო“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ანჯეი დუდამ ინტერვიუს დროს საქართველოც ახსენა. „ჩვენ ვხედავთ რუსული იმპერიალიზმის აღორძინებას, დაწყებული 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრით“, – განაცხადა მან.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, რუსული იმპერიალიზმის გამოვლინებაა 2014 წელს რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა და მისი მუქარა ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთისა და მთელი ცენტრალური ევროპის მიმართ.

„ვლადიმერ პუტინი და მისი ახლობლები ოცნებობენ მეფეების ძალაუფლებაზე და მეფის ტერიტორიის აღდგენაზე. ჩვენ ახლავე უნდა შევაჩეროთ რუსეთის წინსვლა უკრაინაში, რომ არ მოხდეს ისე, როგორც მოხდა პირველ და მეორე მსოფლიო ომებში“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

კალინიგრადის ოლქში თვითმფრინავი Су-30 ჩამოვარდა

კალინიგრადის ოლქში თვითმფრინავი Су-30 ჩამოვარდა, – ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დასავლეთის სამხედრო ოლქი ავრცელებს.

„კალინინგრადის ოლქში სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს ორადგილიანი თვითმფრინავი Су-30 ჩამოვარდა. ფრენა საბრძოლო მასალის გარეშე ხორციელდებოდა. ეკიპაჟი დაიღუპა“, – ნათქვამია განცხადებაში.

წინასწარი მონაცემებით, ავარიის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

„ერთად შევებრძოლოთ რუს ოლიგარქს და საბოლოოდ გავაფორმოთ საქართველოს გამარჯვება!“ – მიხეილ სააკაშვილი

“თუ ჩემი დანაშაულია საქართველოს სიყვარული, ის რომ შევაჩერე რუსული ოკუპაცია, არ მივეცი პუტინს საშუალება აეხდინა რუსული ოცნება და ჩამოეშალა ქართული სახელმწიფოებრიობა”- წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

„მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი❗️

თუ ჩემი დანაშაულია საქართველოს სიყვარული, ის რომ შევაჩერე რუსული ოკუპაცია, არ მივეცი პუტინს საშუალება აეხდინა რუსული ოცნება და ჩამოეშალა ქართული სახელმწიფოებრიობა;

თუ ჩემი დანაშაულია, ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მისწრაფების, თავისუფლებისა და ევროპულ ოჯახში წინსვლის ხორცშესხმა, მაშინ, მე მზად ვარ, პასუხი ვაგო საკუთარი ხალხის წინაშე❗️

თითოეული თქვენგანისგან უამრავ წერილს და გამოხმაურებას ვკითხულობ.

მინდა ყველას გთხოვოთ, მოვემზადოთ და ერთად  შევებრძოლოთ რუს ოლიგარქს და საბოლოოდ გავაფორმოთ საქართველოს გამარჯვება!“- წერს სააკაშვილი.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/pfbid026yBHJscgSvoTp98tmMSM3cVitCWN8uAG6iULhgoM1oNwrFPUhReSGLetyRgzaKJal

“ბევრი გაბრაზებულია რატომ არ იღებენ კანონს დეზინფორმაციის შესახებო?! -ედიშერ გვენეტაძე

“ბევრი გაბრაზებულია რატომ არ იღებენ კანონს დეზინფორმაციის შესახებო?! – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე.

“ბევრი გაბრაზებულია რატომ არ იღებენ კანონს დეზინფორმაციის შესახებო?! რატომ ხდება ამდენი ცილისწამების და სიბინძურის ფრქვევა ტელევიზიებითო?! რატომ ხდება ის რომ მეხუთე კოლონის აგენტების ხელში(ნაცების) არის ბიზნესები და თანამდებობებიო?!

რატომ არ ხდება ანტიდისკრიმინაციული კანონის უარყოფაო! რატომ არ იღებენ კანონს ლგბტ პროპაგანდის შესახებო?!
რატომ არ ხდება ფაბრიკა-ქარხნების მშენებლობებიო!….

გეტყვით, ჩვენ და საერთოდ პოსტ-საბჭოთა ქვეყნები ამ 30 წლის განმავლობაში ადგილობრივ მედროვე-მოღალატეთა ხელით მოგვაქციეს ნეოკონოლიალიზმის უღელქვეშ!

და მიმდინარეობს მართვის ამ სისტემის მოდერნიზება და დახვეწა!  ამის მაგალითებია: თავს მოხვეული არაერთი ომი, რომლებშიც უზარმაზარი ფული აშოვნინეს და მერე “შესტიორკებად” გაიხადეს ადგილობრივი ახლად უკვე მეხუთე კოლონად ქცეული ე.წ.ცალ ფეხზე მოხტუნავე სუბიექტები!

მოდით გულწრფელად ვაღიაროთ! დაწყებული 1992 წლის 6 იანვრიდან საქართველო ჩამოაყალიბეს და ჩამოყალიბდა ტიპიურ ნეოკოლონიალურ ქვეყნად მმართველობის აპრობირებული, დახვეწილი, მოდერნიზებული ელემენტებით!
2012 წლის 1 ოქტომბერს ხელისუფლებაში მოსულმა ძირითადმა ძალამ შეხედა არსებულ რეალიებს და ნელ-ნელა, მეთოდურად დაიწყო ხალხის შეგუება იმაზე, რომ მომზადებულიყო ერი რათა ჩვენი “თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს!”
ამას შეხვდა და ხვდება გაღმა-გამოღმა-შიგნიდან უდიდესი წინააღმდეგობები!
ნახეთ! მოიგონეთ! როგორ ერთი მეორის მიყოლებით გაიძურწნენ პატრონების დაძახებით ე.წ. რესპუბლიკელები და სხვა დღემდე იმათ ძუძუს მიმჯდარი მოღალატე-გამყიდველი-გათახსირებული კოლაბორაციონისტები!
ნახეთ ერთი მეორეს მიყოლებით ქვეყნის პირველი პირების უსუსური და….
საქციელები!

და როგორც კი დაიწყო ჩვენმა ხელისუფლებამ გზების ძიება და რეალური ნაბიჯების გადადგმა ქვეყანაზე თავს მოხვეული ნეოკონოლიალიზმისაგან თავდასახსნელად!

იმავე კოლონიზატორებისაგან მხარდაჭერილმა და გრანტებით გამძღარ-გაქსუებულებმა ძალებმა მოუწყვეს ის, რაც მოუწყვეს ხელისუფლებას და შედეგად მიიღო ქვეყანამ 7-8 მარტის მოვლენები! ახლა კიდევ ეუთო/ოდირის გაღმიდან დაკვეთილი დასკვნა…

მოკლედ მიმდინარეობს ბრძოლა ვინ ვის?! ანუ დავრჩებით ქართველებად და შევინარჩუნებთ ქართულ სახელმწიფოს თუ გავქრებით ისტორიისაგან, ისე როგორც არაერთი ჩვენისთანა და ჩვენზე ბევრად მეტი(რიცხობრივად) ერი გამქრალა!
ამიტომაც ახლა პოზიორობა ე. წ. ოპოზიციონერობით ნიშნავს საქართველოს მტრობას და მის განადგურებას!
გაიხსენეთ, როგორი სიტუაცია დაგვიყენეს 1991 წლის 22 აგვისტოდან დაწყებული!

რომელიც დღემდე გრძელდება და რომელმაც დააკარგვინა ჩვენს ქვეყანას ტერიტორიები, გაანადგურა დემოგრაფია და იავარქმნა ეკონომიკა! სიმართლე თუ გნებავთ ეგაა! და მომავალში დიდი, დიდი, ვიტყვი ყველას ერთად უდიდესი გამოცდა გველის! მაგრამ გვჯეროდეს! საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაა!

ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ბრძოლა საქართველოს და ქართველი ხალხის გადარჩენისათვის სამართლიანია და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება!”-წერს გვენეტაძე.

ომის 535-ე დღე – რა ვითარებაა უკრაინაში

ომის 535-ე დღეს უკრაინაში აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე მძიმე ბრძოლები გრძელდება. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე ცხელ წერტილებად კვლავ კუპიანსკის, ბახმუტის, მარინკის, ლიმანისა და ავდეევკის მიმართულებები რჩება, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში 25-მდე შეტაკება მოხდა.

პარალელურად, საოკუპაციო ძალები უკრაინის ქალაქებს ბომბავენ. საჰაერო და საარტილერიო დარტყმების ინტენსივობა გაზრდილია ზაპოროჟიის, დნიპროსა და ხარკოვის მიმართულებით.

რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვის დაბომბვის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გარდაცვლილი 31 წლის პოლიციის კაპიტანია.

დაშავებულთა შორის ოთხი სამართალდამცველია, რომელთა მდგომარეობა მძიმეა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

 

რუსთავში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

რუსთავში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა. შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ყოფილ მეუღლეებს შორის კამათი ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო, რასაც ჩხუბი მოჰყვა და ყოფილმა ქმარმა ქალს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

დაჭრილი ქალი „კლინიკა რუსთავში“ გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“დღეიდანვე უარს ვამბობ და აღარ მივიჩნევ მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად თავს”-ალექსანდრე ლორთქიფანიძე

დღეიდანვე უარს ვამბობ და აღარ მივიჩნევ მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად თავს, – წერს სოციალურ ქსელში მწერალი და ტელეწამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„დავიწყებ იმით, რომ ძალიან მიმძიმს ამჟამად საერთოდ რაიმეზე წერა, შოვის ტრაგედიის შემდეგ, სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობ.

ტელეფონში მსხვერპლი ბავშვების ფოტო გადმოვწერე და გაღვიძება-დაძინებისას ვუყურებ, მგონია, რომ ჩემი ვალია მახსოვდეს, ვგრძნობდე, განვიცადო და ეს გლოვა დიდხანს არსად წავა.. ვისაც OCD-ის ნიშნები გამოუცდია, იცის რასაც ვგულისხმობ.

ფეისბუქზეც, დიდი ხანია, ისედაც აღარ შემოვდივარ.

მაგრამ მთელ ამ მიზეზთა მიუხედავად, შეუძლებელია ორი სიტყვა არ დავწერო მწერალთა სახლის ამბებზე.
ზოგიერთმა ჩემმა მეგობარმაც კი არ იცის, რომ ორი წელია მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვარ.

ამ ორი წლის განმავლობაში დანარჩენ წევრებთან, ჩემზე კიდევ მეტად კომპეტენტურ ადამიანებთან ერთად არაერთი ისეთი პროექტის მომზადებაში მივიღე მონაწილეობა, რაც ქართულ ლიტერატურას უდავოდ წაადგება. ქართული წიგნების უცხოური თარგმანები, უცხოური წიგნების ქართული თარგმანები, საერთაშორისო ფესტივალები, წიგნის ბაზრობები, თბილისის ლიტერატურული ფესტივალი და ა.შ. ჩემი წვლილი საერთოდ რა მოსატანია, მწერალთა სახლის გუნდი აკეთებდა ამ ყველაფერს, გუნდი, რომელიც იმდენად კომპეტენტურია ამ საკითხში, რომ აბსოლუტურად, ბრმად ვენდობი.

როდესაც თანამედროვე ქართული ლიტერატურის მდგომარეობაზე მეკითხებიან, ყოველთვის დიდი იმედით აღვსილი ვპასუხობ ხოლმე, რომ ძალიან კარგი ძვრებია, მსოფლიო ნელ-ნელა ინტერესდება ქართველი ავტორებით, ჩნდება მეტი კონტაქტები და ა.შ. და მთელი აი ეს განწყობა ამ ადამიანების დამსახურებაა. საქმეს აკეთებდნენ წყნარად, ზედმეტი ხმაურის გარეშე, სიყვარულით და ენთუზიაზმით, სამეთვალყურეო საბჭოც ანალოგიურად, მათ კვალზე.

თანამედროვე ქართული ლიტერატურის ბოლოდროინდელი გამოცოცხლება დიდწილად არის ნატა ლომოურის გუნდის დამსახურება, მათი ზრუნვის შედეგი, რათა საქართველო მსოფლიო ლიტერატურული ოჯახის მნიშვნელოვან წევრად ქცეულიყო. ამ გუნდს ჰქონდა მწერლების აბსოლუტური ლეგიტიმაცია. ვინმე იკითხავს, რომელი მწერლებისო.

გეტყვით, მე არ მეგულება საქართველოში მწერალი თუ ლიტერატორი, რომლისთვისაც მწერალთა სახლის კარი დაკეტილი იყო, ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების, ნებისმიერი ლიტერატურული გემოვნების ადამიანს ეთმობოდა ადგილი, მწერალთა კავშირსაც თავისი დრო და სივრცე ჰქონდა და უკავშიროებსაც, ახალგაზრდებსაც და ხანდაზმულებსაც, აქ სახლი ედო აბსოლუტურად ყველას, ვისაც წიგნის სიყვარული აერთიანებს.
მადლობა თითოეულ თქვენგანს ნატა, ლელა, მაიკო, თეკლა, სოფო, ნინო, ყველას, ვიღაც აუცილებლად გამომრჩება და ბოდიშს ვიხდი. ოდესმე თუ ნობელი საქართველოში წამოვა, ამაში თქვენი შრომაც იქნება ჩადებული, დარწმუნებული ვარ.

პირადად ჩემი, როგორც მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილება სექტემბრის ბოლოს იწურება, თუმცა ჩემთვის ეს პირობითია, რადგან დღეიდანვე უარს ვამბობ და აღარ მივიჩნევ აღნიშნული საბჭოს წევრად თავს.

აქ ნატაზე და ქეთიზე არაა, არც ნატას ვიცნობდი ახლოს, როცა საბჭოში მიმიწვია და არც ქეთი დუმბაძეს ვიცნობ ნორმალურად, პოლიტიკური პრეფერენციებიც ადამიანების შეფასებისას ჩემთვის მეათეხარისხოვანია, შეიძლება ვიღაც გამიწყრეს კიდეც, აბა ქოცი, აბა ნაცი.. არ მაინტერესებს, ადამიანებს ამით არ ვაფასებ.

შესაძლოა ჩემი ნაკლია. იყოს. ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია თუ ვინ იქნება მწერალთა სახლის დირექტორი, ოღონდ მთავარია ორი რამ:

1. ადამიანების დაფასება. როდესაც გუნდს ფასდაუდებელი წვლილი აქვს თანამედროვე ლიტერატურული პროცესების დაძვრაში, მართლაც მწერლების სახლის, ულამაზესი და თავისუფალი სივრცის შექმნაში, ასეთი ადამიანები რაღაც ენამწარე პასკვილების ადრესატები არ უნდა ხდებოდნენ, პირიქით ასეთ ადამიანებს ხელს უნდა უწყობდნენ, ხოლო მათი სამუშაო ვადის დასრულება მადლობითა და პატივისცემით უნდა აღინიშნებოდეს.

2. მწერლების ლეგიტიმაცია. ნებისმიერი თანამდებობა და სტატუსი პირობითია, თუ სფეროში მომუშავე ადამიანთა ლეგიტიმაცია არ ახლავს თან. მხედართმთავარი, რომელსაც ჯარი არ აღიარებს, ანდა საფეხბურთო მწვრთნელი, რომელსაც გუნდი არ უჯერებს, მხოლოდ სახელებია და დაცლილია შინაარსისგან.

უშინაარსო სტატუსები მომავალს არ ქმნიან.

ქართულ ლიტერატურას კი აუცილებლად ექნება დიდი და ბრწყინვალე მომავალი”, – წერს ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

“გილოცავთ დიდგორობას – საქართველოს უძლეველობისა და თავისუფლების, ქართველთა ერთიანობისა და გამარჯვების დღეს”- პრემიერი

გილოცავთ დიდგორობას – საქართველოს უძლეველობისა და თავისუფლების, ქართველთა ერთიანობისა და გამარჯვების დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაშია ნათქვამი.

მისი თქმით, ეს მოვლენა არა მხოლოდ ჩვენი ისტორიის უდიდესი ნიშანსვეტი, არამედ ქართველთა იდენტობის, მომავალ გამარჯვებათა რწმენის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელია.

„1121 წლის 12 აგვისტოს ქართველმა ერმა, დიდი დავით აღმაშენებლის მეთაურობით, დიდგორის ბრძოლაში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. „ძლევაი საკვირველმა” დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოში. ეს მოვლენა არა მხოლოდ ჩვენი ისტორიის უდიდესი ნიშანსვეტი, არამედ ქართველთა იდენტობის, მომავალ გამარჯვებათა რწმენის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელია. ახალ გამარჯვებებს, მშვიდობას, გაერთიანებას, გაძლიერებასა და წინსვლას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

რუსეთმა ივლისში ნავთობის ექსპორტიდან 15 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა – Bloomberg

რუსეთის შემოსავლები ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან ივლისში ივნისთან შედარებით 20%-ით გაიზარდა და 15.3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ყოველთვიური ანგარიშის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ეს მაჩვენებელი მაქსიმუმია 2023 წლის დასაწყისიდან, თუმცა 20%-ით ნაკლები, ვიდრე გასული წლის ივლისში.

რუსული ნავთობის ექსპორტის მოცულობა ივლისში სტაბილური დარჩა, დაახლოებით 7.3 მილიონი ბარელი დღეში. რუსეთმა ნედლი ნავთობის ექსპორტის შემცირება დღეში 200 ათასი ბარელით ნავთობპროდუქტების ნაკადის გაზრდით აანაზღაურა.

ამავდროულად, რუსული საექსპორტო ნავთობის Urals-ის ფასი ივლისში გაიზარდა 64.41 დოლარამდე, რამაც პირველად გადააჭარბა G7-ისა და ევროკავშირის მიერ გასული წლის ბოლოს დაწესებულ ზღვრულ ფასს.

სააგენტოს ცნობით, ფასების ეს ზრდა ასახავს დაძაბულობას გარკვეული კლასის ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც OPEC + ქვეყნებმა გადაწყვიტეს ექსპორტის შემდგომი შეზღუდვა.

12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს გარშემო მყოფთა რჩევებს ყურადღებით უნდა მოუსმინოთ, თუნდაც ფიქრობდეთ, რომ სხვისი რჩევები არაფერში გჭირდებათ. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ეს რჩევები დიდი შეცდომისგან დაგიცავთ ან ღირებულ იდეას მოგაწოდებთ.

კურო

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ იდეებზე ხმამაღლა არ ისაუბროთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იდეები ვინმეს მოეწონოს, ხოლო თქვენ შეიძლება დაგაზარალოთ. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ზიანი შეიძლება მოულოდნელი იყოს. მაგალითად, ვიღაც თქვენს იდეას დაამახინჯებს და პასუხს თქვენ მოგთხოვენ. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, საკუთარი გამჭრიახობის დემონსტრირებას უნდა მოერიდოთ.

ტყუპები

ეცადეთ, ველოსიპედის გამოგონებას თავი დაანებოთ – ის დიდი ხნის წინ გამოიგონეს. სანამ პრობლემის გადაჭრას შეუდგებით, უნდა ნახოთ, როგორ გადაჭრეს ეს პრობლემა თქვენამდე სხვებმა. სხვა ადამიანების გამოცდილება საშუალებას მოგცემთ, დრო და ძალისხმევა დაზოგოთ.

კირჩხიბი

გირჩევთ, საკუთარი ავტორიტეტის განმტკიცებაზე იზრუნოთ. თქვენი მომხიბვლელობა ადამიანების გულებისკენ გზას გაგიხსნით, მაგრამ ეს სიმპათია საქმით უნდა გაამყაროთ – ეცადეთ, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ხალხი თქვენი ინოვაციური იდეების მისაღებად მზად არ არის – ამჟამად ჯანსაღი კონსერვატიზმია მოდური.

ლომი

ამ დღეს ყველაზე მარტივი საქმეების განხორციელებაც კი სირთულეებს უკავშირდება. საქმე ისაა, რომ ცარიელ ადგილზეც კი დაბრკოლებები ჩნდება და ვითარების გამოსწორებისთვის თქვენი მცდელობები უშედეგოდ სრულდება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მოდუნდეთ და დინებას მიჰყვეთ. შედეგი მაინც იგივე იქნება, მაგრამ ძალას და ნერვებს მაინც დაზოგავთ.

ქალწული

ცდილობთ ძველ, უინტერესო საქმეებში ცვლილებების და სიახლეების მუხტი შეიტანოთ და გარშემო მყოფებს ზოგი ინოვაციური გეგმა გაუზიაროთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ეს თანდათან და ფრთხილად გააკეთოთ, რადგან შეიძლება, ვიღაცამ არასწორად გაგიგოთ.

სასწორი

ეცადეთ, საკუთარი ან სხვა ადამიანის საიდუმლო არ გაამხილოთ და ზოგადად, ამ დღეს ურთიერთობებში ნაკლებად გულწრფელი იყოთ. ეს ეხებათ როგორც ახლობლებს, ისე უცნობ ადამიანებს. ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და სარისკო ინვესტიციებს. ნუ მოახდენთ თანამოსაუბრეზე ზეწოლას – ეცადეთ, კომპრომისი მოძებნოთ.

მორიელი

ამ დღეს შესაძლოა გარისკვა სცადოთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შეიკავოთ – გამორიცხული არ არის, რომ ინფორმაციას სრულად არ ფლობთ და მხედველობიდან მნიშვნელოვანი ფაქტორი გაგეპაროთან. უბრალოდ, ვიღაც გატყუებთ. ასე რომ, ამ დღეს თქვენი დევიზი სიფრთხილე უნდა იყოს და არა რისკი. ნაჩქარევი გადაწყვეტილებით შეიძლება ძალიან ბევრი დაკარგოთ.

მშვილდოსანი

სწორედ ის დღეა, როდესაც მთელი ყურადღება პირად საქმეებსა და გეგმებზე უნდა გაამახვილოთ, რადგან გუნდში თქვენმა ნებისმიერმა ინიციატივამ შეიძლება მოულოდნელი შედეგები გამოიწვიოს. გირჩევთ, განმარტოვდეთ, რათა გარშემო მყოფების ყურადღება არ მიიქციოთ. თუ გარემოებები გუნდში ყოფნას გაიძულებენ, ეცადეთ, ქამელეონს დაემსგავსოთ, გარემოს შეერწყათ და უხილავი გახდეთ.

თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღეს აქტიურობისგან თავი შეიკავოთ. სიტუაცია მოითხოვს, რომ ყველას გაუღიმოთ და ყველაფერში დაეთანხმოთ. ამ დღეს თქვენი თანხმობა გარშემო მყოფებზე ჯადოსნურ გავლენას მოახდენს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ თქვენი ღიმილი ნაძალადევია, სარგებელი, რომელსაც მიიღებთ, რეალური იქნება!

მერწყული

ამ დღეს ყველაზე კარგად წესრიგის აღდგენასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებულ საქმეებს უმკლავდებით. დილიდან გამუდმებით რაღაცის მოწესრიგების ან დალაგებას ცდილობთ. გირჩევთ, ამ იმპულსს არ შეეწინააღმდეგოთ და მალე სახლს და სამუშაო სივრცეს ვერ იცნობთ. დროა ოჯახის წევრისთვის მიცემული პირობის შესრულებაზე იფიქროთ.

თევზები

ამ დღეს გარშემომყოფებისგან მხოლოდ კეთილგანწყობას გრძნობთ. ისინი მზად არიან, თქვენი ყველაზე გაბედული წინადადებები განიხილონ. გირჩევთ, ამ შესაძლებლობით ისარგებლოთ და საკუთარი პოზიცია ნებისმიერ ფასად დაიცვათ, თუ საჭიროა, ცოტა ივაჭროთ კიდეც – რატომაც არა!

თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 24 ადამიანიდან 20 იდენტიფიცირებულია, ცხრა დაკარგულს კი ეძებენ

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეცხრე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მეხანძრე-მაშველების მიერ დღეს სამი ცხედარია ნაპოვნი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, დღის ბოლოს მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.

მისი თქმით, ამ დროის მდგომარეობით 24 ცხედარია ნაპოვნი, მათგან 20 იდენტიფიცირებულია, ცხრა ადამიანის ძებნა მიმდინარეობს. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით გადამოწმებულია დამეწყრილი ტერიტორიის 40 %.

„აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე მძიმე ტექნიკით და მცურავი საშუალებებით – ნავებით მდინარეზე. დღეს მოხერხდა სამი ცხედრის ნახვა მდინარის კალაპოტში, სამივე მათგანი გადასვენებულია პროზექტურაში. გარდა ამისა, ნანახია ადამიანის ქვედა კიდური ცალკეულად და ესეც ასევე გადატანილია პროზექტურაში. პირველი ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 20 კმ-ის მოშორებითაა ნაპოვნი. დანარჩენი 2 ცხედარი კი 2 კმ-ის მოშორებით იყო, ერთმანეთთან 200 მეტრის რადიუსით. პირველივე დღიდან მიმდინარეობს მდინარის მონიტორინგი, ამ ეტაპზე ვინაიდან მდინარის დონე დაწეულია გამოჩნდა ისეთი ადგილები სადაც, შესაძლებელი გახდა უკვე ადგილზე გადამოწმება. ხვალ 54 კმ სიგრძის პერიმეტრი იქნება გაკონტროლებული, ეს არის ზუსტად ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უკვე მდინარის კალაპოტი მაქსიმალურადაა გაშლილი. ამ დროის მდგომარეობით 24 ცხედარია ნაპოვნი, მათგან 20 იდენტიფიცირებულია, ცხრა ადამიანის ძებნა მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით გადამოწმებულია დამეწყრილი ტერიტორიის 40%“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

უწყების ცნობით, სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები, სამაშველო ნავები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.