Home Blog Page 1555

ისნის რაიონში სამშენებლო ნარჩენისგან 16 ლოკაცია დასუფთავდა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ისნის რაიონში დასუფთავების მასშტაბური ღონისძიება ჩაატარეს და სამშენებლო ნარჩენები 16 ლოკაციიდან გაიტანეს.

დომენიკა ერისთავის ქუჩაზე და „დირსის“ დასახლებაში მიმდინარე დასუფთავების სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე დავით გელოვანი გაეცნო.

აქციაში ჩართული იყო კომპანიის 25 თანამშრომელი. მსგავსი ღონისძიებები თბილისის ათივე რიაონში მიმდინარეობს.

კონტეინერებში ან მიმდებარედ სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსება დაუშვებელია. გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ მსგავსი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება.

აღნიშნულ ობიექტზე სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსების ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50.

“სტიქიის ეპიცენტრში ტერიტორიის გადამოწმება, ფაქტობრივად, დასრულებულია” – თემურ მღებრიშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 25-ე კილომეტრზე მაშველებმა სავარაუდოდ მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც ქუთაისში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

მისივე თქმით, სტიქიის ეპიცენტრში, ფაქტობრივად, დასრულებულია დამეწყრილი ტერიტორიის გადამოწმება.

„დილიდან აქტიურად დავიწყეთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა და საძიებო სამუშაოების გაფართოება. დაახლოებით ნახევარი საათის უკან საპატრულო მონიტორინგის მერვე სექტორზე, ეს არის დაახლოებით 25-ე კილომეტრი სტიქიის ეპიცენტრიდან, ნანახი იქნა ცხედარი, რომელიც ჩვენი მაშველების მიერ არის მდინარიდან გამოსვენებული და გადასვენებულია პროზექტურაში. ეს არ არის მცირეწლოვანი, სავარაუდოდ, ზრდასრული მამაკაცია. ქუთაისში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ამ ეტაპზე მდინარის კალაპოტში მიდის მაქსიმალური მუშაობა მძიმე ტექნიკით. როგორც მოგახსენეთ, გუშინ ნიადაგმა მოგვცა გარკვეული საშუალება, გარკვეულ ლოკაციებზე, თუმცა დაახლოებით ორი მეტრის სიღრმის ქვემოთ უკვე წყალი შეინიშნება  და ვფიქრობთ, სიღრმე, სადაც შეიძლება, რომ ვეძებოთ, არის მეტრა-ნახევარი, ორი მეტრი. საუბარია კალაპოტის, ასე ვთქვათ, მშრალ მონაკვეთებზე. ამბროლაურამდე გვაქვს განაწილებული სექტორები, 18 სექტორს მოიცავს ეს ყველაფერი, თუმცა უშუალოდ ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს სტიქიის ეპიცენტრიდან კილომეტრ-ნახევრიან პერიმეტრზე. ამ ეტაპზე სამი ცხედარია იდენტიფიცირების გარეშე, დღის ბოლოს ველოდებით დამატებით ინფორმაციას“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ბოლო მონაცემებით, სტიქიის ზონაში 27 მოქალაქის ცხედარია აღმოჩენილი, ექვს ადამიანს კი ეძებენ.

“სააკაშვილის ჯანმრთელობა უარესდება” – ანა ფოტიგა

დამოუკიდებელი ექიმების ბოლო ვიზიტმა დაადასტურა – სააკაშვილის ჯანმრთელობა უარესდება. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“დამოუკიდებელი ექიმების ცოტა ხნის წინანდელმა ვიზიტმა მხოლოდ დაადასტურა ის, რაც ყველა ჩვენგანისთვის ნათელია: მისი [სააკაშვილის] ჯანმრთელობა უარესდება. დიდად სამწუხაროა, ასეთი დასკვნების მოსმენა.

კიდევ ერთხელ ვამბობ: არსებობს ბევრი მიზეზი და გზა ამ მდგომარეობის შესაცვლელად, სანამ ძალიან გვიანი არ არის, მათ შორის ისეთები, რომლებიც ჰუმანიტარულ საფუძვლებს ეყრდნობა”, – წერს ფოტიგა.

“პოლიტიკურად ანგაჟირებული ძალების მიზანმიმართული კამპანია ზღვის ხარისხთან დაკავშირებით, რომელიც ტურისტული სეზონის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად, წარუმატებელი გამოდგა”

თორნიკე რიჟვაძემ საზღვაო ტურისტული სეზონის მზარდი დინამიკა და მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ბათუმში გამართვის საორგანიზაციო საკითხები სამუშაო ჯგუფთან შეხვედრაზე განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზღვის წყლის ხარისხთან დაკავშირებით განხორციელებული მიზანმიმართული კამპანიის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა რომ ტურისტული სეზონის დისკრედიტაციის მცდელობის მიუხედავად ყველა პარამეტრით ზრდა ფიქსირდება.

“საზღვაო სეზონის დასაწყისიდან ვხედავთ პრაქტიკულად მიზანმიმართულ კამპანიას პოლიტიკურად ანგაჟირებული ძალებისგან, რომელთა მთავარი მიზანია მაქსიმალური დისკრედიტაცია მოახდინონ საზღვაო ტურისტული სეზონის. მიზანმიმართული კამპანია გახლდათ შავი ზღვის ხარისხთან დაკავშირებით, რომელიც წარუმატებელი გამოდგა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 10 დღეში ერთხელ ხდება შავი ზღვის წყლის გადამოწმება და დღემდე არსებული ყველა მონაცემებით წყალი არის შესაბამისობაში ყველა არსებულ მოთხოვნასთან, შესაბამისად არის უსაფრთხო”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტატისტიკის თანახმად შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2023 წლის 2 კვარტლის მონაცემით +56.6 %-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +24%-ით.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ 2023 წლის ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა 414 საერთაშორისო ფრენა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +17.3 % -ით. 2023 წლის 7 თვის მონაცემით განხორციელდა 1 436 საერთაშორისო ფრენა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +9.7%-ით.

“უკრაინამ ევროკავშირში ინტეგრაციის ტემპებში უკვე ბევრი ევროპული რეკორდი მოხსნა” – უკრაინაში ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირში ინტეგრაციის სიჩქარის მხრივ უკრაინამ უკვე ბევრი ევროპული რეკორდი მოხსნა. ამის შესახებ უკრაინაში ევროკავშირის ელჩმა მატი მაასიკასმა განაცხადა.

კითხვაზე პასუხისას, თუ როდის გახდება უკრაინა ევროკავშირის წევრი, მაასიკასმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არავის არ შეუძლია “რომელიმე ზუსტი თარიღის” დასახელება.

“რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის ტემპები მეტწილად კანდიდატ ქვეყანაზე ან მოლაპარაკებებში მონაწილე ქვეყანაზე იქნება დამოკიდებული. როდესაც მოლაპარაკებები დაიწყება, საგზაო რუკა ძალიან მკაფიო იქნება. საჭიროა ევროკავშირის კანონმდებლობის, ევროკავშირის ნორმების მიღება… და მაშინ მზად ხართ. უკრაინამ ევროკავშირში ინტეგრაციის ტემპებში უკვე ბევრი ევროპული რეკორდი მოხსნა. და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრის მოხსნას შეძლებთ”, – განაცხადა მაასიკასმა.

შოვში, სტიქიის ზონაში გარდაცვლილთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

სტიქიის ეპიცენტრიდან ერთ კილომეტრიან პერიმეტრზე მდინარის კალაპოტში დალექილ შლამში დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.

არსებობს ვარაუდი, რომ 3 აგვისტოს სტიქიის შემდეგ დაკარგულთა ნაწილს, შესაძლოა სწორედ მდინარის კალაპოტში მიაკვლიონ.

სტიქიის ზონაში, დღეს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები ვერთმფრენით ჩავიდნენ და ტერიტორია კიდევ ერთხელ დაათვალიერეს. გაიმართა ადგილობრივებთან შეხვედრაც, სადაც სპეციალისტებმა შეკრებილებს ინფორმაცია მიაწოდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მეწყრული პროესები განვითარდა 3 აგვისტოს. გეოლოგებმა, ადგილობრივების შეკითხვებსაც უპასუხეს.

თიბისი კრეატივის საერთაშორისო ფესტივალ AD BLACK SEA -ზე ახალ ნომინაციას – Young Creative – წარადგენს

თიბისის მხარდაჭერით, 14-16 სექტემბერს, ბათუმში კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2023 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას „Young Creative“ და წლის ყველაზე კრეატიულ ახალგაზრდას გამოავლენს. გამარჯვებულს, განაცხადების შესაბამისად, სპეციალურად შერჩეული ჟიური შეაფასებს. თიბისი, როგორც ნომინაციის წარმდგენი, გამარჯვებულისთვის 10 000 ლარს გამოყოფს, რომლის ფარგლებშიც, მას შეეძლება თავისი ინტერესების შესაბამისად აირჩიოს და დაესწროს ნებისმიერ ფესტივალს ან საგანმანათლებლო კურსს კრეატივისა და მარკეტინგის სფეროში.

თიბისი და AD BLACK SEA ფესტივალის დაარსებიდან,  2015 წლიდან  პარტნიორები არიან. თიბისისთვის, როგორც ბრენდისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. AD BLACK SEA უკვე მეშვიდე წელია იმართება და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს ერთმანეთისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაში უწყობს ხელს. პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ლექცია-სემინარს, პანელურ დისკუსიასა და ვორკშოპს, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი პროფესიონალები უძღვებიან.

„Young Creative“ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 25 წლამდე, შემოქმედებით ინდუსტრიაში დასაქმებულ ახალგაზრდებს, რომლებიც მუშაობენ სააგენტოში, მარკეტინგის სფეროში ან არიან ფრილანსერები. განაცხადის შეტანა 17 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი. ნომინაციის შესახებ სხვა დეტალების გასარკვევად ეწვიეთ ბმულს.

R

მხოლოდ უკრაინელების გადასაწყვეტია, როდის უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები -იენს სტოლტენბერგი 

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინელების გადასაწყვეტია, როდის იქნება სწორი პირობები ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის რუსეთის შეჭრის შემდეგ.

„უკრაინელების და მხოლოდ უკრაინელების გადასაწყვეტია, როდის არის მოლაპარაკებებისთვის შესაფერისი პირობები და ვის შეუძლია, მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტოს, რა არის მისაღები გამოსავალი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგის განცხადება მოჰყვა ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელის, სტიან იენსენის განცხადებას, რომ რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა შეიძლება კიევისთვის მშვიდობის მიღწევისა და ნატო-ში გაწევრიანების გზა იყოს.

„მისი (იენსენის) გზავნილი, რომელიც არის ჩემი მთავარი გზავნილი და რომელიც არის ნატოს მთავარი გზავნილი, არის, პირველ რიგში, რომ ნატო-ს პოლიტიკა უცვლელია – ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6179 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6179 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6179 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6226 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0047 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8498 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8634 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0136 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“არცერთი განაცხადი ქსნის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვათაცვენის პრობლემის შესახებ, თბილისის მუნიციპალიტეტში არ ფიქსირდება” – მერია

თბილისის მერია ქსნის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სარკინიგზო გზის მონაკვეთზე კლდის ჩამოშლის ფაქტს ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ამ ტერიტორიაზე არაერთხელ დაფიქსირდა მსგავსი ფაქტი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

„ქსნის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სარკინიგზო გზის მონაკვეთზე დღეს ჩამოიშალა კლდის ფრაგმენტი, რაც აღნიშნულ მონაკვეთზე პირველი შემთხვევაა. აქამდე ქვათაცვენა ამ ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, მოსახლეობის მხრიდან განცხადება ქვათაცვენის პრობლემის შესახებ აქამდე არც თბილისის მერიაში და არც ნაძალადევის რაიონის გამგეობაში არ შემოსულა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ტყუილია რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს მოსახლეობის არაერთგზის მიმართვას მუნიციპალიტეტის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი განაცხადი, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვათაცვენის პრობლემის შესახებ, თბილისის მუნიციპალიტეტში არ ფიქსირდება.

ასევე სიცრუეა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქვათაცვენა გამოწვეულია მიმდინარე მშენებლობებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო ობიექტი არ მდებარეობს, უახლოესი მშენებლობა რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებითაა. მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, თბილისის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული ნებისმიერი ფაქტი გადაამოწმონ მერიის პრესსამსახურთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჰავაიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 111-მდე გაიზარდა

ჰავაის კუნძულებზე ტყის მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 111-მდე გაიზარდა.

ჰავაის გუბერნატორის, ჯოშ გრინის განმარტებით, სტიქიის ზონაში დაკარგულების მოსაძებნად სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე ხანძრით გადამწვარი ტერიტორიის მხოლოდ ერთი მესამედია შესწავლილი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში მაუის კუნძულზე წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი, რაც სამძებრო სამუშაოებს კიდევ უფრო გაართულებს. ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურმა სააგენტომ სტიქიის ზონაში დამატებით 700 მაშველი და კინოლოგი გაგზავნა.

ძლიერი ხანძარი მაუიზე 8 აგვისტოს გაჩნდა. დაკარგულად ითვლება ასობით ადამიანი. შაბათის მონაცემებით, ათობით ნაპოვნი ცხედრიდან მხოლოდ ორის ამოცნობა მოხერხდა. განადგურებული და დაზიანებულია 2 200-მდე შენობა. წინასწარი შეფასებით, ზარალმა 6 მილიარდი დოლარი შეადგინა.

რა მდგომარეობაა თურქეთის მაჭახელის ხეობაში – პრობლემები და გამოწვევები

თურქეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის TRTის ვებ-საიტზე, რუბრიკით „კუთხე-კუნჭული“, გამოქვეყნდა სტატია, რომელიც აჭარის მაჭახელის რეგიონს ეძღვნება.  პირველი პუბლიკაცია სათაურით „თურქული და ქართული მაჭახელი – ორად გაყოფილი რეგიონი“ ეხებოდა ისტორიულ მომენტებს (https://www.trt.net.tr/georgian/programebi/2023/08/08/kut-xe-kunchuli-nomeri-49-2022-2023-2021399, მეორე – დღევანდელი – თურქული მაჭახელის სიტუაციას ასახავს.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

თურქეთის მაჭახელის შესახებ საუბარს ისევ ვაგრძელებთ. წინა გადაცემაში როგორც ვთქვით, თურქეთის საზღვრებში მოქცეულ მაჭახელის (მაჭახლის) რეგიონს თურქულად ჯამილის უწოდებენ. ართვინის, ბორჩხას დიდ რეგიონში შემავალი ჯამილის რეგიონის მთავარი სოფელი თავად ჯამილია. მთლიანად მაჭახლის რეგიონი თავისი სოფლებით, იუნესკოში შესულ სოფელ ჯამილის ბიოსფერულ ნაკრძალს უწევს მასპინძლობას. ეს უნიკალური კლიმატი, ბიომრავალფეროვნება და ძველი ტყეები გარემოს დაცვის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშაა და როგორც ვთქვით იუნესკოს მიერ „კონტროლდება“. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, თურქეთში უკვე საკმაო პოპულარობით ცნობილი იოგათი დაკავებული ჯგუფებისთვის ყველაზე წარმტაცი გაჩერება სწორე მაჭახელია. აქ არსებული ხელუხლებელი ბუნების ძალა და ენერგია მედიტაციით გატაცებულ ჯგუფებს იზიდავს. ადგილობრივებისთვის ეს ერთგვარი შემოსავლის წყაროდაც იქცა. ახალ-ახალი საოჯახო პანსიონატები სწორედ ამ ტყეების სანახავად ჩამოსულთათვის გაიხსნა და ადგილობრივი ახალგაზრდა მოსახლეობისთვის დიდ ქალაქებში მიგრაციისგან თავის ასარიდებლად კარგი საშუალება გამოდგა.

მაჭახლის ბუნებრივი საფარის მრავალფეროვნება ფუტკრის სიუხვესაც იწვევს და ამიტომაც მაჭახლის რეგიონის სოფლების თაფლი განსაკუთრებულია. ის არა მარტო თურქეთში არამედ საზღვრებს გარეთაც გააქვთ. მას ყოველდღიური მოხმარებისათვის საუზმეზე და კონდიტერიაში, ასევე სამკურნალო დანიშნულებითაც იყენებენ. აქ მოყვანილი თაფლისა და ფუტკრის რძის მიღებით კი სიმსივნით დაავადების დროს იმუნიტეტის გასაძლიერებლად მიმართავენ ხოლმე.

მაჭახელში (სოფელ ჯამილიში) თაფლის ფესტივალებიც კი იმართება. ფესტივალზე რეგიონში მოყვანილი თაფლის ყველა სახეობაა წარმოდგენილი. აქ სოფლები ერთმანეთსაც კი ეჯიბრებიან ვინ უფრო კარგ თაფლს გამოჰფენს.

სოფელი ჯამილი კავკასიური ჯიშის ფუტკრის გამრავლებისა და გავრცელების ცენტრია. ფუტკრის ეს ჯიში ამ ტერიტორიაზე სხვა ჯიშებს არ ერევა და ბუნებრივ პირობებში არსებობას უკვე რამდენიმე საუკუნეა აგრძელებს. იმის გამო, რომ სწორედ აქ მცხოვრები ფუტკრები მაჭახლის რეგიონის მრავალფეროვანი ფლორით სარგებლობენ, ამიტომაც მათ წარმოქმნილ თაფლში კვებითი ღირებულება მაღალია. როგორც ვიცით, კავკასიური ჯიშის ფუტკარი დანარჩენ სახეობებთან შედარებით დიდი ხორთუმით გამოირჩევა, ამიტომაც ყვავილების გულის სიღრმემდე აღწევს და დიდი რაოდენობით ნექტარს მოიპოვებს. თაფლზე სწორედ ამ ყვავილების მრავალსახეობის გემრიელი და სურნელოვანი კვალი აღინიშნება.

მაჭახელში არსებული ტყის საფარი ენდემური სახეობებითაც გამოირჩევა, ამიტომაც მისი გაფრთხილება ორმაგად საყურადღებოა. თუმცა ადგილობრივებს გარემოს დაცვისა და გაფრთხილების ბუნებრივი ინსტიქტები თან სდევთ. მათ არანაირი სამართლებრივი და სახელმწიფოებრივი ან თუნდაც იუნესკოს წესდების შეხსენება არ სჭირდებათ, მათ თავიანთი ტყის, მიწის ფასი ყველაზე უკეთ იციან. მაჭახლის რეგიონში ნათესავები ან მეზობლები ერთმანეთზე ტყის გადაცემისას (სხვადასხვა მიზეზებით ხდება გადაცემა: გაყიდვა, გაცვლა, ან კიდევ თავად თუკი ვერ უვლის, სხვაზე გაჩუექება) სპეციალური ხელშეკრულება იდება, სადაც წერია, რომ ტყე გადაებარება მავანს და მას ევალება, ტყისთვის ოჯახივით გაფრთხილება.

აღნიშნულ რეგიონში „სკა“ სახელწოდების ფილმიც გადაიღეს ცნობილი გერმანელ-თურქი მსახიობის მერიემ უზერლის მონაწილეობით. ფილმი მაჭახლის რეგიონში მეფუტკრეობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ფილმში მაჭახლის რეგიონის უნიკალური, ხელუხლებელი  ბუნების კადრებიცაა გადმოცემული.

წყარო