Home Blog Page 1554

ბრიტანეთი უკრაინას 114 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 114 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისათვის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდების თაობაზე სამ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ამ შეთანხმებების წყალობით, უკრაინა შეძლებს გაზარდოს დრონების ფლოტი ფრონტზე. გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიღებენ CORTEX Typhon-ის სისტემას.

კოლუმბიაში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

კოლუმბიაში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიწისძვრის სიმძლავრემ 6,3 მაგნიტუდას მიაღწია.

როგორც მედია წერს, თავდაპირველ მიწისძვრას რამდენიმე წუთის შემდეგ ბიძგები მოჰყვა. კოლუმბიის ეროვნულმა გეოლოგიურმა სამსახურმა მეორე მიწისძვრა 5.6 მაგნიტუდად შეაფასა, მომდევნო ბიძგები კი – 4.8 მაგნიტუდად.

კოლუმბიის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტომ აღნიშნა, რომ მოსახლეობა ევაკუირებულია კალვარიოს მთელი მუნიციპალიტეტიდან, მეტადან, რომელიც მაღალმთიანი დედაქალაქიდან  სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.

“პუტინი არ უბიძგებს ბელარუსს უკრაინასთან ომისკენ” – ალექსანდრ ლუკაშენკო

ვლადიმერ პუტინი არ უბიძგებს ბელარუსს უკრაინასთან ომისკენ, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

„რას მოგვცემს ეს? არაფერს. თუ უკრაინელები არ გადმოკვეთენ ჩვენს საზღვარს, ჩვენ არასდროს მივიღებთ მონაწილეობას ამ ცხელ ომში, მაგრამ ყოველთვის დავეხმარებით რუსეთს, ისინი ჩვენი მოკავშირეები არიან“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ის მიიჩნევს, რომ პუტინმა უკვე მიაღწია თავის მიზნებს უკრაინაში და აღნიშნა, რომ მხარეები უნდა დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და მზად უნდა იყვნენ ყველა საკითხის განხილვისთვის.

„რუსეთის მიზნები შესრულებულია. უკრაინა ამ ომის დასრულების შემდეგ არასდროს მოიქცევა რუსეთის მიმართ ისე აგრესიულად, როგორც ომამდე. მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე უნდა დაიწყოს. ეს არის ნებისმიერი დიპლომატიის კლასიკა. ასე ვფიქრობ. ჩვენ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და განვიხილოთ ყველაფერი – ყირიმი და ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუგანსკი. მოლაპარაკებების დროს ყველაფერი უნდა განიხილებოდეს”,- აღნიშნა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსი გარე აგრესიის შემთხვევაში უპასუხებს, მათ შორის ატომური იარაღის გამოყენებით, რომელიც მოსკოვმა მის ტერიტორიაზე განათავსა.

„მხოლოდ ერთი საფრთხე შეიძლება იყოს – აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. თუ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია დაიწყება პოლონეთიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან, ჩვენ მყისიერად ვუპასუხებთ ყველაფრით, რაც გვაქვს. უკრაინის წინააღმდეგ კი, თუ ის ჩვენზე თავდასხმას განახორციელებს, არა მხოლოდ ბირთვული იარაღი იქნება გამოყენებული, არამედ ჩვენ გვაქვს კიდევ რაღაც, გარდა ბირთვული იარაღისა. და ჩვენ არ გაგაფრთხილებთ. თუ წითელ ხაზებს გადაკვეთთ, ეს გაფრთხილების გარეშე გაკეთდება“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ამასთან, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ომის დაწყებისას რუსული ქვედანაყოფები უკრაინაში ბელარუსიდან შევიდნენ.

„დიახ, რუსულმა ქვედანაყოფებმა ბელარუსიდან გადაკვეთეს უკრაინის საზღვარი. რუსული შენაერთები დაგეგმილი წვრთნების ფარგლებში ბელარუსში იმყოფებოდნენ, თუმცა ჩვენ მიმართ არ შეიძლება, რაიმე სახის პრეტენზია იყოს. ჩვენი ჯარიდან იქ არცერთი ბელარუსი არ იყო. ჩვენ არ გადაგვიკვეთია საზღვარი“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

თბილისის მერია ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, გვირაბის მიდებარედ, ფერდიდან ქვათაცვენის შესახებ განცხადებას ავრცელებს

დღეს საღამოს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ცინცაძის ქუჩისკენ გამავალი გვირაბის მიმდებარედ არსებული ფერდიდან მოხდა ქვათაცვენა, კონკრეტულ მონაკვეთზე მსგავსი ფაქტი აქამდე არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გზის მონაკვეთზე, სადაც ქვათაცვენა მოხდა, მოძრაობა შეიზღუდება.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებობს პრობლემური მონაკვეთი, სადაც ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მოხდა ქვათაცვენა.

ვინაიდან ფერდზე წლების წინ მოწყობილი ბადე ვეღარ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი ბადის მოწყობის თაობაზე.

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ პრობლემურ მონაკვეთზე უკვე დაწყებულია შესაბამისი სამუშაოები. დილის 05:00 საათიდან 07:00 საათამდე ხდება ფერდის ჩამოწმენდა და ნაშალი მასის გატანა. ჩამოწმენდის სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება შესაბამისი ბადის მოწყობა რომელიც ანკერების მეშვეობით ჩამაგრდება კლდის მყარ ქანებში.

სამუშაოების პროცესში გზის ერთი ზოლი გადაკეტილია.

გზა ასევე შეიზღუდება დღეს საღამოს დაფიქსირებული ქვათაცვენის ადგილზე, მოხდება სპეციალისტების მიერ ადგილის შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

შვეიცარია რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ პასპორტებს არ აღიარებს

შვეიცარია რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ პასპორტებს არ აღიარებს. ამის შესახებ შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებიდან ან საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან ადამიანები ვეღარ შეძლებენ შენგენის ვიზის აღებას ან შენგენის შიდა საზღვრის კვეთას რუსეთის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტით”, – წერია განცხადებაში.

აღინიშნება, რომ საუბარია ჩვეულებრივ და დიპლომატიურ პასპორტებზე, მოქალაქეობის არმქონე პირთა ბინადრობის ნებართვაზე, მეზღვაურებისთვის დაბრუნების მოწმობებსა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე.

უკრაინის რეგიონებისთვის საბუთების არაღიარების თარიღების რეგიონზეა დამოკიდებული. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შემთხვევაში კი თარიღად 2008 წლის 26 აგვისტოა მითითებული – ამ თარიღის შემდეგ გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტებით შენგენის ვიზის აღება შესაძლებელი აღარ იქნება.

“რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად… შვეიცარია ამ რეგიონებს საქართველოს განუყოფელ ნაწილად განიხილავს,” – წერია განცხადებაში.

“რუსეთი უკრაინას უკვე მესამედ, „მიგ-31“ ტიპის ავიაგამანადგურებლით დაესხა თავს” – უკრაინის საჰაერო ძალები

რუსეთი უკრაინას უკვე მესამედ, „მიგ-31“ ტიპის ავიაგამანადგურებლით დაესხა თავს, რის გამოც მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ტელეგრამარხზე ავრცელებს.

როგორც უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, „მიგ-31“ ტიპის ავიაგამანადგურებელი ყველაზე ზუსტია, უკრაინის საჰაერო თავდაცვას კი ჯერ არ გააჩნია საკმარისი დასავლური იარაღი, რომელსაც მის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლია.

“სარკოზის ფანტასტიკური კრიმინალური ლოგიკა რუსეთის აგრესიულ ომებს ამართლებს” – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინასთან დაკავშირებით საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის განცხადება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სარკოზის ფანტასტიკური კრიმინალური ლოგიკა რუსეთის აგრესიულ ომებს ამართლებს.

„სარკოზის ფანტასტიკური კრიმინალური ლოგიკა, რომელშიც ის ამართლებს რუსეთის აგრესიულ ომებს, კიდევ ერთხელ ავლენს დღევანდელი ომის ერთ-ერთ ფუნდამენტურ მიზეზს. სწორედ დასავლელი ლიდერების მიერ 2008 წელს და განსაკუთრებით 2014 წელს უცხო მიწების მიტაცების პუტინის კრიმინალური გეგმების წახალისებამ ხელი შეუწყო ევროპაში სრულმასშტაბური აგრესიის დაწყებასა და უკრაინელების მასობრივ მკვლელობას“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყირიმისა და დონბასის ტერიტორიები უკრაინის ტერიტორიებია და ამიტომ ომის რეალურად შეჩერების ერთადერთი გზა ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამართლის დაბრუნებაა.

„2023 წელს დაუშვებელია „სარკოზის გამოცდილების“ გამეორება, რომელიც მიზანმიმართულად მონაწილეობდა დანაშაულებრივ შეთქმულებაში რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დაკავებისა და შემდგომში ფართომასშტაბური გენოციდისა და ომის ორგანიზებისთვის“, – დასძინა მან.

16 აგვისტოს, საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ დიპლომატია, დისკუსიები და მოლაპარაკებები ერთადერთი გზაა უკრაინაში ომის საკითხის გადასაჭრელად. სარკოზიმ ასევე უარყო უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა და აღნიშნა, რომ “ჩვენ ცრუ დაპირებებს ვყიდით, რომელიც არ შესრულდება”.

“გულს უხარია, როდესაც ოპოზიციას კომიდან ხელოვნურად გამოყვანილი, ან დეფიბრილატორით რეანიმირებული პერსონაჟები გამოჰყავს ხოლმე მოედანზე”

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში დავით ზურაბიშვილის პოსტს ეხმაურება.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ზურაბიშვილი პოსტში ცდილობს შეინარჩუნოს ბალანსი ორ დიამეტრულად განსხვავებულ შეხედულებას შორის, რის გამოც პოსტი არასერიოზულ შინაარსს იძენს.

„გავეცანი ბიძინა ივანიშვილის ჰუმანურობით გადარჩენილი და სიცოცხლეს დაბრუნებული დავით ზურაბიშვილის მორიგ სოფისტიკურ ნაწარმოებს. სამი ასოციაცია აღძრა მან ჩემში: პირველი – ლუის ქეროლის წიგნიდან, „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, ცნობილი ციტატის სახით: „არასოდეს იფიქროთ, რომ თქვენ განსხვავდებით იმისგან, რისგანაც სხვაგვარად შეგეძლოთ ყოფილიყავით, ვიდრე განსხვავებული იმ შემთხვევებში, როდესაც სხვაგვარად ყოფნა შეუძლებელი იქნებოდა თქვენთვის“; მეორე კი, მილოშ ფორმანის უკვდავი კინოშედევრიდან არის, „მოცარტი“, აი, სალიერის რომ გამოაქვს მაესტროს ერთ-ერთი ნაწარმოებისთვის თავისი კრიტიკული განაჩენი: „ნამეტნავად ბევრი ნოტია“; მესამე კი – მანქანაზე გადაცემათა მექანიკური კოლოფი რომ ჩამეშალა და ხელოსნის პირველი შეკითხვა იყო: „სიჩქარეში ხშირად აგდებდით?“…

ზუსტად მსგავსი აბდაუბდა ასოციაციებით „გავერკვიე“ ზურაბიშვილის ბოლო სტატუსის შინაარსში, რომლის პათოსი, სოფისტიკასთან ერთად, პოლიტიკურ ტრანსგენდერობას გაგონებს. როდესაც ავტორი, ტრანსგენდერისა არ იყოს, ორ სქესს შორის ცდილობს „ოქროს შუალედის“ მოძიებას. ან, ვითარცა ეკვილიბრისტი, ცდილობს შეინარჩუნოს ბალანსი ორ დიამეტრულად განსხვავებულ შეხედულებას შორის, მაგრამ ძალიან ბრაზდება კოგნიტიური დისონანსისა თუ ბიპოლარული აშლილობის ხსენებისას საკუთარი მისამართით.

ამ ბალანსირებაში, რომლის ძირითადი აზრი საზოგადოებისთვის საკუთარი მივიწყებული არსებობის შეხსენებაა, ავტორი რისკავს, „შპაგატირებისას“ ისეთი ბზარი გაიჩინოს ერთ ადგილას, რასაც კუზანოვიც კი ვეღარ უშველის. „შპაგატში“ მყოფი ავტორი ერთი მხრივ აქეზებს ოპოზიციას რადიკალური აქტიურობისაკენ, მეორე მხრივ სკეპტიკურად არის განწყობილი ამ აქტიურობის მიმართ; მერე კვლავ უბრუნდება იმ აზრს, რომ აქტიურობის გარეშე არაფერი არ გამოვა, თუმცა ბოლოს დასძენს: „აბა, არჩევნებს რა აზრი აქვს, პუტინი ისედაც გაუფორმებს ოცნებას მორიგ გამარჯვებას“.

კითხულობ და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბზარი ავტორს უკვე გაუჩნდა, ოღონდ არა კუზანოვის სპეციალიზაციას დაქვემდებარებულ ადგილას, არამედ ნეიროქირურგიის სფეროში. აშკარად იგრძნობა თავის ტვინის ორ ნახევარსფეროს შორის გაჩენილი ფატალური დაშორება. ავტორს იმდენად გაუჭირდა საკუთარი „აზრების“ დალაგება, რომ ოპოზიციის რადიკალიზაციისაკენ მოწოდება, მან კობახიძის „ბოდიშის“ ფსიქოანალიტიკურ გარჩევაზე ააწყო და ოპოზიციის გამარჯვებისკენ მიმავალი გზა სწორედ ამ ბოდიშის მოხდის „არაკანონიკურობაში“ დაინახა…

ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა „სიგრძისაა“ ოპოზიციის „სათადარიგო მოთამაშეების“ სკამი. გულს უხარია ხოლმე, როდესაც კომიდან ხელოვნურად გამოყვანილი, ან დეფიბრილატორით რეანიმირებული პერსონაჟები გამოჰყავთ მოედანზე ხელისუფლებასთან სათამაშოდ. ეგრე გააგრძელეთ და რაც მთავარია, პუტინის ფაქტორს ებარებოდეთ.“, – წერს დავით ქართველიშვილი.

მსახიობი გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა

მსახიობი და რეჟისორი გოგი ხარაბაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

“რუსთაველის ეროვნული თეატრისთვის უდიდესი ტკივილია საქართველოს სახალხო არტისტის გოგი ხარაბაძის გარდაცვალება!”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გოგი ხარაბაძეს მიღებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტისა და საქართველოს სახალხო არტისტი წოდება. იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

“პრემიერის ვიზიტი გააძლიერებს და გააღრმავებს იმ უკვე არსებულ ძალიან ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც იქნება ღირებული ებრაელი და ქართველი ხალხისთვის”

უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ისრაელის სახელმწიფოში. ჩვენ ორ ქვეყანას შორის, ორ ხალხს შორის გვაქვს განსაკუთრებულად გამორჩეული ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ეს ვიზიტი აუცილებლად მოიტანს ახალ იმპულსს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში.

„შეხვედრის დროს განხილული იყო ძალიან ფართო სპექტრი თანამშრომლობის, ის მიმართულებები, რომლებიც კიდევ უფრო უნდა განვითარდეს და გაძლიერდეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით.

ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებულად იქნა ხაზგასმული ჩვენს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების და გაღრმავების აუცილებლობა. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ 2024 წელს უკვე დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ორ ქვეყანას შორის, რომელიც გააძლიერებს თანამშრომლობას ამ მიმართულებით.

ზოგადად, უნდა აღვნიშნო, რომ ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი, დროული იყო და დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გააძლიერებს და გააღრმავებს იმ უკვე არსებულ ძალიან ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც იქნება ღირებული ებრაელი და ქართველი ხალხისთვის”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქს თეოფილე III-ს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქს თეოფილე III-ს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა და თეოფილე III-მ საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ხაზი გაუსვეს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

თეოფილე III-მ პრემიერ-მინისტრს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან ილია მე- II-სთან გულთბილი მოკითხვა დააბარა.

იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს მთავრობის მეთაური და დელეგაციის წევრები დალოცა და მათ წარმატებები უსურვა.

იერუსალიმის პატრიარქმა პრემიერ-მინისტრს საპატრიარქოში უმასპინძლა.

ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც მაცხოვრის ყოვლადწმინდა საფლავი და გოლგოთა მოილოცა.

“ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება” – ლაშა ჟვანია

ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. მუდმივად ზრდა გვაქვს ყველა მიმართულებით, მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს რეგიონული თვალსაზრისით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იზრდება და ჩვენ 2024 წლიდან უკვე მივაღწიეთ იმას, რომ დავიწყებთ მოლაპარაკებას თავისუფალ ვაჭრობაზე, რაც ინვესტიციებს გაზრდის ისრაელიდან საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ისრაელში ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო განვითარდება.

„ტურიზმი, ყველამ იცით, რომ არის ერთ-ერთ მწვერვალზე, პიკზე და კიდევ უფრო მეტ ისრაელელ სტუმარს ველოდებით საქართველოში, მომავალში. რეგიონულ ჭრილში ისრაელი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა არის და ჩვენც ვართ სანდრო პარტნიორი ისრაელისთვის, ამიტომ პლატფორმა იმისთვის, რომ მჭიდრო გახდეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უკვე აშენებულია, მყარი საფუძველი აქვს და მომავალში იდევ უფრო განვითარდება,”- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.