Home Blog Page 1552

პრემიერმა კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მიმოიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული დღის წესრიგი.

მთავრობის მეთაურმა აშშ-ის ელჩს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი ჯინ ფოსტერი ესწრებოდა.

“ქართულ ოცნებას“ გამოძიების ეშინია, კითხვების დასმაც კი გააშიშვლებს მათ ბრალეულობას და პასუხისმგებლობას” – სერგო ჩიხლაძე

„ქართულ ოცნებას“ გამოძიების ეშინია, კითხვების დასმაც კი გააშიშვლებს მათ ბრალეულობას და პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმისთვის, რომ შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი ობიექტურად დადგინდეს, ერთადერთი ბერკეტი არის საპარლამენტო მექანიზმი.

„არც შოთაძის პროკურატურა, არც გომელაურის შსს არ გამოიძიებს არც პრემიერ-მინისტრის, არც სხვა რომელიმე მინისტრის, არც მინისტრთა კაბინეტის პასუხისმგებლობის საკითხებს შოვის ტრაგედიასთან მიმართებით. ერთადერთი საგამოძიებო, ობიექტური და ყოვლისმომცველი მექანიზმი არის საპარლამენტო მექანიზმი. „ქართულ ოცნებას“ გამოძიების ეშინია. კითხვების დასმაც კი გააშიშვლებს მათ ბრალეულობას და პასუხისმგებლობას, როგორიც არის, რატომ არ იქნა შეტყობინების სისტემები 11 წლის განმავლობაში დანერგილი? ასევე, ტექნიკა- ვერტმფრენები და დრონები დროულად შეძენილი? ტრაგედიის მოხდენიდან ყველზე კრიტიკულ საათებში რატომ არ მოხდა სწრაფი რეაგირება. რატომ არ შეიკრიბა უსაფრთხოების საბჭო? სად იყო პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი თითქმის ერთი დღის განმავლობაში? პირველ ღამეს რატომ შეჩერდა სამაშველო ღონისძიებები და ასე შემდეგ. სულ მცირე, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს პრემიერ-მინისტრს და მინისტრებს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

“ეკონომიკური წარღვნის“ ნაცვლად, რუსეთის ეკონომიკა უშუალოდ ომის წელს მხოლოდ 2.1 პროცენტით შემცირდა” – ანდრია გვიდიანი

ეკონომიკის ექსპერტი ანდრია გვიდიანი მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განახლებულ მონაცემებს სოციალურ ქსელში აფასებს.

გვიდიანის თქმით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მიუხედავად, მსოფლიო ბანკი ამ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, ამ მოცემულობას რაციონალურად თვალის გასწორება სჭირდება, ვინაიდან რუსეთმა შეძლო საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყობა.

„ეს მსოფლიო ბანკის განახლებული მონაცემებია. როგორც ხედავთ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული „დამანგრეველი” სანქციების დაუსრულებელი სერია უშედეგო აღმოჩნდა. დაანონსებული “ეკონომიკური წარღვნის” ნაცვლად, რუსეთის ეკონომიკა უშუალოდ ომის წელს მხოლოდ -2.1%-ით შემცირდა, ხოლო შემდგომ წლებში, მსოფლიო ბანკი არათუ ეკონომიკური რეცესიას, არამედ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. მოგვწონს თუ არა, ასეთია მოცემულობა, რომელსაც ემოციები და გულზე მჯიღების ცემა კი არა, არამედ რაციონალურად თვალის გასწორება სჭირდება.

სიმართლე რომ ვთქვა, ეს ჩემთვის მოულოდნელობა არც ყოფილა. არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, რუსეთმა სწრაფად შეძლო საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის გადააზრება და ახალი მოკავშირეების პოვნა. მათ შორის გასაღების ბაზრების დივერსიფიკაცია და ა.შ (ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ ამერიკა, აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი და სხვა).

გარდა ამისა, მაშინ, როცა დასავლელი ლიდერებისგან საჯარო განცხადებებით ერთი გვესმის, ხოლო საქმით მეორე კეთდება, ცხადია რთულია გულწრფელობაში ეჭვი არ შეგეპაროს.

მაშინ როცა, დიდი ტაშ-ფანდურით ვიგებთ სანქციების ახალი და ახლა უკვე „საბოლოოდ” დამანგრეველი პაკეტის შესახებ:

ომის მიმდინარეობის დროს 2022 წელს 2021 წელთან შედარებით გაიზარდა ევროკავშირის და რუსეთის ვაჭრობა – წყარო: https://www.statista.com/statistics/263634/trade-balance-of-goods-in-russia/;

ევროკავშირის რიგმა სახელმწიფოებმა ასევე გაზარდეს რუსეთში მთელი რიგი პროდუქციის ექსპორტიც – წყარო: https://www.statista.com/statistics/263634/trade-balance-of-goods-in-russia/;

არ წყდება აშშ-ის და რუსეთის ვაჭრობა, უფრო მეტიც, იზრდება აშშ-თვის საჭირო პროდუქციის იმპორტი რუსეთიდან (მაგ: სასუქები, ქიმიური შენაერთები და ა.შ.) წყარო: https://www.census.gov/foreign-trade/balance/c4621.html;

ევროკავშირიც და აშშ-იც თავად უვლიან გვერდს საკუთარ დაწესებულ სანქციებს და მაგალითად რუსულ ნავთობს ინდოეთიდან ყიდულობენ – წყარო: https://www.nytimes.com/2023/06/29/business/economy/russia-oil-imports-ban.html;

დასავლური კომპანიების და, ზოგადად, G7-ის კომპანიების მხოლოდ 8.5%-მა დატოვა რუსეთი – წყარო:
https://www.politico.eu/article/majority-of-western-companies-continue-business-in-russia-study-finds/;

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების კომისარი, ბორელი თავად აცხადებს, რომ ევროკავშირის კომპანიები არღვევენ სანქციებს, ხოლო რაც შეეხება, რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებიდან ყიდვას, ეს თურმე ევროკავშირის იურისდიქციას სცდება – წყარო:
https://www.cnbctv18.com/world/india-russian-oil-import-not-under-eu-jurisdiction-clarifies-foreign-policy-chief-josep-borrell-16726451.htm;

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფარისევლობის ფონზე:

ყველას კარგად გვახსოვს საქართველოს დამაზიანებელი განცხადებები ჩვენი „დაუძინებელი მეგობრებისგან”;

კარგად გვახსოვს საქართველოს საქმიანი იმიჯის და რეპუტაციის შემლახავი შეთითხნილი სტატიები;

კარგად გვახსოვს მოწოდებები გაუგებარ სანქციებთან შეერთების თაობაზე;

კარგად გვახსოვს იაფფასიანი ლოზუნგები, რომ თურმე საქართველო უნდა გამხდარიყო “დემოკრატიის დაცვის” ფლაგმანი და საკუთარი ეკონომიკის განადგურების ხარჯზე, სწორედ ჩვენ უნდა გვეტვირთა რუსეთის ჩამოშლის `ისტორიული მისია”;

კარგად გვახსოვს იდიოტიზმი, რომ საქართველოდან შეტანილი სარეცხი მანქანით და ფოტოაპარატით სულდგმულობს თურმე რუსული არმია, თან ეს ისეთი ბოდვა იყო, სანქციების ზედამხედველობის ჯგუფმა თავად უარყო;

კარგად გვახსოვს ქვეყნის შიგნით შესაშურად დაგეშილი მეხუთე კოლონის ყეფა საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ;

P.S. – ახლა ალბათ გარკვეული დასკვნების გამოსატანად საკმარისი ინფორმაცია უკვე დაგროვდა და რამდენად სწორად გამოვიარეთ, რამდენად გაწონასწორებული იყო საქართველოს ნაბიჯები ამ ყველაფრის მიმართ, შეგიძლიათ თავად განსაჯოთ“, – წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.

უცხოური ვალუტის კურსი 19 აგვისტოსთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6219 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6219 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6179 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0040 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8487 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8498 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0011 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“დაბა სტეფანწმინდაში, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტში ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას” – გარემოს ეროვნული სააგენტო

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. „თარგმანის უბანში“, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში, ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა ადგილზე მოახდინეს არსებული გეოდინამიკური პირობების შეფასება, რის საფუძველზეც, დამცავი ღონისძიებების გასატარებლად, შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ოპერატიულად მოხდება საბოლოო დასკვნის მომზადება, რომელიც შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება.

„დღეის მდგომარეობით, რაიმე სახის მნიშვნელოვანი ზიანი ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არ ფიქსირდება. თუმცა, ნებისმიერი ტიპის გართულების თავიდან აცილების მიზნით, უბნის მდგრადი ფუნქციონირებისათვის, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარების გეგმის შემუშავების საკითხი შესაბამის უწყებებთან განიხილება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“კობახიძის გადაწყვეტილებით გამოაპანღურეს პარტიიდან, ერთ დღეში დაკარგა ფოთი, გავლენები” – ზურაბ ქადაგიძე ბესელიაზე

გვარამიას ტელევიზიაში ზის და ბოღმას ანთხევს, ლამისაა წყევლა დაიწყოს, ირაკლი კობახიძეს ჩემთვისაც აქვს მოხდილი ბოდიში, რისთვის და რატომ არ მახსოვსო, ივანიშვილი დაემუქრა თანამდებობას დაგატოვებინებ თუ ეკას არ მოუბოდიშებო…ოღონდ რა მოხდა და როდის არ ახსოვს… – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეკა ბესელიაზე.

მისი თქმით, ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით გამოაპანღურეს პარტიიდან.

აქვე ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ბესელიამ ერთ დღეში დაკარგა ფოთი, გავლენები, პერსპექტივა და პოლიტიკური კარიერა, რომელსაც ვერასდროს აღიდგენს პატიოსანი თამაშის წესებით.

„გვარამიას ტელევიზიაში ზის და ბოღმას ანთხევს, ლამისაა წყევლა დაიწყოს – ირაკლი კობახიძეს ჩემთვისაც აქვს მოხდილი ბოდიში, რისთვის და რატომ არ მახსოვსო, ივანიშვილი დაემუქრა თანამდებობას დაგატოვებინებ, თუ ეკას არ მოუბოდიშებო…

ოღონდ რა მოხდა და როდის, არ ახსოვს… მდაა, მძიმე შემთხვევაა, არა? ბოლოს ეს ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით გამოაპანღურეს პარტიიდან და მაგის შემდეგ ბიპოლარული აშლილობა აწუხებს… პრინციპში, შეაწუხებს, აბა, რას იზამს, ერთ დღეში დაკარგა ფოთი, გავლენები, პერსპექტივა და პოლიტიკური კარიერა, რომელსაც ვერასდროს აღიდგენს პატიოსანი თამაშის წესებით…

ჰოდა, ნაც-ტელევიზიაში დაჯდა – გუბაზამ თუ დეპუტატობა გაინაღდა, მე რითი ვარ ნაკლები, ის თუ არის „გორსალა“, მე რით ვარ ნაკლები, რომ გორსალა ვიყო და თან დეპუტატიო?! ეს მალე ყველას გადაასწრებს სააკაშვილის კარზე…“ – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

“დასავლეთმა სერიოზულად უნდა მიხედოს თავისივე სანქციების შესრულებას” – Der Spiegel

„ევროკავშირმა კრემლის წინააღმდეგ სანქციების მეთერთმეტე პაკეტი მიიღო, მაგრამ რუსეთის ეკონომიკა მაინც ვითარდება, თანაც ომის კვალობაზე არცთუ ცუდად“, – ნათქვამია გერმანულ „შპიგელში“ (Der Spiegel) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „დასავლეთმა სერიოზულად უნდა მიხედოს თავისივე სანქციების შესრულებას“ (ავტორი – ბენჯამინ ბიდერი). მასალაში განმარტებულია, თუ რატომ არ დაიჩოქებს რუსეთი დასავლეთის წინაშე.

ბოლო დღეებში რუსული ვალუტის – რუბლის კურსი ძალიან დაეცა. ნიშნავს თუ არა ეს ფაქტი იმას, რომ დასავლური სანქციების ზეწოლით რუსეთი მუხლებზე დაიჩოქებს და იქნებ უკრაინის ომიც მალე დამთავრდეს?

მაგრამ ვინც ასე ფიქრობს, ის ძალიან სცდება. რუსეთის შესაძლებლობებს სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს. დასავლეთმა შეიძლება კიდევ ბევრი სანქცია მიიღოს, მაგრამ ისინი არ იმოქმედებენ, ასეთ ემბარგოს რა ფასი აქვს? ამასობაში კი ომი გრძელდება და უკრაინელები იღუპებიან…

ის, რომ ვალუტის გადაცვლის კურსი ქვეყნის ხელისუფლების სტაბილურობის ინდიკატორად არ უნდა მივიჩნიოთ, ამას თურქეთის მაგალითიც ადასტურებს. ყველა, ვინც ანკარის პოლიტიკას აკვირდება, იცის, რომ თურქულმა ლირამ ბოლო წლებში თავისი საწყისი ღირებულების 400% დაკარგა, მაგრამ რეჯეფ ერდოღანი ისევ ქვეყნის პრეზიდენტია. რაც შეეხება რუსეთს, რუბლის კურსმა მხოლოდ 25%-ით მოიკლო, რაც მიზერულია თურქულ ლირასთან შედარებით. გარდა ამისა, რუსეთი თურქეთზე უკეთესად არის მომზადებული სავალუტო კრიზისებისათვის: კრემლს დიდი სავალუტო რეზერვები აქვს. გავიხსენოთ ისიც, რომ მოსკოვი კარგად უმკლავდებოდა რუბლის კურსთან დაკავშირებულ უფრო მეტ პრობლემებს, ვიდრე დღეს არის.

ნიშანდობლივია ისიც, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საზღვარგარეთიდანაც კარგი ამბები მისდის თავისი ქვეყნის ეკონომიკის შესახებ – საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ორჯერ გააუმჯობესა რუსეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზები – წლის ბოლოსთვის რუსული ეკონომიკა 1,5%-ით მოიმატებს. სანედლეულო ბაზრებზე იზრდება ნავთობის ფასი, რაც რუსეთის შემოსავლების გაზრდას იწვევს. ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც წლის დასაწყისში სწრაფად დიდდებოდა, ამჟამად კონტროლის ქვეშაა და ნორმალურ ჩარჩოებშია მოქცეული.

დასავლეთისათვის მწარე სიმართლე ასეთია: უკრაინის ომი უახლოეს ხანში არ დასრულდება, თუნდაც რუსულმა ეკონომიკამ კრახი განიცადოს. რადგანაც ომის თავდაპირველი გეგმით – ელვისებურად დასრულება ვერ მოხერხდა, კრემლი ამჟამად მის გრძელვადიან ვარიანტზეა გადართული. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ მოსკოვი უკრაინის ნგრევაზე და გამოფიტვაზეა გადასული და შედეგს ელოდება.

ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ შეფასებით, რუსეთი უკრაინის ომში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3% -ს ხარჯავს. კაცმა რომ თქვას, ეს ცოტა არ არის, მაგრამ არც იმდენია, რომ რუსეთში გლობალური კრიზისი, შიმშილობა და ეკონომიკის ნგრევა დაიწყოს. ვლადიმერ პუტინმა იცის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში იგი უკრაინაზე გამარჯვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუ რუსეთში სტაბილურობა დაირღვევა.

კრემლს ამ საქმეში უკრაინის მოკავშირე დასავლელი ქვეყნები ძალიან ეხმარებიან. აბა, შეხედეთ: თავდაპირველი დიდად გაქანებული ანტირუსული ემბარგოს ნაცვლად დღეს დასავლეთი ეკონომიკურ ბრძოლას ძალიან მოშვებულად და სუსტად წარმართავს. მართალია, ბრიუსელი სულ ახალ-ახალ სანქციებს იღებს, მაგრამ ვის რას დააკლებს ის აკრძალვები და შეზღუდვები, რომელთა შესრულებას არავინ არ აკონტროლებს?

ევროპული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი უკრაინის მხარდაჭერაა, მაგრამ გამოცხადებული სანქციების ეფექტურობის შესწავლას უმეტესად მხოლოდ აქტივისტები და ჟურნალისტები აწარმოებენ – ისინი ცდილობენ გაიგონ, თუ რა გზებით შედის რუსეთში სანქცირებული დასავლური პროდუქცია. არადა, ამ საკითხით დაკავებული უნდა იყოს ევროკავშირის და აშშ-ის ოფიციალური სტრუქტურები. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება იოლი არ არის, ამიტომაც ცხადია, თუ რატომ არიდებს თავს ოფიციოზი ამ ამოცანის შესრულებას. ვაშინგტონს და ბრიუსელს ურჩევნიათ პირდაპირ დაეხმარონ უკრაინას, ვიდრე ის გამოიძიონ, თუ რომელი ქვეყანა, რამდენად და როგორ არღვევს ანტირუსულ სანქციებს…

აუცილებელია აგრეთვე სანქციების სიის გადახედვა და მისი გაწმენდა სხვადასხვა არაფრის მაქნისი დებულებებისაგან, რომლებიც ხშირად „ხვრელის“ გამოყენების შესაძლებლობებს ემსახურება. რა თქმა უნდა, ყველაფერს წინასწარ ვერ გაითვალისწინებ, მაგრამ ახლა რაც დროს გადის, თვალსაჩინო ხდება, რომელი სანქცია როგორ მუშაობს.

მაკონტროლებელმა ორგანოებმა ყველაზე მეტი ყურადღება იმ პროდუქციას უნდა მიაქციოს, რომლებიც სამხედრო სფეროსთანაა დაკავშირებული. რა დასამალია და დასავლური სანქციების სიაში შეტანილია ქალის ბრენდული ბიუსტჰალტერები, პარფიუმერია და კოსმეტიკა, ტენისის სათამაშო მოწყობილობები… ამით დასავლეთს თითქოს რუსული ელიტის დასჯა უნდა, მაგრამ ეს, უბრალოდ, სასაცილოა. აი, ასეთი სიმბოლურ ჟესტებით ცდილობს დასავლეთი რუსეთის დაჩოქებას და ომის დასასრულის მოახლოებას, ბრძოლები კი გრძელდება.

წყარო

“საქართველოში საწვავზე დღეს არსებული ფასი მსოფლიოში მიმდინარე საბაზრო ფაქტორებთან თავსებადია” – ირაკლი ლექვინაძე

საქართველოში საწვავზე დღეს არსებული ფასი მსოფლიოში მიმდინარე საბაზრო ფაქტორებთან თავსებადია, – ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა ფაქტორებზე, რომლებიც გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასს განსაზღვრავს.

„ბენზინის ფასის ზრდის ტემპი საქართველოში ფიქსირდება მაისიდან აგვისტოს ჩათვლით. ამის პარალელურად, შემცირების ტრენდი აქვს დიზელის ტიპის საწვავს. ჩვენი შეფასებით, ამ ეტაპზე საწვავის ბაზარზე ვითარება სტაბილურია. მაისი-აგვისტოს პერიოდი რომ ავიღოთ, „რეგულარის“ ტიპის საწვავი დაახლოებით 15-20%-ით არის გაძვირებული, რაც დაახლოებით 30-44 თეთრია. გაძვირების ეს ტრენდი სრულიად თავსებადია ამ პერიოდში მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებთან. კერძოდ, თუ ვნახავთ ნავთობის ფასის დინამიკას, ამავე პერიოდში დაახლოებით 15%-ით არის ნავთობზე ფასი გაზრდილი. ეს უკავშირდება რამდენიმე გლობალურ საკითხს, მათ შორის OPEC+-ის გადაწყვეტილებებს ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით, ასევე ჩინეთში საწვავზე მოთხოვნის ზრდას და რეგიონში არსებულ საკმაოდ რთულ ვითარებას. ეს არის ფაქტორები, რომლებიც გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასს განსაზღვრავს. დღეს არსებული ფასების დინამიკა სრულიად თავსებადია მსოფლიოში მიმდინარე საბაზრო ფაქტორებთან“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

“ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს რუსული პასპორტებით შენგენის ზონაში ვერც აქამდე უნდა ემოგზაურათ” – ირაკლი ქადაგიშვილი

„ქართული ოცნების” დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, შენგენის ზონას არც თავის დროზე უნდა ჰქონოდა პოლიტიკა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს რუსული პასპორტებით შენგენის ზონაში სარგებლობის საშუალება ჰქონოდათ.

ამასთან, ქადაგიშვილის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთაგან ბევრი საქართველოს პასპორტით სარგებლობს და შესაბამისი კანონის ფარგლებში, ხელისუფლება ყოველთვის მზად იქნება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა თანამოქალაქეებმა საქართველოს პასპორტი აიღონ და მსოფლიოში საქართველოს პასპორტით იმოგზაურონ.

„რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკაა, რომ მშვიდობიანი, მაქსიმალური დაახლოების გზით ოკუპაციის გზით გაყოფილ საქართველოს ორ მხარეს შორის ურთიერთობების აღდგენა მოხდეს”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

შვეიცარია რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ პასპორტებს არ აღიარებს. შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებიდან ან საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან ადამიანები ვეღარ შეძლებენ შენგენის ვიზის აღებას ან შენგენის შიდა საზღვრის კვეთას რუსეთის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტით. საუბარია ჩვეულებრივ და დიპლომატიურ პასპორტებზე, მოქალაქეობის არმქონე პირთა ბინადრობის ნებართვაზე, მეზღვაურებისთვის დაბრუნების მოწმობებსა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე. უკრაინის რეგიონებისთვის საბუთების არაღიარების თარიღების რეგიონზეა დამოკიდებული. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შემთხვევაში კი თარიღად 2008 წლის 26 აგვისტოა მითითებული – ამ თარიღის შემდეგ გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტებით შენგენის ვიზის აღება შესაძლებელი აღარ იქნება. “რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად… შვეიცარია ამ რეგიონებს საქართველოს განუყოფელ ნაწილად განიხილავს”, – წერია განცხადებაში.

“ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ კლდოვან ფერდზე ახალი დამცავი ბადე ეწყობა”- გიორგი აბუთიძე

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ პრობლემურ მონაკვეთზე ფერდობის გაწმენდის და დამცავი ბადის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ტერიტორიას ბევრად უსაფრთხოს გახდის, – ამის შესახებ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიორგი აბუთიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ფერდზე არსებული დამცავი ბადე, რომელიც წლების წინ მოეწყო, თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს, რის გამოც, ტერიტორიაზე უსაფრთხოების ბადე ახალი მეთოდით მოეწყობა.

„ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გასწვრივ არსებული კლდოვანი ფერდი მართლაც დაზიანებულია – თუ არ ვცდები, 2010 წელს ტერიტორიაზე დამცავი ბადე სწორედ ამიტომ მოეწყო, რომელიც უკვე დაძველდა და თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. ტერიტორიის მოწესრიგება უკვე დაწყებული გვაქვს. პირველ ეტაპზე, მიმდინარეობს კლდის ჩამოწმენდის სამუშაოები. წვიმისა და მზისგან დაზიანებული ქვების ჩამოწმენდის შემდეგ, დაიწყება ახალი ბადის მოწყობა, რომელიც მყარ ქანებში ჩაანკერდება. ტერიტორიაზე ამჟამად არსებული ბადე მოწყობილია ფარდისებური პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაშალი მასალა ე.წ. ფარდის უკან ცვივა, ქვემოთ იკრიბება და შემდეგ გაგვაქვს. იმდენ ადგილზეა უკვე ეს კონკრეტული ბადე დაზიანებული და ქვები მხოლოდ ე.წ. ფარდის ქვეშ აღარ ცვივა, ამიტომ ახალი ბადის მოწყობა გადავწყვიტეთ“, – განაცხადა გიორგი აბუთიძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიამ მიმდინარე წელს მსგავსი ტიპის სამუშაოები არაერთ მისამართზე განახორციელა, რომელთა შორის კოსტავას ქუჩაზე არსებული ფერდის მოწესრიგებაც შედის.

„ჩვენი თანამშრომლები მსგავს ადგილებს მუდმივ მონიტორინგს უწევენ, გვაქვს პრობლემური ადგილები მონიშნული და სამუშაოებს ქალაქის მასშტაბით, პრიორიტეტების მიხედვით ვახორციელებთ. ეს კონკრეტული ბადე კეთდება სხვა მეთოდით, რომელიც მყარ ქანებში საკმაოდ ღრმადაა ჩაანკერებული“, – აღნიშნა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა.

გიორგი აბუთიძის განცხადებით, სამუშაოების დასრულებას, დაახლოებით, ერთი თვე დასჭირდება, რომლის დროსაც, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ ერთ სამოძრაო ზოლში, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

„ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული გვაქვს. კლდის ჩამოწმენდის პერიოდში, 05:00-დან 07:00 საათამდე გზა იკეტება, ხოლო უშუალოდ ბადეების მონტაჟს როცა დავიწყებთ, გადაადგილება გზატკეცილზე არსებულ ერთ სამოძრაო ზოლში სრულად შეიზღუდება, რათა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთი პატარა კენჭი ჩამოვარდა, მისგანაც ვიყოთ დაცული“, – განაცხადა გიორგი აბუთიძემ.

„უკრაინის კონტრშეტევა შეფერხდა, კიევს ყველაფრის ხელახლა დაგეგმვა მოუწევს“ – Politico

აშშ-ის გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბელგიაში) აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას სათაურით „უკრაინის კონტრშეტევა შეფერხდა, კიევს ყველაფრის ხელახლა დაგეგმვა მოუწევს“ (ავტორი – ჯეიმი დეტმარი).

უკრაინის არმიის კონტრშეტევაზე თავიდანვე გადაჭარბებულ იმედებს ამყარებდნენ. საომარი მოქმედებები „კონტრშეტევის“ სახელით უკვე მესამე თვეა მიმდინარეობს, მაგრამ არანაირ ისეთ გარდამტეხ შედეგებს ვერ ვხედავთ, რომელიც შემტევი მხარის მიერ მიღწეულ რაიმე მნიშვნელოვან წარმატებებზე მიუთითებდეს. როგორც ჩანს, რუსეთი და უკრაინა (იგივე დასავლეთი) დაბრუნდნენ მძიმე და დამქანცველ „სამუშაოს“, რასაც „ომი გამოფიტვაზე“ ჰქვია, ანუ ვინ დაეცემა პირველი დაღლილობისაგან და ფეხზე ვეღარ ადგება – ამტანი რუსეთი თუ უკრაინა და მისი მოუთმენელი მოკავშირეები. უეჭველია, კრემლს ამის იმედი აქვს.

ამ დღეებში ამერიკელმა სამხედრო სტრატეგოსმა ედვარდ ლუტვაკმა ხატოვნად აღნიშნა: „უკრაინა-რუსეთის ომი შევიდა ისეთ ფაზაში, რომელსაც პირობითად „მოითმინე და გაიცინე“ შეიძლება ვუწოდოთ. კიევი ბრძოლას ისეთი დიდი სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოებს, რომელმაც ვერ შეძლო უკრაინის დაპყრობა ერთ კვირაში და ახლა გაჭიანურებული საომარი მოქმედებებისათვის ემზადება“.

უკრაინელი ოფიციალური პირები თავიანთ დასავლელ კოლეგებს გადაჭარბებულ ოპტიმიზმს საყვედურობენ – რატომ გქონდათ დიდი მოლოდინი კონტრშეტევასთან დაკავშირებითო, ხოლო დასავლურ მასმედიას – ზედმეტ ენთუზიაზმს, როცა პრესაში ხშირად სასურველის სინამდვილედ წარმოჩენა ხდებოდა. სწორედ დასავლური პრესა წერდა დემორალიზებულ და მშიშარა რუს ჯარისკაცებზე, რომლებიც ბრძოლის ველიდან თურმე კუდამოძუებულები გარბიან, [უცოდინარ რუს ოფიცრებზე, რომლებსაც მეთაურობის არაფერი გაეგებათ, ჩამოწერილ საბჭოურ ტანკებზე, რომლებიც ძველი მიტოვებული საწყობებიდან გამოათრიეს და ა.შ.]. სტატიებში ოპტიმისტური ვარაუდები იყო გამოთქმული, რომ უკრაინის არმია გასული შემოდგომის წარმატებებს გაიმეორებდა.

დიახ, დასავლეთმა იმედებში გადააჭარბა, მაგრამ კიევსაც პასუხისმგებლობის თავისი წილი მიუძღვის იმ პროგნოზებში, რომელიც მოსკოვის მიერ აგებული თავდაცვითი ზღუდეების სწრაფ გარღვევას ეხებოდა.

მთელი გაზაფხულის განმავლობაში, კონტრშეტევის წინ, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი და სხვა მაღალჩინოსნები თავდაჯერებულად და მტკიცედ აცხადებდნენ შეტევის პერსპექტივაზე, რომ აი, სულ მალე დავიწყებთ გადამწყვეტ შეტევას და რუსებს კუდით ქვას ვასროლინებთო. უფრო მეტიც – კირილ ბუდანოვი აინუნშიაც არ აგდებდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნებს, რომ თავი დაენებებინა საბოლოო გამარჯვების პროგნოზებისათვის და თავისას აგრძელებდა.

მაგრამ მოდით, შევეცადოთ და რაიმე ახსნა მოვუძებნოთ ასეთ წინასწარმეტყველებას. რით იყო განპირობებული ესოდენ გაბერილი პროგნოზები? სინამდვილეში რისი გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდათ უკრაინელებს?
ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყველანაირად ცდილობდა არასაიმედო წონასწორობა რაღაცნაირად შეენარჩუნებინა. იგი დასავლეთის გასაგონად და უკრაინისადმი რწმენის განმტკიცების მიზნით ამბობდა, რომ უკრაინა გადამწყვეტი დარტყმისათვის ემზადება, მას მხოლოდ მეტი საბრძოლო მასალისა და ტექნიკის მიწოდება ჭირდება, დანარჩენს კიევი თვითონ გააკეთებდა. მაგრამ იმავდროულად პრეზიდენტის განცხადებებში ისიც გაისმა, რომ მოლოდინი გადაჭარბებული არ უნდა იყოს. მაგრამ დასანანია, რომ მან ამაზე ლაპარაკი საკმაოდ გვიან დაიწყო – ისევე როგორც თავდაცვის მინისტრმა ალექსი რეზნიკოვმა, რომელმაც მაისში „გონს მოუხმო“ და განაცხადა, რომ კონტრშეტევაზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებთო.

უკრაინის მმართველებს და მაღალჩინოსან სამხედროებს „გამამარჯვებელ აჟიოტაჟში“ მხარს უჭერდნენ გადამდგარი ამერიკელი გენერლებიც, რომლებიც საკუთარ აზრებს ხმამაღლა აცხადებდნენ – „აი, სულ მალე უკრაინის არმია [სწრაფად გაარღვევს რუსეთის თავდაცვის ხაზს და აზოვის ზღვის ნაპირებზე გაიჭრება…], დაიკავებს ყირიმს“ და ა.შ. „პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ხშირად საკუთარი სამხედრო პროპაგანდისა გვჯერა“, – ამბობს ანდრეი ილარიონოვი, ყოფილი რუსი მაღალჩინოსანი, რომელსაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან 2005 წელს მწვავე უთანხმოება მოუხდა და საზღვარგარეთ წავიდა. კრემლის მკვეთრი კრიტიკოსი შიშობს, რომ ომი ხანგრძლივი იქნება, თუ დასავლეთი მეტ გაბედულებასა და აქტიურობას არ გამოიჩენს.

უკრაინის უადგილო და უსაფუძვლო ოპტიმიზმის კიდევ ერთი მიზეზი იმით არის განპირობებული, რომ კიევმა ვერ გააცნობიერა ერთი ჭეშმარიტება: რუსეთის არმია ძალიან სწრაფად სწავლობს საკუთარ შეცდომებს და მოქმედების კურსის კორექტირებას ახდენს. კონტრშეტევის დაწყებამდე სულ რაღაც ორიოდე კვირით ადრე, ლონდონის თავდაცვითი კვლევების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) ანალიტიკოსებმა ჯეკ უოტლინგი და ნიკ რეიოლდსი გაფრთხილებით გამოვიდნენ, რომ უკრაინის არმიას წინ ბევრი სავარაუდო სირთულე და პრობლემა ელოდებოდა. ისინი წერდნენ, რომ რუსეთის ჯარი თავისსავე დაშვებულ შეცდომებზე სწავლობს და ცდილობს სწრაფად გამოასწოროს. მათ აგრეთვე აღნიშნეს, რომ რუსული ქვეითი ქვედანაყოფები ტაქტიკას ცვლიან და ამას უკრაინამ ყურადღება უნდა მიაქციოს. ბრიტანელი ანალიტიკოსები ასევე წერდნენ, რომ გაუმჯობესდა რუსული მძიმე არტილერიის მუშაობა, რომელიც უკრაინის არმიის სამიზნის აღმოჩენისთანავე სწრაფად ისვრის და მას ზუსტად ანადგურებს.

ჯეკ უოტლინგი და ნიკ რეინოლდსი მიუთითებდნენ, რომ დღეს რუს ქვეითებს სწრაფად შეუძლიათ სანგრებისა და ტრანშეების გათხრა, საბრძოლო პოზიციების ღრმად და მტკიცედ მოწყობა. მოქმედების ტაქტიკას ცვლიან რუსული მექანიზებული (სატანკო) ქვედანაყოფებიც – ჯავშანტექნიკა უსაფრთხო მანძილზე დგას და იქიდან ეხმარება ქვეითებს. რუსები ისე არ აკეთებენ, როგორც დასავლელები მოქმედებდნენ ოპერაცია „შოკისა და თრთოლის“ დროს. გარდა ამისა, რუსი ტანკისტები თავიანთ ჯავშნიან მანქანას სითბური კამუფლიაჟით ნიღბავენ, რაც ახალ მეთოდს წარმოადგენს.

არის კიდევ სხვა ტაქტიკური ხერხები, რომლებსაც რუსები მიმართავენ და უკრაინელები ყურადღებას არ აქცევენ. მაგალითად, რუსები ტოვებენ პოზიციებს, უკრაინელები მათ იკავებენ, მაგრამ ამ დროს რუსული არტილერია უკრაინელებს მჭიდრო ცეცხლით ანადგურებს და რუსები ისევ იკავებენ დატოვებულ ადგილებს. სწორედ ასეთი მომენტებისადმი უყურადღებობა, აგრეთვე რუსული გამაგრებული ზღუდეების მნიშვნელობის გაუაზრებლობა ამუხრუჭებს უკრაინის კონტრშეტევის განვითარებას.

უკრაინის არმია ამჟამად მრავალფენიან დანაღმულ ველებს აწყდება ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, სადაც უამრავი ქვეითთა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებია ჩაწყობილი.

უკრაინას მცირე დრო აქვს იმისათვის, რომ რუსეთის თავდაცვითი ზღუდეები გაარღვიოს, მით უმეტეს, რომ ბევრ ადგილზე მათი სიღრმე 30 კილომეტრზე მეტია. თეორიულად, თუ უკრაინელები კრემლის მიერ გამაგრებულ ხაზს გაარღვევენ, მათ შეუძლიათ წარმატება განავითარონ, მაგრამ ეს ამინდის გაუარესებამდე უნდა გააკეთონ (შემოდგომის წვიმებამდე სულ თვე ნახევარია დარჩენილი. მაგრამ საქმე ისაა, რომ ბრძოლები კონტრშეტევის ჩარჩოებში უკვე ორ თვეზე მეტია მიდის, უკრაინელებმა კი წინ მხოლოდ ათიოდე კილომეტრით წაიწიეს (ისიც მხოლოდ მთავარ გამაგრებულ ხაზამდე) და ვერცერთი მსხვილი დასახლებული პუნქტი ვერ გაათავისუფლეს. ყოველი კონტრშეტევის წარმატება კი იმაში გამოიხატება, რაც უფრო მეტ ტერიტორიას დაიკავებს შემტევი მხარე და მოწინააღმდეგეს მეტ ზიანს მიაყენებს. პირიქით კი ხდება: კიევმა ნაჩუქარი დასავლური მძიმე ტექნიკის მესამედზე მეტი უკვე დაკარგა, ცოცხალი ძალის მსხვერპლიც, დანაღმული ველების გადალახვის დროს, ძალიან დიდია.

რა თქმა უნდა, ფრონტზე უკრაინელი ჯარისკაცების სამხედრო სულისკვეთება ჯერ კიდევ მაღალია. მათ კარგად იციან, რომ რეზერვში მყოფი მე-10 სადესანტო კორპუსი, რომელიც დასავლეთმა მოამზადა, უკვე ფრონტზეა გადასროლილი და მისი წარმატების იმედი აქვთ. სხვათა შორის, კიევს სურდა ეს კორპუსი უფრო გვიან გამოეყენებინა – როცა ჯარი რუსების ძირითად თავდაცვის ხაზს მიუახლოვდებოდა, მაგრამ სარდლობას მისი ბრძოლაში ჩართვა უფრო ადრე მოუწია. ეს იმის აღიარებას ნიშნავს, რომ უკრაინის არმიის შეტევა ძალიან დაყოვნებით და ნელა მიმდინარეობს.

და გასაკვირიც არ არის, რომ უკრაინელები ღიზიანდებიან, როცა დასავლეთი წინსვლის დაბალ ტემპების გამო კიევს აკრიტიკებს. მაგალითად, ამას წინათ გაიჟონა ბუნდესვერის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომლის თანახმად, გერმანელი სამხედროები უკრაინელ კოლეგებს საყვედურობენ, რომ ისინი სრულად ვერ იყენებენ მათ მიერ ნატოს სტანდარტებით ნასწავლ ბრძოლის წესებს და უნარ-ჩვევებს, რაზედაც უკრაინელები პასუხობენ, რომ რუსებთან ბრძოლაში მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ, ისინი იძულებულნი არიან უარი თქვან ბრძოლის წარმოების დასავლურ მეთოდებზე – იმიტომ, რომ დასავლეთმა მათ მიერ გაწვრთნილი ქვედანაყოფები შესაბამისი იარაღით არ უზრუნველყო, რის გარეშეც ნატოს სტანდარტებით ბრძოლა შეუძლებელია (მხედველობაშია ახალი ტანკები, რაკეტები და ავიაცია).
მოკლედ, რომ ვთქვათ, დასავლეთმა თავიდანვე გაწირა უკრაინის არმიის კონტრშეტევა ჩაშლისათვის: ჯარისკაცებს ნატოს სტანდარტებით ბრძოლა სწავლა, მაგრამ ასეთი წესებით ბრძოლისათვის საჭირო შესაბამისი იარაღი და ტექნიკა არ მიუცია. გარდა ამისა, დასავლეთს ძალიან უნდოდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის შეტევა გაზაფხულზე დაეწყო და როცა მან ზაფხულისათვის გადაიტანა, ძალიან განაწყენდნენ, თანაც კიევი სულ უფრო მეტად ითხოვდა დაპირებულ იარაღს.

დღეს, როცა გარღვევის ვიზუალური ნიშნები არ ჩანს, მოვიდა დრო უკრაინელები თავიანთ საწყის პოზიციებს დაუბრუნდნენ და მომავალი სეზონის საბრძოლო მოქმედებისათვის მოემზადონ, რომელიც, სავარაუდოდ, გაზაფხულზე უნდა დაიწყოს – თუ ზამთარში ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი მოხდება. ბოლოსდაბოლოს, ის მფრინავები, რომლებიც ახლა დაიწყებენ ამერიკული „ფანტომებით“ (F-16-ებით) ფრენის შესწავლას, მზად იქნებიან მხოლოდ მომავალი გაზაფხულისათვის. მანამდე კი იქნებ ამერიკელებმა შეცვალონ თავიანთი ნეგატიური პოზიცია და კიევს შორი მოქმედების რაკეტები მიაწოდონ (თუმცა ეს საეჭვოა).

იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, მიმდინარე წლის ბოლომდე რაიმე პოლიტიკური გათვლების გაკეთება ძნელია. კიევს ისიც უნდა ახსოვდეს, რომ მომავალ წელსაც სწორედ არჩევნების მიზეზით უფრო რთულად იქნება საქმე – თეთრ სახლს ძალიან გაუჭირდება კონგრესთან უკრაინისათვის განკუთვნილი სამხედრო და ეკონომიკური დახმარების საკითხები შეათანხმოს.

როგორც ედვარდ ლუტვაკმა აღნიშნა, „უკრაინას ომიდან გამოსვლისათვის სრულიად არ ჭირდება რუსეთზე დიდი გამარჯვება. მას მხოლოდ შეუპოვრობა და ნებისყოფის სიმტკიცე დაეხმარება“. უკრაინელ ჯარისკაცს მამაცობა და შეუპოვრობა ნამდვილად არ აკლია, მაგრამ აქ საკითხი სხვაგვარად დგას: ეყოფა თუ არა თვითონ დასავლეთს ნებისყოფა და ამტანობა გამარჯვებისთვის?

წყარო

“საქართველოში უმუშევრობა მცირდება რუსეთის მოქალაქეების დასაქმებისა და საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში გასვლის გამო” – რომან გოცირიძე

საქართველოში უმუშევრობა მცირდება რუსეთის მოქალაქეების დასაქმებისა და საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში გასვლის გამო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ქმნიან ინდივიდუალურ საწარმოებს და საქართველოში დასაქმებულებად ითვლებიან.

„ჩვენ არ გვაქვს 2023 წლის სტატისტიკა, შარშან ასი ათასი ჩვენი მოქალაქე დარჩა უცხოეთში. უმუშევრობის შემცირება ნიშნავს, რომ ამ წელსაც ხდება ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდი რაოდენობით გადინება, ძირითადად იმ ადამიანებისა, რომლებიც სამუშაო ძალას მიეკუთვნებიან, ანუ ახალგაზრდა, შრომოსუნარიანი ჩვენი მოქალაქეები გადიან უცხოეთში. ეს არის მთავარი მიზეზი უმუშევრობის შემცირებისა. გარდა ამისა, უმუშევრობის შემცირების მთავარი ფაქტორი არის რუსეთის მოქალაქეების საქართველოში დასაქმება, ისინი ქმნიან ინდივიდუალურ საწარმოებს. საკმარისია, დარეგისტრირდე ინდმეწარმედ და ერთი დოლარი ჩაგერიცხოს ანგარიშზე, უკვე ფაქტობრივად ნიშნავს, რომ საქართველოში ხარ დასაქმებული. 20 ათასი ინდივიდუალური საწარმო შექმნეს ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში და გარდა ამისა, უკვე სერიოზული ბიზნესები აქვთ, როგორებიცაა შეპესეები, სადაც ასაქმებენ თავიანთ მოქალაქეებს. საქართველოში უმუშევრობა მცირდება რუსეთის მოქალაქეების დასაქმებისა და საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში გასვლის გამო“, – განაცხადა გოცირიძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.7 პროცენტი შეადგინა.