Home Blog Page 1550

უფლისციხე მსოფლიოს 115 ზღაპრულ სოფელს შორის დასახელდა

           ჟურნალმა “Architecture Desigh”-მა მკითხველ მსოფლიოს 115  ზღაპრული სოფელი გააცნო, რომლებიც გამოირჩევიან ლანდშაფტით, კულტურითა და ესთეტიკური მახასიათებლებით.

115 მსოფლიოს ზღაპრული სოფლების ნუსხაში დასახლებებეი მთელი მსოფლიოდან მოხვდა. ჩამონათვალში მოხვდა უძველესი, ულამაზესი, ქართული, კლდეში ნაკვეთი ისტორიული ქალაქი- უფლისციხე.

სიაში ასევე ვხვდებით გერმანიის, იაპონიის, ავსტრიის, ჩინეთის და სხვა ქვეყნის საოცარ ადგილებს.

წყარო: agora.ge

ილონ მასკი ინფორმაციას ავრცელებს

X-ზე, რომელიც ადრე Twitter-ის სახელით იყო ცნობილი, მომხმარებლები სხვა ანგარიშების დაბლოკვას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გაავრცელა.

მასკის თქმითვე, დაბლოკვის ფუნქციის გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირდაპირი შეტყობინებების შემთხვევაში.

დაბლოკვის ფუნქცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, კონკრეტულ ანგარიშებს მათთან წვდომა, მათ შორის, მათი პოსტების ნახვა შეუზღუდოს.

“დაბლოკვა წაიშლება როგორც „ფუნქცია“, გარდა DM-ებისა [პირდაპირი შეტყობინებებისა]”. – თქვა მასკმა სოციალურ პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტში, ხოლო მოგვიანებით დასძინა: “მას არანაირი აზრი არ აქვს”.

მასკს დაბლოკვის ფუნქციის გაუქმების მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა, აღნიშნა, რომ მომხმარებლებისთვის ე.წ. დადუმების (mute) ფუნქცია კვლავ ხელმისაწვდომი იქნება.

ნინი შერმადინი ტოპ ხუთეულშია – მომღერალი ხმის მიცემის პროცედურაზე წერს

ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტორ-შემსრულებლების კონკურსში მონაწილეობს ტოპ ხუთეულში პირველ ადგილზეა.

ამის შესახებ ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში წერს.

„ღმერთოოოოოოოოოოოოო. ტოპ ხუთეულში ვარ პირველ ადგილზე! მართლა ძალიან დიდი მადლობა ყველას! არ ვიცი! რა ვთქვა ფინალისტების ჯგუფი გამოვლინდება 24 აგვისტოს, ხმის მიცემას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ.

https://theopenact.com/2023/nini

ეს ახალი ლინკი საიდანაც შეგიძლიათ ხმის მიცემა”, – წერს მომღერალი.

,,მე ვიყავი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და ჰიპერაქტიური პოლიტიკოსი”- სააკაშვილი

გამოცემა NewsWeek საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სტატიას აქვეყნებს სათაურით – “მე ვარ ქართველი პოლიტპატიმარი. ჩემი სიკვდილი კრემლთან ჩახუტებას ნიშნავს”.

სტატიაში სააკაშვილი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა მისი დასჯა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი სიკვდილი ნიშნავს საქართველოში არა მხოლოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის დაკარგვას, არამედ ეს იქნება ის დღე, როდესაც საქართველოს მთავრობამ უარყო ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი და გადაეხვია კრემლს.

მისივე თქმით, მისი გადარჩენისთვის ბრძოლა იგივეა, რაც უკრაინის ბრძოლა, იგივეა რაც საქართველოს ბრძოლა.

იხილეთ სტატიის თარგმანი:

ერთ წელზე მეტია, ჩემი ცხოვრება ოთხ კედელს შორის გადის, ციხეში ვარ იმ ქვეყანაში, რომელიც ერთხელ, როგორც მისმა პრეზიდენტმა წარმატებამდე უკვე მივიყვანე. მოწამლულმა, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლმა და მზის შუქს მოკლებულმა, ამ დროის უმეტესი ნაწილი ავადმყოფობაში გავატარე. როგორ მოხდა ეს?

2021 წელს მე უკრაინაში პოსტ-პრეზიდენტობით ვტკბებოდი: ლამაზი სახლი, სამსახური პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციაში, ჩემი ოფისით, რომელიც მისი ოფისის თავზე მდებარეობდა.

მისი რეფორმების ოფისს ხელშესახები შედეგებით ვხელმძღვანელობდი: ანტიოლიგარქული კანონით, ახალი სამშენებლო კოდექსით და სხვადასხვა ანტიკორუფციული რეფორმებით. მე უშუალოდ მოვახსენებდი პრეზიდენტს და მისი ადმინისტრაციის ნიჭიერ უფროსს, ანდრეი ერმაკს.

მე ვიყავი ერთადერთი პოლიტიკოსი ისტორიაში, რომელსაც წარმატებული პოლიტიკური კარიერა ორ ქვეყანაში ჰქონდა, მაგრამ ეს ყველაფერი საქართველოში ჩემი წარმატების დამსახურებაა.

ჩემმა რეფორმებმა, როგორც საქართველოს ლიდერმა 2004-დან 2012 წლამდე გავატარე, ჩემი მშობლიური ქვეყანა შეუმდგარი ქვეყნიდან დემოკრატიულ სახელწიფოდ აქცია. კორუფცია თითქმის აღარ არსებობდა, რაც შესამჩნევი გარღვევა იყო იმ პერიოდის შემდეგ, როდესაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოდ ითვლებოდა.

2008 წელს ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძოდით რუსეთის წინააღმდეგ ომში, რომელიც ჩვენს დაპყრობას აპირებდა და ქართული სახელმწიფო გადარჩა.

პირველად რეგიონის ისტორიაში, 2013 წელს მე დემოკრატიულად გადავეცი ხელისუფლება ახალ მთავრობას.

მაგრამ საქართველოს უკანმოუხედავად მიტოვება არ შემეძლო. აშკარა იყო, რომ ჩემი მემკვიდრეობა განსაცვიფრებელი სისწრაფით იშლებოდა. პრაქტიკულად ყველა ინსტიტუცია, რომელიც მე ავაშენე, ნადგურდებოდა; ჩვენი ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტები ჩაიშალა, ან საერთოდ შეჩერდა.

მიმაჩნდა, რომ რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც დააფუძნა ამჟამინდელი მმართველი პარტია, სახელმწიფოს თავის საფეოდალოდ აქცევდა. რაც ყველაზე ცუდია, ის საქართველოს დასავლეთს აშორებს და რუსეთის გავლენის სფეროდ აქცევს.

მიუხედავად იმისა, რომ მე იმედი მქონდა, რომ ავაშენებდი ქვეყანას, რომელიც წაახალისებდა და გააძლიერებდა ახალ თაობას, სამწუხაროდ, დღეს ახალგაზრდები უწყვეტად ტოვებენ ქვეყანას, ხშირად სამუდამოდ.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში გადავედი, საქართველოს ხელისუფლებამ ჩამომაშორა ქართულ პოლიტიკას. მათ ჩამომართვეს მოქალაქეობა და იმედიც ჰქონდათ, რომ ჩემს წინააღმდეგ მათი ყალბი სისხლის სამართლის საქმეები უკან დაბრუნებისგან შემაჩერებდა. ვცდილობდი, დისტანციურად მებრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის, მაგალითად, ვიდეო ჩართვების საშუალებებით მივმართავდი დიდ აქციებზე შეკრებილ დემონსტრანტებს.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციას საქართველოში ზედიზედ ორი არჩევნები მოჰპარეს, ვეღარ გავუძელი შორიდან ჩემი ქვეყნის უმწეოდ დაცემის ყურებას.

საქართველოს კატასტროფული ვარდნის შეჩერების სურვილი დამეუფლა, რასაც თან ერთოდა ჩემი მშობლიური საქართველოს მიმართ აუტანელი ნოსტალგია. ღამით მე მტანჯავდა ოცნებები იმ ბინაზე, რომელშიც ბავშვობა გავატარე.

ამიტომ, როცა 2021 წელს ადგილობრივი არჩევნები მოახლოვდა, გადავწყვიტე წავსულიყავი რისკზე. მთავრობამ გარკვევით მითხრა, რომ თვითმფრინავით არ შემომიშვებდნენ. ამიტომ ფარულად ჩავჯექი სატვირთო მანქანაში, რომელსაც საქართველოში რძის პროდუქტები გადაჰქონდა.

ვიცოდი, რომ დამიჭერდნენ, მაგრამ იმედი მქონდა, რომ ეს არჩევნებიდან ერთი დღის შემდეგ მოხდებოდა. თუმცა, როგორც კი გავრცელდა ჩემი ჩამოსვლის ამბავი, მაშინვე დამატყვევეს და ციხეში გამომკეტეს.

პირველივე დღეს დავიწყე შიმშილობა. მალე თბილისში ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ბოლო ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქცია გაიმართა.

ვფიქრობ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჩემი დასჯა. ისინი ცდილობდნენ ჩემ გადაყვანას საქართველოში ყველაზე უარყოფითი სახელის მქონე ციხის საავადმყოფოს ფლიგელში, რომელიც სავსე იყო ორგანიზებული დანაშაულის მონაწილე, მოძალადე ელემენტებით, რომლებიც ჩემი მმართველობის დროს დააპატიმრეს.

მე შეძლებისდაგვარად გავუწიე წინააღმდეგობა, მაგრამ დაცვამ ძალით გამათრია დერეფნებში, როცა გავეშებული პატიმრები საკნებიდან ჩემს სახელს ყვიროდნენ და სიკვდილით მემუქრებოდნენ.

10 დღე ვიჯექი ამ „საავადმყოფოში“, ტელევიზორის გამორთვა არ შემეძლო, რადგან სხვა პატიმრებისგან ჩემი დაშინებისკენ მიმართული ღრიალი მესმოდა. მძიმედ ავად გავხდი. მოგვიანებით, ამერიკელმა ექიმებმა, რომლებიც ჩემთან საერთაშორისო ზეწოლის შედეგად შემოუშვეს, მითხრეს, რომ მოწამლული ვიყავი, რასაც საქართველოს ხელისუფლება უარყოფს.

საერთაშორისო ზეწოლის გამო, მთავრობამ საბოლოოდ გადამიყვანა სამოქალაქო საავადმყოფოში, სადაც ბოლო ერთი წელია ვიმყოფები. თუმცა, ჩემი ჯანმრთელობა კიდევ უფრო გაუარესდა.

საავადმყოფოში, მიუხედავად ჩემი ავადმყოფობისა, მე მქონდა დრო, რომ მეფიქრა, მეფიქრა იმაზე, რაც ვისწავლე ჩემი მძიმე მდგომარეობიდან. პატიმრობამდე ყოველთვის მოძრაობაში მყოფი ადამიანი ვიყავი. ჩემი აზრით, მე ვიყავი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და ჰიპერაქტიური პოლიტიკოსი – ალბათ მხოლოდ ზელენსკის შემდეგ.

ახლა პატარა, ჩაკეტილ სივრცეში ვზივარ. პატიმრობის პირველი 18 თვის განმავლობაში მზის შუქსაც ვერ ვხედავდი. ამ ყველაფერმა იმოქმედა ჩემს ცხოვრებისეულ შეხედულებებზე.

ბავშვობიდან სამყაროს ყოველთვის დიდი მასშტაბით ვხედავდი. ჯერ მოდიოდა მსოფლიოს მდგომარეობა, ეროვნული მისწრაფებები, ისტორიის მსვლელობა. პირადი ცხოვრება ყოველთვის ბოლო ადგილზე იდგა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ადამიანების უმეტესობა სხვანაირად ხედავს ყველაფერს.

ჩვეულებრივი ადამიანისთვის, მათი მთავარი საზრუნავი შეიძლება იყოს სამსახურის დაკარგვა, ოჯახის წევრის ჯანმრთელობა, ან იღებს თუ არა მათი შვილი სკოლაში კარგ შეფასებებს. ჩვეულებრივი ადამიანისთვის, გრანდიოზულ გეგმებს, როგორც ასეთი, არ აქვს მნიშვნელობა.

ცხოვრებაში პირველად, 50 წლის გადაბიჯების შემდეგ, ვაფასებ ჩემი ოჯახის მნიშვნელობას. როდესაც პოლიტიკა მთელი ჩემი ცხოვრება იყო, მე მიყვარდა ჩემი ოჯახი, მაგრამ ქვეცნობიერად მათ უფრო დიდი მისწრაფებების შემაფერხებლად ვთვლიდი.

ახლა, ჩემი მთავარი აზრები ხშირად არ არის ახალი ამბები, რომლებსაც ტელევიზორში ვხედავ, არამედ ის, თუ რამდენად კარგად მიმდინარეობს ჩემი თინეიჯერი ვაჟის საზაფხულო ენის კურსი. ჩემი მოწამვლის შემდეგ დედაჩემს ყოველდღიურად მოაქვს საკვები საავადმყოფოში. ჩვენს ყოველდღიურ საუბრებში ჩვენ განვავითარეთ ისეთი დედაშვილური კავშირი, როგორიც არასდროს გვქონია, მაშინაც კი, როცა პატარა ვიყავი.

მოკლებული ჩემი ძველი ცხოვრების კომფორტს, მოვედი იმ იაფფასიან ჩაიმდე, რომელსაც ვსვამ საავადმყოფოს ოთახში პლასტმასის ჭიქიდან,

სახლში მომზადებულ უბრალო საკვებს, რომელიც დედაჩემს მოაქვს, მზის შუქი, რომელსაც დილით ჩემი პატარა გისოსებიანი ფანჯრიდან ვხედავ. ეს ყველა გაკვეთილი წამყვება მაშინაც კი, როცა თავისუფლებას მივაღწევ.

ერთი წლის წინ იყო დრო, როცა ჩემი ჯანმრთელობა მკვეთრად უარესდებოდა და სიკვდილი გარდაუვალი იყო, როცა ვნანობდი საქართველოში დაბრუნებას. მეგონა, თუ ამ განსაცდელს გადავურჩებოდი, თავისუფლების გემოს თუ კიდევ გავიგებდი, სამუდამოდ დავტოვებდი ქართულ პოლიტიკას.

მაგრამ მაშინაც კი, როცა ვცადე ქართული პოლიტიკისთვის ზურგი მექცია, ქართული პოლიტიკა ისევ ჩემთან ბრუნდებოდა. მე მივხვდი, რომ როგორც პატიმარს, რომელსაც აქვს შეზღუდული კონტაქტი გარე სამყაროსთან, გადამწყვეტი როლი მაქვს შესასრულებელი საქართველოს მომავალში, როლი, რომელსაც უბრალოდ ვერ დავტოვებ.

ევროპარლამენტის პოლონელმა დეპუტატმა რადეკ სიკორსკიმ პირდაპირ განაცხადა: „თუ პრეზიდენტი სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდება, ასევე მოუვა საქართველოს ევროპულ პერსპექტივასაც“.

ვისურვებდი, რომ სხვაგვარად ყოფილიყო, მაგრამ ვშიშობ, რომ ის შეიძლება მართალი იყოს.

ჩემი სიკვდილი ნიშნავს საქართველოში არა მხოლოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის დაკარგვას, არამედ ეს იქნება ის დღე, როდესაც საქართველოს მთავრობამ უარყო ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი და გადაეხვია კრემლს.

დღეს ჩემი გადარჩენისთვის ბრძოლა იგივეა, რაც უკრაინის ბრძოლა, იგივეა რაც საქართველოს ბრძოლა.

ასე რომ, ახლა ჩემი ყველაზე დიდი ამბიცია აღარ არის ახალი ქალაქების აშენება, ქვეყნის ინსტიტუტების რეფორმა ან არჩევნების მოგება. ჩემი მიზანი ახლა ცოცხალი დარჩენაა.

იმიტომ, რომ სანამ გადავრჩები, თუნდაც ამ პირობებში, იმედისა და გამძლეობის გზავნილს ვუგზავნი მათ, ვინც იბრძვის ამ კედლების მიღმა, შეინარჩუნონ დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველო და წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის იმპერიულ ამბიციებს აქ, უკრაინაში და ყველგან.

ტელევიზიით ვხედავ საოცარ პრეზიდენტ ზელენსკის. მე ვხედავ კიევის მაცხოვრებლებს, ვხედავ უკრაინელ ლიდერებს, რომლებმაც გადაარჩინეს თავიანთი ქვეყანა და მიიყვანენ მას გამარჯვებამდე.

მე ვიცი, რომ ციხეში რომ არ ვიყო, იქ ვიქნებოდი, იმ ტელესტუდიებში, იმ შეხვედრების ოთახებში, გეოპოლიტიკის ფრონტზე და მნიშვნელოვანი ცვლილებების სადარაჯოზე. ის, რომ მე არ შემიძლია მოქმედება, ჩემი ყველაზე დიდი სასჯელია.”

საქართველოს რკინიგზა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ტექნიკური პრობლემა შეექმნა თბილისიდან ფოთში მიმავალ მატარებელს, რის გამოც ამ წუთებში შემადგენლობა გაჩერებულია სადგურ რიონში.

საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს აღნიშნული მატარებლის მოძრაობის განახლება, თუმცა, კომპანია ასევე მზადაა, მგზავრების დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად მათი ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანა უზრუნველყოს. საქართველოს რკინიგზა თითოეულ მგზავრს მგზავრობის საფასურს სრულად აუნაზღაურებს,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

გვსურს გამოვეხმაუროთ, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით გასულ სიუჟეტს, რიკოთის მაგისტრალური გზის შესახებ, პარტია „ლელოს“ მორიგ ცრუ ბრალდებებთან დაკავშირებით. პოლიტიკური პარტიის მხრიდან რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობასთან დაკავშირებულ ტყუილ ბრალდებებს უკვე კამპანიური ხასიათი აქვს, ხოლო ტელეკომპანია უზრუნველყოფს ამ ცრუ ბრალდებების ცალმხრივად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის პოზიციის გარეშე, გაშუქებას. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აბსოლუტური ტყუილია, თითქოს რიკოთის გზის ზესტაფონის (სოფელ ფუთთან არსებულ) მონაკვეთზე სამუშაოებს იტალიური კომპანია „ასტალდი“ აწარმოებდა.

„იტალიური კომპანია, რომელთანაც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტა, მუშაობდა ჩუმათელეთი-ზემო ოსიაურის მონაკვეთზე, რომელიც დაახლოებით 50 კმ-ით არის დაშორებული სოფელი ფუთიდან.

როგორც გასულ ორშაბათს განვმარტეთ, გვირაბების ბურღვის მეთოდით გაყვანა, პროექტის განვითარების არცერთ ეტაპზე არ განხილულა. პროექტის მიხედვით, გვირაბების გაყვანა, თავიდანვე, ე.წ. NATM მეთოდით, ბურღვა-აფეთქებით, იყო გათვალისწინებული. იტალიურ კომპანიასთან ხელშეკრულება 2018 წელს შეწყდა, ხოლო 2022 წელს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კომპანიასთან წარმოებული დავა, საერთაშორისო არბიტრაჟში მოიგო და სახელმწიფოს უკვე დაუბრუნდა 70 მილიონი ლარი.

ასეთივე აბსურდულია გავრცელებული ინფორმაცია იაპონურ კომპანიასთან დაკავშირებით. არანაირი იაპონური კომპანია რიკოთის რომელიმე მონაკვეთის მშენებლობაში ჩართული არ ყოფილა და შესაბამისად, არც უარი არ უთქვამს.

რაც შეეხება, სოფელ ფუთის მოსახლეობის წუხილებს, გასული კვირის ხუთშაბათს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება. განცხადებაში დაწვრილებით იყო მოცემული ინფორმაცია სოფელში მდებარე საცხოვრებელი სახლების ტექნიკური მდგომარეობისა და ვიბრაციების მაჩვენებლის დადგენის მიზნით, რამდენიმე წლის განმავლობაში ჩატარებული არაერთი კვლევის შესახებ.

კვლევებით არ დადგინდა საცხოვრებელ სახლებზე მშენებლობის ზემოქმედება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნათელია, რომ როგორც პოლიტიკური პარტიის, ისე ტელეკომპანიის მხრიდან, ტყუილი ბრალდებების გავრცელების ერთადერთი მიზანი, პროექტის და სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

,,უკრაინელები შვედურ ავიაგამანადგურებლებზე სწავლებას უკვე გადიან” – ზელენსკი

უკრაინელები შვედურ ავიაგამანადგურებლებზე სწავლებას უკვე გადიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტოკჰოლმში შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

“თვითმფრინავები Gripen – შვედეთის სიამაყეა. დარწმუნებული ვარ, რომ Gripen შეძლებენ ჩვენი თავისუფლება გაცილებით უფრო დაცული გახადონ. უკრაინელების, ჩვენი პილოტების, მონაწილეობით Gripen-ის სატესტო წვრთნები უკვე დაიწყო”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრთან დეტალურად განიხილა სამომავლო ნაბიჯები Gripen თვითმფრინავების მიღების შესაძლებლობის შესახებ.

“შევხვდები პარლამენტის სპიკერს, საპარლამენტო ძალების წარმომადგენლებს და წამოვწევ ამ საკითხს, როგორც ერთ-ერთი საკვანძოს ჩვენი ცის დასაცავად”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ნიკოლოზ ჩალაძის ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება

შოვის ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლის გარდაცვალება დადასტურდა. 36 წლის ნიკოლოზ ჩალაძის ცხედარი მეუღლემ, თავისივე ნაჩუქარი ჯვრით ამოიცნო.

ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას ოჯახის დახმარებას სთხოვს.

ნიკოლოზს დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. ხუთი წლის დემეტრეს ახლაც ჰგონია, რომ მამა სამსახურშია და ელოდება…

წლინახევრის დათუჩას აქვს დაუნის ტრისომალური ფორმა, მას განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება. ბავშვები სოციალურ შემწეობას იღებენ. ნიკოლოზს მუდმივი სამსახური არ ჰქონდა, ის მუშაობდა მშენებლობებზე და ტრაგედიის დღესაც სწორედ სამუშაოდ იმყოფებოდა შოვში.

შოვის ტრაგედიამ უამრავი ადამიანი გააერთიანა, სოლიდარობის არაერთი მაგალითი ვიხილეთ.

ახლაც, ამ ოჯახს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება, გავერთიანდეთ ნიკოლოზის ოჯახის მხარდასაჭერად, თქვენს მიერ გაღებულ თითოეულ ლარს შეუძლია შეცვალოს ბავშვების მომავალი“ – წერს ჯგუფში „რაჭა“ ეკატერინე კიბაბიძე.

ლიბერთი ბანკი

ანგარიშის ნომერი #GE72LB0711182522606000

მიმღები: ეკა გოგლიძე (ნიკოლოზის მეუღლე)

#შოვისტრაგედია

#ნიკოლოზისოჯახისთვის

ზაზა მესხის უფროსი ბიჭის გარდაცვალება დადასტურდა

დადასტურდა 3 აგვისტოს კურორტ შოვში, სტიქიის დროს დაკარგული ზაზა მესხის უფროსი შვილის გარდაცვალება.

ბიჭის დედა, ცინტა დეპონი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას და წერს, რომ ბავშვის ცხედარი დნმ ანალიზის საფუძველზე ამოიცნეს:

„ნაპოვნია და დნმ-ანალიზით დადასტურდა ჩემი და ზაზა მესხის უფროსი ბიჭის გარდაცვალება. ტანსაცმლის, სიმაღლის და კბილების მიხედვით პოლიციასთან ერთად დავასკვენით, რომ ის უნდა იყოს ჩემი ორი დაკარგული ბიჭიდან ერთ-ერთი, უფროსი ბიჭი. მშვიდობით განისვენოს. და მინდა გავიმეორო ჩემთვის მნიშვნელოვანი თხოვნა: გთხოვთ, არ გააზიაროთ ბავშვების სახელები სოციალურ ქსელებში“.

ზაზა მესხი ოჯახთან ერთად შოვში ისვენებდა. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი ორი არასრულწლოვანი შვილი, მეუღლე, ალინა პოლიკოვსკა და მისი შვილი.

ალინა პოლიკოვსკას ცხედარი მაშველებმა 5 აგვისტოს იპოვეს. მაშველები კვლავაც ეძებენ ზაზა მესხს, მის არასრულწლოვან შვილსა და ალინა პოლიკოვსკას ასევე არასრულწლოვან ბიჭს.

ღვარცოფი რაჭაში, შოვში, 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 3 საათისთვის მოვარდა. ამ დრომდე ნაპოვნია სტიქიის შედეგად დაღუპული 27 ცხედარი. დაკარგულია 6 ადამიანი.

პირდაპირი ვიქნები, კონტრშეტევა ჩავარდა – კონგრესმენი ენდი ჰარისი

“რესპუბლიკელმა” კონგრესმენი ენდი ჰარისი წარმომადგენელთა პალატის კონსერვატორთა შორის უკრაინის დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი იყო, თუმცა წარმომადგენელთა პალატის უკრაინის მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე სულ უფრო მეტად ხედავს უკრაინის ბრძოლას, როგორც გამოუვალ მდგომარეობას, – წერს ამერიკული გამოცემა POLITICO.

ენდი ჰარისმა თავის ამომრჩევლებს განუცხადა, რომ დროა, აშშ-ის პირდაპირი დახმარება უკრაინისათვის შეწყდეს.

“ეს უფრო ჩიხია? უნდა ვიყოთ თუ არა რეალისტები? მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ალბათ ასეც უნდა მოვიქცეთ”, – აღნიშნა კონგრესმენმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის კონტრშეტევა მიზნად ისახავდა ომის მსვლელობის შემობრუნებას.

“პირდაპირი ვიქნები: ეს [კონტრშეტევა] ჩავარდა. დარწმუნებული აღარ ვარ, რომ მისი მოგება შეიძლება”, – განაცხადა ენდი ჰარისმა.

გამოცემა POLITICO წერს, რომ გარდა იმისა, რომ კონგრესმენი ენდი ჰარისი წარმომადგენელთა პალატის უკრაინის მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეა, დედამისი უკრაინელია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კომუნისტური აღმოსავლეთ ევროპიდან გაიქცა.

ენდი ჰარისი მტკიცედ უჭერდა მხარს ვოლოდიმირ ზელენსკის ომის პირველ თვეებში და გასულ წელს კონგრესში მხარი დაუჭირა უკრაინისათვის დახმარების დიდი პაკეტის გამოყოფას.

“ვფიქრობ, დადგა დრო, რეალისტურად მოვითხოვოთ სამშვიდობო მოლაპარაკებები. მე ვიცი, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ეს არ სურს. მაგრამ პრეზიდენტი ზელენსკი, ჩვენი დახმარების გარეშე, საშინლად წააგებდა ომს. და ჩვენი დახმარებით ის ვერ იმარჯვებს. ახლა ვითარება ჩიხშია”, – დასძინა მან.

19 აგვისტოს საღამოდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

19 აგვისტოს საღამოდან საქართველოში ამინდი გაუარესდება  – გაფრთხილება გარემოს დაცვის სააგენტომ გაავრცელა.

“19 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კავკასიონის ჩრდილოეთ მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა გააქტიურება გამოიწვიოს,” – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

რუსეთის მიერ ქალაქ ჩერნიგოვის დაბომბვის შედეგად  7 ადამიანი დაიღუპა, 90 დაშავდა 

რუსეთის მიერ ქალაქ ჩერნიგოვის დაბომბვის შედეგად დაიღუპა შვიდი და დაშავდა 90 ადამიანი. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა მინისტრზე, იგორ ლიმენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაშავებულთა შორის 12 ბავშვია.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ჩერნიგოვის ცენტრზე დარტყმა, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტით განხორციელდა. დაზიანებულია ქალაქის დრამატული თეატრი.

„შაბათის ჩვეულებრივი დღე, რომელიც რუსეთმა ტკივილისა და დანაკარგის დღედ აქცია. არიან დაღუპულები და დაშავებულები. ჩემი სამძიმარი ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა“, – ასე გამოეხმაურა დარტყმას სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც დღეს შვედეთში გაემგზავრა.

უკრაინული მედიის ცნობით, დარტყმის დროს ჩერნიგოვის ცენტრში მდებარე დრამატულ თეატრში დრონების მწარმოებლებისა და აეროდაზვერვის სკოლების წარმომადგენელთა შეხვედრა იმართებოდა.