Home Blog Page 155

პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედების შედეგად, რამდენიმე საპარლამენტო ინსტრუმენტი გაუქმდება

პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედების შედეგად, რამდენიმე საპარლამენტო ინსტრუმენტი გაუქმდება.

უქმდება „მინისტრის საათი“, რა ფორმატშიც მთავრობის წევრები წელიწადში ერთხელ პარლამენტის წინაშე გაწეული მუშაობის ანგარიშით გამოდიოდნენ და დეპუტატების შეკითხვებს პასუხობენ.

საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ „მინისტრის საათი“ საპარლამენტო კონტროლის არაეფექტიანი მექანიზმი იყო. მათივე განმარტებით, „მინისტრის საათის“ სანაცვლოდ, ახალი რეგლამენტით ინტერპელაციების გამართვის ინტენსივობა გაიზრდება და პარლამენტის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, მთავრობის ნებისმიერი წევრის და სხვა ანგარიშვალდებული პირებისგან პლენარული სხდომების ყოველ კვირაში კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხები მოისმინონ.

ცვლილებები პარლამენტის სათათბირო ორგანოებსაც შეეხება – უქმდება ღია მმართველობის, ბავშვის უფლებათა დაცვის და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოები. როგორც რეგლამენტის პროექტის თანდართულ განმარტებით ბარათშია აღნიშნული, იმის მიუხედავად, რომ მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოები საკონსულტაციო ფორმატით ფუნქციონირებდნენ, ისინი კომიტეტების ფუნქციებს ითავსებდნენ, რაც მათ სამართლებრივ სტატუსს არ შეესაბამებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოების საპირწონედ, პარლამენტის „სხვა დროებითი კომისიების“ საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები დაიხვეწა და დროებით კომისიასთან დაკავშირებული ნორმების ახლებურად განსაზღვრა შესაძლებელს ხდის, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები დროებითი კომისიის ინსტრუმენტის გამოყენებით იქნას შესწავლილი.

პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში თემატური მოკვლევის ინსტიტუტი აღარ იარსებებს – ახალი რეგლამენტის პროექტით, პარლამენტში თემატური მოკვლევის მექანიზმი უქმდება.

გარდა ამისა, კომიტეტებს აღარ მოუწევს სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, რომლის შედგენა, მომზადება და პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნება მათი ყოველწლიური ვალდებულება იყო.

ასევე, თუკი რეგლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციით, კომიტეტი ვალდებული იყო კანონის პროექტზე თემატური მომხსენებელი დაენიშნა, რეგლამენტის ახალი რედაქციით, ეს ვალდებულებაც უქმდება. თემატური მომხსენებლის განსაზღვრა კომიტეტის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

ახალი რეგლამენტის ამოქმედება 2025 წლის 1 ივლისიდან იგეგმება.

ახალი რეგლამენტის ამოქმედებისთანავე მოქმედი – 2018 წელს მიღებული რეგლამენტი ძალადაკარგულად გამოცხადდება.

დაპირება იყო, რომ ოპოზიცია ქედსაც მოხრის, თავსაც დახრის და ყურსაც მოიჭრის, თუ შერჩეული იქნება არა „ქართული ოცნება“, არამედ მათი ალტერნატივა რადიკალური ოპოზიციის სახით- გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, დაპირება იყო, რომ ოპოზიცია ქედსაც მოხრის, თავსაც დახრის და ყურსაც მოიჭრის, თუ შერჩეული იქნება არა „ქართული ოცნება“, არამედ მათი ალტერნატივა რადიკალური ოპოზიციის სახით.

გია ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბარში ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

„საქართველო ევროპული ქვეყანაა, რომელიც ბოლო 13 წლის განმავლობაში, პოზიტიური ტენდენციების განვითარებით, მსოფლიოს ათეულშია და მას, რომ ისეთი პრეტენზიები წაუყენო, რომ ევროინტეგრაციას ასცდა და მით უმეტეს, რომ არჩევნები გააყალბა და ოპოზიციას ავიწროებს, ეს არის არათუ ორმაგი სტანდარტი, არამედ გაუგონარი უსამართლობა, რომელსაც წინ რაღაც ქედმოხრილ პოზიციაში ვერ დავუდგებით. დაპირება იყო, რომ ქედსაც მოიხრიან, თავსაც დაუხრიან და ყურსაც მოიჭრიან, თუ შერჩეული იქნება არა „ქართული ოცნება“, არამედ მათი ალტერნატივა რადიკალური ოპოზიციის სახით. ეს ფორმულა ჩანს, როცა როცა პარტნიორს და რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელს ესაუბრები, ჩვენს უკან რადიკალური ოპოზიცია დგას, რომელიც თავის თავს სთავაზობენ ნებისმიერი დავალების მონურ შემსრულებლად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 12 აპრილს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7558 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7558 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7573 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1259 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.0518 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0741 ლარი შეადგინა

სააკაშვილო, ლედი აფრასიძე არის შენი განაჩენიც და სასჯელიც, ეს ბავშვები გადარჩნენ და აგრძელებენ ქვეყნისთვის სიცოცხლეს -თეა წულუკიანი

სააკაშვილო, ლედი აფრასიძე არის შენი განაჩენიც და სასჯელიც, ეს ბავშვები გადარჩნენ და აგრძელებენ ქვეყნისთვის სიცოცხლეს, – ასე მიმართა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარე თეა წულუკიანმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს ბავშვები ააშენებენ უკეთეს საქართველოს, რომლის ნგრევასაც სააკაშვილი თავის მინისტრებთან ერთად ცდილობდა.

„სააკაშვილო, ლედი აფრასიძე არის შენი განაჩენიც და სასჯელიც, რადგან ეს ბავშვები გადარჩნენ და ცოცხალია გიორგი აფრასიძეც. მათ ჰყავთ კიდევ ორი დედმამიშვილი და ეს ბავშვები აგრძელებენ ქვეყნისთვის სიცოცხლეს, გიორგი ბარამიძის ნებისდა მიუხედავად. ისინი ააშენებენ უკეთეს საქართველოს, რომლის ნგრევასაც სააკაშვილი თავის მინისტრებთან ერთად ცდილობდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომისიის წევრებმა მოისმინეს ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტებზე.

2004 წლის 24 მარტს, 07:00 საათზე, სვანეთის სოფელ ეცერში, შსს-სა და უშიშროების ასეულობით თანამშრომლის მონაწილეობით, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპერაცია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების დაკავებას უკავშირდებოდა. სპეცოპერაციის დროს ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს. გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააკავეს, მათ 19 და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ძმებმა საპყრობილე 2013 წელს, ამნისტიის საფუძველზე დატოვეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში, „რამშტაინის ფორმატის“ მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბელგიის სამეფოში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში „რამშტაინის ფორმატში“ გამართულ რიგით 27-ე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრას დაესწრნენ ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები.

საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ჰილიმ და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გახსნეს.

სხდომის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს და უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სასწრაფო მხარდაჭერის საჭიროებებზე იმსჯელეს.

„რამშტაინის ფორმატი“ ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა, 2025 წლის 13 თებერვლიდან კი მას გაერთიანებული სამეფო გერმანიასთან ერთად უწევს კოორდინაციას.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ბარამიძემ მეზობლის ქალებისთვის გაბედა ეთქვა, სვანებმა კარგი კუბდარის გამოცხობა იცით და იქნებ გაგვიმასპინძლდეთო – წინ სახლი იწვოდა, სადაც ევგენი აფრასიძე იყო და გვერდით ომეხ აფრასიძის ცხედარი იყო დაცხრილული -ლედი აფრასიძე

“ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ლედი აფრასიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2004 წლის 24 მარტს მის ოჯახში ჩატარებული ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის დეტალები გაიხსენა, კერძოდ კი, იმდროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ, გიორგი ბარამიძის შესახებ ისაუბრა. როგორც ლედი აფრასიძემ აღნიშნა, ბარამიძემ იმ დროს, როდესაც მის წინ სახლში ევგენი აფრასიძე იწვოდა, ხოლო გვერდით, დაცხრილული ომეხ აფრასიძის ცხედარი იყო, აფრასიძეების სახლთან შეკრებილ მეზობლებს სთხოვა, სპეცოპერაციაში მონაწილე ადამიანებს კუბდარით გამასპინძლებოდნენ, რასაც არაერთი მოწმე ადასტურებს.

“სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, როდესაც ცეცხლი ეკიდა სახლს და ბაბუაჩემის ცხედარი იწვოდა, ამ დროს ბარამიძე, რომელიც დღეს ბედავს და ამბობს, რომ ვითომ არ ესწრებოდა ამ სპეცოპერაციას, სინამდვილეში იქ ბრძანდებოდა და ამას კადრებიც ადასტურებს, ასევე ადასტურებს მეზობლების ჩვენებებიც, რომლებიც ჩვენს სახლთან სპეცოპერაციის შემდეგ იყვნენ. რაც შეეხება კუბდარის საკითხს, გიორგი ბარამიძე იდგა ჩვენს სახლთან და მეზობლის ქალებისთვის, ვინც შეკრებილები იყვნენ, გაბედა ეთქვა, სვანებმა კარგი კუბდარის გამოცხობა იცით და იქნებ აქ მყოფ ადამიანებს გაგვიმასპინძლდეთო – ესეც კი იკადრა, მაშინ, როდესაც წინ სახლი იწვოდა, სადაც ევგენი აფრასიძე იყო და გვერდით ომეხ აფრასიძის ცხედარი იყო ქუჩაში დაცხრილული. ის უკადრისობს და უარყოფს ამ ფაქტებს, თუმცა, ამ ფაქტის ძალიან ბევრი მოწმე არსებობს.” – განაცხადა ლედი აფრასიძემ.

 ადეიშვილმა და მერაბიშვილმა საზოგადოებას ამცნეს, რომ აფრასიძეების ეზოში იპოვეს რვა გვამი, თუმცა მალე დადასტურდა, რომ ძვლები, რაც იქ აღმოაჩინეს, მე-19 საუკუნის ნეშტები იყო -ლედი აფრასიძე

ჩვენი სახლიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში იყო მე-19 საუკუნის საგვარეულო სასაფლაო, რომელიც გათხარეს, იქიდან აიღეს ძვლების ფრაგმენტები და წაიღეს ექსპერტიზაზე, – ამის შესახებ სვანეთში, 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ევგენი აფრასიძის შვილიშვილმა, ლედი აფრასიძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

ლედი აფრასიძის თქმით, ძვლების ექსპერტიზაზე გადაგზავნის პარალელურად, ადეიშვილმა და მერაბიშვილმა საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აფრასიძეების ოჯახში იპოვეს გვამები, რომლებიც იმ პერიოდში გატაცებულ ადამიანებს ეკუთვნოდათ.

„პარალელურად, როდესაც ეს ხდებოდა, ბრიფინგი ჩაატარეს ზურაბ ადეიშვილმა, ვანო მერაბიშვილმა და საზოგადოებას ამცნეს, რომ აფრასიძეების ეზოში იპოვეს რვა გვამი, რომელიც ეკუთვნოდათ იმ პერიოდში გატაცებულ ადამიანებს. ძალიან მალე დადასტურდა, რომ ძვლები, რაც იქ აღმოაჩინეს, მე-19 საუკუნის ნეშტები იყო“, – აღნიშნა ლედი აფრასიძემ.

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა: აშშ-ის ტარიფები: ლარის კურსზე უფრო ნეიტრალური, ხოლო ზრდაზე ზომიერად უარყოფითი

გასული კვირის განმავლობაში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები ერთ-ერთ ყველაზე განხილვად საერთაშორისო თემად იქცა. სატარიფო პოლიტიკის მრავალჯერადი ცვლილების პარალელურად, გლობალურ ბაზრებზე გაურკვევლობის დონე მნიშვნელოვნად არის მომატებული. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჩვენც, როგორც სხვა ეკონომისტები მსოფლიოს მასშტაბით, მოსალოდნელი ეფექტების შეფასებას შევეცდებით. ტარიფების დაწესება, თავისთავად, გასაკვირი არავისთვის ყოფილა – 10-20%-იანი უნივერსალური ტარიფი და შედარებით მაღალი გადასახადი ცალკეული ქვეყნისთვის პრეზიდენტ ტრამპის ჯერ კიდევ წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა. მაშინ, რა შეიცვალა და რას ნიშნავს მიმდინარე მოვლენები ლარი/ევრო/დოლარის არჩევანის სტრატეგიისა და საქართველოს ეკონომიკისთვის?

უპირველეს ყოვლისა, გვსურს დავუბრუნდეთ ჩვენს ნოემბრის პუბლიკაციას „აშშ-ის არჩევნები და ლარი/ევრო/დოლარის სტრატეგია”, სადაც სწორედ ამავე თემებზე გვქონდა საუბარი. შეგახსენებთ, რომ, არჩევნების შემდეგ, აშშ დოლარი მნიშვნელოვნად გამყარდა, რისი მიზეზიც აშშ-ში, ძლიერი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების ფონზე, სავაჭრო ბალანსის პოტენციური გაუმჯობესებისა და საპროცენტო განაკვეთების მაღალ დონეზე შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნების მოლოდინები იყო. თუმცა, ბოლო პერიოდში მოლოდინები, სავაჭრო ომის მზარდი საფრთხის შედეგად, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი შენელებისკენ შეიცვალა, რაც, ფედერალურ სარეზერვო სისტემაზე პოლიტიკური გავლენების შესაძლო ზრდასთან ერთად, ჩვენს პუბლიკაციაში ერთ-ერთ უმთავრეს რისკად იყო გამოყოფილი. შედეგად, აშშ-ში, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებულ დონეზე შენარჩუნების ნაცვლად, ტარიფებისგან გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის მიუხედავად, საპროცენტო განაკვეთის შემცირების ალბათობა გაიზარდა, რასაც აშშ დოლარის გაუფასურება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ, ნოემბრის მსგავსად, აშშ დოლარის დინამიკა ჯერჯერობით მხოლოდ მოლოდინების ცვლილებას ასახავს. შესაბამისად, პროგნოზის კუთხით მთავარი რისკი სწორედ ამ მოლოდინების მატერიალიზების ხარისხს უკავშირდება. აგრეთვე, ჩვენი პუბლიკაციიდან კვლავ გამოვყოფთ არგუმენტს, რომ, მართალია ტარიფები როგორც აშშ-ში, ასევე დანარჩენ მსოფლიოში, დიდი ალბათობით, ეკონომიკური ზრდის შენელებას გამოიწვევს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, სად შემცირდება ზრდა მეტად. როგორც აშშ დოლარის გაუფასურებიდან ირკვევა, ამჟამად ბაზარი აშშ-ზე უფრო ძლიერ დარტყმას ელის, ეს კი მომდევნო თვეებში, შესაძლოა, შეიცვალოს. რაც შეეხება ჩვენს მოლოდინებს, მოკლევადიან პერიოდში ევროს მნიშვნელოვანი ცვლილება ჩვენი საბაზო სცენარი არ არის. საშუალოვადიან პერიოდში კი, რომელიც ლარი/დოლარი/ევროს არჩევანის სტრატეგიის მთავარ ფოკუსს წარმოადგენს, კვლავ ევროს გამყარებაა მოსალოდნელი, რადგან, ჩვენი შეფასებით, ევრო/დოლარი საშუალო-გრძელვადიან ტრენდთან შედარებით ჯერ კიდევ სუსტი რჩება, მათ შორის, უკვე შედარებით ნაკლებად, თუმცა საქართველოსთვის რისკიანობისა და ეკონომიკური კავშირების თავისებურებების გათვალისწინებითაც.

საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის კუთხით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ საბოლოოდ რა ფორმას მიიღებს აშშ-ის სატარიფო პოლიტიკა და შესაბამისი საპასუხო ზომები, რადგან ამ ეტაპზე მდგომარეობა, ფაქტობრივად, ყოველდღიურად იცვლება. გარდა ამისა, შოკის კომპლექსურობისა და მრავალწახნაგოვნებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია მასშტაბური მეორადი ეფექტები. მიუხედავად ამისა, გამოვყოფთ გავლენის ძირითად არხებს.

საქართველო, როგორც მცირე ზომის ღია ეკონომიკა, საგარეო გარემოს ცვლილების მიმართ საკმაოდ მოწყვლადია. აშშ-ის ტარიფების გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე გავლენის შეფასება კვლევების მიხედვით განსხვავდება, თუმცა არსებობს კონსენსუსი, რომ საერთაშორისო ვაჭრობის შეფერხება ზრდის ფართო მასშტაბით შენელებას გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ, იდიოსინკრატულ ფაქტორებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორი პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობაა. უცხოური ვალუტის შემოდინების მთავარი წყაროებიდან, შედარებით მძიმე დარტყმის წინაშე, მაღალი ალბათობით, შესაძლოა, ევროკავშირი, აშშ, ისრაელი და ჩინეთი აღმოჩნდნენ. გარდა ამისა, სხვა პარტნიორები, მაგალითად მეზობელი თურქეთი და სომხეთი, ევროკავშირის ეკონომიკასთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული და, შესაბამისად, მეორადი ეფექტების მიმართ მოწყვლადი არიან. ამავდროულად, ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები – რუსეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და საუდის არაბეთი – უცხოური ვალუტის შემოდინებებში ერთობლივად ევროკავშირზე მაღალ წილს აღწევენ. ბოლო პერიოდში ნავთობის ფასები, რეცესიის საფრთხის მატების ფონზე, მნიშვნელოვნად არის შემცირებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნავთობპროდუქტების წმინდა იმპორტიორია და, შესაბამისად, ნავთობის დაბალი ფასებით პირდაპირ სარგებლობს, ასეთ დროს ქვეყანა ნავთობის მწარმოებლებისგან შედარებით დაბალ სავალუტო შემოდინებებსაც იღებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ფაქტორები ერთმანეთს დიდწილად აბალანსებს. აგრეთვე, გამოვყოფთ, რომ ევროს გამყარება ისტორიულად საქართველოში უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას ემთხვევა, თუმცა ამჯერად გასათვალისწინებელია მოთხოვნის შესუსტების ეფექტიც.

საერთო ჯამში, სხვადასხვა სცენარში მრავალგვარი განვითარებაა მოსალოდნელი,  თუმცა პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელება საქართველოს ეკონომიკისთვის ცალსახად ნეგატიურ ფაქტორს წარმოადგენს. ჩვენი შეფასებით, თუკი უტარიფო სცენართან შედარებით 2025 წელს ჩინეთში ეკონომიკური ზრდა 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდება, აშშ-ში 1 პროცენტული პუნქტით და ევროკავშირში – 0.5 პროცენტული პუნქტით, საქართველოში ზრდა 0.4-0.5 პროცენტული პუნქტით დაიკლებს, ჩვენს საბაზო სცენართან შედარებით. დარჩენილ ძირითად სავაჭრო პარტნიორებზე მოსალოდნელი გავლენის გათვალისწინებით კი, ჯამური გავლენა 0.6-0.7 პროცენტულ პუნქტამდე გაიზრდება.

მსგავსი საგარეო შოკები, რასაკვირველია, ლარის კურსზეც ახდენს გავლენას, თუმცა, ჩვენი შეფასებით, ლარზე მოქმედ წამყვან ფაქტორად შიდა კომპონენტი რჩება, მოკლევადიან პერიოდში მაინც, რის გამოც მნიშვნელოვანი მერყეობა ჩვენს საბაზო სცენარად არ განიხილება. თავისთავად, დოლარის დასუსტება ლარის გამყარების არგუმენტია, თუმცა მნიშვნელოვანია საქართველოს ძირითად სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორებზე ზეგავლენაც. სავალუტო შემოდინებების შესაძლო კლება, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ლარისთვისაც ნეგატიური განვითარებაა. ამასთან, თუ სამომავლოდ სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები ტარიფების საპასუხოდ გაუფასურდება, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება (ქართული საქონლის რეალურ გამოსახულებაში გაძვირება) აგრეთვე ნეგატიური ფაქტორი იქნება, რადგან, ჩვენი შეფასებით, რეალური გაცვლითი კურსი წონასწორულ ნიშნულთან ახლოსაა. მიუხედავად იმისა, რომ, ჩვენი აზრით, ლარის გამყარების უარყოფითი ეფექტი კონკურენტუნარიანობაზე მაკრო დონეზე ნაკლებად იკვეთება, ეს დასკვნა, შესაძლოა, სხვადასხვა სექტორისთვის განსხვავებული იყოს. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანია სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვების შევსების მიმდინარე დინამიკა.

რაც შეეხება ეფექტს ინფლაციაზე, იგი მჭიდროდაა დაკავშირებული ეკონომიკური ზრდისა და გაცვლითი კურსის დინამიკასთან. ზოგადად, ცალკე აღებული ტარიფები ინფლაციური უფრო შეერთებულ შტატებში იქნება, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში. ამასთან, დაბალი ზრდა სუსტ ერთობლივ მოთხოვნას მოიაზრებს და დეზინფლაციურია, ამიტომ, შესაძლოა, სრულად გადაწონოს მიწოდების მხრიდან გაზრდილი ინფლაციური რისკები. თუმცა, ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ აშშ დოლარი არ გამყარდება. უშუალოდ საქართველოს კუთხით, მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია ნავთობის ფასების გლობალური კლების ეფექტის სწრაფი გადაცემა ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენი შეფასებით, ბენზინის ფასის კლება ინფლაციას უკვე მომდევნო თვეში 0.1-0.2 პროცენტული პუნქტით შეამცირებს, ხოლო, თუ გლობალური ფასები არსებულ დონეზე შენარჩუნდა, ინფლაციის შემცირების კუთხით კონტრიბუცია პოტენციურად 0.5 პროცენტულ პუნქტს მიაღწევს.

დასასრულ, აშშ-სთან უშუალო ეკონომიკური კავშირების მხრივ, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი დიდწილად ფეროშენადნობებისგან შედგება, რომლებიც ტარიფებისგან განთავისუფლებულია. ამავდროულად, საქართველოს სავაჭრო ბალანსი აშშ-სთან ისტორიულად თითქმის ყოველთვის უარყოფითი იყო, ბოლო წლებში კი, ავტომობილების მზარდი იმპორტის ფონზე, მნიშვნელოვნად გაუარესდა. შედეგად, საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, რომელთაც მინიმალური, 10%-იანი ტარიფი დაუწესდათ. საერთო ჯამში, მეორადი ეფექტებისგან განსხვავებით, პირდაპირი ეფექტის მოსალოდნელი გავლენა უმნიშვნელოა.

 იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30006774-macro-update-georgia

(R)

ბავშვები რამდენადაც ხმამაღლა ჰკიოდნენ, მით მეტი ტყვია მოდიოდა, ბოლოს იმ სახლის დაბომბვა დაიწყეს, სადაც ბავშვები იყვნენ, არავის მოერიდნენ, სულ ერთი იყო მათთვის, ვის მოხვდებოდა -დოდო აფრასიძე

ჯერ კარგად გათენებულიც არ იყო, დაიწყო სროლები. როგორც სეტყვა, ისე მოდიოდა ტყვიები. საერთოდ არავის მოერიდნენ, არც დიდს, არც პატარას, არც ქალს და არც კაცს, – ამის შესახებ 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ომეხ აფრასიძის დედამ, დოდო აფრასიძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

დოდო აფრასიძის თქმით, მათთვის სულ ერთი იყო, ვის მოხვდებოდა ტყვიები.

„სახლში ვიყავით, ოთხი პატარა ბავშვი, არასრულწლოვნები, ბებია, ბაბუა – მე და ევგენი და ჩვენი შვილები. გვეძინა ნორმალურად.  ადრე ვდგებოდი ყოველთვის და იმ დღესაც ავდექი, ჯერ კარგად გათენებულიც არ იყო. კარში გასული არ ვიყავი, დაიწყო სროლები. დილის შვიდი საათი იყო. ორი შვილი პირველ სახლში იყო, ერთი თავის ცოლ-შვილთან, მეორე სახლში, ერთ ეზოში. როგორც სეტყვა, ისე მოდიოდა ტყვიები. ბავშვები შევყარეთ ლოგინის ქვეშ, ირგვლივ ყველაფერი დავყარეთ, რაც იყო, მათ შორის ქვაბები, ყველაფერი ლოგინის ირგვლივ დავყარეთ, რათა ბავშვებს ტყვიები არ მოხვედროდათ. ბავშვები რამდენადაც უფრო ჰკიოდნენ, მით მეტი ტყვია მოდიოდა. ბოლოს დაიწყეს დაბომბვა იმ სახლის, სადაც ბავშვები იყვნენ. შიგნითა ლოგინებთან უკვე ტყვიები მოდიოდა მარტო და სადაც ბავშვები იწვვნენ, იმ ლოგინის ლეიბი დაცხრილული იყო. საერთოდ არავის მოერიდნენ, არც დიდს, არც პატარას, არც ქალს და არც კაცს. სულ ერთი იყო მათთვის, ვის მოხვდებოდა“, – განაცხადა დოდო აფრასიძემ.

კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა დოდო აფრასიძეს ჰკითხა: „ბავშვები რომ შეყარეთ ლოგინის ქვეშ, თქვენ ამ დროს სად იყავით?“, რაზეც დოდო აფრასიძემ უპასუხა:

„იქ ვიყავი. ბავშვები და ყველა რომ შევყარეთ, მეც შევედი ლოგინის ქვეშ, ბავშვებს ვამშვიდებდი. ერთი ლოგინის ქვეშ ვიყავით ყველა, გიოს გარდა. გიო უკვე გოჩას გადაყვანილი ჰყავდა მეზობელთან. თითქოსდა გადაისროლა, შეუგდო იმ ოჯახს ბავშვი და თვითონ უცებ გამობრუნდა. ევგენი ხელებაწეული დაჭრეს, იღლიაში იყო დაჭრილი. გოჩამ და ომეხიმ, თავისმა შვილებმა შეიყვანეს და დააწვინეს დივანზე. მაშინვე შევარდნენ, ესენი ორივენი დაიჭირეს. ომეხი შებორკეს და ისე გამოიყვანეს, გოჩა იქ გზაში დააგდეს, „შტიკნოჟით“ დასერეს. გოჩას ტყვია არ მოხვედრია, გოჩა დასერეს. მკვდარი ეგონათ უკვე და გადაფარებული ჰქონდა ადიელა. ომეხი ხელ-ფეხ შებორკილი გაათრიეს პირდაპირ ქუჩაში, ამ ტალახში და იქ დახვრიტეს. ისე დახვრიტეს, რომ საერთოდ გადაჭრილი იყო შუაზე ნატყვიარით“.

კომისიის სხდომაზე დოდო აფრასიძეს კიდევ ერთი კითხვა დაუსვა კომისიის წევრმა, სოზარ სუბარმა: „ხელ-ფეხ შეკრულს რომ მიათრევდნენ, მაშინ მოხვედრილი ჰქონდა ტყვია ომეხს?“, რაზეც დოდო აფრასიძემ აღნიშნა:

„ომეხი რომ დაიჭირეს, მაშინ არ იყო დაჭრილი. ვიდრე გაიყვანდნენ გზაში, არ იყო დაჭრილი. დიდი ტალახი იყო, იქ დააგდეს და დაუწყეს სროლა. ბეჭედს რომ ვერ აძრობდნენ, თითი წააჭრეს ცხედარს და შემდეგ ყელსაბამს რომ ვერ უხსნიდნენ, მკერდზე ფეხი დააბიჯეს, ისე ამოგლიჯეს. ამას ყველაფერს უყურებდნენ პატარა ბავშვები. წარმოიდგინეთ, რა აქვთ ამ ბავშვებს გადატანილი“.

ომეხი გაათრიეს ტალახში და ისე დახვრიტეს, რომ ნატყვიარით გადაჭრილი იყო შუაზე. ბეჭედს ვერ აძრობდნენ ცხედარს, თითი წააჭრეს. ყელსაბამს ვერ ხსნიდნენ, მკერდზე ფეხი დაადეს, ისე ამოგლიჯეს. ამას უყურებდნენ ბავშვები -დოდო აფრასიძე

ევგენი [აფრასიძე] ხელებაწეული დაჭრეს, იღლიაში იყო დაჭრილი. შეიყვანეს მერე გოჩამ და ომეხიმ, თავისმა შვილებმა. შემდეგ შემოვარდნენ, ორივე დაიჭირეს, ომეხი შებორკეს, ისე გამოიყვანეს, გოჩა გამოიყვანეს და გზაში დააგდეს, დასერეს, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა დოდო აფრასიძემ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004 წელს სვანეთში, აფრასიძეების ოჯახში ჩატარებულ სპეცოპერაციას განიხილავენ.

დოდო აფრასიძის განცხადებით, მისი ერთ-ერთი შვილი, გოჩა აფრასიძე დანით დასერეს და უკვე გარდაცვლილი ეგონათ, რაც შეეხება მეორე შვილს, ომეხ აფრასიძეს, ის ხელ-ფეხ შეკრული დახვრიტეს ისე, რომ ცხედარი ნატყვიარით შუაზე იყო გადაჭრილი.

„გოჩას ტყვია არ მოხვედრია, დანით დასერეს და მკვდარი ეგონათ უკვე, გადაფარებული ჰქონდა ზემოდან „ადიალა“. ომეხი, ხელ-ფეხ შებორკილი, გაათრიეს პირდაპირ ტალახში და იქ დახვრიტეს, ისე დახვრიტეს, რომ ნატყვიარით საერთოდ გადაჭრილი იყო შუაზე“, – აღნიშნა მან.

დოდო აფრასიძემ ასევე, ხაზი გაუსვა იმას, რომ ომეხ აფრასიძე დაკავებამდე და გარეთ გაყვანამდე დაჭრილი არ ყოფილა. ასევე გაიხსენა, რომ როდესაც ცხედარს ბეჭედი ვერ მოხსნეს, თითი მოაჭრეს.

„ბეჭედს რომ ვერ აძრობდნენ ცხედარს თითი წააჭრეს და ყელსაბამს რომ ვერ ხსნიდნენ, მკერდზე ფეხი დაადეს, ისე ამოგლიჯეს. ამას ყველაფერს უყურებდნენ ბავშვები“, – განაცხადა დოდო აფრასიძემ.

2004 წლის 24 მარტს, სვანეთის სოფელ ეცერში, შსს-სა და უშიშროების ასეულობით თანამშრომლის მონაწილეობით, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა.

სპეცოპერაციის დროს ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს. გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააკავეს, მათ 19 და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ძმებმა საპყრობილე 2013 წელს, ამნისტიის საფუძველზე დატოვეს.

 “რატომ აყენებს დონალდ ტრამპი სავაჭრო დარტყმას ჩინეთს და რა შეიძლება მოხდეს შემდეგ”-BBC

„ბრძოლა ჩინეთთან – „მსოფლიოს ფაბრიკასთან“, რომელმაც ამერიკელ მუშებს მომავალი წაართვა – დონალდ ტრამპის საყვარელ სასაუბრო თემას წარმოადგენს, ჯერ კიდევ მისი პირველი პრეზიდენტობის საარჩევნო კამპანიიდან მოყოლებული“, – წერს ჯონ სადვორტი, “ბიბისის” (BBC) კორესპონდენტი ვაშინგტონში, რომელიც ცხრა წელი ცხოვრობდა პეკინში „ბიბისის“ კორესპონდენტად, ანალიტიკურ სტატიაში სათაურით: „რატომ აყენებს დონალდ ტრამპი სავაჭრო დარტყმას ჩინეთს და რა შეიძლება მოხდეს შემდეგ“.

 გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: 

დონალდ ტრამპმა ამ დღეებში ფოკუსი მოულოდნელად დაავიწროვა: მისი სავაჭრო ომი მთელ მსოფლიოსთან უცებ გადაიქცა ომად ერთ კონკრეტულ და კარგად ცნობილ ფრონტზე – ჩინეთის წინააღმდეგ.

აშშ-ის პრეზიდენტმა 90-დღიანი პაუზა გამოაცხადა ათობით ქვეყნის საიმპორტო ტარიფების შემოღებაზე, თუმცა დატოვა საბაზო 10%-იანი ბაჟი ყველასათვის.

მაგრამ ჩინეთისათვის, რომლის პროდუქცია შეერთებული შტატების იმპორტის 15%-ს წარმოადგენს, აიფონებიდან დაწყებული და საბავშვო სათამაშოებით დამთავრებული, საბაჟო გადასახადის შთამბეჭდავი დონე – თითქმის 125% დაწესდა (ბოლო დაზუსტებული მონაცემებით, – 145%-მდე).

დონალდ ტრამპის განცხადებით, მან იმიტომ გაზარდა ტარიფები დამატებით ჩინურ პროდუქციაზე, რომ პეკინმა 84%-იანი ბაჟი დაუწესა ამერიკულ საქონელს: „პეკინმა ვაშინგტონის მიმართ „უპატივცემლობა“ გამოავლინა“.

დონალდ ტრამპი: „ვაგრძელებთ იმას, რისთვისაც დრო არ გვეყო“

დონალდ ტრამპის სახით ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იგი ის პოლიტიკოსია, რომელიც თეთრ სახლში პირველად სწორედ ანტიჩინური დაპირებებით შევიდა და მისი ჟინის საფუძველი უფრო დიდია, ვიდრე უბრალო სურვილი დარტყმაზე დარტყმით უპასუხოს.

დონალდ ტრამპისათვის ყველაფერი ჩინეთთან დაკავშირებული ის საქმეა, რომელიც მას დაუმთავრებელი დარჩა პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს. „ჩვენ მაშინ დრო არ გვეყო საქმის გასაკეთებლად, ახლა კი ვაგრძელებთ დაწყებულს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან.

მისი მიზანია მთლიანად „ამოატრიალოს“ საერთაშორისო ვაჭრობის სისტემა ჩინეთთან, როგორც „მსოფლიოს ფაბრიკის“ როლის შემსრულებელთან, აგრეთვე ამ სისტემის საფუძველი – მსოფლმხედველობა, რომლის თანახმად, „რაც უფრო მეტია ჩინეთთან ვაჭრობა, მით უკეთესია მსოფლიოსათვის“.

რით დაიწყო დონალდ ტრამპმა

იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პუნქტი პრეზიდენტის აზროვნებაში, იმ დროში უნდა გადავიხედოთ, როცა არავინ არ ფიქრობდა მასზე როგორც პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატზე და მით უმეტეს, როგორც არჩევნებში გამარჯვებულზე.

2012 წელს, როცა მე პირველად დავიწყე რეპორტაჟების გადაცემა ჩინეთის საქმიანი დედაქალაქიდან – შანხაიდან, პრაქტიკულად ყველა – მსოფლიო ბიზნესის ლიდერები, ჩინელი ჩინოვნიკები, უცხოური სამთავრობო და სავაჭრო დელეგაციის წევრები – ჩინეთთან ვაჭრობის გაფართოების აუცილებლობას ყველა თავისთავად და ბუნებრივად მიიჩნევდა.

ჩინეთთან ვაჭრობა ხელს უწყობდა მსოფლიო ეკონომიკის ზრდას, უზრუნველყოფდა იაფი საქონლის მიწოდებას, ამდიდრებდა ჩინეთის მოსახლეობას, ამტკიცებდა ჩინეთის მნიშვნელობას მიწოდების გლობალურ ჯაჭვში და მაცდუნებელ პერსპექტივებს უქმნიდა საერთაშორისო კორპორაციებს თავიანთი პროდუქციის მიწოდებაში ჩინეთის ახლად ჩასახული და სულ უფრო გაფართოებული საშუალო ფენის წარმომადგენლებისათვის.

შანხაიში ჩემი ჩასვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ ჩინეთმა რიგ დარგებში შეერთებულ შტატებს გაუსწრო და მსოფლიოს უდიდესი ბაზარი გახდა ბრიტანული „როლს-როისის“, ამერიკული „ჯენერალ მოტორსის“ და გერმანული „ფოლკსვაგენის“ ავტომობილებისთვის.

ჩინეთთან ვაჭრობის დასაბუთება უფრო ღრმა მსჯელობითაც იყო განპირობებული, რომლის თანახმად, ჩინელები როცა გამდიდრდებიან, ქვეყნის კომუნისტურ ხელისუფლებას დემოკრატიული რეფორმების გატარებას მოსთხოვენო. გარდა ამისა, ჩინელი მოქალაქის სოციალური ხარჯების სტრუქტურაში მომხდარი ცვლილებები ქვეყანას მომხმარებელთა საზოგადოებად გადააქცევსო.

დასავლეთის იმედგაცრუება ჩინეთის მიმართ

დღეს აშკარაა, რომ დასავლეთის პირველი ოცნება არ ასრულდა – ჩინეთის კომპარტია თავის ხელისუფლებას კიდევ უფრო აძლიერებს.

მეორე ოცნება არც ისე სწრაფად ხორციელდება, როგორც დასავლეთი ოცნებობდა: ჩინეთი ძველებურად არამარტო დამოკიდებულია თავისი პროდუქციის ექსპორტზე, არამედ ღიად გეგმავს თავისი დომინირებული მდგომარეობის განმტკიცებას ამ სფეროში.

ცნობილ ჩინურ სტრატეგიულ გეგმაში, რომელიც 2015 წელს გამოქვეყნდა და სათაური ასეთი ჰქონდა -„დამზადებულია ჩინეთში – 2025“, გადმოცემული იყო ჩინეთის როგორც მსოფლიოს ლიდერის ხედვა რიგ საკვანძო სამრეწველო სექტორებში – აეროკოსმოსური დარგიდან დაწყებული, გემებისა და ელექტრომობილების წარმოებით დამთავრებული.

და იმ დროიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, აშშ-ის საპრეზიდენტო რბოლაში ჩაერთო პოლიტიკაში ყველასათვის უცნობი აუტსაიდერი, რომელიც მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ამომრჩევლებს უყვებოდა, თუ როგორ გაანადგურა ჩინეთის ეკონომიკურმა აღმავლობამ აშშ-ის ეკონომიკა, გააცამტვერა აშშ-ის ე.წ. „ჟანგიანი სარტყელი“ (ანუ იმ ადგილების ეკონომიკა, სადაც მძიმე მრეწველობის ობიექტები იყო განლაგებული) და ამერიკელ მუშებს ხელფასები შეუმცირა და ადამიანური ღირსება შეულახა.

დონალდ ტრამპმა, გააჩაღა რა სავაჭრო ომი თავისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში, დაამსხვრია სტერეოტიპები და დაარღვია კონსენსუსი. მისმა მემკვიდრემ ჯო ბაიდენმა ჩინურ პროდუქციაზე თავისი წინამორბედის მიერ მიღებული ბევრი გადიდებული ტარიფი შეინარჩუნა და თავისიც დაამატა.  მაგრამ ეს საბაჟო ტარიფები, მართალია, მტკივნეული იყო ჩინეთისათვის, მაგრამ შედეგი არ მოუტანია – ჩინელმა კომუნისტებმა თავიანთი ეკონომიკური მოდელი არ შეცვალეს.

ამჟამად ჩინეთის წილი მსოფლიოში ელექტრომობილების წარმოებაში 60%-ს შეადგენს, თანაც მათი უდიდესი ნაწილი საკუთარი, ჩინური მარკისაა და 80%-ით უზრუნველყოფილია ჩინური წარმოების აკუმულატორებით.

და აი, დონალდ ტრამპი დაბრუნდა და მან ჩინეთთან ტარიფების ზრდით თამაში დაიწყო, რაც, ალბათ, შეიძლება ისტორიაში ყველაზე უძლიერესი დარტყმა გახდეს მსოფლიოში ჩამოყალიბებული სავაჭრო სისტემის წინააღმდეგ (თუმცა ბოლო დღეებში ტრამპის მოქმედება პრინციპით „ვაწესებთ – ვაუქმებთ“ გაკვირვებას იწვევს).

აშშ-ჩინეთი: სამი საკვანძო საკითხი და… „ჩინური ოცნება“

რა იქნება შემდეგ, ეს დამოკიდებულია ორ საკვანძო საკითხზე.

პირველი – მისაღები იქნება თუ არა ჩინეთისათვის აშშ-ის მიწვევა მოლაპარაკების მიზნით ასეთ სიტუაციაში.

მეორე – თუ მისაღები იქნება, მაშინ წავა თუ არა ჩინეთი ისეთ დიდ დათმობებზე, რომლებსაც აშშ ითხოვს – ჩინური ეკონომიკური მოდელის სრული გადახედვით, რომელიც ექსპორტზეა აგებული.

ამ კითხვებზე პასუხის გაცემის მცდელობის დროს უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ, დასავლეთი (აშშ-ის სახით) სრულიად „უცნობ და გამოუკვლევ ტერიტორიაზე“ აღმოვჩნდით, ამიტომაც ყველას, ვინც კი ამტკიცებს, რომ იცის, თუ როგორ რეაგირებას მოახდენს პეკინი, ფრთხილად და ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ.

არის კიდევ რამდენიმე მიზეზი სიფრთხილის გამოჩენისათვის.

ჩინეთი ამჟამად მჭიდროდ აკავშირებს თავის ეკონომიკურ ძალას – ექსპორტზე დაფუძნებულს და მკაცრად დაცულს შიდა ბაზარზე – ეროვნული აღორძინებისა და ერთპარტიული სისტემის უპირატესობის იდეებთან. ეროვნული აღორძინება გამოიხატება ე.წ. „ჩინური ოცნების“ პროგრამაში, რომელიც ქვეყნის კომუნისტმა ლიდერმა სი ძინპინმა 2012 წელს გააჟღერა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაური მკაცრ კონტროლს უწევს საინფორმაციო სფეროს და საეჭვოა მან რაიმე ბარიერი გააუქმოს, ვთქვათ, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების რეკლამირებაში.

მაგრამ არის მესამე საკითხიც და მასზე პასუხი თვითონ აშშ-მა უნდა გასცეს: მხარს უჭერს  თუ არა ამერიკის ხელისუფლება თავისუფალი ვაჭრობას?

დონალდ ტრამპი ხშირად აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელთა თანახმად, ტარიფები კარგია თავისთავად და არა მხოლოდ როგორც რაიმე მიზნის მიღწევის საშუალებად. იგი მსჯელობს პროტექციონიზმის (შიდა ბაზრის დაცვის პოლიტიკის) დადებით სარგებლობაზე ამერიკისათვის. მისი აზრით, პროტექციონიზმმა სტიმული უნდა მისცეს შიდა ინვესტიციებს, აიძულოს ამერიკული კომპანიები, რომ დაუბრუნდნენ საკუთარი ქვეყნის შიგნით მიწოდების ჯაჭვურ სისტემას, შეძლებისდაგვარად თავი აარიდონ ჩინეთიდან იმპორტს, გაზარდონ საგადასახადო მოსაკრებლები და აქტიურად ისარგებლონ ეროვნული რესურსებით.

თუ პეკინი ჩათვლის, რომ სწორედ ეს არის დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების შემოღების მიზანი (ანუ ჩინეთიდან იმპორტის შემცირება), მაშინ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს.

მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკური სახელმწიფო, იმის ნაცვლად, რომ უპირატესობა მიანიჭონ ეკონომიკურ თანამშრომლობას, ერთმანეთთან შეტაკებისთვის ემზადებიან ეკონომიკური უპირატესობისათვის პრინციპით „გამარჯვებული ყველაფერს იღებს“.

და თუ მართლაც ასე მოხდება, ეს ნიშნავს ძველი კონსენსუსის დასასრულს და სრულიად ახალი, სავარაუდოდ, ძალიან სახიფათო მომავლის დადგომას.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

“საქართველოს დარღვევების გამო ჯერ-ჯერობით PACE-ში დაბრუნება არ შეუძლია”-Deutsche Welle

„თუ საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) დაბრუნებას გადაწყვეტს, მისი დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირება არ მოხდება – იმის გამო, რომ თბილისი უარს ამბობს ასამბლეის რეკომენდაციების შესრულებაზე ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გასაუმჯობესებლად“, – ნათქვამია გერმანული რადიოს „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) მიერ გამოქვეყნებულ მასალაში სათაურით „საქართველოს დარღვევების გამო ჯერ-ჯერობით PACE-ში დაბრუნება არ შეუძლია“ (ავტორი – ვიქტორია ვლასენკო). მასში მიმოხილული და კომენტირებულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ ხუთშაბათს, 10 აპრილს მიღებული რეზოლუცია.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

„ასამბლეა თვლის, რომ პროგრესის არარსებობა რეკომენდაციების შესრულებაში.. და ის, რომ საქართველოში კვლავ გრძელდება დემოკრატიისაგან უკან დახევა, ხელს არ უწყობს ქართული დელეგაციის წევრების უფლებამოსილების რატიფიცირებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ასამბლეის მომდევნო სესიაში მონაწილეობას გადაწყვეტენ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

„თბილისური კარის გაჯახუნება“ ასამბლეაში

დღეისათვის საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფორმალურად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მუშაობაში საკუთარი ინიციატივით არ მონაწილეობს. ამის ამის საბაბი გახდა კონფლიქტი, რომელიც წარმოიქმნა მიმდინარე წლის იანვრის სესიაზე – იმის გამო, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ეჭვქვეშ დადგა – ქვეყანაში დემოკრატიის უხეში დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.

საბოლოო ჯამში ასამბლეის დეპუტატებმა ხმა მისცეს რეზოლუციას, რომელშიც დადასტურდა დელეგაციის უფლებამოსილება, მაგრამ შეზღუდული სახით. ამასთან, ასამბლეამ ქართველებს დაუტოვა იმის შანსი, რომ უფლებამოსილება სრული სახით აღდგენილიყო იმ პირობით, თუ ოფიციალური თბილისი PACE-ს აპრილის სესიამდე შეასრულებდა იმ „საშინაო დავალებას“, რომელიც რეზოლუციაში იყო შეტანილი. კერძოდ, საკითხი ეხებოდა იმას, რომ ხელისუფლებას შესაბამისი პირობები უნდა შეექმნა უახლოეს თვეებში განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისათვის, განეახლებინა ევროინტეგრაციის პროცესი, გაეუქმებინა კანონი „უცხოური აგენტების“ შესახებ და გაეთავისუფლებინა ყველა პოლიტიკური პატიმარი.

ამ ძალზე მკაცრი რეზოლუციის საპასუხოდ საქართველოს დელეგაციამ განაცხადა, რომ ასამბლეის საქმიანობაში მონაწილეობას წყვეტს, რაც, თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმაც დაადასტურა: მისი თქმით, თბილისმა უკან გაიწვია დელეგაცია და ამის თაობაზე ოფიციალურად აცნობა PACE-ს ხელმძღვანელობას.

„საქართველომ PACE-სთან დიალოგი უარყო“

ევროსაბჭოს ასამბლეაში „ღრმა მწუხარებას“ გამოხატავენ: მიუხედავად იმისა, რომ PACE-ს იანვრის სესიაზე საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება დადასტურდა, თბილისმა მაინც უარი განაცხადა თავის მონაწილეობაზე ასამბლეის საქმიანობაში, „რითაც ქართველებმა დიალოგი უარყვეს“. რეზოლუციაში განმარტებულია, რომ „თუ დელეგაციის უფლებამოსილება დამტკიცებულია, მაშინ მისი მონაწილეობა ასამბლეის მუშაობაში ნებაყოფლობითი კი არ არის, არამედ სავალდებულოა“.

დოკუმენტის მიხედვით, PACE-ში ასევე სწუხან, რომ სამი თვის განმავლობაში იანვრის სესიაზე რეზოლუციის მიღებიდან, საქართველოს რეკომენდაციები არ შეუსრულებია, შესაბამისად, ქართული დელეგაციის უფლებამოსილება კვლავ შეზღუდული დარჩა, ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია კი უფრო უარესდება. დოკუმენტის თანახმად, მასში ნეგატიურად არის შეფასებული საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული შესწორებები საარჩევნო კოდექსში, ასევე გამოხატულია შეშფოთება ჟურნალისტთა დევნისა და სამოქალაქო საზოგადოებების ლიდერთა დაპატიმრების, მოქალაქეთა მიტინგების, კრებების და აზრის გამოხატვის უფლებების დარღვევის გამო. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა  აშინებს და ემუქრება იმ სახელმწიფო მოსამსახურეებს, რომლებიც ხელისუფლების მოქმედებას აკრიტიკებენ.

რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეასრულოს PACE-ს რეკომენდაციები, რათა ქვეყანაში შექმნილი კრიზისული სიტუაცია განიმუხტოს და განახლდეს სრული თანამშრომლობა როგორც ევროპის საბჭოსთან, ისე მის ასამბლეასთან“.

„ან პუტინის რუსეთთან მეგობრობა, ან PACE -ს წევრობა“

„დასანანია, რომ საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ გადაუხვია იმ გზიდან, რომელზეც ბოლო დრომდე ერთად მივდიოდით“, – აღნიშნა ფრანკ შვაბემ, გერმანელმა დეპუტატმა სოციალისტთა ჯგუფიდან, რეზოლუციის ხმის მიცემის წინ გამართულ დებატებზე. მან უარყო ქართველი კოლეგების მიერ გამოთქმული საყვედურები, რომ თითქოსდა ასამბლეა ცდილობს უკარნახოს საქართველოს რომელი მიმართულებით განვითარდეს და ვისთან ჰქონდეს კავშირები.

 „მე პირადად არ მომწონს სამხედრო დამნაშავესთან მეგობრობა, მაგრამ თუ თქვენ გსურთ იყოთ პუტინის რუსეთის მეგობრები, რასაკვირველია, ეს თქვენი ნებაა. მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ და არ გაქვთ იმის უფლება, რომ ძირი გამოუთხაროთ ამ ორგანიზაციის ფასეულობებს და პრინციპებს. თუ ასამბლეის წევრები ხართ, ეს პრინციპები უნდა შეასრულოთ“, – ხაზი გაუსვა ფრანკ შვაბემ.

ნორვეგიელი დეპუტატი ევროპის სახალხო პარტიიდან ინგრიდ შუ „იმედგაცრუებულია საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილებით ასამბლეის დატოვებისა და მის მუშაობაში მონაწილეობის არმიღების გამო“. „მოვუწოდებ საქართველოს მმართველ პარტიას დაუბრუნდეს ევროსაბჭოსთან, PACE-სთან და ვენეციის კომისიასთან დიალოგს, რათა ერთად გადავწყვიტოთ, თუ როგორ შესრულდეს ის ვალდებულებები, რომელთა რეალიზაცია საქართველომ ორგანიზაციაში გაწევრიანების დროს აიღო“, – თქვა დეპუტატმა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: