Home Blog Page 15

 როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში

12 ნოემბრამდე საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 +19 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უნალექო ამინდი იქნება.

,,რა აქვს დასამალი ევროკავშირს საქართველოში, დეზინფორმაცია ხომ არის ევროკავშირისთვის ერთ-ერთი გამოწვევა”-  შალვა პაპუაშვილი

რა აქვს დასამალი ევროკავშირს საქართველოში, რატომ მალავენ?! დეზინფორმაცია ხომ არის ევროკავშირისთვის ერთ-ერთი გამოწვევა – აი, გავარკვიოთ, გვითხრას ევროკავშირმა, ევროპის დემოკრატიის ფონდი რომელ მედიაში ხარჯავს ფულს? – განაცხადა „იმედის კვირასთან“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის კანონების გაუქმებაზე, დასავლეთის ლიდერებისგან მიღებული მოთხოვნების კომენტირებისას.

„რა აქვს დასამალი ევროკავშირს საქართველოში, რატომ მალავენ?! დეზინფორმაცია ხომ არის ევროკავშირისთვის ერთ-ერთი გამოწვევა – აი, გავარკვიოთ, გვითხრას ევროკავშირმა, ევროპის დემოკრატიის ფონდი რომელ მედიაში ხარჯავს ფულს? შემთხვევით, ხომ არ არის ეს ის მედიები, რომლებიც შემდეგ დეზინფორმაციას ავრცელებენ. ჩვენც ევროპელები ვართ და ჩვენი ევროპული ღირებულებები გვეუბნება, რომ არ ჯდება ამ ღირებულებაში სკოლებში, ბაღებში იმის სწავლება, რომ სინამდვილეში ორი სქესი კი არ არსებობს, როგორც ათასწლეულებია, ვიცით და საღი აზრი ამას გვეუბნება, არამედ თურმე, შეიძლება ეს არჩევითი იყოს და შეიძლება იყოს უთვალავი სქესი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან ეჭვის აღმძვრელია ის ფაქტი, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შეფასების კონტექსტში ზემოთ აღნიშნული ორი კანონი სახელდება. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ამ კანონებს არჩევნებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

პაპუაშვილის განცხადებით, რაც შეეხება მითითებებს ევროპულ ღირებულებებზე, ქართველმა ხალხმა ამ ორივე კანონს მხარი დაუჭირა არჩევნებით და „ეს არჩევნები იყო რეფერენდუმი, რომლის შედეგები ყველამ უნდა მიიღოს“.

„ქართველმა ხალხმა თქვა, რომ ამ ორივე კანონის უკან დგას ქართველი ხალხის ნება“, – დასძინა პაპუაშვილმა.

საუბრისას მან გაიხსენა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის პროექტზე სახალხო განხილვების ფაქტი და აღნიშნა, რომ შესაბამის კომისიაში შედიოდა გახარიას პარტიის წარმომადგენელიც, შალვა კერესელიძე.

„იგი ესწრებოდა პირველ, გასვლით სხდომებს, როდესაც რეგიონში გვქონდა ხალხთან შეხვედრა, გამოვიდა სცენაზე და მხარი დაუჭირა ამ კანონებს. ამ გამოსვლის შემდეგ, როგორც ჩანს, ის დატუქსეს, როგორც ჩანს, პარტიაში მიიღეს ზარი უცხოეთიდან – მიუღებელია მათი მფარველებისთვის ასეთი კანონების მიღება და შემდეგ კომისიის სხდომებზე ბატონი შალვა კერესელიძეც აღარ გამოჩენილა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მცირე გაუგებრობებზე არ უნდა ინერვიულოთ – ყველაფერი კარგად იქნება, თუ მოთმინებას გამოიჩენთ და დაუფიქრებლად არ მოიქცევით. ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი ურთიერთობის აღსადგენად – ეცადეთ, ძველი შეცდომები აღარ გაიმეოროთ და ყველა უთანხმოების მოგვარებას შეძლებთ. შემოქმედებითი პოტენციალი იზრდება, რაც ახალი საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

კურო

მიზნისკენ ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით მიიწევთ. ეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარების საშუალებას მოგცემთ. შესაძლოა, ვიღაცამ სხვა ადამიანების დაპირისპირებასა და კონფლიქტებში ჩაგითრიოთ, მაგრამ ვარსკვლავების დახმარებით გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან იპოვით. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ხარჯები გელით, ფინანსურ საკითხებზე ნერვიულობის საფუძველი არ გაქვთ.

ტყუპები

თქვენი თავდაჯერება უსაფუძვლო არ არის, მაგრამ მაინც გადაჭარბებულია. ნუ ეცდებით სირთულეების მარტო დაძლევას. უმჯობესია, შემოთავაზებული დახმარებით ისარგებლოთ. მოსალოდნელია ფინანსური სირთულეები, ამიტომ გირჩევთ ხარჯები აკონტროლოთ და უსარგებლო ნივთების შეძენას მოერიდოთ. პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, ნეიტრალური დღეა.

კირჩხიბი

გახსოვდეთ, რომ თქვენს პრობლემებს არავინ მოგიგვარებთ, ამიტომ დამოუკიდებლად მოქმედება მოგიწევთ. დღის ემოციური ფონი საკმაოდ დაძაბულია, მაგრამ თქვენი თანდაყოლილი ოპტიმიზმი ნეგატიურ ტენდენციებზე ძლიერია. მეგობრები მნიშვნელოვან საკითხში არ გეთანხმებიან, მაგრამ ნუ ინერვიულებთ – უბრალოდ, ისინი საჭირო ინფორმაციას არ ფლობენ.

ლომი

რთული დღე გელით – შეიძლება, გაუგებარი მოვლენების ცენტრში აღმოჩნდეთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ მომხდარის მიზეზი დაადგინოთ და სხვების რჩევაზე მეტად საკუთარ გამოცდილებას დაეყრდნოთ. ახლობელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები.

ქალწული

ამ დღეს წინასწარ შედგენილი გეგმების განხორციელებას გრაფიკიდან გადახვევის გარეშე შეძლებთ. ხელსაყრელი დღეა საქმიანი და პირადი კონტაქტებისთვის, არაფორმალურ გარემოში შეხვედრებისა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის. ყველა საქმის ერთდროულად კეთებას ჯობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი აირჩიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაწყებული საქმის დასრულებას ვერ შეძლებთ. დღის მეორე ნახევარში შემოქმედებითი პოტენციალი მცირდება და ბრწყინვალე იდეების გაჩენის იმედი არ უნდა გქონდეთ.

სასწორი

ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ წინა დღეს დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში წარმოქმნილი უთანხმოება მოაგვაროთ. მიზანდასახული ქმედების წყალობით სასურველ შედეგს მიაღწევთ, მაგრამ ცუდი ისაა, რომ წვრილმანებს ნაკლებ ყურადღებას აქცევთ და უსიამოვნო ფაქტებს არ ითვალისწინებთ. კოლეგის რჩევები დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.

მორიელი

ამ დღეს ბევრი პატარ-პატარა უსიამოვნება და სამწუხარო გაუგებრობა გელით. ეს შეიძლება გულთან ახლოს არ მიიტანოთ, მაგრამ არახელსაყრელი ტენდენციების გავლენა მაინც უნდა გაითვალისწინოთ. დღეისთვის რაიმე მნიშვნელოვანი საქმე არ უნდა დაგეგმოთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება რაღაც ახალო და უჩვეულო აღმოაჩინოთ. გირჩევთ ოჯახის უფროს წევრებს გეგმური გამოკვლევა ჩაუტაროთ.

მშვილდოსანი

რაღაც მოვლენა გეგმების შეცვლას გაიძულებთ. იმის ნაცვლად, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი იპოვოთ, დამნაშავეს ეძებთ და ეს თქვენი პირველი შეცდომაა. მეორე ის არის, რომ სხვებს უფრო ენდობით, ვიდრე საკუთარ თავს. თქვენი გულუბრყვილობა არაკეთილგანწყობილ ადამიანს შანსს აძლევს, რომ საკუთარი მიზნებისთვის გამოგიყენონ.

თხის რქა

იღბლის და ხელსაყრელი გარემოებების იმედად ნუ იქნებით. სამწუხაროდ, ამ დღეს ვარსკვლავები თქვენს მხარეს არ არიან – ახლობელ ადამიანებს დროდადრო პრობლემები შეექმნებათ, რომელთა მოგვარება თქვენი ჩარევის გარეშე ვერ მოხერხდება და საკუთარი საქმისთვის დრო პრაქტიკულად აღარ დაგრჩებათ. არ არის გამორიცხული, რომ იმ ადამიანთან ურთიერთობა მოგიწიოთ, რომელმაც წარსულში გული გატკინათ.

მერწყული

იძულებული ხართ, რთული საკითხები გადაჭრათ და გარშემო მყოფთა პრობლემები მოაგვაროთ, რისი სურვილიც არ გაქვთ. გინდათ, რომ გარშემომყოფებმა მარტო დაგტოვონ და მშვიდად დასვენების საშუალება მოგცენ. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ოცნებებია, რომლებსაც ასრულება არ უწერია. გირჩევთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ.

თევზები

ყოველმხრივ არახელსაყრელი დღეა. შესაძლოა, გარემოებების მსხვერპლი აღმოჩნდეთ და უთანასწორო ბრძოლაში ჩაებათ. ასეთ ვითარებაში ყველაზე მეტად ერთგული და გამოცდილი ადამიანის დახმარება გჭირდებათ. მოემზადეთ იმისთვის, რომ ყველაზე აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად მნიშვნელოვანი ხარჯები გელით.

მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მყოფ დემონსტრანტებს სამართალდამცველებმა საავტომობილო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს

აქციის მონაწილეებთან, რომელთაც მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო გადაკეტეს, სამართალდამცველები გამოჩნდნენ.

პოლიციამ დემონსტრანტებს საავტომობილო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

სამართალდამცველების განმარტებით, აქციაზე ადამიანების ის რაოდენობა არ არის შეკრებილი, რომ მათ გზა გადაკეტონ და საგზაო მოძრაობა შეაფერხონ.

სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ ეს არის გაფრთხილება, შემდეგ კი მოხდება მათი იდეტიფიცირება და გატარდება კანონით დადგენილი ზომები.

“გზა ბუნებრივად არ არის დაკეტილი, არ არის ხალხის ის რაოდენობა, რომ ცენტრალური მაგისტრალი დაკეტილი იყოს. აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება მოხდება და საქართველოს კანონმდებლობით დაჯარიმდებიან”, – განუცხადა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ჟურნალისტებს.

აქციის მონაწილეები აღნიშნავენ , რომ არ აპირებენ დაშლას, მათი განმარტებით, ეს არის “შეშინებული ხელისუფლების ქმედება” და ახლა უფრო მეტი სტიმული აქვთ, რომ საპროტესტო აქციები უახლოეს დღეებშიც გაგრძელდეს.

როგორც ადგილიდან „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, ადგილზე სამართალდამცველთა საკმაოდ დიდი რაოდენობა იმყოფება.

აქციის მონაწილეები მსვლელობის ევროპის მოედნისკენ გაგრძელებას გეგმავენ.

პრეზიდენტისა და 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციის შეხვედრის პარალელურად 11 ნოემბერს ორბელიანების სასახლესთან აქცია იგეგმება

11 ნოემბერს, პრეზიდენტისა და 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციის შეხვედრის პარალელურად, ორბელიანების სასახლესთან აქცია გაიმართება. ამის შესახებ „დაიტოვეს“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადეს, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, შეიკრიბონ სასამართლოსთანაც.

„ამ შეხვედრაში ჩვენც უნდა მივიღოთ გარკვეული მონაწილეობა. ეს მონაწილეობა იქნება, რომ ჩვენ დავანახებთ რამდენი ვართ პრეზიდენტის სასახლესთან. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ევროპელ მეგობრებს, რომ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ქართველი ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის, იბრძვის მოპარული არჩევნების დასაბრუნებლად. ამიტომ ყველას, ხვალ, გელოდებით ორ ლოკაციაზე, ვისაც, სადაც გირჩევნიათ და გული მიგიწევთ, ოღონდ, სახლში არ დარჩეთ. მოვა დრო თავისუფალ, დამოუკიდებელ და ევროპულ საქართველოში სახლში ვიქნებით, ძალიან კარგად და თბილად, მაგრამ ეს დღეები და თვეები სჭირდება ქვეყანას, თქვენი გვერდში დგომა!“, – განაცხადეს მსვლელობის მიმდინარეობისას ორგანიზატორებმა.

,,საჩივრები წარმოდგენილი იყო დაუსაბუთებლად”- ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

არც წარმოდგენილი მასალებით და არც სხდომის მიმდინარებისას, რაიმე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რომელიც დამატებით რაიმე არგუმენტაციას შესძენდა საჩივრის ავტორების მიერ დაყენებულ პოზიციას – საჩივრები წარმოდგენილი იყო დაუსაბუთებლად , – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც საჩივრებს განიხილავდნენ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, წარმოების შედეგად ყველა წარმოდგენილი მასალა შესწავლილი იქნა.

“დღეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომაზე წარიმართა საჩივრების განხილვა, რომელიც შეეხებოდა ფაქტობრივად, ყველა საარჩევნო კომისიის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და წარმოდგენი იქნა შესაბამისი არგუმენტები მხარეების მიერ. სხდომის მიმდინარებისას ძალიან ბევრი კითხვა დაისვა, როგორც საჩივრის ავტორების მხრიდან, ასევე, კომისიის წევრებმა დააზუსტეს შესაბამისი ინფორმაცია საჩივრის ავტორებთან, რითაც საბოლოო ჯამში, დადგინდა ის, რომ არც წარმოდგენილი მასალებით და არც სხდომის მიმდინარებისას, რაიმე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რომელიც დამეტებით რაიმე არგუმენტაციას შესძენდა საჩივრის ავტორების მიერ დაყენებულ პოზიციას.

საჩივრები წარმოდგენილი იყო დაუსაბუთებლად და საოლქო საარჩევნო კომისიები ემყარებოდნენ თავის მხრივ იმ კანონმდებლობით არსებულ რეგულაციებს, კანონიერ ძალაში შესული შემაჯამებელი ოქმებისა და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შეადგინეს და შეაჯამეს მათ შესაბამისი შედეგები ოლქების ტერიტორიაზე.

რაც შეეხება საქმის მასალებს, რა თქმა უნდა, წარმოების შედეგად ყველა წარმოდგენილი მასალა იქნა შესწავლილი. რაც შეეხება იმ საარჩევნო უბნებს და ბიულეტენებს, რომელიც ე.წ. ტრადიციული წესით კენჭისყრის წესით პროცედურას ითვალისწინებდა, აქ აღსანიშნავია, რომ საჩივრის ავტორს საოლქო საარჩევნო კომისიისთვის და შემდგომ სასამართლოსთვის არ მიუმართავს”, – განაცხადა ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა.

ცნობისთვის, ცესკო-ს კომისიამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” და „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმების გაბათილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

ცესკო-მ საიას, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” და  „ძლიერი საქართველოს” საჩივრები არ დააკმაყოფილა

ცესკო-ს კომისიამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” და „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმების გაბათილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განმარტებით, საჩივრები უსაფუძვლოა.

კოალიცია “ძლიერი საქართველო” მოითხოვდა ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას. “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდა. საია კი ყველა ოლქის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილობას და არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას.

შეგახსენებთ, სხდომა დღეს დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა სხდომიდან გააძევა.

ლაშა ფარულავამ ცესკო-ს წარმომადგენლებს არჩევნების გამყალბებლები უწოდა.

,რამდენ სიკეთეს და მშვენიერებას გვიხსნის ჩვენ წინაშე ღმერთი, რამდენი სიკეთე გაგვიკეთა ყოველ ჩვენგანს, ჩვენ ვიცით, ეს საიდან არის, მაგრამ რამდენია ისეთი, ვინც ამ სიკეთეებს ვერ აღიქვამს”- მეუფე შიო

„ყველა მორწმუნე ადამიანს აქვს გამოცდილება ღმერთთან შეხვედრისა… რამდენ სიკეთეს და მშვენიერებას გვიხსნის ჩვენ წინაშე ღმერთი, რამდენი სიკეთე გაგვიკეთა ყოველ ჩვენგანს, ცალკე აღებულს და მთელ კაცობრიობას ერთად, მაგრამ რამდენია ისეთი ადამიანი, ვინც ამ სიკეთეებს ვერ აღიქვამს და ვერ გრძნობს?! ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ, დავამოწმოთ მათ წინაშე ის სიკეთე, რასაც ღმერთი გვაძლევს“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღევანდელ სახარებაში ჩვენ წავიკითხეთ, რომ ერთხელ უფალმა იესო ქრისტემ თავის მოწაფეებთან ერთად გენესარეთის ტბა გადაცურა და ღადარინელთა ქვეყანაში მივიდა. იქ უფალს შემოხვდა ერთი კაცი, რომელიც ისეთი საშინელი ეშმაკის ძალით იყო შეპყრობილი, რომ სასაფლაოზე ცხოვრობდა, მთელ მოსახლეობას აშინებდა და ატერორებდა. მან ყვირილით მიმართა მაცხოვარს: „რა გინდა ჩემგან, იესო, მაღალი ღმერთის ძეო?! გევედრები, ნუ მტანჯავ!“ (ლკ. 8, 28). უფალმა ჰკითხა: „რა არის სახელი შენი?“ (ლკ. 8, 30). მან მიუგო: „ლეგიონი!“ (ლკ. 8, 30), ვინაიდან, ბევრი ეშმაკი იყო შესული მასში. ამ ეშმაკებმა იცოდნენ, რომ უფალი მათზე ძლიერი იყო და განდევნიდა მათ. ამიტომ შეევედრნენ უფალს, არ ებრძანებინა მათთვის უფსკრულში ჩასვლა, არამედ იქვე ახლოს ღორების დიდი კოლტი ძოვდა და სთხოვეს, ნება დაერთო, ამ ღორების კოლტში შესულიყვნენ. მართლაც, უფალმა დართო ნება, ისინი გამოვიდნენ ამ კაციდან, შევიდნენ ღორების კოლტში, ეს კოლტი კლდიდან გადმოეშვა და წყალში დაიხრჩო. ეს რომ მწყემსებმა დაინახეს, სოფელში გაიქცნენ და ყველას აუწყეს ეს ამბავი.

მთელი სოფელი გამოვიდა, რომ ენახათ ეს მოვლენა და ნახეს ეს ეშმაკეული – განკურნებული, გონსმოსული, შემოსილი, ჩაცმული, რომელიც იესოს ფერხთით იჯდა. მათ ძალიან შეეშინდათ, რომ ეს ადამიანი, რომელიც აფრთხობდა და აშინებდა მთელ სოფელს, დაამარცხა იესო ქრისტემ, ე.ი. კიდევ უფრო დიდი ძალა მოვიდა მათ სოფელში, შეეშინდათ და სთხოვეს მას, რომ იქაურობას გასცლოდა. მათთვის, რა თქმა უნდა, სრულიად ცხადი იყო, რომ ქრისტეში მოქმედებს არა უბრალო ადამიანური, არამედ ღმერთის ძალა, რადგან ეს ადამიანი, რომელიც იტანჯებოდა და სხვებსაც ტანჯავდა, განიკურნა, დაუბრუნდა ნორმალურ ცხოვრებას. მიუხედავად ამისა, ეს ღადარინელები იმდენად იყვნენ შეპყრობილნი და მიჯაჭვულნი მატერიალურ სიკეთეებსა და მოგებაზე, იმდენად იყვნენ შეპყრობილნი მერკანტილურობით, როგორც დღეს ვიტყოდით, რომ ერჩივნათ, ეს კაცი დარჩენილიყო ისევ ისეთივე ეშმაკეული, ისევ ეტანჯა თავისი თავიც და მთელი მოსახლეობაც, მათ ერჩივნათ, უარი ეთქვათ ქრისტეზე, მის სიკეთეებზე, ოღონდ თავიანთი ღორები გადარჩენილიყვნენ. აი, ამიტომ სთხოვეს ქრისტეს, გასცლოდა მათ სოფელს.

რა თქმა უნდა, ეს ღორების კოლტი მათი შემოსავლის წყარო იყო, რომლის დაღუპვაც დიდი დანაკარგი იყო, თუმცა მათ რომ ერწმუნათ ღმერთი, ღმერთის ძალა, ამ ძალის მადლით, რა თქმა უნდა, ისინი ასმაგად აინაზღაურებდნენ დანაკარგს, მაგრამ როგორც გითხარით, იმდენად შეპყრობილნი იყვნენ ამ მერკანტილურობის ვნებით, რომ ამისთვის, რა თქმა უნდა, არ სცხელოდათ, ეს ამბავი საერთოდ არ ანაღვლებდათ.

შემდეგ ეს განკურნებული კაცი ევედრება მაცხოვარს, რომ თავისთან დატოვოს, მაგრამ უფალი გაუშვებს და ეტყვის: „დაბრუნდი შინ და ყველას უამბე, რაც გიყო ღმერთმა“ (ლკ. 8, 39) და ისიც წავიდა და მთელ ქალაქს ამცნობდა, რა გაუკეთა იესომ. ასე მთავრდება სახარების ეს მონაკვეთი.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ჩვენ დავფიქრდეთ, რომ მაცხოვრის ეს სიტყვები – „დაბრუნდი შინ და ყველას უამბე, რაც გიყო ღმერთმა“ – ეს მოწოდება განეკუთვნება ყოველ ჩვენგანსაც, ჩვენთვისაც არის ნათქვამი, ჩვენც გვიბრძანებს უფალი იესო ქრისტე, რომ დავამოწმოთ ქრისტე იმ გარემოში, სადაც ვცხოვრობთ და იმ ადამიანთა წინაშე, ვინც არის ჩვენ ირგვლივ.

ყველა მორწმუნე ადამიანს აქვს გამოცდილება ღმერთთან შეხვედრისა, ღმერთთან შეხებისა. შეიძლება ეს იყო ცხოვრებაში ერთხელ, შეიძლება ეს იყო წამიერად, მაგრამ ყოფილა. ჩვენ ვიცით, რა არის უფლის სიყვარული, რა არის უფლის მოწყალება, რა არის საღვთო ძალა და მადლი, რომელიც გვეხმარება, გამოვსწორდეთ და გავხდეთ უკეთესი, რამდენ სიკეთეს და მშვენიერებას გვიხსნის ჩვენ წინაშე ღმერთი, რამდენი სიკეთე გაგვიკეთა ყოველ ჩვენგანს, ცალკე აღებულს და მთელ კაცობრიობას ერთად; ჩვენ ვიცით, ეს საიდან არის, საიდან გვეძლევა; მაგრამ რამდენია ისეთი ადამიანი, ვინც ამ სიკეთეებს ვერ აღიქვამს და ვერ გრძნობს?! ამიტომ ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავამოწმოთ მათ წინაშე ის სიკეთე, რასაც ღმერთი გვაძლევს.

მაგრამ განა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამას ჯეროვნად ვაკეთებთ? რა თქმა უნდა, არა. ამიტომ უნდა შევისმინოთ უფალ იესო ქრისტეს ეს სიტყვები: „დაბრუნდი შინ და უამბე ყველას, რაც გიყო შენ ღმერთმა“ და მივბაძოთ ამ ადამიანს, რომელმაც შეასრულა უფლის ლოცვა-კურთხევა, წავიდა და მთელ ქალაქს ამცნობდა, რაც გაუკეთა იესომ.

ასევე პეტრე მოციქულიც შეგვახსენებს ამ მოწოდებას, როცა ის მიმართავს ყველა დროის ქრისტიანებს ასეთი სიტყვებით: „თქვენ ხართ რჩეული მოდგმა, წილხვედრი ხალხი, რომ ყველას აუწყოთ ღმერთის სიქველე, ვინც გამოგიხმოთ თქვენ სიბნელიდან, რათა გეხილათ მისი საოცარი ნათელი, ამინ,“ – აცხადებს მეუფე შიო. 

საბერძნეთში ქართველები დააკავეს

სალონიკში, დააკავეს ქართველი, რომელსაც ბრალად პოლიციელზე თავდასხმა ედება. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და ირკვევა, რომ დაკავებულმა სამართალდამცველს უკბინა.

მედიის ცნობით, 49 წლის კაცი პოლიციელებმა შემოწმების მიზნით ქუჩაში გააჩერეს, რის შემდეგაც მან გაქცევა სცადა, დაკავებისა და განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ კი, ლიფტში პოლიციელს ტუჩზე უკბინა. სხვა დეტალები უცნობია.

კიდევ ერთი ქართველი კი სალონიკში 8 ნოემბერს, ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, 47 წლის კაცმა კალამარიას რაიონში, ბინიდან, ბერძენ თანამზრახველთან ერთად ძვირფასეულობა, ალკოჰოლური სასმელები და ფეხსაცმელები გაიტანა.

როგორც ირკვევა ის საბერძნეთში არალეგალურად იმყოფებოდა.

პოლიციის განცხადებით, დამნაშავემ ბინის კარი სპეციალური ხელსაწყოთი გატეხა. პოლიციამ მოპარული ნივთები მეპატრონეს დაუბრუნა. 

ვერ შეძლეს ერთი არგუმენტიც რომ ეთქვათ, რატომ არ უნდა იმუშაოს ამ ქვეყანაში გამჭვირვალობის პრინციპმა – ნინო წილოსანი გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არასამთავრობოების საჩივარზე

x

სარჩელი გაგზავნილიც რომ იყოს, ვიცით, რომ ეს სარჩელი უშინაარსოა, რადგან შინაარსის დამტკიცება ვერც ქვეყნის შიგნით შეძლეს და ვერ შეძლეს ერთი არგუმენტიც ეთქვათ, რატომ არ უნდა იმუშაოს ამ ქვეყანაში გამჭვირვალობის პრინციპმა, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის გაგზავნასთან დაკავშირებით.

„საზოგადოებას წინასაარჩევნოდ აშინებენ რომ სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი სარჩელი, თუმცა მათი ამ განცხადებიდან დიდი ხანია გასული და სტრასბურგის სასამართლოს არაფერი მიუღია, ყოველი შემთხვევისთვის საჯაროდ და ჩვენთვის არაფერია ცნობილი. ახლა თავის მართლება გადაწყვიტეს „ფედექსის“ ფარატინა ფურცლითა და გზავნილის ნომრით, რომელიც არაფერს გვეუბნება. რაც არ უნდა სარჩელი იყოს გაგზავნილი, ვიცით, რომ ეს სარჩელი უშინაარსოა, რადგან შინაარსის დამტკიცება ვერც ქვეყნის შიგნით შეძლეს, ვერ შეძლეს ერთი არგუმენტიც ეთქვათ, რატომ არ უნდა იმუშაოს ამ ქვეყანაში გამჭვირვალობის პრინციპმა, რატომ არ უნდა იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ რაში იხარჯება უცხოური დაფინანსება და რა მიზანს ემსახურება. რასაც ქვეყნის შიგნით აცხადებდნენ, იმავეს ჩაწერენ სარჩელში, რომელიც მარცხისთვისაა განწირული“, – განაცხადა წილოსანმა.

რუსეთის ტერორის სიტყვებით შეჩერება შეუძლებელია – სამართლიანობის გარეშე ხანგრძლივი მშვიდობა არ არსებობს და ამის მიღწევა უკრაინისთვის საკმაოდ რეალურია – ვოლოდიმირ ზელენსკი

საჰაერო თავდაცვის ძალები ამ კვირაში დღე და ღამ მუშაობდნენ უკრაინის ცის რუსული ტერორისგან დასაცავად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ წერს.

მისი თქმით, გუშინ ღამით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ რეკორდული რაოდენობის – 145 Shahed-ის და სხვა ტიპის დრონი გამოიყენა. მთელი კვირის განმავლობაში კი რუსეთმა 800-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, დაახლოებით 600 დრონი და სხვადასხვა ტიპის თითქმის 20 რაკეტა გამოიყენა.

„ასეთი ტერორის სიტყვებით შეჩერება შეუძლებელია, ბავშვების მკვლელობისა და საყვარელი ადამიანების დაკარგვის დავიწყება უბრალოდ შეუძლებელია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ტერორისგან დაცვა თამამი გადაწყვეტილებების გარეშე შეუძლებელია.

„ტერორისგან დაცვა თამამი გადაწყვეტილებების გარეშე შეუძლებელია – ეს ყველა ქვეყნისთვის ნათელია. სამართლიანობის გარეშე არ არსებობს ხანგრძლივი მშვიდობა და ამის მიღწევა უკრაინისთვის საკმაოდ რეალურია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

პრემიერ-მინისტრი ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 11-13 ნოემბერს გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში (COP29) მიიღებს მონაწილეობას, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებენ.

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირისპირ შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან.

დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა COP29-ის ლიდერთა სამიტზე, ასევე პანელურ დისკუსიებზე, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება.

გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია ფოკუსირებული იქნება კლიმატის გავლენის შეფასებაზე როგორც ჰუმანიტარულ, ისე ეკონომიკურ ცხოვრებაზე. ლიდერები იმსჯელებენ იმ ქმედით ნაბიჯებზე, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს მათ შორის ემისიების შემცირებას, რის გარეშეც გლობალური დათბობის მძიმე გავლენის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება.

COP29-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.