Home Blog Page 15

„ძალიან ეჭვი მეპარება, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება დღის წესრიგში დადგეს”- ლევან მაჭავარიანი

„ძალიან ეჭვი მეპარება, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება დღის წესრიგში დადგეს. აბნევენ ჩვენს მოქალაქეებს,„ – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.

წამყვანმა მას ჰკითხა, როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება დასავლელi პარტნიორების მიმართ მათი ბოლოდროინდელი კრიტიკული განცხადებების ფონზე.

„ძალიან ეჭვი მეპარება, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება დღის წესრიგში დადგეს. აბნევენ ჩვენს მოქალაქეებს. შეწყვეტას სჭირდება 27-ვე ქვეყნის თანხმობა და კარგად ვიცით, ვინ არიან ჩვენი მეგობრები ევროკავშირში, რომლებიც ამას არასდროს დათანხმდებიან. შეჩერებასთან დაკავშირებითაც იქ არის უამრავი პროცედურა და ჩვენ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არავისთვის მიგვიცია ამასთან დაკავშირებით. 

შესაბამისად, ეს არის უბრალოდ შანტაჟის ენით საუბარი, რომ კიდევ მეტი ქაოსი შემოიტანონ საზოგადოებაში. 

პოლონეთი გამოირჩევა მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრობით. მათი მაღალი თანამდებობის პირები ღიად აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის „დემოკრატიის შუქურა“ და სააკაშვილმა ააღორძინა დემოკრატია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში. რანაირად უნდა ვესაუბროთ მათ?! ქართველებს ვერავინ დასჯის, როგორი სურვილიც არ უნდა ჰქონდეთ და ჩვენ ამ თემასაც გადავლახავთ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

,,გიდასტურებთ, რომ შეთანხმებული არ ყოფილა და პოსტ ფაქტუმ გავიგეთ ჩორჩანას საგუშაგოს დადგმის შესახებ ”- ვახტანგ გომელაური

გიდასტურებთ, რომ შეთანხმებული არ ყოფილა და პოსტ ფაქტუმ გავიგეთ ჩორჩანას საგუშაგოს დადგმის შესახებ – ჩვენ რომ გავიგეთ, ვალდებული ვიყავი და პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში ჩავაყენე,- ამის შესახებ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდის შესახებ გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გომელაურის თქმით, ზოგადად, როდესაც საქმე მსგავს საკითხებს ეხება, ის თანხმდება, როგორც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან, ისე სხვა ხელმძღვანელებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, თუმცა გომელაური აზუსტებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მისი სამსახური ინფორმირებული არ იყო.

„ვიყავი თუ არა საქმის კურსში საგუშაგოს აღმართვის შესახებ, შევთანხმდით თუ არა… გიდასტურებთ, რომ შეთანხმებული არ ყოფილა და პოსტ ფაქტუმ გავიგეთ ჩორჩანას საგუშაგოს დადგმის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენი ტერიტორიაა, აქედანაც და იქიდანაც, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ფაქტის წინაშე ვდგავართ. ხდებოდა ხოლმე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეთანხმება, ისინი მერე უკვე ამ საერთო ფორმატში ათანხმებდნენ. ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, სადაც ყოფილა დათანხმება იქითა მხრიდან: გააკეთეთ, ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. ასე ხდებოდა. ასე რომ, მარტო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი რომ ჩააყენო საქმის კურსში ან რომელიღაც დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასე არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში უნდა ჩაგეყენებინა, უსაფრთხოების სამსახური, შემდეგ ჩვენ ვაყენებთ საქმის კურსში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ასე ხდებოდა ყველაფერი. ამ შემთხვევაში გავიგეთ პოსტ-ფაქტუმ.

ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა და პოსტ-ფაქტუმ გავიგეთ, გზის დამუშავება დაიწყო, გაყვანა, მოსწორება. პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში იყო თუ არა, როგორც ვიცი, არ იყო. ჩვენ მოვახსენეთ ეს, როგორც მე მახსოვს.

ჩვენ რომ გავიგეთ, ვალდებული ვიყავი და პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში ჩავაყენე. მაინც გაკეთდა ეს. რატომ არ გამოიყვანეთ უკან, რატომ დავტოვეთ, ამაზე დღეს პასუხს ვერ გეტყვით. ამაზე მოკვლევა მიდის“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

,,ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული”- ბიძინა გიორგობიანი

ჩვენ ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული, რომელიმე მასში მონაწილე მხარის სასარგებლოდ. სწორედ ამას ვამბობთ ჩვენ, ჩვენი პლატფორმა, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა ისრაელ-ირანის დაპირისპირებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, მათი პლატფორმა ამ საფრთხეებს რეალურად თვალნათლივ ხედავს.

„ამ რეგიონში ძალიან ცუდია, როდესაც სახელმწიფო რომელიმე მხარეს ხარ და ეს იწვევს ძალიან დიდ საფრთხეებს. თქვენ ხედავთ, რომ ეს სავაჭრო-სატარიფო ომი, რომელიც რამდენიმე თვე იყო მსოფლიოს პოლიტიკურ დღის წესრიგში, უცებ გადაიზარდა და გადავიდა ორ სისხლის მღვრელ კონფლიქტში – ერთი არის აღმოსავლეთ ევროპა და მეორე – ახლო აღმოსავლეთი. ეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენას მოახდენს საქართველოზე და ჩემი სურვილია, ალბათ, ყველა გონიერი ადამიანი ამის მხარეს იქნება, რომ საქართველომ და საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ერთი, აქამდე არსებული კონფლიქტთან მიმართებაში ძალიან სწორი პოზიციონირება და თავი აარიდა ამ კონფლიქტში პირდაპირ ჩარევას. ამ შემთხვევაშიც ჩვენი პოზიციონირება უნდა იყოს ანალოგიური და მე იმედი მაქვს, ამ შემთხვევაშიც მოხერხდება, რომ საქართველოს გვერდს აუვლის ეს დიდი განსაცდელი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ხალხებს თავს დაატყდათ – როგორც ირანში, ასევე – ისრაელში და მეზობელ სახელმწიფოებში. ეს ისტორიული მტრობა, რომელიც პერიოდულად თავს იჩენს და ათწლეულებში ერთხელ მძაფრდება, გადავიდა იმ ეტაპზე, რომელსაც დღეს ვხედავთ. ლამის, საუბარია, რაღაც ატომური მუხტების გამოყენებაზე, თუმცა, ოფიციალურად არც ერთ და არც მეორე მხარეს ატომური იარაღი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ბრძოლა მიდის წესების გარეშე. დიპლომატია, ფაქტობრივად, გამოთიშულია დღევანდელ სამყაროში და არის ძალის პოლიტიკა. ამ ძალის პოლიტიკის გათვალისწინებით არ არის გამორიცხული, რომ ე.წ. ჭუჭყიანი ატომური მუხტი იხმაროს რომელიმე მხარემ“, – განაცხადა გიორგობიანმა.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს, რომ საქართველოს სიახლოვეს მიმდინარე ამ მეორე კონფლიქტის ტალღა ქვეყანაში არ შემოვიდე.

,აშშ-სა და რუსეთს ძალიან თბილი დიალოგი აქვთ, მაგრამ პუტინი ტრამპს მოატყუებს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის საკითხი აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში უკრაინის მონაწილეობის გარეშე არ უნდა განიხილებოდეს. მან ამის შესახებ ტელეარხ „Newsmax“-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკიმ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებს „ძალიან თბილ დიალოგი“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არ აქვს უფლება, აშშ-ს უთხრას, თუ როგორ აწარმოოს დიალოგი რუსეთთან.

„ვფიქრობ, რომ პუტინს არ სურს ომის დასრულება და, საბოლოოდ, ის ტრამპს მოატყუებს. თქვენც ნახავთ ამას, ყველა, მთელი მსოფლიო დაინახავს ამას. ის ასეთი ადამიანია“, – განაცხადა ზელენსკიმ. 

ზელენსკიმ დასძინა, რომ არასწორად მიიჩნევს ასეთ მოლაპარაკებებში უკრაინის საკითხის განხილვას უკრაინის გარეშე. 

„მე ვფიქრობ, რომ უკრაინაზე უკრაინის გარეშე საუბარი არასწორია, უკრაინაზე საუბარი და ზოგიერთი საკითხის ჩვენს გარეშე გადაწყვეტა, უსამართლობაა“, – აცხადებს ზელენსკი. 

ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ტრამპს აქვს ბერკეტები რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასასრულებლად, მაგრამ ამისათვის მან უნდა გაიგოს თუ რა თამაშს თამაშობს კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი.

,,ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ყველაზე, მასშტაბური საჰაერო ოპერაცია ჩაატარა”- ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი

ისრაელმა ჩაატარა ყველაზე მასშტაბური საჰაერო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის ბირთვული პროგრამის შეჩერებას, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ეფი დეფრინმა განაცხადა.

„70-ზე მეტმა საბრძოლო თვითმფრინავმა შეძლო ორსაათ-ნახევრის განმავლობაში თეირანის თავზე ფრენა და 40-ზე მეტ სამიზნეზე დარტყმა. თეირანამდე გზა გახსნილია“, – განაცხადა დეფრინმა.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ გაანადგურეს ირანის საჰაერო თავდაცვა. დეფრინის თქმით, ეს ირანის ყველაზე ღრმა ტერიტორიაა, სადაც ისრაელის საჰაერო ძალებს მანამდე უმოქმედიათ.

„ჩვენ დავამყარეთ საჰაერო თავისუფლება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ვიმოქმედოთ და ავიცილოთ ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საფრთხეები“, – განაცხადა დეფრინმა.

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაურის გამოკითხვაზე დაბარების შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გამოკითხვაზე დაბარების თაობაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ჩორჩანას ეპიზოდის შესწავლა საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხდება.

„საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაბარებულ იქნა ვახტანგ გომელაური, რომელიც 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით იკავებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებების შესწავლა ასევე მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, სადაც განმარტების მისაცემად იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას“,- ნათქვამია განცხადებაში.

სასაზღვრო პოლიციის უფროსად დავით თამაზაშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსად დავით თამაზაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შს მინისტრმა, გელა გელაძემ ახალი ხელმძღვანელი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს წარუდგინა, მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„შეხვედრაზე მინისტრმა, ახალ ხელმძღვანელთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და კონკრეტული დავალებები გასცა. გელა გელაძემ სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროსს, ნიკოლოზ შარაძეს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

თიბისის ბიზნესდაჯილდოებაზე  დასარეგისტრირებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. განაცხადების მიღებამდე 1 დღე დარჩა.  15 ივნისამდე, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, დარეგისტრირდნენ პროექტის ვებ-გვერდზე – https://www.businessaward.ge/ .

ამ დრომდე, მონაწილეობის სურვილი  400-მდე ბიზნესმა გამოთქვა და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. რიგით მე-9 ბიზნესდაჯილდოებაზე, ფინალისტების და გამარჯვებულების ვინაობა დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი და მათ, სპეციალურად პროექტისთვის შერჩეული ჟიური გამოავლენს.

წლევანდელი ბიზნესდაჯილდოება ბევრი საინტერესო სიახლით დაბრუნდა, მათ შორის ახალი ნომინაციით – საუკეთესო ფრილანსერი. ბიზნესებს, წელს, 5 კატეგორიაში შეუძლიათ დარეგისტრირება:

  1. საუკეთესო პროდუქტი
    2. საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი
    3. გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
    4. გამორჩეული როლი რეგიონში
    5. საუკეთესო ფრილანსერი

გამარჯვებულებისთვის სამი კატეგორიის პრიზია დაწესებული. თითოეულ მათგანს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, თავად შეარჩიოს ჯილდოდან ერთ-ერთი: ახალი ვებ-გვერდი; ბრენდინგი ან საკომუნიკაციო მხარდაჭერა.

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის  მთავარი პარტნიორია – Visa. მხარდამჭერი –  აჭარა ჯგუფი. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.

(R)

ირანი-ისრაელის ომი და საქართველო -გოჩა ვეტრიაკოვი

1.     ისრაელის შეიარაღებული ძალების (IDF) მოკლე ანალიზი

ისრაელის შეიარაღებული ძალები (Israel Defense Forces – IDF) წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ, ორგანიზებულ და გამოცდილ სამხედრო სტრუქტურას მსოფლიოში. მისი უნიკალური სტრატეგიული მდგომარეობიდან გამომდინარე – გეოპოლიტიკური გარემო, მრავალწლიანი კონფლიქტები მეზობელ ქვეყნებთან, ტერორიზმის საფრთხე და მცირე ტერიტორიული რესურსები – IDF მუდმივად ვითარდება როგორც ტაქტიკურად, ასევე ტექნოლოგიურად.

სტრუქტურა და სავალდებულო სამხედრო სამსახური:

IDF შედგება სამი ძირითადი განშტოებისგან: სახმელეთო ჯარი, საჰაერო ძალები და საზღვაო ძალები. ქვეყანაში სავალდებულოა სამხედრო სამსახური როგორც მამაკაცებისთვის (საშუალოდ 32 თვე), ისე ქალებისთვის (24 თვე), რაც ქმნის ძლიერ რეზერვისტულ სისტემას და აძლიერებს ეროვნული თავდაცვის კულტურას. თითქმის ყველა მოქალაქე ერთგვარი სამხედრო მზადყოფნის მდგომარეობაშია მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ტექნოლოგიური უპირატესობა:

ისრაელი ლიდერია სამხედრო ინოვაციების კუთხით. ადგილობრივი თავდაცვის ინდუსტრია – მაგალითად, Rafael, Elbit Systems და Israel Aerospace Industries – აწარმოებს მოწინავე იარაღს, უპილოტო საფრენ აპარატებს (UAV), კიბერუსაფრთხოების სისტემებს და აღჭურვილობას. “Iron Dome” – სარაკეტო თავდაცვის სისტემა – უკვე გახდა მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ტექნოლოგიური წარმატება, რომელიც ეფექტურად იცავს ქალაქებს რაკეტებისგან სხვა საფრენი აპარატებისგან.

მძიმე ოპერატიული გამოცდილება:

IDF მუდმივად მონაწილეობს რეალურ საომარ ოპერაციებში – მათ შორის ლიბანში, ღაზაში, სირიასა და სხვა არასტაბილურ რეგიონებში. ეს აძლევს ჯარს უნიკალურ საბრძოლო გამოცდილებას. ასევე, სპეცრაზმი (მოსარ – Mossad-ისა და შინ ბეთის (Shin Bet) თანამშრომლობა) ითამაშებს მნიშვნელოვან როლს ანტიტერორისტულ ოპერაციებში.

გლობალური გავლენა და კრიტიკა:

IDF-ის მოქმედებები ხშირად ხდება საერთაშორისო განხილვის და კრიტიკის ობიექტი, განსაკუთრებით პალესტინასთან დაკავშირებულ კონფლიქტებში. მიუხედავად ამისა, ისრაელის არმია აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე დისციპლინირებული და ეთიკურად გაწრთვნილი სამხედრო ძალა რეგიონში.

მოკლე დასკვნა:

ისრაელის შეიარაღებული ძალები წარმოადგენს მცირე ქვეყნის დიდ სამხედრო პოტენციალს, რომელიც ეფუძნება მუდმივ მზადყოფნას, ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და ეროვნული თავდაცვის ძლიერ კულტურას. IDF-ს აქვს გადამწყვეტი როლი ისრაელის სახელმწიფოებრიობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

2.       ირანის შეიარაღებული ძალების (Artesh და IRGC) მოკლე ანალიზი**

ირანის შეიარაღებული ძალები შედგება ორი ძირითადი სტრუქტურისგან: რეგულარული არმია (Artesh) და რევოლუციური გვარდია (IRGC – Islamic Revolutionary Guard Corps). ეს ორსაფეხურიანი სამხედრო მოდელი უნიკალურია და ირანის პოლიტიკური და რელიგიური იდეოლოგიის შედეგია. ორივე ძალას საკუთარი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ნაწილები ჰყავს, თუმცა მათი როლები და პრიორიტეტები განსხვავებულია.

Artesh – რეგულარული არმია:

Artesh არის ტრადიციული სამხედრო სტრუქტურა, რომელიც ფარავს ქვეყნის საზღვრებს და მონაწილეობს კლასიკურ თავდაცვით ოპერაციებში. იგი შედარებით ნეიტრალურ პოლიტიკურ როლს ასრულებს და ნაკლებად ჩანს საერთაშორისო დონეზე. მისი ტექნოლოგიური დონე საშუალოა, ძირითადად დაფუძნებული ძველ საბჭოთა, ამერიკულ და ირანულად წარმოებულ ტექნიკაზე.

IRGC – რევოლუციური გვარდია:

IRGC არის პოლიტიკურად და იდეოლოგიურად მტკიცედ პროქართული რელიგიური სტრუქტურა, რომელიც პირდაპირ ემორჩილება ქვეყნის უზენაეს ლიდერს (აიათოლა). მისი როლი სამხედრო, ეკონომიკურ და საგარეო პოლიტიკაში ძალიან ძლიერია. IRGC- ს ეკუთვნის “Quds Force” – ელიტური ერთეული, რომელიც მოქმედებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ და მხარს უჭერს პრო-ირანულ ჯგუფებს, როგორიცაა ჰეზბოლა, ჰუსიტები და სხვა შიიტური მილიციები ახლო აღმოსავლეთში.

ტექნოლოგიური განვითარება და ასიმეტრიული ტაქტიკა:

ირანი დაბლოკილია დასავლური სამხედრო ბაზრებისგან, ამიტომ დიდი ძალისხმევით ავითარებს ადგილობრივ თავდაცვით ტექნოლოგიებს. ირანმა შექმნა სხვადასხვა ბალისტიკური რაკეტები, უპილოტო საფრენი აპარატები და საზღვაო დრონები. მისი სამხედრო სტრატეგია ძირითადად ეფუძნება ასიმეტრიულ ომს – ფართომასშტაბიანი პირდაპირი შეტევის ნაცვლად, ირანი იყენებს პროქსებს, კიბერ შეტევებს, ეკონომიკურ ომს და სარაკეტო ზეწოლას.

რეგიონული გავლენა:

IRGC-ს ქმედებები დიდი გავლენას ახდენს რეგიონულ სტაბილურობაზე. ისრაელი, საუდის არაბეთი და აშშ ირანს აღიქვამენ როგორც მთავარ საფრთხეს. ამავე დროს, ირანის რეგიონული გავლენა ერაყში, სირიაში, ლიბანში და იემენში ქმნის ძალაუფლების გეოპოლიტიკურ რუკას, სადაც თეირანს აქვს მნიშვნელოვანი საკონტაქტო და სამხედრო ბერკეტები.

დასკვნა:

ირანის შეიარაღებული ძალები წარმოადგენს კომპლექსურ, იდეოლოგიურად მოტივირებულ და სტრატეგიულად გამჭრიახ სისტემას. მისი სიძლიერე ნაკლებად არის დამოკიდებული კლასიკურ სამხედრო ძალაზე და უფრო ეფუძნება პროქსი სტრუქტურებს, რეგიონულ გავლენას, სარაკეტო პროგრამებსა და წინააღმდეგობრივი ომის ფორმებს.

3.     ირან-ისრაელის ომის შესაძლო ხასიათის შედარებითი ანალიზი ფიზიკური გეოგრაფიის გათვალისწინებით.

  

ირანსა და ისრაელს შორის პოტენციური კონფლიქტი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) განსაკუთრებული გეოგრაფიული თავისებურებებით ხასიათდება, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამხედრო სტრატეგიებზე, მოქმედების ფორმებზე და შესაძლო სცენარებზე. ქვემოთ წარმოდგენილია შედარებითი ანალიზი:

  1. გეოგრაფიული დისტანცია და სივრცე მრავალი ასობით კილომეტრის დაშორება:

ირანსა და ისრაელს არ აქვთ საერთო საზღვარი. მათ შორის მდებარეობს ერაყი, სირია, იორდანია და სხვა ქვეყნები. ეს გამორიცხავს ტრადიციულ სახმელეთო ომს და აქცენტს აკეთებს დისტანციურ იარაღზე: რაკეტებზე, დრონებზე და საჰაერო შეტევებზე.

მთიანი ტერიტორიების როლი:

ირანი ძირითადად მთაგორიანია, რაც ართულებს სახმელეთო ინვაზიას, მაგრამ იდეალურ პირობებს ქმნის თავდაცვითი და ასიმეტრიული ბრძოლისათვის. ისრაელი შედარებით კომპაქტურია, მაგრამ ძლიერი ურბანული ინფრასტრუქტურითა და გაუმჯობესებული ლოჯისტიკით.

  1. სტრატეგიული ღერძები და საზღვაო წვდომა სპარსეთის ყურე ხმელთაშუა ზღვა:

ირანს გააჩნია წვდომა სპარსეთის ყურეზე, სადაც შეუძლია გააკონტროლოს

ჰორმუზის სრუტე – ნავთობის გლობალური მიმოქცევის კრიტიკული წერტილი. ისრაელი კი მოქმედებს ხმელთაშუა ზღვის სივრციდან, რაც აძლევს საზღვაო და საჰაერო მხარდაჭერის მოქნილობას დასავლური მოკავშირეებისგან (მაგ., აშშ-ს მე-6 ფლოტი).

  1. სამხედრო მოქმედების ფორმები გეოგრაფიულ კონტექსტში

ირანის უპირატესობა ტერიტორიული სიღრმე და პროქსები :

ირანის გეოგრაფიული სიღრმე და მისი რეგიონალური მოკავშირეები (ჰეზბოლა ლიბანში, შიიტური მილიციები სირიაში, ჰუსიტები იემენში) საშუალებას აძლევს მას აწარმოოს “გარე ფრონტებიდან” ბრძოლა, რაც რეალურ საფრთხეს ქმნის ისრაელისთვის ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან.

ისრაელის უპირატესობა ტექნოლოგია და მანევრირება :

ისრაელის მცირე ტერიტორია მის სარდლობას საშუალებას აძლევს სწრაფად გადააადგილოს ძალები. მაღალი ხარისხის დაზვერვა, საჰაერო უპირატესობა და მრავალშრიანი სარაკეტო თავდაცვა (Iron Dome, David’s Sling, Arrow) ქმნიან ძლიერ თავდაცვით გეოგრაფიულ ფარად.

4.  გარემოს და კლიმატის გავლენა მაღალტემპერატურული კლიმატი და უდაბნოები:

ორივე ქვეყანა ოპერირებს ცხელი და მშრალი კლიმატის პირობებში, რაც გავლენას ახდენს ლოჯისტიკაზე, ტექნიკის გამძლეობაზე და ჯარის ფიზიკურ შესაძლებლობებზე. დრონები და უპილოტო სისტემები უპირატესობას ქმნიან ამ პირობებში.

დასკვნა: ომის ხასიათი გეოგრაფიის ფონზე

ირან-ისრაელის ომი, დიდი ალბათობით, იქნება არაპირდაპირი, დისტანციური და მრავალფაზიანი კონფლიქტი, რომელიც არ დაეფუძნება კლასიკურ სახმელეთო შეჭრას.

გეოგრაფიული შორება და ბუნებრივი ბარიერები ქმნიან სიტუაციას, სადაც დაზვერვა, კიბერუსაფრთხოება, სარაკეტო შესაძლებლობები და პროქსი ძალები იქნება გადამწყვეტი.

ფიზიკური გეოგრაფია, კერძოდ მთები ირანში და ურბანიზებული სივრცე ისრაელში, განსაზღვრავს თავდაცვით და შეტევით ტაქტიკებს.

რეალური სამხედრო შეჯახება, დიდი ალბათობით, მოხდება სირიაში, ლიბანში ან პერფერიულ ზონებში, ვიდრე ირანისა და ისრაელის უშუალო ტერიტორიებზე.

ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ომის ხასიათი იქნება ჰიბრიდული, სივრცეში გადანაწილებული და ტექნოლოგიაზე დამოკიდებული, ვიდრე ტრადიციული მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები.

  საქართველო ირან-ისრაელის ჰიბრიდული კონფლიქტის კონტექსტში: საფრთხეების ანალიზი და სახელმწიფო სტრატეგიული რეკომენდაციები

  1. გეოპოლიტიკური კონტექსტი და საქართველოს სტრატეგიული მდგომარეობა

საქართველო მდებარეობს ევრაზიის ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე რეგიონში — შავი ზღვის აუზსა და კასპიის ზღვის შუაში, რაც მას აძლევს სატრანზიტო და სტრატეგიულ მნიშვნელობას კავკასიის, ახლო აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის დამაკავშირებლად.

ირანსა და ისრაელს შორის პოტენციური ჰიბრიდული ან ასიმეტრიული კონფლიქტის შემთხვევაში, საქართველოს ადგილმდებარეობა და ღია სატრანსპორტო დერეფნები (BTK რკინიგზა, Baku-Tbilisi-Ceyhan და Baku-Supsa მილსადენები, შავი ზღვის პორტები, თავისუფალი ზონები) შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც:

გადასვლისა და მიმოსვლის პლატფორმა პროირანული ან პროისრაელური ძალების მიერ, განსაკუთრებით ჰიბრიდული მეთოდებით (დიპლომატიური საფარები, კერძო კომპანიების გამოყენება, ტექნოლოგიური ინფილტრაცია).

საბაზისო პუნქტი კიბერშეტევებისა და ინფორმაციული მანიპულაცია რეგიონში.

სტრატეგიული დასარტყამი რგოლი ირანის მიერ, დასავლურ ინტერესებზე ზეწოლის მიზნით (მაგ., ინფრასტრუქტურის დივერსია, პროქსი ზეწოლა აზერბაიჯანზე საქართველოს გავლით).

II.  რეალური უსაფრთხოების მდგომარეობის ანალიზი საქართველოში

  1. სამხედრო მოუმზადებლობა ჰიბრიდული ომის მიმართ

საქართველოს არმია ტექნიკურად იზრდება, მაგრამ არ აქვს საკმარისი რესურსები კიბერ ომის, საინფორმაციო ომის, დივერსიული ოპერაციების ან ტერორისტული აქტების საპასუხოდ.

2.  უსაფრთხოების სუსტი ინტეგრაცია რეგიონალურ და გლობალურ სისტემებში

საქართველო ახლო პარტნიორია NATO-სთან, მაგრამ არ არის ფორმალური წევრი. ეს ქმნის ნახევრად დაცულ მდგომარეობას, რაც კრიზისის დროს საერთაშორისო მექანიზმების გააქტიურებას ართულებს.

3.  დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სისუსტე

სუს-ის (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის) შესაძლებლობები იზრდება, თუმცა რეგიონული გეოპოლიტიკური თამაშების (მაგ., ირანი-რუსეთი, ირანი-სირია, ისრაელი-აშშ) ღრმა ანალიზი და დროული რეაგირება კვლავ სუსტი რჩება.

4.  ინფორმაციული სიძულვილის ზრდა და გარე გავლენა მოსახლეობაზე

სოციალურ მედიაში იმატებს უცხოური დეზინფორმაციის კამპანიები, განსაკუთრებით ანტიდასავლური, ანტიისრაელური და პრორუსული შინაარსით, რაც ქმნის ნიადაგს შიდა არასტაბილურობისთვის კრიზისის დროს.

III.  რისკები, თუ ირან-დასავლეთის დაძაბულობა იმსხვერპლებს რეგიონს

  

ირანის სტრატეგიული დივერსია საქართველოს ტერიტორიაზე: დრონები, კიბერშეტევები, პროქსი აგენტების მოძრაობა.

ისრაელის (ან მისი მოკავშირეების) წინასწარი შეტევები ირანის სუბიექტებზე საქართველოს ტერიტორიაზე, რაც საქართველოს ჩათრევის რისკს ზრდის.

შავი ზღვის და კასპიის ენერგომარშრუტების დარტყმის მცდელობა – რასაც დიდი ეკონომიკური და დიპლომატიური საფასური შეიძლება მოყვეს საქართველოსთვის.

IV. სტრატეგიული რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას

  

  1. აქტიური ნეიტრალიტეტი უსაფრთხოებისა და დიპლომატიის ბალანსი

საქართველომ უნდა შეინარჩუნოს მკაფიო პოზიცია რეგიონულ კონფლიქტებში ნეიტრალიტეტის ფარგლებში, პარალელურად გააძლიეროს პარტნიორობა დასავლეთთან უსაფრთხოების სფეროში — არა მხოლოდ დეკლარაციით, არამედ კონკრეტული პროექტებით (მაგ., NATO-ს ერთობლივი სასწავლო ცენტრების გაძლიერება).

2.  კიბერ უსაფრთხოების ეროვნული სქემის ამოქმედება

შეიქმნას ეროვნული კიბერუსაფრთხოების სააგენტო, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, აღჭურვილი და პირდაპირ კავშირში ევროპულ კიბერკოორდინატორებთან. მიზანი — დროული იდენტიფიკაცია და რეაგირება საფრთხეებზე.

3.  საზღვაო და საჰაერო კონტროლის გაძლიერება

საქართველომ უნდა დაარეგულიროს საჰაერო სივრცის კონტროლი ირანთან, ისრაელთან და მათ მოკავშირეებთან მიმართებით — მათ შორის დრონების მოძრაობის გაკონტროლება საერთაშორისო სტანდარტებით.

4.  საზოგადოების ინფორმაციული სტაბილურობის გაძლიერება

საზოგადოებრივი მაუწყებელი და განათლების სისტემა უნდა აღიჭურვოს კრიზისულ დროს საინფორმაციო გამჭვირვალობის, ანტიპანიკური მექანიზმების და მედიაწიგნიერების კომპონენტებით.

5.  სატრანზიტო უსაფრთხოების გაძლიერება

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პორტებს (ფოთი, ბათუმი), სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურას, რათა შემცირდეს ტერორისტული აქტების ან დივერსიის რისკი.

დასკვნა

ირან-ისრაელის კონფლიქტმა შესაძლოა არ იმოქმედოს საქართველოზე პირდაპირი სამხედრო გზით, მაგრამ როგორც რეგიონულ ჰაბს, მას აქვს სერიოზული გეოსტრატეგიული მგრძნობელობა. საქართველოს მთავრობამ უნდა იფიქროს არა კონფლიქტში ჩართვაზე, არამედ თავდაცვის სისტემების დახვეწასა და დიპლომატიური ბალანსის შენარჩუნებაზე — ქვეყნის სუვერენიტეტის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე.

გოჩა ვეტრიაკოვი თადარიგის მე-3 რანგის კაპიტანი

აშშ ისრაელს ირანული რაკეტების განეიტრალებაში დაეხმარა – CNN

JPG resized with https://ezgif.com/resize

ისრაელური წყაროების ცნობით, აშშ ისრაელს პარასკევს საღამოს ირანული რაკეტების განეიტრალებაში დაეხმარა.

CNN-ისთვის მიწოდებული ინფორმაციით, რეგიონის სხვა ქვეყნებმაც მხარი დაუჭირეს ისრაელის საჰაერო თავდაცვას.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, ეს მხარდაჭერა მსგავსი იყო იმისა, რაც ირანის წინა თავდასხმების დროს განხორციელდა.

2024 წლის აპრილში ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის საჰაერო საშუალება გაუშვა, მათ შორის დაახლოებით 170 დრონი და 120-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა.

ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, ამათგან 99% ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა და მისმა პარტნიორებმა გაანეიტრალეს.

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე ახალ გეგმებს და შესაძლებლობებს უკავშირდება. ვარსკვლავების განლაგება სასიკეთოა იმისთვის, რომ ერთდროულად რამდენიმე საქმე დაიწყოთ და თითქმის ყველაფერში საუკეთესო შედეგს მიაღწიოთ.

კურო

მოემზადეთ რთული გადაწყვეტილების მისაღებად. ნაკლები ილაპარაკეთ და უსარგებლო საქმეებზე ნუ მოცდებით. ამით დროსაც დაზოგავთ და უსიამოვნებებსაც თავიდან აიცილებთ. თუ თქვენ შინაური ცხოველის შეძენას გეგმავთ, ამისთვის ხელსაყრელი დღეა.

ტყუპები

გადაწყვეტილების მიღებას სამომავლოდ ნუ გადადებთ, ახლავე უნდა იმოქმედოთ. პროფესიულ საქმიანობაში ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება კოლეგებთან ურთიერთობას და სასარგებლო კავშირების განმტკიცებას უნდა მიაქციოთ. ყველა საკითხი მხოლოდ დიალოგით მოგვარდება.

კირჩხიბი

შემოქმედ ადამიანებს ახალი პროექტების განხორციელებაში ბედი გაუღიმებთ. ეცადეთ, ყველაფერი კოლეგებთან ან თანამოაზრეთა გუნდთან ერთად აკეთოთ, რადგან მარტო მუშაობით მიზანს ვერ მიაღწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დრო სწორად დაგეგმოთ. შუადღეს შეიძლება ნათესავებისგან ახალი ამბავი გაიგოთ.

ლომი

შეეცადეთ, არ გადაიღალოთ და სტრესულ სიტუაციებს ერიდოთ. ამ დღეს მნიშვნელოვანს ვერაფერს გააკეთებთ, ამიტომ გირჩევთ, მნიშვნელოვანი საქმეები ხვალისთვის გადაიტანოთ. ყურადღება მიაქციეთ ხანდაზმულ ნათესავებს.

ქალწული

გრძელი დღისთვის უნდა მოემზადოთ. შუა დღეს შეიძლება ენერგიის დონე მკვეთრად შემცირდეს და დაწყებული საქმეების დასრულება გაგიჭირდეთ. უამრავი პრობლემის გადაჭრა მოგიწევთ, მაგრამ ვარსკვლავების მხარდაჭერა სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ.

სასწორი

ამ დღეს წარმატებას მამაცი, მაგრამ გონიერი ადამიანები მიაღწევენ. ეცადეთ, რისკი კარგად აწონ-დაწონოთ, საკუთარი შესაძლებლობები შეაფასოთ და ინტუიციის კარნახს მიჰყვეთ. ცოტაოდენი ავანტიურიზმი და იუმორი სირთულეების მარტივად გადალახვაში დაგეხმარებათ. საღამოს დაუგეგმავი ხარჯები გელით.

მორიელი

ნუ აჩქარდებით, რომ შეცდომა არ დაუშვათ ან მნიშვნელოვანი წვრილმანი არ გამოგეპაროთ. თქვენი ნებისმიერი იდეა მხარდაჭერას და მოწონებას დაიმსახურებს. ამაში გარკვეულ როლს თქვენი პიროვნული ხიბლიც შეასრულებს, რომელსაც ოსტატურად იყენებთ.

მშვილდოსანი

ბევრი მშვილდოსანი სამუშაოს, საცხოვრებელი ადგილის ან პარტნიორის შეცვლაზე იფიქრებს. საკუთარი თავისა და გარემოსგან გაქცევის სურვილი საღ აზრზე ძლიერი იქნება, მაგრამ ნუ აჩქარდებით და გადაწყვეტილებების მიღებამდე დადებითი და უარყოფითი მხარეები შეაფასეთ.

თხის რქა

ტრანსპორტთან და გადაადგილებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმე წარმატებით დასრულდება. მალე საშუალება გექნებათ, რომ პროფესიული და კარიერული პოზიციები გაიძლიეროთ. წარმატება ადვილად არ მოდის, მაგრამ წინააღმდეგობები არ გაშინებთ და მზად ხართ, შეეჭიდოთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, ყველა საქმე სწრაფად და ადვილად მოაგვაროთ. პარტნიორებთან თანამშრომლობა წარმატებული იქნება. თუ შესაძლებელია, ეცადეთ, საღამო ბუნებაში გაატაროთ.

თევზები

უსმინეთ საკუთარ ინტუიციას. ოჯახური საკითხების მოგვარების დროს გადამწყვეტი სიტყვა ასაკით უფროს ადამიანებს დაუთმეთ. უცხო ადამიანთან ურთიერთობისას ეცადეთ, დისტანცია შეინარჩუნოთ. თქვენმა გულუბრყვილობამ შეიძლება ცუდი სამსახური გაგიწიოთ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრულ შემოწმებას და მიზნად ისახავს მათი უფლებრივი მდგომარეობის სამართლებრივ მოწესრიგებას.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მიკერძოებული ტელევიზიის მხრიდან საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობის მიზნით, არასრულად და დამახინჯებულად გაჟღერდა სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით დებულებებში ასახული ცვლილებების განმარტება. კერძოდ, თითქოსდა პირადი სრული შემოწმებისას ერთდროულად მთლიანი სხეულის გაშიშვლება ამ დრომდე წარმოადგენდა გავრცელებულ პრაქტიკას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პირადი სრული შემოწმებისას სრული (ერთდროულად მთლიანი სხეულის) გაშიშვლების პრაქტიკას ბოლო წლებში პენიტენციურ დაწესებულებებში ადგილი არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ რიგი დაწესებულებების დებულებებით მოწესრიგებული იყო სრული გაშიშვლების პრაქტიკის აკრძალვა, ხოლო მიმდინარე პერიოდში სრულად იქნა მოწესრიგებული ყველა დაწესებულების დებულების შესაბამისი ჩანაწერი.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, დამატებით განვმარტავთ, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება სკანერის გამოყენებით (შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში) ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის დათვალიერებით. ბრალდებული/მსჯავრდებული თავად ირჩევს მისთვის მისაღებ შემოწმების საშუალებასა და ფორმას, რაც მათი გარანტირებული უფლებაა. გვსურს, განვმარტოთ, რომ პირადი სრული შემოწმებისას კვლავ მოხდება სხეულის მხოლოდ იმ ნაწილის გაშიშვლება, რომლის დათვალიერებაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე. სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც განაგრძობს მუშაობას ბრალდებულების/მსჯავრდებულების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.