Home Blog Page 15

 ,,წელიწადში ერთხელ გამოჰყავთ ეს ადამიანი, რას საუბრობს ნახევარს ვერავინ იგებს”- პაპუაშვილი ბესარიონ ალავიძეზე

ესეც არის საინფორმაციო ჰიბრიდული თავდასხმის ნაწილი, რომელიც „ენჯეოებსა“ და მედიას შორის არის შეთანხმებული. ერთ-ერთი „ენჯეოს“ წარმომადგენელმა გაავრცელა ეს ვიდეო და შემდეგ აიტაცა პარტიულმა მედიამ, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის ინტერვიუს.

„ეს არის ჩვეულებრივი, ორკესტრირებული თავდასხმა საქართველოზე ჰიბრიდული მეთოდებით. ამ უბედურებაში, როდესაც ვუყურებთ ჩვენს თვალწინ როგორ ღალატობენ საკუთარ ქვეყანას, გარკვეული სარგებელიც არის, ვინაიდან ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ პირდაპირ ვიხილოთ და გამოვააშკარაოთ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას მტრობენ.

წელიწადში ერთხელ ეს ადამიანი (ბესარიონ ალავიძე) გამოჰყავთ, რაღაცებს იტყვის, რას საუბრობს ნახევარს ვერავინ იგებს. აბსურდის თეატრია და ეს ყველაფერი არასერიოზულია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ყოფილ მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს, რომელიც უკვე ორი დღეა, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდის სქემაშია ჩართული, არც უმაღლესი განათლების დამდასტურებელი დიპლომი აქვს და არც იურიდიული განათლება. ამ საკითხზე წლების წინ ადვოკატი ალექსანდრე ალადაშვილი საუბრობდა.

ალავიძეს ოპოზიცია მეორე დღეა, ამეორებინებს ძველ ისტორიას, რომელსაც ოპოზიციის კონტროლირებადი მედიები აქტიურად აშუქებენ. საუბარია 2022 წლით დათარიღებულ ვიდეოჩანაწერზე, სადაც ყოფილი მოსამართლე ზეწოლის ფაქტებზე და „სასამართლო კლანზე“ საუბრობს.

ბესარიონ ალავიძე სკანდალში ჯერ კიდევ 2013 წელს გაეხვა, როდესაც მისი კვალიფიკაცია ეჭვქვეშ დადგა.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის

4 ოქტომბერს 08:30 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება და ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

ასევე შეგახსენებთ, რომ 06:45 საათიდან იმუშავებს ცესკოს კონტაქტ – ჰაბი 2 51-00-51.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:

08:30 სთ

10:30 სთ

12:30 სთ

15:30 სთ

17:30 სთ

20:30 სთ

21:00-დან 22:00 საათამდე

ბრიფინგების განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

,,არის მცდელობა, მოაწყონ არჩევნების საბოტაჟი, მნიშვნელოვანია, ხვალ ჩვენმა მოქალაქეებმა ამას შესაბამისი პასუხი გასცენ”- შალვა პაპუაშვილი

არის მცდელობა, მოაწყონ არჩევნების საბოტაჟი, მნიშვნელოვანია, ხვალ ჩვენმა მოქალაქეებმა ამას შესაბამისი პასუხი გასცენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, არის მცდელობა, წაართვან საარჩევნო უფლება მოქალაქეებს და არჩევნების საბოტაჟით მოახდინონ გავლენა მოქალაქეების მონაწილეობაზე.

„ხვალ იმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. როგორც იცით, საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოების 2 000-ზე მეტ წევრს. ხვალინდელი არჩევნებისთვის უკვე დარეგისტრირებულია 28 საერთაშორისო და სადამკვირვებლო ორგანიზაცია, 27 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, 73 მედია არის აკრედიტებული არჩევნებზე დაკვირვებისა და გაშუქების მიზნით. ჯამში, 2 500-ზე მეტი დამკვირვებელი მედიაწარმომადგენელი იქნება, ვისაც ექნება შესაძლებლობა, დააკვირდეს და გააშუქოს ხვალინდელი არჩევნები. იცით, რომ 12 პარტია იღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. კანდიდატების რაოდენობაც არის დიდი, მათ შორის დედაქალაქში ცხრა მერობის კანდიდატი არის წარმოდგენილი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო გარემომ მეტწილად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

„ყველას გვქონდა შესაძლებლობა, რომ ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია, ჰქონოდა კომუნიკაცია მოქალაქეებთან და გაეცნოთ საკუთარი გეგმები. ნახეთ, რომ ტრადიციულად ოპოზიციამ არ ისარგებლა იმ შესაძლებლობით, რომ რეგიონში ჰქონოდა აქტიური კომუნიკაცია მოქალაქეებთან. „ქართულ ოცნებას“ ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა ადგილზე – სოფელ-სოფელ, ყველა უბანში, ყველა ოჯახში. ჩვენი კანდიდატები, ჩვენი პარტიის წარმომადგენლები ეკონტაქტებოდნენ ჩვენს მოქალაქეებს, რათა გაეცნოთ ჩვენი გეგმები, მოესმინათ მოქალაქეების მოსაზრებები. ჩვენი საერთო დაკვირვებაა, მათ შორის ადგილზე ჩვენი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, რომ ოპოზიცია პასიური იყო რეგიონებში, თბილისში მეტნაკლებად ვხედავთ აქტივობას, თუმცა, ისევე როგორც შარშან, ამჯობინეს სტუდიებიდან საარჩევნო კამპანიის წარმოება და არა უშუალოდ მოქალაქეებთან შეხვედრა. ამასთან, ჩვენ ვნახეთ და ვხედავთ, რომ არის მცდელობა კიდევ ერთხელ, რომ საბოტაჟი არჩევნების მოაწყონ. ამ მხრივ, განსაკუთრებული მდგომარეობაა ამ შემთხვევაში, ვინაიდან ვნახეთ, რომ პირდაპირ გამოცხადებულია არჩევნების საბოტაჟი არა მხოლოდ მასში მონაწილეობაზე უარის თქმით, რაც განაცხადა ორმა ბარიერგადალახულმა პარტიამ, არამედ არჩევნების პარალელურად, ძალადობრივი აქციის დაანონსებით და არჩევნების ჩაშლის მუქარით.

ვნახეთ, რომ პარტიების კოორდინირებული მოქმედება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მედიის ზოგიერთ წამომადგენელთან, რომლის მცდელობაც არის, წაართვან საარჩევნო უფლება მოქალაქეებს და არჩევნების საბოტაჟით მოახდინონ გავლენა მოქალაქეების მონაწილეობაზე. მათ შორის ვხედავდით პარადოქსულ განცხადებებს, როდესაც საუბარია დამხობაზე და ცდილობენ, წინასიტყვა – მშვიდობიანის დამატებით რაღაცნაირად კანონთან თითქოს შესაბამისობაში მოიყვანონ, რაც არის სრული აბსურდი. აქვე მივუთითებ, რომ ამაზე მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაც არსებობს ერთ-ერთ საქმეში, რომელიც თურქეთს ეხებოდა, სადაც ერთ-ერთი ორგანიზაცია საუბრობდა ლეგიტიმურ ჯიჰადზე, ლეგიტიმურ ძალადობაზე და ზუსტად წინსართი – ლეგიტიმურის დამატებით ცდილობდა თითქოს ამისთვის მიეცა ისეთი ფორმა, რომელიც შესაძლოა, დაცული ყოფილიყო სიტყვის გამოხატვის უფლებით. სტრასბურგის სასამართლოს მიღებული აქვს ამაზე გადაწყვეტილება. ასე რომ, ამ ტერმინოლოგიის გამომგონებლები მინდა, დავარწმუნო, რომ ისინი ვერანაირად ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას ამ ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით. ნათქვამი სიტყვა უკვე არის, ვერაფერს შეცვლიან. საუბრობენ დამხობაზე, საუბრობენ 4-ში დაწყებასა და დასრულებაზე. ამ შემთხვევაში, „ლელოს“ ვგულისხმობ, რომელსაც სურს, რომ ორივე ფლანგზე ითამაშოს, საუბრობს არჩევნებზე დილით და საღამოს დამხობაში მონაწილეობაზე. ჩვენ ვიხილეთ პირდაპირი საბოტაჟი არჩევნებისა, რომ მომხდარიყო არჩევნების საბოტაჟი. მნიშვნელოვანია, რომ ხვალ ჩვენმა მოქალაქეებმა შესაბამისი პასუხი გასცენ ყველა ამ წამოწყებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანექსირებული ყირიმის შესახებ კითხვის უპასუხოდ დატოვების გამო, ლიეტუვის კულტურის მინისტრს თანამდებობა დაატოვებინეს

ანექსირებული ყირიმის შესახებ კითხვის უპასუხოდ დატოვების გამო, ლიეტუვის კულტურის მინისტრმა, იგნოტას ადომავიჩიუსმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

თანამდებობის დატოვება მას ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგა რუგინენემ მოსთხოვა.

ადომავიჩიუსის განცხადებით, ამას აკეთებს არა საკუთარი შეცდომების, არამედ გარე ზეწოლის გამო, რაც საფრთხეს უქმნის მისი ოჯახის უსაფრთხოებას.

„დღეს ჩემი ოჯახის უსაფრთხოებისთვის, საზოგადოების გათვალისწინებით, რომ არ გავანადგურო მთავრობა, არამედ დავეხმარო მას თავისი საქმიანობის გაგრძელებაში, ვტოვებ კულტურის მინისტრის თანამდებობას. მალე ჩემს განცხადებას ინგა რუგინენეს გადავცემ“, – განაცხადა ადომავიჩიუსმა.

ცნობისთვის, ლიეტუვის კულტურის მინისტრმა, იგნოტას ადომავიჩუსმა არ უპასუხა კითხვას, თუ ვის ეკუთვნის ყირიმი.

ადგილობრივი მედიის თანახმად, კითხვაზე, ვის ეკუთვნის ყირიმი, ლიეტუვის კულტურის მინისტრმა დუმილი შეინარჩუნა, შემდეგ კი ჟურნალისტს სთხოვა, საერთოდ არ შეხებოდა ამ თემას. როგორც მედია წერს, ადომავიჩიუსის პოსტზე დანიშვნამ თავიდანვე გამოიწვია კულტურის სფეროს წარმომადგენლების უკმაყოფილება, რადგან მას არანაირი კავშირი არ  აქვს კულტურულ სექტორთან, გარდა იმისა, რომ დაამთავრა ეროვნული სამხატვრო სკოლა.

შევძელით მოგვემზადებინა პროგრამა იმისათვის, რომ სასკოლო პროცესში შესაძლებელი ყოფილიყო საღვთო სიტყვის სასულიერო პირის მიერ შეტანა – ეს არის საუკეთესო, რაც შეიძლებოდა ეკლესიასა და სახელმწიფოს გაეკეთებინათ -დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

წელს არის 1700 წლისთავი ქართლის მოქცევისა და სიმბოლურად ეს პროექტი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის თანამშრომლობა აისახა ამ პროექტში და საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების და ქრისტიანული სიტყვის გავრცელების განახლება ასეთი სახით გვიწევს. მე მგონი, რომ ეს არის საუკეთესო რაც შეიძლებოდა ეკლესიასა და სახელმწიფოს ერთობლივად გაეკეთებინათ, – განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბების დაარსების შესახებ საუბრისას.

დეკანოზის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ჩადებულია ძალიან დიდი შრომა, რომელიც დაეხმარება ადამიანს ცხოვრებისეულ სიტუაციებში შეძლოს სხვადასხვა ფასეულობების ამოცნობა.

„ჩვენ ყველანი კარგად ვიაზრებთ, რომ ქრისტიანობა იმდენად ბევრ რამეს შეიცავს თავის თავში, იმდენად ძლიერი სიტყვაა, რომ საუკუნეების მანძილზე არ დარჩა არც ერთი სფერო, სადაც ქრისტიანული სიტყვა არ იყოს გაზავებული, კულტურა იქნება ეს, ხელოვნება, თუ მეცნიერება და დღევანდელ დღეს თუნდაც ურწმუნო ადამიანი კულტურულად რომ ჩაითვალოს საფუძვლები უნდა იცოდეს ქრისტიანული მოძღვრებისა, ქრისტიანული კულტურისა. ჩვენ ძალიან დიდი წყვეტის შემდეგ შევძელით მოგვემზადებინა პროგრამა და მოვმზადებულიყავით თავად, იმისათვის რომ სასკოლო პროცესში შესაძლებელი ყოფილიყო საღვთო სიტყვის სასულიერო პირის მიერ შეტანა და ქადაგება. ამას წინ უძღოდა ძალიან ბევრი ფიქრი, თუ რა სახით უნდა გაკეთებულიყო ეს, ძალიან ბევრი ექსპერიმენტი, რა იყო უფრო მოსახერხებელი მიგვეწოდებინა თანამედროვე ადამიანისთვის ისეთი ფორმით, რომ ეს არ ყოფილიყო არც მოსაბეზრებელი, არც ძნელად მოსასმენი, ყოფილიყო ზომიერი და მთავარი რაც არის ყოფილიყო ორიენტირებული გემოვნების ჩამოყალიბებაზე, რომ ადამიანს შეეძლოს ცხოვრებისეულ სიტუაციაში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში, კინემატოგრაფიაში, ამოიცნოს ის ფასეულობები, რომლებიც გაბნეულია და რომელიც ავტორის მიერ გადმოცემული არის სხვადასხვა ხერხით.
გამზადებული ასეთი ინსტრუქცია არ არსებობდა და მხოლოდ გულითადი შრომა, მხოლოდ მამობრივი მზრუნველობა ჩვენს შვილებზე განაპირობებს იმას, რომ ამ მიმართულებით გვაქვს შედეგი“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მოგმართავთ ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს: არჩევნებზე არ მისვლა იქნება დაკარგული შანსი, რასაც უკან ვეღარ დავაბრუნებთ -ბერდია სიჭინავა

ხმას თუ „ოცნებას“ მისცემთ, ხმას აძლევთ მის მიერ ხელოვნურად შექმნილ დაპირისპირებასა და ქაოსს, ჩვენ გვჭირდება სიმშვიდისა და სამართლიანი წესრიგის დაბრუნება, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა,  ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებზე არ მისვლა იქნება დაკარგული შანსი, რასაც უკან ვეღარ დავაბრუნებთ.

„ხვალ 4 ოქტომბერია, არჩევნების დღე. არჩევნებში მონაწილეობა არის ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება და ამავდროულად, ვალდებულება, პასუხისმგებლობა, რაც ერთმანეთის და ჩვენი ქვეყნის საერთო მომავლის წინაშე გვაკისრია. არჩევნებზე არ მისვლა და შენი ხმის არ გამოყენება ნიშნავს, რომ შენი ხმა აჩუქე მოძალადე, მოღალატე, მატყუარა, ხალხის ფულის ქურდ „ოცნებას“, რასაც ისევ შენივე წინააღმდეგ გამოიყენებს.

ამიტომ, ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ: ოკუპანტებისთვის მოხდილი ბოდიშის წინააღმდეგ; ეროვნული ინტერესების მოღალატე „ოცნების“ წინააღმდეგ; ახალგაზრდებზე, ქალებზე მოძალადე – „ოცნების“ მჩაგვრელი რეჟიმის წინააღმდეგ; უდანაშაულო ადამიანების ციხეში გამოკეტვის წინააღმდეგ; ხალხის ფულის ქურდი „ოცნების“ წინააღმდეგ; ქვეყნიდან ახალგაზრდების გაქცევის წინააღმდეგ; „ოცნების“ მფარველობის ქვეშ მყოფი კრიმინალის და ნარკომანიის წინააღმდეგ; ქართველების ერთმანეთთან ხელოვნური დაპირისპირების და შექმნილი ქაოსის წინააღმდეგ; საქართველოს ევროპული მომავლის შეჩერების წინააღმდეგ.

„ოცნების“ წინააღმდეგ თითოეული არ მიცემული ხმა, არის „ოცნების“ გამარჯვება. ამიტომ, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, მოგმართავთ ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს, არჩევნებზე არ მისვლა იქნება დაკარგული შანსი, რასაც უკან ვეღარ დავაბრუნებთ.

ასევე მინდა, მივმართო ჯერ კიდევ „ოცნების“ მხარდამჭერებს, თუ თქვენ ხმას მისცემთ „ოცნებას“, თქვენ ხმას აძლევთ „ოცნების“ მიერ ხელოვნურად შექმნილ შუღლს, დაპირისპირებასა და ქაოსს.

ჩვენ გვჭირდება სიმშვიდისა და სამართლიანი წესრიგის დაბრუნება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქებში, ქუჩებსა და ოჯახებში.

ბოლოს, მინდა, გავიმეორო უდიდესი ქართველის, ილიას ჭავჭავაძის სიტყვები: „ვისაც ხელი მიგიწვდებათ, ყველანი უნდა მიხვიდეთ არჩევანზე და თქვენი მოქალაქური, კაცად კაცური მოვალეობა გადაუხადოთ თქვენს მშობელს ქალაქსა“, – განაცხადა სიჭინავამ. 

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი “ქართულ ოცნებას” არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ – არჩევნებზე არ მისვლა ნიშნავს, რომ თქვენს ხმას ნებაყოფლობით ჩუქნით “ქართულ ოცნებას” -მამუკა ხაზარაძე

მინდა, ყველას მოვუწოდო, თბილისელებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თბილისი არ გავატანოთ „ქართულ ოცნებას“ და კახა კალაძეს, არჩევნებზე არმისვლა ნიშნავს, რომ თქვენს ხმას ნებაყოფლობით ჩუქნით „ქართულ ოცნებას“, რომელმაც ეს ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაში შეიყვანა, – ამის შესახებ პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გნაცხადა.

მისი თქმით, პროტესტი და არჩევნები ერთმანეთს ხელს არ უშლის.

„ამოცანა არის იმ საარჩევნო კამპანიის ბოლომდე მიყვანაა, რომელიც ჩვენმა მაჟორიტარებმა და საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ თბილისში და არამარტო თბილისში ჩაატარა. კარდაკარი წარმატებულად ჩატარდა. თქვენ იცით, რომ გარემო არის ძალიან დაძაბული, მაგრამ მინდა, ყველას მოვუწოდო, თბილისელებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თბილისი არ გავატანოთ „ქართულ ოცნებას“ და კახა კალაძეს. არჩევნებზე არმისვლა ნიშნავს, რომ თქვენს ხმას ნებაყოფლობით ჩუქნით „ქართულ ოცნებას“, რომელმაც ეს ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაში შეიყვანა. პროტესტი და არჩევნები ერთმანეთს ხელს არ უშლის. ჩემი თხოვნაა, მობრძანდით არჩევნებზე და ხმა დაუჭირეთ საერთო კანდიდატს, ირაკლი კუპრაძეს და ჩვენს მაჟორიტარებს, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველო ყველა მუნიციპალიტეტი ხელში არ ჩავუგდოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა ბრძოლის მეთოდი გამოყენებული უნდა იყოს“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

არავის ვურჩევთ, გარისკოს და დაუპირისპირდეს სახელმწიფო სისტემას და კანონს, რომლისგანაც ყველა სამართალდამრღვევი უმკაცრეს პასუხს მიიღებს -ირაკლი კობახიძე

არავის ვურჩევთ, გარისკოს და დაუპირისპირდეს სახელმწიფო სისტემას და კანონს, რომლისგანაც ყველა სამართალდამრღვევი უმკაცრეს პასუხს მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველო განაგრძობს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას, რაზეც საქართველოს მთავრობა და მისი თითოეული უწყება სრულ პასუხისმგებლობას იღებს.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ მოუწოდა ყველა პოლიტიკურ პარტიას და სხვა გაერთიანებას, გაემიჯნონ შეკრებას, რომლის მიზანიც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლაა.

„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას და სხვა გაერთიანებას, ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო, ქმედითად გაემიჯნონ შეკრებას, რომლის მიზანი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლაა. ყველას მინდა შევახსენო, რომ დღეს საქართველო, მისი კონსტიტუციური სისტემა და სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სამართალდამცავი სტრუქტურები არის ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული, როგორც არასდროს. აქედან გამომდინარე, არავის ვურჩევთ, გარისკოს და დაუპირისპირდეს სახელმწიფო სისტემას და კანონს, რომლისგანაც ყველა სამართალდამრღვევი უმკაცრეს პასუხს მიიღებს. საქართველო განაგრძობს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას, რაზეც საქართველოს მთავრობა და მისი თითოეული უწყება სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ხშირად გვეკითხებიან, რა მოხდება როცა ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება – ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუციის ფუნქციონირება არ შეფერხდება -პაატა ბურჭულაძე

4 ოქტომბერს, 16:00 საათზე რუსთაველზე მოდით ყველა, მიიღეთ მონაწილეობა ისტორიულ, ეროვნულ კრებაში, ერთად შევქმნათ ახალი საქართველო, დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი, დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო, – ამის შესახებ „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არავინ უნდა იფიქროს, რომ სხვისი მისვლა საკმარისია.

„მეგობრებო, 4 ოქტომბრამდე, ქართველი ხალხის ეპოქალურ გამარჯვებამდე საათებია დარჩენილი. ვიკრიბებით რუსთაველზე, რათა ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლება. მოგიწოდებთ ყველას, ვისაც გსურთ ღირსეული და თავისუფალი საქართველო, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე რუსთაველზე მოდით. არავინ იფიქროთ, რომ სხვისი მისვლა საკმარისია. ხშირად გვეკითხებიან, რა მოხდება, როცა ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება? ვიღებთ პასუხისმგებლობას, არცერთი სახელმწიფო ინსტიტუციის მუშაობა არ შეფერხდება. რომელიმე მინისტრი, ან პარლამენტის წევრი თუ გაიქცევა, ეს არ გამოიწვევს ფუნქციების კოლაფსს, უფრო მეტიც, კოლაფსი მცირე ხნითაც არ შეიქმნება. ყველა სასიცოცხლო სახელმწიფო სერვისი, როგორებიცაა ჯანდაცვა, ხელფასებისა და პენსიების უზრუნველყოფა, მართლწესრიგი, თუ სხვა, გარანტირებული იქნება.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობას უზრუნველყოფენ არამხოლოდ მინისტრები, არამედ უწყებებში უამრავი სხვადასხვა პოზიციაზე განაწილებული პირები. გვაქვს არა მხოლოდ მოლოდინი, არამედ ზუსტად ვიცით, რომ ეს ადამიანები გააგრძელებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას. ამიტომ, ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე რუსთაველზე ყველა მოდით, მიიღეთ მონაწილეობა ისტორიულ, ეროვნულ კრებაში, ერთად შევქმნათ ახალი საქართველო, დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი, დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

 

დარწმუნებული ვართ, ჩვენი თანამოქალაქეები ხვალ გააკეთებენ ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენი ქალაქებისა და სოფლების წინსვლასა და განვითარებას ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს – ირაკლი კობახიძე

საარჩევნო პროცესი იყო კონკურენტული და თვისებრივად თავისუფალი როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან, ისე მუქარისგან, ზეწოლისგან და ძალადობისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ხვალ შედგება უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სადაც საქართველოს მოქალაქეები თავიანთი ქალაქებისა და სოფლების განვითარების ბედს განსაზღვრავენ.

„დღეს სრულდება საარჩევნო კამპანია და გვსურს, შევაჯამოთ წინასაარჩევნო პროცესები. როგორც მოგეხსენებათ, არჩევნებში მონაწილეობს 12 პოლიტიკური გაერთიანება, რომელთაც მიეცათ შესაძლებლობა, თავისუფლად და თანასწორ პირობებში წარემართათ საარჩევნო კამპანია. საარჩევნო პროცესი იყო კონკურენტული და თვისებრივად თავისუფალი როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან, ისე მუქარისგან, ზეწოლისგან და ძალადობისგან.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წინასაარჩევნო პროცესების მაღალ დონეზე ადმინისტრირებისათვის, აგრეთვე სამართალდამცავ უწყებებს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვისათვის.

ხვალ შედგება უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სადაც საქართველოს მოქალაქეები თავიანთი ქალაქებისა და სოფლების განვითარების ბედს განსაზღვრავენ. მოხარული ვართ, რომ გასული წლების განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობა იქცა ხელისუფლების რგოლად, რომელიც საზოგადოებაში გამორჩეულად მაღალი ნდობით სარგებლობს. ეს არის მიღწევა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე განსაკუთრებულად უნდა გაუფრთხილდეს. დარწმუნებული ვართ, ჩვენი თანამოქალაქეები ხვალ გააკეთებენ ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენი ქალაქებისა და სოფლების, თითოეული მუნიციპალიტეტის წინსვლასა და განვითარებას ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს.

საქართველოს მთავრობის სახელით, მსურს ვთხოვო თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, თითოეულ ამომრჩეველს, გამოავლინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ხმა მისცეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში“, – განაცხადა პრემიერმა.

4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტის ორი ეტაპი დასრულდა

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კვლავ ატარებს საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს.

აუდიტს საარჩევნო ტექნოლოგიების ტესტირების ლაბორატორია Pro V&V ატარებს, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და ერთ-ერთია იმ ორი კომპანიიდან, რომელსაც ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია გააჩნია.

საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, შესაბამისობის აუდიტის კიდევ ერთხელ განხორციელებით, გაითვალისწინოს საერთაშორისო კარგი პრაქტიკა და საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ელექტრონული საშუალებების მუშაობის პრინციპებზე, უსაფრთხოებაზე და დაცულობის უმაღლეს სტანდარტებზე. ამავდროულად, ამ პროცესის განხორციელება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის დაცვა წარმოადგენს.

შესაბამისობის აუდიტის პირველი ორი ეტაპი უკვე განხორციელდა და შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ ინფორმაციას უკვე ჩატარებული ორი ეტაპის შესახებ. კერძოდ, საწყისი კოდის რევიზიისა და კონფიგურაციის აუდიტის შედეგად დგინდება, რომ: ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებისთვის საჭირო მოწყობილობების კონფიგურაციისთვის წარმატებით განახორციელა პროცედურები, რომლებიც ადრე ჩატარებული პილოტისა და ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული არჩევნების ფარგლებში გამოიყენებოდა; ცესკო-მ წარმატებით დანერგა კონფიგურაციის პროცესის ხარისხის მონიტორინგის პროგრამა; არჩევნების ჩასატარებლად საჭირო მოსამზადებელი პროცესები, პროცედურები და შემოწმებები იყო შესაფერისი და პერსონალი კარგად იყო მომზადებული; ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის პირადი ნომერი არ არის დუბლირებული და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი; ცესკო-ს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ სიებთან; ვერიფიკაციის აპარატის საწყის კოდში განხორციელდა მცირე ცვლილება და განხორციელებული არცერთი ცვლილება არ არღვევს საარჩევნო კანონმდებლობას და არ ახდენს უარყოფით გავლენას საარჩევნო სისტემის მთლიანობაზე, საიმედოობაზე ან უსაფრთხოებაზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ შესაბამისობის აუდიტი ითვალისწინებს კვლევის განხორციელებას სამ ფაზად:

პირველ ფაზა ითვალისწინებდა ელექტრონულ ტექნოლოგიების საწყის კოდში განხორციელებული ცვლილებების შესწავლას და მათ შესაბამისობას ქართულ კანონმდებლობასთან, ასევე ტესტირებას, თუ რამდენად კარგად მუშაობდა განახლებული პროგრამა. მეორე ფაზა ითვალისწინებდა Pro V&V-ის წარმომადგენლების უშუალოდ დაკვირვებას ელექტრონული მოწყობილობების საარჩევნოდ მომზადების პროცესზე ცესკოს საოპერაციო-სასაწყობო სივრცეში. მეორე ფაზა ასევე ითვალისწინებდა ცესკოს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიებისა და  მოწყობილობებში შეყვანილი სიების იდენტურობის შემოწმებას. მესამე ფაზა კი ითვალისწინებს Pro V&V-ის წარმომადგენლების დაკვირვებას აპარატურის მუშაობის პროცესზე უშუალოდ კენჭისყრის დღეს.

საარჩევნო ადმინისტრაცია, საზოგადოებას მესამე ფაზის შედეგებს შესაბამისობის აუდიტის დასრულებისთანავე გააცნობს. დეტალური ინფორმაცია აუდიტის ანგარიშების შესახებ, ქართულ და ინგლისურ ენებზე, განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა კალაძის მიმართვა თბილისელებს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ახლად რეაბილიტირებული ვერის პარკიდან დედაქალაქის მცხოვრებლებს წინასაარჩევნოდ მიმართა.

მანვე შეახსენა თანამოქალაქეებს, რომ ოთხ ოქტომბერს, ქვეყნის და დედაქალაქის უკეთესი მომავლისთვის ერთ-ერთ გარდამტეხ დღეს, მნიშვნელოვანია თითოეული თბილისელის მხარდაჭერა.

„მოგესალმებით მეგობრებო,
მივესალმები ჩემს თბილისს და თბილისელებს!

ადგილი სადაც ახლა ვიმყოფები, მდებარეობს თბილისის ისტორიული პარკში, ჩვენი ქალაქის  ერთ-ერთი უძველეს და მნიშვნელოვან რეკრეაციული სივრცეში, რომლის რეაბილიტაციაც სულ ახლახან დავასრულეთ და დღეს ასე ლამაზად გამოიყურება.

ასე გამოიყურება ზრუნვა, პატივისცემა და რაც მთავარია, სიყვარული თბილისისა და თბილისელების მიმართ.

სიყვარულია ის, რაც ამ ქალაქს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს, რამაც შექმნა გასაოცარი თბილისური ისტორიები,  სხვადასხვა რელიგიის, ეთნოსის, კულტურის მქონე ხალხის თანაცხოვრების მაგალითები უჩვენა მსოფლიოს,  თბილისური ურთიერთობები ტრადიციად აქცია,  შესაძლებელი გახადა თბილისის ქუჩებში ისტორია მომავალს შეხვდეს,   საუკუნეებგამოვლილ ქალაქს მარად ახალგაზრდული სული შთაბერა.

მაგრამ სიყვარული მხოლოდ ლამაზი სიტყვები ან ისტორიები არ არის – ეს არის ყოველდღიური ძალისხმევა, დაუღალავი შრომა, მუდმივი ზრუნვა და მოფრთხილება; ეს არის განახლებული გამზირები და ქუჩები, გაცოცხლებული ისტორიული უბნები, ახალი პარკები,  რეაბილიტირებული ბაღები და სკვერები, თანამედროვე ბაგა-ბაღები, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ათწლეულობით დაგროვებულ პრობლემებზე თვალის გასწორება და მათთან შეჭიდება; ეს არის სიხარული, რომელიც მოაქვს საკუთარი თანამოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას, კონკრეტული ოჯახების გაბედნიერებას; ეს არის ახალგაზრდებისთვის ხელშეწყობა, უფროსი ასაკის ადამიანებზე ზრუნვა…

დიახ, სიყვარულს, რასაც მე და ჩემი გუნდი ამ ქალაქის წინაშე ვგრძნობთ, კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ქუჩების და უბნების სახელები ქვია, ყველა იმ განხორციელებული პროგრამის, პროექტის, რეფორმის სახელი ქვია, რომელმაც სასიკეთოდ შეცვალა თბილისი.

ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო თბილისზე, რადგან ბოლო რვა წლის მანძილზე წარმატებით გავიარეთ საკმაოდ რთული გზა საიმისოდ, რომ დღეს თამამად ჩაგვეხედა თქვენთვის თვალებში და არ მოგვრიდებოდა თქვენთან საუბრის.

როგორც თბილისის მერს, მეამაყება გავლილი გზა, რომელმაც უკვე დაატყო მკაფიო კვალი თბილისს და დღეს, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, თავს უფლებას ვაძლევ, გესაუბროთ არა ბუნდოვან დაპირებებზე, არამედ მკაფიო სამოქმედო გეგმებზე, რომელთა განხორციელებასაც თქვენთან ერთად ვაპირებ.

ამ ქალაქის მომავალი ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ, შეუძლებელია ერთმა ადამიანმა, ვინც გინდა იყოს ის, აიღოს ამხელა პასუხისმგებლობა.

თქვენი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ სჭირდება თბილისს, უნდა გაგრძელდეს ყველა ის პროგრამა, რომელიც დავიწყეთ, ყველა პროექტი, რომელიც დედაქალაქში არსებული პრობლემებს  საბოლოოდ დაძლევს.

სრულიად გულწრფელად შემიძლია გითხრათ, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც ამ გამოწვევებს გაუმკლავდება, არის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”.

მეგობრებო, 4 ოქტომბერი მორიგი გარდამტეხი თარიღია ქვეყნის და დედაქალაქის ცხოვრებაში- გარდამტეხი უკეთესი მომავლისთვის, ისეთი თბილისისთვის, სადაც ცხოვრება ყველასთვის იქნება ღირსეული და საამაყო.

მჯერა, 4 ოქტომბერს მესამედ ვიზეიმებთ გამარჯვებას და ერთად ავაშენებთ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის უკეთეს მომავალს.

მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს!“, – განაცხადა კახა კალაძემ.