Home Blog Page 15

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მეგობრული ურთიერთობა და იუმორის გრძნობა მოლაპარაკებებში დაგეხმარებათ და სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების გულს მოგაგებინებთ. გარშემო მყოფების მიმართ მეტი ინტერესი გამოიჩინეთ, კომპლიმენტები ნუ დაგენანებათ და სასურველს სწრაფად მიაღწევთ. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და ისეთ საქმეს არ წაეპოტინოთ, რომელსაც ვერ გაუმკლავდებით.

კურო

დღის პირველ ნახევარს საოჯახო და საყოფაცხოვრებო საქმეებს დაუთმობთ. ეცადეთ, ყველაფერი დროულად დაასრულოთ და ამ შაბათ დღეს საყვარელი საქმიანობისთვის დრო გამონახოთ. დაუნანებლად მოიცილეთ ყველა და ყველაფერი, რაც წინსვლაში ხელს გიშლით და ენერგიას გართმევთ. სიმტკიცე გამოიჩინეთ და დაასრულეთ ურთიერთობა, რომელსაც მომავალი არა აქვს.

ტყუპები

რთული და შრომატევადი კვირის შემდეგ სრული უფლება გაქვთ, რომ ეს დღეს ისე გაატაროთ, როგორც თავად გინდათ – მეგობრებთან ერთად წვეულებაზე წადით, იშოპინგეთ ან, სულაც, განმარტოვდით და კარგ ფილმს უყურეთ. შემოქმედებითი საქმიანობისთვის ნაკლებად ხელსაყრელი დღეა.

კირჩხიბი

აქტიური და საინტერესო დღეა. სახლში უსაქმოდ ჯდომას, ჯობს დიდი ხნის წინ დაწყებული, მნიშვნელოვანი საქმე დაასრულოთ და შემდეგ მეგობრებთან ერთად გაერთოთ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. ეცადეთ მიხვდეთ, რისი თქმა სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.

ლომი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სირთულეებისთვის მოემზადოთ – ამ დღეს გარემოებები თქვენ წინააღმდეგ იქნებიან. მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს და მუშაობა ორშაბათამდე გადადეთ. ნუ გააზვიადებთ საკუთარ პრობლემებს, რათა ეს თქვენს ჯანმრთელობაზე არ აისახოს. სიტუაციის დრამატიზება საჭირო არ არის. ხვალ პრობლემა თავისთავად გამოსწორდება.

ქალწული

შესანიშნავი დღეა ფიქრისა და სამომავლო მოქმედებების დაგეგმვისთვის. გახსოვდეთ, რომ ეშმაკი დეტალებში იმალება, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება წვრილმანებს უნდა მიაქციოთ. ეცადეთ, წესები და შეთანხმებები დაიცვათ, რათა შეცდომები არ დაუშვათ და უსიამოვნო სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ.

სასწორი

გამუდმებით ძველ პრობლემაზე ფიქრობთ, რაც ხასიათს გიფუჭებთ. ეცადეთ, ხალისიან, ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანების გარემოცვაში იტრიალოთ, რათა უარყოფითი გამოცდილება წარსულში დატოვოთ და ბნელი ფიქრებისგან გათავისუფლდეთ. ამ დღეს გულწრფელობას უახლოეს მეგობრებთანაც კი უნდა მოერიდოთ, რადგან შეიძლება თქვენი ნათქვამი არასწორად გაიგონ.

მორიელი

რაღაც მოვლენა ან გარემოება დიდ დროს გართმევთ და წინსვლაში ხელს გიშლით. შეეცადეთ, შემაფერხებელი ფაქტორებისგან გათავისუფლდეთ და თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი ბოლომდე გამოავლინოთ. ზუსტად შედგენილი სამოქმედო გეგმა თქვენს თავდაჯერებას გაზრდის და მუშაობაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ის საქმე უნდა აკეთოთ, რომელსაც დიდი ხანია, სამომავლოდ ინახავთ. წვრილმანებზე ძვირფას დროს ნუ დაკარგავთ და ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანზე გადაიტანეთ. ეცადეთ, გარშემო მყოფი ადამიანების განწყობა გაითვალისწინოთ, რათა თქვენი ერთობლივი საქმიანობა ნაყოფიერი იყოს.

თხის რქა

ამ დღეს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია კამათი. ეცადეთ, კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ, რათა თქვენთვის ძალიან ძვირფასი ურთიერთობა არ გააფუჭოთ. თუ საჭიროა, შეცდომების აღიარება და პატიების თხოვნაც უნდა შეძლოთ. სხვა ადამიანების მიერ დაშვებულ შეცდომებზე პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ. უახლოეს ხანებში დაუგეგმავი ხარჯი გელით, ამიტომ ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ.

მერწყული

გარშემომყოფები თქვენგან წესების მკაცრად დაცვას ითხოვენ. თუ ეს სიტუაცია დისკომფორტს განიჭებთ, ეცადეთ, მთელი დღე განმარტოებით გაატაროთ და საყვარელი საქმიანობით დაკავდეთ. მეგობრების რჩევა დაგეხმარებათ, რომ მნიშვნელოვანი საკითხი თქვენთვის სასარგებლოდ მოაგვაროთ.

თევზები

ეცადეთ, ეს დღე მშვიდად, აუჩქარებლად გაატაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია პრობლემები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში განწყობას გაგიფუჭებთ. პირად ურთიერთობებში ყველაფერი მშვენივრადაა – პიროვნული მოქნილობა და დიპლომატიური უნარები დაგეხმარებათ, რომ კონფლიქტური ვითარება დაზავებით დაასრულოთ.

გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსახლეობას 13 აპრილს ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

მათი ცნობით, 13 აპრილს, ღამისა და დილის საათებში, შიდა ქართლში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4, ხოლო ქვეყნის მთიან რაიონებში -4, -6 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ბაიდენის მიერ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ტრამპმა რუსეთის საზიანო აქტივობებთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის მიერ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის წევრებს შეატყობინა.

კერძოდ, საუბარია ჯო ბაიდენის მიერ 2021 წლის 15 აპრილს აღმასრულებელ ბრძანება 14024-ში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობაზე, რომელიც რუსულ საზიანო საგარეო აქტივობებს უკავშირდება.

აღმასრულებელ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საზიანო აქტივებში იგულისხმება რუსეთის მცდელობები, ჩაერიოს შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში; მავნე კიბერ აქტივობები; უცხოურ მთავრობებზე გავლენის მოსაპოვებლებად ტრანსნაციონალური კორუფციისთვის ხელის შეწყობა და გამოყენება; რუსეთის ტერიტორიის ფარგლებს მიღმა დისიდენტების ან ჟურნალისტების სამიზნეში ამოსაღებად აქტივობები; შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ქვეყნებსა და რეგიონებში უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა; საერთაშორისო სამართლის დამკვიდრებული პრინციპების დარღვევა, მათ შორის სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით.

აღინიშნება, რომ ეს ყველაფერი უჩვეულო და ექსტრა ორდინალურ საფრთხეს წარმოადგენს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის, საგარეო პოლიტიკისთვისა და ეკონომიკისთვის.

„ხშირად ადამიანებს არ ესმით სიტყვის „პატიება“ მნიშვნელობა“ – დავძლიოთ ახლობელი ადამიანისგან მოყენებული წყენა

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი მამა თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

„მიმტევებლობა ეს ჩვენი თავისუფალი არჩევანი არ არის. თავისუფალი არჩევანი არის იქ, როდესაც მე ქრისტეს ვირჩევ, ან მასზე უარს ვამბობ. როდესაც ქრისტეზე თანხმობა ვთქვი, ეს ნიშნავს, რომ მე მას ვემორჩილები და ის მეუბნება, რომ ვაპატიო. ხშირად ადამიანებს არ ესმით სიტყვის „პატიება“ მნიშვნელობა. მაგალითად, ადამიანმა რამე დამიშავა.

მე მას უნდა ვაპატიო ნიშნავს იმას, რომ ბოროტებაზე ბოროტებით არ გადავუხადო, ბოროტება არ ვუსურვო, თუ წაიქცა ხელი მოვკიდო და წამოვაყენო, თუ მოშივდა საჭმელიც ვაჭამო, მაგრამ ეს სულ არ ნიშნავს, რომ მე მასთან მეგობრული ურთიერთობა უნდა მქონდეს. შეიძლება მასთან ურთიერთობა ჩემთვის დესტრუქციული აღმოჩნდეს, შეუძლებელი იყოს, მაგრამ ის ადამიანი მე მაინც უნდა მიყვარდეს, ეს სიყვარული კი არ ნიშნავს, მისდამი ემოციურ დამოკიდებულებას, რომ მის გარეშე ვერ ვძლებდე, არამედ ამას რაც გითხარით. მას ღვთის წინაშე ვავედრებ, თუ ბოროტება აქვს უფალო შეეწიე, სინანული მიეცი, რომ არ დაიღუპოს“, – ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.

უცხოური მედია – აშშ-სა და ირანს შორის ომანში არაპირდაპირი მოლაპარაკებები პოზიტიურ ატმოსფეროში წარიმართა

აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ საკითხზე არაპირდაპირი მოლაპარაკებები დასრულდა. უცხოური მედიის ცნობით, შეხვედრის ატმოსფერო „პოზიტიური“ იყო, მოლაპარაკებები ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინისტრი აბას არაღჩი სტივ უიტკოფს პირისპირ „მხოლოდ რამდენიმე წუთით“ შეხვდა ომანში გამართული მოლაპარაკებების დროს.

როგორც თეირანში განმარტავენ, აშშ-სა და ირანის გუნდები სხვადასხვა ოთახში იმყოფებოდნენ და შეხვედრას ომანის წარმომადგენლობა შუამავლობდა.

„არც ჩვენ და არც მეორე მხარეს არ სურს დისკუსიები დისკუსიებისთვის, დროის ფლანგვა ან საუბრები, რომლებიც უსასრულოდ გაგრძელდება“, – აღნიშნა აბას არაღჩიმ ირანის სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას.

მისი თქმით, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 19 აპრილს გაიმართება.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრის ადგილი შესაძლოა, შეიცვალოს, თუმცა ომანის შუამავლობა კვლავ ძალაში დარჩება.

აბას არაღჩის განცხადებით, ამერიკული მხარეც აღნიშნავს, რომ მხარეებმა პოზიტიურ შეთანხმებას შესაძლოა, მალე მიაღწიონ. მისივე თქმით, „ეს არ იქნება ადვილი და მოითხოვს ორივე მხარის მზადყოფნას“.

,,14 აპრილს გახდება ცნობილი, მივა თუ არა პარტიის ლიდერი გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე” – ზვიად ძიძიგური 

„გახარია საქართველოსთვის” წევრის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, 14 აპრილს გახდება ცნობილი, მივა თუ არა პარტიის ლიდერი გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

ამის შესახებ ზვიად ძიძიგურმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარია საქართველოში გუშინ დაბრუნდა და საკითხთან დაკავშირებით პარტიაში თათბირი გაიმართა, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა.

„ჩემი პოზიცია იყო და არაერთ ეთერში დავაფიქსირე, არ ვარ კატეგორიული პოზიციის მომხრე, რომ იქ მისვლა არ შეიძლება და, რომ მისვლა ღალატია. რეზონანსია და გარკვეული ტიპის დატვირთვაა – მიხვიდე კომისიაზე, თქვა შენი სიმართლე, დააფიქსირო შენი პოზიცია ძალიან მკვეთრად და წამოხვიდე. ასეთი მიდგომის მომხრე ვიყავი და ვარ. გიორგი გახარია საქართველოში არ იყო, გუშინ დაბრუნდა, გუშინ პარტიაში იყო თემასთან დაკავშირებით პატარა შეკრება. აზრი გაყოფილია, არიან მისვლის მხარდამჭერები, ასევე არმისვლის მხარდამჭერები არიან. ორშაბათს გაირკვევა. როგორც მისვლას, ასევე არმისვლას აქვს თავისი არგუმენტები, თუმცა არმისვლის სასარგებლოდ უფრო მეტი არგუმენტი დაიდო თათბირზე, მაგრამ გადაწყვეტილი ბოლომდე არ არის“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 10 აპრილს დაიბარეს. გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე  20 ივნისის საქმეზეა დაბარებული.

აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო სამსახურის განკარგულებით, ახალი ტარიფები სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და ჩიპებზე არ გავრცელდება

აშშ-ის ახალი ტარიფები არ გავრცელდება სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და ჩიპებზე. ამის შესახებ აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო სამსახურის ახალ განკარგულებაშია აღნიშნული.

განკარგულების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ახალი ტარიფები არ გავრცელდება სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებსა და კომპონენტებზე, მათ შორის ნახევარგამტარებზე, მზის ბატარეებზე, ბრტყელ სატელევიზიო ეკრანებზე, ფლეშ ბარათებზე, მეხსიერების ბარათებსა და ბარათებზე, რომლებიც მონაცემების შენახვისთვის გამოიყენება.

ამერიკული ტელეარხი CNBC აღნიშნავს, რომ 11 აპრილს გამოქვეყნებული ეს განკარგულება მოჰყვა აქამდე ტრამპის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ გამოცხადებულ 145%-იან ტარიფებს, რაც უარყოფითად აისახებოდა ტექნოლოგიურ კომპანიებზე, მაგალითად Apple-ზე, რომელიც iPhone სმარტფონებსა და თავისი სხვა პროდუქციის უმრავლესობას ჩინეთში აწარმოებს

,,ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მეზობელთან, გარდა რუსეთისა”- მაკა ბოჭორიშვილი

ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მეზობელთან, გარდა რუსეთისა, რადგან საქართველოს ორი რეგიონი რუსეთის ფედერაციის მიერ რჩება ოკუპირებული, ეს არის მიზეზი, რის გამოც არ შეგვიძლია და არ განვიხილავთ 3+3-ის ფორმატში მონაწილეობას, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე.

დისკუსიის მოდერატორის კითხვაზე, რა მოსაზრება აქვს საქართველოს 3+3-ის ფორმატში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ხომ არ აპირებს საქართველოს ხელისუფლება გადახედოს გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმატში მონაწილეობაზე უარს გულისხმობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ ამ ფორმატს უწოდებს 3+2-ს, რადგან საქართველო არ არის ამ ფორმატის ნაწილი, თუმცა მას მაინც ყოველთვის 3+3-ს უწოდებენ.

„ამ ფორმატს ვუწოდებდი 3+2-ს, რადგანაც საქართველო არ არის ფორმატის ნაწილი, მაგრამ მას ყოველთვის 3+3-ს უწოდებენ. საქართველო არ არის ამ ფორმატის ნაწილი. ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მეზობელთან, გარდა რუსეთისა. საქართველოს ორი რეგიონი რჩება ოკუპირებულად რუსეთის ფედერაციის მიერ და ჯერ კიდევ გვაქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიუღებელი სამხედრო წარმომადგენლობა ამ რეგიონებში, ეს არის მიზეზი, რის გამოც არ შეგვიძლია და არ განვიხილავთ ამ ფორმატში მონაწილეობას. რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ მხოლოდ ერთი ფორმატი გაგვაჩნია – ეს არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, სადაც საქართველო და რუსეთი ერთმანეთს ელაპარაკებიან კონფლიქტის შესახებ და ამ ფორმატში წარმოდგენილია აშშ-ი, გაერო, ეუთო, ევროკავშირი. ძალიან ღირებული ფორმატია ჩვენთვის, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, განვიხილოთ კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები. სხვა მხრივ, როდესაც ვსაუბრობთ რეგიონზე და რეგიონულ თანამშრომლობაზე, ჩვენ გვაქვს საუკეთესო თანამშრომლობა სხვა მეზობლებთან – სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, კარგი თანამშრომლობის ბრწყინვალე მაგალითები გვაქვს. თურქეთთან და აზერბაიჯანთან განვახორციელეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ათწლეულების განმავლობაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პატარა რეგიონისთვის და ასევე მნიშვნელოვანია უფრო ფართო რეგიონისთვისაც“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, საქართველო მზად არის მეზობლებთან თანამშრომლობისთვის და შეიტანოს წვლილი რეგიონულ თანამშრომლობაში, რეგიონულ პროექტებში, მაგრამ ეს არ არის 3+3-ის ფორმატი.

„რეგიონში მრავალფეროვნებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენ გვაქვს მრავალფეროვნების შესაძლებლობა. საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი შეიძლება, განსხვავებულები ვართ ბევრი კუთხით, მაგრამ საქმე როდესაც ეხება საგარეო პოლიტიკას, გვიწევს თანამშრომლობა. საქართველო ათწლეულებია მისდევს ევროპულ ინტეგრაციის გზას. ჩვენ გვსურს, ვიყოთ ევროკავშირის წევრი, ამან მოგვცა საშუალება, საქართველოს კანონმდებლობაში მეტი ევროპული სტანდარტი შემოგვეტანა და უფრო მეტ თანხვედრაში მოვსულიყავით ევროპის ეკონომიკურ ზონასთან. ეს ასევე არის აქტივი, რომელსაც შეუძლია სარგებლის მოტანა მთელი რეგიონისთვის. ჩვენ მზად ვართ, მეზობლებთან თანამშრომლობისთვის ამ კუთხითაც და შევიტანოთ წვლილი მეტ რეგიონულ თანამშრომლობაში, რეგიონულ პროექტებში, მაგრამ ეს არ არის 3+3-ის ფორმატი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

,,სანქციები გაკულაკების მოდერნიზებული ფორმაა”- პრემიერი

ჩვენთვის ევროსაბჭოსთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და უნდა ითქვას, რომ ყველა ფორმატს აქტიურად ვიყენებთ – სირთულეები PACE-სთან გვაქვს, სადაც ის ცნობილი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და ვენეციის კომისიასთან, რომელიც საერთოდ პატივს არ სცემს სამართლებრივ პრინციპებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მზად არის ნებისმიერი ტიპის დიალოგისთვის, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას უკავშირდება.

“რა თქმა უნდა, ჩვენთვის ევროსაბჭოსთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და უნდა ითქვას, რომ ყველა ფორმატს აქტიურად ვიყენებთ იმისათვის, რომ თანამშრომლობა გაღრმავდეს ევროსაბჭოსა და საქართველოს შორის. ძირითადად სირთულეები PACE-სთან გვაქვს, სადაც ის ცნობილი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და ვენეციის კომისიასთან, რომელიც საერთოდ პატივს არ სცემს სამართლებრივ პრინციპებს. ყველა სხვა მიმართულებით კი აქტიურად ვთანამშრომლობთ, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წვლილი ჩვენი დემოკრატიის განვითარებაში მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ევროსაბჭოს გენმდივანს, მისი როლი არის უმნიშვნელოვანესი , მას მადლობა გადავუხადე მისი ინტერესისა და წვლილისთვის, ასევე ვიზიტისთვის, რომელიც წინა წლის ბოლოს შედგა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მას კიდევ ერთხელ დავუდასტურე, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, ყველა თემასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ერთობლივად ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას უკავშირდება, ღია ვართ ნებისმიერი ტიპის დიალოგისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ასევე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებსაც და როგორც აღნიშნა, ისინი არიან უცხოელი აგენტები, რომლებიც მითითებებით მოქმედებენ, საქართველოსა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ.

„ეს მტრული დამოკიდებულებაა ჩვენი ქვეყნისა და ინტერესების მიმართ, სხვა ახსნა ამას არ აქვს. ერთი საუკუნის წინ ეთნიკურად ქართველები ასე დაუპირისპირდნენ საქართველოსა და ეროვნულ ინტერესებს. ეთიკურად ქართველების მიერ მოხდა, ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხელყოფა. ახლა ეს ადამიანები აგრძელებენ ამ საქმეს – სერგო ორჯონიკიძის საქმეებს, ისინი არიან “თანამედროვე ბოლშევიკები”, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მათი მეთოდები ბოლშევიკების მეთოდებს ჰგავს, სანქციები გაკულაკების მოდერნიზებული ფორმაა, ესეც ის ხელწერაა, რომელსაც ჯერ “ბოლშევიკები”, შემდგომ “ფაშისტები” და ახლა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი აკეთებენ. ოპოზიციის მეთოდები და დამოკიდებულება იგივეა, ისინი არიან უცხოელი აგენტები, ამიტომ ისინი დაკვეთით მოქმედებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,რომ არა ის დაკვეთა, რომელიც მიიღო სააკაშვილის რეჟიმმა და შეასრულა, ბუნებრივია, არ იქნებოდა არც ომი და არც მსხვერპლი, ზუსტად ამაზე გაამახვილა ყურადღება თეა წულუკიანმა” – ირაკლი კობახიძე

როდესაც თეა წულუკიანი საუბრობს იმაზე, რომ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან არიდება ჩვენი ქვეყნისთვის, რომ შესაძლებელი იყო ჩვენი გმირები დღეს ყოფილიყვნენ ცოცხლები და ეზრუნათ საკუთარ ოჯახებზე, ეს არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ანტალიაში.

მისივე თქმით, ყველამ იცის, რომ ამ ომის არათუ თავიდან აცილება შეიძლებოდა, არამედ ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რაც შემდეგ თავადვე აღიარეს.

„რეალურად, ქალბატონმა თეამ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება. ყველამ ვიცით ძალიან კარგად, რომ ამ ომის არათუ თავიდან აცილება შეიძლებოდა, არამედ ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რაზეც შემდეგ ხელი მოაწერეს, თავადვე აღიარეს. შესაბამისად, როდესაც თეა წულუკიანი საუბრობს იმაზე, რომ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან არიდება ჩვენი ქვეყნისთვის, რომ შესაძლებელი იყო ჩვენი გმირები დღეს ყოფილიყვნენ ცოცხლები და ეზრუნათ საკუთარ ოჯახებზე, ეს არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია, ეს არის იმ ობიექტური მოცემულობის გახმოვანება, რომელთანაც გვაქვს ჩვენ საქმე. რომ არა ის დაკვეთა, რომელიც მიიღო სააკაშვილის რეჟიმმა და შეასრულა, ბუნებრივია, არ იქნებოდა არც ომი და არ იქნებოდა არც მსხვერპლი, ზუსტად ამაზე გაამახვილა ყურადღება თეა წულუკიანმა. აბსოლუტურად ნათელი და ცხადია ყველაფერი“, – აღნიშნა პრემიერმა.

,,ყველა ფორმატს ვიყენებთ იმისათვის, რომ გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის”- პრემიერი

ყველა ფორმატს ვიყენებთ იმისათვის, რომ გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით,  საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად ღიაა ნებისმიერი ტიპის დიალოგისთვის, ყველა თემასთან დაკავშირებით.

„ევროსაბჭოსთან თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ფორმატს ვიყენებთ იმისათვის, რომ გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის. გვაქვს სირთულეები ძირითადად, ორი მიმართულებით, ერთი ეს არის PACE, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სადაც ცნობილი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და მეორე არის ვენეციის კომისია, რომელიც საერთოდ არ სცემს პატივს სამართლებრივ პრინციპებს. ყველა სხვა მიმართულებით ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ, მათ შორის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წვლილი ჩვენი დემოკრატიის განვითარებაში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ინტერესი, რომ შევინარჩუნოთ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის. კონკრეტულად, რაც შეეხება ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, მისი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე კიდევ ერთხელ გადავუხადე მას მადლობა მისი ინტერესისთვის, მისი ვიზიტისთვის, რომელიც შედგა საქართველოში გასული წლის ბოლოს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და მას კიდევ ერთხელ დავუდასტურე ის, რომ მზად ვართ დიალოგისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთობლივად ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც უკავშირდება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. აბსოლუტურად ღია ვართ ნებისმიერი ტიპის დიალოგისთვის, ყველა თემასთან დაკავშირებით”, – განაცხადა პრემიერმა.

,,რა გინდათ, ასე რომ არყევთ საქართველოს?”- მეუფე იაკობი

რა გინდათ, ასე რომ არყევთ საქართველოს? არჩევნები რომ დამთავრდა, ბევრი ვითომ შვილ დაჭერილი ოჯახის წევრები იყვნენ აქციაზე გამოსულები. მთავრობას უნდა გაუმართო აქცია, თუ იმ ხალხს, რომლებმაც არჩევნების მერე არ ინება პარლამენტში შესვლა?, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

ის ქადაგებისას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს შეეხო და აღნიშნა, რომ „უცხოეთი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რითაც ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა უნდა“.

„61 დეპუტატი იქნა ოპოზიციის რიგებიდან არჩეული. მე როგორც ვიცი, მინიმუმ 50-ს პარლამენტში შესვლა უნდოდა, მაგრამ ზოგიერთი ლიდერის გამო ვერ შევიდნენ, იმ პარტიებში ხომ იყვნენ გაერთიანებული, სიით გასულები იყვნენ, ლიდერებმა უარი რომ თქვეს, ვერ გადაახტნენ და გასაგებია ჩემთვის. უცხოეთი წარამარა რაღაცებს იღებს, რაღაც განცხადებებს აკეთებს ჩვენი მისამართით, სიტუაცია რომ დაძაბოს და ერთმანეთს დაგვაჯახოს, ჩვენ ხომ ჭკუა უნდა ვიხმაროთ?! ერთი საქართველო გვაქვს, ერთად უნდა ვიყოთ და ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ, არათუ ვისწავლოთ, ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ, ასე არ შეიძლება, ერთმანეთის მტრობით შორს ვერ წავალთ. ის ადამიანები, რომლებმაც ეს გამოიწვიეს, თქვენი შვილებისთვის რომ არ დაეძახათ და არ მიეყვანათ იქ, მერე მიატოვეს, დღეს რომ ციხეში არიან, იმათ მოსთხოვეთ პასუხი, სალომეს მოსთხოვეთ, ყოფილ პრეზიდენტს. მრცხვენია, წმინდა ნინოს, თამარ მეფის, ქეთევან დედოფლის ქვეყანაში სად გაგვეპარა ასეთი ადამიანი, დადის, დადის… ქალბატონები ბრძანდებით, თავგადაკლული დედები ხართ, სხვის შვილებსაც უფრთხილდებით, მისთვის კი ქართველი არავინაა. ვეღარ გაძღა, კიდევ ვეუბნები: ვისი სისხლი გინდა, მოისვენე რა. ვერ გვაჯობებთ ქართველებს ვერავინ, ვინც არ უნდა დაგიდგეთ, საფრანგეთი, ბრიტანეთი, გერმანია იქნება, თუ ბალტიისპირელები, სკანდინავიელებს რა უნდათ, საერთოდ იციან, საქართველო სად არის? შეგვეშვან, ჩვენი ცხოვრებით ვიცხოვრებთ, იმ კანონებსაც არ მივიღებთ. ქვეყნის გადარჩენისთვის სამწუხაროდ, აუცილებელი ხდება იმ კანონების მიღება, მერე შეიძლება პრობლემა გახდეს, კიდევ კარგი, ამათ ხელში პრობლემა არ არის, მადლობა ღმერთს, ისე ჩამოგვექცევა ქვეყანა. არ ვითარდება ჩვენი ქვეყანა? როგორ არ ვითარდება.

სწორად მოითხოვეთ რა, ვინც თქვენს შვილებს აქეზებს, დღეს ახლა ჩვენც ვერ ვეუბნებით გამოუშვითო. როდესაც ქვეყანაში ლაზარე გრიგორიადისს გმირად გახდი, ჯვარი სწერია, ღმერთმა კარგად ამყოფოს, არავის მისთვის ცუდი არ უნდა, წარმოიდგინეთ, რა დონეზე დაცემული უნდა იყო. რა დონეზე დაცემული უნდა იყო, 9 აპრილს იქ ქართველებს არ უშვებდე და ვიღაც უცხოელებს დიდი ზარ-ზეიმით იღებდე. საქართველო ჩვენი ქვეყანაა, ჭკვიანად იყვნენ, თორემ ვერც ის უცხოელი ვერ გაივლის იქ და ვერც ისინი იქნებიან მყარად. მარხვის ბოლო და წესიერად მოვიქცეთ, გაგვახსენდეს, რომ ადამიანები, უფლის ქმნილებები ვართ.

ჩვენ არ გვინდა ცუდი არავისთვის, მიხედონ თავის თავებს, ომის სპონსორები არიან და თვითონ რა ენაღვლებათ, საწყალი უკრაინა რა დღეშია და კარგად ხედავთ, რა დარჩება და რა – არა, ვინ იცხოვრებს იქ, ამ დაცლილ ქვეყანას სხვები შეავსებენ მერე და ჩვენც ეს გვინდა? ამიტომ ჭკვიანად, ღმერთის იმედად უნდა ვიყოთ და არა ვიღაც ჩინოვნიკების, ან ევროკომისრების.

ჩვენ, ქრისტიანებმა უნდა ვისაუბროთ, არ უნდა შეგვეშინდეს, ვიღაცები დაიწყებენ, ამბიონიდან ამის თქმა არ შეიძლებაო, დღეს აქტუალურია, ქვეყანას გვართმევენ. იმას რომ ვერ მიაღწიეს, კაცი კაცზე რომ ვერ გაათხოვეს, რა დღეში არიან, წარმოიდგინეთ, ეს ძალა როგორ გაიმარჯვებდა ჩვენთან. ჩვენ რომ რამე ვთქვათ, ჰომოფობები გამოვდივართ, იმათმა რომ გვლანძღონ, მოგვკლან, დაგვწვან, გამოხატვის თავისუფლებაა, ეს საკენკი თავიანთ ერებს დაუყარონ, ჩვენ თავი დაგვანებონ. ღმერთმა საქართველო და საქართველოში მაცხოვრებელი ყველა ადამიანი დალოცოს მიუხედავად ეროვნებისა, სარწმუნოებისა.

ჩვენ თუ ერთად ვიქნებით, ნუთუ ციხეებს არ გავათავისუფლებთ? თუ საჭიროება არ იქნება იმის, რომ უცხოეთზე გაიყიდები, მოხვალ და შენს ქვეყანას შეუტევ, ხომ უცბად გავათავისუფლებთ ციხეებსაც? აბა გადმოდგან ნაბიჯი, თავიანთი არასწორი აღიარონ, გახდნენ ქართველები ისევ და თუ არ დავეხმარებით. ისე, შანსი არ არის, სადაც უნდა ვიდგე, იქ ვდგავარ, არ დავდგები იქ, სადაც საქართველოსთვის არ იბრძვიან და ჩემი ღმერთისთვის არ არიან“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.