Home Blog Page 15

 ილონ მასკის თანაშემწეებმა აშშ-ის მთავრობის ადამიანური რესურსების სააგენტოში საჯარო მოხელეებს კომპიუტერული სისტემები ჩაუკეტეს -Reuters

ილონ მასკის თანაშემწეებმა აშშ-ის მთავრობის ადამიანური რესურსების სააგენტოში კარიერულ საჯარო მოხელეებს კომპიუტერული სისტემები ჩაუკეტეს, რომელიც შეიცავს მილიონობით ფედერალური თანამშრომლის პირად მონაცემებს.

ამის შესახებ ინფორმაციას  Reuters-ი  სააგენტოს თანამშრომლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ილონ მასკმა, რომელსაც ტრამპმა დაავალა, შეამციროს 2.2-მილიონიანი სამოქალაქო სამთავრობო სამუშო ძალის ზომა, დაუყოვნებლივ განათავსა თანამოაზრეები „პერსონალის მართვის სამსახურში“.

„ჩვენ არ გვაქვს ხილვადობა, თუ რას აკეთებენ ისინი კომპიუტერსა და მონაცემთა სისტემებთან. ეს დიდ შეშფოთებას ქმნის. ზედამხედველობა არ არსებობს. ეს ქმნის რეალურ კიბერუსაფრთხოების და ჰაკერულ შედეგებს“, – აღნიშნა ერთ -ერთმა ოფიციალურმა პირმა.

სამი წლის წინ პარლამენტმა უკრაინაზე რეზოლუცია მიიღო, დრომ დაადასტურა, რომ ხელისუფლების პოლიტიკას ალტერნატივა არ ჰქონდა და ეროვნული ინტერესებით იყო ნაკარნახევი -შალვა პაპუაშვილი

ზუსტად სამი წლის წინ, 2022 წლის 1-ელ თებერვალს, ომამდე თითქმის ერთი თვით ადრე საქართველოს პარლამენტმა  „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც რადიკალურმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა იმ მიზეზით, რომ ის რუსეთის მიმართ საკმარისად აგრესიული არ იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოცუიალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სამი წლის გადმოსახედიდან, ყველა, ვინც ამ რეზოლუციას აკრიტიკებდა და მომდევნო კვირებში მთავრობის საწინააღმდეგო აქციებს მართავდა, უკრაინაში მოხალისეების გაგზავნასა და რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციების დაწესებას მოითხოვდა, დღეს პოტენციურად ან დატირებული იქნებოდა, ან დამტირებელი.

როგორც შალვა პაპუაშვილი წერს, დრომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ალტერნატივა არ ჰქონდა და იგი ეროვნული ინტერესებით და გეოპოლიტიკის სწორი შეფასებით იყო ნაკარნახევი.

„ზუსტად 3 წლის წინ, 2022 წლის 1-ელ თებერვალს, ომამდე თითქმის ერთი თვით ადრე საქართველოს პარლამენტმა მიიღო „რეზოლუცია უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“. რეზოლუციის მთავარი არსი უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, მისი სუვერენიტეტის პატივისცემის ხაზგასმა და, ყველაზე მთავარი, ომის არდაშვებისკენ მოწოდება იყო. რეზოლუციას რადიკალურმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა იმ მიზეზით, რომ ის რუსეთის მიმართ საკმარისად აგრესიული არ იყო. ამ დღეებში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ასეთი ხალხის პოზიცია, რომლებიც ომის მოსალოდნელ კატასტროფულ შედეგებს პროპაგანდისტულად არბილებდნენ და მალავდნენ, შეაფასა, როგორც არაკეთილსინდისიერი. ქართული რეალობისთვის კი ამგვარი პოზიცია ღალატს უდრიდა. სამი წლის გადმოსახედიდან, ყველა, ვინც ამ რეზოლუციას აკრიტიკებდა და მომდევნო კვირებში საკუთარი მთავრობის საწინააღმდეგო აქციებს მართავდა, უკრაინაში მოხალისეების გაგზავნასა და რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციების დაწესებას მოითხოვდა, დღეს პოტენციურად ან დატირებული იქნებოდა, ან დამტირებელი. დრომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ალტერნატივა არ ჰქონდა და იგი ეროვნული ინტერესებით და გეოპოლიტიკის სწორი შეფასებით იყო ნაკარნახევი“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში, თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს -შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით და 226-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს. მათ შორის, საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ხორციელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების პირადი და სახლების ჩხრეკა“, – აცხადებენ შსს-ში.

მანამდე ჯგუფ „დაიტოვეს“ წევრებმა სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელეს, რომ მათ საცხოვრებელ სახლებში სამართალდამცველები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ. ამ დროისათვის ჩხრეკა მიმდინარეობს ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის საცხოვრებელ ბინაში. პოლიცია ნენსი ვოლანდის ბინაში დაახლოებით ერთი საათის წინ მივიდა. ჩხრეკას ადვოკატი შოთა თუთბერიძე ესწრება.

“ნაციონალური მოძრაობის” ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა არამარტო ხელისუფლებაში, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც გაგრძელდა, რასაც პოლიტიკური შეფასება სჭირდება -ირაკლი ქადაგიშვილი

კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა არამარტო ხელისუფლებაში, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც გაგრძელდა, რასაც პოლიტიკური შეფასება სჭირდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთაც, არსებობდეს იურიდიული, სამართლებრივი, პოლიტიკური შეფასების მქონე დოკუმენტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 ხმა სჭირდება, „ქართულ ოცნებას“ კი, ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს.

„საგამოძიებო კომისია თანაბარი რაოდენობით კომპლექტდება, როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას, წინასწარ ამბობენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას. კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, დღეს ოპოზიცია არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“. ამბობენ, ჩვენ არ ვართ „ნაციონალური მოძრაობა“, ვემიჯნებით და ვგმობთო რა უკანონობა და უსამართლობა ხდებოდა საქართველოში 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსო. რეალურად კი, არანაირი სურვილი არ აქვთ, გამოძიებული იყოს ის, რასაც სიტყვიერად ამბობენ, და მოხდეს რეალური პოლიტიკური შეფასება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა არამარტო ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც გაგრძელდა.

„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა არამარტო ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც გაგრძელდა. ამ საკითხს, სულ მცირე, პოლიტიკური შეფასება სჭირდება, რომ საზოგადოებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთაც, ჰქონდეს იურიდიული, სამართლებრივი, პოლიტიკური შეფასების მქონე დოკუმენტი. საშინელება, რომელიც მართლა ხდებოდა საქართველოში 2003-2012 წლებში – ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება, რომელიც თავის თავში მოიცავდა არჩევნების მონოპოლიზაციას და გაყალბებას; მედიის სრული მონოპოლიზაცია და დაქვემდებარება ერთი მმართველობის, სარედაქციო პოლიტიკის ქვეშ; ბიზნესის სრული რეკეტი, ბიზნესის სრულად დამორჩილება; და რაც მთავარია, დიდი გეოპოლიტიკური ტრაგედია, რომელიც საქართველოს 2008 წლის ომის ოკუპაციის და ე.წ. აღიარების შედეგად უმძიმესი პოლიტიკური შედეგი დაუდგა. ამავდროულად იმ ათასობით და ათიათასობით ადამიანის უფლება, რომელიც ეკონომიკური, ადამიანის უფლებების, პოლიტიკური კუთხით იქნა შეზღუდული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობა კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ზომებს ითვალისწინებს.

„კომისიის მიერ გამოძახებული იქნება ყველა ის პირი, ვისაც კომისია ჩათვლის საჭიროდ ინფორმაციის მისაღებად. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს შესაბამის სამართლებრივ ზომებს. მაგალითად გუშინ, პოლონეთში სეიმის მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაში არ გამოცხადდა ერთ-ერთი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი და ის დააკავეს, რადგან ყველა ქვეყანაში კანონი ამას ითვალისწინებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ევროკავშირი საშინლად გვექცევა, ამიტომ ტარიფების დაწესება ვაპირებ -დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას გეგმავს.

„ვაპირებ თუ არა ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას? გულწრფელი პასუხი გინდათ თუ პოლიტიკური? აბსოლუტურად. ევროკავშირი საშინლად გვექცევა”, – განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესება აშშ-ს სავაჭრო დეფიციტის გამოსწორების საშუალებას მისცემს.

„ისინი ჩვენს ავტომობილებს არ იღებენ. ჩვენს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს არ იღებენ. არაფერს იღებენ. ევროკავშირთან დიდი დეფიციტი გვაქვს. ასე რომ, ევროკავშირთან დაკავშირებით რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს გავაკეთებთ”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, თეთრი სახლის განცხადებით, დღეიდან აშშ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე 25%-იან ტარიფებს, ხოლო ჩინეთიდან იმპორტზე 10%-იან ტარიფებს დააწესებს.

„ხვალიდან ეს ტარიფები ძალაში შევა. ეს დაპირებებია, რომელიც პრეზიდენტმა გასცა და შეასრულა”, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა.

 საგამოძიებო კომისიის მთავარი პრინციპი უნდა იყოს ის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ქართულ პოლიტიკას უნდა ჩამოსცილდეს -გურამ მაჭარაშვილი

საგამოძიებო კომისიის მთავარი პრინციპი უნდა იყოს ის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ქართულ პოლიტიკას უნდა ჩამოსცილდეს, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება რთული არ იქნება, რადგან „ხელისგულზე დევს“.

„ხშირ შემთხვევაში ამის უბრალოდ თარგმნა დაგვჭირდება ინგლისურიდან ქართულზე, როდესაც საერთაშორისო სასამართლოები პირდაპირ აღიარებენ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ იყო სისტემური დანაშაულის მქონე ხელისუფლება. ამის სტრასბურგის არაერთი გადაწყვეტილება არსებობს, რასაკვირველია, ქართულ მართლმსაჯულებასთან ერთად“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში დარეგისტრირდება ინიციატივა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულებს შეისწავლის და 6 თვეში სამართლებრივ შეფასებას მოამზადებს.

უწყების სტრუქტურაში დანაყოფი, სახელწოდებით “ქართული ეროვნული ლეგიონი” არ არსებობს-უკრაინის დაზვერვა სლოვაკეთის მთავრობის ბრალდებას პასუხობს

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებებს გამოეხმაურა, რომელმაც „ქართული ლეგიონის“ მებრძოლები სლოვაკეთის საპროტესტო აქციებში მონაწილეობაში დაადანაშაულა.

„უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ოფიციალურად იუწყება, რომ მის სტრუქტურაში დანაყოფი, სახელწოდებით „ქართული ეროვნული ლეგიონი“ არ არსებობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სადაზვერვო სამმართველოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰიბრიდული და საინფორმაციო ოპერაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ევროპის ქვეყნებში სიტუაციის გაუარესებას, უკრაინისთვის უკიდურესად სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

დაზვერვის სამსახურმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ლეგიონი“ არის მრავალეროვნული აქტიური ოპერაციული ქვედანაყოფი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ბრძოლებში ფრონტის ყველაზე ცხელ რაიონებში და არ ახორციელებს არანაირ ჰიბრიდულ ქმედებებს ევროკავშირის ტერიტორიაზე.

„ქართული ლეგიონის“ ლიდერის, მამუკა მამულაშვილის მიმართ ფიცოს ბრალდებებთან დაკავშირებით სადაზვერვო სამსახური წერს, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინის დაზვერვასთან და არ იღებს რაიმე დავალებას და ბრძანებას მისგან.

„აღნიშნულმა პირმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს საერთაშორისო ლეგიონთან კონტრაქტი 2023 წლის აპრილში შეწყვიტა და არ გაუხანგრძლივებია“, – აღნიშნულია უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებაში.

სლოვაკეთის ხელისუფლება უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურს, მამუკა მამულაშვილს შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და  მას ქვეყანაში შესვლას უკრძალავს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს USAID-ის შემცირებას და სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლის ქვეშ მოქცევას

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შემცირებას და სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლის ქვეშ მოქცევას. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, „ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ“ (NSC) მიმდინარე კვირაში უმასპინძლა დისკუსიებს ამ თემაზე, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული არ არის.

„როიტერთან“ ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ თეთრი სახლი იკვლევს იურიდიულ უფლებამოსილებებს, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეიძლება გამოიყენოს აღმასრულებელი ბრძანება USAID-ის დამოუკიდებლობის დასასრულებლად.

„როიტერი“ წერს, რომ გაურკვეველია, აქვს თუ არა ტრამპს ასეთი ბრძანების გაცემის და კონგრესის გვერდის ავლის უფლებამოსილება. გავრცელებული ინფორმაციით, ახლად შექმნილი მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ოფიციალური პირები, ტრამპის მრჩეველი მილიარდერი ილონ მასკის ხელმძღვანელობით, ასევე მონაწილეობდნენ საუბრებში და სტუმრობდნენ USAID-ის შტაბ-ბინას ვაშინგტონის ცენტრში ამ კვირაში.

ფილადელფიაში სამედიცინო-საევაკუაციო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზე ექვსი ადამიანი, მათ შორის პაციენტი ბავშვი, იმყოფებოდა

აშშ-ში, ქალაქ ფილადელფიაში მცირე ზომის სამედიცინო-საევაკუაციო თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.

თვითმფრინავის ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის ოთხი წევრი, პაციენტი ბავშვი და პაციენტის დედა.

მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ექვსივე ადამიანი მექსიკის მოქალაქეა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მის ადმინისტრაციას უკვე ჰქონდა „ძალიან სერიოზული“ დისკუსია რუსეთთან უკრაინაში ომის შესახებ

J

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მის ადმინისტრაციას უკვე ჰქონდა „ძალიან სერიოზული“ დისკუსია რუსეთთან უკრაინაში ომის შესახებ.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართავს.

„ჩვენ ვისაუბრებთ და ვფიქრობ, რაღაც მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ გვინდა ამ ომის დასრულება. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არ დაიწყებოდა“, – განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან.

ტრამპმა არ უთქვამს, ვინ იყო მისი ადმინისტრაციიდან რუსებთან კონტაქტში, მაგრამ ამტკიცებდა, რომ ორივე მხარე „უკვე საუბრობს“. კითხვაზე, ესაუბრა თუ არა პირდაპირ პუტინს, ტრამპმა უპასუხა: „არ მინდა ამაზე ლაპარაკი“.

1-3 თებერვალს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

უახლოეს დღეებში საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული. 1-3 თებერვალს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.

თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

კონგრესის უმცირესობის ლიდერი აქეზებს ძალადობას და ხალხს მოუწოდებს, „ქუჩებში“ გაილაშქრონ პრეზიდენტ ტრამპის დღის წესრიგის წინააღმდეგ – ეს ძალადობრივი რიტორიკა საშიშია – თეთრი სახლი

თეთრი სახლი ეხმიანება კონგრესში უმცირესობის ლიდერის, ჰაკიმ ჯეფრისის განცხადებას, რომელმაც დააანონსა, რომ „დემოკრატები“ „რესპუბლიკელების“ დღის წესრიგს „ქუჩებში“ გაუწევენ ბრძოლას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს.

„როდესაც პრეზიდენტი ტრამპი კონცენტრირებულია ქვეყნის გაერთიანებასა და ამერიკელი ხალხის მიერ მოცემული მანდატის შესრულებაზე, კონგრესის უმცირესობის ლიდერი, ჰაკიმ ჯეფრისი აქეზებს ძალადობას და ხალხს მოუწოდებს, „ქუჩებში“ გაილაშქრონ პრეზიდენტ ტრამპის დღის წესრიგის წინააღმდეგ,“ – განაცხადა თეთრი სახლის პრესისმდივნის მოადგილემ, კუშ დესაიმ Fox News Digital-თან საუბრისას.

„ეს გაუწონასწორებელი ძალადობრივი რიტორიკა საშიშია. ლიდერმა ჯეფრისმა დაუყოვნებლივ უნდა მოიხადეს ბოდიში“, – დასძინა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის კონგრესის „დემოკრატებმა“ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ სწრაფ ცვლილებებზე საპასუხოდ სრულმასშტაბური წინააღმდეგობის გაწევა გადაწყვიტეს.