ცესკო-ს კომისიამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” და „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმების გაბათილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.
ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განმარტებით, საჩივრები უსაფუძვლოა.
კოალიცია “ძლიერი საქართველო” მოითხოვდა ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას. “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდა. საია კი ყველა ოლქის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილობას და არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას.
შეგახსენებთ, სხდომა დღეს დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა სხდომიდან გააძევა.
ლაშა ფარულავამ ცესკო-ს წარმომადგენლებს არჩევნების გამყალბებლები უწოდა.
„ყველა მორწმუნე ადამიანს აქვს გამოცდილება ღმერთთან შეხვედრისა… რამდენ სიკეთეს და მშვენიერებას გვიხსნის ჩვენ წინაშე ღმერთი, რამდენი სიკეთე გაგვიკეთა ყოველ ჩვენგანს, ცალკე აღებულს და მთელ კაცობრიობას ერთად, მაგრამ რამდენია ისეთი ადამიანი, ვინც ამ სიკეთეებს ვერ აღიქვამს და ვერ გრძნობს?! ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ, დავამოწმოთ მათ წინაშე ის სიკეთე, რასაც ღმერთი გვაძლევს“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
დღევანდელ სახარებაში ჩვენ წავიკითხეთ, რომ ერთხელ უფალმა იესო ქრისტემ თავის მოწაფეებთან ერთად გენესარეთის ტბა გადაცურა და ღადარინელთა ქვეყანაში მივიდა. იქ უფალს შემოხვდა ერთი კაცი, რომელიც ისეთი საშინელი ეშმაკის ძალით იყო შეპყრობილი, რომ სასაფლაოზე ცხოვრობდა, მთელ მოსახლეობას აშინებდა და ატერორებდა. მან ყვირილით მიმართა მაცხოვარს: „რა გინდა ჩემგან, იესო, მაღალი ღმერთის ძეო?! გევედრები, ნუ მტანჯავ!“ (ლკ. 8, 28). უფალმა ჰკითხა: „რა არის სახელი შენი?“ (ლკ. 8, 30). მან მიუგო: „ლეგიონი!“ (ლკ. 8, 30), ვინაიდან, ბევრი ეშმაკი იყო შესული მასში. ამ ეშმაკებმა იცოდნენ, რომ უფალი მათზე ძლიერი იყო და განდევნიდა მათ. ამიტომ შეევედრნენ უფალს, არ ებრძანებინა მათთვის უფსკრულში ჩასვლა, არამედ იქვე ახლოს ღორების დიდი კოლტი ძოვდა და სთხოვეს, ნება დაერთო, ამ ღორების კოლტში შესულიყვნენ. მართლაც, უფალმა დართო ნება, ისინი გამოვიდნენ ამ კაციდან, შევიდნენ ღორების კოლტში, ეს კოლტი კლდიდან გადმოეშვა და წყალში დაიხრჩო. ეს რომ მწყემსებმა დაინახეს, სოფელში გაიქცნენ და ყველას აუწყეს ეს ამბავი.
მთელი სოფელი გამოვიდა, რომ ენახათ ეს მოვლენა და ნახეს ეს ეშმაკეული – განკურნებული, გონსმოსული, შემოსილი, ჩაცმული, რომელიც იესოს ფერხთით იჯდა. მათ ძალიან შეეშინდათ, რომ ეს ადამიანი, რომელიც აფრთხობდა და აშინებდა მთელ სოფელს, დაამარცხა იესო ქრისტემ, ე.ი. კიდევ უფრო დიდი ძალა მოვიდა მათ სოფელში, შეეშინდათ და სთხოვეს მას, რომ იქაურობას გასცლოდა. მათთვის, რა თქმა უნდა, სრულიად ცხადი იყო, რომ ქრისტეში მოქმედებს არა უბრალო ადამიანური, არამედ ღმერთის ძალა, რადგან ეს ადამიანი, რომელიც იტანჯებოდა და სხვებსაც ტანჯავდა, განიკურნა, დაუბრუნდა ნორმალურ ცხოვრებას. მიუხედავად ამისა, ეს ღადარინელები იმდენად იყვნენ შეპყრობილნი და მიჯაჭვულნი მატერიალურ სიკეთეებსა და მოგებაზე, იმდენად იყვნენ შეპყრობილნი მერკანტილურობით, როგორც დღეს ვიტყოდით, რომ ერჩივნათ, ეს კაცი დარჩენილიყო ისევ ისეთივე ეშმაკეული, ისევ ეტანჯა თავისი თავიც და მთელი მოსახლეობაც, მათ ერჩივნათ, უარი ეთქვათ ქრისტეზე, მის სიკეთეებზე, ოღონდ თავიანთი ღორები გადარჩენილიყვნენ. აი, ამიტომ სთხოვეს ქრისტეს, გასცლოდა მათ სოფელს.
რა თქმა უნდა, ეს ღორების კოლტი მათი შემოსავლის წყარო იყო, რომლის დაღუპვაც დიდი დანაკარგი იყო, თუმცა მათ რომ ერწმუნათ ღმერთი, ღმერთის ძალა, ამ ძალის მადლით, რა თქმა უნდა, ისინი ასმაგად აინაზღაურებდნენ დანაკარგს, მაგრამ როგორც გითხარით, იმდენად შეპყრობილნი იყვნენ ამ მერკანტილურობის ვნებით, რომ ამისთვის, რა თქმა უნდა, არ სცხელოდათ, ეს ამბავი საერთოდ არ ანაღვლებდათ.
შემდეგ ეს განკურნებული კაცი ევედრება მაცხოვარს, რომ თავისთან დატოვოს, მაგრამ უფალი გაუშვებს და ეტყვის: „დაბრუნდი შინ და ყველას უამბე, რაც გიყო ღმერთმა“ (ლკ. 8, 39) და ისიც წავიდა და მთელ ქალაქს ამცნობდა, რა გაუკეთა იესომ. ასე მთავრდება სახარების ეს მონაკვეთი.
აი, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ჩვენ დავფიქრდეთ, რომ მაცხოვრის ეს სიტყვები – „დაბრუნდი შინ და ყველას უამბე, რაც გიყო ღმერთმა“ – ეს მოწოდება განეკუთვნება ყოველ ჩვენგანსაც, ჩვენთვისაც არის ნათქვამი, ჩვენც გვიბრძანებს უფალი იესო ქრისტე, რომ დავამოწმოთ ქრისტე იმ გარემოში, სადაც ვცხოვრობთ და იმ ადამიანთა წინაშე, ვინც არის ჩვენ ირგვლივ.
ყველა მორწმუნე ადამიანს აქვს გამოცდილება ღმერთთან შეხვედრისა, ღმერთთან შეხებისა. შეიძლება ეს იყო ცხოვრებაში ერთხელ, შეიძლება ეს იყო წამიერად, მაგრამ ყოფილა. ჩვენ ვიცით, რა არის უფლის სიყვარული, რა არის უფლის მოწყალება, რა არის საღვთო ძალა და მადლი, რომელიც გვეხმარება, გამოვსწორდეთ და გავხდეთ უკეთესი, რამდენ სიკეთეს და მშვენიერებას გვიხსნის ჩვენ წინაშე ღმერთი, რამდენი სიკეთე გაგვიკეთა ყოველ ჩვენგანს, ცალკე აღებულს და მთელ კაცობრიობას ერთად; ჩვენ ვიცით, ეს საიდან არის, საიდან გვეძლევა; მაგრამ რამდენია ისეთი ადამიანი, ვინც ამ სიკეთეებს ვერ აღიქვამს და ვერ გრძნობს?! ამიტომ ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავამოწმოთ მათ წინაშე ის სიკეთე, რასაც ღმერთი გვაძლევს.
მაგრამ განა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამას ჯეროვნად ვაკეთებთ? რა თქმა უნდა, არა. ამიტომ უნდა შევისმინოთ უფალ იესო ქრისტეს ეს სიტყვები: „დაბრუნდი შინ და უამბე ყველას, რაც გიყო შენ ღმერთმა“ და მივბაძოთ ამ ადამიანს, რომელმაც შეასრულა უფლის ლოცვა-კურთხევა, წავიდა და მთელ ქალაქს ამცნობდა, რაც გაუკეთა იესომ.
ასევე პეტრე მოციქულიც შეგვახსენებს ამ მოწოდებას, როცა ის მიმართავს ყველა დროის ქრისტიანებს ასეთი სიტყვებით: „თქვენ ხართ რჩეული მოდგმა, წილხვედრი ხალხი, რომ ყველას აუწყოთ ღმერთის სიქველე, ვინც გამოგიხმოთ თქვენ სიბნელიდან, რათა გეხილათ მისი საოცარი ნათელი, ამინ,“ – აცხადებს მეუფე შიო.
სალონიკში, დააკავეს ქართველი, რომელსაც ბრალად პოლიციელზე თავდასხმა ედება. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და ირკვევა, რომ დაკავებულმა სამართალდამცველს უკბინა.
მედიის ცნობით, 49 წლის კაცი პოლიციელებმა შემოწმების მიზნით ქუჩაში გააჩერეს, რის შემდეგაც მან გაქცევა სცადა, დაკავებისა და განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ კი, ლიფტში პოლიციელს ტუჩზე უკბინა. სხვა დეტალები უცნობია.
კიდევ ერთი ქართველი კი სალონიკში 8 ნოემბერს, ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, 47 წლის კაცმა კალამარიას რაიონში, ბინიდან, ბერძენ თანამზრახველთან ერთად ძვირფასეულობა, ალკოჰოლური სასმელები და ფეხსაცმელები გაიტანა.
როგორც ირკვევა ის საბერძნეთში არალეგალურად იმყოფებოდა.
პოლიციის განცხადებით, დამნაშავემ ბინის კარი სპეციალური ხელსაწყოთი გატეხა. პოლიციამ მოპარული ნივთები მეპატრონეს დაუბრუნა.
სარჩელი გაგზავნილიც რომ იყოს, ვიცით, რომ ეს სარჩელი უშინაარსოა, რადგან შინაარსის დამტკიცება ვერც ქვეყნის შიგნით შეძლეს და ვერ შეძლეს ერთი არგუმენტიც ეთქვათ, რატომ არ უნდა იმუშაოს ამ ქვეყანაში გამჭვირვალობის პრინციპმა, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის გაგზავნასთან დაკავშირებით.
„საზოგადოებას წინასაარჩევნოდ აშინებენ რომ სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი სარჩელი, თუმცა მათი ამ განცხადებიდან დიდი ხანია გასული და სტრასბურგის სასამართლოს არაფერი მიუღია, ყოველი შემთხვევისთვის საჯაროდ და ჩვენთვის არაფერია ცნობილი. ახლა თავის მართლება გადაწყვიტეს „ფედექსის“ ფარატინა ფურცლითა და გზავნილის ნომრით, რომელიც არაფერს გვეუბნება. რაც არ უნდა სარჩელი იყოს გაგზავნილი, ვიცით, რომ ეს სარჩელი უშინაარსოა, რადგან შინაარსის დამტკიცება ვერც ქვეყნის შიგნით შეძლეს, ვერ შეძლეს ერთი არგუმენტიც ეთქვათ, რატომ არ უნდა იმუშაოს ამ ქვეყანაში გამჭვირვალობის პრინციპმა, რატომ არ უნდა იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ რაში იხარჯება უცხოური დაფინანსება და რა მიზანს ემსახურება. რასაც ქვეყნის შიგნით აცხადებდნენ, იმავეს ჩაწერენ სარჩელში, რომელიც მარცხისთვისაა განწირული“, – განაცხადა წილოსანმა.
საჰაერო თავდაცვის ძალები ამ კვირაში დღე და ღამ მუშაობდნენ უკრაინის ცის რუსული ტერორისგან დასაცავად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ წერს.
მისი თქმით, გუშინ ღამით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ რეკორდული რაოდენობის – 145 Shahed-ის და სხვა ტიპის დრონი გამოიყენა. მთელი კვირის განმავლობაში კი რუსეთმა 800-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, დაახლოებით 600 დრონი და სხვადასხვა ტიპის თითქმის 20 რაკეტა გამოიყენა.
„ასეთი ტერორის სიტყვებით შეჩერება შეუძლებელია, ბავშვების მკვლელობისა და საყვარელი ადამიანების დაკარგვის დავიწყება უბრალოდ შეუძლებელია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ტერორისგან დაცვა თამამი გადაწყვეტილებების გარეშე შეუძლებელია.
„ტერორისგან დაცვა თამამი გადაწყვეტილებების გარეშე შეუძლებელია – ეს ყველა ქვეყნისთვის ნათელია. სამართლიანობის გარეშე არ არსებობს ხანგრძლივი მშვიდობა და ამის მიღწევა უკრაინისთვის საკმაოდ რეალურია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 11-13 ნოემბერს გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში (COP29) მიიღებს მონაწილეობას, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებენ.
ბაქოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირისპირ შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან.
დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა COP29-ის ლიდერთა სამიტზე, ასევე პანელურ დისკუსიებზე, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება.
გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია ფოკუსირებული იქნება კლიმატის გავლენის შეფასებაზე როგორც ჰუმანიტარულ, ისე ეკონომიკურ ცხოვრებაზე. ლიდერები იმსჯელებენ იმ ქმედით ნაბიჯებზე, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს მათ შორის ემისიების შემცირებას, რის გარეშეც გლობალური დათბობის მძიმე გავლენის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება.
COP29-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
ღაზას სექტორის ქალაქ ჯაბალიაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი პალესტინელ მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს და „ჰამასის“ მედიის ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა 32-ს აღწევს.
ისრაელი აცხადებს, რომ ჯაბალიაში, ბეიტ ლაჰიასა და ბეიტ ჰანუნში ჯარები გაგზავნა, რათა ხელი შეეშალა „ჰამასის“ იმ მებრძოლების გადაჯგუფებისთვის, რომლებიც თავდასხმებს იქიდან ახორციელებენ.
ისრალესა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მცდელობები ჯერ-ჯერობით შეჩერებულია. „ჰამასს“ სურს შეთანხმება, რომელიც დაასრულებს ომს, ხოლო ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ომი მხოლოდ „ჰამასის“ აღმოფხვრის შემდეგ შეჩერდება.
11 ნოემბერს ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდება.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ, გაიმართება პრესკონფერენცია,
ცნობისთვის, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია თბილისში ჩამოდის. კერძოდ, გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები 11 ნოემბერს თბილისს ეწვევიან. მიხაილ როთთან და ჟიგიმანტას პავილიონისთან ერთად თბილისს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი, ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე, ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იუკა კოპრა, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ფრედერიკ პეტი, შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი და პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრი მიჰაუ კამინსკი ეწვევიან.
კატარმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეაჩერა , – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყნის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ მუშაობას მაშინ განაახლებენ, როდესაც „ჰამასი“ და ისრაელი მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას გამოავლენენ.
„კატარმა შეთანხმების მიღწევის ბოლო მცდელობისას, 10 დღის წინ მხარეებს განუცხადა, რომ შეაჩერებდა ძალისხმევას „ჰამასსა“ და ისრაელს შორის შუამავლობის საქმეში, თუ შეთანხმების მიღწევა ამ რაუნდში მოხდებოდა. კატარი განაახლებს ამ ძალისხმევას, როცა მხარეები გამოავლენენ მზადყოფნას და სერიოზულობას სასტიკი ომის დასასრულებლად“, – აღნიშნულია კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კატარმა და შეერთებულმა შტატებმა მიაღწიეს შეთანხმებას დოჰაში „ჰამასის“ პოლიტიკური ოფისის დახურვასთან დაკავშირებით იმის გამო, რომ „ჰამასმა“ „უარი თქვა კეთილსინდისიერად მოლაპარაკებაზე“. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ინფორმაცია არაზუსტია.
საჰაერო თავდაცვის სისტემები დედაქალაქ მოსკოვზე უკრაინული დრონების თავდასხმას იგერიებენ, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი იუწყება.
მისი თქმით, ამ დროისთვის მოსკოვის მიმართულებით მფრინავი 32 დრონი განადგურდა.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, ჩამოგდებული დრონების ნასმხვრევების გამო სტანოვოეს დასახლებაში ორ სახლს და ავტომობილებს ცეცხლი გაიჩნდა. დაშავდა ერთი ქალი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დრონებით თავდასხმის გამო, დედაქალაქის დომოდედოვოს, ჟუკოვსკისა და შერემეტევოს აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა.
იუსტიციის სამინისტრო 2022 წლიდან ახორციელებს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო მოქალაქეებს უსასყიდლოდ ურეგისტრირებს, როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ, ისე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებს.
ინფორმაციის მიხედვით, პროექტის დაწყებიდან დღემდე აიზომა 1 500 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, ხოლო საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 1 000 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე. გადამზადდა და დასაქმდა 1000-მდე ადამიანი.
„მიმდინარე რეფორმის ამ დროისათვის არსებული შედეგები იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზაზე გამართულ ღონისძიებაზე შეაჯამეს. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ. პრეზენტაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევიძემ წარადგინა.
პროექტის დაწყებიდან დღემდე აიზომა 1 500 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, ხოლო საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 1 000 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე. გადამზადდა და დასაქმდა 1000-მდე ადამიანი.
წარმატებული შედეგების გათვალისწინებით და იმ მიზნით, რომ სახელმწიფოში არ დარჩეს არცერთი დაურეგისტრირებელი ნაკვეთი, სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
მისი დასრულების შემდეგ შეიქმნება ერთიანი, სრულყოფილი საკადასტრო მონაცემთა ბაზა და საბოლოოდ იდენტიფიცირდება კერძო, სახელმწიფო თუ მუნიციპალური საკუთრება.
ღონისძიების ბოლოს იუსტიციის მინისტრმა სტუმრებს რეფორმის განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკა და ინვენტარი, აგრეთვე – ახლად გახსნილი სასწავლო ცენტრი – სააკაძის სასწავლო ბაზა დაათვალიერებინა.
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შედეგების პრეზენტაციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებულები, იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, რეფორმის მონაწილე უწყებებისა და თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამერიკის შეერთებული შტატებიდან უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ველოდოთ განცხადებებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თარიღსა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით , – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
ტრამპის უკრაინის სამშვიდობო გეგმის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, ტუსკმა აღნიშნა, რომ ასეთი გეგმა, მოსამზადებელ ეტაპზეა.
მისი აზრით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია დეკლარაცია, კერძოდ ცეცხლის შეწყვეტის თარიღთან დაკავშირებით, რომელ საზღვარზე იმოქმედებს ის და ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.
”ეს იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც გაითვალისწინებს აშშ-ის ნაკლებ ჩარევას უკრაინის საქმეებში,” – განმარტა ტუსკმა.