Home Blog Page 15

მადლობა უნდა გადავუხადოთ ტულსი გაბარდს „დიპ სტეიტის“ მხილებისთვის, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა მეთოდებს იყენებს ოლიგარქების არაფორმალური მმართველობა ოპონენტების დისკრედიტაციისთვის -ირაკლი კობახიძე

მადლობა უნდა გადავუხადოთ ტულსი გაბარდს „დიპ სტეიტის“ მხილებისთვის, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა მეთოდებს იყენებს ოლიგარქების არაფორმალური მმართველობა ოპონენტების დისკრედიტაციისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კობახიძე წერს, „ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, ტულსი გაბარდმა მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ ბრალდება ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბარაკ ობამას მიერ იყო გამოგონილი“.

„ტულსი გაბარდმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპის დისკრედიტაციის კამპანია „დიპ სტეიტის“ მიერ იყო დაგეგმილი და მის წარმოებაში სახელმწიფო სტრუქტურები სრულად იყო ჩართული. ტულსი გაბარდს „დიპ სტეიტის“ მხილებისთვის მადლობა უშუალოდ პრეზიდენტმა ტრამპმა გადაუხადა, რომელმაც მასალები შემდგომი რეაგირებისათვის იუსტიციის დეპარტამენტს გაუგზავნა. ეს საკითხი დღეს ამერიკული მედიისა და საზოგადოების აქტიური განხილვის საგანია. სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება „დიპ სტეიტის“ კარგად აპრობირებული ხელწერაა. ამისათვის ის ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად იყენებს მედიას, რომელიც ევროპაში „დიპ სტეიტის“ თითქმის სრულ, ტოტალურ კონტროლსა და ცენზურას ექვემდებარება. მონოპოლიზებული მედიის წყალობით, მარტივად შეუძლიათ ნებისმიერ პოლიტიკოსს ნებისმიერი იმიჯი შეუქმნან. მაგალითად, როგორც კი ფრანგული ოპოზიციის ლიდერის, მარინ ლეპენის რეიტინგმა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია, მას მაშინვე მიაწებეს პრორუსის იარლიყი, ისე, რომ საზოგადოებისთვის არავითარი მტკიცებულებები არ წარუდგენიათ. ანალოგიური მეთოდით ჩამოაშორეს პოლიტიკურ პროცესებს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ჯორჯესკუ. ის ჯერ პრორუსად გამოაცხადეს, ხოლო მოგვიანებით სასამართლომ ჯორჯესკუს სასარგებლოდ არჩევნებში „ტიკტოკის“ მეშვეობით რუსული ჩარევის ეჭვი გამოთქვა და არჩევნები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გააუქმა. მოლდოვაში პრორუსის იარლიყის მიწებება იქცა საუკეთესო ინსტრუმენტად სასამართლო წესით ოპოზიციური ძალების ასაკრძალად. მტკიცებულებების წარდგენისთვის არც ამ შემთხვევაში შეუწუხებია ვინმეს თავი. უკვე წლებია, „დიპ სტეიტის“ ანალოგიურ პროპაგანდას ებრძვის უნგრეთის ხელისუფლება, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობა თავისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ატარებს, ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას ებრძვის და მშვიდობის მხარეს დგას, ის პრორუს პოლიტიკოსად შერაცხეს. აქაც დღემდე არავის არავითარი მტკიცებულება არ გამოუქვეყნებია.

ანალოგიურ კამპანიას ქართული საზოგადოება ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის დღიდან ადევნებს თვალს. ამ კამპანიაში „დიპ სტეიტს“ ჩართული ჰყავს როგორც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოები“, ისე მათი გარე პატრონები, მათ შორის ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები. ჩვენი ხელისუფლებისთვის პრორუსულის იარლიყის მიწებებას ერთადერთი მიზეზი აქვს – ჩვენ არ ვმოქმედებთ გარე დავალებებით, ხელისუფლების ყველა შტო გავწმინდეთ აგენტურისგან, ვიცავთ სუვერენიტეტს, არ დავუშვით ლგბტ პროპაგანდა და არ ჩავერთეთ ომში. პრორუსულობის მტკიცებულებების წარდგენით არც ჩვენთან შეუწუხებია ვინმეს თავი. „დიპ სტეიტის“ პროპაგანდის მძლავრი ხაზი მუშაობს მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ წლების მანძილზე გვესმის ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის პრორუსობისა და რუსული კავშირების შესახებ, დღემდე ამის დამადასტურებელი იოტისოდენა ფაქტიც კი არავის წარმოუდგენია საზოგადოებისთვის. საქმე გვაქვს გებელსისეულ პროპაგანდისტულ მეთოდებთან, როდესაც ჯერ ქმნი მტრის ხატს და შემდეგ ოპონენტს მასთან კავშირს აბრალებ. ამგვარ პროპაგანდას არ სჭირდება არავითარი ფაქტები. მთავარია, პროპაგანდა იყოს ტოტალური და გზავნილი რაც შეიძლება მეტმა აგენტმა გაიმეოროს. მადლობა უნდა გადავუხადოთ ქალბატონ ტულსი გაბარდს „დიპ სტეიტის“ მხილებისთვის. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, რა მეთოდებს იყენებს ოლიგარქების არაფორმალური მმართველობა პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის, რადგან სიმართლით აღჭურვილი საზოგადოება სახელმწიფოს სიმტკიცის უმთავრესი გარანტია“, – წერს ირაკლი კობახიძე.

“ერთიანი ნეიტრალური საქართველო” განცხადებას ავრცელებს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს და იმ არნახულ წნეხს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან მომდინარეობს. საზოგადოებრივი მოძრაობა – „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ შექმნის პირველივე დღიდან, ვაფრთხილებდით საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროკავშირში გაწევრიანების უტოპიური საკითხი კონკრეტული ჩრდილოვანი ძალებისათვის, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველებისთვის აუცილებლად გახდებოდა შანტაჟის იარაღი მათ ხელში და ასეც მოხდა − ქართული საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ეს ძალები ევროპული ბიუროკრატიის ხელით ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოში პროცესები უმართავი გახადონ და რადგან არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას ვერ ახერხებენ, საზოგადოება დაუპირისპირონ მთავრობას. ეს კონფრონტაცია კი, მათივე გათვლებით უნდა დასრულდეს რევოლუციით და მმართველობაში აგენტურის დასმით.

საზოგადოება ასევე ნათლად ხედავს, რომ ამ სახიფათო ვითარებაში არაფორმალურ ოლიგარქებს სწორედ ევროკავშირში გაწევრიანების, უვიზო მიმოსვლის და თავისუფალი ვაჭრობის საკითხები საქართველოს თავზე დამოკლეს მახვილივით აქვთ ჩამოკიდებული. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ემოციურად რეაგირებს ამ თემებზე, განსაკუთრებული შფოთის საგანია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის თემა, რასაც პატრონების დავალებით ადგილობრივი აგენტურა პროპაგანდისთვის იყენებს და ამ გზით ცდილობს ხალხის ემოციებზე ითამაშოს.

ამ ფეთქებადსაშიშ სიტუაციაში ჩვენთვის სრულიად აღმაშფოთებელია ხელისუფლების ინერტულობა და მეტიც − გაურკვევლად დაჟინებული დაპირება, რომ ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ასეთ ვითარებაში საზოგადოება კიდევ უფრო იბნევა. ერთი მხრივ ევროპელი ბიუროკრატები პირდაპირ გვემუქრებიან, გვაშანტაჟებენ, არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და რევოლუციურ პროცესებს მუხტს აძლევენ, მეორე მხრივ კი „ქართული ოცნება“ დაჟინებით იმეორებს, რომ 2030 წლისთვის ქვეყანა მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მსგავსი პოლიტიკური ოქსიმორონი პირდაპირ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის ქვეყანაში ისედაც არაჯანსაღ სიტუაციას.

დღეს ევროკავშირი სრულ მორალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დეგრადაციას განიცდის. ჩვენ მიერ ხსენებულმა ოლიგარქიულმა მმართველობამ, რასაც ხშირად დიფ სთეითს, იმავე გლობალური ომის პარტიას უწოდებენ, რუსეთ-უკრაინის ომი სრულად ევროპის ტვირთად აქცია და ამ წნეხმა კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება კონტინენტზე. განსაკუთრებით საგანგაშოა ევროგაერთიანების და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური ვითარება, რომელიც დღითიდღე მძიმდება. მაგალითად, კავშირის ყველაზე დიდი ქვეყანა, გერმანია ეკონომიკურ რეცესიას განიცდის, შეჩერებულია ის მინიმალური ზრდა, რაც თუნდაც ორიოდ წლის წინ ჰქონდა და ეს ვითარება მნიშვნელოვნად აისახება გაერთიანების სხვა წევრ ქვეყნებზე.

ევროკავშირის სამომავლო პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანი და ნეგატიურია. დღევანდელ ურთულეს ვითარებას უახლოეს პერიოდში დამატებით წნეხად დააწვება არაფორმალური ოლიგარქების ახალი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, წევრმა ქვეყნებმა შეიარაღებაზე მშპ-ის არანაკლებ 5% უნდა დახარჯონ შეიარაღებაზე. კიდევ უფრო თვალსაჩინო რომ იყოს − ეს ნიშნავს ქვეყნების ბიუჯეტის მინიმუმ 15%-ის მიმართვას მილიტარიზაციაზე, რაც ერთი მხრივ კიდევ უფრო დაამძიმებს ეკონომიკურ-სოციალურ ფონს ევროგაერთიანებაში და მეორე მხრივ, ევროკავშირს აქცევს ერთ დიდ სამხედრო მონსტრად, ეს კი, პირდაპირ ანადგურებს მის საფუძვლებს, რაც შექმნის დღიდან იყო – ქვეყნებს შორის ეკონომიკური/პოლიტიკური ურთიერთობა, ქრისტიანული ღირებულებები და მშვიდობის პოლიტიკა.

მოვლენების განვითარების შემდგომი სცენარი ხელისგულზე დევს. ერთი ხელით უკრაინას ევროკავშირში ექაჩებიან, ხოლო მეორე ხელით ომის დაფინანსება მთლიანად ევროკავშირის ვალდებულებად აქციეს. ამ ნაბიჯით ოლიგარქები ორ კურდღელს ერთდროულად მოკლავენ − გახანგრძლივებული ომით ბოლომდე დაანგრევენ ევროგაერთიანებას უკრაინასთან ერთად, ასევე მაქსიმალურად დაასუსტებენ რუსეთს, ვინაიდან ომისთვის საჭირო იარაღის სახსრებს მთლიანად ევროკავშირს გამოაცლიან, ხოლო მეორე მხრივ − გაერთიანებაში დანგრეული უკრაინის ინტეგრირებით წევრ ქვეყნებს დე ფაქტო და დე იურე იძულებულს გახდიან, რომ მის აღდგენაში თითოეულმა ევროპელმა საკუთარი ჯიბიდან მიიღოს მონაწილეობა. ამ პროცესებს კი, აქამდე უკრაინის მთავარი დამფინანსებელი − ამერიკის შეერთებული შტატები არათუ შორიდან მიადევნებს თვალს, არამედ იარაღის ევროპულ ქვეყნებზე მიყიდვით საკუთარ ეკონომიკას ახეირებს. სწორედ ამიტომ ექაჩებიან უკრაინას და მოლდოვას ევროგაერთიანებაში, თუმცა მოლდოვაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, რადგან მისი ეკონომიკის მოცულობიდან გამომდინარე, ზღვაში წვეთია ის პრობლემები ევროკავშირისთვის, რასაც დანგრეული უკრაინის აღდგენა შეუქმნის. შედეგად, მინიმუმ 30 წლიან პერსპექტივაში, ევროკავშირის ეკონომიკას თვითგადარჩენის რეჟიმში მოუწევს სულის ღაფვა. პარალელურად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ არაფორმალური ოლიგარქების კარნახით, კონტინენტს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ უმსხვილესი კომპანიები, რომელთა დიდი ნაწილი ამერიკაში გადავიდა, ხოლო ნაწილმა ჩინეთის ბაზარს მიაშურა, რითაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო გაერთიანების ეკონომიკა.

დღევანდელი მოცემულობით ევროკავშირში ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 0.2%-ია, ამ ფონზე კი საქართველოში ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით იზრდება. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი ევროკავშირში ეკონომიკურ რეცესიას, ხოლო საქართველოში კიდევ უფრო მეტ ზრდას პროგნოზირებს. თავი რომ დავანებოთ ევროგაერთიანებაში არსებულ პოლიტიკურ ბაკქანალიას, აგენტურის მმართველობას და სუვერენიტეტის სრულად განადგურებას − გვინდა ვკითხოთ საქართველოს მთავრობას და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას − საით ექაჩებით ქვეყანას? რა სარგებელი უნდა მივიღოთ იმ კავშირის წევრობით, რომელიც ეკონომიკურად განადგურებულია? გაქვთ კი გაცნობიერებული, რა დაემართება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, თუ შეტრიალდა პოლიტიკური სიტუაცია და საქართველო შეუერთდა ევროკავშირს? მადლობა ღმერთს, რომ ჯერჯერობით თავად გვეუბნებიან უარს კავშირის წევრობაზე, მაგრამ გამორიცხული არაფერია. ჯანსაღი ვაშლი რომ დამპალ ვაშლებში ჩააგდო, უმოკლეს ვადაში დაკარგავს ის სიჯანსაღეს. დაახლოებით ამ ალეგორიას ჰგავს ის პერსპექტივა, რაც საქართველოს ემუქრება 2030 წლისთვის, თუ მოხდება ქვეყნის გაწევრიანება ევროკავშირში. სწორედ ამიტომ, თავი უნდა დავანებოთ საზოგადოების მოტყუებას და ილუზიებში ცხოვრებას − ეს არის ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. უნდა შევწყვიტოთ თუნდაც რიტორიკის დონეზე იმ ნაბიჯებზე საუბარი, რაც საქართველოს გარდაუვალ განადგურებას უქადის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

21 ივლისს სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ ქუთაისში – დღისით +32 და ღამით +21 გრადუსია მოსალოდნელი.

ოზურგეთში წვიმიანი ამინდია. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19.

ბათუმშიც წვიმას ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში ასევე წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24 გრადუსია მოსალოდნელი.

მცირე ქარი და წვიმაა ნავარაუდევი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +29, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღეა სოხუმში. +29 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურშიც ნალექიანი დღეა, ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება.

ბორჯომში ნალექიანი ამინდია, +31 იქნება დღისით, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში იწვიმებს. დღისით +34 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.

ომალოში დღისით +25, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +36 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღე იქნება თელავშიც, +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +36 გრადუსი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +35 გრადუსი იქნება, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +36 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

თბილისში წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

იქ, სადაც ადრე მხოლოდ მოწყენილობა იყო, ახლა დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელოდებათ. მოსალოდნელია ახალი შეხვედრები და საინტერესო ნაცნობობა, რომელიც შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს და მარტოხელა ადამიანის სტატუსს წერტილი დაუსვას. თავი შეიკავეთ ფინანსური ურთიერთობისგან ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ.

კურო

ამ დღეს ადრე მიცემული დაპირებების შესრულება მოგიწევთ. ეს ადვილი არ იქნება, ამიტომ დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ. ფინანსური დანაკარგი რომ თავიდან აიცილოთ, მსგავსი საკითხების მოგვარებისას საკუთარ ინტუიციას ენდეთ. მნიშვნელოვან თემებზე ახლობლებთან გულწრფელი საუბარი სასიკეთო შედეგს გამოიღებს.

ტყუპები

ხელმძღვანელობასთან საუბრისთვის საკმაოდ რთული და დაძაბული დღეა, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. კონფლიქტებისა და დანაკარგების თავიდან აცილება რთული იქნება. შესაძლოა კლიენტებთან ან პარტნიორებთან უსიამოვნო საუბარი მოგიწიოთ. ნუ აჰყვებით ემოციებს — მოუსმინეთ ძველი ნაცნობების რჩევებს.

კირჩხიბი

შესაძლოა, ამ დღეს უჩვეულო რომანტიკული ისტორია დაიწყოს, რომელიც მყარ და ხანგრძლივ კავშირში გადაიზრდება. ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებთ, ამიტომ თქვენნი მოტყუება ადვილი არ იქნება, არადა ვიღაცას ამის სურვილი აქვს. შესაძლოა, რთულ სიტუაციაში მხარი დაგიჭიროთ ადამიანმა, რომლისგანაც არ ელოდით. ისიც კი, ვინც ადრე მეტოქედ მიგაჩნდათ, შესაძლოა თქვენი მოკავშირე გახდეს.

ლომი

დილის საათებში შესაძლებელია სირთულეები, თუმცა ყველაფერს სწრაფად და ეფექტურად გაუმკლავდებით. შესაძლოა, წარმატებით გადაჭრათ საკითხები, რომლებიც ბოლო დროს თქვენ და თქვენს ახლობლებს გაწუხებდათ. ისინი, ვინც აქამდე სათანადოდ ვერ გაფასებდნენ, თქვენზე აზრს შეიცვლიან. სიახლეები, რომლებიც თქვენი ოჯახის წევრებს შეეხება ძალიან გაგახარებთ.

ქალწული

ეს დღე სამყაროს ახალ აღმოჩენებს მოგიტანთ. გაგიკვირდებათ, როცა მიხვდებით, რომ თქვენი ვარაუდები სწორი იყო. ეცადეთ დღე მშვიდად და განმარტოებით გაატაროთ. განსაკუთრებით სტრესსა და გადაღლას ერიდეთ, რომელიც თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ხელსაყრელი დღეა შოპინგისთვის – შესაძლოა, სასურველი ნივთი უჩვეულოდ დაბალ ფასად შეიძინოთ.

სასწორი

შესაძლოა, თანხა ისეთი წყაროდან მიიღოთ, რომლის არსებობა უკვე დაგავიწყდათ. თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს სამსახურში წარმატებას მიაღწევთ. დღის განმავლობაში შეიძლება საინტერესო და მოულოდნელი საქმეები გამოგიჩნდეთ. არსებობს კარიერულ წინსვლის შანსი, განსაკუთრებით – თუ საქმიანი კონტაქტები კარგად გამოიყენეთ.

მორიელი

ამ დღეს უამრავი სასიამოვნო სიურპრიზი, მათ შორის — მოულოდნელი საჩუქრები გელოდებათ. ინტუიცია სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. ინიციატივის აღების ნუ შეგეშინდებათ. ხელსაყრელი დღეა ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად. დამქანცველი მუშაობის შემდეგ დასვენებას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. წყლის პროცედურები ისაა, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.

მშვილდოსანი

მშვიდად და გააზრებულად იმოქმედეთ. ამ დღეს აჩქარება მხოლოდ თქვენ მოწინააღმდეგეთა წისქვილზე დაასხამს წყალს. არახელსაყრელი დღეა რთული საკითხების გადაჭრის, საპასუხისმგებლო მოლაპარაკებებისა თუ ახალი გეგმის შედგენისთვის. მგზავრობისას ყურადღება არ მოადუნოთ, განსაკუთრებით, თუ ავტომობილს თავად მართავთ. ყურადღება მიაქციეთ ძილის რეჟიმს. გახსოვდეთ, რომ სრულფასოვანი დასვენება წარმატებისთვის აუცილებელია.

თხის რქა

დღეს გარშემომყოფებთან ურთიერთობაში შესაძლოა დაძაბულობამ თავი იჩინოს. ალბათ იმედგაცრუებებისა და უსიამოვნო სიურპრიზების თავიდან აცილებას ვერ შეძლებთ. შესაძლოა გააცნობიეროთ, რომ დიდხანს ენდობოდით მათ, ვინც ამას არ იმსახურებდა. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ და გარემოებები მშვიდად შეაფასეთ — ყველაფერი ისეთი მარტივი და ცალსახა არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

მერწყული

სირთულეები, რომლებიც ახლა გაწუხებთ, დროებითია და გულთან ახლოს არ უნდა მიიტანოთ. გარშემომყოფები თქვენს საქმეში ჩარევას შეეცდებიან და ამის უფლებას ნუ მისცემთ. ახლა ყველაზე მეტად გარემოს შეცვლა და სიმშვიდე გჭირდებათ, ამიტომ ეცადეთ, შვებულება აიღოთ და ქალაქიდან გახვიდეთ.

თევზები

ამ დღეს ბევრი რამ ისე არ განვითარდება, როგორც ელოდით. ახალ რეალობასთან შეგუება და ვითარებიდან გამოსავლის პოვნა მოგიწევთ. ცდილობთ, საკუთარი ინტერესები დაიცვათ, თუმცა ამას ყოველთვის ვერ ახერხებთ. საღამოს ვარჯიშს თუ მოახერხებთ, ეს განწყობის ამაღლებასა და შინაგანი ძალების მოკრებაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები მარტოხელა თევზებს ურჩევენ, ახალი ნაცნობობას უფრო გახსნილები შეხვდნენ.

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ლანძღეს. ადამიანი, რომელიც საქართველოს სახელს ღირსეულად ატარებდა საერთაშორისო არენაზე. გმირად კი წარმოაჩინეს სულიერად არაქართველი, ქართულის არმცოდნე სალომე ზურაბიშვილი -ლევან ნიკოლეიშვილი

“იცით, რა არის სამარცხვინო? ის, რომ რადიკალური ოპოზიცია იმდენად გაშიშვლდა, რომ არათუ პარტიული პროგრამა და პოლიტიკური მიზანი გააჩნიათ – უცხოელების თვალებში და ხელებში მიშტერებულები მხოლოდ პერსონალურ შერაცხვაზე და გინებაზე არიან გადასულები. პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ლანძღეს – ადამიანი, რომელიც საქართველოს სახელს ღირსეულად ატარებდა საერთაშორისო არენაზე. გმირად კი წარმოაჩინეს სულიერად არაქართველი, გაურკვეველი რჯულის, ქართულის არმცოდნე სალომე ზურაბიშვილი. ეს არანაირ მორალურ ჩარჩოში არ ჯდება. თუმცა გვახსოვს ისიც, მანამდე რა ეპითეტებით ამკობდნენ ამავე ზურაბიშვილს, როდესაც მის წინააღმდეგ იბრძოდნენ”, – ასე ეხმიანება “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ზურაბ ჯაფარიძის სტატუსს, რომელიც მან მიხეილ ყაველაშვილთან დაკავშირებით დაწერა.

მისი თქმით, როდესაც უკიდურეს რადიკალიზმში გადადიან, უცხოეთი სამშობლოზე ტკბილად წარმოუდგენიათ, შარვალს ნებით იხდიან, გინებით კი სხვას აგინებენ – სინამდვილეში კი ჩვეულებრივ წყალწაღებულ, ხელმოცარულ, სამარცხვინო ნაძირლებად ყალიბდებიან.

“იცით, რა არის სამარცხვინო? ის, რომ რადიკალური ოპოზიცია იმდენად გაშიშვლდა, რომ არათუ პარტიული პროგრამა და პოლიტიკური მიზანი გააჩნიათ – უცხოელების თვალებში და ხელებში მიშტერებულები მხოლოდ პერსონალურ შერაცხვაზე და გინებაზე არიან გადასულები. პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ლანძღეს – ადამიანი, რომელიც საქართველოს სახელს ღირსეულად ატარებდა საერთაშორისო არენაზე. გმირად კი წარმოაჩინეს სულიერად არაქართველი, გაურკვეველი რჯულის, ქართულის არმცოდნე სალომე ზურაბიშვილი. ეს არანაირ მორალურ ჩარჩოში არ ჯდება. თუმცა გვახსოვს ისიც, მანამდე რა ეპითეტებით ამკობდნენ ამავე ზურაბიშვილს, როდესაც მის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ვერც პოლიტიკოსად და ვერც ხულიგნად ჩამოყალიბებული ზურაბ “გირჩი” ჯაფარიძე, რომელმაც ოკუპანტთან ბრძოლის გზად შარვლის ჩახდა და დაუბანელი უკანალის ჩვენება აირჩია, რაზე უნდა ილაპარაკოს? ერთი კი ფაქტია: როდესაც უკიდურეს რადიკალიზმში გადადიან, უცხოეთი სამშობლოზე ტკბილად წარმოუდგენიათ, შარვალს ნებით იხდიან, გინებით კი სხვას აგინებენ – სინამდვილეში კი ჩვეულებრივ წყალწაღებულ, ხელმოცარულ, სამარცხვინო ნაძირლებად ყალიბდებიან”, – წერს ნიკოლეიშვილი.

ევროპული ქვეყნები ირანთან მოლაპარაკებების გამართვაზე შეთანხმდნენ – მედია

ირანმა, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა და გერმანიამ თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, შესაძლოა, მომავალ კვირას გამართონ, – ინფორმაციას Deutsche Welle ირანულ საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მოლაპარაკებების ჩატარების შესახებ პრინციპული შეთანხმება მიღწეულია, თუმცა კონსულტაციები მათი ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ გრძელდება. ქვეყანა, სადაც მომავალ კვირას შესაძლოა მოლაპარაკებები ჩატარდეს, ჯერ არ არის განსაზღვრული“, – იტყობინება Tasnim ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა და გერმანიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ თეირანის წინააღდეგ ე.წ. „უკან დაბრუნების მექანიზმის“ ფარგლებში გაერო-ს სანქციებს აღადგენენ, თუ ირანსა და აშშ-ს შორის არ განახლდება, კონკრეტულ შედეგებს არ გამოიღებს მოლაპარაკებები, რომელიც ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყებამდე მიმდინარეობდა.

პუტინისა და ტრამპის შეხვედრა შედგება, ეს აუცილებელია – დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინი და ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრა აუცილებლად შედგება. შესაბამისი განცხადება კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა გააკეთა.

„ეს შეხვედრა შესაძლებელია და დროთა განმავლობაში შედგება, რადგან ის აუცილებელია. შესაძლოა, ის აუცილებელი იყოს გარკვეული მსხვილი შეთანხმებების დასაფიქსირებლად, რომლებსაც მივაღწევთ მას შემდეგ, რაც უზარმაზარ სამუშაოს გავწევთ“, – აღნიშნა პესკოვმა.

მან დააზუსტა, რომ ამ შეხვედრის დრო ჯერ არ დამდგარა და ამისთვის აუცილებელი სამუშაო ჯერ კიდევ შესასრულებელია.

რას გვერჩის დღევანდელი ევროპა, მათი ხელისუფლებები, რა უნდათ? ოჯახური ღირებულებების კანონი უკან გაიწვიეთო – რატომ მიშლი, ოჯახური ღირებულებები მე როგორც მინდა, ისე დავიცვა? – მეუფე იაკობი

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე იაკობი გამოეხმაურა ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს.

„ვხედავთ, რომ ბოლო ათწლეულებში წამოვიდა ღვთის საწინააღმდეგო სწავლებები და მრავალ ქვეყანაში ფეხი გაიდგა. ჩვენთანაც რომ შეხედოთ – რას გვერჩის დღევანდელი ტერიტორიული ევროპა, მათი ხელისუფლებები, რა უნდათ? თურმე, 31 აგვისტომდე რვა [რეკომენდაცია] უნდა შევასრულოთ. ხელისუფლების ბრალი იქნება, თუ უვიზოდ ვეღარ ვიფრენთ უცხოეთშიო. ფრენისგან ცოტა ძირს დაეშვი და შეხედე, რას სთხოვენ: ოჯახური ღირებულებების კანონი უკან გაიწვიეთო. რატომ მიშლი, ტრადიციები მქონდეს და ოჯახური ღირებულებები მე როგორც მინდა, ისე დავიცვა? რით განსხვავდება ევროპა რუსეთისაგან? იმან 20% წამართვა და შენ ხომ ახლა არჩევანს მართმევ? საქართველოში ვერ მიაღწევთ ამას. ეს არ არის მთავრობის გადასაწყვეტი, ხალხმა გადავწყვიტეთ. თქვენ ხომ ხალხით გველაპარაკებით, ხალხმა გადავწყვიტეთ და ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ, იმიტომ, რომ ქრისტეა ჩვენი არჩევანი. არაფრის დამთმობები არ ვართ, კარგად იცოდნენ უცხო ქვეყნებმაც“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოზე თავდასხმები, შანტაჟის ენა და ის ულტიმატუმები, რომლებიც მომდინარეობს ჩვენს მიმართ, პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ომში ჩართვის სურვილს – ნინო წილოსანი

ომის საფრთხე არა თუ გადავიდა, არამედ აქტუალურია ისე, როგორც არასდროს, – ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის მიერ პოლიტსაბჭოს სახელით გავრცელებულ განცხადებას. წილოსანის თქმით, ის შანტაჟის ენა და ულტიმატუმები, რომლებიც ევრობიუროკრატთა მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ომში ჩართვის სურვილს.

„ომის საფრთხე არა თუ გადავიდა, არამედ აქტუალური არის ისე, როგორც არასდროს, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებიდან გამომდინარე მთლიანი დაწოლა უკრაინის ომის მხარდაჭერის კუთხით გადავიდა ევროკავშირზე და რიგი ევროპარლამენტარების, თუ ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოზე თავდასხმები და ის ულტიმატუმები, შანტაჟის ენა, რომელიც მომდინარეობს ჩვენს მიმართ, პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ომში ჩართვის სურვილს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მართლაც კატასტროფაა იმის ყურება, თუ როგორი არაევროპული აღტყინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები, ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას – შალვა პაპუაშვილი

ირაკლი ხვადაგიანი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიის მე-8 (!) ნომერი იყო, პარლამენტის წევრიც გახდა და ნაცმოძრაობის სხვა რადიკალებთან ერთად მანდატიც დატოვა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ზუსტად ეს სქემები ამხილა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ და შეწყვიტა სხვა ქვეყნების არევის დაფინანსება.

პაპუაშვილის თქმით, „მართლაც კატასტროფაა იმის ყურება“, თუ როგორი „არაევროპული აღტყინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები, ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას“.

,,ეს ადამიანი, ირაკლი ხვადაგიანი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიის მე-8 (!) ნომერი იყო, პარლამენტის წევრიც გახდა და ნაცმოძრაობის სხვა რადიკალებთან ერთად მანდატიც დატოვა. “ნაციონალური მოძრაობა” დღეს ღიად აცხადებს, რომ აპირებს “ხელისუფლების დამხობას”.

როგორც საზოგადოებას ახსოვს, რამდენიმე კვირის წინ, საფრანგეთის ელჩმა “ნაციონალური მოძრაობის” ამ კონკრეტულ აქტივისტს, გრანტების კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე, დაფინანსება გამოუყო. თანხის მიცემის საბაბად, საფრანგეთის საელჩომ, ქუთაისში ტურისტული მარშრუტების დახაზვა დაასახელა. ამგვარი მარშრუტის მხაზველები, შემთხვევით, “ხელისუფლების დამხობის”, “არჩევნების ჩაშლის” და “ქუჩის ძალადობის” მონაწილენი რომ ხდებიან, ალბათ, მხოლოდ შემთხვევითობაა.

თუმცა, სინამდვილეში, ეს “შემთხვევითობა” იმის ნათელი მხილებაა, თუ რა სქემებით ფინანსდება საქართველოში ექსტრემიზმი. ზუსტად ეს სქემები ამხილა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ და შეწყვიტა სხვა ქვეყნების არევის დაფინანსება. და მართლაც კატასტროფაა იმის ყურება, თუ როგორი არაევროპული აღტყინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები, ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას.

ამ პოსტის ბოლოს ვფიქრობდი, საფრანგეთის ელჩისთვის მიმემართა, წუთით წარმოედგინა, რა მოხდებოდა, საქართველოს საელჩოს რომ საფრანგეთში დაეფინანსებინა ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების დამხობის და არჩევნების ჩაშლის გეგმებს აწყობენ. ვიცი, რომ შეძლებს წარმოდგენას, თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორ დასკვნას გამოიტანს, ამიტომ არ მივმართავ.

უბრალოდ ჩვენთვის ვიცოდეთ – ეს ექსტრემიზმია, ხოლო იმას, ვინც ექსტრემიზმს აფინანსებს, ქართველი ხალხისთვის კარგი არ უნდა,” – წერს პაპუაშვილი.

ვიეტნამში ტურისტული ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა

ვიეტნამში ტურისტული ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 38 ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაკარგულად ითვლება, – ინფორმაციას The Guardian-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნავ Wonder Sea-ზე 48 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა, რომლებიც ჰა-ლონგის ყურის, ტურისტებისთვის პოპულარული ადგილის, ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებდნენ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ნავი ძლიერი ქარის შედეგად გადაბრუნდა.

გამოცემა VNExpress-ის ცნობით, მაშველებმა ინციდენტის ადგილთან ახლოს 12 ადამიანი გადაარჩინეს და 38 ცხედარი იპოვეს.

ვიეტნამის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ყველა ტურისტი ვიეტნამელი იყო.

რუსული მხარის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა

რუსეთის თავდაცვის სისტემებმა ღამით ქვეყნის ცხრა რეგიონის და შავი ზღვის აკვატორიის თავზე თავზე 93 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 19 მოსკოვის ოლქში, – ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჩამოგდებული დრონებიდან 16 დედაქალაქისკენ მიემართებოდა.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, მოსკოვის ოლქში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა.

ქალაქ ზელენოგრადში ერთ-ერთი ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა და რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა.

დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა – შერემეტიევომ, დომოდედოვომ, ვნუკოვომ და ჟუკოვსკიმ – თვითმფრინავების გაშვება და მიღება შეაჩერა.