Home Blog Page 15

აშშ-ის არჩევნები და ლარი – თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება  მთავარი ეკონომისტისგან

დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მეტი პროტექციონიზმი და, როგორც ჩანს, ფისკალური დეფიციტი მაღალი საპროცენტო განაკვეთების არხით ვალუტაზე მართლაც გამყარების მიმართულებით მოქმედებს. ამასთან, უკვე კონფლიქტების დეესკალაციის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დოლარის, როგორც ჯერ კიდევ დომინანტი სარეზერვო და უსაფრთხო ვალუტის როლი, რაც მოვლენათა ასეთი განვითარებისას მის დასუსტებას იწვევს. ისევე, როგორც უფრო საშუალოვადიან პერსპექტივაში, დიდი ოდენობით სახელმწიფო ვალი ამავე მიმართულებით მოქმედებს.

სხვა ფაქტორებთან ერთად, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში დოლარის კურსზე წინასაარჩევნო გამოკითხვებს მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჰქონდა. სადღეისოდ კი, ბუნებრივია, ბაზრები მოლოდინის რეჟიმშია. ამ კუთხით, საინტერესო პარალელია, რომ, როგორც ცნობილია, საქართველოში კომპანიებისა და ფიზიკური პირების მიერ არჩევნებამდე განხორციელდა დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შესყიდვა და ამ სენტიმენტების ცვლილება ლარზე უკვე გამყარების ზეწოლას შექმნის. თიბისი კაპიტალის დაკვირვებით, სადღეისოდ, ჯერჯერობით საპირისპირო ქცევა არ იკვეთება, თუმცა ვალუტის დამატებით შესყიდვასაც აღარ აქვს ადგილი. შესაბამისად, როგორც ჩანს, გაუფასურების მოლოდინები არსებითად შემცირებულია და სენტიმენტები შედარებით უფრო ნეიტრალურისკენაა გადახრილი.

რაოდენობრივ შეფასებას რაც შეეხება, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ეს ე.წ. უცხოური ვალუტის დაგროვილი ბუფერები მართალია სებ-ის საერთაშორისო რეზერვების თანაბარზომიერი არაა, თუმცა არც მხოლოდ რამდენიმე ასეულ მილიონ აშშ დოლარზე და ევროზეა საუბარი. ამდენად, მიმდინარე პერიოდში სწორედ ეს ფაქტორი არის ყველაზე მეტად მატერიალური.

თავად აშშ-ის არჩევნების კუთხით, თავისთავად, არაერთი გარემოებაა გასათვალისწინებელი. საკუთრივ, ბუნებრივია, აშშ დოლარის გამყარება ლარისთვის ნეგატივია.

ასევე, მართალია ნავთობის ფასების შესაძლო შემცირება საქართველოში იმპორტისა და ფასების კლებაში აისახება, თუმცა მნიშვნელოვანია ჩვენი ნავთობზე დამოკიდებული ეკონომიკური პარტნიორების შემოსავლები საქართველოს ექსპორტის, ტურიზმის, გზავნილებისა და ინვესტიციების მხრივ. ეჭვგარეშეა, რომ კონფლიქტების დეესკალაცია პოზიტივია, თუმცა მაკროეკონომიკური კუთხით მიგრაციის ეფექტიც საყურადღებოა, ისევე, როგორც ასეთ შემთხვევაში ევროს სავარაუდო გამყარება, რაც ისტორიულად საქართველოსათვის უფრო პოზიტიურ დროს ხდება.

არჩევნებში 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და არც ერთი შემთხვევა არ მახსენდება, ვინმეს გაეპროტესტებინოს, რომ მისი ხმის ფარულობა დაცული არ იყო – გიორგი კახიანი

26 ოქტომბრის არჩევნებში ხმის ფარულობა არ დარღვეულა – ხმის ფარულობა სამართლებრივი თვალსაზრისით იმას გულისხმობს, რომ როცა ამომრჩეველი კაბინაშია და მისთვის სასურველ კანდიდატს აფერადებს, მას ამ მომენტში არავინ უნდა აკვირდებოდეს და ვერავინ უნდა ხედავდეს, თუ რა გადაწყვეტილებას იღებს , – ეს განმარტება მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა გააკეთა.

კახიანის აზრით, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას, პირველ რიგში, ერთი ფაქტი მაინც უნდა დაედგინა, რომ როცა ამომრჩეველი კაბინაში იმყოფებოდა და რომელიმე პარტიას ხმას აძლევდა, მის გადაწყვეტილებას ვინმე აკვირდებოდა თუ არა.

კახიანის განცხადებით, მოსამართლეს ასეთი ფაქტების თაობაზე საერთოდ არ უმსჯელია.

“რა თქმა უნდა, ხმის ფარულობა საარჩევნო პროცესის უმნიშვნელოვანესი პრინციპია.

არჩევნებში 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და არც ერთი შემთხვევა არ მახსენდება, ვინმეს გაეპროტესტებინოს, რომ მისი ხმის ფარულობა დაცული არ იყო. ამის თაობაზე არჩევნების დღეს არც ერთი საჩივარი არ დაწერილა. მას შემდეგ, რაც ოპოზიცია დარწმუნდა, რომ მათ არჩევნები წააგეს, ბიულეტენების გადათვლის დროს აღმოაჩინეს, რომ თითქოს, ბიულეტენის მეორე მხარეს ფლომასტერი გამოჟონილი იყო. ხმის ფარულობის დარღვევაზე საუბარი სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ არჩევნებში ხმის ფარულობა არ დარღვეულა.

ხმის ფარულობა სამართლებრივი თვალსაზრისით იმას გულისხმობს, რომ როცა ამომრჩეველი კაბინაშია და მისთვის სასურველ კანდიდატს აფერადებს, ამ მომენტში მას არავინ უნდა აკვირდებოდეს და ვერავინ უნდა ხედავდეს, თუ რა გადაწყვეტილებას იღებს. მე არც ერთი მსგავსი შემთხვევის შესახებ არ მსმენია. მხოლოდ ერთი ასეთი შემთხვევა იყო და როგორც გაირკვა, იქაც ამომრჩეველს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი აკვირდებოდა.

ზოგადად, არ არსებობს არჩევნები, სადაც ხარვეზი არ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ხარვეზებს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

ვნახოთ, ხმის ფარულობის თაობაზე როგორ მტკიცებულებას წარმოადგენს სააპელაციო სასამართლო.

ამ მოსამართლის ოჯახის წევრი აქტიური ოპოზიციონერია. დასაფიქრებელია და შესაბამისს მიკვლევას საჭიროებს თუ დადასტურდა, რომ ალეკო ელისაშვილმა წინასწარ იცოდა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე. მძიმე დარღვევაა, თუ ვინმემ წინასწარ იცოდა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა და წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი ელექტრონული უბნის შედეგები გააბათილა.

როგორც ხუჭუამ განმარტა, სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ხმის დაცულობა და ხმის ფარულობა ამომრჩეველს არ ჰქონდა. მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხერხდეს, საარჩევნო გარემოსა და ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული და არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ხაჯარატ ახვლედიანი და გიორგი რომელაშვილი გათავისუფლდნენ – სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ხაჯარატ ახვლედიანი და გიორგი რომელაშვილი გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, ხაჯარატ ახვლედიანის და გიორგი რომელაშვილის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

„საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მწვავედ იქნა დაყენებული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა (GID) და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების ფარგლებში.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – წერია ინფორმაციაში.

 ცესკომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვით წარმატებით მოახერხა საარჩევნო პროცესის მოდერნიზება -“სმარტმატიკი”

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კომპანია „სმარტმატიკის“ ტექნოლოგიებისა და სერვისების გამოყენებით წარმატებულად მოახდინა საკვანძო საარჩევნო პროცესის მოდერნიზება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

სტატიას ამ შინაარსით „სმარტმატიკი“ აქვეყნებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „სმარტმატიკთან“ ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატებისა და ამომრჩევლის ვერიფიკაციის მოწყობილობების დანერგვა 2021 წლიდან ხუთი საპილოტო პროექტით დაიწყო.

„ელექტრონული ტექნოლოგიები ორგანულად დაინერგა საქართველოს საარჩევნო პროცესში“, – აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა. „საარჩევნო ადმინისტრაციის თითქმის ორწლიანი მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგად ჩვენ სიამაყით ვამბობთ, რომ ამ დანერგვის თითოეული ეტაპი წარმატებით შესრულდა“.

„სმარტმატიკმა“ ცესკოს 4 876 ოპტიკური სკანერი გადასცა, რომელსაც ხელით შევსებული ბიულეტენის წაკითხვა შეუძლია. ამ მოწყობილობებს ზუსტად შეუძლიათ ამომრჩევლის ნების სკანირება, ხმების დათვლა და შედეგების კონსოლიდირება.

„სმარტმატიკმა“ აგრეთვე ცესკოს მიაწოდა 7 508 ელექტრონული ვერიფიკაციის აპარატი და მონაცემთა გადაცემისთვის საჭირო ციფრული პლანშეტები.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ახალი ტექნოლოგიების ეფექტურობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მოწყობილობების 99,87% უნაკლოდ იმუშავა, ხოლო შედეგების 100% ელექტრონული სახით არჩევნების დასრულებიდან ორ საათზე ნაკლებ დროში გამოქვეყნდა.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა ტექნოლოგიების საიმედოობა აღნიშნეს: „საერთო ჯამში საარჩევნო უბნები კარგად ორგანიზებული იყო, ხოლო კენჭისყრის ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ ჩაიარა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო“, – მოყვანილია სტატიაში ამონარიდი IRI-ის წინასწარი დასკვნიდან.

ტექნოლოგიების საიმედოობის გასამყარებლად საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დამოუკიდებელი ამერიკული კომპანია Pro V&V დაპატიჟა, რომელმაც ახალ ტექნოლოგიებს აუდიტი ჩაუტარა. შემოწმებამ დაამტკიცა, რომ „სმარტმატიკის“ ოპტიკური სკანერები და იდენტიფიკაციის მოწყობილობები გამართულად ფუნქციონირებდა.

საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი ეპოქაა, რადგან ეს იყო პირველი არჩევნები, რომლის დროსაც მოსახლეობის 90% თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომა ჰქონდა, – აღნიშნულია სტატიაში.

„მრავალ საარჩევნო უბანზე პირველად გამოიყენეს ელექტრონული მოწყობილობები და ამომრჩევლის იდენტიფიკაციის, ხმების დათვლის და წინასწარი შედეგების გადაცემის აპარატები. ასეთი ტექნოლოგიების დანერგვა მრავალი დაინტერესებული მხარის მიერ იყო მხარდაჭერილი“, – ნათქვამია ეუთოს წინასწარ დასკვნაში.

„სმარტმატიკის“ გენერალურმა დირექტორმა ანტონიო მუგიკამ საქართველო შეაქო: „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ექსტრაორდინარული ამოცანა შეასრულა. მოწინავე პრაქტიკის და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, მათ წარმატებით განახორციელეს ტექნოლოგიების პირველი საერთო-საყოველთაო გამოყენება. ჩვენთვის დიდი პატივია, მხარი დავუჭიროთ საქართველოს მოდერნიზაციის ამ საქმეში“.

ტოპტვინებმა, საიდან ვიცოდით წინასწარ სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგას ალეკო გეტყვითო, ალეკოც არაფერს ამბობს და თენგო სადაა? -მამუკა მდინარაძე

ტოპტვინებმა, საიდან ვიცოდით წინასწარ სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგას ალეკო გეტყვითო. ამ დროს ალეკოც არაფერს ამბობს და თენგო სადაა?“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებით, №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი გაუქმდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ელისაშვილმა მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილება წინასწარ იცოდა, განაჩენის გამოცხადებამდე ერთი საათით ადრე, ინტერვიუში თქვა შინაარსი, სასამართლოს საიდუმლოება დარღვეულია“.

რა ეღირება დოლარი და ევრო 6 ნოემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7247 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7247 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7280 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0033 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9677 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9738 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0061 ლარი შეადგინა.

ზელენსკის უკრაინის ომში პოლონეთის ჩართვა სურს -პოლონეთის ვიცე-პრემიერი

პოლონეთის ვიცე-პრემიერი კშიშტოფ გავკოვსკი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის ომში პოლონეთის ჩათრევა სურს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვარშავას მოუწოდა, პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს რუსული რაკეტებისა და დრონების განადგურებაში კიევს დაეხმაროს.

ამ მოთხოვნის გამო, პოლონეთის ვიცე-პრემიერმა ზელენსკი გააკრიტიკა და თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მეტად ღირსეული განცხადებები უნდა გააკეთოს იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ომის დაწყების პირველივე დღიდან ეხმარება.

 ოპოზიციამ სერიოზულად შეირცხვინა თავი, პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე -გია ვოლსკი

ოპოზიციამ სერიოზულად შეირცხვინა თავი, პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ყველანაირად დასტურდება, რომ არჩევნებში არანაირი გაყალბება არ მომხდარა.

„შეიძლება ცალკეული გადაცდომები არსებობდა, რასაც, რასაკვირველია, არჩევნების შედეგებზე არავითარი გავლენა არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, მცდელობაა, როგორმე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელსა და აქციის მონაწილეს შორის ისეთი შეჯახება მოხდეს, რაც დესტრუქციულ სუბიექტებს საშუალებას მისცემს, რომ დაპირისპირება საერთაშორისო ფორმატებში გადაიტანონ. მათი აზრით, აქ გარკვეული მხარდაჭერა ექნებათ და დაუბრუნდებიან გეგმას, რასაც რევოლუციის გზით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქვია. ეს არის მათი ამოცანა და ფორმულა. ჩვენი ვალია, აქციებში მონაწილე ახალგაზრდები გავაფრთხილოთ – მათი მცდელობა, რაღაც უსამართლობას წინააღმდეგობა გაუწიონ, შეიძლება გულწრფელი იყოს, მაგრამ უსამართლობა არ მომხდარა და არჩევნები დასრულდა იმ შედეგით, რაც ცესკო-მ გამოაქვეყნა და რაც საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ არის მხარდაჭერილი.

ყველანაირი უზნეობის, უტიფრობისა და უმსგავსობის დაშვებას ველოდები. ვერავინ იტყვის, რას მოიგონებენ და რა გზით გააგრძელებენ აქტივობას ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები. ოპოზიციამ სერიოზულად შეირცხვინა თავი, პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ელისაშვილმა მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილება წინასწარ იცოდა, განაჩენის გამოცხადებამდე ერთი საათით ადრე, ინტერვიუში თქვა შინაარსი, სასამართლოს საიდუმლოება დარღვეულია -თენგიზ შარმანაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება წინასწარ იცოდა და გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი საათით ადრე, ინტერვიუში ისაუბრა გადაწყვეტილების შინაარსზე.

შარმანაშვილის განმარტებით, ელისაშვილმა 20 საათსა და 58 წუთზე და 21 საათსა და 11 წუთზე ორ ტელეკომპანიას მისცა ინტერვიუ, რა დროსაც თქვა, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და შეაქო მოსამართლე ასეთი გადაწყვეტილებისთვის.

როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, ზემოხსენებული მოწმობს, რომ პროცესი იყო პოლიტიკურად მოტივირებული და დარღვეულია სასამართლოს საიდუმლოება.

„22 საათსა და 8 წუთზე დაიწყო მოსამართლემ ამის გამოცხადება, ანუ ერთი საათის შემდეგ. თუ ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული და პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი არ იყო, პოლიტიკოსებმა საიდან იცოდნენ ამ გადაწყვეტილების შესახებ. აქ ხომ აშკარად დარღვეულია სასამართლოს თათბირის საიდუმლოება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებით, №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი გაუქმდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 7 ნოემბერს, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტზე განსახილველი ძირითადი თემაა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები.

“სამიტის ფარგლებში გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები მიგრაციისა და ეკონომიკური უსაფრთხოების, დაკავშირებადობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და გლობალური ვაჭრობის შესახებ.

დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეხუთე სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სააპელაციო სასამართლოსთან დაანონსებულია აქცია, შესაბამისად, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად-ვაჟა სირაძე

საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოსთან საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად არის მობილიზებული პოლიცია, რადგან ადგილზე დაანონსებულია აქცია.

„როგორც მოგეხსენებათ, დაანონსებული არის აქცია სააპელაციო სასამართლოსთან. შესაბამისად, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რათა უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი. პოლიციის რაოდენობასთან დაკავშირებით პირადად ვიღებთ გადაწყვეტილებას და საჭიროებისამებრ გამოგვყავს ხოლმე. სასამართლოს შენობაა, მიმდინარეობს პროცესები და რომ არ მოხდეს ვითარების ესკალაცია, დაძაბულობა, პოლიციელები იქნებიან ადგილზე, რათა მშვიდად წარიმართოს სასამართლო პროცესები“, – აღნიშნა ვაჟა სირაძემ.

ამასთან, ვაჟა სირაძე განმარტავს, რომ კანონმდებლობით აკრძალულია სასამართლო და სხვა სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება, ასევე, მისი ფუნქციონირების შეფერხება.

„აქციის მონაწილეებმა და მათმა ორგანიზატორებმა აღნიშნული კანონი კარგად იციან და თუ მოხდა მსგავსი რამ, პოლიცია მოუწოდებს მათ კანონის დაცვისკენ.  საუბარი იყო აგრეთვე გზასთან დაკავშირებით, პოლიცია გარეთაც მობილიზებულია ასევე იმისთვის, რომ თავისუფლად მოხდეს მოქალაქეების გადაადგილებაც და არ მოხდეს სიტუაციის დაძაბვა“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

რაც შეეხება მარშალ გელოვანის გზის ნაწილის გადაკეტვას, ვაჟა სირაძის თქმით, გზის სივიწროვიდან გამომდინარე, ვინაიდან ფიზიკურად გადაადგილება შეუძლებელი იყო, მოხდა ამ მონაკვეთზე გადაადგილების შეზღუდვა.

ცნობისთვის, ოპოზიციას დღეს სპორტის სასახლესთან ჰქონდა დაგეგმილი აქცია, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააპელაციო სასამართლოს წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი რამდენიმე უბნის შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით საჩივარი უნდა განეხილა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა სააპელაციო სასამართლოსთან გადაინაცვლეს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, სარჩელის განხილვა გადაიდო.

ნებისმიერი პარტია იქნება, კონკრეტული პიროვნება თუ რაიმე დაჯგუფება, აზრის გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა ფორმით ყველას აქვს-კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კანონის ფარგლებში აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ყველას აქვს. ამის შესახებ მან ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.

„ვხედავთ, თუ რას წარმოადგენენ ეს ადამიანები და ვინ არიან, თუმცა აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით, ნებისმიერი პარტია იქნება, კონკრეტული პიროვნება თუ რაიმე დაჯგუფება, ყველას აქვს. მთავარია, ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში და ჩარჩოებში იყოს. ოპოზიციის ეს კონკრეტული განცხადებებიც მეტყველებს იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს, რომელსაც ოპოზიცია აპროტესტებს, თბილისის მერი პასუხობს, რომ მათ რეალურად არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ, არჩევნებში მარცხი კი ყველას დააბრალეს, საკუთარი თავის გარდა.

„რეალურად, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი სიცრუის კამპანია. ცდილობენ, რომ როგორმე სახე შეინარჩუნონ, პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩევლების წინაშე, რადგან მთელი კამპანიის განმავლობაში საკუთარ ამომრჩევლებს ატყუებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ იგებდნენ, კარგი პოზიციები ჰქონდათ, გაყალბებულ კვლევებს აჩვენებდნენ, გაყალბებული ეგზიტპოლები წარუდგინეს საზოგადოებს. შემდეგ გამოვიდნენ და ყველას და ყველაფერს დააბრალეს არჩევნების წაგება. ხალხს ლანძღავდნენ, თავიანთ ამომრჩეველს, „ჯენზის“ აყენებდნენ შეურაცხყოფას, თითქოს ახალგაზრდებმა წააგებინეს არჩევნები. საკუთარი თავის გარდა, ყველას და ყველაფერს დააბრალეს. რაიმე მტკიცებულება თუ აქვთ, ვიდრე პროკურატურაში მიიტანენ, ხალხსაც აჩვენონ და წარუდგინონ, იქნებ საზოგადოებამ ნახოს, რა მტკიცებულებებზეა საუბარი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.