Home Blog Page 15

გახარია გადაწყვეტილებებს გარკვეულწილად ერთპიროვნულად იღებდა და არის სერიოზული ეჭვი, რომ მას კონსულტაცია არა საკუთარ მთავრობასთან და მმართველ გუნდთან, არამედ გარე ძალებთან ჰქონდა -ირაკლი ქადაგიშვილი

გახარია გადაწყვეტილებებს გარკვეულწილად ერთპიროვნულად იღებდა და არის სერიოზული ეჭვი, რომ მას კონსულტაცია არა საკუთარ მთავრობასთან და მმართველ გუნდთან, არამედ გარე ძალებთან ჰქონდა, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა სოფელ ჩორჩანაში 2019 წელს საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით.

მან აღნიშნა, რომ საგუშაგოს გახსნით გაჩნდა საფრთხე, რომ რუსეთთან ახალი კონფლიქტის კერა შექმნილიყო.

„მივიღეთ ის, რომ 5 საგუშაგო გახსნეს [საოკუპაციო ჯარებმა]. 1 მილიონი კვადრატული მეტრი, ის ტერიტორია, რომელიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლდებოდა, გადავიდა სეპარატისტული და საოკუპაციო ჯარების კონტროლის ქვეშ, რამდენიმე მოსახლე აღმოჩნდა საოკუპაციო ხაზს მიღმა. სერიოზული საფრთხე გაჩნდა, რომ რუსეთთან ახალი კონფლიქტური კერა შექმნილიყო. გახარია გადაწყვეტილებებს გარკვეულწილად ერთპიროვნულად იღებდა და არის სერიოზული ეჭვი, რომ მას კონსულტაცია არა საკუთარ მთავრობასთან და მმართველ გუნდთან, არამედ გარე ძალებთან ჰქონდა”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება.

აღნიშნულ საკითხზე იმდროინდელ შს მინისტრს, გიორგი გახარიას საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ იბარებენ.

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

 თიბისის ბიზნესდაჯილდოების ისტორიაში პირველად, პროექტში მონაწილეობის სურვილი 443-მა ბიზნესმა გამოთქვა, რაც ბიზნესდაჯილდოების არსებობის 9 წლის მანძილზე,  რეკორდული მაჩვენებელია.  

ბიზნესების რეგისტრაციის პროცესი 15 ივნისს დასრულდა. გამარჯვებულებს ივლისში, დასკვნით ღონისძიებაზე, სპეციალურად ბიზნესდაჯილდოებისთვის შერჩეული ჟიური გამოავლენს. 

წლევანდელი ბიზნესდაჯილდოება ბევრი საინტერესო სიახლით დაბრუნდა, მათ შორის ახალი ნომინაციით – საუკეთესო ფრილანსერი. საუკეთესო ბიზნესები 5 კატეგორიაში გამოვლინდებიან: 

1. საუკეთესო პროდუქტი  
2. საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი  
3. გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა  
4. გამორჩეული როლი რეგიონში  
5. საუკეთესო ფრილანსერი  

გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, თავად შეარჩიონ ჯილდო, მათ შორის: ახალი ვებ-გვერდი; ბრენდინგი, საკომუნიკაციო მხარდაჭერა და სხვა.

წლევანდელი ბიზნესდაჯილდოების მონაწილეების, ასევე პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: https://www.tbcbusinessaward.ge/ .

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის  მთავარი პარტნიორია – Visa. მხარდამჭერები –  აჭარა ჯგუფი, Tegeta Business. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.  

R

დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის” სამიტი დაგეგმილზე ადრე დატოვა და ვაშინგტონში დაბრუნდა

დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის” სამიტი დაგეგმილზე ადრე დატოვა და ვაშინგტონში დაბრუნდა.

„უნდა დავბრუნდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეიძლება მალე უნდა დავბრუნდე. აშკარა მიზეზების გამო დროზე ადრე უნდა დავბრუნდე. ეს მნიშვნელოვანი საკითხია“, – აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის ვაშინგტონში დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმაც გაავრცელა.

„პრეზიდენტ ტრამპს შესანიშნავი დღე ჰქონდა, დიდ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან მნიშვნელოვან სავაჭრო შეთანხმებასაც კი მოაწერა ხელი. ბევრი რამ მიღწეული იყო, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, პრეზიდენტი ტრამპი დღეს საღამოს, ვახშმის შემდეგ ვაშინგტონში დაბრუნდება“, – წერს ლევიტი.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპთან ერთად ვაშინგტონში დაბრუნდა მარკო რუბიოც.

ამასთან, როგორც „სიენენი” წერს, დონალდ ტრამპმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების თანამშრომლებს სიტუაციურ ოთახში შეკრება დაავალა.

მოსალოდნელია წვიმა და ქარი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიან პროგნოზის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი კვლავ შენარჩუნდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი წვიმა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვაც. დღეს დედაქალაქში დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი. 18 ივნისიდან კი, თბილისში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს.

„საქართველოს უმეტეს რაიონში კვლავ მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დასავლეთ საქართველოში შესაძლებელია ზოგან ძლიერი. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, მათ შორის თბილისშიც. თბილისში დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა, ტემპერატურა +26 გრადუსამდე მოიმატებს. ხვალიდან ნალექების ინტენსივობა კლებულობს, მაგრამ ზოგიერთ რაიონში მაინც შემორჩება მცირე ნალექი”, – განაცხადა სინოპტიკოსმა თამარ გულედანმა.

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სამყაროში, ყველაზე მთავარია, არ დავკარგოთ აწმყოს შეგრძნება, ნუ იცხოვრებთ ნურც წარსულით და ნურც მომავლით, დატკბით რეალობით, მიეცით საკუთარ თავს სიამოვნების მიღების საშუალება.

კურო

სამსახურის საქმეებში გართულს, არ დაგავიწყდეთ ოჯახის წევრებზე და თქვენთვის ძვირფას ადამიანებზე ზრუნვა, ახლა ისინი ამას ძალიან საჭიროებენ.

ტყუპები

იყავით ლაღი და პოზიტიური, ნუ გააფუჭებინებთ ხასიათს ირგვლივ მყოფთა წუწუნს. გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღეთ და გქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი.

კირჩხიბი

მშვენიერი განწყობა გაქვთ, რაც სასიკეთოდ აისახება თქვენს საქმიანობაზეც. იყავით დაკვირვებული, შესაძლოა, საბუთებთან მუშაობისას, მნიშვნელოვანი დეტალი გამოგეპაროთ. არის დანაკარგების ალბათობა.

ლომი

დღეს, განსაკუთრებული ლავირება და მოქნილობაა საჭირო. ნუ გაუშვებთ შანსებს ხელიდან, ყურადღება მიაქციეთ შეგრძნებებსა და ინტუიციასაც. მიუჩინეთ ყველას და ყველაფერს თავის ადგილი.

ქალწული

იყავით წინდახედული, გააანალიზეთ ის მოვლენები, რომლებიც თქვენს ირგვლივ ვითარდება. ნებისმიერ სიტუაციაში, ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას.

სასწორი

შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ნუ ისაუბრებთ თქვენს გეგმებსა და მიზნებზე, იმოქმედეთ აუჩქარებლად, ახლა ბევრია დამოკიდებული თქვენს გონიერებასა და ძალისხმევაზე.

მორიელი

იყავით გულისხმიერი, საქმიან ფერხულში ჩართულს, არ დაგავიწყდეთ ახლობელი ადამიანები, გაუზიარეთ მათ სიყვარული, ეს ემოცია დაგმუხტავთ ახალი ენერგიებით და თქვენს განწყობასაც აამაღლებს.

მშვილდოსანი

წარმატებული დღეა, იმოქმედეთ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, იყავით მადლიერი და გულისხმიერი გარშემომყოფთა მიმართ.

თხის რქა

საინტერესო დღეა, დააკვირდით თქვენს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს. იმოქმედეთ გონივრულად, ზედაპირულად ნუ ენდობით ადამიანებს.

მერწყული

იჩქარეთ ნელა, ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, დააკვირდით თქვენს ირგვლივ ადამიანებს, გაფილტრეთ გარემომცველი წრე, გადაანაწილეთ პრიორიტეტები.

თევზები

თქვენში მატულობს პასუხისმგებლობის გრძნობა, ნუ გამოიფიტებით, პერიოდული დასვენება აუცილებელია, საღამო სასურველია, ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატაროთ.

ირანი ისრაელის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური და ინტენსიური სარაკეტო შეტევისთვის“ ემზადება – ირანის სახელმწიფო მედია

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანი ისრაელის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური და ინტენსიური სარაკეტო შეტევისთვის“ ემზადება.

ბოლო დღეებში მხარეებს შორის ინტენსიური თავდასხმები მიმდინარეობს. ირანი აცხადებს, რომ ისრაელის აგრესიის შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, მეცნიერები და სამხედრო ლიდერები, რაზეც პროპორციული პასუხით იმუქრება.

თავის მხრივ, ისრაელიც აქტიურად აგრძელებს საპასუხო დარტყმებს ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებზე.

ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ირანი არ ცდილობს ისრაელთან ომის წრის გაფართოებას, თუმცა ნებისმიერ თავდასხმაზე პროპორციულ რეაგირებას მოახდენს. 

,,საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაზიარებულა”- კახი კახიშვილი 

ოფიციალური კორესპონდენცია ჩორჩანასთან საგუშაგოს აღმართვის საკითხზე, პრემიერ-მინისტრის ინფორმირებულობის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, კახი კახიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის წევრებისა და პრემიერ-მინისტრისთვის ჩორჩანაში 2019 წელს საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაზიარებული არ ყოფილა.

„ოფიციალური კორესპონდენცია ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინფორმირებულობის მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა. არც თათბირზე, არც მთავრობის სხდომის ფორმატში ინფორმაცია მთავრობის წევრებისთვის და მთავრობის მეთაურისთვის არ ყოფილა. შესაბამისად, მე, მაგალითად არ მივიღებდი გადაწყვეტილებას, მეტსაც გეტყვით, გადაწყვეტილების კონსულტაციის ფორმატში მივმართავდი უსაფრთხოების საბჭოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს. თუ უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში არა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩავაყენებდი საქმის კურსში. შერიგების მინისტრს ჩავაყენებდი საქმის კურსში. ბუნებრივია, სუს-ი ისედაც უნდა ყოფილიყო საქმის კურსში, რადგან მას ევალება კანონით კოორდინაცია. უკვე პრემიერ-მინისტრთან შეჯერებული გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობებდი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და მერე მივიღებდი გადაწყვეტილებას. ეს არ არის საგუშაგო, როგორც ადრე „ტეკები“ იდგა. ეს არის ძალიან ფეთქებად ტერიტორიაზე საგუშაგოს აღმართვის გადაწყვეტილება“, – აღნიშნა კახიშვილმა.

ჩორჩანას გარდა, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, კიდევ ორი საგუშაგო გაკეთდა, მაგრამ ამას არ გამოუწვევია 1 მილიონი კვ.მ ტერიტორიის დაკარგვა – ირაკლი კირცხალია

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია ჩორჩანას საგუშაგოს დადგმის საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას ხელმეორედ დაბარების საკითხს გამოეხმაურა.

„ჩორჩანას საგუშაგოს გარდა, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, კიდევ ორი საგუშაგო გაკეთდა, მაგრამ ამას არ გამოუწვევია 1 მილიონი კვ.მ ტერიტორიის დაკარგვა და იმხელა სკანდალი – გორსა და საჩხერეში. არ გამოუწვევია არც ის სკანდალი და არც ესკალაციის უდიდესი საფრთხე. ეს არის ყველაზე მთავარი. ახლა სამართლებრივ შეფასებას, მოდით, გენპროკურატურისგან დაველოდოთ“, – განაცხადა კირცხალიამ.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას კიდევ ერთხელ იბარებენ.

,,ირანი ამ ომს ვერ მოიგებს”- დონალდ ტრამპი

ირანი ამ ომს ვერ მოიგებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

როგორც ტრამპი განმარტავს, ირანს სურს ისრაელთან კონფლიქტის დეესკალაციაზე საუბარი.

„მათ უნდა მიაღწიონ შეთანხმებას. ეს მტკივნეულია ორივე მხარისთვის, მაგრამ ვიტყვი, რომ ირანი ამ ომს ვერ მოიგებს. მათ უნდა ისაუბრონ და უნდა ისაუბრონ დაუყოვნებლივ, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის“, – აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან შეხვედრის დაწყებისას.

ამასთან, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ აპირებს, ხელი მოაწეროს ერთობლივ განცხადებას, რომელიც მოითხოვს ისრაელსა და ირანს შორის დეესკალაციას და რომელიც „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა კანადაში შეადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც „სიენენი“ წერს, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება და რომ ირანმა ვერ უნდა მოიპოვოს ბირთვული იარაღი.

აშშ-ის საელჩო უაით ტოლკესა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო უფროსი მრჩევლის უაით ტოლკესა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილისშეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

აშშ-ის საელჩო აღნიშნავს, რომ შეხვედრა აშშ-საქართველოს ურთიერთობების განხილვის მიზნით შედგა.

ამასთან, განცხადებაში აღინიშნება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამერიკის ინტერესების განვითარების მიზნით, საქართველოსთან მისი მიდგომის გადახედვას აგრძელებს.

„დღეს, ელჩი დანიგანი და უფროსი მრჩეველი ტოლკე აშშ-საქართველოს ურთიერთობების განხილვის მიზნით საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილს შეხვდნენ. ამერიკის შეერთებული შტატები ამერიკის ინტერესების განვითარების მიზნით, საქართველოსთან მისი მიდგომის გადახედვას აგრძელებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნათლად განაცხადა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას იმის საჩვენებლად, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ სერიოზულად არის განწყობილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

,,კეთილი უნდა ინებოს გახარიამ და საზოგადოებას აუხსნას, რისგან იყო ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა ინსპირირებული”- არჩილ გორდულაძე

კეთილი უნდა ინებოს ამ ადამიანმა და საზოგადოებას აუხსნას, რისგან იყო ეს ყველაფერი [ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა] ინსპირირებული. ისე კი არა, როგორც საგამოძიებო კომისიის წინა სხდომაზე ვიხილეთ, როდესაც ყველანაირად ცდილობდა, კითხვებს გაქცეოდა, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გიორგი გახარიას პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ დაბარებასთან დაკავშირებით.

გორდულაძის თქმით, 2008 წლის შემდეგ მილიონი კვადრატული მეტრის ტერიტორიების დაკარგვა პირდაპირ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაა, რადგან მან საგუშაგოს ჩადგმა არავისთან შეათანხმა, ეს საკითხი სახელმწიფო დონეზე არ გადაწყვეტილა. 

„გახარიამ საგამოძიებო კომისიაზე წარდგენის დროს ილაპარაკა ყველაფერი და არაფერი. რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთმანეთის აბსოლუტურად საპირისპირო განცხადებებს აკეთებდა, მათ შორის ჩორჩანასთან დაკავშირებით. თქვა, რომ ჩორჩანაში საგუშაგო პირადად მისი ინიციატივით დაიდგა და არ იყო შეთანხმებული არცერთ რელევანტურ სამსახურთან, არც პარტნიორ ორგანიზაციებთან და ამას არ მოჰყოლია თურმე ტერიტორიების დაკარგვა. 2008 წლის შემდეგ ტერიტორიების დაკარგვის პირველი ფაქტი იყო და საუბარია მილიონ კვადრატულ მეტრზე. გახარია ამბობს, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა მაშინ, როდესაც მოვისმინეთ ჩორჩანას მცხოვრების განცხადებები, რომელმაც გახარია ტყუილში ამხილა.

ბატონი ალექსანდრე ტაბატაძის განცხადებაც გავრცელდა დღეს, სადაც ის ამბობს, რომ ჩორჩანას გარდა, კიდევ ორი საგუშაგოა დადგმული 2008 წლის შემდეგ, რომელთან დაკავშირებითაც არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობს, რადგან შეთანხმებული იყო პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებთან და ამას არ მოჰყოლია ტერიტორიების დაკარგვა. მილიონი კვადრატული მეტრის ტერიტორიების დაკარგვა პირდაპირ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაა, რადგან არავისთან იკითხა, არავისთან შეათანხმა, სახელმწიფო დონეზე არ გადამწყდარა საკითხი და პირადი ინიციატივით მოხდა. კეთილი უნდა ინებოს ამ ადამიანმა და საზოგადოებას აუხსნას, რისგან იყო ეს ყველაფერი [ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა] ინსპირირებული. ისე კი არა, როგორც საგამოძიებო კომისიის წინა სხდომაზე ვიხილეთ, როდესაც ყველანაირად ცდილობდა, როგორმე კითხვებს გაქცეოდა და პასუხისგან თავი აერიდებინა. იმავდროულად, როდესაც ნებისმიერი კითხვის დროს იმ კონკრეტული კითხვისგან გამოძრომას და პასუხისგან თავის არიდებას ცდილობდა, მაგრამ არაფრად არ დაგიდევდათ, თუ მანამდე, რამდენიმე წუთის წინ ამ ყველაფრის აბსოლუტურად საწინააღმდეგო განცხადება ჰქონდა გაკეთებული. თავისივე მონაყოლში, თავისივე ტყუილებში არის აბნეული ეს ადამიანი“, – აღნიშნა გორდულაძემ.

,,თეირანთან ურთიერთობის გამო მოსკოვს არ შეუძლია, იყოს „ობიექტური შუამავალი“ – ევროკომისიის წარმომადგენელი

ევროკომისიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ევროკავშირი ისრაელისა და ირანის კონფლიქტში რუსეთის შუამავლობის წინააღმდეგია.

როგორც ევროკომისიის წარმომადგენელმა, ანუარ ელ ანუნიმ განაცხადა, თეირანთან ურთიერთობის გამო მოსკოვს არ შეუძლია, იყოს „ობიექტური შუამავალი“. მისივე თქმით, იანვარში რუსეთმა და ირანმა გააფორმეს შეთანხმება პარტნიორობის შესახებ, რომელიც მათ შორის ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებას.

ამასთან, ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, რუსეთს აქვს ნულოვანი ნდობა, რადგან აგრესიულ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც არღვევს საერთაშორისო სამართალს და გაერო-ს წესდებას.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ღიაა რუსეთის შესაძლო შუამავლობისთვის ისრაელისა და ირანის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში.

შეგახსენებთ, 13 ივნისს ისრაელმა დაიწყო მძლავრი დარტყმები ირანის ტერიტორიაზე. მათ შორის იერიშები განხორციელდა თეირანში მდებარე ობიექტებსა და ბირთვულ ცენტრებზე. დარტყები დღემდე გრძელდება. შედეგად მოკლულია ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი ხოსეინ სალამი, ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი მოჰამედ ბაღერი და სხვა მაღალჩინოსანი გენერლები, ასევე ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე ირანელი მეცნიერები. ირანული მედიის მტკიცებით, საერთო ჯამში, ისრაელის დარტყმების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანია მოკლული.

თეირანმა ისრაელის დარტყმები „ომის გამოცხადებად“ შეაფასა და ისრაელის მიმართულებით ყოველდღიურად უშვებს ასობით დრონსა და ბალისტიკურ რაკეტას. ისრაელის თავდაცვის არმიის ცნობით, 16 ივნისის დილის მონაცმებით, ირანის თავდასხმების შედეგად დაღუპულია 24 და დაჭრილია 592 ადამიანი.