Home Blog Page 15

რა უნდა ვიცოდეთ და როგორ ვებრძოლოთ სეზონურ ალერგიებს

გაზაფხულის დადგომა პოზიტიურ ცვლილებებთან ასოცირდება. თუ ზამთრის ცივ დღეებში  ცხელ ჩაისთან ერთად სახლში თბილად და მყუდროდ ყოფნას ვამჯობინებდით, ამინდების გაუმჯობესებასთან ერთად ჩვენი ქცევები რადიკალურად იცვლება. მზიანი ამინდები კიდევ უფრო დადებითად აისახება ჩვენს გუნება-განწყობილებაზე და სოციალური აქტივობებიც იზრდება. დასვენების დღეებში ხშირია პიკნიკები, ღია ცის ქვეშ კონცერტები ან უბრალოდ მეგობრებთან ერთად რეკრეაციულ სივრცეებში სეირნობა. კაფე-ბარებშიც უპირატესობას ვერანდაზე ყოფნას ვანიჭებთ.

ერთი შეხედვით, გაზაფხული ის პერიოდია, როდესაც ბუნება გვიხმობს, რომ განვთავისუფლდეთ ზამთრის სტაგნაციისგან და შევცვალოთ ჩვენი მოქმედების რიტმი. თუმცა, ამ სეზონური ცვლილების სიხარულს ზოგიერთი ადამიანისთვის ალერგიული რეაქციები აფერხებს.

ამ სტატიაში სწორედ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას – სეზონურ საგაზაფხულო ალერგიას შევეხებით, რომელიც მილიონობით ადამიანისთვის ერთგვარი გამოწვევა და დისკომფორტია.

ალერგია არის ორგანიზმის გადაჭარბებული და არასწორი იმუნური პასუხი ნივთიერებაზე, რომელიც უმეტეს შემთხვევაში სხვებისთვის უსაფრთხოა. ასეთ ნივთიერებებს ალერგენები ეწოდებათ. იმუნური სისტემა ალერგენს საფრთხედ აღიქვამს და მის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას იწყებს.

ალერგენები არის ყველგან: საცხოვრებელ სახლებში, სამუშაო ადგილზე, ქუჩაში, ბუნებაში. ესენია: ოთახის მტვერი, ცხოველის ბეწვი, ფრინველების ბუმბული, მწერების შხამი, მცენარეების მტვერი, ობის სოკო, სხვადასხვა საკვები, მედიკამენტები, საყოფაცხოვრებო თუ საწარმოო ქიმიური ნივთიერებები, პარფიუმერია, საღებავები, სარეცხი საშუალებები და სხვა.

გაზაფხული, როგორც წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სეზონი, ტრადიციულად ბუნების გამოღვიძებასთან არის დაკავშირებული. ამ პერიოდში მცენარეები, ხეები, ბალახები და სარეველები ინტენსიურად ყვავიან და გამოყოფენ მტვერს, რომელიც ხშირად ხდება ალერგიული რეაქციების მთავარი გამომწვევი. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ყვავილის მტვერი რამდენიმე კილომეტრის მანძილზეც კი შეიძლება გავრცელდეს. ამიტომ, თუ ალერგიული სიმპტომი გამოგივლინდათ, პრობლემა მხოლოდ თქვენს ახლოს მდებარე  მცენარეებში არ ეძებოთ.

სეზონური ალერგიები სწორედ ადრეული გაზაფხულის პერიოდიდან იწყება და გვიან შემოდგომამდე გრძელდება. ამ დროს ალერგიული რეაქცია სხვადასხვა სიმპტომის სახით შეიძლება იყოს გამოხატული. ყველაზე უსიამოვნო სიმპტომს ცხვირის გაჭედვა წარმოადგენს. ამას შეიძლება თან დაერთოს ხშირი ცემინება, წყლისებრი გამონადენი ცხვირიდან, ცხვირის ქავილი, მშრალი ხველა, სუნთქვის გაძნელება, თვალების წვა, ქავილი, ცრემლდენა, თვალების ირგვლივ შეშუპება. შესაძლოა გამოვლინდეს კანისმიერი სიმპტომებიც: მაგ. ქავილით მიმდინარე გამონაყარი (ურტიკარია), კანის სიწითლე.

აღნიშნული გამოვლინებების არცთუ ისე მცირე ჩამონათვალს შეუძლია სერიოზული დისკომფორტი შეუქმნას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და ჯანმრთელობას. ალერგიას შესაძლოა თან ახლდეს ისეთი არასპეციფიკური სიმპტომებიც, როგორიცაა დაღლილობა, ძილის დარღვევა და შრომისუნარიანობის დაქვეითება. ალერგიული რეაქციების შედეგად შესაძლოა გამწვავდეს უკვე არსებული ქრონიკული ან ალერგიული დაავადებები, როგორიცაა: ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ატოპიური დერმატიტი, ანაფილაქსიური რეაქცია და სხვა ალერგიული მდგომარეობები.

ალერგიული რეაქციებისგან თავის დასაცავად სპეციალისტები ხშირად გვირჩევენ პირადი ჰიგიენის დაცვას, ქარიან ამინდში სახლში დარჩენას (განსაკუთრებით ყვავილობის პერიოდში), ქუჩიდან სახლში შემოსვლისთანავე  წყლით თვალების, ყურებისა და ცხვირის ჩამობანას, პირბადის გამოყენებას პრევენციის მიზნით. თუმცა, ყოველდღიური გადატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, ამ წესების დაცვა არც ისე მარტივია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.

რა უნდა გავითვალისწინოთ სანამ  ანტიალერგიულ დამხმარე საშუალებებს მივიღებთ?!

იმისათვის, რომ დისკომფორტი არ გვქონდეს და ცხოვრების ჩვეულ რიტმში ენერგიულად ჩავერთოთ, ამასთანავე დავიცვათ ჩვენი პატარები, გაზაფხულზე რეკომენდებულია სეზონური ალერგიის პროფილაქტიკა და სიმპტომების განვითარების რისკის შემცირება. ასეთ დროს, პრობლემის მარტივად გადასაჭრელად, ადამიანები თანამედროვე მედიცინას მიმართავენ.

როდესაც დღის მანძილზე გვსურს ალერგიული რეაქციებისგან თავის დაცვა, არჩევანი ისეთ პრეპარატზე უნდა შევაჩეროთ, რომელიც ხელს არ შეუშლის ჩვენს პროდუქტიულობას, ექნება მძლავრი თერაპიული ეფექტი და უსაფრთხოების მაღალი პროფილი ბავშვებსა და მოზრდილებში. რაც მთავარია, უნდა ახასიათებდეს არასედაციური ეფექტი და შეგვეძლოს მისი უსაფრთხოდ გამოყენება ავტომობილის ან სხვა მექანიკური საშუალების მართვისას.

ერთ-ერთი ასეთი პრეპარატი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ბევრისთვის კარგად ნაცნობი ლორანექსია.

ლორანექსი (დესლორატადინი) არის ახალი თაობის მაღალსელექციური ანტიალერგიული საშუალება ნებისმიერი ტიპის ალერგიის სიმპტომების სამკურნალოდ, რომელიც ხელს უშლის ალერგიული რეაქციის განვითარებას, ახასიათებს ხანგრძლივი მოქმედება და სწრაფად ხსნის მის სიმპტომებს.

ლორანექსი სელექციურად მოქმედებს H₁ რეცეპტორებზე, აქვს მაღალი ბიოშეღწევადობა და კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მოქმედებას იწყებს დაახლოებით 30 წუთში და საკვების მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის მოქმედებაზე.

მიღების წესი და დოზირება:

ლორანექსი ინიშნება როგორც ბავშვებში (1 წლიდან), ისე მოზრდილებში.

გაითვალისწინეთ ასაკის მიხედვით ლორანექსის მიღების დოზები:

  • 1-6 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1,25 მგ ერთხელ დღეში
  • 6-12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 2,5 მგ ერთხელ დღეში
  • მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში – 5 მგ ერთხელ დღეში

იცხოვრე ალერგიის გარეშე!

(R)

პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით, 80 ხმით მხარი დაუჭირა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ წარადგინა.

ცვლილებების თანახმად, პოლიტიკური პარტია და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირი ვეღარ შეძლებს საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან ლექციის, სემინარის, ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების სახით მიიღოს შემოწირულება.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, აუცილებელი იქნება შესაბამისი უცხოური წყაროსგან მისაღები გრანტის თაობაზე საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა. თანხმობის გარეშე გრანტის მიღება ითვალისწინებს პასუხისმგებლობას.

გრანტის მიღების მონიტორინგს სსიპ ანტიკორუფციული ბიურო უზრუნველყოფს. მომხსენებლის ინფორმაციით, გრანტის მიღებასთან დაკავშირებული წესები გავრცელდება ასევე, ფულადი ან ნატურალური ფორმით უსასყიდლოდ გადაცემულ იმ სახსრებზე, რომელიც თავის ბუნებით წარმოადგენს გრანტს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

თიბისის მხარდაჭერით, კომპანია „ფენიქსი – პროექტირების მენეჯმენტმა“ ბიზნესი გააფართოვა

კომპანია „ფენიქსი – პროექტირების მენეჯმენტი“, რომლის ძირითადი საქმიანობა სამშენებლო მასალების იმპორტსა და სამონტაჟო სამუშაოებს მოიცავს, გაფართოვდა.

თიბისის მხარდაჭერით, კომპანიამ ბაზარზე არსებულ მზარდ მოთხოვნას უპასუხა და ახალი მანქანა-დანადგარები შეიძინა, რომლებიც კერამიკული ფილების დამუშავებისთვის გამოიყენება. აღნიშნული ინვესტიცია „ფენიქსი – პროექტირების მენეჯმენტს“ წარმოების გაზრდისა და ბიზნესის განვითარების საშუალებას მისცემს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.  

„ფენიქსი – პროექტირების მენეჯმენტი“ უკვე მრავალი წელია ოპერირირებს არამხოლოდ ქართულ, არამედ რეგიონულ ბაზარზე. კომპანია იტალიური პრემიუმ ბრენდის Laminam-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც თავის მხრივ აწარმოებს დიდი ფორმატის კერამიკულ ზედაპირებს.  კომპანია  უზრუნველყოფს შენობის როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერის მოპირკეთებას, კერძოდ, ინტერიერში სამზარეულოს ზედაპირების, ნიჟარების დაფების, ბუხრის  და სხვა ზედაპირების მოწყობას.

თიბისის, როგორც ბიზნესის N1 მხარდამჭერს, სამშენებლო მასალების მოპოვების, წარმოებისა და ვაჭრობის სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი  შეაქვს  და ბოლო სამი წლის განმავლობაში ბაზრის ძირითადი წილი – 40%-მდე –  უკავია. ბანკი აქტიურად აგრძელებს სექტორის მხარდაჭერასა  და გაძლიერებას.

(R)

 დარწმუნებული ვარ, შემდგომ წლებშიც გავაღრმავებთ ჩვენს ქვეყნებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას-ავსტრიის კანცლერი ირაკლი კობახიძეს

საქართველოსა და ავსტრიას შორის ორმხრივ ურთიერთობებს ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც ეფუძნება ორმხრივ პატივისცემას და ურთიერთგაგებას. დარწმუნებული ვარ, შემდგომ წლებშიც გავაღრმავებთ წარმატებულ თანამშრომლობას, – ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი ქრისტიან შტოკერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქრისტიან შტოკერი საქართველოს მთავრობის მეთაურს ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერად დანიშვნის მილოცვისთვის მადლობას უხდის.

„საქართველოსა და ავსტრიას შორის ორმხრივ ურთიერთობებს ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც ეფუძნება ორმხრივ პატივისცემასა და ურთიერთგაგებას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შემდგომ წლებშიც გავაღრმავებთ წარმატებულ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის“, – აღნიშნავს ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ წერილში.

 “ლარი/ევრო/დოლარი – ბიზნეს სტრატეგია” – თიბისი კაპიტალმა პუბლიკაცია გამოაქვეყნა

თიბისი კაპიტალმა ლარი/ევრო/დოლარის ბიზნეს სტრატეგია გამოაქვეყნა, რაც სადღეისოდ, საერთაშორისო მასშტაბით მიმდინარე მოვლენების ფონზე კიდევ უფრო აქტუალურია.

დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის წარმოდგენილი ჩარჩო, საქართველოს კორპორატიულ სექტორში, 2013 წლიდან დღემდე, 8 მილიარდი ლარის პოტენციურ სარგებელზე მიუთითებს. აღნიშნული, ვალუტების უფრო საშუალო და გრძელვადიანი ნიშნულების შეფასებიდან გამომდინარეობს, როგორც ევრო/დოლარის, ასევე ლარის კუთხით. ამასთან, როგორც ყოველთვის, ავტორების რჩევაა, რომ პირველ რიგში იმის შეფასება უნდა მოხდეს, თუ რა ვალუტაში/ვალუტებშია კომპანია ჰეჯირებული, ანუ სავალუტო რისკისაგან დაზღვეული, და მხოლოდ ამის შემდეგ, ბიზნეს სტრატეგიისა და რისკ აპეტიტის ფარგლებში, უკვე შესაძლებელია ისტორიულად საკმაოდ დიდი სარგებლის მომტანი მიდგომის გამოყენება.  

თავისთავად, ჩარჩო მცირე და საშუალო საწარმოებისათვის, ფიზიკური პირებისთვის და, ასევე, უკვე საინვესტიციო კუთხით არის ღირებული, თუმცა, ბუნებრივია, ამ მხრივ კომუნიკაცია სულ მცირე განსხვავებულ ფორმას მოითხოვს.

მთლიანობაში, კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ბიზნეს სტრატეგიების შემუშავებისას მაკროეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინება, ამ შემთხვევაში, დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის გაანგარიშების კუთხით, ძალზე მნიშვნელოვანია.

პუბლიკაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე

r

ტრამპის თანაშემწეები პრეზიდენტს მოუწოდებენ მოსკოვის მიმართ უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს – The Wall Street Journal

დონალდ ტრამპის ზოგიერთი თანაშემწე პრეზიდენტს ურჩევს, რომ რუსეთთან დამოკიდებულებაში მეტი სიმკაცრე გამოიჩინოს, – ნათქვამია ამერიკული გაზეთის „უოლ სთრით ჯორნელის“ (The Wall Street Journal) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ტრამპის თანაშემწეები პრეზიდენტს მოუწოდებენ მოსკოვის მიმართ უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს“ (ავტორი – ალენ კალისონი). თეთრი სახლის ადმინისტრაციის ის წევრები, რომლებსაც მოსკოვის მიმართ პრეზიდენტისაგან განსხვავებული თვალსაზრისები აქვთ, არიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეცწარმომადგენელი უკრაინის საქმეებში კიტ კელოგი“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპის რიგი მაღალჩინოსანი „არაოფიციალური თანაშემწეები“ პრეზიდენტს ურჩევენ და რეკომენდაციებს აძლევენ, რომ უფრო მეტი სკეპტიკურობით მიუდგეს მოსკოვის განცხადებებს უკრაინასთან ზავის დადებასთან დაკავშირებით. მათი მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჯერ-ჯერობით არანაირი გულწრფელი დაინტერესების დემონსტრირებას არ ახდენს საომარი მოქმედებების შეწყვეტის მხრივ.

„არაოფიციალურ თანაშემწეების“ რიცხვში შედიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საქმეებში კიტ კელოგი, რომლებიც პრეზიდენტს რეკომენდაციებს აძლევენ მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს კრემლის მიმართ და უფრო ხისტი პოლიტიკა განახორციელოს სავარაუდო ტერიტორიული დათმობების საკითხში, რომლის მოთხოვნებს მოსკოვი აყენებს.

მაგრამ დონალდ ტრამპს უფრო მეტად სჯერა თავისი სპეციალური დესპანის სტივ უიტკოფის ნათქვამისა, რომელიც მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან ორი შეხვედრის შემდეგ თვლის, რომ რუსეთის ლიდერს ნამდვილად უნდა მშვიდობის დამყარება.

რუსეთმა უარყო დონალდ ტრამპის მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და აყოვნებს მოქმედების დაწყებას, არ სურს  ნაწილობრივ მაინც შეწყვიტოს (შეასუსტოს, შეანელოს) საომარი მოქმედებები. მოსკოვი დროს აჭიანურებს და მაქსიმალურ დათმობებს ითხოვს კიევის მხრიდან ამასობაში კი მისი არმია წინ მიდის, უკრაინის მეტ მიწა-წყალს იკავებს… მოკლედ, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ მაქსიმალურ დათმობებს მიათწიოს და სურს ხელში ისეთი კოზირი ჰქონდეს, რომლითაც სამშვიდობო მოლაპარაკების დროს უპირატესობა ექნება.

დონალდ ტრამპს იმედი აქვს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწევს და ამით გაანეიტრალებს იმ სერიოზულ დაბრკოლებას, რომელიც ხელს უშლის მისი სურვილის –  რუსეთთან აშშ-ის მასშტაბური დაახლოების რეალიზებას. დროდადრო იგი მოუთმენლობას ამჟღავნებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ ასრულებს თავის მუქარებს რუსული ნავთობის ექსპორტზე ახალი სანქციების დაწესებაზე.

დონალდ ტრამპის ის მრჩევლებიც კი, რომლებიც მოსკოვის მიმართ უფრო ხისტი მიდგომის მომხრედ გამოდიან, მხარს უჭერენ პრეზიდენტის მიზანს სამწლიანი ომის შეჩერების შესახებ, მაგრამ 13 აპრილს ქალაქ სუმის სარაკეტო დაბომბვამ მათი აღშფოთება გამოიწვია. (კიევი აცხადებს, რომ რუსეთმა სამიზნედ მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა გამოიყენა, მოსკოვი კი ხაზს უსვამს, რომ დაბომბა უკრაინის არმიის ქვედანაყოფი, რომელიც ქალაქში იმყოფებოდა).

კიტ კელოგი კვირას წერილობითი განცხადებით გამოვიდა და აღნიშნა, რომ რუსეთის სარაკეტო დარტყმა „ნორმალური ქცევის ყოველგვარ საზღვრებს სცილდება“, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი დაბომბვა „საშინელ“ და „ტრაგიკულ“ ფაქტად შეაფასა.

რაც შეეხება თვითონ დონალდ ტრამპის რეაქციას, მან ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს სარაკეტო დაბომბვის ფაქტს „რუსეთის მიერ დაშვებული შეცდომა“ უწოდა, ხოლო როცა მას კითხვა დაუსვეს, თუ ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა მომხდარის გამო, პრეზიდენტმა ბრალი დასდო თავის წინამორბედს ჯო ბაიდენს, „რომელსაც ხელი არ შეუშლია ომის დაწყებისათვის“.

მოკლედ, ამ განცხადებებსა და კომენტარებში ნათლად ჩანს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მოსკოვისადმი დამოკიდებულების საკითხში პრეზიდენტსა და მისი ადმინისტრაციის ზოგიერთ წევრს შორის უთანხმოება არსებობს.

როცა ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებს (რაც დონალდ ტრამპისათვის საკმაოდ იშვიათია), აშშ-ის პრეზიდენტი ასეთნაირად აცხადებს ხოლმე: რა თქმა უნდა, ომის გაჩაღებაში პუტინიც დამნაშავეა, მაგრამ არანაკლებ დამნაშავეები არიან ჯო ბაიდენიც და ვოლოდიმირ ზელენსკიც.

 თეთრ სახლში იმ საკითხის განხილვის დროს, საჭიროა თუ არა სანქციების გამკაცრება რუსეთის წინააღმდეგ, რომ მოსკოვი იძულებული გახდეს მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს, მარკო რუბიომ და კიტ კელოგმა პრეზიდენტს ურჩიეს, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადებებს ნაკლებად ენდოს და სიფრთხილე გამოიჩინოს კრემლის დიპლომატიის მიმართ.

დონალდ ტრამპის პოზიციისადმი გარკვეული უთანხმოება ჩანს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრეს-მდივნის ბარიან ჰიუზის განცხადებაშიც, რომელმაც დაგმო რუსეთის მოქმედება და ღრმა თანაგრძნობა გამოხატა ვლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.

როგორც ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსანი დენიელ ფრიდი ამბობს, სახელმწიფო დეპარტამენტი და ფინანსთა სამინისტრო ერთმანეთისაგან განსხვავებულ ვარიანტებს ამუშავებენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხში, რომლებიც გამოყენებული იქნებიან იმის შესაბამისად, თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი.

სენატორმა ლინდსი გრემმა და სხვა რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა აპრილის დასაწყისში კონგრესში კანონპროექტი შეიტანეს, რომელიც რუსული ნავთობის ექსპორტის წინააღმდეგ არის მიმართული. მათ არ შეასრულეს თეთრი სახლის თხოვნა, რომ ამ კანონის შეტანა არ დაეჩქარებინათ და გადაედოთ. ეს ფაქტიც იმას აჩვენებს, რომ დონალდ ტრამპის ლოიალობა კრემლის მიმართ ბევრ რესპუბლიკელს არ მოსწონს.

„დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი პრეზიდენტი არ არის, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობდა. მსგავსი მცდელობები ბევრ მის წინამორბედ ლიდერს ჰქონდათ, თუმც ყველა მათგანი საბოლოოდ იმედგაცრუებულები დარჩნენ“, – ამბობს თომას გრემი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რუსეთის საქმეების ყოფილი დირექტორი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს, – „მოსკოვს ყოველთვის სურდა  უკრაინის ტერიტორიის ანექსირება და პრორუსული რეჟიმის დამყარება. კრემლის მიზნები დღესაც არ შეცვლილა“.

დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ შეძლებს პუტინი და ზელენსკი დაითანხმოს 24 საათში ცეცხლის შეწყვეტაზე. მოგვიანებით კიტ კელოგმა ეს ვადა 100 დღემდე გააგრძელა, რომელიც 30 აპრილს მთავრდება.

„საკმაოდ მალე, რამდენიმე კვირაში გავიგებთ, თუ რამდენად სერიოზულად არის განწყობილი რუსეთი მშვიდობის მიღწევაზე“, – განაცხადა მარკო რუბიომ ბრიუსელში, – ვიმედოვნებ, რომ კრემლი სერიოზულობას გამოიჩენს. მსოფლიოსათვის ძალიან კარგი იქნება, თუ ეს ომი დასრულდება, მაგრამ მოგვიწევს ჩვენივე იმედების გადამოწმება“.

წყარო

აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, 20-21 აპრილს საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება და 08:00-დან 20:00 საათამდე, აღნიშნული ავტობუსები მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.

„გვიახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული – ტრადიციულად, აღდგომის ღამეს, თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 21 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს, 20 აპრილის 23:00 საათიდან 21 აპრილის 04:00 საათამდე კი მიწისქვეშა ავტოტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება. რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით მოძრავ ავტობუსებს, 20-21 აპრილს დაწესდება ცხრა დროებითი მარშრუტი – ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე სასაფლაოების მიმართულებით, უფასოდ გადაიყვანენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“, „დელისის“, „სარაჯიშვილის“, „ვარკეთილის“, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიიდან და „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან. ასევე, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

პროკურატურა კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურა ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 18 სექტემბერს, თბილისში, დიდ დიღომში, ბრალდებულმა გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით განსაკუთრებული სისასტიკით, დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა კესარია აბრამიძეს. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 18 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) და 1262-ე მუხლით (სისტემატური ძალადობა რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

როცა სტრასბურგმა სულხან მოლაშვილი გაამართლა, მურუსიძემ თქვა, „მე მაინც ასე გავაკეთებდიო“ – შვილი ნელი სიკვდილით მომიკლეს – სულხან მოლაშვილის მამა 

როდესაც სტრასბურგმა გაამართლა სულხან მოლაშვილი, მურუსიძეს უთხრეს, აი, სტრასბურგმა გაამართლა და შენ კიდევ… მურუსიძემ თქვა: „მე მაინც ასე გავაკეთებდიო“. გული მწყდება სუფთა ადამიანური თვალსაზრისით, არადა ვიცი, რომ კარგი იურისტია, – ამის შესახებ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა მოსამართლე ლევან მურუსიძეზე განაცხადა, რომელმაც მის შვილს, სულხან მოლაშვილს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

თამაზ მოლაშვილის თქმით, მის შვილს საპატიმროში აწამებდნენ და ამ წამების შესახებ ოჯახი „ერთი-ორი თვის შემდეგ იგებდა“.

„ახლაც კარგი ურთიერთობა მაქვს იმ ორ პიროვნებასთან, რომლებიც სულხანს ეხვეწებოდნენ, წავიდეთ, თავი დავანებოთ აქაურობასო. ისინი ჩამოვიდნენ და ახლა ძალიან კარგად არიან, გნებავთ ლევან მამალაძე და გნებავთ გიგლა ბარამიძე. მერე იმათი ოჯახები ააწიოკეს. [სულხანმა თქვა] რომ არ ააწიოკონ ჩემი ოჯახიო, პატრიარქთან მივიდა, კურთხევა აიღო და პირდაპირ მივიდა პროკურორთან, ირაკლი ოქრუაშვილთან, რომელიც დაემალა და არ გამოჩნდა. უთხრეს: ჩვენთან რა გინდა, გრიგალაშვილი გეძებსო. რაც იქ მივიდა, იმის შემდეგ ჩვენ სულხანი ვეღარ ვნახეთ. სამჯერ მისცეს სამ-სამი თვით პატიმრობა. ორი თვე რომ გავიდა, დაავიწყდათ, მესამედაც რომ უნდა მიეცათ და თვითონ სულხანმა გაახსენა, ხვალიდან მე თქვენი პატიმარი აღარ ვიქნები, რადგან ის სამი თვე დამიმთავრდაო. სულხანს ექიმისთვის უთქვამს, დასაძინებელი წამალი მიეცა, რომ კარგად დამეძინოსო. სულხანს ეძინა, პროკურორი და მოსამართლე მიიყვანეს და მესამედ [გაუხანგრძლივეს პატიმრობის ვადა]. სულხანს საკანში ეძინა, [პროკურორი და მოსამართლე] დადგნენ საკნის წინ და გამოუცხადეს.

სხვათა შორის, ძალიან ბევრი ცოდვა აქვთ ჩადენილი მოსამართლეებს, ერთსაც, მეორესაც, მესამესაც და ყველაზე ძალიან გული რაზე მწყდება იცით? ბრწყინვალე იურისტია მურუსიძე და როდესაც სტრასბურგმა გაამართლა [სულხან მოლაშვილი], მურუსიძეს უთხრეს, აი, სტრასბურგმა გაამართლა და შენ კიდევ… მურუსიძემ თქვა, „მე მაინც ასე გავაკეთებდიო“. გული მწყდება სუფთა ადამიანური თვალსაზრისით, არადა ვიცი, რომ კარგი იურისტია.

ყოველთვის ვლაპარაკობდი ხოლმე, რომ ჩემს შვილს დანა კი არ გაუყარეს, შუბლში ტყვია კი არ დაახალეს, არამედ ნელი სიკვდილით მომიკლეს. ნელი სიკვდილი ის იყო, რომ ნელ-ნელა რაღაცას უშხაპუნებდნენ. მთავარი არის ის, რომ მთავრობამ იცოდა, რომ დანაშაულს სჩადიოდა“.- განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.

ამ გადაწყვეტილებით გალუსტაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

გალუსტაშვილის განაჩენით, ჯაიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში.

განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული ბექა ჯაიანი, მას პროცედურულად დღევანდელ სხდომაზე საბოლოო სიტყვა უნდა ეთქვა. თუმცა, ის პენიტენციური დაწესებულებიდან არ გამოცხადებულა.

როგორც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა აღნიშნა, ჯაიანმა წერილი გამოგზავნა, სადაც ბრალდებული მიუთითებდა, რომ ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე ის სხდომაზე არ გამოცხადდა და ნანობს თავის საქციელს.

ჯაიანი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, არ ეთანხმება არც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით მკვლელობას და არც სისტემატურ ცემას.

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

ჯაიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით და და 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილებით წარედგინა,

რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემს გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იმაზე კი არ ვლაპარაკობთ, რომ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს ომეხ აფრასიძე არ უნდა დაეჭირა, არამედ, სპეცოპერაციის ფორმაზე, რომელიც იმდროინდელი მთავრობის მიერ ჩადენილი უპატიებელი დანაშაული იყო – სოზარ სუბარი

მიხეილ სააკაშვილმა 2009 წელს ერთ-ერთი საჯარო გამოსვლის დროს ტრაბახით თქვა, რომ მან აფრასიძეების განადგურების ბრძანება გასცა – დაპატიმრების კი არა, განადგურების – რაც ჩვეულებრივი აღიარებაა, აღიარებითი ჩვენებაა, რომ მან გასცა დანაშაულებრივი ბრძანება, რის გამოც, გამოძიება მის მიმართაც უნდა დაიწყოს. თუმცა კი, მართლა, 20 წელზე მეტია გასული ამ დანაშაულიდან და შეიძლება ხანდაზმულობის ვადა იყოს გასული, – განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აფრასიძეების ოჯახის მიმართ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს ჩადენილი დანაშაულის განხილვის კომენტირებისას.

სოზარ სუბარის თქმით, სპეცოპერაციის ის ფორმა, რაც აფრასიძეების ოჯახის წინააღმდეგ ჩატარდა იმდროინდელი მთავრობის მიერ, უპატიებელი დანაშაული იყო ერთი ოჯახისა და ზოგადად, ქვეყნის წინაშე.

„ეს არის ოჯახი, რომელსაც ვიცნობდი და იყო პერიოდები, როცა კონკრეტულად, ომეხ აფრასიძესთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობაც მქონდა, რადგან, როგორც თეა წულუკიანმა სწორად თქვა – გამოძიებას ჰქონდა ლეგიტიმური კითხვები მის მიმართ. დავიცავ უდანაშაულობის პრეზუმფციას ადამიანის მიმართ, რომელიც დღეს აღარ არის ცოცხალი და არ ვილაპარაკებ მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ კონკრეტულ დანაშაულებზე, რადგან ეს სასამართლოს პრეროგატივაა. თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრი რამ ამ ისტორიებში შესაძლოა სიმართლე იყოს.

ჩვენ იმაზე კი არ ვლაპარაკობთ, ხელისუფლებას ვთქვათ, იგივე ომეხ აფრასიძე უნდა დაეკავებინა თუ არა – რა თქმა უნდა, საკითხი ასე არ დგას. რა თქმა უნდა, უნდა დაეპატიმრებინათ, თუკი, და მეც მგონია, რომ ასეა, არსებობდა მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა სია, მაგრამ აქ ლაპარაკია დაკავების ფორმაზე.

ომეხი აფრასიძის დაკავება, ხელისუფლებას რომ ამის სურვილი ჰქონოდა, ძალიან ადვილი იყო. იგი ხშირად ადიოდა მესტიაში, სადაც პოლიციის განყოფილებაა ათეულობით პოლიციელით, არაერთხელ უნახავთ ზუგდიდშიც, სადაც მით უმეტეს ადვილი იყო მისი დაკავება-დაპატიმრება. უფრო მეტიც, როგორც კომისიის სხდომაზე გაირკვა, ამ სისხლიან სპეცოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე აფრასიძეებთან მოსალაპარაკებლად ჩასული იყო შს სამინისტროს წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ვახტანგ ჯაფარიძე, რა დროსაც შეთანხმება იყო მიღწეული, რომ ომეხ აფრასიძე ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ჩაბარდებოდა პოლიციას.

ამ ფონზე, სპეცოპერაციის ჩატარება, რომელშიც, როგორც მაშინდელმა შს მინისტრმა გიორგი ბარამიძემ აღიარა, 1200 პოლიციელი და სპეცდანიშნულების რაზმელი, 10 ვერტმფრენი და საკმაო რაოდენობის ჯავშანტექნიკა მონაწილეობდა ორი ადამიანის დაკავებაში, უბრალოდ ნონსენსია. შედეგად, აფრასიძეების სახლი, პირდაპირი მნიშვნელობით, დაბომბეს როგორც ჰაერიდან, ისე ხმელეთიდან. სახლის დაბომბვის დროს მსხვილკალიბრიანი ჭურვების გამოყენებაზე არსებობს უამრავი მტკიცებულება და, რაც მთავარია, არსებობს სააკაშვილის ჩვენება, რომ მან გასცა აფრასიძეების ოჯახის რაკეტებით განადგურების ბრძანება. ეს კი დანაშაულია.

იმ დაბომბილ სახლში იყო 4 მცირეწლოვანი ბავშვი, რომლებიც, მადლობა ღმერთს, შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს. ეს იყო იმდროინდელი მთავრობის მიერ ჩადენილი უპატიებელი დანაშაული ერთი ოჯახისა და ზოგადად, ქვეყნის მიმართ, რადგან არ შეიძლება ხელისუფლება ასე მოქმედებდეს“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

დღეს დიდი ოთხშაბათია – იუდასგან ქრისტეს გაცემის დღე

დიდი ოთხშაბათი – ეს იუდას მიერ, იესო ქრისტეს გაცემის დღეა. ამ დღეს იუდამ გასცა მოძღვარი და სინედრიონის წევრებს მის შეპყრობაში დახმარება აღუთქვა, რისთვისაც 30 ვერცხლი მოითხოვა.

ოთხშაბათის ღამე, მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. იმ დროს, როცა მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და უხუცესებს იესო ქრისტეს მოტყუებით შეპყრობა და მოკვდინება ჰქონდათ გადაწყვეტილი, სიმონ კეთროვნის სახლში უცხო დედაკაცმა ძვირფასი ნელსაცხებელი მაცხოვარს უხვად დაასხა თავზე, რითაც, როგორც თავად მაცხოვარმა ბრძანა, იგი დასაფვლველად მოამზადა.

აქვე, დედაკაცის უანგარო საქციელის საპირისპიროდ, იესო ქრისტეს თორმეტთაგან ერთ-ერთი მოწაფის, იუდა ისკარიოტელის უმადურ სულში ბოროტი აზრი ჩაისახა, რათა თავისი მასწავლებელი და უფალი იუდეველთა უკანონო საბჭოსთვის მიეცა.

ამიტომ დიდი ოთხშაბათის საეკლესიო მსახურება განადიდებს იმ დედაკაცს, რომელმაც მაცხოვარს ნელსაცხებელი სცხო, იუდას ვერცხლისმოყვარეობას და გამცემლობას კი კიცხავს.

იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.

უფალი საქმით თუ სიტყვით ყოველდღე ახსენებდა იუდას, რომ გამყიდველი მას ვერ დაემალებოდა. უფალი არ დუმდა, რათა ისკარიოტელს არ ჰგონებოდა, რომ მისი განზრახვა დაფარული იყო უფლისაგან. თუმცა ყველას თანდასწრებით არ ამხელდა, რათა უფრო უსირცხვილო არ გამხდარიყო.

ღმერთმა თავისუფალი არჩევანის მქონე არსებებად შექმნა ადამიანები და მათ კეთილსა და ბოროტს შორის არჩევანის უფლება დაუტოვა. ამდენად, იუდას შეეძლო, არ დამორჩილებოდა ვერცხლისმოყვარეობას. თუმცა თვითონვე არ ისურვა ცოდვისაგან განკურნება.

მაცხოვრის გვერდით ყოფნის მიუხედავად, იუდამ სულიერი გაზრდა ვერ მოახერხა, თუმცა მაცხოვარი მისდამიც ისეთივე მზრუნველობას იჩენდა, როგორსაც სხვების მიმართ. მეტიც, როცა იუდას ვერცხლისმოყვარეობის ვნება შეამჩნია, მას მოციქულების საერთო ყულაბა ჩააბარა და ნება მისცა, საკუთარი შეხედულებებისამებრ ეხარჯა ფული _ თავის თავს ხომ ვეღარ მოჰპარავდა. იუდას სულში მაინც არაფერი შეცვლილა.

„ხოლო იუდამ წაიყვანა რომაელთა რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთაგან გამოგზავნილი მსახურნი”, – მოგვითხრობს იოანე მახარებელი. “და მივიდნენ იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და იარაღით. იესო, რომელმაც იცოდა, რაც მოელოდა, გამოვიდა და უთხრა: ვის ეძებთ? მიუგეს მას: იესო ნაზარეველს. უთხრა მათ: მე ვარ… როდესაც უთხრა, მე ვარო, დაიხიეს უკან და მიწაზე დაემხნენ” (იოანე 17, 3-6).

იესოს შეეძლო, თავი დაეხსნა, რადგან მის წინაშე ჯალათებიც კი მიწაზე ემხობოდნენ, მაგრამ მაინც ჩაჰბარდა. ამგვარად, მისი ჯვარცმის ტვირთი ნებაყოფლობითი აქტი იყო, კაცობრიობის გამოსახსნელად გაწეული.

ამიტომაც უნდა შევწუხდეთ არა გაყიდული იესოს, არამედ იუდა ისკარიოტელის გამო, რადგან გაცემულმა მსოფლიო გამოიხსნა, ხოლო გამყიდველმა საკუთარი სულიც დაღუპა; გაცემული ცათა შინა მამის მარჯვნივ ზის, გამყიდველი კი ჯოჯოხეთშია.

აღსანიშნავია, რომ დიდი ოთხშაბათის მწუხრიდან, აღარ იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა. ამ ლოცვას პარასკევამდე მხოლოდ მონაზვნები ასრულებენ სენაკებში.

ეფრემ ასურის ლოცვა, ყველიერის კვირის ოთხშაბათს იწყება და ვნების კვირის ოთხშაბათს სრულდება.

ტროპარი: აჰა ესე სიძე მოვალს შუარამესა და ნეტარ არს მონაი იგი, რომელი იპოვოს მღვიძარე, ხოლო ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით; იხილე სულო ჩემო და ნუ გრულის ძილისათვის, რაითა არა გამოვარდე სასუფევლისაგან, არამედ აღისთუე სუაღამესა და ხმობდი: წმინდა ხარ, წმინდა ხარ, წმინდა ხარ შენ, რმერთო ჩუენო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ.

კონდაკი: ვსცოდე უმეტეს მეძავისა მის, სახიერ, არა მაქუს ცრემლთა ნაკადული შეწირვად შენდა, არამედ დუმილით შეგივრდები და სურვილით ამბორს უყოფ ფერხთა შენთა, და გევედრები: მოტევებაი ცოდვათა მომანიჭე, ვითარცა მეუფემან, და ბიწთა საქმეთა ჩუენთაგან განმათავისუფლე, ვითარცა მაცხოვარმა