Home Blog Page 15

ირაკლი კობახიძემ, გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – Energy: Advancing Climate Mitigation Action 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბაქოში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – Energy: Advancing Climate Mitigation Action.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველო დგამს კლიმატის ცვლილებით შექმნილი გამოწვევების დასაძლევად.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანა აფართოებს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას, აუმჯობესებს ენერგოეფექტურობას და კლიმატურ ცვლილებებთან გამკლავების გლობალური მიზნების პოლიტიკის შესაბამისად, ახორციელებს საკანონმდებლო რეფორმებსა და ინვესტიციებს მწვანე ტექნოლოგიებში.

პრემიერმა ისაუბრა საქართველოში მოქმედ კანონზე განახლებადი ენერგიის შესახებ, რომელიც განახლებადი ენერგიის მიმართულების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელების მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს დაკავშირებადობის გაძლიერებას და განახლებადი ენერგიის გადაცემას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ევროკავშირში, შეამცირებს ერთ მიმწოდებელზე დამოკიდებულებას და ენერგეტიკული პორტფელის დივერსიფიცირებას უზრუნველყოფს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეროვნული სამოქმედო გეგმის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ნაბიჯების გადადგმას, რომლის შედეგად ქვეყანაში ელექტროენერგიის ჯამური გამომუშავების 27.4 პროცენტი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იქნება მიღებული, ნახშირბადის ემისია შემცირდება და ენერგოეფექტურობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს.

ილუმინაციები და კონსტრუქციები, საერთო ჯამში, 90-მდე ქუჩაზე და 30-მდე სკვერში მოეწყობა.

მანათობელი ბაგირები ჭავჭავაძის გამზირზე მონტაჟდება, სადაც მიმდინარე სამუშაო პროცესს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.

„თბილისის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს საახალწლო განათებების მოწყობა. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში მოცულობითი სამუშაოებია შესასრულებელი, განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისში დავიწყეთ და დეკემბრის დასაწყისში დასრულდება“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.

სამონტაჟო სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ასრულებენ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მეომართა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, გაიმართა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მონაწილე, საბრძოლო მოქმედებების დროს და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონია;
 დაღუპულთა ოჯახის წევრებს, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები გადასცეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოს პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში, დავით თევზაძემ, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა შეწყალების, მოქალაქეობის, დაჯილდოებისა და სამართლებრივ საკითხებში, ანგი ხუციშვილმა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, ანზორ მარგიანმა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და სამშობლოს წინაშე მხედრული ვალის პირნათლად მოხდისათვის, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ:
⭕️ლევან ქეცბაია – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მე-2 საარმიო კორპუსის, 23-ე ბრიგადის საბრძოლო მომზადების უფროსი ოფიცერი (სიცოცხლეში);
⭕️ბესარიონ მამუკელაშვილი – მაიორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული სპეციალური დანიშნულების რაზმის_„იუპიტერის” უფროსი (სიკვდილის შემდეგ);

⭕️სპარტაკ მარხულია – პოლკოვნიკი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი II საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მეთაურის პირველი მოადგილე (სიკვდილის შემდეგ). ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოვდნენ: ⭕️ბადრი ბაღათურია – ლეიტენანტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი; კობა მირზაშვილი – უმცროსი ლეიტენანტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი; ⭕️მალხაზ გაჩეჩილაძე – პოლკოვნიკი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის I სამმართველოს (ოპერატიული) სპეცდავალებათა ოფიცერი;

ირაკლი კობახიძე ბაქოში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაქოში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში (COP29) მონაწილეობს.

კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მასპინძლობენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერების კლიმატის ქმედებათა სამიტის გახსნის სესიას და სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა მაღალი დონის შეხვედრის გახსნას დაესწრო.

სამიტის მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებმა, ტრადიციულად, ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა COP29-ის ლიდერთა სამიტზე, ასევე პანელურ დისკუსიებზე, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება.

COP29-ში საქართველოს მთავრობის მეთაური მონაწილეობს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 ახალი არ არის, საქართველოს რომ აშანტაჟებენ, მათ უნდათ, ხელისუფლებაში ჰყავდეთ აგენტურა, რომელიც დავალებას კითხვის დასმის გარეშე შეასრულებს -კახა კალაძე

საქართველოს რომ აშანტაჟებენ, ეს ახალი არ არის და ამას ვხედავთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა კითხვაზე – დასავლეთისგან გაჟღერებული მწვავე კრიტიკა ხომ არ წარმოადგენს ერთგვარი შანტაჟის ენას საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.

„ეს ყველაფერი საბაბია და მანდ ყველაზე მთავარი არის მათი სურვილი, ხელისუფლებაში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან, გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ იქნება მიმართული. მათ უნდათ, ხელისუფლებაში ჰყავდეთ აგენტურა, რასაც ეტყვიან და დაავალებენ, კითხვის დასმის გარეშე შეასრულონ. ამ დროს კი ქართველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება და მილიონ ას ოცი ათასმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას, ღირსებას, კეთილდღეობას და განვითარებას“, – აღნიშნა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მედიასთან, ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებული გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონების მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ აღნიშნული კანონები ქვეყანაში რევოლუციის პრევენციისა და საზოგადოების სრულად ინფორმირების ინტერესებს ემსახურება.

„გამჭვირვალობას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არანაირი არგუმენტი არ არსებობს, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი ან რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს. ჩვენ როდესაც დავიწყეთ ამ კანონზე მუშაობა, თავისი წინაპირობები ჰქონდა იმის გათვალისწინებით, რომ ვხედავდით, გარედან დაფინანსებით როგორ ხდებოდა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა, პოლარიზაციის გაღვივება, ადამიანების დაპირისპირება, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს რეალურად უცხოეთიდან შემოსული თანხები, რომლებსაც არასამთავრობოები იღებენ, ვისგან და რატომ იღებენ დაფინანსებას, რა პროექტებში იხარჯება ეს ფული. თუკი არ იქნება იგივე რევოლუციის დაფინანსება, არ იქნება მტრული განწყობები, რიტორიკა, არ იქნება მცდელობა საზოგადოების გახლეჩვის, აღნიშნული კანონიც აზრს კარგავს ზოგადად“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება დაცულია, თუმცა ლგბტ პროპაგანდა წახალისებული ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება.

„კიდევ ერთხელ მინდა, განვმარტო, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები არის დაცული, განურჩევლად ვინ როგორია, არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, ვინ რა ორიენტაციის ან სარწმუნოების მიმდევარია, ყველას უფლებები არის დაცული. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ადამიანების დაყოფას, რაღაც ტერმინი აქვთ – უმცირესობა. არანაირი უმცირესობა არ არსებობს, ჩვენ ვართ ყველანი ადამიანები, ზოგი ისეთია, ზოგი ასეთია, ზოგი ქერაა, ზოგი შავგვრემანია, ზოგს სხვა ორიენტაცია აქვს, ეს მისი უფლებაა. არავის აქვს უფლება, განსაჯოს ეს ყველაფერი, მაგრამ ამის სააშკარაოზე გამოტანა და პროპაგანდა, კატეგორიულად მიუღებელია, ბავშვებში ამ ყველაფრის პროპაგანდაა მიუღებელი. შესაბამისად, ეს კანონი არის მნიშვნელოვანი. ზოგადად, რომ დააკვირდეთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, ძალიან მალე ბევრი რაღაც შეიცვლება, თუნდაც ამ მიმართულებით, რადგან ძალიან მძიმეა ის განწყობები, რასაც ვხედავთ ჩვენ, თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატებში, ან ბევრ ევროპულ ქვეყანაში და ამ მიმართულებითაც საინტერესო პროცესები იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ის რაც ვნახეთ გუშინ, კატეგორიულად მიუღებელია. ეს არ არის მეგობრობა, ეს არის მტრობა -კახა კალაძე

ამ ტიპის განცხადებები და ქმედებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რაზეც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვლაპარაკობთ, – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ევროპული დელეგაციის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები საქართველოს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ვიზალიბერალიზაციის თაობაზე.

კახა კალაძის თქმით, ეს არის პირდაპირი მოწოდებები, რათა ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდეს.

„ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ეს ადამიანები შეურაცხყოფას აყენებენ ქართულ სახელმწიფოებრიობას, პატივს არ სცემენ სუვერენიტეტს და ქვეყნის დამოუკიდებლობას. ამ ტიპის განცხადებები და ქმედებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რაზეც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ბოლო წლებია პირდაპირ ვლაპარაკობთ, არ გვერიდება. ზუსტად ეს არის ის დამოკიდებულება, რაც კატეგორიულად მიუღებელია ყველა ღირსეული ქართველისთვის. ესენი არიან უსამშობლო ადამიანები, გვყავს ასეთები ქვეყნის შიგნით, რომლებისთვისაც საქართველო მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიაა, თუმცა ქვეყანაში გვყავს უმრავლესობა ადამიანების, რომელთათვისაც საქართველო არის სამშობლო, სადაც დაიბადნენ, გაიზარდნენ, უყვართ ეს ქვეყანა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღეს არჩევნებზე. ის რაც ვნახეთ გუშინ, კატეგორიულად მიუღებელია. ეს არ არის მეგობრობა, ეს არის მტრობა. ეს არის პირდაპირი მოწოდებები ქვეყანაში, რომ ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ, საზოგადოება გაიხლიჩოს, რასაც ბოლო წლებია ვისმენთ. ხედავთ, კონკრეტულ დაფინანსებებს, ეს არის ქვეყნის მტრობა. ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის მომავლისთვის.

შესაძლოა, შეგვიჩერონ უვიზო მიმოსვლა და ეს ხალხის დასჯა კი არა, ქვეყანაში არსებული სიტუაციის შეფასება იქნება – ზურა ჯაფარიძე

„ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

ოპოზიციურ შტაბში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები – გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა, ასევე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე იმყოფებოდნენ.

როგორც ზურა ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ოპოზიციური პარტიები მომავალი დღეების სამოქმედო გეგმასა და ახალი პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ, რაც მისი თქმით, პარტნიორ ევროპელ კოლეგებს ოპოზიციურ პარტიებთან კომუნიკაციას გაუმარტივებს.

„ჩვენი მეგობრებისგან იყო იდეა, რომ შეიქმნას ფორმატი, რომელიც მათ კომუნიკაციას ჩვენთან გაამარტივებს, რომ ადვილად გაიგონ ოპოზიციის ხედვებთან დაკავშირებული საკითხები.

ახლაც მიმდინარეობს პროტესტთან დაკავშირებით მსჯელობაც და თუ რაიმე სიახლე იქნება, საზოგადოებას აუცილებლად გავაგებინებთ.

ამ ქვეყანაში სანამ იქნება ავტოკრატიული ხელისუფლება და დავშორდებით დემოკრატიულ პრინციპებს, შესაძლოა, შეგვიჩერონ უვიზო მიმოსვლა და ეს ხალხის დასჯა კი არა, ქვეყანაში არსებული სიტუაციის შეფასება იქნება“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ოკუპირებულ აფხაზეთში კოდორის ხიდი კვლავ ჩაკეტეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციამ კოდორის ხიდი კვლავ ჩაკეტა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოპოზიციამ სოხუმიდან გამომავალი სამივე ხიდი დაბლოკა.

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო ტალღა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავებას მოჰყვა, რომლებიც რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციას ეწინააღმდეგებიან. მომიტინგეებმა სოხუმის სამივე ხიდი გადაკეტეს. საუბარია ქვემო და ზემო გუმისთასა და კოდორის ხიდებზე. დღეს დილით ე.წ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს დაკავებულების საათნახევარში გათავისუფლებას დაჰპირდნენ და ამ დაპირების სანაცვლოდ ხიდი დროებით განიბლოკა, თუმცა ისინი ამ დრომდე არ გაუთავისუფლებიათ.

გუშინ, მთელი სისავსით ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც, განსაკუთრებით უხვად კი – შალვა პაპუაშვილი 

გუშინ, მთელი სისავსით ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც; განსაკუთრებით უხვად კი – ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი,- ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 11 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე ევროპელი დეპუტატების სიტყვით გამოსვლას.

„ქუთაისის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ვთქვი, თუ როგორ წარმოგვიჩენენ ომს მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას – თავისუფლებად, სიცრუეს – ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს – ქართველი ხალხის სიყვარულად.

გუშინ, მთელი სისავსით ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც; განსაკუთრებით უხვად კი – ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი.

და ეს ყველაფერი – ევროპის სახელით”, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა აღარ არის – ეს არის პირდაპირ ოპოზიციური ფლანგის წარმართვა! – გურამ მაჭარაშვილი აქციაზე ევროპელი დეპუტატების სიტყვით გამოსვლაზე 

ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა აღარ არის – ეს არის პირდაპირ ოპოზიციური ფლანგის წარმართვა! ისინი ქვეყნის შიდა საქმეებში კი არ ერევიან, უკვე ოპოზიციურ საქმიანობას წარმართავენ, – ასე აფასებს უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი 11 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე ევროპელი დეპუტატების სიტყვით გამოსვლას.

მაჭარაშვილის თქმით, „უცხოელმა ხელმოცარულებმა აქტორებმა იციან, რომ მათივე სახელმწიფოებში საზოგადოება აღარ აირჩევს და ბოლო გაბანავება აქვთ, რომ მატერიალური ანაზღაურების საფუძველზე ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები აკეთონ”.

„რასაც ვამბობთ, გუშინ დადასტურდა – ეს ადამიანები საქართველოში კეთილი სურვილებით ჩამოსულები არ არიან! მათ აჩვენეს საქართველოს მომავლის მიმართ ზიზღი, არამეგობრული დამოკიდებულება, უპატივცემულობა მილიონ 200 ათასი ამომრჩევლის წინაშე და რაც მთავარია, ევროპის სახელმწიფოების საზოგადოების წინაშე, რადგან ვიცით, რომ ევროპის მოსახლეობის უმრავლესობა ლიბერალურ ფაშიზმს არ ემხრობა და ჟიგიმანტასს, როთს არ ეთანხმებიან.

ეს ყველაფერი ამ აქციაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა. ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ 26 ოქტომბერს სწორი გადაწყვეტილება მიუღია.

ვითომ გაყალბებული არჩევნების აქციაზე გამოვიდნენ და სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს, რაზეც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ სამართლიანად ზის და მას არავინ აწამებს. როგორც ჩანს, ამ ვითომ ევროპელ აქტორებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ აინტერესებთ და თავიანთ საერთაშორისო სასამართლოს შეურაცხყოფას აყენებენ.

რაც შეეხება ვითომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას, ვინც ჩამოსულია გერმანიიდან, ლიეტუვიდან, ვეტყვი, რომ მათ ქვეყნებს რუსეთთან ხუთჯერ მეტი ბრუნვა აქვს, ვიდრე საქართველოს. სანამ რუსეთთან ბრძოლას ახსენებენ, მანამდე თავიანთ ეკონომიკურ ბრუნვას გადახედონ რუსეთთან და მათი ლიდერების განცხადებას, რომ სამხედრო კონფლიქტში არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთვებიან.

მათგან დღემდე ველოდები პასუხს, სად არის საერთაშორისო გამოძიება, რა ინსტიტუციაა, ვინ ხელმძღვანელობს, ვინ მუშაობს, სად აქვთ ოფისი?! გამოძიება რაც უნდა დაწყებულიყო, პროკურატურამ დაიწყო, თუ ვინმეს მტკიცებულება აქვს, უნდა წარადგინოს, მაგრამ რაც არ აქვთ, რას მიიტანენ?!” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

11 ნოემბერს, თბილისში ვიზიტით მყოფი გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ და აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.

თუ ხელისუფლება დაკავებულებს არ გაათავისუფლებს, კოდორის ხიდი კვლავ გადაიკეტება – ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერი

ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარანტიები მოგვცეს, რომ დაკავებულ პოლიტიკურ აქტივისტებს საათნახევარში გაათავისუფლებდნენ, ამიტომ კოდორის ხიდი დროებით განიბლოკა, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ოპოზიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამ რუსულ მედიას განუცხადა.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება დანაპირებს არ შეასრულებს, ხიდს კვლავ გადაკეტავენ.

„თუ დაპირება არ შესრულდება, სოფელ აძიუბჟას მაცხოვრებლები მის დაბლოკვას კვლავ აპირებენ“, – აღნიშნა არძინბამ.

ხიდის განბლოკვის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, რაულ ლოლუამაც დაადასტურა.

„კოდორის ხიდი განბლოკილია, მასზე მოძრაობა აღდგენილია გამგეობის ხელმძღვანელსა და აქციის მონაწილეებს შორის მოლაპარაკების შემდეგ“, – განაცხადა ლოლუამ მედიასთან საუბრისას.

ამ დრომდე გადაკეტილი რჩება ორი ხიდი – ზემო გუმისთისა და ქვემო გუმისთის ხიდები.

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო ტალღა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავებას მოჰყვა, რომლებიც რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციას ეწინააღმდეგებიან. მომიტინგეებმა სოხუმის სამივე ხიდი გადაკეტეს. საუბარია ქვემო და ზემო გუმისთასა და კოდორის ხიდებზე. ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, „უშიშროების საბჭოს“ საგანგებო სხდომა გამართა, რომელზედაც „უშიშროების ძალების“ ხელმძღვანელებმა “უკანონო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.”

პრემიერს შესაძლებლობა ექნება, მიმართოს ლიდერებს, თუ რას განახორციელებს ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, რომ მაქსიმალურად შევამციროთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკები – ილია დარჩიაშვილი

პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობა ექნება, მიმართოს ლიდერებს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ის კონკრეტული გეგმები გაჟღერდება, თუ რას განახორციელებს ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ჩვენს ქვეყანაში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სხვადასხვა გამოწვევები და რისკები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ლიდერები გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციის ფორმატში საუბრობენ იმ საერთო ძალისხმევაზე და კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელმაც მაქსიმალურად უნდა შეამციროს რისკები.

„იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში, სადაც იმართება გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია, 29-ე კონფერენცია, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც იკრიბებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები, ლიდერები იმისთვის, რომ ისაუბრონ იმ გამოწვევებზე, რომელიც თან ახლავს კლიმატის ცვლილებას, რომელიც თან ახლავს გლობალურ დათბობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლიდერები სწორედ ამ ფორმატში საუბრობენ იმ საერთო ძალისხმევაზე, იმ საერთო კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელმაც მაქსიმალურად უნდა შეამციროს რისკები, ეს იქნება ნებისმიერი ნეგატიური გავლენა ჩვენს პლანეტაზე, რომელიც მომდინარეობს გლობალური დათბობიდან. პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებში, ინტერვენციები ჰქონდეს ამ სამუშაო ჯგუფებში და ვფიქრობ, რომ ძალიან საჭირო და ღირებული დისკუსიები გაიმართება ამ მიმართულებით. პრემიერ მინისტრს ასევე ექნება შესაძლებლობა, მიმართოს ლიდერებს, სადაც რა თქმა უნდა, სხვა საკითხებთან ერთად გაჟღერდება ის კონკრეტული გეგმები, თუ რას გადადგამს ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ჩვენს ქვეყანაში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სხვადასხვა გამოწვევები და რისკები“,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ჰქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან.

„პრემიერ-მინისტრს ასევე ჰქონდა შესაძლებლობა, გაემართა შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან. აზერბაიჯანის რესპუბლიკა ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორია, სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საერთო პროექტები, მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრასაც ექნება ახალი იმპულსი ჩვენს ორმხრივ სტრატეგიულ თანამშრომლობაში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, განახლებადი ენერგია საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„განახლებადი ენერგია არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანამ მაქსიმალურად თანმიმდევრულად აითვისოს ყველა ის რესურსი, რომელიც ამ მიმართულებით ქვეყანაშია. ზოგადად, ჩვენს რეგიონს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ამ მიმართულებით და ჩვენ, ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, შავი ზღვის ელექტრო გადამცემი კაბელის პროექტზე, რომელიც რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ევროპისთვის ენერგიის მიწოდების დივერსიფიცირებას. ამ კუთხითაც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დაკავშირებადობის გაზრდაზე, ეს კონკრეტული პროექტიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის კიდე უფრო მეტ როლს, ევროპის ენერგო უსაფრთხოების საქმეში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.