Home Blog Page 147

 ამერიკის შეერთებული შტატები ნატოდან გასვლას არ გეგმავს -მარკო რუბიო

ამერიკის შეერთებული შტატები ნატოდან გასვლას არ გეგმავს, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

რუბიოს თქმით, ვაშინგტონს ალიანსის გაძლიერება სურს და სწორედ ამ მიზნით ითხოვს წევრი ქვეყნებისგან თავდაცვაზე ხარჯების 5%-მდე გაზრდას.

„შეერთებული შტატები ნატოშია. ჩვენ აქტიურები ვართ. ახლაც, სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, შეერთებული შტატები ნატოში აქტიურად მოქმედებს, როგორც არასდროს“, – თქვა რუბიომ ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

რუბიო ბრიუსელში ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა სამიტს ესწრება. ორდღიანი შეხვედრის დღის წესრიგშია ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელების საკითხები. ნატოს გენერალური მდივანმა, იმედი გამოთქვა, რომ ალიანსი ამერიკის მხარდაჭერით უკრაინის დახმარებას იქამდე შეძლებს, ვიდრე საჭირო იქნება.

რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა 28 მარტს  შპს “ვიმ-ბილ-დან საქართველოში” (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, თუმცა, დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად.

გარდა ამისა, შპს “ვიმ-ბილ-დან საქართველოს” დაევალა  აზერბაიჯანში წარმოებული რძის 5 ნიმუშის აღება (რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი) და აფლატოქსინ M1-ზე გამოკვლევა; ასევე არასწორად ეტიკეტირებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.

სააგენტოს ზედამხედველობით აღებული ნიმუშები გაიგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა ხუთ ნიმუშში. კერძოდ,

  1. სასმელი რძე საბავშვო, ულტრაპასტერიზებული – 2,5% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 04.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 03.08.2025;
  2. სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 12.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 11.08.2025;
  3. სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 10.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 09.08.2025;
  4. სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 09.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 08.08.2025;
  5. სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 3,2% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 02.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 01.08.2025.

შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს” დაევალა დასახელებული სურსათის პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება/გამოთხოვა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს აღნიშნული რძე.

აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

04.04.2025- დან, ყოველი თვის ორმაგ თარიღში, თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლებთ

თიბისი განაწილება მომხმარებლებისთვის ყოველი თვის ორმაგ თარიღში განსაკუთრებულ შეთავაზებებს აანონსებს.


პირველად, დამატებითი სარგებლით ჩაფიქრებული სურვილების ასრულებას, 04/04 რიცხვში, ICR- ის და Okaidi-ს ონლაინ მაღაზიებში შეძლებთ, სადაც თიბისი გადანაწილებით გადახდის შემთხვევაში 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, 30 აპრილამდე უკან დაგიბრუნდებათ.


ქეშბექის დაბრუნებასთან ერთად, მომხმარებელი პროდუქტის საფასურს არა ერთიანად, არამედ 4 თვეზე გადანაწილებით გადაიხდის. რაც მთავარია, გაძვირების გარეშე, ეფექტური 0%-ით. ასე რომ, გადაიხდის ზუსტად იმდენს, რამდენიც ნივთი ღირს.


“განაწილება” თიბისის გამორჩეული პროდუქტია, რომელიც ყველანაირი ინტერესისა და საჭიროებების მქონე მომხმარებლების სურვილების ასრულების გასამარტივებლად შეიქმნა.


ჩაიფიქრე სურვილები და დაელოდე ყოველ ორმაგ თარიღს მათი თიბისი განაწილებით ასასრულებლად.

R

სალომე ზურაბიშვილი ხელმოცარული პოლიტიკოსია – დავით მათიკაშვილი

რეალურად, სალომე ზურაბიშვილი აბსოლუტურად ხელმოცარული პოლიტიკოსია – რასაც ის ცდილობს არის იმ გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნა, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას, ექსტრემისტულ დაჯგუფებებს აქვთ შექმნილი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, “სალომე ზურაბიშვილის და კოლექტიური “ნაცმოძრაობის” არავის არ სჯერა.”

„რეალურად, ამ სიტუაციიდან გამოსავალი არ არსებობს, ამიტომ არანაირი აქტიურობა, რითაც ის კვლავ ცდილობს, თავისი უცხოელი დავალებების მიმცემები კვებოს, არ გამოუვა. რატომ? – პირველი და მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილის და “კოლექტიური ნაცმოძრაობის” არავის არ სჯერა. რეალურად, მათ არანაირი ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვთ ჩვენს ქვეყანაში. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა რამდენიმე დღის წინ იქ, სადაც მცდელობა ჰქონდათ, რომ აქცია ჩაეტარებინათ. იქ მყოფი მცირე საზოგადოება სალომე ზურაბიშვილს სტვენით და შეძახილებით გამოეხმაურა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ “კოლექტიური ნაცმოძრაობის” ყველა ე.წ ლიდერზე, რადგან მათი პოლიტიკური გზა ფაქტობრივად, კრახით არის დასრულებული და ამ მოცემულობიდან გამოსვლაში ეს ფსევდო მიმართულებები, დაპირებები და იმის ინსცენირება თითქოს ისინი კიდევ აქტიურ პოლიტიკაში არიან, არაფრის მომცემია. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პასუხის მსგავსი იმ ძალების, იგივე “დიფ სთეითისადმი”, საიდანაც ეს ადამიანები საქართველოში იმართებიან”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

თინა ბურჯალიანი, ზურაბ ადეიშვილის მოადგილე ამტკიცებდა, რომ თურმე, მაყვლის ეკალ-ბარდებზე გადაჩეხილა სანდრო გირგვლიანი – თეა წულუკიანი

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულ კახა დაბრუნდაშვილს მიმართა, რომელიც, კუდ-ის იმდროინდელი მაღალჩინოსნების, დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვის, გერონტი ალანიასა და სხვების მიერ მასა და მის მეგობარ ვამეხ აბულაშვილზე ძალადობის საქმის შესახებ საუბრობდა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, დაბრუნდაშვილი და აბულაშვილი იმავე ხევში წაიყვანეს საცემად, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 2006 წლის იანვრის ბოლოს, სანდრო გირგვლიანი იპოვეს.

მისივე განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში შეტანილ საჩივარში ეწერა, რომ გირგვლიანი ხევში თავისით აღმოჩნდა და ეკალ-ბარდებზე გადაიჩეხა, რასაც მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თინა ბურჯალიანიც ამტკიცებდა.

„ეს იგივე ხევია, სადაც სანდრო გირგვლიანი აღმოჩნდება თქვენს შემდეგ, ოთხი თვის თავზე, 2006 წლის იანვრის ბოლოს. სტრასბურგის სასამართლოში როდესაც ეს საქმე შემოვა, იქ წერია, რომ სანდრო გირგვლიანი, თურმე, ამ ხევში თავისით აღმოჩნდა, ეკალ-ბარდებზე გადაიჩეხა. ქალბატონი თინა ბურჯალიანი, იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე, რომელიც სტრასბურგში ჩამობრძანდა, წარსდგა სასამართლოს წინაშე, მე ვიყავი ამის მოწმე, იქ ვმუშაობდი, ამტკიცებდა ისე, რომ არ რცხვენოდა, რომ თურმე, მაყვლის ეკალ-ბარდებზე გადაჩეხილა სანდრო გირგვლიანი ამ ხევში სადაც თქვენ ჰყვებით, რომ ოთხი თვით ადრე გაგისწორდნენ ფიზიკურად და ასე მიაყენა თავის თავს უნებლიეთ ის ჭრილობები, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლება: სავალუტო შემოდინებები დივერსიფიცირებულია – ევროკავშირის წამყვანი წილით

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, უკვე გვაქვს სრული სურათი 2024 წელს უცხოური ვალუტის შემოდინების მთავარი წყაროების შესახებ. გასული წლის განმავლობაში, მთლიანი სავალუტო შემოდინებების (საქონლის ექსპორტი, ტურიზმი, მიგრაციის ეფექტის ჩათვლით, ფულადი გზავნილები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები) 21.6% ევროკავშირზე მოდიოდა, როგორც მთავარ წყაროზე, ხოლო რუსეთის წილი 13.9%-ით განისაზღვრა. ევროკავშირისა (გაერთიანებული სამეფოს ჩათვლით) და აშშ-ს წვლილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი – 50%-ზე მეტი – იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების ნაკადებში. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ფულადი გზავნილების კუთხით აშშ-მ რუსეთის წილს გადააჭარბა, გზავნილების მთავარ წყაროს კი ევროკავშირი წარმოადგენდა, 44.3%-იანი წილით.

ევროკავშირის წილი შედარებით მოკრძალებული, დაახლოებით 13.0%, იყო ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში, რომელშიც კვლავ ახლო სამეზობლოს ქვეყნები და ისრაელი დომინირებენ, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 2020 წლიდან მოყოლებული დახურული რჩება. ამასთან, ეროვნული ბანკი ტურიზმის სტატისტიკიდან გამორიცხავს იმ მიგრანტებს, რომლებიც ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებიან ან აპირებენ დარჩენას. მიგრაციის ეფექტი მნიშვნელოვანი რჩება სავალუტო შემოდინებების სხვა წყაროების, მათ შორის, განსაკუთრებით IT სექტორის შემოსავლების კუთხით, თუმცა ეფექტის შეფასებისას, გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს ხელთ არსებული შეფასებებით, რუსეთის ფედერაციაზე მიგრანტთა შემოსავლების მხოლოდ დაახლოებით ერთი მეოთხედი მოდის. უშუალო სამეზობლოს მიღმა აღნიშვნის ღირსია, რომ 2024 წელს ყაზახეთიდან საქართველოს თითქმის 170,000 ტურისტი ეწვია, რაც მთლიანი ვიზიტების მხრივ მე-6 ყველაზე მსხვილი მაჩვენებელია. ასევე, აღსანიშნავია ტურისტული ნაკადები უზბეკეთიდან და საუდის არაბეთიდან, რაც აზიური ბაზრებიდან მოთხოვნის გააქტიურებაზე მიუთითებს.

მოცულობით ყველაზე მსხვილი სავალუტო შემოდინების – საქონლის ექსპორტის კუთხით, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ბოლო წლებში ავტომობილების რე-ექსპორტის ხარჯზე საქართველოს მთლიან ექსპორტში ყაზახეთისა და ყირგიზეთის წილის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, ადგილობრივ ექსპორტში კვლავ უშუალო სამეზობლო და ევროკავშირი დომინირებს. ეკონომიკური თვალსაზრისით ეს ფაქტორი განსაკუთრებით საექსპორტო დარგების მიერ დამატებული ღირებულების შექმნის კუთხითაა მნიშვნელოვანი, ვინაიდან რე-ექსპორტზე გასული ნაკადებიდან ადგილობრივ ეკონომიკაში დარჩენილი წმინდა შემოსავლები, იმპორტის კომპონენტის მაღალი წილის გამო, შედარებით დაბალია.

რა შეგვიძლია ვთქვათ უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე? საქსტატის თანახმად, ეკონომიკურმა ზრდამ თებერვალში 7.7% შეადგინა, რაც ეკონომიკური აქტივობის გრძელვადიანი ტენდენციის ირგვლივ ნორმალიზების ჩვენს საბაზო სცენართან შედარებით მაღალია. ჩვენი მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი, რომ საბაზრო განწყობებზე დასაკვირვებლად რამდენიმე ინდიკატორს გამოვყოფთ. მათ შორისაა გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე მოთხოვნა. თებერვალში თიბისის არხებით აღნიშნულ საქონელზე გაწეული ხარჯები კვლავ შემცირდა. ამავდროულად, საქსტატის მონაცემებით, შემცირდა გრძელვადიანი მოხმარების საქონლის იმპორტიც, რამაც თებერვალში მთლიანი იმპორტის წლიურ კლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. თუმცა, 28 მარტის მდგომარეობით, თიბისის არხებით მოცემულ პროდუქციაზე ხარჯები გააქტიურებულია. ზრდა შეინიშნება ხარჯების სხვა კატეგორიებშიც. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის მე-4 კვარტლის შემდეგ თიბისის არხებით უნაღდო დანახარჯების ზრდა შენელებულია, მოსალოდნელია, რომ მარტში თებერვალთან შედარებით ხარჯების მაღალი ზრდა დაფიქსირდება. აქტივობის მამოძრავებელ მნიშვნელოვან ფაქტორად ნარჩუნდება საკრედიტო აქტივობაც, რომელიც, თებერვალში გარკვეული შენელების მიუხედავად, კვლავ ძლიერია.

მთლიანი ხარჯების აჩქარების მიუხედავად, მარტში შედარებით სუსტი რჩება თიბისის არხებით არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, რომლებიც, სეზონური შესწორების შემდეგ, ჯერ კიდევ ნოემბრის მაჩვენებელზე დაბალია. საპირისპიროდ, თიბისის ბარათებით რუსების, უკრაინელებისა და ბელარუსების ხარჯები მარტში, ბოლო თვეებთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის მომატებული.

სავალუტო კონვერტაციების კუთხით, რაც სენტიმენტების მხრივ ასევე ერთ-ერთი ძირითადი ინდიკატორია, ჩვენი შეფასებით, მარტში, თებერვლის მსგავსად, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იკვეთება. როგორც ყოველთვის, გამოვყოფთ, რომ გასათვალისწინებელია გასულ პერიოდში განხორციელებული სავალუტო კონვერტაციები, როგორც დეპოზიტების, ასევე სესხების კუთხით. აღნიშნული, ჩვენი შეფასებით, დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ფარგლებშია და, სენტიმენტების გაუმჯობესების შემთხვევაში, სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებას განაპირობებს.

საერთო ჯამში, უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა, როგორც იკვეთება, შედარებით უფრო მაღალ ნიშნულზეა ნორმალიზებული, ვიდრე ერთი ან მეორე მიმართულებით არსებით ცვლილებას ჰქონდეს ადგილი.

ამავე დროს, თიბისი კაპიტალის ლარის წონასწორობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ჩარჩოს თანახმად, სადღეისოდ ლარი მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე გაანგარიშებულ ნიშნულთან ახლოა. ლარის ბოლოდროინდელ გამყარებას დიდწილად იმპორტის კლების შედეგად გაუმჯობესებული წმინდა სავალუტო შემოდინებები, ევრო/დოლარის გამყარება და უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის ნორმალიზება უწყობს ხელს.

აგრეთვე, გამოვყოფთ თურქული ლირის ბოლოდროინდელ გაუფასურებას, რაც, შესაძლოა, ლარისთვის ნეგატიური ფაქტორი იყოს. გადაცემის მექანიზმის დეტალურ ანალიზს უფრო სიღრმისეული და განახლებული კვლევა სჭირდება, თუმცა, ჩვენი შეფასებით, ლირის გაუფასურება ლარს, როგორც წესი, მაშინ გადაეცემა, როდესაც დოლართან მიმართებით რეგიონის სხვა ვალუტებიც უფასურდება. ამავდროულად, სუსტი ლირა/ლარი მეტწილად ორმხრივ სავაჭრო ბალანსზე მოქმედებს, ვიდრე მთლიანზე, ანუ თურქეთიდან შედარებით იაფი იმპორტული საქონელი, უმრავლეს შემთხვევაში, კონკურენციას უფრო სხვა იმპორტულ პროდუქციას უწევს, ვიდრე – ადგილობრივად წარმოებულს.

გაეცანი პუბლიკაციის სრულ ვერსიას ბმულზე.

R

“ძველი კეთილი დრო”, როცა რუსულ გაზზე ვიყავით დამოკიდებული, ისევ ბრუნდება? მოდით, ახლო წარსული გავიხსენოთ”

ჩეხეთის პოპულარულ მრავალტირაჟიან გაზეთში „ლიდოვე ნოვინში“ (Lidové noviny  „სახალხო გაზეთი“) დაბეჭდილია სტატია სათაურით: „ძველი კეთილი დრო“, როცა რუსულ გაზზე ვიყავით დამოკიდებული, ისევ ბრუნდება? მოდით, ახლო წარსული გავიხსენოთ“ (ავტორი – მარეკ გუდემა). პუბლიკაციაში განხილულია სავარაუდო სიტუაცია, რომლის მიხედვით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ გერმანია შეიძლება ისევ რუსულ გაზს დაუბრუნდეს. ისმება კითხვა: რამდენად მომგებიანია ეს ევროპისათვის?

გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით:

გერმანიაში დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ევროპის ჯერ კიდევ ყველაზე მდიდარმა ქვეყანამ შეიძლება ისევ დაიწყოს რუსული გაზის მოხმარება და ამ მიზნით გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აუფეთქებელი მილი გამოიყენოს., რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზეა ჩადებული რუსეთიდან გერმანიის მიმართულებით. ამას ამბობენ არამარტო ულტრამემარჯვენე [პრორუსული] პარტიის „ალტერნატივა გერმანიისათვის“ ბუნდესტაგში არჩეული დეპუტატები, არამედ მათი კოლეგები კონსერვატიული გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან. ანუ საქმე ეხება ორი პარტიის პოლიტიკოსთა პოზიციას, რომლებიც, დიდი ალბათობით, ქვეყნის ახალ კოალიციურ მთავრობას შექმნიან.

მართალია, დეპუტატთა ნაწილი აღნიშნავს, რომ გაზსადენის გაშვება უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებს დადების შემდეგ უნდა მოხდეს, მაგრამ მაინც საკმაოდ უცნაურად ჟღერს. ზოგიერთ გერმანელ პოლიტიკოსს, როგორც ჩანს, საკუთარ შეცდომებზე სწავლის უნარი არ გააჩნია.

ბუნებრივი გაზის პლუსები

ერთი მხრივ, გერმანიისათვის – ისევე როგორც ევროპის ზოგიერთი ქვეყნისათვის, გაზსადენის ამოქმედება, მომგებიანი უნდა იყოს. რუსული იაფი ენერგომატარებლები (ამ შემთხვევაში – ბუნებრივი გაზი) უზრუნველყოფს ეკონომიკურ უპირატესობებს, პირველ რიგში მრეწველობისათვის, რომელიც ამჟამად ზარალდება იმით, რომ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, მაგალითად, აშშ-ში, ენერგიაზე დანახარჯები ბევრად ნაკლებია. გერმანია ამჟამად სხვადასხვა წყაროებიდან ბუნებრივ გაზს საკმაოდ მაღალი ფასით ყიდულობს. შესაბამისად, ძვირი გაზისაგან თბოელექტროსადგურებში გამომუშავებული ელექტროენერგიაც ძვირია და თუ მრეწველობა ძვირი ელექტროენერგიით სარგებლობს, მაშინ ცხადია, გამოშვებული პროდუქციაც ძვირდება. ასეთი სიტუაცია ხელს უშლის გერმანიის საგარეო ვაჭრობას და ექსპორტს. იაფი გაზი, რასაკვირველია, გერმანულ პროდუქციას გააიაფებდა და საექსპორტო ლოკომოტივს ენერგიას შემატებდა.

იაფი რუსული გაზით სარგებლობდა ასევე შეამცირებდა ჰაერში ე.წ. „სათბურის გაზების“ (ნახშირორჟანგის) კონცენტრაციას, ანუ ერთგვარი ეფექტური საშუალება იქნებოდა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში. ბუნებრივი გაზი, რა თქმა უნდა, ბევრად სუფთაა ქვანახშირთან შედარებით, რომლის წვის შედეგად გამოიყოფა არამარტო „სათბურის გაზი“, არამედ დიდი რაოდენობით ჭვარტლი (მტვერი) და რჩება ნაცარი. ბუნებრივ გაზს შეუძლია ენერგეტიკული კომპენსაციის როლი შეასრულოს, როცა ქარისა და მზის ელექტროსადგურები არ მუშაობენ.

პლუსებიდან – მინუსებში

მაგრამ მეორე მხრივ, გაუგებარია – რამდენად სასარგებლოა თანამედროვე მსოფლიოში თავისუფალი ვაჭრობა, როცა არავინ არ იცის – იაფი საექსპორტო საქონელი შეიძლება ისეთი ბაჟით დაიბეგროს, რომ ვაჭრობამ აზრი დაკარგოს, ან სხვა სავაჭრო ბარიერები იქნას გამოყენებული ერთი ქვეყნის მიერ მეორის წინააღმდეგ. ანუ იმის თქმა გვინდა, რომ ექსპორტის გაფართოების უპირატესობა შეიძლება სწრაფად გადაიქცეს წამგებიან და მოწყვლად საქმიანობად.

გარდა ამისა, ზოგიერთი ეკონომისტის აზრით, [1980-იანი წლების დასაწყისიდან] იაფი რუსული ენერგომატარებლებით სარგებლობამ გერმანიის მრეწველობის სტრუქტურები ერთ ადგილზე „გააქვავა“ – მიაჩვია გაზს და მათი განვითარება შენელდა, ყურადღება არ ექცეოდა მოდერნიზებას. თუ გავითვალისწინებთ იმას, თვით რუსეთში როგორი პირობებით მოიპოვებენ გაზს, როცა გარემოს დაცვის წესები უხეშად ირღვევა და უყურადღებოდ ტოვებენ მავნე ნივთიერებების ჰაერში გაბნევას, მაშინ გაზის ეკოლოგიური უპირატესობა საკმაოდ საეჭვო ხდება.

მაგრამ იაფი გაზით სარგებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი საწინააღმდეგო არგუმენტი ის არის, რომ გერმანია და მასთან ერთად ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილი, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება. ეს სიმწარე ჩვენ უკვე გამოვიარეთ. რუსეთი თავის კლიენტებს უცერემონიოდ ეკიდება და გარდა ამისა, ენერგომატარებლების მიწოდებას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს.

ის, რომ რუსეთი გაზის არასაიმედო მიმწოდებელია ევროპისათვის, სრულიად გასაგები გახდა 2009 წლის გაზის კრიზისით, როცა რუსეთ-უკრაინის უთანხმოების გამო გაზის მიწოდება ევროპაში თითქმის ორი კვირით შეწყდა. რა თქმა უნდა, მავანი იტყვის, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი“  უკრაინის ტერიტორიაზე არ გადის და მას გადაკეტვის მხრივ არანაირი საფრთხე არ ემუქრებაო, მაგრამ მოდით, 2021-22 წლების გაზის კრიზისიც გავიხსენოთ, როცა რუსეთმა, უკრაინაში შეჭრის წინ, ევროპას თვითონ შეუწყვიტა ბუნებრივი გაზის მიწოდება იმავე „ჩრდილოეთის ნაკადით“.

პუტინი და ტრამპი გაზის ვენტილთან

2021 წელს, როცა რუსეთმა სხვადასხვა მიზეზებით, გაზის მიწოდება შეწყვიტა, ევროპა გაზის მწვავე უკმარისობის წინაშე დადგა: გაზსაცავები შევსებული არ იყო და ფასებმა კატასტროფულად მოიმატა. ეკონომიკური ანალიტიკოსები ათასგვარ ახსნა-განმარტებებს იძლეოდნენ, მაგრამ ისე მიკიბულ-მოკიბულად, რომ ადამიანი ვერაფერს გაიგებდა. მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ყველაფრის უკან რუსული კომპანიები იდგნენ, უპირატესად კი „გაზპრომი“, რომელმაც საბაზრო ეკონომიკის წესებიდან მკვეთრად გადაუხვია და კრემლის პოლიტიკური მითითებების შესრულება დაიწყო.

ასეთი მოქმედების მიზანი, რომელიც, ცხადია, არავის არ უღიარებია, აშკარად ნათელი იყო: რუსეთს სურდა, უკრაინაზე თავდასხმის წინ, ევროპისათვის ეჩვენებინა – რუსეთზე ხარ დამოკიდებული და გაითვალისწინეო. სხვათა შორის, ევროპის ძლიერი დამოკიდებულება რუსეთზე გაზით უზრუნველყოფის საკითხში ცივი ომის დროსაც იგრძნობოდა: იმ დროს აშშ-ის ხელისუფლება ევროპელებს საყვედურობდა – რუსული გაზის სიყვარულით თქვენ საკუთარი თავისა და ნატოს ძლიერებას ძირს უთხრითო.

რასაკვირველია, უაზრობაა საკუთარი შეიარაღების გაფართოება და არმიის გაძლიერება საბჭოთა ტანკების შეჩერების მიზნით იმ დროს, როცა შენივე ნებით სულ უფრო მეტ რუსულ გაზს ყიდულობ და ამით ხაფანგში ექცევი – კრემლს ხომ შეეძლო გაზის ვენტილის გადაკეტვა და გერმანიის ეკონომიკის კრიზისში ჩაგდება? ან მოსახლეობის გაყინვა?

სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ანალოგიურ სიტუაციაში ვიმყოფებით. ხომ ბევრს ვლაპარაკობთ რუსეთის აგრესიულობაზე, რუსულ საფრთხეზე, ვაცხადებთ შეიარაღების აუცილებლობას… ამ დროს კი ისევ რუსული გაზის ყიდვაზე ვფიქრობთ. ნუთუ ისევ გვინდა კრემლზე დამოკიდებული ვიყოთ? ამ შემთხვევაში ის გარემოება, რომ შეიძლება გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“ აშშ-მა შეისყიდოს, სიტუაციას არ ცვლის.

მართალია, შეერთებული შტატები ჩვენთვის საფრთხის ისეთ წყაროს არ წარმოადგენს, როგორიც რუსეთია, მაგრამ ბოლო დროს ვაშინგტონი ევროპისათვის საკმაოდ არასაიმედო პარტნიორი გახდა, რომელსაც ჩვენი ინტერესები არ ადარდებს. თუ ევროპის მიმართულებით  გაზსადენების ვენტილებს ვლადიმერ პუტინთან ერთად დონალდ ტრამპიც გააკონტროლებს, ამით ევროპას სიკეთე არ მოემატება. უბრალოდ, ერთი კითხვის ნიშნის ნაცვლად ჩვენ ორს მივიღებთ, რაც პოზიტიურ მიღწევად ნამდვილად არ ჩაითვლება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

ბიძინა ივანიშვილის ყელზე ყულფი ვიწროვდება – თამარ  ჩერგოლეიშვილი

ბიძინა ივანიშვილის ყელზე ყულფი ვიწროვდება – გუშინ, როდესაც პოლიტპატიმრების მშობლები აქციას მართავდნენ, პარალელურად საბანკო ბარათები გაეთიშათ რეჟიმის, ბიძინა ივანიშვილის ბოროტ თოჯინებს, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებს – მურუსიძეს და ჩინჩალაძეს, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ძალაუფლების გადაბარებას თავისუფალი არჩევნების გზით მიაღწევს.

„დღეს, ძალიან კარგი დღე გვქონდა. ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ყელზე ყულფი ვიწროვდება. სიმბოლურია, რომ გუშინ, როდესაც პოლიტპატიმრების მშობლები აქციას მართავდნენ, პარალელურად საბანკო ბარათები გაეთიშათ რეჟიმის, ბიძინა ივანიშვილის ბოროტ თოჯინებს, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებს – მურუსიძეს და ჩინჩალაძეს. ეს კარგი იყო.

ასევე, ძალიან საინტერესო იყო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჯეი დი ვენსს ხშირად იყენებს ხოლმე „ქართული ოცნება”, როგორც ამერიკასთან დალაგების ინსტრუმენტს და ძალიან სიმბოლური იყო ისიც, რომ ჯეი დი ვენსის სიტყვებით უპასუხა სახელმწიფო დეპარტამენტმა. დღეს კიდეც შათირიშვილი გამოაგორეს, რომელიც ისევ „დიფ სთეითზე“ რაღაცებს როშავდა, “ქართული ოცნების” ლოიალისტების დასამშვიდებლად, რომლებიც ძალიან ნერვიულობენ. ძალიან კარგად ვხედავთ და კვლევებიც ამას ადასტურებს, რომ “ქართული ოცნების” ლოიალისტები არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ისინი ბიძინა ივანიშვილისგან კრიზისის გადაწყვეტას ელოდებიან. პირველ რიგში, ადგილობრივი პროტესტით და შემდეგ დასავლეთის წნეხით, ჩვენ კრიზისი გავაგრძელეთ და ბიძინა ივანიშვილმა ეს კრიზისი ვერ მოაგვარა. აუცილებლად მივაღწევთ რეჟიმის ჩამოშლას და ძალაუფლების გადაბარებას თავისუფალი არჩევნების გზით. ეს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ დევნას დაასრულებს”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

 მივდივართ არჩევნებისკენ, რეჟიმის ჩამოშლისკენ, ეს არის რთული, გრძელი გზა, მაგრამ ერთადერთი, რომელიც მიგვიყვანს ბოლომდე-სალომე ზურაბიშვილი

მივდივართ არჩევნებისკენ, რეჟიმის ჩამოშლისკენ, ეს არის რთული, გრძელი გზა, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური გაგებით, ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც მიგვიყვანს ბოლომდე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, უცხოელი პარტნიორებისგან ბოლო ორი დღის განმავლობაში გაკეთებული განცხადებები აჩვენებს, რომ ოპოზიციის კოორდინაციამ შედეგი გამოიღო.

„დღეს ჩვენ განვიხილეთ ორი თემა. პირველი არის პატიმრების ოჯახების ახალი წამოწყება, მათი კოორდინირება. როგორც ჩანს, ეს ფორმატი შეიქმნა. მინდა, წინააღმდეგობის პლატფორმისგან გამოვუცხადო სოლიდარობა და ხაზი გავუსვა, რომ ამ კოორდინაციის ორი მიზანი რჩება უცვლელი. ახალი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების მზადება, ასევე სინდისის პატიმრების გათავისუფლება. იმასაც უნდა გავუსვა ხაზი, რომ სინდისის პატიმრების მდგომარეობა, წამება და ცუდი მოპყრობა არის ჩვენი მუდმივი თემა უცხოელ პარტნიორებთან. ახლა უკვე კოორდინაციის ფორმატში. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ამან უკვე შედეგი მოიტანა და გუშინდელი დღეს იყო ძალიან ძლიერი დარტყმა მმართველ პარტიაზე, რეჟიმზე, რადგან წამოვიდა სხვადასხვა კუთხიდან სერიოზული, მკაცრი რეაქციები. ერთი მხრივ კაია კალასისგან და მარტა კოსისგან. ასევე ჰელსინკის კომისიის ორპარტიული განცხადება იყო, რომელიც ანაკლიის პორტის საკითხს და იქ ჩინელების შემოყვანას ეხმაურება. ესეც მკაცრი განცხადებაა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის კომენტარი, რომელიც კიდევ ერთხელ ახსენებს რეჟიმს, რა უნდა გაააკეთოს, თუ სურს გაუმჯოიბესება აშშ-სთან ურთიერთობები. ასევე დიდი ბრიტანეთის ახალი სანქციები და ოდირის განცხადება ფარაზე. ეს ხუთივე განცხადება არის ძალიან დიდი დარტყმა რეჟიმისთვის. ნიშანდობლივია, რომ პირველად სასამართლო სისტემა დასანქცირდა ბრიტანეთისგან და სწორედ ის ადამიანები, რომლებიც არიან პასუხისმგებლები სინდისი პატიმრების დაკავებაზე და მათ ციხეში ყოფნაზე. ეს განცხადებები არის უკვე ერთი ნაბიჯი გამარჯვებისკენ. ჩვენ ასე მივდივართ არჩევნებისკენ, რეჟიმის ჩამოშლისკენ. ეს არის რთული, გრძელი გზა, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური გაგებით, ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც მიგვიყვანს ბოლომდე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და თვითონ გადაწყვეტს, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობები-კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და თვითონ გადაწყვეტს, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობები.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს „ჰელსინკის კომისიის“ წევრების მიერ გამოქვეყნებული განცხადების პასუხად უთხრა, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტის კონტროლი „გადასცეს ჩინეთის კომუნისტურის პარტიის მიერ მხარდაჭერილ, აშშ-ის მიერ დასანქცირებულ კონგლომერატს“.

„საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო და თვითონ გადაწყვეტს, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობები, რა ტიპის ურთიერთობები ჰქონდეს და რა სავაჭრო ურთიერთობები. ეს არ არის „ჰელსინკის კომისიის“ საქმე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება აშშ-თან ურთიერთობების დალაგებას, თბილისის მერი ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი არის ქართველი ხალხი.

„ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ქართველი ხალხი, ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქვეყნის ინტერესები. მერე არის ყველაფერი დანარჩენი, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობები. რა არის ამაში გაუგებარი? მარტივად, ვაკვირდებით პროცესებს, ვართ მოლოდინის რეჟიმში. გულწრფელად ვიტყვი: იმ პოლიტიკის გამო, იმ მხილების გამო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“, ამ პატარა ქვეყანამ დაიწყო და მთელ მსოფლიოს დაანახა, რა არის „დიფ სთეითი“, სამი წლის წინ, როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, თქვენ მაშინ ქილიკობდით, არ გჯეროდათ. როდესაც ტრამპი გახდა პრეზიდენტი, პირდაპირ თქვა, რომ მისი მთავარი ამოცანაა, დაამარცხოს „დიფ სთეითი“. ჩვენ ვგულშემატკივრობთ ამაში, რომ მან მოახერხოს „დიფ სთეითის“ დამარცხება, რაც არ იქნება მარტივი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ჩეხეთის საელჩო და კონკრეტული ელჩები დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ საქართველოს მაშინ, როცა ხალხს ქუჩაში კლავდნენ და ციხეებში აუპატიურებდნენ-კახა კალაძე

ჩეხეთის საელჩოს მინდა ვუთხრა, რომ საქართველოში ის დრო არასდროს დაბრუნდება, როცა ხალხს ქუჩაში კლავდნენ, ციხეებში აუპატიურებდნენ. ეს ყველაფერი ჩაბარდა წარსულს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან ჩეხეთის საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას.

კახა კალაძის თქმით, სწორედ ჩეხეთის საელჩო და კონკრეტული ელჩები აფასებდნენ საქართველოს დემოკრატიის შუქურად მაშინ, როცა ხელისუფლება ადამიანებს ქუჩაში კლავდა და აუბედურებდა.

„პირდაპირ ვიტყვი, რომ საქართველო დემოკრატიის შუქურა არ ყოფილა. დემოკრატიის შუქურა ჩვენ ერთი გვყავდა – მიხეილ სააკაშვილი. ეტყობა აერიათ. ამის თქმა უნდოდათ და ვერ გაბედეს. ეს ადამიანი კლავდა, აუბედურებდა ხალხს. პარლამენტში საგამოძიებო კომისია შექმნილია. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ მოსასმენია კონკრეტული ფაქტები, რასაც ამ კომისიაზე განიხილავენ, რაზეც ჩვენ ინფორმაცია გვქონდა. მათი შეხედულებით, ეს იყო დემოკრატიის შუქურა. სწორედ ჩეხეთის საელჩო და კონკრეტული ელჩები, მაღალი თანამდებობის პირები აფასებდნენ ასე, რომ დემოკრატიის შუქურა იყო საქართველო მაშინ, როდესაც ხალხს ქუჩაში კლავდნენ, აუბედურებდნენ, ციხეებს ავსებდნენ. ეს ყველაფერი ჩაბარდა წარსულს.

ჩეხეთის საელჩოს მინდა ვუთხრა, რომ საქართველოში ის დრო არასდროს დაბრუნდება, როცა ხალხს ქუჩაში კლავდნენ, ციხეებში აუპატიურებდნენ. თუ ვინმეს უნდა საკუთარ თავზე გამოცადოს, თავიანთ ოჯახებზე გამოცადონ ეს ყველაფერი და არა ქართველმა ხალხმა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მოლოდინი მქონდა, საქართველოს ხელისუფლებას ტრამპის ადმინისტრაცია მადლობას ეტყოდა, რომ “დიფ სთეითზე” საუბრობდა მაშინ, როდესაც ამას ვერავინ ბედავდა -კახა კალაძე

საქართველოს ხელისუფლებამ ე.წ. დიფ სთეითზე საუბარი დაიწყო მაშინ, როდესაც ამას ვერავინ ბედავდა და გულწრფელად მქონდა მოლოდინი, რომ  ტრამპის ახალი ადმინისტრაცია ამისთვის საქართველოს ხელისუფლებას მადლობას გადაუხდიდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ანალიტიკურ წერილზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, დღეს არსებობს ძალიან ბევრი შეკითხვა და გარკვეული ვაკუუმიც არის შექმნილი პოლიტიკურ ველზე.

„არ მინდა წერილის დეტალურად განხილვა, თუმცა, ერთი რამ ცხადია – ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ და ახლაც ვადასტურებთ მზაობას, რათა ურთიერთობები გადაიტვირთოს და საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ახალი ფურცლით დაიწყოს. ძალიან  ცუდია ის, რაც დღეის მდგომარეობით არსებობს და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მდგომარეობა შეიცვლება. ჩვენ ცოტა ადრე, სამი წლის წინ დავიწყეთ „დიფ სთეითზე“ საუბარი. მაშინ ამას ვერავინ ბედავდა და, გულწრფელად გეტყვით, რომ მოლოდინი მქონდა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა, საქართველოს ხელისუფლებას მადლობას ეტყოდა ამ ყველაფრისთვის. დღეს არის ის მოცემულობა, რომ ტრამპი ებრძვის „დიფ სთეითს“, ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის. ამაზე როდესაც ვსაუბრობდით, ჩვენ დაგვცინოდნენ, მაგრამ, როდესაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა, მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ თურმე არსებობს „დიფ სთეითი“ – ჩრდილოვანი ძალა, რომელიც მართავს მსოფლიოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დღეს ბევრი განცხადება კეთდება „დიფ სთეითთან“ ბრძოლის შესახებ, თუმცა ნაკლებად იდგმება კონკრეტული ნაბიჯები.

„დღეს ვართ მოლოდინის რეჟიმში, არის გარკვეული ვაკუუმი. არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, მაგალითისთვის, ბაიდენის ადმინისტრაციამ ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა იმის გამო, თითქოს მას რაღაც ურთიერთობა ჰქონდა რუსეთთან. დღეს კი რას ვხედავთ, ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თავისი ადმინისტრაციით, პირდაპირ მართავს მოლაპარაკებებს რუსეთთან, საუბრობს ურთიერთობების გადატვირთვაზე, სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებაზე და, ამავე დროს, ბიძინა ივანიშვილი ისევ დასანქცირებულია. „მაგნიტსკის“ სიაში არის ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და არავის მოუხსნია ეს სანქციები. ეს მარტო ჩვენთან მიმართებაში არ ხდება. ნახეთ, რა ხდება სხვადასხვა ქვეყანაში – იგივე რუმინეთში, სადაც არჩევნები აბსურდული მიზეზით გააუქმეს. აშშ-ის ადმინისტრაციამ ეს ყველაფერი დაგმო, მაგრამ რეალური ქმედება არ მოჰყოლია. ამასთანავე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი არის დასანქცირებული და ეს სანქციები არ მოხსნილა. იმის თქმა მინდა, რომ ბევრ განცხადებას ვისმენთ „დიფ სთეითთან“ ბრძოლის შესახებ და რომ ის დამარცხდება, მაგრამ, ჯერჯერობით ეს მხოლოდ ლაპარაკად რჩება და კონკრეტიკა არ არსებობს.

დაველოდოთ, ჩვენ ვგულშემატკივრობთ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას იმაში, რომ დაამარცხებს „დიფ სთეითს“ და, თუ ეს მართლაც მოხდა, რა თქმა უნდა, შედეგები საქართველოზეც აისახება. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა პრიორიტეტების შესახებ, ესენია უკრაინაში ომის დასრულება და „დიფ სთეითის“ დამარცხება. აქედან ჯერ არც ერთი მომხდარა და არც მეორე. ამიტომ დაველოდოთ პროცესებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთანავე მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ატარებს პრაგმატულ ეროვნულ პოლიტიკას, რომელიც საქართველოს ინტერესებს ემყარება და ასე გააგრძელებს მომავალშიც.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არც ამერიკაა და არც ევროპა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა კახა კალაძემ.