Home Blog Page 146

გამოცხადდა  2025 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი. 

კონკურსის მიზანია ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს. კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში.

კონკურსის პირობების  შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

აღნიშნულის შესახებ რიჟვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მივიღე გადაწყვეტილება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ. მეშვიდე წელია, ვიკავებ აღნიშნულ პოზიციას. დროა სიახლის და მინდა, წარმატება ვუსურვო მომავალ თავმჯდომარეს. მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობისთვის, მემსახურა ჩემი კუთხისთვის. მადლობა, მინდა, გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს მთავრობის თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეული მხარდაჭერისთვის. მადლობა თითოეულ თანამშრომელს, პარტიის წევრებს, გუნდს. განსაკუთრებული მადლობა აჭარის მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის. ვრჩები ,,ქართული ოცნების“ ერთგულ ჯარისკაცად და დარწმუნებული ვარ, არაერთი დიდი გამარჯვება გველოდება წინ“, – წერს რიჟვაძე.

აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა, მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს -პაატა იმნაძე

აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა, მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს. მათი მიღება ხანგრძლივი დროით და დიდი დოზით უნდა გაგრძელდეს, რომ ღვიძლის ან სხვა რაიმე უფრო მძიმე დაავადება გამოიწვიოს. ამ რაოდენობაზე კი, რომელიც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არსებულ დასაშვებზე ნაკლებია, ეს საშიშროება არ არსებობს, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ტოქსიკოლოგებსა და ექსპერტებთან შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აპოლონ კაკაბაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურიშვილი.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, სხვადასხვა ქვეყანაში აფლატოქსინების სხვადასხვა ნორმატივია. მისივე განცხადებით, საქართველო ევროპული ნორმატივებით ხელმძღვანელობს, რომელიც ამერიკულზე 10-ჯერ მკაცრია.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო გააგრძელებს უწყვეტ კონტროლს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველდღიურად ასობით სხვადასხვა დასახელების პროდუქტს ამოწმებს, რათა მოსახლეობისთვის მხოლოდ უვნებელი პროდუქტი იყოს ხელმისაწვდომი.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა აფლატოქსინი და მოუწოდა მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული რძე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, „სოფლის ნობათის“ იმპორტირებული რძის ხუთი ნიმუშის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა მიმდინარეობს. ამასთან, განცხადება გაავრცელა „სოფლის ნობათმა“, სადაც აღნიშნულია: „გაყიდვიდან ვიღებთ პარტნიორების მიერ აზერბაიჯანში წარმოებული რძის მცირე პარტიას, პროდუქტი საფრთხეს არ წარმოადგეს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ იგი, შესაძლოა, ზოგიერთ ადგილობრივ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდეს“.

4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე ვერძებისგან ყურადღებას მოითხოვს ფინანსების მიმართ. შეიძლება გაგიჩნდეთ ცდუნება, რომ დიდი შესყიდვა გააკეთოთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ. მოსალოდნელია მოულოდნელი ხარჯები, რომლებიც ახლო ნათესავებს უკავშირდება. ინვესტიციებთან დაკავშირებულ საკითხებში რისკიან ავანტიურებს თავი უნდა აარიდოთ. თუკი ხელფასის ან სამუშაო პირობების განხილვა დაგეგმილი გაქვთ, ამისთვის იდეალური დღეა.

რჩევა: სანამ დიდ თანხას დახარჯავთ, კარგად დაფიქრდით. თუ შესაძლებელია, შეძენა რამდენიმე დღით გადადეთ, რათა უფრო გააზრებული გადაწყვეტილება მიიღოთ.

კურო

ეს დღე კუროებისთვის რომანტიკულ სფეროში მოვლენებით დატვირთული იქნება. წყვილებს ექნებათ შესაძლებლობა, პარტნიორთან მნიშვნელოვან საკითხებზე გულწრფელად ისაუბრონ. რაც შეეხება მარტო მყოფ კუროებს – შესაძლებელია მოულოდნელად შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ნამდვილ ინტერესს გაგიჩენთ. მნიშვნელოვანია, მომენტი ხელიდან არ გაუშვათ და ინიციატივის გამოჩენის არ შეგეშინდეთ.

რჩევა: თამამად ისაუბრეთ თქვენს გრძნობებსა და სურვილებზე, მაგრამ ერიდეთ კატეგორიულობას და მკვეთრ განცხადებებს.

ტყუპები

თუ დიდი ხანია, თანამოაზრეებს ეძებთ, თქვენი იდეები მხარდაჭერას იპოვის. თუ გსურთ, რომ პროექტებზე ხელმძღვანელობას ესაუბროთ, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა. ზოგიერთ ტყუპს საინტერესო სამუშაო შეთავაზება ან კარიერული წინსვლის პერსპექტივა გაუჩნდება. მთავარია, პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ და შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

რჩევა: ეს დღე სასარგებლო კონტაქტების დამყარებას და ინიციატივის გამოჩენას დაუთმეთ. რაც უფრო აქტიური იქნებით, მით მეტი შესაძლებლობები გაგეხსნებათ.

კირჩხიბი

ჯანმრთელობაზე ზრუნვას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ — განსაკუთრებით, თუ დიდი ხანია, ორგანიზმის მოთხოვნილებებს უგულებელყოფთ. დღეს განსაკუთრებით მგრძნობიარეა ნერვული სისტემა, ამიტომ უმჯობესია, კონფლიქტებს, გადატვირთულ გრაფიკს და ზედმეტ სტრესს მოერიდოთ. სასურველია, საღამო მშვიდ გარემოში გაატაროთ.

რჩევა: იზრუნეთ საკუთარ თავზე – დაუთმეთ დრო დასვენებას, სრულფასოვან ძილს და დამამშვიდებელ აქტივობებს.

ლომი

დღეს ლომებისთვის კომუნიკაციისა და კავშირების გამყარების დღეა. შესაძლოა, მნიშვნელოვანი შეხვედრაზე მიგიწვიონ, კორპორაციულ ღონისძიებაში მიიღოთ მონაწილეობა ან ახალ პროექტში ჩაერთოთ. არ ღირს უარის თქმა – ეს კონტაქტები მომავალში გამოგადგებათ.

რჩევა: იყავით გახსნილები კომუნიკაციისთვის, მაგრამ ერიდეთ ტრაბახს – ეს შესაძლოა სხვების შურს იწვევდეს.

ქალწული

ქალწულებისთვის შესანიშნავი დროა კითხვისთვის, სწავლისთვის და პიროვნული ზრდისთვის. თუ დიდი ხანია კურსის დაწყებას, ახალი უნარის შეძენას ან პროფესიის შეცვლას გეგმავდით – ეს საუკეთესო მომენტია პირველი ნაბიჯის გადასადგმელად. ინტუიცია სწორ მიმართულებას მიგანიშნებთ.

რჩევა: ენდეთ თქვენს შინაგან ხმას – თუ რაიმე მიგიზიდავთ და ინტერესს იწვევს, ეს სწორედ ის გზაა, რომელიც ზრდისა და განვითარებისკენ მიგიყვანთ.

სასწორი

დღეს სასწორებს ემოციური გამოცდები ელით. წყვილებში შესაძლოა გაუგებრობები წარმოიშვას. პრობლემებზე თვალის დახუჭვა არ ღირს – გულწრფელი საუბარი ყველაფერს თავის ადგილას დაალაგებს. მარტო მყოფ სასწორს შესაძლოა მოულოდნელად წარსულის ადამიანი შეგხვდეთ. ეს არ ნიშნავს, რომ ურთიერთობა განახლდება, მაგრამ დაგაფიქრებთ, რა არის თქვენთვის ადამიანში მნიშვნელოვანი.

რჩევა: იყავით გულწრფელები საკუთარ თავთან და პარტნიორთან.

მორიელი

სიფრთხილე გმართებთ ფინანსებთან დაკავშირებით. მაღალია ალბათობა, რომ ემოციური შესყიდვები გააკეთოთ, რომლებიც საბოლოოდ არასაჭირო აღმოჩნდება. დღე შესაფერისია ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფინანსური რისკების შეფასებისთვის — უმჯობესია, ყველაფერი კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ.

რჩევა: ფინანსურ საკითხებში სპონტანურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. კონცენტრირდით გრძელვადიან მიზნებზე.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები დღეს კარიერაში საინტერესო წინადადებას მიიღებენ. შესაძლოა, უფროსმა ახალი თანამდებობა შემოგთავაზოთ ან მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია პერსპექტიული მიმართულების შესახებ. თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, არ იჩქაროთ – ყველა ვარიანტი კარგად უნდა აწონ-დაწონოთ. დღე ასევე ხელსაყრელია მოლაპარაკებებისთვის.

რჩევა: ინიციატივა თამამად გამოხატეთ, მაგრამ გადაწყვეტილებები ემოციებზე დაყრდნობით არ მიიღოთ.

თხის რქა

თქვენი ჯანმრთელობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. დღის განმავლობაში შესაძლოა მცირე გადაღლა იგრძნოთ, რაც დღის რეჟიმის დარღვევას უკავშირდება. ამიტომ, ფრთხილად იყავით. დღე შესანიშნავია დასვენებისთვის, მედიტაციისთვის და მსუბუქი ფიზიკური აქტივობისთვის.

რჩევა: იზრუნეთ საკუთარ თავზე და ორგანიზმის სიგნალები არ უგულებელყოთ.

მერწყული

მერწყულებს დღეს საინტერესო შეხვედრები და კომუნიკაცია ელით. გაქვთ შანსი, ძველი კონტაქტები განაახლოთ. დღე ხელსაყრელია გუნდურ ღონისძიებებში მონაწილეობის, ერთიანი პროექტების განხილვისა და ახალ ადამიანებთან კავშირების დამყარებისთვის.

რჩევა: იყავით გახსნილი ახალი კონტაქტების მიმართ – ისინი მომავალში ძალიან გამოგადგებათ.

თევზები

დღე ემოციურად დატვირთული იქნება, მაგრამ თუ ინტუიციას მოუსმენთ, სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. მოსალოდნელია საინტერესო შემოთავაზებები სამუშაოსა და პირად ცხოვრებაში. დღე ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, თვითგამოხატვისთვის და შთაგონების ძიებისთვის. თუ დიდი ხანია, რაღაც ახალს გეგმავდით, ეს საუკეთესო დროა პირველი ნაბიჯის გადასადგმელად.

რჩევა: ენდეთ საკუთარ გრძნობებს და ინტუიციას — ისინი სწორი გზისკენ წაგიყვანენ.

“სოფლის ნობათი” განცხადებას ავრცელებს

ჩვენთვის, PepsiCo-ში, არაფერია იმაზე უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული, ვიდრე ჩვენი მომხმარებლებისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება. სწორედ ამიტომ, განცხადების გარეშე ვერ დავტოვებთ დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც გაყიდვიდან ვიღებთ ჩვენი პარტნიორების მიერ აზერბაიჯანში წარმოებული რძის მცირე პარტიას (UHT რძე), – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაშ, რომელსაც „სოფლის ნობათი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„გვინდა, აღვნიშნოთ, რომ მოცემული პროდუქტი მომხმარებლისთვის საფრთხეს არ წარმოადგეს, თუმცა, სააგენტოს დადგენილებით, არსებობს ვარაუდი, რომ იგი, შესაძლოა, ზოგიერთ ადგილობრივ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდეს.

მოთხოვნების ტექნიკურ დეტალებში შეუთანხმებლობისა და გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად, ჩვენ აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ შესაბამის ორგანოებთან, რათა ყველაფერი უფრო ცხადი და გასაგები გახდეს. მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის, რძის აღნიშნული პარტია უახლოეს საათებში სრულად იქნება ამოღებული გაყიდვიდან. ამასთან, ჩვენ ვწყვეტთ თანამშრომლობას ზემოხსენებულ აზერბაიჯანელ პარტნიორთანაც მანამ, სანამ ყველა ტექნიკური დეტალი არ დაზუსტდება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ აზერბაიჯანში წარმოებული ულტრაპასტერიზებული რძის მცირე რაოდენობაზე და არანაირად არ მოქმედებს სოფლის ნობათის ქართულ საწარმოში დამზადებულ პროდუქტებზე. ჩვენი პროდუქცია აკმაყოფილებს ხარისხისა და სურსათის უვნებლობის ყველა მოთხოვნას და სრულადაა მორგებული მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს.

ბოდიშს გიხდით შექმნილი გაუგებრობისთვის და გპირდებით, რომ ყველაფერს ეფექტურად და საფუძვლიანად გამოვიძიებთ“,- აღნიშნულია „სოფლის ნობათის“ განცხადებაში.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა აფლატოქსინი და მოუწოდა მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული რძე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, „სოფლის ნობათის“ იმპორტირებული რძის ხუთი ნიმუშის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა მიმდინარეობს.

https://www.facebook.com/Soplisnobati1/posts/pfbid02wjHxsnA8GGhdXD5Jky3GgWAXgeBvPUUokFa1Z4ZSUp6NrwMDeP8LSKk6LyaU5QCsl

 ჩვენი ბაზრები აყვავდება, აქციები აყვავდება, ქვეყანა აყვავდება -დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მის მიერ დაწესებული ტარიფები „შეერთებულ შტატებს ააყვავებს“.

„ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ეს იყო ოპერაცია. როგორც როცა პაციენტს ოპერაციას უკეთებენ. ეს დიდი რამაა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, სხვა ქვეყნები წლების განმავლობაში სარგებლობდნენ ამერიკის პოზიციით საერთაშორისო ვაჭრობაში.

„ბაზრები აყვავდება. აქციები აყვავდება. ქვეყანა აყვავდება. დანარჩენ მსოფლიოს სურს, ნახოს, არის თუ არა რაიმე გზა, რომ გარიგება დადონ. ისინი სარგებელს იღებდნენ ჩვენგან მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში. მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ბურთის არასწორ მხარეს ვიყავით. ვფიქრობ, ეს ფანტასტიკური იქნება. თითქმის 7 ტრილიონი დოლარის ინვესტიცია შემოდის ჩვენს ქვეყანაში. ნახავთ, როგორ დასრულდება. ჩვენი ქვეყანა აყვავდება“,- განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

მსგავსი შემთხვევები ხდება ყველა ქვეყანაში, მთავარია სწორი და დროული რეაგირება. ვიმედოვნებ, სურსათის უვნებლობის სამსახური კეთილსინდისიერად გააგრძელებს თავის საქმიანობას და მომავალშიც აღმოფხვრის მსგავს პრობლემებს -თემურ მიქელაძე

მსგავსი შემთხვევები ხდება ყველა ქვეყანაში, მთავარია სწორი და დროული რეაგირება. ვიმედოვნებ, სურსათის უვნებლობის სამსახური კეთილსინდისიერად გააგრძელებს თავის საქმიანობას და მომავალშიც აღმოფხვრის მსგავს პრობლემებს, – წერს პედიატრი თემურ მიქელაძე სოციალურ ქსელში „სოფლის ნობათის“ რძეში აღმოჩენილ აფლატოქსინის მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებით.

„მინდა გამოვეხმაურო გავრცელებულ ინფორმაციას „სოფლის ნობათის“ რძეში აღმოჩენილ აფლატოქსინის მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებით.

• აფლატოქსინი, ერთ-ერთი სოკოვანი ტოქსინია, რომელიც გვხვდება სხვადასხვა ტიპის საკვებში, მათ შორის რძეშიც. ის ასოცირებულია მწვავე და ქრონიკულ ინტოქსიკაციასთან.

• ქრონიკული ექსპოზიცია ასოცირებულია ღვიძლის დაზიანებასთან, ღვიძლისა და სხვა ორგანოების სიმსივნესთან და რამდენიმე კვლევის მიხედვით სიმაღლეში ზრდის შეფერხებასთან.

• არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი რეკომენდაცია სისხლში აფლატოქსინის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

• ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს სურსათის უვნებლობის სამსახური, რომელიც აკონტროლებს რძეში და არამარტო, აფლატოქსინის შემცველობას. აფლატოქსინის შემცველობის დასაშვებ ნორმაზე მეტი კონცენტრაციის აღმოჩენისთანავე, ისინი ვალდებულნი არიან აცნობონ შესაბამის სტრუქტურებს და ამოიღონ პროდუქცია ბაზრიდან.

• JESCA-ს მიერ დადგენილი უსაფრთხო შემცველობაა 0.5 to 15 µg/კგ-ზე. სოკოვანი ტოქსინების შემცველობა რძეში და სხვა პროდუქტებში მაქსიმალურად მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. ყველა სახელმწიფო ვალდებულია აკონტროლოს პროდუქცია და დასაშვებ ნორმაზე მეტის აღმოჩენის შემთხვევაში ამოიღოს პროდუქცია გაყიდვებიდან.

• მსგავსი შემთხვევები ხდება ყველა ქვეყანაში, მთავარია სწორი და დროული რეაგირება. ვიმედოვნებ, სურსათის უვნებლობის სამსახური კეთილსინდისიერად გააგრძელებს თავის საქმიანობას და მომავალშიც აღმოფხვრის მსგავს პრობლემებს.

P.S რძის და რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები,რომლებიც რეკომენდაციას გასცემენ ბავშვთა კვებაში საკუთარი პროდუქციის გამოყენებაზე, მუდმივად უნდა კონტროლდებოდეს სახელმწიფოში არსებული მკაცრი მარეგულირებლების მიერ.

დედის რძე – ოქროს სტანდარტი ბავშვთა კვებაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ფიზიკურ, სულიერ და სოციალურ კეთილდღეობას!“, – წერს თემურ მიქელაძე.

https://www.facebook.com/temur.mikeladze.31/posts/3125956040885600?ref=embed_post

“სოფლის ნობათის” იმპორტირებული რძის ხუთი ნიმუშის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა მიმდინარეობს -სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოში“ (ს/კ 204546553 („სოფლის ნობათი“) ინსპექტირების შედეგების შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, იმპორტირებული რძის ხუთ ნიმუშში, რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი, აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა. მიმდინარეობს აღნიშნული პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა.

„სურსათის ეროვნული სააგენტო აფლატოქსინებზე ნედლი რძის კვლევას სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში 2022 წლიდან ახორციელებს, რაც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით და ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. სურსათის ეროვნული სააგენტო, ქვეყნის მოსახლეობის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, ყოველდღიურად ასობით ობიექტზე კონტროლის ღონისძიებას ახორციელებს. შემოწმება ხორციელდება როგორც წინასწარ გაწერილი გეგმის ფარგლებში, ისე ყველა იმ შეტყობინებაზე საპასუხოდ, რომელიც მოსახლეობის მხრიდან ფიქსირდება. სურსათის ეროვნული სააგენტო მყისიერად ახდენს მოსახლეობის ინფორმირებას აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით, რადგან სააგენტოსთვის პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაა“, – აცხადებენ სურსათის ეროვნული სააგენტოში.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა აფლატოქსინი და მოუწოდა მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული რძე.

ტარიფები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება, ენდეთ პრეზიდენტ ტრამპს-თეთრი სახლის პრესსპიკერი

ენდეთ პრეზიდენტ ტრამპს, – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტი აშშ-ში საფონდო ბირჟების ინდექსების შემცირებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა ტრამპს, გადახედოს რომელიმე ტარიფს, ვიდრე 5 აპრილს ძალაში შევა, თეთრი სახლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ტარიფები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება.

„ის ყოველთვის მზადაა, აიღოს ტელეფონი ზარებზე პასუხის გასაცემად, მაგრამ მან გუშინ დაადგინა, რატომ ვაკეთებთ ამას“, – განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.

აშშ-ის საფონდო ბირჟები კლებით გაიხსნა. „დოუ ჯონსის“ ინდექსი – 2.8 პროცენტით, „ეს-ენ-პი“-ს 3.3 პროცენტით, ხოლო ტექნოლოგიური „ნასდაქის“ 4.4-პროცენტით არის შემცირებული. ასევე შემცირდა დიდი კომპანიების ღირებულება, მათ შორის „ნაიკის“ 11 პროცენტით ერთ მომენტში, „გეფის“ 18 პროცენტით, „ამაზონის“ შვიდი პროცენტით, „ეფლის“ ცხრა პროცენტით, „ჰარლი დევიდსონის“ კი 4.5 პროცენტით. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, მედიასაშუალებები აღნიშნავენ, რომ აქციების ღირებულება შეიძლება გაუმჯობესდეს დღის განმავლობაში და ვარდნა შეიძლება, მუდმივი არ იყოს.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ტარიფების დაწესების შესახებ სასტიკი და უსაფუძვლოა-მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ტარიფების დაწესების შესახებ სასტიკი და უსაფუძვლოა.

ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

ემანუელ მაკრონის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო ვაჭრობისთვის შოკისმომგვრელია.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სავაჭრო დისბალანსი საბაჟო ტარიფების დაწესებით არ გამოსწორდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ აშშ ყველა ქვეყანას საპასუხო ტარიფებს დაუწესებს.

აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფები შემდეგნაირად გამოიყურება: ევროკავშირი 20%, ვიეტნამი 46%, ტაივანი 32%, იაპონია 24%, ინდოეთი 26%, სამხრეთ კორეა 25%, ტაილანდი 36%, ჩინეთი 34% და ა.შ.

„აშშ ვერ გააგრძელებს ეკონომიკური დათმობის ცალმხრივ პოლიტიკას. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ხალხზე და უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ხალხზე უნდა ვიზრუნოთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დიდ ბრიტანეთს პრეტენზია აქვს, დემოკრატიის ნათელი მაგალითი იყოს და როცა ამ ყველაფერს მრუდე გზით ახორციელებს, ეს კითხვებზე მეტს აჩენს-დავით მათიკაშვილი

დიდ ბრიტანეთში დამნაშავე პირები თავს თავისუფლად გრძნობენ, გადაადგილდებიან, ქვეყნის ხელისუფლებამ კი ქართველი მოსამართლეები გონივრული ეჭვის საფუძველზე დაასანქცირა, რაც აბსურდია, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, დიდ ბრიტანეთს პრეტენზია აქვს, დემოკრატიის ნათელი მაგალითი იყოს და როცა ამ ყველაფერს მრუდე გზით ახორციელებს, ეს კითხვებზე მეტს აჩენს.

„რატომ ხდება ეს ყველაფერი? კარგად გვახსოვს, საქართველოსგან, სასამართლოსგან რას ითხოვდნენ – „ვეტინგს“, ფაქტობრივად, სასამართლოს დამორჩილებას. იმას, რაც აღმოსავლეთ ევროპის ცალკეულ ქვეყნებში მოხდა. „დიფ სთეითმა“ შეძლო და ხელისუფლება, რომელიც არ აწყობდათ, მისი დემონტაჟი სასამართლოს ხელით მარტივად მოახდინა. ამ მოთხოვნას საქართველო რომ დათანხმებოდა და ზეწოლას დამორჩილებოდა, არანაირ კორუფციულ გარიგებებსა და ეჭვებზე საუბარი აღარ იქნებოდა. ეჭვები მყისიერად გაეფანტებოდათ, თუ „დიფ სთეითს“ საშუალება ექნებოდა, არჩევნების შედეგები ისე შეეცვალა, როგორც სურდა და ის ძალები მოეყვანა, რომლებიც ქართველ ხალხს არ უნდა, მაგრამ მათ უნდათ, ვინც საქართველოში აგენტურას მართავენ. არ შეიძლება, სამართლებრივი პროცესი მტკიცებულების გარეშე იყოს. დიდ ბრიტანეთს პრეტენზია აქვს, დემოკრატიის ნათელი მაგალითი იყოს და როცა ამ ყველაფერს მრუდე გზით ახორციელებს, ეს კითხვებზე მეტს აჩენს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ეუთო/ოდირის დასკვნაში წერია, რომ თურმე ამერიკაში მოქმედი ქართულად ნათარგმნი კანონი დემოკრატიის საფუძვლებს არ შეესაბამება, რაიმე პრეტენზიები თუ აქვთ, შეუძლიათ, ამერიკას მიმართონ -არჩილ გორდულაძე

ეუთო/ოდირის დასკვნაში წერია, რომ თურმე ამერიკაში მოქმედი ქართულად ნათარგმნი კანონი დემოკრატიის საფუძვლებს არ შეესაბამება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამოდის, რომ ეუთო/ოდირი ამერიკას და დაახლოებით ასი წლის განმავლობაში მოქმედ კანონს აკრიტიკებს.

„მათ რაიმე პრეტენზიები თუ აქვთ, შეუძლიათ, ამერიკას მიმართონ და „ფარა“-ს გაუმჯობესების კუთხით ამერიკასთან ითანამშრომლონ. თუ ეუთო/ოდირს რაიმე სამართლებრივი პრობლემა აქვს, ამერიკის საელჩო დიღომშია, თეთრი სახლი – ვაშინგტონში, შეუძლიათ, ამერიკასთან ითანამშრომლონ და „ფარა“ გააუმჯობესონ, რომლის პირდაპირი თარგმანი ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს“, – განაცხადა გორდულაძემ.