Home Blog Page 1439

“ოპოზიციის ან „ენჯეო“ სექტორის არცერთ წარმომადგენელს არ გაუკეთებია კომენტარი აშშ-ის სახელწიფო მდივნის ბრძანებაზე, რაც მათ კოლონიალურ და მონურ ფსიქოლოგიაზე მეტყველებს”

ოპოზიციის ან „ენჯეო“ სექტორის არცერთ წარმომადგენელს არ გაუკეთებია კომენტარი აშშ-ის სახელწიფო მდივნის ბრძანებაზე და ლგბტ პრაიდში ბავშვების მონაწილეობაზე, რაც მათ კოლონიალურ და მონურ ფსიქოლოგიაზე მეტყველებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, „ხალხის ძალა“ გააგრძელებს საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას. ამასთან, აღნიშნა, რომ სწორად ინფორმირებული მოქალაქე დეზინფორმაციის მსხვერპლი არასოდეს გახდება.

„სოციალურ ქსელში გაჩნდა ახალი წიგნის პრეზენტაციის ანონსი, სახელწოდებით „ცის ფერი“. ანუ, ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში. წიგნის გარეკანიდან და სათაურის შინაარსიდან ადვილად მივხვდებით, რა მიზანი ამოძრავებთ ამ წიგნის ავტორებს და, რაც მთავარია, ამ წიგნის დამფინანსებლებს (ჰოლანდიის საელჩო, შვეიცარიის საელჩო, გაერო-ს განვითარების პროგრამა UNDP). საქმე ისევ დეზინფორმაციასთან გვაქვს, რადგან პრეზენტაციის მესვეურები სიხარულით გვამცნობენ, თურმე ქართულ ხელოვნებაში მრავლადაა ლგბტ პროპაგანდის მაგალითები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ დეზინფორმაციის მიზანიც ხომ ის არის, რომ ტყუილი სიმართლედ მოინათლოს. ამ შემთხვევაში საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ლგბტ პროპაგანდა ბუნებრივი მოვლენაა და რომ საქართველო არ უნდა ჩამორჩეს ამ ვითომ ევროპულ და ვითომ ცივილიზებულ მიღწევას.

ამ ყველაფრის წამახალისებელი და მაგალითის მიმცემი იყო ამერიკის სახელმწიფო მდივნის ბრძანება, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიეცათ მითითება, რაც პრაქტიკულად ბრძანების ტოლფასია, არ გამოიყენონ ისეთი სიტყვები, როგორებიცაა: დედა, მამა, ქალი, კაცი, ასევე დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის განცხადება, თურმე ტრასგენდერის რძე დედის რძესავით შეერგება ბავშვს და ამ რძეზე გაზრდილ ბავშვს გეიპარადებში მიაღებინებენ მონაწილეობას. ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას თუ დავუჯერებთ, რომლებმაც ლგბტ წარმომადგენელთა პროპაგანდის გავრცელებას და მათი უფლებების დაცვის მემორანდუმს მოაწერეს ხელი 2021 წელს, ასეთი თაობის გაზრდა და ასეთი მომავალი სურთ საქართველოში. უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციის ან „ენჯეო“ სექტორის არცერთ წარმომადგენელს არ გაუკეთებია კომენტარი აშშ-ის სახელწიფო მდივნის ბრძანებაზე და ლგბტ პრაიდში ბავშვების მონაწილეობაზე, რაც მათ კოლონიალურ და მონურ ფსიქოლოგიაზე მეტყველებს. ამერიკაში თქვეს, ე.ი. ასეა საჭირო.

ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას. სწორად ინფორმირებული მოქალაქე დეზინფორმაციის მსხვერპლი არასოდეს გახდება. ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია, ამ მასშტაბურ დეზინფორმაციას შეეწინააღმდეგოს, არის საზოგადოება. შესაბამისად, საზოგადოების ანუ ხალხის ძალა ყოველთვის უზრუნველყოფს ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დაცვას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ხალხის ძალამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თანამშრომლებს მოუწოდა, გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური ენა და გამოსცა ბრძანება, რომლითაც თანამშრომლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, როგორებიცაა: „დედა“ და „მამა“, „ვაჟიშვილი“ და „ქალიშვილი“, „ცოლი“ და „ქმარი“.

სალომე ზურაბიშვილი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 28 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი ლონდონში Chatham House-ის – საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაციის წევრი პოლიტიკოსები, დიპლომატები, აკადემიკოსები, ბიზნესის წარმომადგენლები და ახალგაზრდები.

„ღონისძიებაზე იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა, რის შემდეგაც ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. განიხილება დემოკრატიის წინაშე არსებული გამოწვევები, სამხრეთ კავკასიის ცვალებადი პოლიტიკური ბალანსი, საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივები, თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობა, უკრაინაში ომის გავლენა საქართველოზე და მომავალი საპარლამენტო არჩევნები.

ღონისძიებაზე პრეზიდენტს Chatham House-ის თავმჯდომარე, ევრაზიის პროგრამის დირექტორი ჯეიმს ნიქსი უმასპინძლებს.

საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტი ლონდონში მოქმედი ბრიტანული ანალიტიკური ცენტრია, რომლის მიზანია გააანალიზოს და ხელი შეუწყოს ძირითადი საერთაშორისო საკითხებისა და მიმდინარე მოვლენების გააზრებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

“ჩეხეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ აპირებს” – ჩეხეთის პრემიერმინისტრი

ჩეხეთის პრემიერმინისტრის, პეტრ ფიალას განცხადებით, ქვეყანა უკრაინაში სახმელეთო ჯარის გაგზავნას არ აპირებს.

ამის შესახებ Ceske Noviny წერს.

მისი თქმით, არავის უნდა ეშინოდეს, რომ ჩეხეთში იძულებითი ომის რაიმე ფორმა განიხილება.

ფიალამ განცხადება პარიზში შეხვედრის წინ გააკეთა, რომლის დასრულების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა – ემანუელ მაკრონმა უკრაინაში სახმელეთო ჯარების გაგზავნის ალბათობა დაუშვა, თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს.

მანამდე კი, შესაბამისი განცხადება სლოვაკეთის პრემიერმა – რობერტ ფიცომ გააკეთა.

“რუსეთმა არ უნდა მოიგოს ომი, რომელზეც ევროპის უსაფრთხოებაა დამოკიდებული” – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ბოლო კვირებში რუსეთის ქმედებები იმაზე მიანიშნებს, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში შესაძლოა, ის ნატო-ს ქვეყნებს დაესხას თავს.

მაკრონის თქმით, რუსეთმა არ უნდა მოიგოს ომი, რომელზეც ევროპის უსაფრთხოებაა დამოკიდებული.

„მაგიდასთან მყოფმა მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანამ განაცხადა და საერთო კონსენსუსი იყო, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთის მხრიდან ამ ქვეყნებზე თავდასხმისთვის“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში გამართული არაფორმალური სამიტის შემდეგ.

“ვინც ქართველებს ვირთხებს ეძახდა, პარლამენტში ფეხზე არ უნდა წამოუდგნენ- ვიქტორ ორბანი, მადლობა უნგრელ მეგობრებს”

უნგრეთის პარლამენტში გამართულ სხდომაზე, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ბენს თორდაიმ პატივი მიაგო ალექსეი ნავალნის და დეპუტატებს სთხოვს, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ ალექსეი ნავალნისთვის. უნგრეთის მმართველი კოალიციის წარმომადგენლები ფეხზე არ წამოდგნენ. ამ ფაქტს კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა გამოეხმაურა.

„ვინც ქართველებს ვირთხებს ეძახდა, პარლამენტში ფეხზე არ უნდა წამოუდგნენ!- ვიქტორ ორბანი.საქართველოს და ჩვენი ხალხის ჭეშმარიტი მეგობარი! ნაცების, კიკუების სამადაშვილების, ლელოების,გახარიების – ნავალნის ჭირისუფლების მიერ მტრად გამოცხადებული უნგრელი კაცი! მადლობა უნგრელ მეგობრებს“, – წერს ხაინდრავა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ახალი სახანძრო ავტომანქანები შეიძინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ათი ახალი სახანძრო ავტომანქანა შეიძინა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში გადანაწილდება. შსს-ს ინფორმაციით, ახალი, მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები განკუთვნილია ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის და თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლები გააჩნია.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე, ახალი სახანძრო ავტომობილები დაათვალიერეს და მათ ფუნქციურ და ტექნიკურ მახასიათებლებს პირადად გაეცნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად განაგრძობს სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის განახლებას. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია აღჭურვილობისა და სპეცტექნიკის განახლების არაერთი პროექტი.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მაგისტრალური გაზსადენის 20,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა საოკუპაციო გამყოფი ზოლის სიახლოვეს მიმდინარეობს

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მაგისტრალური გაზსადენის „ლეხურა-სვენეთის“ 20,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს, რომელიც შიდა ქართლში საოკუპაციო გამყოფი ზოლის სიახლოვეს მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მილსადენის მშენებლობის სამუშაოებს, სოფელ ნადარბაზევთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.

სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსის, ჯუბო ტურაშვილის განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზრდება როგორც უშუალოდ გამყოფი ხაზის სიახლოვეს არსებული დასახლებების, ისე მთლიანად საქართველოს გაზმომარაგების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების ხარისხი.

„მნიშვნელოვანია, რომ გაზსადენის მშენებლობის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. საქართველოს მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად განაგრძობენ ქვეყნის რეგიონების გაზიფიკაციას, გაზსადენების სისტემის გამართული მუშაობა კი მოსახლეობის ენერგორესურსებზე წვდომისა და მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფის გარანტიაა“, – აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის, გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ახალ მილსადენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ იგი საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს გადის და მისი მეშვეობით საქართველოს გაზმომარაგების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„აღნიშნული პროექტით გრძელდება „აღმოსავლეთი – დასავლეთის“ მაგისტრალური გაზსადენის განახლება. შარშან წარმატებით დავასრულეთ ნატახტარი – ლეხურას 31-კმ-იანი მონაკვეთი. კორპორაციას მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობის არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული და შესაბამისად, მდიდარი გამოცდილება გააჩნია. მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო – სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩვენი ქვეყნის გაზის ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება,“ – აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, კორპორაცია აგრძელებს გაზის ტრანსპორტირების სისტემის მშენებლობასა და რეაბილიტაციას ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმის შესაბამისად, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერაა დამტკიცებული.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ზვიადაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტი უმნიშვნელოვანესია იმ მოსახლეობისთვის, რომელიც გამყოფი ხაზის გასწვრივ ცხოვრობს.

„ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა, ყოველდღე საქმის კეთება მკაფიო გზავნილია გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც, რათა დაინახონ განსხვავება იმას შორის, რაც ჩვენთან ხდება და რაც, სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება. ამ ყველაფრისთვის თითოეულ ადამიანს, ვინც აქაა დასაქმებული, მინდა მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.

აღსანიშნავია, რომ „ლეხურა-სვენეთის“ 20.5 კმ-იანი მშენებარე მილსადენი ჩაანაცვლებს უკვე არსებულ მოძველებულ მონაკვეთს და აგრეთვე ახალ ტერიტორიებსაც მოიცავს. ახალი გაზსადენი ექსპლუატაციაში 2024 წლის მეორე ნახევარში შევა.

ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში მეპატრონეები სახელმწიფოსგან ფულად კომპენსაციას მიიღებენ

კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ წესი 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა (საქართველოს მთავრობის №332 დადგენილება).

კომპენსაციის მიღებას შეძლებენ ის პირები:

  • რომელთა პირუტყვიც იდენტიფიცირებულია საყურე ნიშნით და აღრიცხულია ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS);
  • რომლებსაც უარი არ აქვთ ნათქვამი ცხოველის ვაქცინაცია/რევაქცინაციაზე.

ცხოველის მფლობელი/მომვლელი ვალდებულია, ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს. კომპენსაცია გაიცემა ჯილეხის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში.

კომპენსაცია არ გაიცემა თუ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (ცხოველის ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაცია/რევაქცინაცია) პასუხისმგებელმა პირმა უარი განაცხადა ცხოველის ვაქცინაციაზე და არსებობს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გაკეთებული ჩანაწერი პასუხისმგებელი პირის მხრიდან უარის განცხადების თაობაზე.

კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს და გასცემს სურსათის ეროვნული სააგენტო. გადაწყვეტილებას სააგენტოს მიერ შექმნილი კომისია იღებს ჯილეხით ცხოველის სიკვდილის დადასტურებიდან ერთი თვის ვადაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე – 1501.

კომპენსაციის ახალი წესის ამოქმედება შესაძლებელი გახდა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემის (NAITS) პროექტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი მუშაობის შედეგად. NAITS-ის ფინანსური მხარდამჭერები არიან შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC)

დაავადება ჯილეხის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჩინეთის და გერმანიის 2 მოქალაქე, ასევე, რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი დააკავეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამოღებულია – „კოკაინი“, „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „მეთადონი“ და ფსიქოტროპული საშუალება კეტამინის შემცველი ნივთიერებები.

„ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია 1995 წელს დაბადებული პ.კ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1994 წელს დაბადებული ხ.ვ., 1971 წელს დაბადებულ ი.ბ. და 1972 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართული. მათ შორის ერთ-ერთი, 1995 წელს დაბადებული პ.კ. საქართველოში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, თბილისის აეროპორტის გავლით შემოვიდა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, აეროპორტში მისი პირადი ჩხრეკა განხორციელდა.

სამართალდამცველების მიერ, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „კოკაინი“, „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „მეთადონი“ და ფსიქოტროპული საშუალება კეტამინის შემცველი ნივთიერებები.

ნივთმტკიცებად, ასევე, ამოღებულია თანხა, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“საქართველო არის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა და შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი არსებობს” – როლანდ პრაისი

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისების შესახებ მსოფლიო ბანკის ახალი კვლევის პრეზენტაციის დაწყებამდე განაცხადა.

როლანდ პრაისის თქმით, საქართველო არის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა შუა დერეფანში.

„დღეს ჩვენ ვიწყებთ კვლევას შუა დერეფნის პოტენციალზე. მთავარი აღმოჩენა უკვე არის შესაძლებლობა, გავასამმაგოთ ვაჭრობა და გავანახევროთ მგზავრობის დრო 2021 წლის ვაჭრობისა და მგზავრობის მონაცემებთან შედარებით. შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი. ამას გარკვეული დრო და ინვესტიციები დასჭირდება. რაც მთავარია, დასჭირდება თანამშრომლობა მხარეებს შორის, როგორც საჯარო, ისე კერძო პირებთან.

საქართველოს როლს რაც შეეხება, საქართველო არის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო, ყაზახეთი და აზერბაიჯანი სამი ძირითადი ქვეყანაა შუა დერეფანში. რა იქნება 2030 წელს? ჩემი შეხედულება ასეთია, რომ ჩვენ გვჭირდება საერთო ხედვა. ვსაუბრობთ კომერციაზე, კერძო სექტორზე. როგორც კი იქნება საერთო ხედვა და საერთო ვალდებულება ამ დერეფნის განვითარების შესახებ, ვფიქრობ, არაფერი იქნება შეუძლებელი. შუა დერეფანი შეიძლება გამოვიყენოთ არა მხოლოდ როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ევროპიდან აზიაში საქონლის შემოტანის მიზნით, არამედ ის დაეხმარება რეგიონთაშორისი ვაჭრობის განვითარებას. ასე რომ, ეს ნამდვილად არის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა შუა დერეფნის რეგიონის ქვეყნებისთვის“, – განაცხადა როლანდ პრაისმა.

პალესტინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

პალესტინის პრემიერ-მინისტრი, მოჰამედ შტაიე თანამდებობიდან გადადგა.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ეს ნაბიჯი მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების წნეხს პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასზე, რადგან ღაზაში ბრძოლების შესაჩერებლად საერთაშორისო მცდელობები ძლიერდება.

განცხადებაში შტაიემ აღნიშნა, რომ მომავალმა ადმინისტრაციამ უნდა გაითვალისწინოს ღაზაში არსებული რეალობა, რომელიც თითქმის ხუთთვიანმა მძიმე ბრძოლებმა შექმნა.

მისი თქმით, მომდევნო ეტაპი მოითხოვს ახალ სამთავრობო და პოლიტიკურ ფორმირებას, რომელიც გაითვალისწინებს ღაზის სექტორში არსებულ რეალობას, მოლაპარაკებებს და პალესტინელთა შორის კონსენსუსის გადაუდებელ აუცილებლობას.

შტაიეს განცხადებით, მომდევნო ეტაპი ასევე მოითხოვს ხელისუფლების უფლებამოსილების გაფართოებას პალესტინის მთელ ტერიტორიაზე“.

ისრაელი უკრაინას საჰაერო თავდასხმების გამაფრთხილებელ სისტემებს მიაწვდის

ისრაელი გეგმავს უკრაინას საჰაერო თავდასხმების ადრეული გაფრთხილების სისტემები მიაწოდოს, – ინფორმაციას უკრაინული მედია გაერო-ში ისრაელის მუდმივ წარმომადგენელზე, გილად ერდანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ისრაელი მუშაობს იმაზე, რომ უკრაინას სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემები მიაწოდოს“,- აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ისრაელი მოხარულია, რომ თავის პოტენციალს უკრაინელ მეგობრებს უზიარებს.

ერდანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების პირველ დღეებში ისრაელმა უკრაინას 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული აღჭურვილობა გაუგზავნა.

„გარდა ამისა, ასობით უკრაინელმა მკურნალობა ისრაელის საავადმყოფოებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში გაიარა“, – დასძინა ელჩმა.