Home Blog Page 1438

პროკურატურამ თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის ოთხ წევრს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის ოთხ წევრს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორგანიზებული ჯგუფი შექმნეს და 2021-2023 წლებში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, იურიდიულ პირებთან ძვირფასი ლითონით (ოქრო) უზრუნველყოფილი სალომბარდე სესხის ხელშეკრულებები გააფორმეს, სადაც უზრუნველყოფის საგნად ყალბი, თითქოსდა ოქროს ნივთები გამოიყენეს.

„აღნიშნული გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები აღნიშნული ორგანიზაციების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, – ჯამში 37 347 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა ორგანიზებული ჯგუფის ოთხივე წევრი 19 მარტს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7060 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7060 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7060 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7106 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0046 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9544 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9383 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0161 ლარი შეადგინა.

“სალომე ზურაბიშვილთან ეროვნულ თანხმობაზე საუბარი უკვე შეუძლებელია, რიგითი რადიკალი „ნაცი“ გახდა” – მდინარაძე

სალომე ზურაბიშვილთან ეროვნულ თანხმობაზე საუბარი უკვე შეუძლებელია, რიგითი რადიკალი „ნაცი“ გახდა. სამწუხაროდ ის კვლავ იკავებს ფორმალურად პრეზიდენტის თანამდებობას და ფორმალური საკითხების გადაჭრისათვის მისი თანამონაწილეობა აუცილებელია, მათ შორის ღირსების ორდენის გადაცემისათვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მდინარაძეს ჰკითხეს, რატომ არ მიიღო პრეზიდენტის მიწვევა პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ილია თოფურიას დაჯილდოების ცერემონიაზე, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავს.

„რატომ უნდა მივიდნენ [პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე], მაინტერესებს. სალომე ზურაბიშვილთან ეროვნულ თანხმობაზე საუბარი უკვე შეუძლებელია, რიგითი რადიკალი „ნაცი“ გახდა. სამწუხაროდ ის კვლავ იკავებს ფორმალურად პრეზიდენტის თანამდებობას და ფორმალური საკითხების გადაჭრისათვის მისი თანამონაწილეობა აუცილებელია, მათ შორის ღირსების ორდენის გადაცემისათვის. დღეს მოვისმინე საოცარი სპეკულაცია, რომ დაასწრო პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემო. ღირსების ორდენის გადაცემას სჭირდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინება საქართველოს პრეზიდენტთან, რომ მან გადასცეს ღირსების ორდენი. ტყუილია ის ამბავი, რომ პრეზიდენტს თითქოს უნდოდა წინასწარ ორდენის გადაცემა. თუ არ მიმართა პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ქართული კანონმდებლობით ღირსების ორდენის გადაცემა საქართველოს პრეზიდენტს არ შეუძლია. ღირსების მედლის გადაცემა შეუძლია, ორდენის – არა. ღირსების მედლის გადაცემას თუ აპირებდა, წინა კვირას რომ პირობითად 100 კაცი დააჯილდოვა, პატარაიებს და ვიღაცებს რომ დაურიგა, იმ მედლით თუ აჯილდოებდა თოფურიას, არ ვიცი ნამდვილად. რაც ეკუთვნის იმ პატრიოტ ადამიანს, რომელმაც ამხელა სიამაყე მოგგვარა ქართველებს, ამას [ორდენს] სჭირდება პრეზიდენტთან პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინება. ფორმალური პასუხისმგებლობის აღებას არ სჭირდება ამხელა ამბიციები. არ სჭირდება ამხელა ამბავი, რომ თოფურიას საკითხი გამოვიყენოთ ასევე პოლიტიკური მიზნებისთვის. ამ ადამიანებმა [პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ] ხომ არ დაიწყეს პოლიტიკურ სპეკულაციაზე ფიქრი და ლაპარაკი. მიუხედავად იმისა, რომ არ მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანი [ზურაბიშვილი] პრეზიდენტია, ადგნენ და რადგან თოფურიაზე იყო საუბარი, არ გახადეს საკითხი პოლიტიკურ საკითხად და როგორც კანონში ეწერა, ორდენთან დაკავშირებით გაუგზავნეს შესაბამისი დოკუმენტები საქართველოს პრეზიდენტს. ზეპარტიული ამბავია და ეროვნული თანხმობა და ეროვნული მიზნები უნდა აღასრულო ისე, რომ არ დაიწყო პოლიტიკური სპეკულაციები. პრეზიდენტი რომ გქვია ფორმალურად და პარლამენტის თავმჯდომარემაც და პრემიერმაც გამოგიგზავნეს ორდენთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტები, არიქა მოდით ახლა ჩემთან, ისე ვერ გადავცემ ორდენსო, ამაზე ლაპარაკი არ უნდა დაიწყო. საინფორმაციო გამოშვებები დაიწყო იმით, რომ პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე არ მიდიან პრეზიდენტთანო. ნუ იტყუებიან, რომ ორდენის გადაცემა პრეზიდენტს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, რადგან ვერ გადასცემდა, კანონში ასეთი რამ არ წერია. ამბიციები სჯობს მოთოკოს ყველამ და გადასცეს [პრეზიდენტმა] ორდენი [თოფურიას] ისე, როგორც წესია“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი მიესალმება და ეთანხმება პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას ილია თოფურიას ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ და თოფურიას ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანის სასახლეში გაიმართება. განცხადებაში აღნიშნული იყო ასევე, რომ პრეზიდენტი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება.

„სამივე შტოს მონაწილეობა ამ ცერემონიაში ასეთ საკითხებზე ეროვნული თანხმობის ნიშანია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროინტეგრაციის ოფიციალურ დოკუმენტში ოპოზიციამ საქართველოს მხარი არ დაუჭირა -მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ტყუილია ოპოზიციის განცხადებები, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ ისინი არ ჩააყენა საქმის კურსში, რა რეზოლუციას ამზადებდნენ „ევრონესტის“ ასამბლეაზე ინიცირებისთვის.

მდინარაძის თქმით, რეზოლუციის ტექსტი შესაბამისი წესით იყო დარიგებული და მისი ნახვა ნებისმიერ მათგანს შეეძლო.

„მარტივად იშიფრება ეს ტყუილი, რადგან დარეგისტრირებული იყო. იყო თხოვნები ჩვენი მხრიდან, თუმცა მაკა ბოჭორიშვილს საერთოდ რომ სიტყვა არ ეთქვა, მტკიცებულება არსებობს, დარიგებული იყო შესაბამისი წესით, როგორც იგზავნება ხოლმე. ნებისმიერ მათგანს შეეძლო ნახვა და ნახავდნენ. ამის გარეშე შეუძლებელი იყო. ამიტომ მარტივი ტყუილია. ისინი ახლა ძალიან აიჭრნენ ამ საკითხთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გაიშიფრნენ. როდესაც შეიძლებოდა, ერთობა დაფიქსირებულიყო, საქართველოს ევროინტეგრაციას ოფიციალურ დოკუმენტში მხარი არ დაუჭირეს. ამ შემთხვევაში დოკუმენტალურადაც კი დადასტურდა, რომ მათ მხარი არ დაუჭირეს დოკუმენტს, სადაც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მხარდაჭერაზე და კიდევ ერთ მკაფიო განაცხადზე იყო საუბარი. არ ვიცი, მილიონი ეჭვი შეიძლება გამოითქვას, მაგალითად ის, რომ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ერთად ყოფნა არ უნდოდათ რაღაც დოკუმენტში და თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიოდნენ. ათასგვარი ვერსია შეიძლება არსებობდეს. მტკიცებულება და ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებენ, რომ მხარი არ დაუჭირეს, ისინი არ გახდნენ ინიციატორები იმ ევრორეზოლუციის, სადაც საქართველოს ევროპულ გზაზე იყო საუბარი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის განმარტებით, ქართული ოპოზიციისგან თანხმობა მიღებული არ ჰქონდათ, თუმცა ბოლო მომენტამდე იცოდნენ, რომ უკრაინის წარმომადგენლები ხელს აწერდნენ რეზოლუციას.

„უარი არ მიგვიღია, ამაშია საქმე. ბოლო წუთამდე გვპირდებოდნენ და რომ დადგა შესაბამისი დრო, როცა ამოიწურა ვადა, აღმოჩნდა, რომ ისინი არ აწერენ ხელს. მარტივი ამბავია. არც ყოფილა სხვა დეპუტატებთან კომუნიკაცია იქიდან გამომდინარე, რომ არ იყო ამის საჭიროება. უკრაინელები ხელს აწერდნენ, საერთოდ რომ არ მოეწერა ხელი ქართულ ოპოზიციას. მათი მხრიდან ნამდვილად არ იყო წინასწარი თანხმობა. ბოლო წუთამდე უკრაინელებისგან იყო თანხმობა. ბოლო წუთს, როდესაც უკვე ამოიწურა დაინიცირების შესაბამისი ვადა, აღმოჩნდა, რომ უკრაინელები მხარს არ უჭერდნენ. ჩამოვა მაკა ბოჭორიშვილი და დეტალურად, მტკიცებულებების დონეზე, შეიძლება მესიჯების დონეზეც კი გამჟღავნდეს ეს ყველაფერი. ოპოზიცისგან არ იყო თანხმობა. ოპოზიცია ფიქრობდა, მაგრამ უკრაინელებისგან იყო თანხმობა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხდა ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის ხელმოწერების არქონის გამო. ოპოზიციიდან დელეგაციაში შედიოდნენ: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაია.

რეზოლუცია, რომლის ინიცირებაც ვერ მოხერხდა, მოიცავს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მხარდაჭერას, მოწოდებას რუსეთისადმი, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან, უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის საკითხს.

უკრაინას მხოლოდ ყუმბარები არ სჭირდება -ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი

უკრაინას დამატებითი მობილიზაცია სჭირდება, – ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, რობ ბაუერმა დღეს კიევის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თქვენ მხოლოდ ყუმბარები არ გჭირდებათ, თქვენ ადამიანები გჭირდებათ, რომლებიც დაღუპულებსა და დაჭრილებს შეცვლიან. ეს მობილიზაციას ნიშნავს“, – განაცხადა რობ ბაუერმა.

„მე მესმის ის, თუ რამდენად რთულია ლიბერალურ დემოკრატიაში ხალხის დარწმუნება, მაგრამ ვხედავ, რომ ეს იცვლება“, – აღნიშნა ბაუერმა.

ადმირალი რობ ბაუერი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევს პირველად ეწვია.

“ვინც კი საქართველოს აბრალებს, რომ ეხმარება რუსეთს სანქციების თავის არიდებაში, არის საქართველოს მტერი” – მამუკა მდინარაძე

ვინც კი საქართველოს აბრალებს, რომ ეხმარება რუსეთს სანქციების თავის არიდებაში, არის საქართველოს მტერი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ღალატს თავისი სახელი უნდა დაერქვას.

„ვინც კი საქართველოს აბრალებს, რომ ის ეხმარება რუსეთს სანქციების თავის არიდებაში, ის არის საქართველოს მტერი. პირდაპირ დავარქვათ სახელი. ვინც კი აბრალებს საქართველოს, რომ რუსეთს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო ეხმარება სანქციების თავის არიდებაში, თან ეს ტყუილია, ის მტრობს საქართველოს. რომელი ორგანიზაციაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს, ის მტრობს საქართველოს. შესაბამისად, რომან გოცირიძე გამოვა პარლამენტის სხდომაზე, თუ NGO სექტორის წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ, ვინც ამას საქართველოს დააბრალებს, რეალობის საწინააღმდეგოდ და მოიტყუება, ყველა მტრობს საქართველოს. ხვალაც და ზეგაც იქნება ასეთი მტრობა, ეს ტელევიზია იქნება, ჟურნალისტი იქნება, პარლამენტარი, პოლიტიკოსი, NGO სექტორის წარმომადგენელი, ის მტრობს საქართველოს. როგორ შეიძლება საკუთარ სამშობლოს აბრალებდე ოკუპანტი ქვეყნის სასარგებლო მოქმედებას, როცა ეს რეალობასთან აბსოლუტურად შორსაა. როცა სანქციების ჯგუფი ჩამოდის შენს ქვეყანაში, ძალიან კრიტიკულად განსჯიან ამ ყველაფერს და საქართველოს ერთი შემთხვევაც არ დაჰფიქსირებია, რუსეთს რომ მიხმარებია სანქციების გვერდის არიდებაში და შენი ქვეყნის წარმომადგენელი, ვინც არ უნდა იყოს, ამბობს, რომ ეს ასეა, საქართველო ეხმარება რუსეთს, ის მტრობს საქართველოს. ამას თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ღალატს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, ამაზე დიდი ღალატი მართლა ვერ წარმომიდგენია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცესკო საგარეო სამინისტროსთან ერთად გეგმავს, აქტიურად აწარმოოს საინფორმაციო კამპანია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით -საგარეო უწყება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საარჩევნო პერიოდში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისია, საგარეო სამინისტროსთან ერთად გეგმავს აქტიურად აწარმოოს საინფორმაციო კამპანია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ამასთან, უწყების ცნობით, საკონსულო თანამდებობის პირები მოქალაქეებთან კომუნიკაციის დროს, დიასპორასთან შეხვედრაზე, სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში, მუდმივად ცდილობენ მოქალაქეებს განუმარტონ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მნიშვნელობა და განსაკუთრებულად გაუსვან ხაზი იმ გარემოებას, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა და არჩევნებში მონაწილეობა მოქალაქისათვის რაიმე არასასურველ სამართლებრივ შედეგს არ უკავშირდება.

ეს არის პასუხი, რომელიც პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილისგან საინტერპელაციო კითხვაზე წერილობითი ფორმით მიიღეს. კერძოდ, ოპოზიციის ინფორმაციით, ემიგრანტების უმეტესობა ინფორმირებული არ არის, რომ უცხო ქვეყანაში არჩევნებში რეგისტრაცია მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის ხდება და ის ამა თუ იმ ქვეყანაში ამა თუ იმ პირის სამართლებრივ მდგომარეობაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. პარლამენტის წევრებმა საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართეს საინტერპელაციო კითხვით, უწარმოებია თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანია ან გაუკეთებია თუ არა აქამდე განცხადება იმის შესახებ, რომ უცხო ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში ჩართვა მათ სამართლებრივ მდგომარეობას საფრთხეს არ უქმნის და არის თუ არა გეგმაში ამგვარი კამპანიის წარმოება.

პასუხად ილია დარჩიაშვილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, საინფორმაციო კომპანიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე სპეციალური საძიებო ველი ამოქმედდა, რომლის მეშვეობით მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ საკონსულო აღრიცხვაზე მათი ყოფნის ფაქტი გადაემოწმებინათ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, სამინისტრო კვლავ გეგმავს მოქალაქეებისთვის ანალოგიური შესაძლებლობის შექმნას.

როგორც უწყება განმარტავს, “საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის“ თანახმად, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს ფიზიკურ პირთა საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების მიზანია საზღვარგარეთ მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა და საკონსულო ფუნქციების ეფექტური განხორციელება, რაც მხოლოდ საარჩევნო უფლების რეალიზაციის ხელშეწყობით არ შემოიფარგლება.

“საკონსულო აღრიცხვის მონაცემები გამოიყენება, გლობალური, რეგიონალური ან ადგილობრივი კრიზისული სიტუაციების დროს საქართველოს მოქალაქეების ეფექტური საკონსულო დაცვის უზრუნველსაყოფად. ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ საკონსულო აღრიცხვა განკუთვნილია არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებისა და პირადობის ნეიტრალური მოწმობის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებისთვის. მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება ხდება კონკრეტული საკონსულო ოლქის ფარგლებში.

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არის ნებაყოფლობითი. სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია საკონსულო აღრიცხვაზე დადგეს, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით (www.geoconsul.gov.ge), ისე ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში, პირადი გამოცხადების გზით ან განაცხადის საფოსტო გზავნილით გაგზავნის მეშვეობით. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისთვის არ არის დაწესებული საკონსულო მოსაკრებელი და შესაბამისად, მომსახურება უფასოა“, – ნათქვამია მინისტრის წერილობით პასუხში.

ილია დარჩიაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 2023 წელს აწარმოა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის შესახებ, რომელმაც ასიათასობით მოქალაქე მოიცვა. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას, როგორც პორტალის, ასევე ზოგადად საკონსულო სერვისების, მათ შორის საკონსულო აღრიცხვასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კიდევ ერთ საინტერპელაციო კითხვას, იგეგმება თუ არა დამატებითი საკონსულოების შექმნა, რათა საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით გაიხსნას და მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისთვის ათასობით კილომეტრის გავლა არ მოუწიოს, დარჩიაშვილის განმარტებით, საკონსულო დაწესებულების გახსნის საკითხი კომპლექსურ საკითხს წარმოადგენს, რომლის განხილვისას, მხედველობაში მიიღება მასპინძელი ქვეყნის გეოგრაფიული თავისებურებები, ადგილსამყოფელი ქვეყნის რეგულაციები და სხვა საკითხები. საინტერპელაციო კითხვაზე პასუხად აღნიშნულია ისიც, რომ შესაძლოა განსხვავდებოდეს გადაწყვეტილების მიღების ვადები, დაწესებულების ადგილსამყოფელის შერჩევის წესები და სხვა.

“საარჩევნო უბნის შექმნის ზოგადი პრინციპი კი იმაში მდგომარეობს, რომ ამომრჩეველი ამომრჩეველთა ერთიან სიაში, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით შეიყვანება რეგისტრაციის მისამართის მიხედვით. უცხოეთში მყოფი ამომრჩევლებისთვის მათი რეგისტრაციის მისამართი, იმ შემთხვევაში, თუ ისინი დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, არის საქართველოს შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების მისამართი. ამრიგად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იხსნება დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ან/და საკონსულო დაწესებულებებში, მსგავსად მსოფლიოს არაერთი ქვეყნისა“, – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.

აღნიშნულ თემაზე კითხვებს ხვალ, 22 მარტს ილია დარჩიაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უპასუხებს.

“ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის დიდი სტიმულია, რომ მატჩის დაწყებამდე „დინამო არენაზე“ ჩემპიონის ქამარს წარადგენ” – კალაძე თოფურიას

თბილისის მერმა, კახა კალაძემ UFC-ის პირველ ქართველ ჩემპიონს, ილია თოფურიას თბილისის მერიაში უმასპინძლა. კახა კალაძემ მას პირადად მიულოცა მოპოვებული გამარჯვება და მომავალში კიდევ უფრო მეტი წარმატება უსურვა.

„გულწრფელად მინდა მოგილოცო მიღწეული გამარჯვება. საამაყო ადამიანი ხარ და შრომის ფასი იცი. შენი გამარჯვება სრულიად საქართველოს გამარჯვებაა. მიხარია, რომ ასეთი წარმატებული ხარ, და მჯერა, შენს გულშემატკივრებს წინ მეტი სიხარული გველოდება. მინდა იცოდე, რომ უამრავ ქართველს უყვარხარ. ასევე, გილოცავ ღირსების ორდენს, რომელსაც დღეს გადმოგცემენ. კაცურად და ღირსეულად გეტარებინოს ეს ჯილდო“,- აღნიშნა კახა კალაძემ შეხვედრაზე.

მან ასევე ხაზი გაუსვა ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მონაწილეობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ილია თოფურიას ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობისა და მხარდაჭერისთვის.

„დღეს მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და კიდევ უფრო დიდი სტიმულია ფეხბურთელებისთვის და გულშემატკივრისთვის, რომ მატჩის დაწყებამდე ქამარს წარადგენ. დარწმუნებული ვარ, დღეს კიდევ ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქართველმა ჩემპიონმა მადლობა გადაუხადა დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს თბილი და მეგობრული შეხვედრისთვის და ასევე, ყველა გულშემატკივარს გვერდით დგომისთვის.

„მადლობა თქვენ და ყველას, გვერდში დგომისთვის. ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა გულშემატკივრობამ ჩემს მიმართ, რაც საქართველოში ამ დღეებში ვიგრძენი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს „დინამო არენაზე“ მაყურებლის წინაშე წარვდგები“, – აღნიშნა ილია თოფურიამ.

UFC-ის ქვემსუბუქი წონის კატეგორიის ჩემპიონი სამშობლოში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოწვევით ჩამოფრინდა. დღეს, „დინამო არენაზე“ საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე, ილია თოფურია ჩემპიონის ქამარს ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარადგენს.

საქართველოში უნდა გასამართლდეს ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიაზე აგებული, “ნაცმოძრაობის” რეჟიმი- დავით ქართველიშვილი

რას ეფუძნება „ხალხის ძალის” პრინციპები, რომელზეც იყო და იქნება აგებული პარტიის ანგარიშგება ქვეყნის საზოგადოების ჯანსაღ უმრავლესობასთან – ამ თემაზე სოციალური ქსელით, პარტიის წევრი, დავით ქართველიშვილი პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, „ხალხის ძალის” დასაცავი ძირითადი ეროვნული ფასეულობებია: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი”.
„მას შემდეგ, რაც ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა ბუნებრივად ჩამოყალიბდა პოლიტიკური პარტიის ფორმატში, გაჩნდა მრავალი კითხვა, რომელზეც ეტაპობრივად, აუცილებლად გაეცემა გულწრფელი პასუხი. მაგალითად, რას ეფუძნება „ხალხის ძალის” ის მარტივი და ანბანური პრინციპები, რომელზეც იყო და იქნება აგებული ჩვენი შემდგომი ანგარიშგება ქვეყნის საზოგადოების ჯანსაღ უმრავლესობასთან:

საქართველო წარმოადგენს მსოფლიოს ისტორიული მნიშვნელობის ქვეყანა-ცივილიზაციას; საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს კონსერვატიული საზოგადოება; საქართველოს გადარჩენისა და განვითარების წარმატების ფორმულა, ახალი, მულტიპოლარული სამყაროს ჩამოყალიბების პირობებში, მისი კუთვნილი ადგილის ძიებაშია.

პარტია “ხალხის ძალის” დასაცავი ძირითადი ეროვნული ფასეულობებია: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.

„ხალხის ძალის” იდეოლოგიამ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ერთიან სამართლებრივ სივრცეში აფხაზი და ოსი ძმების დაბრუნების მშვიდობიან პროცესებს.

„ხალხის ძალის” მაქსიმას წარმოადგენს ერი, როგორც ერთიანი დიდი ოჯახი. ეს არის ერთობლივი საქმის კეთების იდეოლოგია საზოგადოების საერთო კეთილდღეობისათვის.

„ხალხის ძალა” ეფუძნება სამართლიანობის იდეოლოგიას, მიმართულს ერის გამთლიანების, მისი ინტერესების, მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად, მორალური სტანდარტების შენარჩუნების გზით.

„ხალხის ძალის” იდეოლოგია ითვალისწინებს საზოგადოების იდენტობის განუხრელ დაცვას. მის უმაღლეს პრინციპებს განეკუთვნება ტრადიციული, სარწმუნოებრივი და ოჯახური ფასეულობების დაცვა.

განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აყვანილია ახალგაზრდული პატრიოტული პროგრამების შემუშავება, პირველ რიგში მოზარდებში ნარკომანიასთან, ლუდომანიასთან და დამნაშავეობასთან ბრძოლის კუთხით.
საგანმანათლებლო დარგში ცოდნის მიღებისა და უნარ-ჩვევების სფეროს რეფორმირება, მათ შორის: თანამედროვე განათლების სისტემაში ეთიკური საწყისების, სამყაროს შექმნის ბიბლიური ისტორიისა და ტრადიციული ფასეულობების სწავლების დაბრუნების გზით.

საქართველოში უნდა გასამართლდეს ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიაზე აგებული ნაცმოძრაობის რეჟიმი, რის გარეშეც ქვეყნის სამომავლო წინსვლას, მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარების პერსპექტივებს ხორცშესხმა არ უწერია.

საქართველოში სქესობრივი მრავალფეროვნების გენდერულ თეორიებთან, გენდერულ კვოტებთან და “ლგბტ” პროპაგანდასთან ბრძოლა უნდა იქნეს აყვანილი საკანონმდებლო დონეზე.

სისხლის სამართლის კოდექსში “სახელმწიფო ღალატის” მუხლის დაბრუნება, არსებული კანონმდებლობის დახვეწა ცილისწამებასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით.

აღმასრულებელი ხელისუფლების იძულება საბაზრო მექანიზმების გამარტივების, თავისუფალი კონკურენციის სივრცის შექმნის, ბიზნესის გააქტიურების სტიმულირების გზით, საზოგადოების კეთილდღეობის მისაღწევად, პრინციპით: “ადამიანის პრობლემების მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი ეკონომიკის პირობებში,” – წერს დავით ქართველიშვილი.

აშშ-მა ჰაიტიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჰაიტიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. კარიბის აუზში მდებარე კუნძულოვან სახელმწიფოში, შეიარაღებული კრიმინალური დაჯგუფებები მოქმედებენ.

შეიარაღებული ბანდების მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ქვეყანაში სისხლიანი არეულობა, ქაოსი და ანარქიაა.

ჰაიტიდან ევაკუაციის მოთხოვნით, ამერიკის საელჩოს 1600-მა ადამიანმა მიმართა, მათ ვერტმფრენებით დომინიკის რესპუბლიკაში გადაიყვანენ. ჰაიტიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს კანადაც.

საქართველოში სანქციების გვერდის ავლის ერთი ფაქტიც რომ ყოფილიყო, წარმოგიდგენიათ, რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეოების“ სახით არსებული აგენტურა რას იზამდა? -სოზარ სუბარი

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, ოპოზიციის ერთადერთი მიზანია, როგორმე ქვეყანას ავნოს.

სუბარი სანქციების გვერდის ავლის საკითხზე საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოში არცერთი მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ამავდროულად, სუბარი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანასთან მიმართებით ამ კუთხით კითხვები არსებობს.

„საქართველოდან სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. არც საერთაშორისო კომისიამ დაადასტურა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ამერიკის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. ისინი იყვნენ საქართველოში ჩამოსული. არიან ქვეყნები, რომელთა მიმართ კითხვები არსებობს, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ფინეთში დაიწყო გამოძიება, სადაც დაადასტურეს, რომ 3 500 სამხედრო დანიშნულების დრონი ფინეთიდან რუსეთში გადავიდა და უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენება. საქართველოში თუნდაც ერთი ფაქტი რომ დაფიქსირებულიყო, რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეოების“ სახით არსებული აგენტურა, წარმოგიდგენიათ, რას იზამდა? რუსულ რაკეტებში, რომლითაც უკრაინა იბომბება, გამოიყენება უკრაინაში მოპოვებული ტიტანი და ამით ერთმანეთთან ვაჭრობენ. მაინცდამაინც საქართველო უნდა დააზიანოს ოპოზიციამ, რომლის ერთადერთი მიზანია, ქვეყანას როგორმე რამეთი ავნოს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით კახეთის პოლიციამ მამაკაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული თ.თ. ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მეუღლე – 1981 წელს დაბადებული თ.ო. და მეუღლის ნათესავი – 2009 წელს დაბადებული გ.მ. ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თ.თ. ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.