Home Blog Page 1434

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

რუსული მედიის ცნობით, კრასნოგორსკის საკონცერტო დარბაზში სროლას სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში, სადაც შეიარაღებულმა პირებმა ავტომატებიდან ცეცხლი გახსნეს, სულ მცირე 40 ადამიანია დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი. ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით რუსული ტელეგრამ-არხი 112 იტყობინება.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, მაშველებმა საკონცერტო დარბაზის სარდაფიდან 100 ადამიანი გამოიყვანეს. ასევე მიმდინარეობს შენობის სახურავიდან ადამიანების ევაკუაცია.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში (ეფესბე) აცხადებენ, რომ ძალოვანი უწყებები ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებენ.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა.

“შევარდნაძის დროს საწვავი 40 თეთრი ღირდა, მაშინ უკეთესი ცხოვრება იყო?” – დიმიტრი ხუნდაძე

ედუარდ შევარდნაძის დროს საწვავი 40 თეთრი ღირდა, ე.ი. რა გამოდის, მაშინ უკეთესი ცხოვრება იყო? მაგრამ აქაც სპეკულირებენ, მათ [ოპოზიციას] საერთოდ არ აინტერესებთ ეს ფასები, წინასაარჩევნოდ გაახსენდათ, ისევე, როგორც დემოგრაფია, – განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის 1000-ლარიანი საპენსიო დანაპირები, სასპეკულაციო და საარჩევნოდ მოტანილი დანაპირებია და აბსოლუტური ტყუილი.

„ფასებზე იყო საუბარი, რა თქმა უნდა, ფასების დინამიკა ყველა ქვეყანაში ასეა. თუ შევადარებთ 2003 წელს, როდესაც ხელისუფლება გადმოიბარეს [ნაცმოძრაობამ], მნიშვნელოვნად ნაკლები იყოს ფასები, ვიდრე 2012 წელს, როდესაც ჩვენ გადმოვიბარეთ. ედუარდ შევარდნაძის დროს საწვავი 40 თეთრი ღირდა, ე.ი რა გამოდის, მაშინ უკეთესი ცხოვრება იყო? მაგრამ აქაც სპეკულირებენ, მათ საერთოდ არ აინტერესებთ ეს ფასები, წინასაარჩევნოდ გაახსენდათ, ისევე, როგორც დემოგრაფია. როცა ხაბეიშვილმა გამოიტანა ფასთა ჩამონათვალი, რომ თითქოს ზეთის 6 ლარზე ნაკლები არ ღირს და ხორცი ყველაზე ნაკლები 27 ლარია, სწორედ, მაშინ, იმ დღესვე წავედი კარფურში და იგივე პროდუქცია შევიძინე, რაც მან გამოიტანა, ოღონდ არა 74 ლარი, არამედ, 60 ლარი დაჭირდა ამას.

თუმცა გავყვეთ მათ ანგარიშს – დღეს ადამიანს 42 ლარით მეტი ჭირდება პროდუქტების შესაძენად, ვიდრე 2012 წელს, მაგრამ შევადაროთ, 2012 წელს მაქსიმალური პენსია 125 ლარი იყო. 115 ლარი იყო 70 წელს ქვემოთ, ხოლო 70 წელს გადაცილებულ პენსიონერს 125 ლარი ჰქონდა. დღეს 315-დან 500 ლარამდე პენსია. ანუ, თუ დავარქმევთ 42 ლარს პირობითად 1 კალათას, მაშინ გამოდის, რომ 3 კალათას ყიდულობდა იმ პენსიით. დღეს კი შეუძლია 6-8- 10 კალათა შეიძინოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში კარგი და საუკეთესოა, თუმცა იმ პერიოდთან შედარებით ბევრად უკეთესია.

აქვე გეტყვით, რომ მათი მხრიდან, 1000-ლარიანი საპენსიო დანაპირები, სასპეკულაციო, სავაჭრო, საარჩევნო მოტანილი დანაპირებია და ეს არის აბსოლუტური ტყუილი. დემოგრაფიაზე საუბრობენ ადამიანები და მათ დროს, 2012 წელს 23 ათასამდე იყო პატიმართა რიცხვი გაზრდილი და აქედან რეპროდუქციული ასაკის 60-70%-ი იყო. სამართლიანობაზე საუბრობენ, როდესაც ქუჩაში გამოჰქონდათ განაჩენები და ახალგაზრდებს ქუჩაში ხვრეტდნენ. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი დავიწყებულია, მაგრამ მათ ამის რეაბილიტაცია სურთ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

“უკრაინას უნდა მიეცეს ყველაფერი, რაც მას სჭირდება ევროპაში მშვიდობის დასაცავად” – მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ გამოეხმაურა რუსეთის დღევანდელ მასიურ თავდასხმას უკრაინაზე და აღნიშნა, რომ უკრაინას უნდა მიეცეს ყველაფერი, რაც მას სჭირდება რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

“დღეს დილით, რუსეთმა 90-ზე მეტი რაკეტა და 60 დრონი გაუშვა უკრაინის მიმართულებით, რომლითაც კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყა. მათ აგრესიას საზღვარი არ აქვს. უკრაინას უნდა მიეწოდოს ყველაფერი, რაც მას სჭირდება, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის შეჭრას და დაიცვას მშვიდობა ევროპაში”, – აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი რაფაჰში აშშ-ის მხარდაჭერის გარეშეც შევა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს განუცხადა, რომ ისრაელი იმედოვნებს, აშშ-ის მხრიდან იქნება მხარდაჭერა რაფაჰში შესვლასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, მათი მთავარი მოკავშირის მხარდაჭერის გარეშეც ისრაელი მზად არის, შევიდეს რაფაჰში.

შეგახსენებთ, დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის შეხვედრა გაიმართა. მედიის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ღაზაში მიმდინარე ომზე ისაუბრეს.

24 და 25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

გვიახლოვდება ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისათვის გამორჩეული მნიშვნელობის თარიღები, 24 და 25 მარტი, ავტოკეფალიის აღდგენისა და მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის აღიარების დღეები, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაშია აღნიშნული.

„1917 წლის 25 მარტს, ღვთის შეწევნითა და გამორჩეულ სასულიერო და საერო პირთა ღვაწლით, ას წელზე მეტი ხნის წინ დაკარგული საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა. ეს იყო და არის უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული მონაპოვარი ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის, მაგრამ ავტოკეფალიააღდგენილი ეკლესიისთვის აუცილებელი იყო ადგილობრივ ეკლესიათა მხრიდანაც აღიარების მოპოვება. და აი, 1990 წელს, დიდმარხვის პირველ კვირა დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმზე (მაშინ ეს დღესასწაული 4 მარტს მოუწია), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დიდი ძალისხმევით, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა, დიმიტრიოს I-მა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადმოსცა ჩვენი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელი, ტომოსი.

ამავე დღეს (1990 წლის 4 მარტს) მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს ეკლესიას უბოძა საპატრიარქო ღირსების დამადასტურებელი მეორე სიგელიც.

ასე რომ, მართლმადიდებლობის ზეიმზე დაგვირგვინდა სასიქადულო პატრიარქთა, კირიონის, ლეონიდეს, ამბროსისა და მათ თანამებრძოლ მამულიშვილთა მიერ დაწყებული განსაკუთრებული მნიშვნელობის საეკლესიო საქმე და მოციქულთა მიერ დაარსებულმა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უძველესი ავტოკეფალიის დამსახურებული საერთაშორისო აღიარება ჰპოვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პროკურატურამ მეუღლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მეუღლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 მარტს, ახმეტის რაიონში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს დანით 3 ჭრილობა მიაყენა. ბრალდებული ადგილზე მყოფმა პირებმა შეაკავეს, რა დროსაც მან დაზიანება კიდევ ერთ პირს, კერძოდ მეუღლის არასრულწლოვან ნათესავს მიაყენა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა (გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართა.

ეთერ ლიპარტელიანი თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ფინალში კანადელი ჯესიკა კლიმკაიტე ვაზარით დაამარცხა და კარიერაში გრანდ სლემის ტურნირებზე პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ეთერ ლიპარტელიანს თბილისის გრანდ სლემის ფინალის დასრულებისთანავე ძიუდოისტმა თემურ ნოზაძემ უამრავი მაყურებლის წინ ხელი სთხოვა.

გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის აზერბაიჯანელ აგაევთან წააგო და შეჯიბრი უმედლოდ დაასრულა.

ტურნირის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 23 და 24 მარტსაც 17:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

2023 წელს თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლებს ბექაური, სულამანიძე და ზაალიშვილი დაეუფლნენ, ვიცე-ჩემპიონები სარდალაშვილი და მაისურაძე გახდნენ, მესამე ადგილზე კი შავდათუაშვილი გავიდა.

“დოკუმენტურად დასტურდება, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ გამიზნულად ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა, შემდეგ მათი უცხოეთიდან დაფინანსება”

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დაუშვებელია პარტიის მიერ საზღვარგარეთიდან შემოწირულების მიღება – პოლიტიკური პარტიების უცხოეთიდან დაფინანსება, თუმცა კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, მათ მიერ ეშმაკურად დაგეგმილი სქემის მიხედვით, ქართული კანონმდებლობის გვერდის ავლით, უცხოეთიდან მაინც ფინანსდებიან და ამ ფინანსებს პირდაპირ პოლიტიკურ მიზნებს ახმარენ, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა მედიასთან საუბრისას.

თამთა მეგრელიშვილის განმარტებით, პარტიების ნაწილი ცდილობს უცხოეთიდან უკანონო შემოწირულება არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით არადეკლარირებულად მიიღოს.

„დოკუმენტურად დასტურდება, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ გამიზნულად ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა, შემდეგ მათი უცხოეთიდან დაფინანსება და ამ ფინანსების პოლიტიკური მიზნით გამოყენება.

ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტაცია ეხება შემდეგ პარტიებს: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“.

„ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ პარტიულ საქმიანობაში გამოყენებული ერთ-ერთი აქტიურად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირია „ანტიკორუფციული ცენტრი“ რომელიც პირდაპირ ემსახურება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ მიზნებს და თავად „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა აღიარა, რომ ამ ორგანიზაციას საზღვარგარეთიდან აფინანსებდა დავით კეზერაშვილი.

ასევე, არასამთავრობო „სამოქალაქო პლატფორმა“ 20/20-ს „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფს არჩევნების დროს იყენებენ, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციას. მისი ორი ლიდერი არის „ნაცმოძრაობის“ წევრი ვასო ურუშაძე და ლაშა ფარულავა და ამ არასამთავრობოს კიდევ ერთი ლიდერი დღეს არის ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პარტია „ახალის“ წევრი.

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ – პარტიის ლიდერები მონაწილეობენ ა(ა)იპ „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის“ ღონისძიებებში და ამ იურიდიული პირის დამფუძნებლები და ხელმძღვანელი თავად არიან.

„ევროპული საქართველო“ – უმეტეს პარტიულ აქტივობებს ახორციელებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებთან ერთად: ა(ა)იპ „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება“ „სამოქალაქო განათლების ფონდი“, რომელთა დამფუძნებელი და ხელმძღვანელი არის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი;
ა(ა)იპ „თავისუფლების ინსტიტუტი“, რომლის გამგეობის წევრი არის თამარ ჩერგოლეიშვილი;

პარტიული ღონისძიებების თანაორგანიზატორად ასევე გამოდის „ტაბულა“.

ამ ორგანიზაციების მონაცემების ყოველი განახლებისას, რეესტრის ქართულენოვან ამონაწერთან ერთად, მოთხოვნილი არის ხოლმე ოფიციალური ინგლისური თარგმანი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გათვლა არის უცხოური დაფინანსების მიღებაზე.

პარტია „დროას“ დამფუძნებლებისა და ლიდერების მიერ დაფუძნდა ა(ა)იპ მოძრაობა „დროა“, რომელიც პარტიის ლიდერის, ელენე ხოშტარიას აღიარებითვე, ჩართულია პარტიული საქმიანობაში, მათ შორის – საარჩევნო კამპანიაში.

აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ მოძრაობა „დროას“ დაფუძნების დღესვე დამფუძნებლებმა რეესტრის ქართულენოვან ამონაწერთან ერთად აიღეს ამონაწერის ოფიციალური ინგლისური თარგმანი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზაციის შექმნა გათვლილი იყო უცხოური დაფინანსების მიღებაზე.

„ხალხისთვის“ – პარტია „ხალხისთვის„ ლიდერი ანა დოლიძე პარტიულ ღონისძიებების უმეტესობას ატარებს ა(ა)იპ „პროგრესის ცენტრთან“ და ა(ა)იპ „ხალხისთვის“ მონაწილეობით.

პარტია „ხალხისთვის“ სხვა ლიდერებთან ერთად, ანა დოლიძე არის არასამთავრობო ორგანიზაცია „ხალხისთვის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია – „პროგრესის ცენტრს“, მართალია, ანა დოლიძე ფორმალურად არ ფიქსირდება დამფუძნებლების ან ხელმძღვანელების სიაში, მაგრამ მისი კავშირი ამ ორგანიზაციასთან ორი გარემოებით დასტურდება: ორგანიზაციის იურიდიულ და ელექტრონული ფოსტის მისამართებად რეესტრში მითითებულია ანა დოლიძის საცხოვრებელი და ელექტრონული ფოსტის მისამართები.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ დაფუძნების დღესვე დამფუძნებლებმა რეესტრის ქართულენოვან ამონაწერთან ერთად აიღეს ამონაწერის ოფიციალური ინგლისური თარგმანი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზაციის შექმნა გათვლილი იყო უცხოური დაფინანსების მიღებაზე.

გიორგი ვაშაძე – „სტრატეგია აღმაშენებელი“ – გიორგი ვაშაძის დაფუძნებულია არასამთავრობო „ინოვაციებისა და განვითარების ფონდი“, რომლის დირექტორია გიორგი ვაშაძის მეუღლე ქეთევან სიჭინავა. სხვა პარტიების მსგავსად, აქაც ამონაწერის განახლებისას რეესტრის ქართულენოვან ამონაწერთან ერთად მოთხოვნილია ამონაწერის ოფიციალური ინგლისურენოვანი თარგმანი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზაციის შექმნა გათვლილი იყო უცხოური დაფინანსების მიღებაზე.

ფაქტია, პარტიები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების გზით ქმნიან ისეთ მექანიზმებს, რომელიც შესაძლებლობას მისცემს პარტიებს საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით მიიღონ არადეკლარირებული უკანონო შემოწირულება, განსაკუთრებით უცხოეთიდან. ჩემ მიერ ჩამოთვლილი პარტიები საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციებით ცდილობენ პოზიციონირდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებად, უფლებადამცველებად თუ არჩევნების დამკვირვებლებად და ვითომ მიუკერძოებელი ორგანიზაციის სახელით, ხელი შეუწყონ პარტიული პროპაგანდის დამკვიდრებას. ფაქტია, აღნიშნულ ორგანიზაციებს აქვთ პოლიტიკური ინტერესი, მესიჯები და დანიშნულება“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.

როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, გამოძიების მიერ ამოღებულია 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა, მათ შორის ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 19 წლის დაზარალებული გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე, დაკავებულია 43 წლის მამაკაცი გ.ქ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გ.ქ., ინტერნეტ სივრცეში, მათ შორის, სოციალური ქსელის „Facebook“ სხვადასხვა ჯგუფებში, მის მიერვე შექმნილი ყალბი გვერდების გამოყენებით განცხადებებს ათავსებდა, რომლითაც ქალის თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესიისთვის შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ ახალგაზრდა გოგოებს იწვევდა.

ბრალდებული, განცხადებით დაინტერესებულ პირებს სააგენტოს ფოტოგრაფად ყალბი სახელით და გვარით „ნუკრი ჯიოშვილით“ ეცნობოდა და მის მფლობელობაში არსებულ ბინაში სატესტო ფოტოსესიებს უწყობდა, რა დროსაც ინტიმური შინაარსის ფოტოებს უღებდა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალურ ქსელ „Facebook“-ზე, ქალის სახელით შექმნა ყალბი პროფილი „Qristi.n.K.Jioshvili”, რომლის საშუალებითაც 19 წლის დაზარალებულ გოგოს, დახურულ ჯგუფში ფოტოგრაფის თანაშემწედ გაეცნო. დაპირდა, რომ თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესია იქნებოდა კონფიდენციალური, რადგან ფოტოებში არ გამოჩნდებოდა დაზარალებულის სახე. გარკვეულ პირობებზე შეთანხმების შემდეგ, მან დაზარალებულს ფოტოგრაფისთვის გადასაცემად ტელეფონის ნომერი სთხოვა, მოგვიანებით კი თავადვე დაუკავშირდა, როგორც ფოტოგრაფი „ ნუკრი ჯიოშვილი“ და შემდგომი დასაქმების პირობით სატესტო ფოტოსესია დაუგეგმა. 2024 წლის მარტის თვეში, ბრალდებულმა 19 წლის გოგო გლდანში მდებარე თავის ბინაში მიიყვანა, სადაც მას როგორც ფოტოგრაფს, თითქოს სტუდია ქონდა მოწყობილი და ქალის ინტიმური შინაარსის ფოტოები უკანონოდ მოიპოვა.

ფოტოსესიის შემდეგ, ბრალდებული ქალთან კომუნიკაციას ტელეფონით აგრძელებდა და მისი ინტიმური შინაარსის ფოტომასალის ნათესავებთან გავრცელებით ემუქრებოდა, თუ არ შეასრულებდა მის მოთხოვნებს – არ შეხვდებოდა, სქესობრივ კავშირს არ დაამყარებდა და ახალ ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალას არ გადაუგზავნიდა.

მას შემდეგ რაც აღნიშნულზე დაზარალებულისგან უარი მიიღო, მის სარგებლობაში არსებულ კიდევ ერთ ყალბ პროფილზე საჯაროდ განათავსა ფოტოსესიის დროს დაზარალებულისთვის გადაღებული ინტიმური ხასიათის ერთ-ერთი ფოტო სურათი და განაგრძო მუქარა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვისთანავე, საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით გადაუდებელი, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო. მათ შორის, ჩატარდა ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, მის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის, საცხოვრებელი ადგილის და ასევე, გლდანის რაიონში მდებარე იმ ბინის ჩხრეკა, სადაც ფოტოგადაღებებს ატარებდა. მტკიცებულების სახით ამოღებული იქნა ბრალდებულის მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, ფოტოაპარატი, ფოტოსესიის ჩასატარებლად შესაბამისი მოწყობილობები და ელექტრონული ინფორმაციის შესანახი სხვა ობიექტები.

აღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად, გამოძიების მიერ ამოღებულია 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა, მათ შორის ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა.

გარდა ამისა, ბრალდებულის მობილური ტელეფონის შესწავლის შედეგად, ნანახი იქნა სხვა დაზარალებული ქალების მიმართ ინტიმური შინაარსის სურათების გავრცელების მუქარის და შანტაჟის შემცველი მესიჯები. გამომძიებლებმა უკვე მოახდინეს რამდენიმე დაზარალებული ქალის იდენტიფიცირება, რომელთა ინტერესებს და უფლებებსაც ასევე დაიცავს საგამოძიებო სამსახური.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი.

დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება”, – ნათქვამია განცხადებაში.

“ნებისმიერ თემას შეგიძლიათ მიუჩინოთ ხელოვნური სპიკერი, მაგრამ დიასპორაში გაგიჭირდებათ” – ბექა ოდიშარია ოპოზიციას

მერამდენე წელიწადია, 27 მაისსავე ვზეიმობთ, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების – ჩვენი დიასპორის დღეს და მიხარია, სწორედ იმიტომ, რომ მეძლევა საშუალება, ვნახო მრავალი ჩვენი თანამემამულე, ჩვენი დიასპორელები. ეს დღე, სწორედ ის დღეა, სადაც უკვე 8 წელია არცერთი არამც თუ ეს ადამიანი, ვინც დღეს წარმოადგენს ემიგრაციის ფსევდო გულშემატკივარს, არ მინახავს ზოგადად ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლები , – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს.

ბექა ოდიშარიას შეფასებით, ოპოზიცია ყველა მიმართულებით ღია კარს ამტვრევს.

„რაც შეეხება დღევანდელ წარმოდგენას, სახელწოდებით – ინტერპელაცია. მას წარმოგვიდგენენ დარგის ნეგატიური რეკორდსმენები, რომელთა სინდისზე და მმართველობის პერიოდზე მოდის 2003-24 წლებში გასული ადამიანების სრული რაოდენობის 2/3″, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი დიპლომატიური კორპუსის მეშვეობით ყველაფერს აკეთებს როგორც სიტყვით, ასევე საქმით.

მისივე განმარტებით, ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ყურადღებით მოუსმინა პარტია „ლელოს” მიერ „ნაცებისთვის” და კოლექტიური „ნაცებისთვის” დაქირავებულ კონსულტანტს როზნერს, რომელმაც ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულად დიასპორის მიმართულება წარმოაჩინა.

„ნებისმიერ თემას შეგიძლიათ მიუჩინოთ ხელოვნური სპიკერი, მაგრამ დიასპორაში გაგიჭირდებათ, რადგან დიასპორა უნდა გიყვარდეს და გრძნობდე, რადგან დიასპორა გაცილებით უფრო მგრძნობიარე და დაკვირვებულია, ვიდრე საქართველოში მცხოვრები ქართველი კაცი. ისინი ადვილად ამოიცნობენ ყალბ მოამაგეს და გულშემატკივარს, ისინი ადვილად აიდენტიფიცირებენ ადამიანებს, რომლებიც მათ ეპყრობიან მერკანტილურად.

თქვენგან განსხვავებით, ჩვენი გუნდი გულწრფელად იღვწის იმისათვის, რომ შეიქმნას ბუნებრივი გარემო და გენერირდეს მიზიდულობის ძალა, რათა უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს გაუჩნდეთ ნებაყოფლობით დაბრუნების სურვილი სამშობლოში. ვქმნით სამუშაო ადგილებს, ვზრდით სოციალურ პაკეტებს, მუდმივად ვაუმჯობესებთ სერვისებს”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

“ბევრი ტყუილი და უსამართლო შეფასება მოვისმინეთ, თითქოს გარკვეულ პირებს უარი უთხრეს რეგისტრაციაზე და საკონსულო აღრიცხვაზე აყვანაზე”

ბევრი ტყუილი და უსამართლო შეფასება მოვისმინეთ, თითქოს გარკვეულ პირებს უარი უთხრეს რეგისტრაციაზე და საკონსულო აღრიცხვაზე აყვანაზე. ეს არის სრული ტყუილი, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია. ეს ინფორმაცია არანაირ ფაქტს არ ეფუძნება, – აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში მოსმენისას განაცხადა, სადაც მან საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხებზე ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის ის უწყება, რომელიც ხსნის ან არ ხსნის საარჩევნო ოლქებს ან უბნებს.

მინისტრის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმარება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების ადმინისტრირებაში.

„საკონსულო აღრიცხვაზე აყვანა ემსახურება საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და თავად ცესკო იღებს გადაწყვეტილებას სად გახსნას დამატებითი უბანი და სად არა“ , – დასძინა მან.

დარჩიაშვილის თქმით, მოსმენისას მან ბევრი ტყუილი და უსამართლო შეფასება მოისმინა, თითქოს გარკვეულ პირებს უარი უთხრეს რეგისტრაციაზე და საკონსულო აღრიცხვაზე აყვანაზე.

„ეს არის სრული ტყუილი, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია. ეს ინფორმაცია არანაირ ფაქტს არ ეფუძნება”, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიპლომატიური სტატუსის მქონე წარმომადგენლობის გახსნა ნებისმიერ ქალაქშია შესაძლებელი.

„მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის მცდელობას და სრულიად უსაფუძვლო ნარატივს, რომლის მსგავსი პრაქტიკაც არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს”, – აღნიშნა მან.

როგორც მინისტრმა დასძინა, მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან წამოსული ზედაპირული ბრალდებებისა და ტყუილისა, დღევანდელი განხილვა მაინც სასარგებლო იქნება საზღვარგარეთ დროებით მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„დღევანდელი მოსმენა მათ შეახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მათგანმა გამოხატოს კონსტიტუციური უფლება და მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა”, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

პარლამენტში გამოსვლისას, ილია დარჩიაშვილმა „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საზღვარგარეთ გახსნილი დიპლომატიური წარმომადგენლობების შესახებაც გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, საზღვარგარეთ დაახლოებით 15-მდე ახალი საელჩო თუ გენერალური საკონსულო გაიხსნა, ეს ნიშნავს რომ ჩვენ მოწოდებული ვართ, დადგენილი წესებით, კონვენციების შესაბამისად და მთავარი საარჩევნო კოდექსის საფუძველზე, გავხსნათ საარჩევნო უბნები იქ, სადაც გვაქვს დასაბუთებული ინფორმაცია ჩვენი მოქალაქეების კონცენტრაციასთან დაკავშირებით”, -აღნიშნა დარჩიაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დღეს, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს. დარჩიაშვილი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიბარეს.