Home Blog Page 1430

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6675 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6675 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6675 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6719 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0044 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8078 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8215 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0137 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკა მკაფიოდ განსაზღვრულია, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის რეზოლუციებით”

რეზოლუციის მიღების საჭიროებას ვერ ვხედავ, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკა მკაფიოდ განსაზღვრულია, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის რეზოლუციებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა იმას, რომ თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილებაზე რეზოლუციის მიღებას ითხოვენ.

„არ ვიცი, რა არის დაინიცირებული, მაგრამ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკას მთავრობა ახორციელებს და მათ სრული ნდობა აქვთ. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ამ პოლიტიკის შესაბამისად. მარგინალურ ოპოზიციონერებს რაიმე ჯანსაღი აზრი რომ ჰქონდეთ, ისინი საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერასაც მიიღებდნენ. არ ვიცი, რა რეზოლუციაზე არის საუბარი, მაგრამ ამ რეზოლუციის მიღების საჭიროებას ვერ ვხედავ, რადგან ჩვენი პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არის მკაფიოდ განსაზღვრული, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის რეზოლუციებით. ეს პოლიტიკა მკაფიოა და ამ გეგმას მივყვებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“არ ყოფილა შემთხვევა, რომ საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარი და ღამის გასათევი არ ჰქონოდათ” – ლაშა ჟვანია

არ ყოფილა შემთხვევა, რომ საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარი და ღამის გასათევი არ ჰქონოდათ. პრაქტიკულად, ყველას გამომგზავრება მოვახერხეთ, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით 5 რეისი შესრულდა და მომდევნო დღეებში, რეისები კვლავ განხორციელდება.

„მოთხოვნა რეისებზე ჩვეულებრივ არის. ხვალ და ზეგაც იქნება რეისები. ბილეთები სხვადასხვა ავიაკომპანიაზე არის. მაგალითად, 12, 13, 14 რიცხვის ბილეთები ჯერ კიდევ თავისუფალია. როგორ წესი, მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები ცდილობენ, რომ ბავშვები ამ მდგომარეობას გამოარიდონ. ზოგადად, ისრაელის ცენტრში მშვიდი ვითარებაა,“ – აღნიშნა ჟვანიამ.

მისივე თქმით, საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზეა.

„სამი ცხელი ხაზი მუშაობს საელჩოში 24 საათის განმავლობაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს მხოლოდ 13:00 საათამდე მუშაობს საელჩო და საკონსულო, რაც არასწორია. თუკი ვინმეს სჭირდება დახმარება თუნდაც თავშესაფრის, თუკი არ აქვს ღამის გასათენებელი, იგივე ავიარეისებთან დაკავშირებით, მაქსიმალურად ვაძლევთ კონსულტაციებს და ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ,“ – აღნიშნა ჟვანიამ.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – სავარაუდოდ მხოლოდ მცირედით ნაკლები შერბილების საბაზო სცენარი

საქართველოს მაკროეკონომიკური დინამიკის მხრივ, აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში გამოქვეყნებული სექტემბრის ინფლაციის მაჩვენებლები ჩვენს მოლოდინებთან დიდწილად შესაბამისი იყო. პროგნოზის კუთხით, საყურადღებოა ბოლო პერიოდში ნავთობის ფასების უკვე დაღმავალი ტენდენცია, თუმცა, ისრაელში განვითარებული მოვლენები ნავთობის ფასების ზრდის ფაქტორია. სავალუტო შემოდინებების კუთხით, ისრაელი საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, თუმცა ხვედრითი წილი უფრო ზომიერია. კერძოდ, ბოლო დაახლოებით ერთი წლის მონაცემებით, წილი ტურიზმში, მიგრაციის ეფექტის ჩათვლით, 6.5%-ს, გზავნილებში კი 5.4%-ს შეადგენს. საქონლის ექსპორტში, იმპორტსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ანალოგიური მაჩვენებლები მხოლოდ 0.5%-ის ფარგლებშია. მთლიანობაში, თიბისი კაპიტალის ინარჩუნებს შეფასებას სავალუტო შემოდინებების უფრო ნორმალიზების, ვიდრე გაუარესების კუთხით.

ასევე საყურადღებოა, რომ 2 ოქტომბრის მდგომარეობით, დეპოზიტების ვალუტების მიხედვით ყოველდღიურ დინამიკაში, რაც ხშირად ე.წ. სენტიმენტების საკმაოდ მნიშვნელოვანი საზომია, გაუარესება არ იკვეთება და როგორც ეს სებ-ის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გასულ კვირაში აშშ დოლარის გაყიდვის მიმართულებითთითქმის 50 მილიონიანი ინტერვენცია ერთჯერად გარემოებებს უკავშირდებოდა. ამასთან, ნეგატივია, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ამერიკის 10 წლიან სახაზინო ვალდებულებებზე საპროცენტო განაკვეთი, რომელიც საქართველოს მსგავს ქვეყნებში ინვესტიციების განხორციელების მხრივ მართალია არა ერთადერთი, თუმცა ანგარიშგასაწევი პარამეტრია. ისევე, როგორც საერთაშორისო ბაზრებზე სადღეისოდ არსებული მოლოდინები დოლარის განაკვეთების მაღალ დონეზე შედარებით მცირედით, მაგრამ მაინც უფრო ხანგრძლივი პერიოდით შენარჩუნებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენი საბაზო სცენარი მცირედით დაკორექტირდა. საკუთრივ, თიბისი კაპიტალის აზრით, მიმდინარე წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მიმდინარე 10%-დან 9.5%-მდე შემცირება კვლავ რეალისტურია, თუმცა როგორც ჩანს, ახლა უკვე უფრო ნაკლებად შემცირების გარკვეულწილად მეტი ალბათობით. მომდევნო წელს კი, თიბისი კაპიტალის საპროგნოზო ჩარჩოს მიხედვით, 8%-იანი საბაზო სცენარი 0.25 პროცენტული პუნქტით იზრდება და 8.25%-ს შეადგენს.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

 

“კორუფციის ასეთი დონე უკრაინაში არასდროს ყოფილა” -არესტოვიჩი

შეხედეთ დასავლური პრესის პუბლიკაციებს უკრაინის შესახებ – კორუფცია, კორუფცია, კორუფცია. თუ ჩვენი ხელისუფლება ფიქრობს, რომ დასავლეთში არაფერი იციან ამის შესახებ, ძალიან ცდებიან, მათ ყველაფერი იციან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინელ ჟურნალისტთან, დმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც არესტოვიჩი აცხადებს, „კორუფციის ასეთი დონე უკრაინაში არასდროს ყოფილა“.

„რა თქმა უნდა, ქურდობის ბაკქანალიაა, რომელიც ჩვენთან ხდება, კორუფციის ასეთი დონე უკრაინაში არასდროს ყოფილა ქვეყნის ისტორიაში. განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც იპარავენ ამერიკულ ფულს… ანუ ამერიკელები გვეუბნებიან: თქვენ ჩვენ გვიყვებით სიცოცხლისთვის ბრძოლის შესახებ და ჩვენ გაძლევთ ფულს, თქვენ კი ამ ფულს იპარავთ. რა რეაქცია უნდა ჰქონდეთ ამერიკელებს ამაზე? ისინი გვიგზავნიან რეფორმების ჩამონათვალს, რომლებმაც უნდა გამოასწოროს ვითარება. ასევე, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ფრონტზე მომარაგების საკითხი პირდაპირ არის დაკავშირებული ანტიკორუფციულ ქმედებებთან. შიდა ამერიკული პოლიტიკური დაპირისპირებაც რომ არ ყოფილიყო, რაც დაკავშირებულია არჩევნებთან და აშშ-ში კი ახლა, პრაქტიკულად, იდეოლოგიური სამოქალაქო ომია. მათ ერთმანეთი ეზიზღებათ, ისინი დაყოფილები არიან. დაყოფილები არიან როგორც დემოკრატები, ისე რესპუბლიკელებიც. ღმერთმა უწყის, რა ხდება. ვგულისხმობ არა დაპირისპირებას ქუჩებში, არამედ პოლიტიკურ ასპარეზზე ბრძოლას. უკრაინა არის სამი მთავარი თემიდან ერთ-ერთი. მაგალითად, არსებობს ხალხი, რომელმაც გამოუცხადა იმპიჩმენტი პრეზიდენტ ბაიდენს და ამის მიღწევა სურთ. ეს ხალხი ავლებს ხაზს ავღანეთიდან უკრაინამდე და ამბობენ, რომ ავღანეთში სახსრების არეფექტურმა ხარჯვამ, როდესაც ფულს უბრალოდ იპარავდნენ და უნარი არ ჰქონდათ, განეხორციელებინათ რეფორმები ქვეყანაში, მიგვიყვანა, რომ აშშ-მა უზარმაზარი სახსრები დახარჯა ავღანეთში და შემდეგ სამარცხვინოდ მოგვიხდა ევაკუაცია, როდესაც ხალხი თვითმფრინავს ეკიდებოდა. ეს ხალხი ამბობს, რომ უკრაინაშიც იგივე ისტორიაა. ისინი იპარავენ უამრავ ფულს და არაეფექტურად ხარჯავენ, რადგანაც გვანახეთ მაშინ თქვენი კონტრშეტევის შედეგი, რომლისთვის ასე დიდხანს ვემზადებოდით.

გასაგებია, რომ ეს ყველაფერი, რასაც ისინი ამბობენ, გაზვიადებულია, განსაკუთრებით, კონტრშეტევის კუთხით, მაგრამ ამას დიდი გამოხმაურება აქვს ამერიკელებში, რომელთა ნაწილი ტრავმირებულია ერაყისა და ავღანეთის ისტორიების გამო. ამას გარდა, არსებობს „ბურისმას“ თემა. არსებობს ბრალდება ჰანთერ ბაიდენის და მისი ოჯახის მიმართ და ეს ხალხი ამ ორ ხაზს აერთიანებს ერთ მთავარ ნარატივად და ამას აქვს დიდი გამოხმაურება.

თან უნდა ითქვას, რომ ჯერ უკრაინაში კორუფციის შესახებ სერიოზული პუბლიკაციები არ ყოფილა, იყო მხოლოდ მინიშნებები. წარმოიდგინეთ, როცა სერიოზული პუბლიკაციები გაჩნდება. და ეს აუცილებლად მოხდება, რადგანაც ეს არის შიდა ამერიკული პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი. მერე გაჩნდება კითხვა: როგორ უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს ასე არ არის? რომ ჩვენ ეფექტურად ვებრძვით კორუფციას და რომ ჩვენი იარაღით მომარაგება უნდა გაგრძელდეს?“ – განაცხადა არესტოვიჩმა.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ცვლილებათა თანახმად, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1 დეკემბრამდე შეუსრულდებათ.

ამასთან, 2025-2026 სასწავლო წლიდან დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა, მშობლის სურვილის შემთხვევაში, დამატებით მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

გადაწყვეტილების მიხედვით, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1 დეკემბრამდე დაბადებულ პირებს უფლება ექნებათ, გააკეთონ არჩევანი − გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით ან დარეგისტრირდნენ პირველ კლასელებად. აღნიშნული მსგავსად გავრცელდება 2025-2026 სასწავლო წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებზე.

როგორც მთავრობის სხდომაზე აღინიშნა,  გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, პნევმატური იარაღიდან შემთხვევით გასროლილი ტყვია 9 წლის ბიჭს მოხვდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, პნევმატური იარაღიდან შემთხვევით გასროლილი ტყვია 9 წლის ბიჭს მოხვდა და მისი მდგომარეობა მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, ფაქტი რამდენიმე საათის წინ იმ დროს მოხდა, როცა თანატოლები თამაშობდნენ.

ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთ მათგანს პნევმატური იარაღიდან შემთხვევით გაუვარდა და იქვე მყოფ ბავშვს მოხვდა.

მიღებული დაზიანებით სკოლის მოსწავლე ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

“პალესტინა უკრაინა არ არის -“ჰეზბოლა”

„ჰეზბოლა“ იმუქრება, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოზიციებს დაარტყამს, თუკი ის უშუალოდ ჩაერევა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტში.

ინფორმაციას The Time of Israel-ი ავრცელებს.

“პალესტინა უკრაინა არ არის. თუ აშშ უშუალოდ ჩაერევა, რეგიონში შეერთებული შტატების ყველა პოზიცია გახდება წინააღმდეგობის ღერძის ლეგიტიმური სამიზნე და ჩვენი თავდასხმების წინაშე აღმოჩნდება“, – ნათქვამია დაჯგუფების განცხადებაში.

ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ხომალდები გადაჰყავს, რომელთა შორის ავიამზიდიცაა.

პენტაგონის განცხადებით, აშშ-ის არმია განათავსებს საზღვაო ხომალდებს და საბრძოლო თვითმფრინავებს, რათა ისრაელში მიმდინარე ბრძოლების ფონზე “გაამყაროს რეგიონული შეკავების მცდელობები“

“სრული მჭიდრო კავშირი უნდა გქონდეთ” – მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას

სრული მჭიდრო კავშირი და კონტაქტები უნდა გქონდეთ, მე აქ ვარ თქვენთან ერთად, არც კი გაბედოთ ხელების ჩამოშვება და ამის გაფიქრებაც კი, – ასე მიმართა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას სასამართლო პროცესზე, დისტანციურად ჩართვის დროს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი სახით ასამართლებენ იმას, რომ საქართველოს პერსპექტივა არ ჰქონდეს.

„თქვენი იმედი მაქვს ძალიან დიდი. სოფო ჯაფარიძე, რომელიც ჩემი წარმომადგენელი და ლიდერია, ხსნის სააკაშვილის ოფისს. მე თქვენთან ერთად დავდგები. გაერთიანება არ არის მხოლოდ საკმარისი, ახლა საჭიროა განსაკუთრებული სიფხიზლე, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი დროა.

ფარცხალაძის გამოა დატყვევებული მთელი ჩემი ქვეყანა. სიფხიზლე, ერთიანობა, წინასწარ ცოდნა, რას ვაკეთებთ გადამწყვეტ მომენტში და ეს მომენტი ახლოვდება, მანამდე მუდმივი მოძრაობა.

არ გვაქვს უფლება რამენაირად ვიყოთ მოშვებულები, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. მეგობრებო მთავარია, არაფერზე ჩამოვუშვათ ხელი და მომენტი არ გავუშვათ, ამას ვერ შეაჩერებს ვერანაირი ოლიგარქია, სუს-ი თუ „მუსი“, ვერაფერი ვერ შეცვლის მთავარ მოცემულობას. საქართველო აქედან აუცილებლად გამარჯვებული გამოვა. მე თქვენთან ერთად ვდგავარ, თქვენთან ერთად ვიბრძოლებ ბოლო ამოსუნთქვამდე“, – განაცხადა სააკაშვილმა.

“უკრაინა თუ დამარცხდება, ეს ევროპის დასასრული იქნება” – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა თუ დამარცხდება, ეს ევროპის დასასრული იქნება.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა „ფორბსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ევროპისთვის ეს ეგზისტენციალური ომია. ევროპელები ხვდებიან, რომ ეს მათაც ეხება. მათ არ შუძლიათ, საკუთარ თავს მისცენ უფლება, არ გაიმარჯვონ ამ ომში უკრაინასთან ერთად. თუ უკრაინა დამარცხდება, ეს ევროპის დასასრული იქნება“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

კულებამ ასევე ისაუბრა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ დროებით ბიუჯეტზე, სადაც უკრაინის დაფინანსება არ მოხვდა.

როგორც კულება ამბობს, რაც უფრო მეტად მოახლოვდება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, უკრაინას მით მეტი სირთულე ელოდება.

„არჩევნებს საკუთარი ლოგიკა აქვს, პოლიტიკური ბრძოლა ინტენსიური გახდება, ხოლო აშშ-ში არსებობენ ძალები, რომელთაც სურთ, რომ უკრაინის საკითხი იყოს ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო კამპანიის პერიოდში“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

“საქართველოს მიმართ სომხეთსა და აზერბაიჯანს სრული ნდობა აქვთ” – შალვა პაპუაშვილი

საქართველო ლამის ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მიმართაც როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს სრული ნდობა აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი დამოკიდებულება გამომდინარეობს იმ პოლიტიკიდან, რომელსაც საქართველო მეზობლების მიმართ ატარებს

„ჩვენი განსაკუთრებულობა სწორედ იმ პოლიტიკიდან გამომდინარეა, რასაც წლების განმავლობაში საქართველო მეზობლების მიმართ ატარებს.  ეს ნდობა არის, რასაც ჩვენს მეგობრებს სომხეთსა და აზერბაიჯანში ვთავაზობდით, რათა საერთო რეგიონული ნდობა ჩამოყალიბდეს. ამის კარგი გამოცდილებაც არსებობს, მათ შორის საქართველოს პრემიერის მონაწილეობით იყო შეთანხმება, როცა სამხედრო ტყვეები იყო გაცვლილი ნაღმების რუკების სანაცვლოდ. ეს კარგი გამოცდილება გამოსაყენებელია, მათ შორის, ჩვენს უცხოელ კოლეგებსაც ყოველთვის ვთავაზობთ, რომ საქართველო, როგორც შუამავალი, გამოიყენონ. ჩვენ სხვა ქვეყნებისგან გაძლიერება გვჭირდება იმისთვის, რომ ეს როლი ეფექტიანად შესრულდეს. ტენდენცია, რომ მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა ძალიან გაზრდილია, აჩვენებს, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ ეს არის, რაზეც ყოველდღე ვმუშაობთ. განსაკუთრებული მიღწევაა ის განსაკუთრებული ურთიერთობა, რაც ხელისუფლებებს შორის არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“2024 წლიდან პირველ კლასში შესვლას ის ბავშვები შეძლებენ, ვისაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე უსრულდება”

2024 წლიდან პირველ კლასში შესვლას ის ბავშვები შეძლებენ, ვისაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე უსრულდება.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

„განვიხილეთ სკოლაში შესვლის ასაკთან დაკავშირებული საკითხი. დიდი ინტერესი და მშობლების მხრიდან მომართვაა ბოლო წლებში და ამ საკითხზე და ცვლილება დავიწყეთ 2 წლის წინ.

სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად, მიგვაჩნია, რომ ობიექტური წყალგამყოფია 31 დეკემბრის ჩათვლით, ვისაც 6 წელი შეუსრულდა.

ცვლილება შევა შემდეგ სასწავლო წელს და სკოლაში შესვლა შეეძლება მას, ვისაც 6 წელი შეუსრულდა 1-ელ დეკემბრამდე, ხოლო 2025-2026 წლებში უკვე მათ შეეძლებათ სკოლაში შესვლა, ვისაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდება.

ეს გადაწყვეტილება არის ნებაყოფლობითი და თუ მშობელი მიიჩნევს, რომ ბავში არაა სკოლისთვის მზად, ბაღს ვუტოვებთ ვალდებულებას და მშობელს შეუძლია დატოვოს ბაღში და ერთი წლის შემდეგ შეიყვანოს”,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მისივე თქმით, 2024-2025 სასწავლო წელს პირველკლასელი დამატებით, დაახლოებით 5 ათასი ბავშვი გახდება.