Home Blog Page 1419

“ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზა რუსეთის მხრიდან, პრაქტიკულად, საქართველოს ტერიტორიის ომში შეთრევის პირდაპირი გეგმაა”

პარტია „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოჩამჩირეში რუსული მუდმივი სამხედრო ბაზის შექმნა, რუსეთის მხრიდან „საქართველოს ომში შეთრევის პირდაპირი გეგმაა“.

მისივე თქმით, შავ ზღვაში უნდა იყოს ანაკლიის პორტი და არა რუსეთის სამხედრო ბაზა.

„ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზა, ეს რუსეთის მხრიდან, პრაქტიკულად, საქართველოს ტერიტორიის ომში შეთრევის პირდაპირი გეგმაა. იმიტომ, რომ ვხედავთ, შავ ზღვაში ბევრი ცვლილებაა. რუსეთი უთუოდ დამარცხება, მათ შორის, შავ ზღვაში, უკრაინის მხრიდან. შესაბამისად, ასეთი მოლაპარაკებები დიდი საფრთხის შემცველია ჩვენი ტერიტორიებისთვის. პრობლემა ისაა, რომ „ქართული ოცნება” უნისონში უმეტეს საკითხებზე, რუსეთთან ერთად საუბრობს, ოკუპირებული რეგიონის რეჟიმებთან ერთად. ერთია, რომ რუსეთმა წამოიწყო ეს, მაგრამ მეორეა, რომ პროცესს ხელს უწყობს „ქართული ოცნების” პოლიტიკა. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ შავ ზღვაში იყოს ანაკლია და არა რუსეთის პორტი”,- განაცხადა ხოშტარიამ.

ამასთან, მან პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესმა ევროპულ დღის წესრიგს ზიანი მიაყენა, რადგან მისი შინაარსი ევროპული ვიზიტები იყო.

„ძალიან მიჭირს ხოლმე რაღაც, ფარულ დღის წესრიგებზე მსჯელობა. ფაქტია, რომ ამ პროცესმა ევროპულ დღის წესრიგს ზიანი მიაყენა, იმიტომ, რომ მისი შინაარსი ევროპაში ვიზიტები იყო, ქვეყნისთვის სასარგებლო ვიზიტები. მეორე, ურთიერთობები და ზოგადად, სისტემა იმდენად არაგამჭვირვალეა, რომ არ ვიცი ამის უკან რა დგას. მესამე, იმედს ვიტოვებ, რომ პარლამენტში ეს არ მოხდება, თუმცა ამ უკანონო სისტემაში გამორიცხული არაფერია. ამიტომ, თვალყური უნდა მივადევნოთ. ფაქტია, რომ „ქართული ოცნება” ცდილობს, საინფორმაციო სივრცეც, ზოგადად, ევროპული დღის წესრიგიც, ისეთი საკითხებით შეავსოს, რომლებიც ქვეყანას აზიანებს. ხან იმპიჩმენტი, ხან მოსამართლეებზე არასწორი გადაწყვეტილებები. ამიტომ, ჩვენი დღის წესრიგისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რასაც Mona.ge-ს რეესტრის ჩაშვება ემსახურება – სისტემა თავის მართლების პროცესში იყოს”,- განაცხადა ხოშტარიამ.

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.

მცირეხნიანი ვიზიტის განმავლობაში ამერიკელი მაღალჩინოსანი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და პალესტინის პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასსთან შეხვედრას გეგმავს.

შეგახსენებთ, 10 ოქტომბერს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდოდა იმის გასარკვევად, როგორ შეუძლია აშშ-ს, განაგრძოს მათი მხარდაჭერა.

„მდივანი მოუთმენლად ელოდება ისრაელის მთავრობის ლიდერებთან შეხვედრას და დისკუსიების გაგრძელებას, რომლებიც მას და პრეზიდენტს ჰქონდათ მათთან თავდასხმების დაწყებიდან“, – განაცხადა მაშინ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორში „ჰამასის“ გვირაბებს ბომბავს

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორში ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ გვირაბების ქსელის წინააღმდეგ დარტყმებს ახორციელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის ჯონათან კონრიკუსის განცხადებით, გვირაბების ქსელი, რომელი 2007 წელს ღაზაში „ჰამასის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აშენდა, იყენებენ ტვირთის ტრანსპორტირებისა და ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების დაგეგმისთვის.

„აქ გაცილებით ბევრია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ისრაელის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ დარტყმებს ღაზას უმეტეს რაიონზე. ჩვენ უპირველეს ყოვლისა, იერიშები მიგვაქვს მეთაურებზე, „ჰამასის“ უმაღლეს ხემძღვანელობაზე, ხელისუფლების ყველა ეშელონზე“, – განაცხადა კონრიკუსმა.

„რაც {ობიექტი} არ უნდა იყოს, თუ ის ეკუთვნის „ჰამასს“, ჩვენ ვახორციელებთ დარტყმებს“, – აღნიშნა ჯონათან კონრიკუსმა.

გარდა ამისა, ისრაელის არმია ამ დროისათვის ღაზაში „ჰამასის“ პოზიციებზე მასშტაბურ დარტყმებს ახორციელებს.

ამავე დროს, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზას სექტორში დაღუპულთა რაოდენობა 1200-მდე გაიზარდა, დაშავებულია 5 600 ადამიანი.

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ქუთაისში, რიგით მესამე საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 20-25 ოქტომბერს ქუთაისი, რიგით მესამე, საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს მასპინძლობს.

ექვსი დღის განმავლობაში, კინოთეატრ საქართველოში, ფესტივალი მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. კინოჩვენებებთან და რეტროსპექტივებთან ერთად, ფესტივალი მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებს კინემატოგრაფისტებისათვის მასტერკლასებს, დისკუსიებსა და პრეზენტაციებს.

ფესტივალის ფარგლებში, სპეციალური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს სამ კატეგორიაში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ოპერატორი და ფესტივალის პრიზს – ოქროს დინოზავრს გადასცემს.

ფესტივალის ჟიურის წევრები არიან: მარი ამაშუკელი, ოლივიე პელისონი, კარმენ გრეი, ფარაზ ფეშარაკი, ნიკ ვოიგთი,კეკო ჭელიძე,შალვა სოყურაშვილი.

ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიური ქეთი ჯაფარიძე, დიანა მაღლაკელიძე და ბექა მაისურაძე, კი რჩეულ ფილმს მიხეილ კობახიძის სახელობის ჯილდოს გადასცემენ.

ფესტივალის წლევანდელი ფოკუს ქვეყანაა ჩეხეთი. „ჩეხეთის ცენტრი თბილისის” მხარდაჭერით ნაჩვენები იქნება ჩეხური ახალი ტალღის ფილმები.

ცნობილი ბელგიელი რეჟისორის, სცენარისტის, ხელოვანისა და კინოს პროფესორის – შანტალ აკერმანის ფილმების სპეციალური ჩვენებით, ფესტივალი კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ქალ კინემატოგრაფისტთა ღვაწლს.

წელს, ფესტივალის სტუმარია „ბაქოს საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი“.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელი გამორჩეულია ქართული კინოსათვის, რადგან მისი არსებობის საიუბილეო, 115-ე წელი შესრულდა.

ტრადიციულად ფესტივალზე ნაჩვენები იქნება თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პანორამა. ქუთაისში შედგება ქართული ახალი ტალღის დოკუმენტალისტების ფილმების პრემიერები, ნაჩვენები იქნება: ანნა ძიაფშიპას ავტოპორტრეტი ზღვარზე, მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის ჯადოსნური მთა, ლუკა ბერაძის ღიმილიანი საქართველო და გიორგი ვარსიმაშვილის სასტუმრო მეტალურგი.

ანიმატორთა ასოციაცია საქართველოში „საქანიმა“, ფესტივალზე წარმოგიდგენთ ახალ ქართულ ანიმაციურ ფილმებს.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება რეზო გაბრიაძის სახელობის სცენარის განვითარების სახელოსნო, რომელსაც რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ინეკე სმიტსი (ნიდერლანდები)  და პროდიუსერი თეკლა მაჭავარიანი (საქართველო) გაუძღვებიან.

კინოკრიტიკის სახელოსნოს  გაუძღვება კინოკრიტიკოსი, ფილოსოფოსი და ავტორი დანა ლინსენი (ნიდერლანდები);

კინოოპერატორობის საერთაშორისო სახელოსნოს  გაუძღვებიან გამოცდილი კინოოპერატორები საქართველოდან, ევროპიდან და ამერიკიდან. სახელოსნო ტარდება კინოოპერატორთა საერთაშორისო ფედერაციის – IMAGO-სა და Dedo Weigert Film GmbH-ის მხარდაჭერით. მსგავსი ტიპის სახელოსნო პირველად ტარდება არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ფესტივალი 20 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიხსნება და დასრულდება დაჯილდოების ცერემონიით, რომელიც 25 ოქტომბერს 19:00 საათზე კინოთეატრ საქართველოში ჩატარდება.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ქუთაისის მერია, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრი, თიბისი კონცეპტი და „თეგეტა ჰოლდინგი”.

ფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, „ფრანგული ინსტიტუტი”, „ჩეხეთის ცენტრი თბილისი”, „მეღვინეობა ვაზიანი”, „სარაჯიშვილი” და „ბორჯომი”. ფესტივალის მასპინძელია სასტუმრო Kutaisi Inn.

R

გაერო-ს უშიშროების საბჭო, 13 ოქტომბერს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის განსახილველად შეიკრიბება

გაერო-ს უშიშროების საბჭო, 13 ოქტომბერს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის განსახილველად შეიკრიბება.

ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბრაზილიამ, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეა, „ღაზას სექტორში არსებული სიტუაციის განსახილველად“ სხდომა დანიშნა.

ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაურუ ვიერამ აზიაში მოგზაურობა შეწყვიტა, რათა ნიუ-იორკში შეხვედრას დაესწროს.

შექმნილი სიტუაციის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა, რომ აუცილებელია „ჰამასმა“ ოჯახებიდან გატაცებული ბავშვები დააბრუნოს და ისრაელს ღაზას დაბომბვის შეწყვეტისკენ მოუწოდა

კობა კობალაძემ ამპუტანტ ფეხბურთელებს ევროპის ერთა ლიგის C ჯგუფში გამარჯვება მიულოცა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდს უმასპინძლა, ევროპის ერთა ლიგის C ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა მიულოცა და გუნდის წევრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

” ადამიანს სული ამოძრავებს და სასიხარულოა, რომ თქვენი სულიერი სიძლიერით მხოლოდ საკუთარი გუნდი კი არა, ჩვენი ქვეყანა ასახელეთ.

ამპუტანტთა ფეხბურთის განვითარებაში, ჩვენს თანამებრძოლს, ომის ვეტერანს, ავთანდილ ჩიხლაძეს დიდი წვლილი მიუძღვის და მიხარია, რომ მისი გარდაცვალების შემდეგაც თქვენ აგრძელებთ დიდი შემართებით თამაშს, რითაც ბრძოლის და შეუდრეკელობის მაგალითს გვაჩვენებთ. ვხედავთ ახალ სახეებს, რომლებსაც ჟინი და მოტივაცია ამოძრავებთ. გილოცავთ ამ გამარჯვებას. დაე, ეს გამარჯვება ყოფილიყოს მომავალი წარმატებების საწინდარი.”- აღნიშნა შეხვედრაზე კობა კობალაძემ.

საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებმა 6-8 ოქტომბერს, ბელგიაში, ქალაქ ბლანკენბერგში ევროპის ერთა ლიგის C ჯგუფში, პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრებმა ფრედ 0:0 ითამაშა უკრაინასთან, 7 ოქტომბერს დაამარცხა საბერძნეთი 2:0, 6 ოქტომბერს ბელგიის ნაკრებს სძლია ანგარიშით 5:0 და ფრედ 3:3 დაასრულა მატჩი ისრაელთან. საბოლოოდ, საქართველომ და უკრაინამ 8-8 ქულა დააგროვეს, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობით _ 10:3, საქართველოს ნაკრებმა, პირველი ადგილი მოიპოვა და ჩემპიონის თასს დაეუფლა. 5 გატანილი გოლით, ტურნირის ბომბარდირი გახდა ლაშა ბრეგვაძე, ხოლო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად რუსლან შაჰუმიანი დასახელდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის პასუხისმგებელი თანამდებობის პირები და საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი გვალია.

რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება

მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, იმის გათვალისწინებით, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა, დასრულდა აღნიშნული გზის 149-ზე კმ-ზე ფერდის სტაბილიზაციის საპროექტო სამუშაოები და დაიწყო მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები, მიმდინარე წლის 12 ოქტომბრიდან რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იცვლება.

“სპეციალური რეჟიმი უქმდება მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის და შესაბამისად, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მათი გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება ძალაში, თუმცა იზრდება 4 საათით. შესაბამისად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება რიკოთზე დაშვებული იქნება ორმხრივად, 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

ამასთან, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გაგრძელდება 24 საათიანი მონიტორინგი.

სპეციალური რეჟიმი რიკოთის საავტომობილო გზაზე მიმდინარე წლის აპრილიდან მოქმედებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„აშშ-მა უკრაინას ნატოს ოფისში 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი აღუთქვა“

აშშ-ის რადიოსადგური „თავისუფალი ევროპა // თავისუფლება“ (Radio Free Europe/Radio Liberty – მთავარი ოფისი პრაღაში, აფინანსებს ამერიკის კონგრესი) თავისი უკრაინული სამსახურის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „აშშ-მა უკრაინას ნატოს ოფისში 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი აღუთქვა“.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკრაინას 200 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. უკრაინისადმი ამერიკის მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ ბელგიაში, ნატოს სათავო ოფისში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს გახდა ცნობილი. ზამთრის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიასთან გასამკლავებლად მეტ დახმარებას ითხოვს.

„ვამაყობ, რომ შეერთებული შტატები, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების უახლესი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს, რომელიც 200 მილიონი დოლარის ღირებულებისაა“, – თქვა ამერიკის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის გახსნაზე. საკონტაქტო ჯგუფი „რამშტაინის ფორმატის“ სახელითაა ცნობილი და იმ 50-მდე ქვეყანას აერთიანებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ომში, კიევს მხარს უჭერენ.

ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის, სარაკეტო და საარტილერიო საბრძოლო მასალებს, ასევე ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს. ამერიკის თავდაცვის მდივანმა, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვაშინგტონი “უკრაინის გვერდით იქნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”.

„ფალკონები“ (F-16-ები) და დახმარების სხვა პაკეტები

დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა ამერიკული წარმოების საბრძოლო თვითმფრინავებს – „ფალკონებს“ (F-16-ებს) უკრაინას მომავალი წლის გაზაფხულზე გადასცემს. როგორც ცნობილია, აგვისტოში ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ დანიამ დაამტკიცა უკრაინაში 19 მოწინავე სამხედრო თვითმფრინავის გაგზავნა.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას F-16-ებს 2025 წლიდან გაუგზავნის და ასევე უზრუნველყოფს თვითმფრინავების ტექნიკურ მომსახურებას. „ბელგია, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას, 2025 წლიდან შეძლებს“, – განაცხადა ალექსანდრე დე კროომ პრესკონფერენციაზე, თუმცა არ უთქვამს, რამდენ თვითმფრინავზეა საუბარი.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს შტაბ-ბინაში პირველად იმყოფება. იგი 11 ოქტომბერს პირისპირ შეხვდა ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი წინ უსწრებს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების, ასევე, ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრას. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანას საკუთარი მოქალაქეების, ენერგო-ინფრასტრუქტურის და სურსათის ექსპორტის დასაცავად, მეტი იარაღი სჭირდება.

„ახლა ვხედავთ, რომ პრეზიდენტი პუტინი, ზამთრის ისევ ომის იარაღად გამოყენებისთვის ემზადება, – ენერგეტიკულ სისტემაზე, გაზის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის. ეს თავიდან უნდა ავიცილოთ“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინის საერთაშორისო ფონდი – ქვეყნების ჯგუფი, მათ შორის ბრიტანეთი, ნორვეგია, ნიდერლანდები, დანია და შვედეთი – უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად, 100 მილიონი ფუნტის (122,70 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. პაკეტი სხვა საშუალებებთან ერთად ასევე მოიცავს დანაღმული ველების გასაწმენდად საჭირო აღჭურვილობას.

ვითარება ფრონტის ხაზზე

ბრძოლის ველზე, რუსულმა ძალებმა გააძლიერა თავდასხმები ავდეევკაზე, დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე ინდუსტრიულ ქალაქზე. რუსეთის სრულმასშტაბიან ომის დაწყების შემდეგ, ქალაქის მოსახლეობა, 31 000-დან 2 000-მდე შემცირდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უკრაინელმა სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ტანკებითა და ჯავშანტექნიკით მხარდაჭერილმა სამმა რუსულმა ბატალიონმა, დონეცკის ავდეევკის, ტონენკოს, კერამიკისა და პერვომაისკოეს რაიონებში, შეტევითი მოქმედებები გააძლიერა.

წყარო

“გუშინ ვნახეთ “ევროპული საქართველო” ბრიუსელში – ბოკერიას შნირი კანდელაკი. დეკლარირებული მოღალატე და მავნებელი!”- გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ყოფილ პარლამენტარ გიორგი კანდელაკის შესახებ სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს:

“გუშინ ვნახეთ “ევროპული საქართველო” ბრიუსელში. ბოკერიას შნირი კანდელაკი. დეკლარირებული მოღალატე და მავნებელი! ქართველები სტალინის ძეგლებს აგებენ, 46% თაყვანს სცემსო! ანუ, რა უნდათ ევროპაში ამ ველურებსო!

ნაცები დედებს და დებს რომ ყიდიდნენ, ის მოდგმაა! ნიღბების ცვლა არ უშველით!”-წერს გოგა ხაინდრავა

 

“რინოვირუსის ძალიან ბევრი შემთხვევაა გამოვლენილი” – ივანე ჩხაიძე

ვირუსების განაწილების ბოლო მონაცემების თანახმად, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოგვცა, 7% არის კორონავირუსი, სხვა ვირუსების განაწილება კი უფრო მეტია – რინოვირუსის ძალიან ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ რინოვირუსი მომატებულია მოზრდილი ასაკის ბავშვებშიც, -ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ჩხაიძე განმარტავს, რინოვირუსი გაციების გამომწვევი ვირუსია და არ განაპირობებს დაავადების მძიმე მიმდინარეობას.

„2023 წელს რინოვირუსის უჩვეულო მატება გვაქვს, პანდემიამდე წლებთან შედარებით, წელს ძალიან ბევრი რინოვირუსი ცირკულირებს. რინოვირუსი გახლავთ გაციების გამომწვევი ვირუსი და არ განაპირობებს დაავადების მძიმე მიმდინარეობას.

გარდა იმისა, რომ წელს, პროცენტული განაწილების თვალსაზრისით, რინოვირუსის ძალიან ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული, აღსანიშნავია, რომ რინოვირუსი მომატებულია მოზრდილი ასაკის ბავშვებშიც.

რაც შეეხება კორონავირუსს. თუ გადავხედავთ იმ მონაცემებს, წლის ჭრილში გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ კორონავირუსის აქტივობაზე, კერძოდ, ლუგარის ცენტრის მონაცემებით, ძალიან კარგად ჩანს, რომ კორონავირუსი არსად გამქრალა და სეზონური სახე აქვს მიღებული. ზაფხულშიც გვქონდა კორონავირუსის შემთხვევები. სტატისტიკაში კარგად ჩანს, რომ 3 კვირა იყო, როდესაც ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში კორონავირუსი ვერ იქნა ნანახი. კორონავირუსის რაოდენობა მცირეა, 2-7%-მდე მერყეობს მისი განაწილება სხვა ვირუსებთან ერთად. გვაქვს მოლოდინი, რომ აქციების კვალდაკვალ მოიმატებს კორონავირუსის შემთხვევები. ბოლო მონაცემებით, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოგვცა, 7% არის კორონავირუსი, სხვა ვირუსების განაწილება უფრო მეტია.

მთავარია, რომ კორონავირუსი კონტროლის ქვეშ იქნება, გვეცოდინება მისი გავრცელების ინტენსივობა, ასევე ის, თუ რომელი ვარიანტი ცირკულირებს. ამ ეტაპზე, ქვეყანაში კორონავირუსი კვლავ ცირკულირებს, კერძოდ, „ომიკრონი“. გარდაცვალების შემთხვევა ძალიან იშვიათია, ქვეყანას კორონავირუსისგან რაიმე საშიშროება არ ემუქრება“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში რინოვირუსის შემთხვევები იმატებს, ივანე ჩხაიძე იმედოვნებს, რომ ეს კლინიკების გადატვირთვას არ გამოიწვევს.

„ჯერ არ გვაქვს ვითარება, რომ კლინიკები გადატვირთული იყოს, მიუხედავად იმისა, რომ რინოვირუსის შემთხვევები მომატებულია, ეს მომართვიანობა არ ჰქმნის პრობლემას. ინფიცირების მაჩვენებელი მოიმატებს, მაგრამ კლინიკების გადატვირთვას არ ველოდებით“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

“ვფიქრობ, რომ არამც თუ დროულია, ძალიან საშურიც არის მისი თანამდებობიდან ჩამოშორება”-თეა წულუკიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

ვფიქრობ, იმპიჩმენტის პროცედურა არც დააზიანებს საქმეს და არც არაფერში წაადგება. სამწუხაროდ, ეს რეალობაა და ეს არის გზა, რომელიც პრეზიდენტმა თავად აირჩია. ალბათ ცოტა უფრო შორსმჭვრეტელები უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ რომ გავიაზრებთ წარსულს, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ის ამხელა ავანტიურაზე წავიდოდა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა  „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.

წულუკიანის თქმით, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის საკითხს საკუთარი გარკვეული ინტერესებისთვის იყენებს.

„მათ პოლიტიკურსაც ვერ დავარქმევ, რადგან ვერ წარმომიდგენია, რა პოლიტიკური ინტერესი შეიძლება ჰქონდეს სალომე ზურაბიშვილს, მას შემდეგ, რაც დაატრიალა ამ ქვეყანაში საქართველოს საზიანოდ. რაღაც პირადი ინტერესით მანიპულირებს სტატუსით. ვფიქრობ, რომ არამც თუ დროულია, ძალიან საშურიც არის მისი თანამდებობიდან ჩამოშორება, რადგან ის აზიანებს ქვეყანას თავისი გაუაზრებელი ვიზიტებით, რომლის დროსაც არავითარი შეთანხმება მთავრობასთან არ ხდება – ვის რა როლი აქვს, ვინ რა ფუნქციას ასრულებს. მახსოვს, რომ უვიზო რეჟიმის დროს მთავრობაშიც კი გვქონდა როლები განაწილებული. ეკონომიკის მინისტრს მიჰყავდა გარკვეული საკითხები, მე მევალებოდა გარკვეული ორი ბლოკი. უვიზო მიმოსვლის რეჟიმისთვის საშინაო დავალებები ერქვა, რაც ბრიუსელმა დაგვიდგინა და ბლოკებად იყო დაყოფილი, ორი ბლოკი იყო იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობა. სადაც ვიკვეთებოდით, ვთანხმდებოდით, ვინ რა როლი ითამაშოს, ვინ ვის დაეხმაროს, რომ ქვეყანა გამოვიდეს გამარჯვებული. აი, ეს პრეზიდენტმა სრულად მოშალა. მან ძალიან კარგად იცის, რომ ის, ერთი ქალი ვერც სტატუსს მოიტანს და ვერც სტატუსის მოტანას შეუშლის ხელს, მაგრამ ამ ზიანზე მიდის რაღაც პირადი გამორჩენისა, თუ მიზნისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც იქ არ არის, სადაც უნდა იყოს“, – აღნიშნა წულუკიანმა.

რაც შეეხება კითხვას, „თუ წელს საქართველო კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს, ამ პროცესში ვისი რა წვლილი იქნება?“, – წულუკიანის თქმით, უკვე ბავშვმაც იცის, რომ ამაში ძალიან დიდი წვლილი იქნება დესტრუქციული ოპოზიციის, ასევე პრეზიდენტისაც.

„კულტურისა და სპორტის მინისტრსაც კი მუდმივად წინ მხვდება ყველა ქვეყანაში მისი ნამოქმედარი (და მე ხშირად არ ვმოგზაურობ), რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესის საწინააღმდეგო. თუ ეს არ არის პრეზიდენტის მიერ მიყენებული ზიანი თავისივე სახელმწიფოს მიმართ ევროპულ გზაზე, მაშინ რა არის ზიანი, მე აღარ ვიცი. ამიტომ დაველოდოთ გადაწყვეტილებას და შემდგომ ყველაფერი უნდა შეფასდეს, ვისი რა წვლილია და ვინ რა გააკეთა, თუმცა სამწუხარო რეალობაში ნამდვილად ვართ“, – განაცხადა წულუკიანმა

“ღაზას საავადმყოფოები მორგებად გადაქცევის რისკის ქვეშ არიან” – წითელი ჯვარი

ღაზას საავადმყოფოები მორგებად გადაქცევის რისკის ქვეშ არიან, რადგან ისრაელის მიერ ანკლავის დაბომბვის ფონზე ისინი ელექტროენერგიის გარეშე რჩებიან, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი იუწყება.

„იმის გამო, რომ ღაზას ეთიშება ელექტროენერგია, საავადმყოფოებს ეთიშებათ ელექტროენერგია, ინკუბატორებში მყოფი ახალშობილები და ჟანგბადზე მიერთებული ხანდაზმული პაციენტები რისკის ქვეშ იმყოფებიან”, – განაცხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რეგიონალურმა დირექტორმა ახლო და შუა აღმოსავლეთში, ფაბრიციო კარბონიმ.

ღაზაში აცხადებენ, რომ ერთადერთმა ელექტროსადგურმა, საწვავის ამოწურვის გამო, მუშაობა შეწყვიტა.

ანკლავის მოსახლეობას ელექტროენერგიისთვის გენერატორების გამოყენებაც შეუძლია, თუმცა ისრაელის მხრიდან ბლოკადის პირობებში გენერატორების მუშაობისთვის საჭირო საწვავი იწურება.

ფაბრიციო კარბონიმ ასევე განაცხადა, რომ „წითელი ჯვარი“ კონტაქტშია როგორც „ჰამასთან“ ასევე ისრაელის ოფიციალურ პირებთან ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მიზნით.