Home Blog Page 1417

ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანს წინანდლის მამულში უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მეუღლესთან − ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და მის მეუღლეს − ანიკო ლევაის კახეთში, წინანდლის მამულში უმასპინძლა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანს საქართველოში ღვინის დაყენების ტექნოლოგია გააცნო და საქართველოსთვის მევენახეობისა და მეღვინეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. სტუმრებმა საწნახელი დაათვალიერეს და კულინარიულ მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობა შეაჩერა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რუსეთის ოკიმპიური კომიტეტის საქმიანობა შეაჩერა. ამის შესახებ განცხადებას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ თავის შემადგენლობაში ე.წ. “სპორტული ორგანიზაციების” მიღებას უკავშირება, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიერ რეგიონებში მდებარეობენ.

“ცალმხრივი გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა 2023 წლის 5 ოქტომბერს მიიღო, საკუთარ შემადგენლობაში რეგიონალური სპორტული ორგანიზაციების მიღების შესახებ, რომლებიც უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მმართველობაში იმყოფებიან (კონკრეტულად კი დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქების), წარმოადგენს ოლიმპიური ქარტიის დარღვევას, ვინაიდან უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ ოლიმპიური ქარტიის შესაბამისად არის აღიარებული”, – წერია განცხადებაში.

აღინიშნება, რომ გადაწყვეტილება დაუყონებლივ შედის ძალაში.

გადაწყვეტილების შესაბამისად, რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს აღარ აქვს უფლება იმოქმედოს როგორც ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა (როგორც ეს ოლიმპიურ ქარტიაში არის განსაზღვრული) და ოლიმპიური მოძრაობისგან არანაირი დაფინანსების მიღება არ შეუძლია.

პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილი თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა

მსოფლიოს საჭადრაკო ისტორიაში ეპოქის შემქმნელი, მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოში საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და საქართველოსადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისა და უნიკალური სპორტული მიღწევებისათვის, თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია დღეს ჭადრაკის სასახლეში, ნონა გაფრინდაშვილის მსოფლიო ტურნეს „ეთამაშე ჭადრაკის დედოფალს“ წარდგენაზე გაიმართა, სადაც სახელმწიფო ჯილდო მოჭადრაკეს პრეზიდენტმა პირადად გადასცა.

,,ქალბატონო ნონა, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ აქ მომიწვიეთ სწორედ დღეს, როცა თქვენი ახალი მსოფლიო ტურნე იწყება. ძალიან სასიხარულოა, რომ სულ სიახლეებში ხართ და ეს ალბათ, თქვენი ერთ-ერთი მუდმივი ნიშანია, რომ სულ რაღაც ახლის დაწყება გიწევთ და ამისათვის ყოველთვის გქონდათ და დღესაც გაქვთ ენერგია და მზაობა. მინდა მოგილოცოთ ეს დღე.

უკვე დიდი ხანია ვეძებდით მომენტს, როცა საშუალება მოგვეცემოდა თქვენთვის ეს ორდენი გადმოგვეცა და მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით. მეც ვღელავ, რადგან თითქმის ყველა ორდენი გაქვთ მიღებული, ამიტომ ძალიან ძნელია ახლის მოფიქრება, მაგრამ ერთი ორდენი არ გქონდათ და მე მგონი, ძალიან სწორი არჩევანი გაკეთდა, რომ დღეს დაატოვებინებდათ იმ დედოფლის ორდენით, რომელიც მეფეებზე მაგარი იყო – ანუ, თამარ მეფის ორდენით.

ეს ორდენი არ არის თქვენი სპორტული გამარჯვების აღმნიშვნელი ჯილდო, ეს უფრო იმას აღნიშნავს, თუ რას წარმოადგენთ თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის.

ქალბატონო ნონა, თქვენ ყველა ასაკისთვის და მით უფრო ახალგაზრდებისთვის უდიდეს მაგალითს წარმოადგენთ. მაგალითს იმისა, რომ ცხოვრებაში სულ მუდამ უნდა ეძებდე უფრო და უფრო დიდ წარმატებას. მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა წარმოადგინო შენი ქვეყანა გარეთ და ქვეყნის შიგნით მე ვიტყოდი, თქვენ ხართ ერთადერთი ადამიანი, რომელზეც ყველა თანხმდება. ანუ თუ ჩვენში კიდევ არსებობს ეროვნული თანხმობის რაღაც ნიშნები, რაზეც ჩვენ შეიძლება მომავლისათვის იმედი დავამყაროთ, ეს თქვენ ხართ.

მე მგონი, რომ თქვენს ირგვლივ ვერ იქნება ვერანაირი პოლარიზაცია. თქვენში ჩვენ ყველა ჩვენს თავს ვხედავთ, ვხედავთ იმ წარმატებულ და ძლიერ საქართველოს, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ გარეთ და შიგნით. დარწმუნებული ვარ, რომ ის ტური, რომელიც ახლა იწყება, სწორედ ამ ნიშნითაცაა გამორჩეული, რომ თქვენ გარეთ გაიტანოთ არა თქვენი თავი, (ვიცი რომ, თქვენი თავმდაბლობა ამას ვერ აიტანდა) არამედ საქართველოს ის სახე, რომელსაც ჩვენ ყველა პატივს ვცემთ და რომელსაც ქვეყნის გარედანაც პატივი უნდა სცენ. ძალიან დიდი მადლობა თქვენი ღვაწლისთვის და მიიღეთ ჩემი პატივისცემა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

“კონსტანტინოპოლი და მცხეთა – საეკლესიო და კულტურული ურთიერთობები”- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა საერთაშორისო სიმპოზიუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

2023 წლის 6-8 ოქტომბერს, სტამბოლში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, მსოფლიო პატრიარქის, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსის პატრონაჟითა და კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი „კონსტანტინოპოლი და მცხეთა – საეკლესიო და კულტურული ურთიერთობები“.

6 ოქტომბერს, ფანარის საპატრიარქო რეზიდენციაში, მსოფლიო პატრიარქმა საერთაშორისო სიმპოზიუმი გახსნა და დალოცა სამეცნიერო ფორუმის მონაწილენი. მან ხაზი გაუსვა  კონსტანტინოპოლსა და მცხეთას შორის მრავალსაუკუნოვან და მჭიდრო ისტორიულ ურთიერთობებს.

ღონისძიებას, საპატიო სტუმრის სტატუსით, ესწრებოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, რომელიც მიესალმა ყოვლადუწმიდესს ბართლომეოსსა და სიმპოზიუმის მონაწილეებს. მან ხაზი გაუსვა მსოფლიო საპატრიარქოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართა უდიდეს მნიშვნელობას როგორც ეკლესიათა შორის დიალოგსა და ურთიერთობაში, ასევე რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში. რექტორმა მაღალი შეფასება მისცა საერთაშორისო სიმპოზიუმს, როგორც შესაძლებლობას სამეცნიერო და საეკლესიო დიალოგისა.

გახსნით ცერემონიალს ესწრებოდნენ მსოფლიო საპატრიარქო საყდრის მღვდელმთავრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მოწვეული საპატიო სტუმრები, მომხსენებლები სხვადასხვა ქვეყნიდან და უნივერსიტეტიდან.

სიმპოზიუმზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ასევე წარმოადგენდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, რომელმაც წაიკითხა მოხსენება „საქართველოს და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოების ურთიერთობა 1977-1991 წლებში“.

https://www.sou.edu.ge/news/soxumis-saxelmwifo-universitetis-reqtorma-saerTaSoriso-simpoziumis-muSaobaSi-miiRo-monawileoba/1332

საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის ფუნქციები ფართოვდება

საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის ფუნქციები ფართოვდება.

“ზოგადი განათლების შესახებ” კანონში დაგეგმილია ცვლილებები, რომლის მიხედვით, მანდატურის სამსახურის ფუნქციებს ინკლუზიური განათლების კომპონენტი ემატება. ეს კი, თავის მხრივ, გულისხმობს მოსწავლეების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირებას, მოსწავლის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების შესაბამისი საგანმანათლებლო პირობების შექმნის მიზნით კონსულტირებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების დანერგვისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო მხარდამჭერი მომსახურებების გაწევას.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა და მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

“უნგრეთი გამორჩეული და ხმამაღალი მხარდამჭერია ჩვენი ევროპული მომავლის” – ილია დარჩიაშვილი

უნგრეთი გამორჩეული და ხმამაღალი მხარდამჭერია ჩვენი ევროპული მომავლის და დარწმუნებული ვართ, რომ უნგრეთი იქნება ერთ-ერთი ხმა ჩვენთვის ევროპული სტატუსის მონიჭებისას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს წარმატებული სვლა ევროინტეგრაციისკენ არ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესი, ეს არის ევროკავშირის და ევროპის ინტერესიც.

„საქართველოს და უნგრეთს შორის ნამდვილად არის ძალიან დინამიური, პარტნიორული ურთიერთობები. ეს გამოიხატება მთავრობებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით, რადგანაც უნგრეთი არის ქვეყანა, რომელიც უზიარებს გამოცდილებას და ცოდნას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.

უნგრეთი არის ნაწილი შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ევროკავშირის ენერგოდივერსიფიცირება და ჩვენი რეგიონი იძენს ძალიან ღირებულ როლს ევროკავშირისთვის ამ მიმართულებით. ჩვენ ვადგავართ ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს გზას და საქართველო აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში, მუშაობს ყველა პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის, უნგრეთთან. უნგრეთი გამორჩეული და ხმამაღალი მხარდამჭერია ჩვენი ევროპული მომავლის და დარწმუნებული ვართ, რომ უნგრეთი იქნება ერთ-ერთი ხმა ჩვენთვის ევროპული სტატუსის მონიჭებისას.

ძალიან რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში, როდესაც თითოეული ქვეყანა არის ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში, არის უზარმაზარი გამოწვევები უსაფრთხოების კუთხით – ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს წარმატებული სვლა ევროინტეგრაციისკენ არ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესი, ეს არის ევროკავშირის და ევროპის ინტერესიც, რადგან ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ საერთო გამოწვევებთან გამკლავება”, – განაცხადა მინისტრმა.

დარჩიაშვილის შეფასებით, საქართველო, გატარებული რეფორმებით, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება 27-ვე ქვეყნის მხარდაჭერა. საქართველო განუხრელად ადგას რეფორმების გზას. ჩვენ არამარტო 12 პრიორიტეტზე ვმუშაობთ, არამედ ჩვენ განუხრელად ვახორციელებთ ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ პირობებს და ასევე, იმ ვალდებულებებს, რომელიც აღებული გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. რეფორმების განხორციელება არ არის ერთდღიანი და თუნდაც ერთწლიანი პროცესი და შესაბამისად, ჩვენ ერთის მხრივ ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო დაახლოებას ევროკავშირთან, ხოლო მეორეს მხრივ ფიზიკურად ვუახლოვდებით ამ მიმართულებას. საქართველოს ევროკავშირის წევრობა არის საბოლოო მიზანი და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ საქართველო წარმატებით გააგრძელებს ევროინტეგრაციას”, – განაცხადა მინისტრმა.

აშშ-ის ახალ ელჩთან პოზიტიურ თანამშრომლობას მოველით -არჩილ თალაკვაძე

“მივესალმებით საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლას, ვუსურვებთ წარმატებებს. მასთან პოზიტიურ თანამშრომლობას მოველით”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ელჩის მისია იქნება, რომ საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო განამტკიცოს.

„ჩვენ დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობების რამდენიმე ათწლეული გვაკავშირებს. ელჩს ექნება მნიშვნელოვანი მისია, რომ ეს ურთიერთობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო განამტკიცოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“200 ათასამდე შრომისუნარიანი მოქალაქეა სოციალურად დაუცველთა ბაზაში”

სამწუხარო რეალობა გვაქვს, დაახლოებით 200 ათასამდე შრომისუნარიანი მოქალაქე გვყავს, რომელიც სოციალურად დაუცველთა ბაზაშია, ეს ადამიანები ოფიციალურად არ მუშაობენ. ამავდროულად, კერძო სექტორის მიერ გამოცხადებულია კონკრეტული ვაკანტური ადგილები, ამ სამუშაოებზე არ თანხმდებიან – უნდა მივიდეთ იქამდე, რომ თუ შეთავაზებულ ვაკანტურ თანამდებობებზე არ დასაქმდებიან, ერთზე, ორზე, ან სამზე, უნდა ჩაიხსნას ეს ადამიანი სოციალური ბენეფიტებიდან, მაგრამ იქიდან, რომ არსად მუშაობენ და მეორე დღეს დაიწყო მისი ჩახსნა, არ იქნება სწორი,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – ,„ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” სხდომაზე განაცხადა, სადაც „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტს განიხილავენ.

როგორც მან აღნიშნა, ვინც სოციალურად დაუცველი იყო და კერძო სექტორში წავიდა, მასაც შეუნარჩუნდა სოციალური დახმარება.

„რაც შეეხება სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამას. ეს არის სოციალურად დაუცველების კატეგორია, კონკრეტული ქულის მიხედვით. გეთანხმებით, რომ ეტაპობრივად, შიგნით, პროგრამაში რაღაც უნდა დაიხვეწოს. ნებისმიერ ქვეყანას, სოციალური პოლიტიკა იმგვარი აქვს, რომ შრომისუნარიანი ხალხი გადაიყვანოს დასაქმებაში.

ძალიან სამწუხარო რეალობა გვაქვს ჩვენ, დაახლოებით 200 ათასამდე შრომისუნარიანი მოქალაქე გვყავს, რომელიც სოციალურად დაუცველთა ბაზაშია, ეს ადამიანები ოფიციალურად არ მუშაობენ. ამავდროულად, კერძო სექტორის მიერ გამოცხადებულია კონკრეტული ვაკანტური ადგილები, ამ სამუშაოებზე არ თანხმდებიან. უნდა მივიდეთ იქამდე, რომ თუ შეთავაზებულ ვაკანტურ თანამდებობებზე არ დასაქმდებიან, ერთზე, ორზე, ან სამზე, უნდა ჩაიხსნას ეს ადამიანი სოციალური ბენეფიტებიდან მაგრამ იქიდან, რომ არსად მუშაობენ და მეორე დღეს დაიწყო მისი ჩახსნა, არ იქნება სწორი.

გარდამავალი პერიოდია, ისევ სოციალურად დაუცველებს და ოჯახებს ხმარდებათ ეს საქმე. რომელიღაც სასაფლაოს მოვლას არ სჭირდება 8 საათი, 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით 300 ლარს კი არა 1500 ლარს აიღებს. ვინც სოციალურად დაუცველი იყო და კერძო სექტორში წავიდა და ხელფასი 1500 ლარი აქვს, მასაც შეუნარჩუნდა დახმარება. გასაუმჯებესებელია პროგრამა?- შეიძლება; რაღაცები შესამცირებელია? – შეიძლება“,-აღნიშნა კაკაურიძემ.

ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

ისრაელი სირიის დედაქალაქ დამასკოსა და ქალაქ ალეპოს აეროპორტებს დაესხა თავს, – ინფორმაციას  სირიის მედიაზე დაყრდნობით „ფრანს პრესი“ და „როიტერი“ ავრცელებენ.

მათივე ცნობით, სარაკეტო თავდასხმამ აეროპორტების დასაჯდომ-ასაფრენი ბილიკები დააზიანა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმების საპასუხოდ სირიის საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.

ისრაელში სირიის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი, რომლითაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი სირიაში მიემგზავრებოდა, დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე ისრაელის თავდაცვის ძალების თავდასხმის გამო, იძულებული გახდა თეირანში დაბრუნებულიყო.

 

“ჰამასის” თავდასხმას ამერიკის, 25 მოქალაქე ემსხვერპლა – ენტონი ბლინკენი

“ჰამასის” თავდასხმების შედეგად დაიღუპნენ ან დაიკარგნენ ადამიანები 36 ქვეყნიდან, ევროპა, აზია, აფრიკა, ამერიკა – ვერცერთი რეგიონი ვერ გადაურჩა „ჰამასის“ სისხლიან შეხებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თელ-ავივში, ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ვისაც მშვიდობა და სამართლიანობა სურს, „ჰამასის“ ტერორისტული მმართველობა უნდა დაგმოს.

„ჩვენ ვიცით, რომ „ჰამასი“ არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს ან მათ ლეგიტიმურ მისწრაფებებს. ჩვენ ვიცით, რომ „ჰამასი“ არ იცავს მომავალს, რომელიც პალესტინელებს სურთ საკუთარი თავისთვის და შვილებისთვის. „ჰამასს“ აქვს მხოლოდ ერთი დღის წესრიგი – გაანადგუროს ისრაელი და მოკლას ებრაელები“, – აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კვლავ იზრდება და მათ შორის ამერიკის, სულ მცირე, 25 მოქალაქეა.

არ არის ადვილი იყო ქრისტიანი ევროპაში, არ არის ადვილი მართო ქრისტიანული მთავრობა ევროპაში -ვიქტორ ორბანი

მინდა გავიმეორო ბატონი ღარიბაშვილის, პრემიერ მინისტრის სიტყვები, რომელმაც განაცხადა, რომ ღრმა საფუძველი მეგობრობისთვის გახლავთ ერთიანი ქრისტიანული ტრადიცია ორივე ქვეყნისთვის, არ არის ადვილი იყო ქრისტიანი ევროპაში, არ არის ადვილი მართო ქრისტიანული მთავრობა ევროპაში და მე ვთვლი რომ ჩვენი ქრისტიანული ტრადიციები გახლავთ უმაღლესი ღირებულების, რომელიც იქნება ძალიან კარგი საფუძველი, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქრისტიანული ტრადიციები არის უმაღლესი ღირებულება, რომელიც იქნება ძალიან კარგი საფუძველი ორი ქვეყნის მეგობრობისთვის.

„მინდა ასევე მოვახსენო საქართველოს საზოგადოებას, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ მთელ რიგ ორმხრივ შეთანხმებებს, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული იდეები ეკონომიკური თანამშრომლობის, ასევე სოფლის მეურნეობის, წყლის რესურსების მართვის, ფარმაცევტულ – ფისკალურ ინდუსტრიაში, ჩვენ გვაქვს ფლაგმანი ინიციატივები უნგრულ კომპანიებთან საავიაციო კომპანიებთან რომლებიც არიან ბაზრის ლიდერები, სერვის პროვაიდერები თქვენს ქვეყანაში, რომლებიც ასევე გზას უკვალავენ თქვენს კომპანიებს, ჩვენ 80 სტიპენდიას გავცემთ ქართველ სტუდენტებზე, რომ ჩამოვიდნენ ბუდაპეშტში, უნგრეთში, რომ ისწავლონ უნგრეთში ეს ჩვენთვის დიდი პატივია მათი მიღება, მაგრამ ეს არის ინვესტიცია საქართველოში ესენი იქნებიან, ნამდვილი ჭეშმარიტი ელჩები ორი ხალხის მეგობრობისა და ბოლოს მინდა გავიმეორო ბატონი ღარიბაშვილის, პრემიერ მინისტრის სიტყვები, რომელმაც განაცხადა, რომ ღრმა საფუძველი მეგობრობისთვის გახლავთ ერთიანი ქრისტიანული ტრადიცია ორივე ქვეყნისთვის, არ არის ადვილი იყო ქრისტიანი ევროპაში, არ არის ადვილი მართო ქრისტიანული მთავრობა ევროპაში და მე ვთვლი რომ ჩვენი ქრისტიანული ტრადიციები გახლავთ უმაღლესი ღირებულების, რომელიც იქნება ძალიან კარგი საფუძველი რომელზეც შეგვიძლია დავაშენოთ და ყველა მცდელობა, რომ არ იქნას გამოყენებული ეს საფუძველი განწირულია წარუმატებლობისთვის, დაცვა ქრისტიანული ტრადიციების გახლავთ წინაპირობა ევროპული კონკურენტიანობისთვის და ჩვენ მივესალმებით თუ ქვეყნები გადაწყვეტენ და დაუახლოვდნენ ევროკავშირს, რომლებიც დგანან ამ მემკვიდრეობაზე, ეს რომ იწვევდეს ძალიან სერიოზულ არგუმენტებსა და დებატებს ევროკავშირში ქალბატონებო და ბატონებო ჩვენ მოვედით კარგი განზრახვით გვინდა შევქმნათ ძლიერი ევროპა ერთად და უახლოეს მომავალში გვინდა დავინახოთ, რომ ორი კავშირი, ორი ქვეყანა ეკუთვნის ერთი და იგივე პოლიტიკურ კავშირს – ევროკავშირს და ღმერთმა დალოცოს საქართველო, გილოცავთ და გისურვებთ ფანტასტიურ შედეგებს ძალიან დიდი მადლობა, მადლობა სტუმარ მასპინძლობისთვის ბატონო პრემიერო“, – განაცხადა ორბანმა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6980 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6980 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6960 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8653 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8586 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0067 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.