Home Blog Page 1411

შარლ მიშელმა ისრაელის საკითხზე ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტი მოიწვია

შარლ მიშელმა 17 ოქტომბერს ისრაელის საკითხზე ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტი მოიწვია, რომელიც ვიდეოფორმატის რეჟიმში გაიმართება.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ტერორს გამართლება არ აქვს.

„ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ სასტიკ ტერორისტულ თავდასხმებს ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მძევლები დაუყოვნებლივ და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა გათავისუფლდნენ. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელს და ტერორისტული თავდასხმების დროს დაღუპულთა ოჯახებს.

ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი საერთაშორისო კანონმდებლობის, კერძოდ კი საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის სრული დაცვით. ღაზის სექტორში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები, რომელიც გამოწვეულია განხორციელებული ალყისა და ძირითადი საჭიროებების ნაკლებობით, დაბომბვით გამოწვეული ნგრევით, საერთაშორისო საზოგადოებაში საზოგადოებისთვის განგაშის ზარია.

მსურს მოვიწვიო ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელიც გაიმართება ვიდეოკონფერენციის რეჟიმში სამშაბათს, 17 ოქტომბერს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროპულმა საბჭომ, ხელშეკრულებებისა და ჩვენი ღირებულებების შესაბამისად, დაადგინოს ჩვენი საერთო პოზიცია და ჩამოაყალიბოს მოქმედების მკაფიო ერთიანი სტრატეგია, რომელიც ასახავს განვითარებული მოვლენებისა და არსებული სიტუაციის სირთულეს“, – აღნიშნა მიშელმა.

მისივე განმარტებით, ამ კონფლიქტს აქვს გავლენა და მოჰყვება შედეგები, მათ შორის ევროკავშირში.

„ევროკავშირი ყოველთვის იყო და ყოველთვის უნდა იყოს მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის მტკიცე დამცველი, როგორც ეს იყო რუსეთის აგრესიული ომის შემთხვევაში უკრაინის წინააღმდეგ. ევროკავშირმა უნდა იმუშაოს ჰუმანიტარული დახმარების გაწევისა და კონფლიქტის რეგიონული ესკალაციის, ჰუმანიტარული სამართლის ნებისმიერი დარღვევის თავიდან აცილების მიმართულებით.

მნიშვნელოვანია რეგიონულ აქტორებთან ჩართულობა, რადგან მათ შეუძლიათ ეფექტიანი როლის შესრულება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის ძიების გზები. მიმდინარე კონფლიქტს შეიძლება ჰქონდეს ჩვენი საზოგადოებებისთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზული შედეგები. თუ ჩვენ არ ვიქნებით ფრთხილად, კონფლიქტს აქვს პოტენციალი გააძლიეროს დაძაბულობა საზოგადოებაში და ექსტრემიზმი.

და ბოლოს, არსებობს მიგრაციისა და დიდი რაოდენობით ხალხის გადაადგილების მაღალი რისკი მეზობელ ქვეყნებში, რომლებმაც უკვე მიიღეს ლტოლვილების მნიშვნელოვანი რაოდენობა. თუ ფრთხილად არ მოხდება პროცესების გაანალიზება, მაშინ არსებობს ევროპისკენ მიგრაციის შემდგომი ტალღების მაღალი რისკი. აუცილებელია, ყველა ამ გამოწვევას ერთად გადავხედოთ. ჩვენი ერთობა ჩვენი ძალაა“, – განაცხადა მიშელმა.

გერმანია ისრაელიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს

გერმანია ისრაელიდან თავისი მოქალაქეების სამხედრო თვითმფრინავებით ევაკუაციას იწყებს. მედიის ინფორმაციით, გერმანიის არმია ისრაელიდან თავის მოქალაქეებს სამხედრო თვითმფრინავებით გაიყვანს.

გერმანული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გერმანიიდან ისრაელის მიმართულებით ამაღამ ორი A400M სამხედრო თვითმფრინავი მიემგზავრება  ისრაელის 100 000-ზე მეტ მაცხოვრებელს აქვს გერმანიისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობა.

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ყველას თქვენი რჩევა და დახმარება სჭირდება და გარშემომყოფებს მაგნიტივით იზიდავთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მეგობრებთან შეხვედრა რამდენიმე დღით გადადოთ – მოსალოდნელია კამათი, რომელიც ურთიერთობებს დიდი ხნით გააფუჭებს. საღამოს მხოლოდ ის უნდა აკეთეთ, რაც მოგწონთ. კვირის ბოლოს დასვენება ნამდვილად დაიმსახურეთ.

კურო

ოპტიმისტური განწყობა თითქმის უიმედო საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.

ტყუპები

სანამ ახალ საქმეს დაიწყებთ ან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ, საკუთარ ინტუიციას უნდა მოუსმინოთ. პირად ურთიერთობებში პარტნიორის მოთხოვნილებებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ და მის აზრს მეტი პატივი სცეთ. უმიზეზო ეჭვიანობისა და სულელური წყენის გამო ურთიერთობები არ გააფუჭოთ.

კირჩხიბი

დღის პირველი ნახევარი აქტიური მუშაობისთვის ხელსაყრელი დროა. ამ დღეს ასაკით უფროს ადამიანებთან ურთიერთობა სასარგებლოა – მათი ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ. ნუ დაიჯერებთ თქვენთვის ძვირფას ადამიანთან დაკავშირებულ ჭორებს.

ლომი

ბოლო დროს დაგროვილმა სტრესმა შეიძლება ერთბაშად თავი იჩინოს. ამ დღეს ყველაზე მეტად პრობლემებისგან თავის დაღწევა და მშვიდ გარემოში დასვენება გჭირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახლობლებთან სამომავლო გეგმებზე საუბრისგან თავი შეიკავოთ – შესაძლოა, სწორად ვერ გაგიგონ.

ქალწული

მოერიდეთ თქვენთვის უცნობ სფეროში საქმიანობას და ექსპერიმენტების ჩატარებას – ეს დღე კარგად ნაცნობი საოჯახო საქმეებისთვისაა შესაფერისი. მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას და არაკეთილგანწყობილ ადამიანებთან შეხვედრებს. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ.

სასწორი

ვარსკვლავების მხარდაჭერით ამ დღეს ყველაზე რთულ და უსიამოვნო საქმეებსაც კი გაუმკლავდებით. შეგიძლიათ გარისკოთ და თამამი გეგმები განახორციელოთ. ახალი ცოდნა და უნარები მომავალ საქმიანობაში დაგეხმარებათ და თქვენს თავდაჯერებულობას გაზრდის.

მორიელი

ამ დღეს მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასება და რეალისტური მიზნების დასახვა. ყურადღება მიაქციეთ ადამიანებს, რომლებიც პერსპექტიულ ბიზნესწინადადებას გთავაზობენ. სწორი მენეჯმენტის პირობებში ამან შეიძლება დამატებითი შემოსავალი მოგიტანოთ. გირჩევთ, საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ბევრი მნიშვნელოვანი, მაგრამ დამღლელი საქმე გელით. ძალების არასწორად განაწილება ბევრ პრობლემას მოგიტანთ, რაც თქვენს განწყობაზეც აისახება. გსურთ, ახლობელ ადამიანებს საკუთარი რჩევებით დაეხმაროთ, მაგრამ ამას შეიძლება კამათი და გაუგებრობა მოჰყვეს.

თხის რქა

დღეს მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ამ დღეს უპირატესობა მსუბუქ საოჯახო საქმეებს უნდა მიანიჭოთ. მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრამდე მოსაფიქრებლად დრო ითხოვეთ და კითხვას მაშინვე ნუ უპასუხებთ. მოიშორეთ ძველი და უსარგებლო ნივთები – თქვენს ცხოვრებაში პოზიტივისთვის მეტი ადგილი უნდა იყოს.

მერწყული

აქტიური დღეა. შეიძლება ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება მოგიწიოთ და ეცადეთ, შეცდომა არ დაუშვათ. შესაძლოა, მეგობრის დახმარებით ძველი პრობლემიდან საუკეთესო გამოსავალი იპოვოთ. თავდაჯერება გეხმარებათ, რომ რთულ სიტუაციაში არ დანებდეთ. ასე გააგრძელეთ!

თევზები

ენერგიის მაღალი დონე და კარგი განწყობა დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. თუმცა, ფრთხილად იყავით – არაკეთილსინდისიერმა ადამიანმა შეიძლება თქვენი სიკეთით და გულუბრყვილობით ისარგებლოს.

,,ჩვენი გადაწყვეტილებაა ჩვენს მიწაზე დარჩენა“- „ჰამასის“ ლიდერი

„ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე აცხადებს, რომ პალესტინელები არ დატოვებენ ღაზას ან დასავლეთ სანაპიროს და არ გადავლენ ეგვიპტეში. ეს განცხადება „ჰამასის“ ლიდერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელის არმიამ ღაზის ჩრდილოეთ ნაწილის მცხოვრებლებს სამხრეთით ევაკუაციისკენ მოუწოდა.

„არ იქნება ღაზის დატოვება და არ იქნება დასავლეთ სანაპიროს დატოვება. არ მოხდება ღაზიდან ეგვიპტეში გადასვლა“, – განაცხადა „ჰამასის“ ლიდერმა.

სხვა არაბულ ქვეყნების მსგავსად, ეგვიპტე აცხადებს, რომ პალესტინელებუ თავიანთ მიწებზე უნდა დარჩნენ და რომ ის მუშაობს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დამხარების მიწოდების უზრუნველსაყოფად.

„მივმართავ ჩვენს ძმებს ეგვიპტეში: ჩვენი გადაწყვეტილებაა ჩვენს მიწაზე დარჩენა“, – განაცხადა ჰანიემ სატელევიზიო მიმართვისას.

,,ახლა არის იდეალური პერიოდი იმისთვის, რომ გრიპზე ავიცრათ”- გაბუნია

„შემოდგომა ვირუსების ცირკულაციის პერიოდია. წელს უკვე ცირკულირებს რინოვირუსი, ენტეროვირუსი. შედარებით მცირეა – დაახლოებით 7-8% კორონავირუსი. მსგავსი სურათი გვქონდა გასულ წელსაც, არაფერი უჩვეულო და განსაკუთრებული წლევანდელ სეზონზე არ არის. რაც შეეხება გრიპს, ჯერ-ჯერობით გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, მხოლოდ თითოეული შემთხვევა დაფიქსირდა. ახლა, მიმდინარე კვირაში გრიპის ვირუსი საერთოდ არ დაფიქსირებულა. ასევე არ აღინიშნება ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებში, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო ადასტურებს. აღნიშნული, ჩვენთვის იმის შესაძლებლობაა, რომ ახლა დაწყებული ვაქცინაცია, თვის ბოლომდე  შექმნის ძალიან კარგ  მოსამზადებელ პერიოდს“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, სახელმწიფომ “ებოტის” წარმოების,  200 000, მაღალი ხარისხის, ოთხ კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა. მისი განმარტებით, ვაქცინა იცავს  როგორც გრიპის გადადების, ისე მძიმე ფორმების განვითარებისგან, სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,  რისკ-ჯგუფებში შემავალი პირების ვაქცინაცია.

“ვაქცინა უფასოა და სახელმწიფო პროგრამა ამას სრულად ფარავს, საოჯახო მედიცინის ცენტრები და კლინიკების დიდი ნაწილი ჩართულია ვაქცინაციის პროცესში, 60 წლის და ზემოთ პირები არიან მაღალი რისკის მატარებლები, ასევე შაქრიანი დიაბეტის და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ორსულებისთვის, მათი აცრა მოხდება პირველ ეტაპზე და აუცილებლად უნდა მიგვმართონ და აიცრან. ორსულებისთვის,  მთელი წლის განმავლობაში ვინახავთ გარკვეულ რაოდენობა ვაქცინას, იმისთვის რომ როგორც კი დადგება ორსულობა აიცრან და ამის შესახებ მას რეკომენდაციას, აუცილებლად მისცემს მეან-გინეკოლოგი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, რისკ-ჯგუფებისთვის, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ორშაბათიდან დაიწყება.

2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები;   დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე, 60 წლის და უფროსი  ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.

ევროკავშირი ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას სამჯერ გაზრდის

ევროკავშირში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას სამჯერ გაზრდის. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.

„ევროკავშირი უკვე არის ყველაზე დიდი უცხოელი დონორი პალესტინელი ხალხისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, გაეროსთან მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარეობს, რათა ღაზას სექტორში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას დახმარება გაუწიონ.

„ჰუმანიტარული დახმარების გასამმაგება ხელს შეუწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ ღაზაში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეები უზრუნველყოფილი იყვნენ ძირითადი საჭიროებებით“, – თქვა კრიზისების მართვის კომისარმა იანეზ ლენარეიმ.

,,ეს არ არის კონფლიქტი, რომელიც ომის გარეშე მოგვარდება”- რომან კაკულია

ომი, რომელიც ახლა დაიწყო ისრაელ-„ჰამასის“ შორის, დიდი ხნის მომზადებული ომია, – ამის შესახებ „ქრონიკას“ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ განუცხადა.

„დღეს, მსოფლიოს დიდი ნაწილი ისრაელის მხარეს არის. ეს არ არის კონფლიქტი, რომელიც მოგვარდება ომის გარეშე, ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება უკვე გამორიცხულია. მაგრამ, მილიარდზე მეტია მოსახლეობის რაოდენობა იმ ქვეყნებში, რომლებიც ახლა ისრაელს უპირისპირდებიან. ისრაელს ამერიკის დახმარების იმედია აქვს, მაგრამ როგორც უკრაინის შემთხვევაში, ამერიკამ გამოხატა პოზიცია, რომ მისი სამიზნე, დაახლოებით 2027 წლისთვის არის ჩინეთი და მისი რესურსები მობილიზებული უნდა იყოს იქითკენ, დღეს ამას ვერ იტყვის. რომ წარმოვიდგინოთ, რომ ეს ომი 6 თვის განმავლობაში გაიწელა, რესურსების დიდი ნაწილი აღმოჩნდება იმათ სასარგებლოდ, რომლებიც მილიარდიანი ქვეყნები არიან.

თუ ეს კონფლიქტი მალე ვერ მოგვარდა, მაშინ დღის წესრიგში დგება, რომ გლობალური სამხრეთის გადაწყობა მივიდეს საბოლოო წერტილამდე. ამას დასჭირდება ბევრი დრო იმისათვის, რომ ის ძალები, რომლებიც მსოფლიოს ახალი ფორმატის შექმნაზე ლაპარაკობენ, უნდა მოახერხონ კონცენტრირება აზია-წყნარი ოკეანის ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში ისრაელის პრობლემა იქნება ძალიან რთული პრობლემა. მთელი მილიარდიანი მოსახლეობა მას დაუპირისპირდება. ამერიკა ვერ შეძლებს ხანგრძლივ ვადიან პერიოდში ისეთი ტიპის მხარდაჭერა აღმოუჩინოს ისრაელს, რომელიც დღეს სახეზეა“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.

,,ისრაელის თავდაცვის ძალები ყოვლისმომცველი შეტევისთვის ემზადება”- ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განცხადება გავრცელეს, სადაც ნათქვამია რომ „ისრაელის არმია მნიშვნელოვანი სახმელეთო ოპერაციისთვის მზადებას ასრულებს“.

„ისრაელის თავდაცვის ძალები ყოვლისმომცველი შეტევისთვის ემზადება, მობილიზებულია პერსონალი“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით,  ისინი ასობით ათასი რეზერვისტის გაწვევას ასრულებენ და ახლა სახმელეთო ოპერაციისთვის საჭირო აღჭურვილობით მათ მომარაგებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ჯარისკაცებს „სახმელეთო ოპერაციაზე აქვთ ახლა აქცენტი გადატანილი“.

 

,,ამერიკისა და ჩინეთის დაპირისპირებისათვის მსოფლიო ემზადება”- რომან კაკულია

ის მენტალური მდგომარეობა, როდესაც თითქოს ომები აღარ არის პრობლემის გადაწყვეტის გზა და თითქოს ადამიანი გაიზარდა ამ მორალურ დონემდე, რომ მას შეუძლია ომების გარეშე მოაგვაროს პრობლემა, ამან შექმნა ძალიან დიდი ილუზია ისეთ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ომების გარეშე ვერ გადაწყდება, – ამის შესახებ „ქრონიკას“ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ განუცხადა.

„მიამიტური შეხედულება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დომინირებს, ჩვენ ხელს შეგვიშლის შევაფასოთ მოვლენები, რომ თითქოს სამყარო არის ცივილიზებული და არაცივილიზებული სამყაროს ურთიერთდაპირისპირება. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაბრუნდა ძალთა ბალანსის ის თეორია, რომელმაც უნდა გააკეთოს და დაამყაროს ახალი ძალთა ბალანსი. გამოკვეთილია ორი რამ: ამერიკისა და ჩინეთის დაპირისპირებისათვის მსოფლიო ემზადება. ეს დაპირისპირება დაახლოებით 2027 წლისთვის არის ნავარაუდები. სწორედ ამან განაპირობა, რომ უკრაინის მიმართ გარკვეულად შემცირდა ყურადღება. ახლა ჩვენ ვხედავთ ერთ ახალ მოვლენას – როდესაც თითქოს ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეიარაღებისთვის მაღალი ღირებულების ტექნიკა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სამობილიზაციო რესურსი: არტილერია, ჭურვების რაოდენობა და დრონები, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. გაჩნდა ახალი ტერმინი – ომი გამოფიტვამდე“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.

,,უახლოეს კვირებში აზერბაიჯანი შესაძლოა სომხეთში შეიჭრას”- ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონგრესმენები გააფრთხილა, რომ უახლოეს კვირებში აზერბაიჯანი შესაძლოა სომხეთში შეიჭრას. ამის შესახებ Politico წყაროებზე დაყრდნობით წერს.

როგორც მათ გამოცემას უთხრეს, ენტონი ბლინკენმა ეს თემა დემოკრატი კონგრესმენების მცირე ჯგუფთან 3 ოქტომბერს, ტელეფონით განიხილა.

სახელმწიფო მდივანმა და კანონმდებლებმა განიხილეს ზომები, რომელიც აშშ-მ შეიძლება საპასუხოდ მიიღოს. კერძოდ, ბლინკენმა განაცხადა, ვაშინგტონი ბაქოს სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს.

როგორც Politico წერს, სახელმწიფო დეპარტამენტში ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აშშ მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

,,თუ გვინდა გვქონდეს ევროპული სახელმწიფო, პირველ რიგში პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას” – თალაკვაძე

თუ გვინდა გვქონდეს ევროპული სახელმწიფო, პირველ რიგში პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, პირველად ხდება როდესაც სერიოზული დისკუსია წარმოიშვა ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით და მას ნამდვილად სჭირდება საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლიანი, კომპეტენტური და ამომწურავი დასკვნა. მე იმედი მაქვს, რომ ასეთიც იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა დაასრულა. პლენუმის დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაეგზავნება, ასევე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე.

სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა.

ღაზის სექტორში 700-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა – UNICEF

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემებით, გასული შაბათის შემდეგ ღაზის სექტორში 700-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა, 2450 კი დაშავდა.

„ბავშვების მკვლელობა უნდა შეწყდეს“, – განაცხადა UNICEF-ის პრესსპიკერმა, ჯეიმს ელდერმა.

დღეს ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცახალი“) ღაზას მოსახლეობას სექტორის სამხრეთისკენ ევაკუაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და უსაფრთხო საევაკუაციო მარშრუტების რუკა გამოაქვეყნა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.