Home Blog Page 14

,,მოღალატე რეჟიმის მხრიდან კვლავ 13 წლის წინანდელ მოვლენებზე საუბარი უკიდურესი ცინიზმია” – თინა ბოკუჩავა

“ქართული ოცნების” ინიციატივა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რომელმაც 2003-12 წლებში, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი უნდა შეისწავლოს, პოლიტიკური განხილვის თემაა.

პლატფორმა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ ეს თემა საზოგადოებისთვის ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს.

“მათი მხრიდან, მოღალატე რეჟიმის მხრიდან კვლავ 13 წლის წინანდელ მოვლენებზე საუბარი არის უკიდურესი ცინიზმი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საზოგადოებისთვის არ წარმოადგენს ინტერესის სფეროს, რადგან დღეს ჩვენ ვართ ერთიანი ჩვენს ბრძოლაში,” – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი, ზაზა თავაძე კი აცხადებს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც “არალეგიტიმურ პარლამენტში” შექმნილი საგამოძიებო კომისია მიიღებს, ასევე არალეგიტიმური იქნება.

“ჩვენი ათვლის წერტილი უნდა იყოს გაყალბებული და მიტაცებული არჩევნები. თუ ისინი შექმნიან ე.წ. საგამოძიებო კომისიას, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისია მიიღებს, იქნება, რა თქმა უნდა, არალეგიტიმური,” – აცხადებს ზაზა თავაძე.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ინიციატივით, მე-11 მოწვევის პარლამენტი 2003-2012 წლებში, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს შეისწავლის. სახელისუფლებო გუნდი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე დააყენებს. კომისია 6 თვე იმუშავებს, საბოლოო დასკვნას კი სექტემბერში დაამტკიცებს. ამის შემდეგ, საქმე გენერალურ პროკურატურას გადაეცემა.

,,დღეს საქართველოში ორი მხარე არ არსებობს, არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება”- სალომე ზურაბიშვილი

აქ არ არის ორი საქართველო, ერთი საქართველოა და არიან ადამიანები, რომლებიც სიძულვილით დაშორდნენ საქართველოს და გახდნენ რეჟიმის წარმომადგენლები – ეს რეჟიმი დასრულდება, რადგან ყველა ქალაქში დგანან საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც არჩიეს, რომ სამშობლო უფრო უყვართ, ვიდრე ნებისმიერი პარტია,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს რუსული რეჟიმის ხელით საქართველოში დაპირისპირება შემოიტანოს, თუმცა „დღეს საქართველოში ორი მხარე არ არსებობს“.

„რუსეთი ცდილობს რუსული რეჟიმის ხელით კიდევ ერთხელ შემოიტანოს დაპირისპირება. დღეს საქართველოში ორი მხარე არ არსებობს, არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება. ორი მხარე არ არსებობს. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც იცავენ ამ რეჟიმს და ამ რეჟიმის დაცვის გულისთვის რაღაც უსასტიკეს ზომებზე მიდიან.

გუშინ იყო სასამართლო, სადაც სრულიად უდანაშაულო ადამიანები არიან და ეს იცის მოსამართლემაც, რომელიც იქ იჯდა. იცის, რომ იქ ჯგუფური ძალადობა და არანაირი დანაშაული არ ყოფილა. ისინი გათავისუფლდებიან, როგორც ქვეყანა გათავისუფლდება. მაგრამ არსებობენ ადამიანები და არის ასევე, ერთი ქალი, რომელიც არ ვიცი, არის თუ არა დედა – გაბედა და დაწერა სოციალურ ქსელში ანდრო ჭიჭინაძის დედაზე – რაც არ უნდა ეცადოთ, ვერ იქნებით ირინა ენუქიძე. ასეთი სისაზიზღრე არ გამიგია არცერთი ქალისგან, არცერთი დედისგან. ეს არის ბოროტება რაც მოჰყვება რუსეთის ბოროტებას. აქ არ არის ორი საქართველო. არის ერთი საქართველო და არიან ადამიანები, რომლებიც ამ ფორმით, თავიანთი, ლექსიკითა და სიძულვილით დაშორდნენ საქართველოს და გახდნენ რეჟიმის წარმომადგენლები. ეს რეჟიმი დასრულდება, რადგან საქართველოს ყველა ქალაქში დგანან საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებმაც ერთხელ და სამუდამოდ არჩიეს, რომ ქვეყანა, სამშობლო უფრო უყვართ, ვიდრე ნებისმიერი პარტია. ეს არის ამ ქვეყანაში სიახლე, რომელსაც უნდა შეეგუოს ნებისმიერი, ვისაც ამ ქვეყნის წარმატება და წინსვლა უნდა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 5 პირს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნება

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნება. აღნიშნული მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ადვოკატებმა და ბრალდებულებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს, ვინაიდან მოსამართლემ სხდომათა დარბაზი არაერთხელ დაყენებული შუამდგომლობის მიუხედავად, არ შეცვალა.

ადვოკატების განმარტებით, ისინი უარს არ აცხადებენ პროცესში მონაწილეობაზე, უბრალოდ ბრალდებულებისთვის და ადვოკატებისთვის შესაბამის სამუშაო პირობებს ითხოვენ.

დაკავებული პირებიდან 4 – ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე, ზვიად ცეცხლაძე და ირაკლი მიმინოშვილი 21 წელს მიუღწეველი პირები არიან, კიდევ ერთი ბრალდებული ინსაფ ალიევი კი ქართული ენის არ მცოდნეა. შესაბამისად, ისინი სავალდებულო დაცვას ექვემდებარებიან.

რაც შეეხებათ დანარჩენ პირებს, მათ შემთხვევაში მხარეთა გამოუცხადებლობა პროცესის გაგრძელებას არ აფერხებს.

სასამართლოში საზოგადოებრივი ადვოკატების გამოცხადებამდე პროცესი შეჩერებულია.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

,,მტკიცებულებების ერთობლიობა ადასტურებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ სამშობლოს უღალატა”-სოზარ სუბარი

არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ არათუ თავიდან არ აიცილა ომი, არამედ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ომში ჩართულიყო, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, მტკიცებულებების ერთობლიობა ადასტურებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ სამშობლოს უღალატა. ამ ღალატს კი აუცილებლად უნდა მიეცეს, პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება.

„ხშირად გვეკითხებიან და სავსებით სამართლიანად – „ნაციონალური მოძრაობის დამარცხებიდან მეცამეტე წელი დაიწყო და აქამდე რატომ არ გამოიძიეთ აგვისტოს ომში სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულები“? საქმე ის არის, რომ სანამ ჩვენ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამართლოებში გვქონდა დავა რუსეთის წინააღმდეგ, ამ საქმის გამოძიებას შეიძლება ხელი შეეშალა სასამართლოებში საქართველოს გამარჯვებისთვის. მთლიანობაში რამდენიმე ასეთი სასამართლო ჩატარდა.

არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ არათუ თავიდან არ აიცილა ომი, არამედ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ომში ჩართულიყო. ეს მტკიცებულებები ერთიანდება ერთიანი მუხლის ქვეშ – სამშობლოს ღალატი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩაიდინა და ბუნებრივია, ამას აუცილებლად უნდა მიეცეს, როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი შეფასება.

რაც შეეხებათ ქართველ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, რომლებიც იბრძოდნენ სამშობლოს დასაცავად, იბრძოდნენ ოკუპაციის წინააღმდეგ და იცავდნენ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ბუნებრივია, რომ მათ არანაირი გამოძიება არ შეეხებათ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ გადადგა არცერთი ნაბიჯი, რომ საერთაშორისო დოკუმენტებში დაფიქსირებულიყო ტერმინები – ოკუპაცია და ოკუპანტი. ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში.

რაც შეეხება იმ სამართლებრივ დავებს, რომლებიც საერთაშორისო სასამართლოებში წარიმართა, ასეთი რამდენიმე იყო: პირველი სასამართლო, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იჩივლა რუსეთის წინააღმდეგ, იყო გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, შტაბ-ბინით ჰააგაში. ამ პროცესზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ წარადგინა არცერთი მტკიცებულება, რომელიც რუსეთის აგრესიას და ოკუპაციას დაამტკიცებდა და ჩვენი სარჩელი იმდენად მოუმზადებელი იყო, რომ სასამართლომ არც კი მიიღო განხილვაში.

მეორე – ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ე.წ. „ჰააგის სასამართლო”) – საჩივარი არა სააკაშვილის ხელისუფლებამ, არამედ ქართულმა ენჯეოებმა შეიტანეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვა ჰააგის სსს სასამართლოსთან თანამშრომლობაზე, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია არც პროკურატურისთვის და არც სასამართლოსთვის, რომ გამოძიება გაეგრძელებინათ.

ასეთ პირობებში, როცა ქართული მხარე გამოძიებას არ აწვდიდა საჭირო მტკიცებულებებს, ცხადია იყო, რომ საქმე წაგებისთვის იყო განწირული, რაც უდიდესი დარტყმა იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის და ბევრად გაართულებდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას. საბედნიეროდ, ჰააგის სასამართლომ ძიების დასრულება „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ვერ მოასწრო. 2012 წელს, როგორც კი ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, დავიწყეთ მჭიდრო თანამშრომლობა ჰააგასთან. სხვადასხვა უწყებებმა, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის კოორდინაციით, შეკრიბეს უამრავი მტკიცებულება და წარუდგინეს ჰააგაში განთავსებულ საერთაშორისო პროკურორებს. ეს მტკიცებულებები იმდენად წონიანი იყო, რომ რუსეთმა შეწყვიტა ჰააგასთან თანამშრომლობა და მეტიც, დენონსაცია მოახდინა რომის 1998 წლის წესდების, რომლის საფუძველზეც ჰააგის სსს სასამართლო მოქმედებს.

ამ ფონზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დახმარების ნაცვლად, პირიქით, ჩვენ დაგვაბრალა, თითქოს ჩვენი მიზანი ქართველი ჯარისკაცებისა და ოფიცრების დასჯა იყო და კატეგორიულად მოითხოვდნენ, შეგვეწყვიტა ჰააგასთან თანამშრომლობა, ხოლო პროკურორი ფატი ბენსუდა, რომელიც ამ საქმეს იძიებდა, რუსეთის აგენტად გამოაცხადეს. მიუხედავად ასეთი ცილისწამებისა და ხელისშეშლისა, ჩვენ მოვიგეთ ჰააგის სასამართლო, რომელმაც ცნო რუსეთი აგრესორად და ოკუპანტად და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსნის მიმართ დევნა გამოაცხადა. თუმცა, საინტერესოა, რატომ ეწინააღმდეგებოდნენ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობას? – საქმე ის გახლავთ, რომ სისხლის სამართლის გამოძიება ორლესული მახვილია, რომელმაც ორივე მხარის დანაშაული შეიძლება გამოავლინოს. როგორც ჩანს, სააკაშვილს და მის მაღალჩინოსნებს ჰქონდათ საფუძველი, რომ ამ მახვილის შეშინებოდათ.

რაც შეეხება მესამე – ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (ე.წ. სტრასბურგის სასამართლო), იქ, ერთი მხრივ, საქართველომ შეიტანა სახელმწიფოთაშორისი სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ასეულობით სარჩელი შეატანინა, როგორც რუსეთის მოქალაქეებს, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. სხვათა შორის, საქართველოს წინააღმდეგ სარჩელების მომზადებაში და სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად მონაწილეობდნენ ქართველი ენჯეოშნიკები, კერძოდ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ქალბატონი ანა დოლიძე.

სტრასბურგის სასამართლოში საქმის მოგება არ იყო ადვილი, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი მმართველობის პერიოდში გააქრო რუსეთის აგრესიის დამადასტურებელი უამრავი სერიოზული მტკიცებულება. ერთ-ერთი ასეთი ნივთმტკიცება – რუსული კასეტური რაკეტა „ისკანდერის“ რამდენიმეტონიანი ნაწილი, რომლითაც გორში მშვიდობიანი მოსახლეობა დაიბომბა, აშშ-ში იყო გატანილი, თანაც ისე, რომ ეს დოკუმენტურად არ იყო დაფიქსირებული. ძალიან დიდი შრომა დასჭირდა ამ ნივთმტკიცების ჯერ მოძიებას და შემდეგ სტრასბურგში ჩატანას, თუმცა, საბოლოოდ, ხელისუფლების დიდი ძალისხმევით, ეს მოხერხდა. ეს ერთი მაგალითია, თუმცა ასეთი არაერთი მტკიცებულების წარდგენის შემდეგ, დავა საქართველოს გამარჯვებით დამთავრდა. ამის შემდეგ უკვე გადაწყვეტილი იყო საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების ბედი და ისინი ერთი მეორის მიყოლებით მთავრდება საქართველოს გამარჯვებით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

,,სამედიცინო ცნობით დადგინდა, რომ ბრალდებულის ცუდად გახდომის მიზეზი უჟანგბადობა იყო”- ადვოკატი

სამედიცინო ცნობის მიხედვით დადგინდა, რომ ბრალდებულის ცუდად გახდომის მიზეზი უჟანგბადობა იყო. დაცვის მხარემ მანამდეც ვთხოვეთ სასამართლოს, რომ შეეცვალა სხდომათა დარბაზი, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა, რომ დაცვის მხარეს ნორმალურ ვითარებაში გაგვეგრძელებინა მუშაობა. ამის მიუხედავად ბატონმა მოსამართლემ უარი განაცხადა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, – ამის შესახებ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ განაცხადა, რომელმაც სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

მისი თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, სასამართლო სხდომაზე ადვოკატის დასწრება აუცილებელია და როდესაც სამუშაო პირობების იქნება დამაკმაყოფილებელი, ის და სხვა ადვოკატებიც სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მიღებას კვლავ გააგრძელებენ.

„საქმის განხილვის დასაწყისში მაშინ, როდესაც მოსამართლე ბრალდებულთა ვინაობას ადგენდა, ერთ-ერთი ბრალდებული ცუდად გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. სამედიცინო ცნობის მიხედვით დადგინდა, რომ ბრალდებულის ცუდად გახდომის მიზეზი უჟანგბადობა იყო. დაცვის მხარემ მანამდეც ვთხოვეთ სასამართლოს, რომ შეეცვალა სხდომათა დარბაზი, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა, რომ დაცვის მხარეს ნორმალურ ვითარებაში გაგვეგრძელებინა მუშაობა. ამის მიუხედავად ბატონმა მოსამართლემ უარი განაცხადა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

პროცესზე წარმოდგენილია ქართული ენის არ მცოდნე პირი და საქმეც ისეთი სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს, სადაც ადვოკატების ყოფნა სავალდებულოა. მათ სახაზინო ადვოკატები დაენიშნებათ. ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას, როცა შესაბამისი სამუშაო პირობები იქნება შექმნილი. ჩვენი მოქმედება მიმართული იყო იქითკენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ მომხდარიყო და არა იმისკენ, რომ სასამართლო სხდომის მიმდინარეობა ჩაშლილიყო“,- განაცხადა დავით ჭიკაიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა პირებმა და მათმა ადვოკატებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა პირებმა და მათმა ადვოკატებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სასამართლოში რამდენჯერმე დააყენეს შუამდგომლობა დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ადვოკატების განცხადებით, დარბაზის სიმცირის გამო ბრალდებულები შეუძლოდ ხდებიან და დარბაზის შეცვლა აუცილებელია.

სასამართლო სხდომაზე მყოფი პირები სკანდირებდნენ – „მონებო“, „რუსებო“, „რევოლუცია“.

ამ წუთებში სასამართლოს დერეფანში, სადაც დაკავებული პირების ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან ხმაურია.

,,არ ვართ მარტივ სიტუაციაში – საფრთხე არ არის ვირტუალური”- მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბულგარეთის ეროვნულ ტელევიზიასთან ინტერვიუში ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა. მინისტრმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების მთავარი სამართლებრივი საყრდენის – ასოცირების შეთანხმების შესრულებით, ხელისუფლებამ ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციისთვის მყარი საფუძველი შექმნა.

„ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არის ევროინტეგრაციისკენ სვლა და ამ მიმართულებით ბევრი ვიმუშავეთ, ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების მთავარი სამართლებრივი საყრდენის – ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით, რამაც შექმნა მყარი საფუძველი ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.

ჩვენი გადაწყვეტილება, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დროებით არ დადგეს დღის წესრიგში, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციის პროცესს ან არ გვინდა ვიყოთ ევროკავშირის ნაწილი. ჩვენ მხოლოდ ის გვსურს, რომ არ დავუშვათ ამ თემის გამოყენება შიდა პოლარიზაციისთვის და იმ ჯგუფების პოლიტიკური მიზნებისთვის, რომელთა მოქმედებებიც საქართველოში სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა, როგორც ევროპისთვის, ასევე ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. განსაკუთრებით უკრაინაში რუსული აგრესიისა და რეგიონში განვითარებული მოვლენების შემდეგ. საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ე.წ. „შუა დერეფანში“. მეორეს მხრივ, ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ ერთგული პარტნიორები, სანდო პარტნიორები და ვასრულებთ ყველა პირობას, რაზეც შეთანხმებულები ვართ”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ქვეყნისთვის მშვიდობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ჩვენ არ ვართ მარტივ სიტუაციაში, როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება ჩვენს რეგიონში. ჩვენ ჯერ კიდევ ორი ოკუპირებული რეგიონი გვაქვს რუსეთის მიერ, ჯერ კიდევ სამხედრო შენაერთებია განლაგებული და საფრთხე არ არის ვირტუალური. ეს ძალიან რეალურია და ამიტომაც ძალიან ფრთხილად ვუდგებით ბევრ საკითხს, რათა არ შევიდეთ ისეთ სიტუაციაში, რამაც შეიძლება ეგზისტენციალური პრობლემები და გამოწვევები შექმნას.

მშვიდობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენიმე ომი გამოვიარეთ და ჯერ კიდევ გვყავს თბილისში მცხოვრები დევნილები, რომლებიც საკუთარ სახლებში დაბრუნებას ელოდებიან. ეს არის ღია ჭრილობა ქართული საზოგადოებისთვის. მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია და ყველამ უნდა გაიგოს, რატომ გვამოძრავებს ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების შენარჩუნების მტკიცე სურვილი. „ქართული ოცნების“ მთავრობა უკვე 12 წელია ხელისუფლებაშია, და რუსეთის სასარგებლოდ მიღებულ ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ დაასახელებთ, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთან მიმართებაში ორმაგ სტანდარტს აქვს ადგილი.

„მე ვიტყოდი, რომ, საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტებთან, როდესაც საკითხი ეხება საქართველოში მომხდარი მოვლენების შეფასებას ან საქართველოსა და სხვა ქვეყნების პოლიტიკის შედარებას. შედეგი ძალიან ნათელია – არჩევნებში ორ მილიონზე მეტმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და დაახლოებით 1,2 მილიონმა „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა. ამ ხელისუფლებას აქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან. ბოლო არჩევნების შედეგის ეჭვქვეშ დაყენების რეალური მიზეზი არ არსებობს. არავის სურს დაინახოს როგორ ხდება სიტუაციის ესკალაცია და ვინ უწყობს ამას ხელს. ხშირად ვხედავთ ცალმხრივ შეფასებებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ქმნის არასწორ წარმოდგენას საქართველოსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა, რომ ყველა ქვეყანა, ვისთანაც წლების მეგობრობა გვაკავშირებს, საბოლოოდ, დაუბრუნდება მეგობრულ ურთიერთობას და დაველოდებით ამ მომენტს. სტრატეგიული მოთმინება არის ჩვენი მთავარი პოლიტიკა, როდესაც საქმე ეხება ჩვენს მრავალწლიან პარტნიორებთან ურთიერთობას”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

,,ოპოზიციამ ვერ შეძლო, მოსახლეობაში შესაძლო ომის საფრთხის შიშს გაანეიტრალებდა”- ზურაბ ჯაფარიძე

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო, შეემუშავებინა მოკლე გზავნილი, რაც მოსახლეობაში შესაძლო ომის საფრთხის შიშს გაანეიტრალებდა.

ოპოზიციონერის ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურნენ მისივე კოალიციიდანაც. ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს: “უნდა ჩამოვყალიბდეთ, “ოცნებამ” ეფექტური მესიჯით – აბა, ომი გინდა? მოიგო არჩევნები, თუ არჩევნები გაყალბდა?!”.

პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებული 8 პირის ადვოკატებმა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის აცილება მოითხოვეს

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული 8 პირის ადვოკატებმა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის აცილება მოითხოვეს. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმე არ აიცილა.

შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე ბრალდებულ ვეფხია კასრაძის ადვოკატმა კახა კოჟორიძემ დააყენა. მისი განმარტებით, არსებობს ეჭვი, რომ მოსამართლე არ არის ობიექტური და მიუკერძოებელი.

როგორც კოჟორიძე აღნიშნავს, მოსამართლის აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას.

როგორც ადვოკატმა განმარტა, სასამართლოს სწორედ აღნიშნულმა შემადგენლობამ შეუფარდა დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ყოველგვარი არგუმენტისა და იურიდიული საფუძვლის გარეშე. კოჟორიძის თქმითვე, კითხვა ჩნდება, თუკი, სამართლებრივი არგუმენტები არ არსებობს, რა გახდა იმის წინაპირობა, რომ სასამართლომ დაკავებულების მიმართ უსაფუძვლოდ გამოიყენა პატიმრობა.

კოჟორიძის შუამდგომლობას დაეთანხმნენ დანარჩენი ადვოკატებიც. შოთა თუთბერიძის განცხადებით, უმჯობესი იქნება, საქმე სხვა მოსამართლემ განიხილოს, რომელზეც მინიმუმ განცდა არ იქნება, რომ გადაწყვეტილება წინასწარ აქვს მიღებული.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე და აღნიშნა, რომ ეს შუამდგომლობა დაუსაბუთებელია.

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განმარტა, თუ რატომ არ აიცილა საქმე. როგორც მან განმარტა, მის მიერ დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ზემდგომმა ინსტანციამ ძალაში დატოვა, შესაბამისად, ეს გარემოება, რომ წინა აღკვეთი მან განიხილა, ვერ გახდება მოსამართლის ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

ამ წუთებში, სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და კიდევ ექვსი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულების – ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გადასინჯვაზე იმსჯელებენ.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის საუბრის მთავარი თემები, ამერიკის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების კიდევ ერთი პაკეტი და უკრაინის საჰაერო უსაფრთხოება იყო.

„მან ომის ფასი, პირდაპირ საკუთარ ჯიბეზე უნდა იგრძნოს“, – განაცხადა ზელენსკიმ სანქციებზე საუბრისას.

უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მადლობა გადაუხადა ჯო ბაიდენს თითქმის სამწლიან ომში ვაშინგტონის მუდმივი მხარდაჭერისთვის და იმ როლისთვის, რაც ამერიკამ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებაში შეასრულა.

ბაიდენმა ხაზი გაუსვა უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას, რათა უკრაინელმა ხალხმა უზრუნველყოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, რომელსაც იმსახურებს.

„ახლა აშკარაა, რომ პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ კატასტროფა იყო რუსეთისთვის. უკრაინელი ხალხის გამბედაობისა და შეერთებული შტატების მხარდაჭერით, რუსეთმა ვერ მიაღწია ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს უკრაინაში. პრეზიდენტმა პუტინმა როდესაც დაიწყო ეს ომი, იფიქრა, რამდენიმე დღეში დაიკავებდა კიევს. თითქმის სამი წლის შემდეგ კიევი კვლავ თავისუფალია. რუსეთს სურდა უკრაინელი ერის განადგურება. დღეს უკრაინა რჩება თავისუფალ და აქტიურ დემოკრატიად. რუსეთს სურდა უკრაინის ჯარის განადგურება. ახლა ეს არმია უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. რუსეთს სურდა ნატო-ს დაშლა, ამის ნაცვლად, ნატო უფრო დიდი, ძლიერი და ერთიანია, ვიდრე მისი ისტორიის განმავლობაში ოდესმე“, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ოცნებამ” ფული გადაიხადა, ვიღაც სტუმრებსაც ელოდებოდა, მაგრამ ისინიც ვერ ჩამოვიდნენ”- გახარია

„ოცნებამ” ფული გადაიხადა, ვიღაც სტუმრებსაც ელოდებოდა, მაგრამ ისინიც ვერ ჩამოვიდნენ, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ, “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უნგრეთისგან ლეგიტიმაციის მიღებას ფასი არ აქვს, ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ კი ფორმალურად გამოუგზავნა ახალი წლის მისალოცი ბარათი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.

“უნგრეთისგან ლეგიტიმაციის მიღებას ხომ ფასი არ აქვს არა? ნატოს ხელმძღვანელმა, როცა ფორმალურად, მიყოლებით აგზავნიან [მისალოცი გამოაგზავნა]. ჩვენ ხომ სერიოზულ თემებზე ვსაუბრობთ?!” – აღნიშნა გახარიამ. წამყვანის თქმით, ქართულმა მხარემ რამშტაინის შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. მის დამაზუსტებელ კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა, გადახდილი ფულით ჩამოდიოდა საქართველოში, გახარიამ უპასუხა: “შემოტყუებით როგორც მინიმუმ”.   

გრენლანდიას არ უნდა არც ამერიკა და არც დანია, გრენლანდიას დამოუკიდებლობა უნდა – გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი

გრენლანდიას არ უნდა არც ამერიკა, არც დანია. გრენლანდიას დამოუკიდებლობა უნდა, – განაცხადა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა მუტე ეგედემ. იგი აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც კუნძულზე კონტროლის დამყარების ინტერესი გამოხატა და ამ მიზნით სამხედრო ძალის გამოყენება არ გამორიცხა, – იუწყება Financial Times-ი.

მისი თქმით, სტატუს-კვოს შენარჩუნება „მიუღებელია“. გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ კუნძულს, რომელზეც 57 ათასი ადამიანი ცხოვრობს, დამოუკიდებლობა სურს.

„ჩვენ არ გვსურს ვიყოთ დანიელები, არ გვსურს ვიყოთ ამერიკელები. ჩვენ გვინდა ვიყოთ გრენლანდიელები“, – განაცხადა ეგედემ და აღნიშნა, რომ „გრენლანდია არ იყიდება“.

მისი თქმით, კუნძული ღიაა მოლაპარაკებებისთვის აშშ-სთან, თუმცა, მის ბედს გადაწყვეტენ თავად გრენლანდიელები. მან ტრამპის განცხადებას სერიოზული უწოდა, თუმცა, კუნძულის მაცხოვრებლებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ ესმის გრენლანდიის სურვილი იყოს, დამოუკიდებელი, თუმცა იქვე დაამატა, რომ მას აქვს სურვილი შეინარჩუნოს დანიის სამეფოს მთლიანობა, დანიის, გრენლანდიის და ფარერის კუნძულების სახით.

Financial Times – ის ინფორმაციით, გრენლანდიაში უკვე განთავსებულია აშშ-ს სამხედრო ბაზა, რომელიც განიხილება, როგორც არქტიკის უსაფრთხოების ცენტრი. სტატიაში აღნიშნულია, რომ გრენლანდიას დიდი ხანია სურს დამოუკიდებლობა, თუმცა, არასაკმარისი ეკონომიკური ზრდის გამო, ვერ წყვეტს კავშირებს კოპენჰაგენთან.

ცნობისთვის, ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ვაჟი, დონალდ ტრამპ უმცროსი გრენლანდიაში იმყოფებოდა. ის კუნძულის მკვიდრებს შეხვდა. მათ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ქუდები ეხურათ და აცხადებდნენ, რომ გრენლანდიის შეერთებული შტატების შემადგენლობაში შესვლა ძალიან გაუხარდებათ.