Home Blog Page 14

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, ასევე მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვავე პირი პატიმრობაში რჩება

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, ასევე მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვავე პირი პატიმრობაში რჩება.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

აღნიშნულს დაკავებულების მხარდასაჭერად სასამართლოს ეზოში შეკრებილი საზოგადოებას უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.

ვასილ მაღლაფერიძე – ღია წერილი ყოფილ მეგობარს

შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს კონგრესმენებმა მოთხოვნა გაუგზავნეს ოცდახუთი ადამიანის, მათ შორის, ჩემი დასანქცირების შესახებ, რადგან, თურმე ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბს ვთხრით და „ჩინეთის, რუსეთის და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრას“ ვუწყობთ ხელს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე წერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში სახელწოდებით – „ღია წერილი ყოფილ მეგობარს“.

როგორც მაღლაფერიძე აღნიშნავს, თანადასანქცირებულთაგან ყველას უდასტურებს პატივისცემას და ამ სიაში მისი ყოფნა დიდი პატივია.

„ღია წერილი ყოფილ მეგობარს.

ცხადია, გაიგებდი, რომ შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს კონგრესმენებმა მოთხოვნა გაუგზავნეს ოცდახუთი ადამიანის და, მათ შორის, ჩემი დასანქცირების შესახებ – რადგან, თურმე ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბს ვთხრით და „ჩინეთის, რუსეთის და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრას“ ვუწყობთ ხელს.

უნდა გითხრა და გაგაწბილო, რომ ეს სანქცია საერთოდ არ მანაღვლებს, თუმცა თანადასანქცირებულთაგან ყველას ვუდასტურებ პატივისცემას და აქვე იმასაც გეტყვი, რომ ჩემთვის დიდი პატივია ამ სიაში ყოფნა.

არც ამ დასანქცირების მომთხოვნ კონგრესმენებთან მაქვს პრეტენზია, რადგან, საკუთარ ქვეყანაში არსებული მძიმე პრობლემების ფონზე, მაინც მოიცალეს და მათთვის სრულიად უცნობი ადამიანებისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ. ესე იგი, ასეთი ცხოვრების წესი აქვთ, ეს ჰგონიათ სწორი საქციელი და რა გაეწყობა?!

მე იმ ქვეყნიდან ვარ, სადაც ერთი დაპატიჟებით სტუმრად არ მიდიან და თუ დამასანქცირებენ, აღარ ჩავალ მათთან და ეგ იქნება, თუმცა ჩემს კარს ღიას დავტოვებ – საქართველოში სტუმარი ღვთისაა!

თუმცა, პატივცემულ კონგრესმენებს მოკრძალებით ერთს კი შევკადრებ, რჩევა ბატონი ჰოლდენ კოლფილდისთვის რომ ეკითხათ, დარწმუნებული ვარ, კატეგორიულად ურჩევდა, რომ ამ მოთხოვნისთვის ხელი არ მოეწერათ (თუ ვინმემ აქამომდე არ იცოდა – დასანქცირების მოთხოვნა, სინამდვილეში, საქართველოშია დაწერილი და კონგრესმენებმა მხოლოდ ხელი მოაწერეს).

ჩემო ყოფილო მეგობარო, ხომ გახსოვს, ბოლშევიკები რეპრსიებს, რითი ამართლებდნენ?! ხალხის მტრები კომუნიზმის აშენებაში და ამქვეყნად სამოთხის დამყარებაში გვიშლიან ხელსო.

მაგიდის უჯრაში ბაბუის და დიდი ბაბუის განაჩენები მიდევს – ხალხის ნათელი მომავლის გუშაგებმა ამხილეს, რომ გურჯაანში ვენახებს ანადგურებდნენ, სანქციებიც გამოუწერეს და სიძე-სიმამრი ორ კვირის ინტერვალით დახვრიტეს. წვრილშვილიანი ოჯახი სახლიდან გამოყარეს და დედაჩემი და დეიდაჩემი ასე ხალხის მტრის იარლიყით გაიზარდნენ. ეს ჯოჯოხეთი უამრავმა ქართულმა ოჯახმა გამოიარა. კომუნიზმი კი რატომღაც არ აშენდა, არც სამოთხე დამყარდა, სამაგიეროდ წლების შემდეგ, ფარატინა ქაღალდი მოვიდა, შეგვეშალა, ტყუილად დაგვიხვრეტიაო.

ბაბუაჩემზე ვინც „დანოსი“ დაწერა, ან სახლი უნდოდა მისი, ან – სამსახური, ან რაიმე ბოღმა ჰქონდა, იცოდა, რატომაც ასმენდა. ასეთები, ნათელი მომავლის აშენების საბაბით, ხან ეშაფოტზე ერეკებოდნენ ხალხის მტრებს, ხან გაზის კამერებში აგზავნიდნენ, ხანაც კედელთან აყენებდნენ – მათ ქონებას კი ინაწილებდნენ. ასეთების რაობა გარკვეულია, ფულს და გამორჩენას ელიან, მათ მიმართ კითხვა არა მაქვს.

მაგრამ, „დანოსჩიკი“ მარტო ვერაფერს გახდებოდა, სხვებიც რომ არ ყოფილიყვნენ, რომელთაც თავი დაირწმუნეს, რომ ბაბუაჩემი ვენახებს ანადგურებდა, რადგან ასე აწყობდათ, ან შეეშინდათ, ან იქნებ, სულო ცოდვილო, ამ საქმიდან რაღაც ხეირს თავადაც ელოდნენ. ჰოდა, შერჩენილი სინდისის ნატამალი დაიმშვიდეს, ალბათ, რაღაცას აშავებდნენ, თორემ ტყუილად ხომ არ დააბრალებდნენო, ყოველი შემთხვევისთვის, ჩეკისტების მიერ აწიოკებული ოჯახიდან ქვაბი, ტაფა ან ტაშტი გააყოლეს ხელს და კომუნიზმის მშენებლობა განაგრძეს. დახვრეტილთა ცოდვა ამ სხვებზეც ისევეა, როგორც „თავად“ დანოსჩიკებზე.

მიბრძანდი საჯარო ბიბლიოთეკაში, გადახედე ოცდაათიანი წლების პრესას (მაშინ სოციალური ქსელები არ იყო) და ნახავ, როგორი აღტკინებით გმობენ ხალხის მტრებად შერაცხულ კოლეგებს, მეგობრებს, ნათესავებს და მშობლებსაც კი, რომლებიც ნათელი მომავლის მშენებლობაში უშლიან ხელს.

ოღონდ არ მითხრა, რომ დრო იყო ისეთი და რა უნდა ექნათო?! აგერ შენც ხომ დაიჯერე, თურმე ქვეყნის ღერძი გადავხარე, ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბს ვთხრი და ნათელი მომავლის მშენებლობაში გიშლი ხელს?!

პატივცემული კონგრესმენები არც შენ გიცნობენ და არც მე, სამაგიეროდ შენ დიდი ხანია, მიცნობ, თუმცა მაინც კონგრესმენებს დაუჯერე! კონგრესმენები ტყუილად ხომ არ დამაბრალებდნენ, ღერძი გადახრაო?! კონგრესმენები ხომ შეუმცდარნი არიან და თუ ისინი გეტყვიან, რომ ბომბეიმდე გვირაბამდე გვირაბს ვთხრი, სხვა რა გზა გაქვს, უნდა დაუჯერო. თუმცა, კონგრესმენებმა აქედან რა „დანოსის“ წერილიც მიიღეს, იმას დაადეს რეზოლუცია და აწი მოგიწევს ამ „დანოსის“ ავტორთა მეგობრობის ტვირთის ზიდვა.

თანაც რა კამფეტივით ბრალდებაა – „ჩინეთის, რუსეთის და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრა“, ამას მოფიქრება ხომ უნდოდა, ასეთ რამეს რომ დაგაბრალებენ, თავად უნდა დაიხალო ტყვია შუბლში?

„დანოსის“ ავტორები სიხარულით დავლურს უვლიან, ეს რა ბედნიერი დღე გაგვითენდა, კონგრესმენებმა სანქციების დაწესება მოითხოვესო, იმედი აქვთ (სულ ტყუილად!!!), ის დრო დაბრუნდება, როცა დასმენა და კედელთან მიყენება ერთი იყო და აქედან ხეირს ნახულობდნენ?!

მათი რაობა გარკვეულია! საკითხავი ის არის, შენ რა დაგემართა?!

ჩემო ყოფილო მეგობარო, მიმოიხედე შენს ირგვლივ, ვის შეკვეთილ მუსიკაზე ცეკვავ, ადრე მათთან ერთად გავლის შეგრცხვებოდა?!

მართლა დაიჯერე, რომ ევროკავშირში შესვლაში მე გიშლი ხელს, ბაბუაჩემმა ვენახები გაანადგურა და ჩელიაბინსკში ცხოვრება მინდა? ასეთი სულელი რომ არ ხარ?! აბა, კარგად დაფიქრდი, იქნებ კი არ დაიჯერე, არამედ თავი განზრახ დაირწმუნე, იმიტომ, რომ ასეთი ქცევა მოდურად გეჩვენა, იმიტომ, რომ ცოტა მიგაშინეს, თუ სულმა წაგძლია და რაიმე სარგებელსაც ელი. ასეა თუ ისე, „დანოსჩიკთა“ თანამზრახველად იქეცი, მაქედან ვეღარ გამოხვალ!

აღთქმული სამოთხის მოლოდინში ერთხელ ხომ გამოგვიყენეს და ჯოჯოხეთი გამოგვატარეს და რამდენ ვერცხლად გიღირს გამოუცდელი ახალგაზრდების ისევ იმ ჯოჯოხეთში დაბრუნება. რამდენიმე კვირაღა დარჩა და ყველასთვის ნათელი გახდება, უკრაინული გზა რასაც მოუტანდა ჩვენს ქვეყანას და პირველ რიგში ამ ახალგაზრდებს. ყველაფერი რომ გაცხადდება, მერე რას იტყვი, რა მექნა, დრო იყო ასეთიო?! დროს უკან ვეღარ დააბრუნებ, ვერც „დანოსებით“ ააშენებ სამოთხეს და ნათელ მომავალს მომავალს და ვერც ევროკავშირში შეხვალ.

ეს მსოფლიო ალიაქოთიც გადაივლის, სანქციებიც და მაქციებიც ყველას დაავიწყდება, დავავიწყდებით იმ კონგრესმენებსაც, რომელთაც არც არასდროს ვხსომებივართ, სამაგიეროდ შენ არასდროს დაგავიწყდება „დანოსი“ რომლის თანამონაწილეც ხარ.

P.S. ჩემო საბრალო ყოფილო მეგობარო, ყოველი შემთხვევისთვის ეგ სანქცია შუბლზე მიიკარი, სადმე რომ არ დაგეკარგოს!“, – წერს მაღლაფერიძე.

,,ოპოზიციაში ჩვეულებრივი ქაოსია”- ლევან მაჭავარიანი

ოპოზიციაში ჩვეულებრივი ქაოსია, იმ პირებს, რომლებიც თავიანთ პარტიებშივე არიან დაჯგუფებული, ერთმანეთის მიმართ დიდი სიმპათია არ გააჩნიათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის სპეკულაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გაქარწყლებულია.

„ოპოზიციაში ჩვეულებრივი ქაოსია. ის პიროვნებები, ვინც დაჯგუფებული არიან თავიანთ პარტიებშივე, მათაც ერთმანეთის მიმართ დიდი სიმპათია არ გააჩნიათ. ოთხი რადიკალური პარტია, რომლებიც გააერთიანეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუდქვეშ, ისინიც ერთად ვერ ძოვენ. ეს მათი ხვედრია, დავალებებს იღებენ უცხოეთიდან და უფლება არ აქვთ, შეეწინააღმდეგონ. აზრთა სხვაობა, რა თქმა უნდა, არსებობს. ეს იყო ჩვენი ფიზიკური და სულიერი გადარჩენის არჩევნები, ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად აზროვნებს და მათ ეს საფრთხე დაინახეს და რეალურად აღიქვეს, სწორედ ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ 54% მიიღო.

თვითონაც კარგად იციან, რომ ზღაპრები, რაც გამოიგონეს, თითქოს 300 000 ხმა გაყალბდა, 100 000 პირადობის გარეშე დავტოვეთ, იყო რუსული სპეცსამსახურების ჩარევა, თურმე აზერბაიჯანიც და ირანიც ჩაერივნენ. ის, რომ ერთი ადამიანი 17-ჯერ აძლევდა ხმას, რასაც ზურაბიშვილი დაბეჯითებით ამტკიცებდა, არ მოხვედრილა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში. შესაბამისად, ყველა მათი სპეკულაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სრულიად გაქარწყლებულია. არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში, თავიანთ ამომრჩეველსაც ვერ ატყუებენ ამ გაყალბებასთან დაკავშირებით. მათ გეგმებთან დაკავშირებითაც რთულია საუბარი, რადგან ელოდებიან გარე დავალებებს. ვინც მათ დავალებებს აძლევს, ზოგი საშობაო არდადეგებზე იყო, ზოგს საკუთარ ქვეყანაში ისეთი კრიზისი აქვს, იმის დალაგებით არის დაინტერესებული“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

,არც დანიელობა გვინდა და არც ამერიკელობა – ჩვენ გვინდა, ვიყოთ გრელანდიელები” – გრელანდიის პრემიერ-მინისტრი

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ესმის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინტერესი კუნძულის მიმართ, მისი სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, თუმცა, ხაზს უსვამს, რომ გრელანდიელებს არც ამერიკელობა სურთ და არც – დანიელობა.

“გრენლანდია არის გრენლანდიელი ხალხისთვის. ჩვენ არ გვინდა ვიყოთ დანიელები, არ გვინდა ვიყოთ ამერიკელები. ჩვენ გვინდა, ვიყოთ გრენლანდიელები”, – თქვა მუტე ეგედემ კოპენჰაგენში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენიც იმყოფებოდა.

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველამ პატივი უნდა სცეს გრენლანდიის დამოუკიდებლობის სურვილს.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გრენლანდიასა და პანამის არხზე უფლების მოპოვება სურს, ხოლო კანადას აშშ-თან გაერთიანებას სთავაზობს. 

გრენლანდია არის მსოფლიოს უდიდესი კუნძული, რომელიც დანიის დაქვემდებარებაშია.

 ,,საჭიროა ახალი პარტიები”- სალომე ზურაბიშვილი

მე შემიძლია ერთი რამ დაგპირდეთ, რომ ბოლომდე ჩართული ვიქნები ყველა იმ ძალისხმევით, რაც მე შემიძლია ამ ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში აქციაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ამდენი მეგობარი ევროპასა და ამერიკაში იშვიათად ჰყოლია.

„ჩვენ, ახლა, ვართ ბრძოლაში, რომელიც იქნება უსათუოდ გამარჯვებული, სხვა გზა არ დაუტოვეს არავის. ჩვენ ერთად ვართ, მე ვარ თქვენთან, თქვენ გაქვთ ჩემი იმედი, მაგრამ არანაკლებად მაქვს თქვენი, ყველას, თითოეულის იმედი იმიტომ, რომ ეს არის ბრძოლა, რომელიც არ შეიძლება მოიგო ბელადის ხელით, მხოლოდ ვიღაცის იმედით, შენ იჯდე სახლში და დაელოდო, რომ რაღაც თავისით მოხდება, არა, ეს მოხდება მხოლოდ იმით, თუ ყველა ბოლომდე ჩართული ვიქნებით, როგორც დღეს ვართ და როგორც ვიქნებით ხვალ.

მე შემიძლია ერთი რამ დაგპირდეთ, რომ ბოლომდე ჩართული ვიქნები ჩართული ყველა იმ ძალისხმევით, რაც მე შემიძლია ამ ქვეყნისთვის. ეს იწყება საზღვარგარეთ იმიტომ, რომ პროფესიით მე ასე დავიბადე, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც დიპლომატი და ალბათ, უფრო მეხერხება [დიპლომატია]. მე, თქვენი სახელით, ზუგდიდის სახელით იქაც ჩავალ, ვაშინგტონში. იქ, დღეს, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომლებსაც საქართველოზე გული შესტკივათ და რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, იმაზე მეტსაც ვიდრე, ვთხოვთ. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის მომავალი დაიცვან იმ ბრჭყალებისგან, რომელიც მოდის ჩვენი ჩრდილოელი არამეგობრისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ იშვიათად ჰყოლია ამ ქვეყანას ამდენი მეგობარი გინდათ, ევროპაში და გინდათ, ამერიკაში. ეს არის ჩვენი ძალა, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მეგობრები იმიტომ გვყავს და არიან ასეთი აქტიურები დღეს, იმიტომ, რომ თქვენ დგახართ, სადაც დგახართ. ეს მრავალფეროვანი პროტესტი რომ არ იყოს ყველა ქალაქში, საზოგადოების ყველა სეგმენტი, რომელიც არის ჩართული, მაშინ ისინიც არ იგრძნობდნენ თავიანთ იმ ვალდებულებას, რომ რაღაც ფორმით დაგვეხმარონ, როგორც მათ შეუძლიათ.

ყველაფერი გადაბმულია – გარედან მეგობრების მხარდაჭერა, შიგნიდან პროტესტი, ასევე, თქვენი ძალისხმევა იმისთვის, რომ ეს პროტესტი, რაც შეიძლება მეტად გარეთ იყოს გატანილი იმისთვის, რომ მე ყველგან მხარი დაგიჭიროთ და ამიტომ დავიწყე ზუგდიდით, მაგრამ [ასევე] იმიტომ დავიწყე რეგიონებში სიარული, რომ არავინ იფიქროს, რომ საქართველოს რომელიმე ადგილზე მათი პროტესტი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე თბილისის პროტესტი. ეს არის მთლიანად საქართველოს პროტესტი, რომელიც მიგვიყვანს ბოლო შედეგამდე. ეს ბოლო შედეგი არის მშვიდობიან, დემოკრატიულ ქვეყანაში [ცხოვრება]. სადაც ჩვენ ვართ, რეჟიმი აღარ არის დემოკრატიული, მაგრამ საზოგადოება ასეთი დემოკრატიული, ასეთი შეგნებული, ასეთი პასუხისმგებლიანი და ასეთი მშვიდობიანი დიდი ხანია არ ყოფილა საქართველოში. ეს ჩამოყალიბდა და ამ საზოგადოებას უნდა მშვიდობიანი გამოსავალი ამ უდიდესი კრიზისიდან. ეს გამოსავალი არის თავისუფალი არჩევნები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

,,მოღალატე რეჟიმის მხრიდან კვლავ 13 წლის წინანდელ მოვლენებზე საუბარი უკიდურესი ცინიზმია” – თინა ბოკუჩავა

“ქართული ოცნების” ინიციატივა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რომელმაც 2003-12 წლებში, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი უნდა შეისწავლოს, პოლიტიკური განხილვის თემაა.

პლატფორმა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ ეს თემა საზოგადოებისთვის ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს.

“მათი მხრიდან, მოღალატე რეჟიმის მხრიდან კვლავ 13 წლის წინანდელ მოვლენებზე საუბარი არის უკიდურესი ცინიზმი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საზოგადოებისთვის არ წარმოადგენს ინტერესის სფეროს, რადგან დღეს ჩვენ ვართ ერთიანი ჩვენს ბრძოლაში,” – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი, ზაზა თავაძე კი აცხადებს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც “არალეგიტიმურ პარლამენტში” შექმნილი საგამოძიებო კომისია მიიღებს, ასევე არალეგიტიმური იქნება.

“ჩვენი ათვლის წერტილი უნდა იყოს გაყალბებული და მიტაცებული არჩევნები. თუ ისინი შექმნიან ე.წ. საგამოძიებო კომისიას, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისია მიიღებს, იქნება, რა თქმა უნდა, არალეგიტიმური,” – აცხადებს ზაზა თავაძე.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ინიციატივით, მე-11 მოწვევის პარლამენტი 2003-2012 წლებში, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს შეისწავლის. სახელისუფლებო გუნდი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე დააყენებს. კომისია 6 თვე იმუშავებს, საბოლოო დასკვნას კი სექტემბერში დაამტკიცებს. ამის შემდეგ, საქმე გენერალურ პროკურატურას გადაეცემა.

,,დღეს საქართველოში ორი მხარე არ არსებობს, არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება”- სალომე ზურაბიშვილი

აქ არ არის ორი საქართველო, ერთი საქართველოა და არიან ადამიანები, რომლებიც სიძულვილით დაშორდნენ საქართველოს და გახდნენ რეჟიმის წარმომადგენლები – ეს რეჟიმი დასრულდება, რადგან ყველა ქალაქში დგანან საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც არჩიეს, რომ სამშობლო უფრო უყვართ, ვიდრე ნებისმიერი პარტია,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს რუსული რეჟიმის ხელით საქართველოში დაპირისპირება შემოიტანოს, თუმცა „დღეს საქართველოში ორი მხარე არ არსებობს“.

„რუსეთი ცდილობს რუსული რეჟიმის ხელით კიდევ ერთხელ შემოიტანოს დაპირისპირება. დღეს საქართველოში ორი მხარე არ არსებობს, არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება. ორი მხარე არ არსებობს. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც იცავენ ამ რეჟიმს და ამ რეჟიმის დაცვის გულისთვის რაღაც უსასტიკეს ზომებზე მიდიან.

გუშინ იყო სასამართლო, სადაც სრულიად უდანაშაულო ადამიანები არიან და ეს იცის მოსამართლემაც, რომელიც იქ იჯდა. იცის, რომ იქ ჯგუფური ძალადობა და არანაირი დანაშაული არ ყოფილა. ისინი გათავისუფლდებიან, როგორც ქვეყანა გათავისუფლდება. მაგრამ არსებობენ ადამიანები და არის ასევე, ერთი ქალი, რომელიც არ ვიცი, არის თუ არა დედა – გაბედა და დაწერა სოციალურ ქსელში ანდრო ჭიჭინაძის დედაზე – რაც არ უნდა ეცადოთ, ვერ იქნებით ირინა ენუქიძე. ასეთი სისაზიზღრე არ გამიგია არცერთი ქალისგან, არცერთი დედისგან. ეს არის ბოროტება რაც მოჰყვება რუსეთის ბოროტებას. აქ არ არის ორი საქართველო. არის ერთი საქართველო და არიან ადამიანები, რომლებიც ამ ფორმით, თავიანთი, ლექსიკითა და სიძულვილით დაშორდნენ საქართველოს და გახდნენ რეჟიმის წარმომადგენლები. ეს რეჟიმი დასრულდება, რადგან საქართველოს ყველა ქალაქში დგანან საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებმაც ერთხელ და სამუდამოდ არჩიეს, რომ ქვეყანა, სამშობლო უფრო უყვართ, ვიდრე ნებისმიერი პარტია. ეს არის ამ ქვეყანაში სიახლე, რომელსაც უნდა შეეგუოს ნებისმიერი, ვისაც ამ ქვეყნის წარმატება და წინსვლა უნდა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 5 პირს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნება

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნება. აღნიშნული მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ადვოკატებმა და ბრალდებულებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს, ვინაიდან მოსამართლემ სხდომათა დარბაზი არაერთხელ დაყენებული შუამდგომლობის მიუხედავად, არ შეცვალა.

ადვოკატების განმარტებით, ისინი უარს არ აცხადებენ პროცესში მონაწილეობაზე, უბრალოდ ბრალდებულებისთვის და ადვოკატებისთვის შესაბამის სამუშაო პირობებს ითხოვენ.

დაკავებული პირებიდან 4 – ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე, ზვიად ცეცხლაძე და ირაკლი მიმინოშვილი 21 წელს მიუღწეველი პირები არიან, კიდევ ერთი ბრალდებული ინსაფ ალიევი კი ქართული ენის არ მცოდნეა. შესაბამისად, ისინი სავალდებულო დაცვას ექვემდებარებიან.

რაც შეეხებათ დანარჩენ პირებს, მათ შემთხვევაში მხარეთა გამოუცხადებლობა პროცესის გაგრძელებას არ აფერხებს.

სასამართლოში საზოგადოებრივი ადვოკატების გამოცხადებამდე პროცესი შეჩერებულია.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

,,მტკიცებულებების ერთობლიობა ადასტურებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ სამშობლოს უღალატა”-სოზარ სუბარი

არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ არათუ თავიდან არ აიცილა ომი, არამედ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ომში ჩართულიყო, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, მტკიცებულებების ერთობლიობა ადასტურებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ სამშობლოს უღალატა. ამ ღალატს კი აუცილებლად უნდა მიეცეს, პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება.

„ხშირად გვეკითხებიან და სავსებით სამართლიანად – „ნაციონალური მოძრაობის დამარცხებიდან მეცამეტე წელი დაიწყო და აქამდე რატომ არ გამოიძიეთ აგვისტოს ომში სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულები“? საქმე ის არის, რომ სანამ ჩვენ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამართლოებში გვქონდა დავა რუსეთის წინააღმდეგ, ამ საქმის გამოძიებას შეიძლება ხელი შეეშალა სასამართლოებში საქართველოს გამარჯვებისთვის. მთლიანობაში რამდენიმე ასეთი სასამართლო ჩატარდა.

არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ არათუ თავიდან არ აიცილა ომი, არამედ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ომში ჩართულიყო. ეს მტკიცებულებები ერთიანდება ერთიანი მუხლის ქვეშ – სამშობლოს ღალატი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩაიდინა და ბუნებრივია, ამას აუცილებლად უნდა მიეცეს, როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი შეფასება.

რაც შეეხებათ ქართველ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, რომლებიც იბრძოდნენ სამშობლოს დასაცავად, იბრძოდნენ ოკუპაციის წინააღმდეგ და იცავდნენ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ბუნებრივია, რომ მათ არანაირი გამოძიება არ შეეხებათ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ გადადგა არცერთი ნაბიჯი, რომ საერთაშორისო დოკუმენტებში დაფიქსირებულიყო ტერმინები – ოკუპაცია და ოკუპანტი. ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში.

რაც შეეხება იმ სამართლებრივ დავებს, რომლებიც საერთაშორისო სასამართლოებში წარიმართა, ასეთი რამდენიმე იყო: პირველი სასამართლო, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იჩივლა რუსეთის წინააღმდეგ, იყო გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, შტაბ-ბინით ჰააგაში. ამ პროცესზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ წარადგინა არცერთი მტკიცებულება, რომელიც რუსეთის აგრესიას და ოკუპაციას დაამტკიცებდა და ჩვენი სარჩელი იმდენად მოუმზადებელი იყო, რომ სასამართლომ არც კი მიიღო განხილვაში.

მეორე – ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ე.წ. „ჰააგის სასამართლო”) – საჩივარი არა სააკაშვილის ხელისუფლებამ, არამედ ქართულმა ენჯეოებმა შეიტანეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვა ჰააგის სსს სასამართლოსთან თანამშრომლობაზე, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია არც პროკურატურისთვის და არც სასამართლოსთვის, რომ გამოძიება გაეგრძელებინათ.

ასეთ პირობებში, როცა ქართული მხარე გამოძიებას არ აწვდიდა საჭირო მტკიცებულებებს, ცხადია იყო, რომ საქმე წაგებისთვის იყო განწირული, რაც უდიდესი დარტყმა იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის და ბევრად გაართულებდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას. საბედნიეროდ, ჰააგის სასამართლომ ძიების დასრულება „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ვერ მოასწრო. 2012 წელს, როგორც კი ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, დავიწყეთ მჭიდრო თანამშრომლობა ჰააგასთან. სხვადასხვა უწყებებმა, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის კოორდინაციით, შეკრიბეს უამრავი მტკიცებულება და წარუდგინეს ჰააგაში განთავსებულ საერთაშორისო პროკურორებს. ეს მტკიცებულებები იმდენად წონიანი იყო, რომ რუსეთმა შეწყვიტა ჰააგასთან თანამშრომლობა და მეტიც, დენონსაცია მოახდინა რომის 1998 წლის წესდების, რომლის საფუძველზეც ჰააგის სსს სასამართლო მოქმედებს.

ამ ფონზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დახმარების ნაცვლად, პირიქით, ჩვენ დაგვაბრალა, თითქოს ჩვენი მიზანი ქართველი ჯარისკაცებისა და ოფიცრების დასჯა იყო და კატეგორიულად მოითხოვდნენ, შეგვეწყვიტა ჰააგასთან თანამშრომლობა, ხოლო პროკურორი ფატი ბენსუდა, რომელიც ამ საქმეს იძიებდა, რუსეთის აგენტად გამოაცხადეს. მიუხედავად ასეთი ცილისწამებისა და ხელისშეშლისა, ჩვენ მოვიგეთ ჰააგის სასამართლო, რომელმაც ცნო რუსეთი აგრესორად და ოკუპანტად და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსნის მიმართ დევნა გამოაცხადა. თუმცა, საინტერესოა, რატომ ეწინააღმდეგებოდნენ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობას? – საქმე ის გახლავთ, რომ სისხლის სამართლის გამოძიება ორლესული მახვილია, რომელმაც ორივე მხარის დანაშაული შეიძლება გამოავლინოს. როგორც ჩანს, სააკაშვილს და მის მაღალჩინოსნებს ჰქონდათ საფუძველი, რომ ამ მახვილის შეშინებოდათ.

რაც შეეხება მესამე – ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (ე.წ. სტრასბურგის სასამართლო), იქ, ერთი მხრივ, საქართველომ შეიტანა სახელმწიფოთაშორისი სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ასეულობით სარჩელი შეატანინა, როგორც რუსეთის მოქალაქეებს, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. სხვათა შორის, საქართველოს წინააღმდეგ სარჩელების მომზადებაში და სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად მონაწილეობდნენ ქართველი ენჯეოშნიკები, კერძოდ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ქალბატონი ანა დოლიძე.

სტრასბურგის სასამართლოში საქმის მოგება არ იყო ადვილი, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი მმართველობის პერიოდში გააქრო რუსეთის აგრესიის დამადასტურებელი უამრავი სერიოზული მტკიცებულება. ერთ-ერთი ასეთი ნივთმტკიცება – რუსული კასეტური რაკეტა „ისკანდერის“ რამდენიმეტონიანი ნაწილი, რომლითაც გორში მშვიდობიანი მოსახლეობა დაიბომბა, აშშ-ში იყო გატანილი, თანაც ისე, რომ ეს დოკუმენტურად არ იყო დაფიქსირებული. ძალიან დიდი შრომა დასჭირდა ამ ნივთმტკიცების ჯერ მოძიებას და შემდეგ სტრასბურგში ჩატანას, თუმცა, საბოლოოდ, ხელისუფლების დიდი ძალისხმევით, ეს მოხერხდა. ეს ერთი მაგალითია, თუმცა ასეთი არაერთი მტკიცებულების წარდგენის შემდეგ, დავა საქართველოს გამარჯვებით დამთავრდა. ამის შემდეგ უკვე გადაწყვეტილი იყო საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების ბედი და ისინი ერთი მეორის მიყოლებით მთავრდება საქართველოს გამარჯვებით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

,,სამედიცინო ცნობით დადგინდა, რომ ბრალდებულის ცუდად გახდომის მიზეზი უჟანგბადობა იყო”- ადვოკატი

სამედიცინო ცნობის მიხედვით დადგინდა, რომ ბრალდებულის ცუდად გახდომის მიზეზი უჟანგბადობა იყო. დაცვის მხარემ მანამდეც ვთხოვეთ სასამართლოს, რომ შეეცვალა სხდომათა დარბაზი, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა, რომ დაცვის მხარეს ნორმალურ ვითარებაში გაგვეგრძელებინა მუშაობა. ამის მიუხედავად ბატონმა მოსამართლემ უარი განაცხადა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, – ამის შესახებ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ განაცხადა, რომელმაც სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

მისი თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, სასამართლო სხდომაზე ადვოკატის დასწრება აუცილებელია და როდესაც სამუშაო პირობების იქნება დამაკმაყოფილებელი, ის და სხვა ადვოკატებიც სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მიღებას კვლავ გააგრძელებენ.

„საქმის განხილვის დასაწყისში მაშინ, როდესაც მოსამართლე ბრალდებულთა ვინაობას ადგენდა, ერთ-ერთი ბრალდებული ცუდად გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. სამედიცინო ცნობის მიხედვით დადგინდა, რომ ბრალდებულის ცუდად გახდომის მიზეზი უჟანგბადობა იყო. დაცვის მხარემ მანამდეც ვთხოვეთ სასამართლოს, რომ შეეცვალა სხდომათა დარბაზი, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა, რომ დაცვის მხარეს ნორმალურ ვითარებაში გაგვეგრძელებინა მუშაობა. ამის მიუხედავად ბატონმა მოსამართლემ უარი განაცხადა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

პროცესზე წარმოდგენილია ქართული ენის არ მცოდნე პირი და საქმეც ისეთი სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს, სადაც ადვოკატების ყოფნა სავალდებულოა. მათ სახაზინო ადვოკატები დაენიშნებათ. ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას, როცა შესაბამისი სამუშაო პირობები იქნება შექმნილი. ჩვენი მოქმედება მიმართული იყო იქითკენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ მომხდარიყო და არა იმისკენ, რომ სასამართლო სხდომის მიმდინარეობა ჩაშლილიყო“,- განაცხადა დავით ჭიკაიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა პირებმა და მათმა ადვოკატებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა პირებმა და მათმა ადვოკატებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სასამართლოში რამდენჯერმე დააყენეს შუამდგომლობა დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ადვოკატების განცხადებით, დარბაზის სიმცირის გამო ბრალდებულები შეუძლოდ ხდებიან და დარბაზის შეცვლა აუცილებელია.

სასამართლო სხდომაზე მყოფი პირები სკანდირებდნენ – „მონებო“, „რუსებო“, „რევოლუცია“.

ამ წუთებში სასამართლოს დერეფანში, სადაც დაკავებული პირების ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან ხმაურია.

,,არ ვართ მარტივ სიტუაციაში – საფრთხე არ არის ვირტუალური”- მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბულგარეთის ეროვნულ ტელევიზიასთან ინტერვიუში ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა. მინისტრმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების მთავარი სამართლებრივი საყრდენის – ასოცირების შეთანხმების შესრულებით, ხელისუფლებამ ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციისთვის მყარი საფუძველი შექმნა.

„ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არის ევროინტეგრაციისკენ სვლა და ამ მიმართულებით ბევრი ვიმუშავეთ, ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების მთავარი სამართლებრივი საყრდენის – ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით, რამაც შექმნა მყარი საფუძველი ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.

ჩვენი გადაწყვეტილება, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დროებით არ დადგეს დღის წესრიგში, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციის პროცესს ან არ გვინდა ვიყოთ ევროკავშირის ნაწილი. ჩვენ მხოლოდ ის გვსურს, რომ არ დავუშვათ ამ თემის გამოყენება შიდა პოლარიზაციისთვის და იმ ჯგუფების პოლიტიკური მიზნებისთვის, რომელთა მოქმედებებიც საქართველოში სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა, როგორც ევროპისთვის, ასევე ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. განსაკუთრებით უკრაინაში რუსული აგრესიისა და რეგიონში განვითარებული მოვლენების შემდეგ. საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ე.წ. „შუა დერეფანში“. მეორეს მხრივ, ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ ერთგული პარტნიორები, სანდო პარტნიორები და ვასრულებთ ყველა პირობას, რაზეც შეთანხმებულები ვართ”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ქვეყნისთვის მშვიდობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ჩვენ არ ვართ მარტივ სიტუაციაში, როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება ჩვენს რეგიონში. ჩვენ ჯერ კიდევ ორი ოკუპირებული რეგიონი გვაქვს რუსეთის მიერ, ჯერ კიდევ სამხედრო შენაერთებია განლაგებული და საფრთხე არ არის ვირტუალური. ეს ძალიან რეალურია და ამიტომაც ძალიან ფრთხილად ვუდგებით ბევრ საკითხს, რათა არ შევიდეთ ისეთ სიტუაციაში, რამაც შეიძლება ეგზისტენციალური პრობლემები და გამოწვევები შექმნას.

მშვიდობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენიმე ომი გამოვიარეთ და ჯერ კიდევ გვყავს თბილისში მცხოვრები დევნილები, რომლებიც საკუთარ სახლებში დაბრუნებას ელოდებიან. ეს არის ღია ჭრილობა ქართული საზოგადოებისთვის. მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია და ყველამ უნდა გაიგოს, რატომ გვამოძრავებს ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების შენარჩუნების მტკიცე სურვილი. „ქართული ოცნების“ მთავრობა უკვე 12 წელია ხელისუფლებაშია, და რუსეთის სასარგებლოდ მიღებულ ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ დაასახელებთ, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთან მიმართებაში ორმაგ სტანდარტს აქვს ადგილი.

„მე ვიტყოდი, რომ, საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტებთან, როდესაც საკითხი ეხება საქართველოში მომხდარი მოვლენების შეფასებას ან საქართველოსა და სხვა ქვეყნების პოლიტიკის შედარებას. შედეგი ძალიან ნათელია – არჩევნებში ორ მილიონზე მეტმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და დაახლოებით 1,2 მილიონმა „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა. ამ ხელისუფლებას აქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან. ბოლო არჩევნების შედეგის ეჭვქვეშ დაყენების რეალური მიზეზი არ არსებობს. არავის სურს დაინახოს როგორ ხდება სიტუაციის ესკალაცია და ვინ უწყობს ამას ხელს. ხშირად ვხედავთ ცალმხრივ შეფასებებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ქმნის არასწორ წარმოდგენას საქართველოსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა, რომ ყველა ქვეყანა, ვისთანაც წლების მეგობრობა გვაკავშირებს, საბოლოოდ, დაუბრუნდება მეგობრულ ურთიერთობას და დაველოდებით ამ მომენტს. სტრატეგიული მოთმინება არის ჩვენი მთავარი პოლიტიკა, როდესაც საქმე ეხება ჩვენს მრავალწლიან პარტნიორებთან ურთიერთობას”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.